პროზა (თარგმანი)

მარეკ ჰლასკო – ღვთისმშობლის თვე

პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა

ოთხნი იყვნენ და ოთხივე ერთად ოთხმოცი წლისაც არ იქნებოდა. ეზოში შეაბიჯეს,  ღვთისმშობლის სადიდებელ ლიტანიაზე მოსულ დაჩოქილ ხალხს შორის გაჭირვებით გაიკვლიეს გზა და სადარბაზოში შევიდნენ. სამნი ერთად შევიდნენ,  მეოთხემ ცალკე შეაბიჯა, ხელში დამტვერილი იასამნის ტოტი ეჭირა, გზად შეეტეხა ხისთვის, და გაოფლილ სახეზე ინიავებდა. მძიმედ აუყვნენ კიბეს, თან კარებზე მცხოვრებთა გვარებს კითხულობდნენ. სართულსა და სართულს შორის ერთ-ერთმა იასამნის ტოტიანს უთხრა:

– შენ აქ დარჩები!

-კარგი, – მიუგო იასამნის ტოტიანმა.

-აქ დარჩები და გვიდარაჯებ, გაიგე? აქედან მთელი ეზო ხელისგულივით მოჩანს. თუ რამე საეჭვო შენიშნო, იცი, როგორც უნდა მოიქცე.

-კარგი, – უპასუხა და თუმცა ამის დამალვას ძალიან ცდილობდა, მის ხმას მაინც დაეტყო შვება. ფანჯარასთან დადგა, ცალი ფეხი რაფაზე ჩამოაყრდნო და ეზოს გადახედა. ღვთისმშობლის თაბაშირის ქანდაკება ჩანდა და მის გარშემო შეკრებილ მლოცველთა თავები. იასამნის ტოტი გაღრღნა, სინედლის მძაფრი, მომწარო გემო იგრძნო პირში. ტოტი ფანჯრიდან მოისროლა და გაოფლილი ხელისგულები შარვალზე შეიწმინდა.

დანარჩენები მაღლა ავიდნენ და ერთ კართან შეჩერდნენ. რომელიღაცამ დააკაკუნა. საკმაო ხანს იდგნენ ასე უძრავად, შემართული რევოლვერებით ხელში, და ხმამაღლა სუნთქავდნენ. კარი მოხუცმა ქალმა გაუღოთ. ხელზე კრიალოსანი ჰქონდა გადახვეული.

-თქვენს გარდა არის კიდევ ვინმე სახლში? – ჰკითხა ქალს ერთ-ერთმა ბიჭმა.

-არა, მარტო ვარ, – უპასუხა.

-სახლში შედით!

მოხუც ქალს ბინაში შეჰყვნენ და კარი საგულდაგულოდ გადაკეტეს. ჯერ დერეფანს გაუყვნენ, აბაზანის და სამზარეულოს კარი შეაღეს, შეამოწმეს, მერე ოთახში შევიდნენ.

-თქვენი ქალიშვილი სად ბრძანდება? – ჰკითხა ქალს ერთმა. თვრამეტ წელსაც ვერ მისცემდი. ჩანდა, ჯერ პირიც არ გაეპარსა, რბილი და გლუვი სახე ჰქონდა.

– დაბლა ჩავიდა, მაღაზიაში, – მიუგო ქალმა. – მალე მოვა. პურს ამოიტანს და ამოვა.

-კარგად აღგიზრდიათ ქალიშვილი, ვერაფერს იტყვი, – უთხრა ბიჭმა.

-ადამიანის აღზრდა შეუძლებელი ყოფილა, – მიუგო ქალმა. – გეყოლებათ თქვენც შვილები და ნახავთ.

-ერთხელ უკვე გავაფრთხილეთ, მაგრამ თავისი მაინც არ მოიშალა,- თქვა ბიჭმა. – ჰოდა, მიიღებს კიდეც საკადრისს. არ იცოდა, რა ემუქრებოდა?

-იცოდა, – მიუგო ქალმა. ჯერ ბიჭს შეხედა, მერე ბოთლს, ბიჭმა ჯიბიდან რომ ამოიღო და მაგიდაზე დადგა, მერე ისევ აიღო, თითქოს ხელს უშლიდა, და მოშორებით გადადგა. მოხუცი ქალი ფანჯარას მიუახლოვდა, მაგრამ ბიჭებიდან ერთ-ერთი მივარდა და მკლავში სტაცა ხელი.

