პროზა (თარგმანი)

მარეკ ჰლასკო – ჯვარი

პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა

კარმა გაიჭრიალა და საკანში ზედამხედველი შემოვიდა. მაღალი, გამხდარი კაცი იყო, მუქი, გაცრეცილი კანით,  ჩაცვენილი თვალებით და ჩაშავებული უპეებით. ყველამ, ვინც იქ დიდხანს იჯდა, იცოდა, რომ ღვიძლს უჩიოდა; ესმოდათ, როგორ კვნესოდა ხოლმე ტკივილისგან გატანჯული. ზედამხედველმა ჩაახველა. ნარზე მჯდარმა მომლოდინე თვალებით გახედა.

-შენი მშობლები ჩამოვიდნენ, – უთხრა ზედამხედველმა. ცხვირში ლაპარაკობდა. – ადექი, წამოდი და დაემშვიდობე!

ნარზე მჯდარი ხელებზე იყურებოდა და ხმას არ იღებდა; უშველებელი ხელის მტევნები ჰქონდა, მსხვილი და დახეთქილი თითები. თავიდან ასეთი ხელები მოუხეშავი და გამოუსადეგარი გეჩვენება, სანამ საქმეში არ ნახავ და არ დარწმუნდები, რამდენი რამის გაკეთება შეუძლიათ.

-ხო, – გაიმეორა ზედამხედველმა და ფეხი იცვალა. – უნდა წამოხვიდე და გამოემშვიდობო. დილიდან იცდიან. პირველივე მატარებელს გამოჰყოლიან. ნარზე მჯდარი წამოდგა და წელში გაიმართა. მაღალი იყო, ბრგე, მრგვალი პირისახე ჰქონდა; გადახოტრილი მუქთმიანი თავი ბურთს მიუგავდა.

-ცივა დღეს? – იკითხა პატიმარმა და ხელები მოიფშვნიტა.

-ეზოში გასვლა არ მოგვიწევს, – მიუგო ზედამხედველმა და ხელითაც ანიშნა, ამაზე არ ინაღვლოო. – უბრალოდ, დაბლა ჩავალთ. შენები იქ გელოდებიან.

დერეფანში გამოვიდნენ. ზედამხედველმა კარი გადაკეტა. დერეფანს გაუყვნენ. პატიმარი წინ მიდიოდა. დიდი ხელები ზურგს უკან მორჩილად გადაეჯვარედინებინა. გზად ორი პატიმარი შემოხვდათ, სათლები მოჰქონდათ. ერთმა მათგანმა შემხვედრს ხელი აუწია, თვალი ჩაუკრა და უთხრა:

-აბა, მემამულევ, როგორა მყავხარ?

-ქსტ, – წაუსისინა ზედამხედველმა, – ლაპარაკი!

სათლიანმა წაუსტვინა. გზა განაგრძეს. მრგვალთავიანმა იკითხა:

-ეზოში აღარ გამიშვებენ, ხო?

-არა მგონია, – მიუგო ზედამხედველმა. სახეზე წამებულის იერი ედო.  დილიდანვე გრძნობდა, რომ ღვიძლის მწვავე შეტევა ეწყებოდა. სხვა დერეფნისკენ შეუხვიეს. ნელა მიდიოდნენ. პატიმარი გადაჩვეული იყო სიარულს, ქოშინით მიათრევდა მძიმე ხის ქოშებში ჩადგმულ მტკივან ფეხებს და წამდაუწუმ ბორძიკობდა.

-საშინლად მეწვის ფეხები!

-ხო? – გაეპასუხა ზედამხედველი და მხრები აიჩეჩა. – აქვეა, მივალთ სადაცაა.

პატიმარმა გაუგებრად ჩაიბურტყუნა რაღაც. ტერფებს გვერდზე ბრეცდა და კედლებს უაზროდ მიშტერებული მიიწევდა წინ. ცოტა ხნის შემდეგ თქვა:

-ერთი ნათურა გადამწვარა.

-სადა, აბა? – ჩაეკითხა ზედამხედველი. შეჩერდნენ.

-აგე, – თქვა პატიმარმა და უზარმაზარი ხელის მტევანი მაღლა ასწია.

ზედამხედველმა თვალი ააყოლა. მართლაც. ზედამხედველმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი.

-მითხარი ერთი, – თქვა, – ნათურებია ახლა ეს? ჩემმა სიძემ წინა კვირას სამი ცალი იყიდა და ორი მაშინვე გადაიწვა. უკან მიიტანა მაღაზიაში, გამოცვლა უნდოდა, მაგრამ უარით გამოისტუმრეს, შენ კარგად ხარო? როგორსაც გვაძლევენ, ისეთს ვყიდით, ჩვენი რა ბრალიაო. სადღა იშოვი ახლა კარგ ნათურებს.