-აბა, ეგეთებს არ ვიყოთ! ეგეთებს არ ვიყოთ!

ქალმა ხელზე გადახვეული კრიალოსანი დაანახვა.

– დედათქვენი არ ლოცულობს მაისში?

– დედაჩემს ნუ ახსენებ! – შეუღრინა ბიჭმა. – ჩემი ძმა ოცდაცხრამეტში დაიღუპა, ჩემი და კიდევ გესტაპოელებს არ უწვება. თქვენ დედაჩემს შეეშვით და ფანჯარასთან ნუ მიდიხართ, აქეთ გამოდით!

-აცალე, ილოცოს, – თქვა მაგიდასთან მჯდომმა. ძველებურ, მასიურ ხის მაგიდას შემოსხდომოდნენ, რომლისთვისაც თეთრი, გატკიცინებული ტილო გადაეფარებინათ, და ჩაიზე და ნამცხვარზე მეგობარი გოგონას დედის დაპატიჟებულებს  ჰგავდნენ. წინ დაწყობილი დამბაჩა და რევოლვერი მათ ვერც საშიშს ხდიდა და ვერც სერიოზულ იერს სძენდა.

-რა გინდა, აცალე, ილოცოს! – გაიმეორა იმ ერთმა. – მიდით, ქალბატონო, ილოცეთ!

-ეს ფანჯარა ეზოს გადაჰყურებს, – თქვა იმან, ქალთან ახლოს რომელიც იდგა. – ამიტომ ჯობია, ესეც მაგიდასთან იჯდეს. რა იცი, რას იზამს, ამათგან ყველაფერს უნდა ელოდე!

-კარგი. მანდ ფანჯარასთან დაიჩოქეთ და ისე ილოცეთ, – თქვა მაგიდასთან მჯდომმა. – ყველასთვის ასე აჯობებს და ხელსაც არავინ შეგიშლით.

ქალმა დაიჩოქა და ტუჩების უხმო ცმაცუნით გააგრძელა ლოცვა. ბიჭები თვალს ადევნებდნენ, როგორ მარცვლიდა კრიალოსანს მასავით ყავისფერ, მობერებულ ხელებში.

– და, აუცილებელია ეს გავაკეთოთ? – ჩურჩულით იკითხა ერთმა. წითური ბიჭი იყო, ჭორფლიანი. საბრალო შესახედაობისა და ღარიბული ჩაცმულობის მიუხედავად, დანარჩენებზე უფროსს ჰგავდა.

-შენ რამდენი ხანია რაც შეთქმულებაში მონაწილეობ?

-წელიწადნახევარი იქნება.

-მგონი საკმარისი უნდა იყოს იმის გასაგებად, რისი კითხვა შეიძლება და რისი არა.

-არა, შენ ვერ გამიგე! მე იმას ვამბობ, ხო შეიძლება, უბრალოდ დავბრიდოთ-მეთქი! ვესროლოთ, რა! რო რამე, ვიტყვით, წინააღმდეგობა გაგვიწია და სხვანაირად არ გამოდიოდაო.

-მე ამ ნაბოზვრისთვის ტყვიაც არ მემეტება!

-შეიარაღებული დაპირისპირება ხო არ არის…

-ასეთია ბრძანება და მორჩა!

-რა ვიცი, მე მაინც ვყოყმანობ, – თქვა წითურმა.

-ვერ გავიგე როგორ მელაპარაკები, როგორც მეთაურს თუ როგორც მეგობარს?

-ამას რატომ მეკითხები?

-რატომ და ხომ არ ვუპატაკო იქ, სადაც საჭიროა, ბრძანების შესრულებისას ყოყმანობს-მეთქი.

-არა, – თქვა, არ არის საჭირო.

ამასობაში კარი გაიღო და ოთახში გოგო შემოვიდა. კართან მდგომმა მას ოთახის შუაგულისკენ უბიძგა და კარი გადაკეტა. მაგიდასთან მსხდომები ფეხზე წამოდგნენ. გამხდრები და გაცრეცილები, ძველ და დავიწროებულ პიჯაკებში იმაზე ბევრად ახალგაზრდები ჩანდნენ, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ.

-ჩანთა მაგიდაზე დადეთ, – უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა გოგოს. ჰო, ეგრე! მერე ჩანთას გადასწვდა, გახსნა, ამოაბრუნა და შიგთავსი მაგიდაზე წამოყარა. გაბნეული ნივთებიდან პირადობის მოწმობა ამოიღო და ჩახედა.

-ანა ჰაუსვედელი, – წაიკითხა. ფოლკსდოიჩე ხართ?

-არა.

-გვარი გერმანული გაქვთ.

-ეს ისე. შემთხვევით.

-დედამისი მეორე ოთახში გაიყვანეთ!

-არ არის მეორე ოთახი.

-მაშინ სამზარეულოში და შენც იქ დარჩი.

-არ არის საჭირო, – თქვა მოხუცმა. სამზარეულო უფანჯროა და გასაღებიც აქვს. შეგიძლიათ იქ ჩამკეტოთ. სამზარეულოსკენ მიმავალი ცოტა ხნით ქალიშვილის წინ შეჩერდა, – ახლა ხომ მიხვდი, რომ ამქვეყნად მართლა არსებობს რაღაც, რასაც სამართალი ჰქვია!

-შენ ამას სამართალს ეძახი? – შეეპასუხა გოგო. – ეს სამართალი არ არის! ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ არცერთი თქვენგანი ჯერ კაცი არ გამხდარა. კაცები რომ არ ხართ, იმიტომ არაფერი გესმით. ის კი არა და, კაცისა ჯერ საერთოდ არაფერი გცხიათ! გოგო სულის მოსათქმელად მაგიდას დაეყრდნო. ზედ მდგარი ბოთლი წაიქცა. წითურმა ბოლო წამში სტაცა ხელი და იატაკზე დაცემასა და დამსხვრევას გადაარჩინა.

-დედა, მაკოცე! – მიუბრუნდა დედას გოგო.

-არა,- მიუგო მოხუცმა ქალმა.

-ხომ ხედავ, რასაც მიპირებენ. მაკოცე-მეთქი!

-არა, – გაიმეორა ქალმა. კართან მდგომმა მოხუცი სამზარეულოში შეაგდო და კარი გასაღებით გადაკეტა.

-ლოცვის უფლება მაინც მომეცით,- თქვა გოგომ.

-არ არის საჭირო. მოკვლას კი არ გიპირებთ. ჩვენს საქმეს მოვრჩებით და მერე რამდენიც გინდა იმდენი ილოცე.

-აბა, რას მიპირებთ? – იკითხა და ხმაზე პირველად დაეტყო შიში.

-თავი ხო ოთხი თვის წინ გადაგპარსეს? გაგაფრთხილეს კიდეც. გითხრეს, შეეშვიო, -დაიწყო უწვერულმა, მერე გოგოს ეცა და თავსაფარი ჩამოგლიჯა. მოკლე ქერა თმაში ბიჭს ჰგავდა.

-რატომ არ დაანებე თავი?

-ვერ დავანებებდი, – მიუგო გოგომ და ისევ მაგიდას ჩამოეყრდნო. – მიყვარს და იმიტომ.

-გერმანელი გიყვარს?

-რა მოხდა მერე? რას მდებთ ბრალად? ფული გამოვართვი? ან საერთოდ რამით ვისარგებლე მისგან? ვის რა დაგიშავეთ? იმათ რატომ არ დასდევთ და ხოცავთ, გერმანელებთან რომ ვაჭრობენ? აი, თუნდაც იმათ, ვისგანაც გერმანელები პაპიროსს და არაყს ყიდულობენ ხოლმე.

-მაშ, გერმანელი რომ იყო, ეს შენ ხელს არ გიშლიდა, არა? და არც ის, მისნაირები ყოველდღიურად ჩვენნაირებს რომ ხოცავენ?

-მე იმ ადამიანისთვის არაფერი გამომირთმევია და არც აუგი მითქვამს ჩვენზე რამე. რა ვუყო, თუ მაინცდამაინც გერმანელი შემიყვარდა!

-ადამიანმა ცხოვრებაში სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს!