-რა ღირს ნათურა?

-არ ვიცი, – უხერხულად შეიშმუშნა ზედამხედველი. მერე კი მოულოდნელად ჰკითხა:

– და შენ რაში გაინტერესებს?

-რა ვიცი, ისე.

ზედამხედველმა დაკვირვებით შეათვალიერა პატიმარი და დაუცაცხანა:

-გამოადგი ფეხი დროზე, გამოადგი-მეთქი! ნახა აქ ოხუნჯობისთვის დრო და ადგილი!

ისევ ჩარაზული კარების რიგს ჩაუარეს. კიბესთან, მოსახვევში, მორიგე პატიმრები იატაკს რეცხავდნენ. მოკლე ტარებზე წამოცმულ უხეშ ჯაგრისებს ღონივრად უხახუნებდნენ ფილებს; ირგვლივ ცხელი წყლისა და სარეცხი საპნის სუნი იდგა. მიუახლოვდნენ თუ არა, ერთ-ერთმა ოფლიანი სახე ასწია და წაიჩურჩულა:

-სიგარეტი გექნება, ძმაო, გავალ გარეთ და დაგიბრუნებ.

-ქსტ! – ისევ წაისისინა ზედამხედველმა, – ლაპარაკი!

-ვინ ლაპარაკობს რო? – თქვა იატაკის მრეცხავმა. – მე ვთქვი რამე? ვთქვი რამე? – ჯაგრისი ხმაურით დააგდო იატაკზე და ვედროც იქვე დაახეთქა. ზედამხედველმა და მრგვალთავიანმა სწრაფად აუარეს გვერდი. პატიმარს სიფრთხილე გადაავიწყდა, თამამად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ტკივილისგან წამოიყვირა.

-კარგი, ხო, მივედით და ეგ არის, – დაამშვიდა ზედამხედველმა,- მართლა აღარაა შორს.

ჯერ კანცელარიაში შევიდნენ, მერე ოთახში, სადაც პატიმრის მშობლები იცდიდნენ. მერხზე ჩამომსხდრები შემოსულების დანახვაზე ფეხზე წამოხტნენ.

-შეგიძლიათ ერთმანეთს მიესალმოთ, – თქვა ზედამხედველმა და გამხდარ სახეზე რაღაც ღიმილის მაგვარი გაუკრთა, რასაც მხოლოდ ისინი თუ აღიქვამდნენ ღიმილად, ვინც მისი ავადმყოფობის ამბავი იცოდა.

-შეგიძლიათ დასხდეთ, – დაამატა, თვითონ კი იარაღით დამძიმებული ქამარი შეისწორა და ფანჯარასთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა. პატიმარი შუა ოთახში იდგა და წარამარა თვალებს ახამხამებდა; აქ ბევრად მეტი სინათლე იყო, ვიდრე საკანში. მერე მშობლებს მიუახლოვდა. ჯერ მამას აკოცა ხელზე, მერე დედას.

-დღეს დილით ჩამოხვედით, არა? – იკითხა.

-ხო, – მიუგო მამამ. მაღალი, ზორბა კაცი იყო, სქელი კისერი ცომივით ამოყაჭყაჭებოდა ვიწრო საყელოდან. მჭექარე ხმა ჰქონდა ახლაც კი, როდესაც, ვინ იცის რატომ, ცდილობდა, ჩურჩულით ელაპარაკა. შვილი ოდნავაც არ ჰგავდა მამას, არც ქცევით, არც გარეგნობით.

-მთელი ღამე გზაში ვიყავით, – დაიქუხა მამამ.

-იოდლოვოში გადაჯდომა მოგიწიათ, არა?

-ახლა როსტაშევოში გვიწევს ხოლმე გადაჯდომა, – თქვა დედამ.

-ჰო, – ამოღერღა პატიმარმა. ცდილობდა ისე დამჯდარიყო, რომ დაღლილ, მტკივან ფეხებს ცოტა შვება ეგრძნოთ. ხელისგულებით კედელს მიეყრდნო და ფეხები გამართა. უცებ გულმა გამეტებით დაუწყო ცემა: შეეშინდა, რომ ყოველთვის ზედმეტად მკაცრი მამამისი ეტყოდა, ფეხზე ადექი და ისე მელაპარაკეო. იცოდა, არ უყვარდა, როცა შვილებს უპატივცემულობას ამჩნევდა. ამიტომ დაასწრო მამას და თვითონ განაგრძო საუბარი:

-სიდოროვიჩისა რა ისმის?