-არა! საბედნიეროდ ყოველთვის ასე არ ხდება!

-მოდით რა, სხვანაირად გავუსწორდეთ, – თქვა წითურმა.

ფანჯარას მიუახლოვდა. ეზოში დაჩოქილები ამასობაში უკვე „სპილოს ძვლის კოშკს“ გალობდნენ. ღვთისმშობლის თაბაშირის ფიგურას მოჰკრა თვალი და მისი თავის გარშემო შემოვლებულ მავთულის შარავანდედს. მავთული ერთიანად გაშავებულიყო. ჩანდა, პირვანდელი ოქროს საღებავი წვიმებს ჩამოერეცხათ. ბიჭმა პირი იბრუნა, კედელს შეხედა და იქ დაკიდებულ კალენდარს დღის შესატყვისი ფურცელი ჩამოახია – ათას ცხრაას ორმოცი წლის შვიდი მაისის. მერე კი ისევ ოთახში შეგროვილებს მოუბრუნდა:

-იჩქარეთ! ლიტანია სადაცაა დამთავრდება და ამის კივილს გაიგონებენ.

-აღარ მეტყვით, რას მიპირებთ? – ისევ იკითხა გოგომ.

-ესროლეთ რა, ღვთის გულისათვის, უბრალოდ ესროლეთ და მოკალით, თორემ ავდგები და მე თვითონ ვესვრი, გაიგეთ? – თქვა წითურმა.

-მე ვარ აქ ჯგუფის მეთაური, – მიუგო უწვერულმა და ლოყები შეეფაკლა. – ბრძანების პირნათლად შესრულებისთვისაც მე ვაგებ პასუხს. შენი რჩევა თუ დამჭირდება, მე თვითონ გკითხავ, გასაგებია?

-ჰოდა, იჩქარეთ-მეთქი. ჭირსაც წაუღია ეს ყველაფერი! – თქვა წითურმა. – მორჩით და გაათავეთ, სანამ ისინი ქვემოთ ჯერ კიდევ ლიტანიობენ.

მერე ისევ ფანჯარასთან მივიდა და მჭიდროდ დახურა. ქვემოდან ტალღასავით ამოდიოდა საგალობლის ექო. ბიჭმა ფანჯრის მინაში საკუთარ გამოსახულებას მოჰკრა თვალი. შეუხედავი იყო, დამშეული. პიჯაკის მოკლე სახელოები ჭორფლიან მაჯებს ვერ უფარავდა.

-გაიხადე! – უბრძანა გოგოს ჯგუფის მეთაურმა, – ყველაფერი გაიხადე. სულ გატიტვლდი.

-ამას იმიტომ მიკეთებთ, რომ ჯერ კაცები არ ხართ! არაფრის აზრზე არ ხართ და ამიტომ მიკეთებთ ამას!

გოგომ ტანსაცმელი გაიხადა და იატაკზე დაყარა, ისინი კი იდგნენ და შეჰყურებდნენ მის მკვრივ, მოყავისფრო სხეულსა და თმის მუქ სამკუთხედს.

-არაფრის აზრზე არ ხართ თქვენ! წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ შეიძლება გიყვარდეს კაცი, და რომ ამ დროს მარტო იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ის კაცია, უბრალოდ კაცი და არა მუნდირი, რომელსაც ატარებს. თქვენ კი რა გესმით, ბავშვები ხართ, რომელებსაც იარაღი დააჭერინეს ხელში და თამაშის უფლება მისცეს, სანამ თავებს თვითონვე არ დაიხოცავენ. საიდან უნდა იცოდეთ, რომ  სწორედ ახლა, ომის დროს, უფრო მეტად ფასობს სიყვარული. და თანაც, ნებისმიერი სიყვარული!

-დაწექი!