-სიდოროვიჩისა? – შეყოვნდა მამა. ერთხანს ფიქრობდა, თითქოს საჭირო სიტყვებს ეძებსო, და თქვა: არც არაფერი. ერთი ეგ არი, ცხენი მოუკვდა.

-ცხენი მოუკვდა? – ჩაეღიმა პატიმარს. გულში კი საკანში დაბრუნებას ნატრობდა, რომ რაც შეიძლება ჩქარა გაეძრო ფეხსაცმელი.

-ცხენი რაღამ მოუკლა?

-აბა, მე რა ვიცი? მოუკვდა და მორჩა, – მიუგო მამამ. – ვეტერინარიც მოიყვანეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო, – თავი მოიქექა და ისევ გაჩუმდა. – ცხენს ალერსიანად უნდა მოპყრობა, – გააგრძელა ცოტა ხანში ბრძენი კაცის იერით.

-თქვენი დრო იწურება, – თქვა ზედამხედველმა და მათკენ შემობრუნდა,- ხუთი წუთიღა დაგრჩათ.

-ხო, ცხენი, – სასწრაფოდ წამოიძახა პატიმარმა და ცოტათი კიდევ უფრო გამართა ფეხები. – ხო, ხო, აბა რა, ცხენს…ცხენს ალერსიანად უნდა მოეპყრო. ხო, ახლა, თუ მოკვდა… თუ მოკვდა, რაღას იზამ. ხო, მაშ! ცხენს გულისყურით უნდა მოეპყრო. ეგრეა.

უცებ გაახსენდა, რომ დამშვიდობებისას აუცილებლად ფეხზე უნდა წამომდგარიყო და კვლავ ამოიკვნესა. ამოიკვნესა და ისევ სწრაფად იკითხა: ჩვენთან რაღა ხდება?

-ჩვენ, მადლობა ღმერთს, არა გვიშავს, – თქვა მამამ. – თუ ყველაფერი კარგად იქნება, გაზაფხულზე ძროხას ვიყიდით.

-მორჩა, დრო ამოიწურა! – თქვა ზედამხედველმა, წამოდგა და ქამარი შეისწორა. პისტოლეტის მოზრდილი კაბურა სასაცილოდ ეკიდა გამხდარ სხეულზე.

-ეგრეა, – თქვა მამამ. – ხო, ახლა ლაპარაკის დრო აღარ არის, შვილო. ახლა ღმერთს უნდა დაელაპარაკო. შენ ახლა თითქმის უკვე მისი ხარ. აბა, ილოცე! – ხელი რომ ასწია, ზედამხედველმა პირი იბრუნა.

-უფლის ჯვარს გადაგსახავ, – საზეიმო ხმით წარმოთქვა მამამ, –  დაიჩოქე.

პატიმარი დუმდა. მერე თქვა, რომ დაჩოქება აუტანელ ტკივილს მიაყენებდა.

-დაიჩოქე-მეთქი, შვილო, – გაუმეორა მამამ, – ჯვრის წინაშე უნდა დაიჩოქო!

არაო, პატიმარმა უარის ნიშნად თავი გააქნია. მერე ხელი მამის ხელს სტაცა და ემთხვია. დედაც ნაჩქარევად გადაკოცნა და ზედამხედველთან ერთად დატოვა ოთახი. მშობლებიც გარეთ გავიდნენ. ჯერ ეზო გადაკვეთეს, მერე ქუჩაში გავიდნენ და სადგურის გზას გაუყვნენ, საიდანაც ორიოდ საათში მათი მატარებელი გავიდოდა. ისე მიდიოდნენ, როგორც სოფელში ჰქონდათ წესად: მამა წინ, დედა რამდენიმე ნაბიჯით უკან.

-ვეღარ ვცნობ ამ ბიჭს! ჯვრის წინაშეც კი არ დაიჩოქა, – ამოისლუკუნა დედამ და ბებრული სახე კიდევ უფრო დაეღმიჭა. – ვინ იცის, ღმერთიც კი აღარ სწამს.

-პირველად მოხდა, – თქვა მამამ ისეთი ტონით, თითქოს საკუთარ სიტყვებში თვითონვე ეპარებოდა ეჭვი, – აი, პირველად მოხდა, რომ არ დამემორჩილა. საერთო ჯამში, რას ვერჩი, კარგი ბიჭია!

ცოტა ხნით რომელიღაც პატარა სკვერში ჩამოსხდნენ. თბილი დღე იყო. თოვლი დნებოდა. ცის ფერში, ხეების ოდნავ შებერილ კვირტებში, ქუჩაში მიმავალი ცხენების მბზინავ ბეწვში, მზეზე აბრჭყვიალებულ სველ რელსებში გაზაფხულის მოახლოება იგრძნობოდა. გამვლელები პალტოებს იხსნიდნენ. ბავშვები ჯგუფ-ჯგუფად გამორბოდნენ სკოლის შენობიდან, წყლად ქცეული ჭუჭყიანი თოვლის ნადნობი  ხმაურით ჩაედინებოდა კანალიზაციის არხებში.

-ეგეც ეგრე! – თქვა მამამ. შემოდგომაზე მეტეკი დაბრუნდება ჯარიდან. იანეკის შარვალ-კოსტუმსაც ის გაცვეთავს. შემოდგომამდე კიდევ როგორმე გავიტანთ თავებს.

-იანეკი უფრო სრული ტანისა იყო, – თქვა დედამ.

-სრული ტანისა, სრული ტანისა, – გამოაჯავრა მამამ, – მეტეკიც მოიმატებს ჯარში. იქ ისე აჭმევენ, რო…

მერე გაჩუმდა, თავის გაპრიალებულ ფეხსაცმლის ჭვინტებს დააშტერდა.

-არა, რას ერჩი, – თქვა ცოტა ხნის შემდეგ, – კარგი ბიჭი იყო. სიტყვაც კი არ დაუძრავს, რო მე დავაძალე. აი, ერთი სიტყვა რა არის, ისიც კი არ დასცდენია!

-შენ დააძალე? – იკითხა დედამ.

-ეგრე გამოდის. ეგრე გამოდის, რო მე დავაძალე. კაცი უეცრად კეფაზე წამოჭარხლდა. – მე ეხლა ბალღი არა მჭირდება სახლში! – თქვა და ჰაერში მუშტი დააღერა. აი, ამ ხელებით მოვიქონიე ყველაფერი: მიწაც, სახლიც, კარიც და ცოლიც. ჰოდა, ამ სიბერის ჟამს სირცხვილს ვერა ვჭამდი, გაიგე? შეცოდეს? რა ვუყოთ, ეგრე მოხდა, მაგრამ ცოლად რატომღა უნდა მოეყვანა? რა მექნა? დამენებებინა, რომ ის უქონელი გომბიო ცოლად დაესვა? გაღლეტილი და ცარიელ-ტარიელი! აბა, მიწის უქონელ ადამიანს რა ფასი აქვს? სიკვდილი რო სიკვდილია, იმადაც კი არა ღირს.  კარგი მინდოდა ჩემი შვილისთვის, ცუდი ხო არა? ვუთხარი, წაიღე და თავლაში, ცხენის გვერდით დააწვინე-მეთქი. ვიტყოდით, ცხენმა ჩაწიხლაო. ამას კიდე შეეშინდა, გამოიქცა და ის ნაჯახიც იქ დატოვა. ზავოდოვოში ქალიც კი მყავდა შეთვალიერებული მისთვის. სახლიც ექნებოდა, კარიც და მიწაც. ამან კიდე ის ამოიჩემა. ჰოდა, ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც მე ვუთხარი და… ეჰ, კარგი ბიჭი კი იყო. კრინტი არ დაუძრავს. მამის მორჩილება და პატივისცემა იცოდა.

-ოღონდ კი ძალიან ნუ დაიტანჯება, – ამოისლუკუნა დედამ.

-კარგი ერთი, – გაეპასუხა მამა და მღელვარებისგან ჩახრენწილი ხმა ჩაიწმინდა. სიკვდილი სიკვდილია. მორჩა და გათავდა! რა, ცოტანი იხოცებიან? ან თვითონ რა, სიკვდილი არ უნახია? დემოკრატიის შემოღებამდე ერთ ზამთარში გლუხოვიცეში ნახევარი სოფელი დაიყინა. ზავოდოვოში? იანოვიცეში? იგივე არ მოხდა? განა შიმშილით და სიცივით სიკვდილი უფრო ძნელი არ არის? კარგი ბიჭი იყო და სიკვდილიც იოლი ექნება. თანაც იქამდე კიდევ სამი დღეა. აი, ჩავალთ თუ არა სახლში, წავიდეთ და ვილოცოთ, რომ ბიჭს სიკვდილი გაუადვილდეს.

-კარგი იყო, ხო, კარგი, – თქვა დედამ. – კარგი იყო, მაგრამ, – მრგვალ, დანაოჭებულ სახეზე მაინც დაეტყო ცოტაოდენი ჭოჭმანი, – კარგი თუ იყო, – ჩაიბუზღუნა უცებ, – ჯვრის წინ რატომ არ დაიჩოქა?

© არილი

Facebook Comments Box