გოგო საწოლზე დაწვა. ერთი მკერდზე გადააჯდა, მეორემ კი ფეხები გააშლევინა და მის ოფლით დაცვარულ, მკვრივ მუცელს დააშტერდა, ცახცახით რომ ადი-ჩადიოდა. პისტოლეტით თავზე რომ ადგა, იმან მაგიდიდან ბოთლი აიღო და წითურს მიაწოდა, რომელსაც ის გოგოსთვის ფეხებშუა უნდა შეერჭო. პირველ მცდელობაზე ხელი მოეცარა. მკვრივმა მუცელმა წინააღმდეგობა გაუწია. თან ხელებიც მთლად გაოფლიანებოდა. გოგოს ფეხებს შორის დაჩოქილმა, ამჯერად მუხლით შეტენა ბოთლი, მერე რევოლვერის ლულა გამეტებით დასცხო ძირზე და ჩაამსხვრია. ფეხზე წამომდგარმა სისხლით დასვრილი ხელისგულები საბანს შეაწმინდა.

-მეტ გერმანელ კაცებს ვეღარ იყოლიებ, – დაჰყვირა გოგოს და თვალებში ჩახედა.

-თურმე ქალწულებს ემართებათ ხოლმე ასე, – თქვა წითურმა. – ცხვირიდან სისხლი მოსდით. ჩემმა ძმამ მითხრა.

-შენ მაგაზე ნუ იდარდებ! ეს ქალწული არ ყოფილა.

დერეფანში გასულებმა სამზარეულოს კარი შეაღეს და დამფრთხლებმა უკან დაიხიეს. გოგოს დედა გაზის მილზე ეკიდა. ჩანდა, სულ ცოტა ხნის წინ ჩამოეხრჩო თავი, მისი ხელზე გადახვეული კრიალოსანი ჯერ კიდევ ქანაობდა.

-წესით, ექიმს უნდა დავუძახოთ, მაგრამ ახლა ამას ვერ გავაკეთებთ, – თქვა იმან,  რომელიც მეთაურობდა. სადარბაზოში გავიდნენ და კარი წყნარად გაიკეტეს. ფანჯარასთან მომლოდინემ ჩანთა გაუწოდათ. გამოართვეს და შიგ იარაღი ჩააწყვეს.

-პირველი შენ გახვალ!

-კარგი, – უპასუხა.

დაბლა ჩასულებმა ქუდები მოიხადეს და ფრთხილად გაიარეს დაჩოქილთა შორის. წითურმა უკან მოიხედა, ჯერ თაბაშირის ღვთისმშობლის სათნო სახეს შეავლო თვალი, მერე მის ფერხთით დაწყობილ, მისივე მოსასხამივით ქათქათა ყვავილებს. „ღვთისმშობელო, ქალწულო, კოშკო სპილოს ძვლისაო, შეგვიწყალენ ჩვენ“, – გალობდა მრევლი.

-ნეტავ ომი რომ დამთავრდება, მაშინაც თუ ილოცებენ ასე, – თქვა.

-მაისი პოლონეთში ყოველთვის ღვთისმშობლის თვე იქნება.

-ეგ მეც ვიცი. მე იმას ვგულისხმობ, ომის მერეც თუ ასე ილოცებენ-მეთქი, როცა შიში და უბედურება აღარ იქნება.

-მოდი რა, ამ ომს ვინც გადაურჩება ამაზე იმან იფიქროს. წავედით. პირველი შენ გახვალ, მერე მე მოგყვები, მერე – შენ. აბა, კარგად!

წითურმა ისევ მოიხედა და ღვთისმშობილის უმანკო სახეს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი. უცებ დასცხა, პიჯაკის ღილები შეიხსნა, პერანგის საყელოც. გოგოზე ფიქრობდა, მის მკვრივ, მოყავისფრო სხეულზე, მოკლე თმაზე, რომელიც ბიჭს ამსგავსებდა. იმაზეც ფიქრობდა, რომ გოგოს ერთი კვნესა არ დასცდენია, და კიდევ იმაზე, რომ ის, რაც მის სახეში დაინახა, აქამდე მხოლოდ თაბაშირის მოოქროული ღვთისმშობლის სახეზე ჰქონდა ნანახი.

-არ მინდა, ამ ომს გადავურჩე, – ხმამაღლა თქვა თავისთვის წითურმა ბიჭმა, – იმიტომ, რომ რამდენჯერაც ღვთისმშობლის წინ ლოცვას დავიწყებ, იმდენჯერ იმ გოგოზე ვიფიქრებ და მათ სახეებს ერთმანეთს მივამსგავსებ.

© არილი

Facebook Comments Box