პოეზია

მარიამ ქალებაშვილი – დღიური მამას

1
სარკეში ვიყურები და მენატრება მამა.
მამა, ნუთუ გგავარ შენ?
სახის ნაკვთებზე ვაკვირდები ჩემს თავს.
მამა, ვარ კი შენი ძე?
სად ხარ?
მამა, როდის მიშვილე?
შენს სახეს ვერ ვიხსენებ. მააამააა!
მამა, მიყურებს ზოგი ქალი, უცნაური თვალებით!
ოღონდაც ნუ შემიყვარებენ.
მე…
მოვკვდები.

2
მარიამი გრძნობს.
ის გრძნობს უფრო მეტს ვიდრე მისი ძმა,
ვიდრე მისი და.

3
მამა მენატრები ისევ.
რამდენი ქალია გარშემო
ამდენი ქალი,
რომელთა გონებაც შეუზღუდავს
სახლს და სტუმართა სიმრავლეს.
მე ვუხმობ მათ, რომ დადგნენ ჩვენ შორის.
მართა, ამბობდა:
(ერთგულია მართა თავისი ქმრის):
“წავიდოდი შორს,
სადაც მთები ჩემი დის
მარიამის თვალებივით მწვანეა,
იერუსალიმის კედლებზე მაღალია,
სადაც მწვერვალები ჩემი ძმის სუდარასავით სპეტაკია”.
მართამ მითხრა, რომ შურს მარიამის,
შურს ჩემი
და მათი, ვისთვისაც ყველა საზრუნავი,
რომლიც იტვირთეს,
სულის კიდით კიდემდე
მათივე თავისუფლების ნაწილია.

4
მამა ისევ ქალებზე უნდა გითხრა…

5
მამა, შენ ხომ დედაც ხარ ჩემი?
ეს რომ ვთქვა, უფრო ადრე გამასამართლებენ,
ვიდრე შენ გეგმავდი.
მამა, აქაურ თეოლოგებსაც ვესაუბრე.
ძე ჰქვია მას, ვინც მამისაგან იშვება!
დედაჩემი ვინღაა? –
არასდროს გისაუბრია მასზე.
იქნებ ჩემს შობას გადაყვა?
იქნებ გამაჩინა და მიგატოვა?
მამა, შენ ხომ დედაც ხარ ჩემი?
და რატომ ვართ ასე მამაკაცურები?
რატომ გვმოსავენ ასე?
რატომ გვახატავენ წვერებს?
თითქოს წვერის გარეშე სიწმინდე ან სიბრძნე გვაკლდებოდეს…
სამსონს თუ ჭკუა გრძელ თმებში ჰქონდა,
მაშინ ვაღიაროთ, რომ ეს ქალები
ჭკუით აღგვემატებიან.
თავის დაბურვას სთხოვენ აქაურ ქალებს,
რომ მათი სიბრძნე საბურველით დაფარონ,
რომ თვალში არ მოხვდეთ ერთგული მართას მჭრელი სურვილები,
და უფრო ერთგული მეძავის მამაცობა.

6
ჩემს მეგობარში არ დავეჭვებულვარ.
ვიცოდი, ვერ გადამარჩენდა.

7
ჩემი მეგობარი დაეჭვდა, რომ ვერ გადავარჩენდი.
ლამის დაიხრჩო.

8
მარიამი მშვენიერია,
მეძავიც
და ყველა ის ქალი,
სახე დანაოჭებული,
ქუთუთოებდამძიმებული,
ვინც თავიანთი შვილების სარეცლებთან მელოდნენ.

9
ფილოსოფოსებს შევხვდი და
დიდხანს ვიდავეთ პირველსაწყისებზე.
ცეცხლი უთუოდ ძლიერია,
მაგრამ სანამ არ გაცივდება,
შესაძლებელია კი რამე აღმოცენდეს მასში?
წყალი იყო სინათლემდე
და სულები იძვროდნენ წყლებს ზემოთ.
ავორთქლდით,
მზეს რაც უფრო მივუახლოვდით!
ჰაერი!
მიწა!
ბოლოს,
არასარწმუნო სიჩუმეში,
როცა ყოველი აქამდე გამოთქმული აზრი
ვერ ავსებდა სიცარიელეს,
ვიღაცამ წამოიძახა:
სიტყვა!

10
მარიამი მიყვებოდა:
სარკეში ვიყურები და ვაკვირდები სახეს.
კანი მექერცლება.
მექერცლება უკვე მერამდენე დღეა.
აი, ამეწვება, წამოწითლდება
მერე ფერმკრთალდება
და მეფრცქვნება..
მზეზე არ ვყოფილვარ დიდხანს.
სიზმარი ვნახე: ბნელოდა
და ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას.
არ ვიცი, საიდან მიყურებდნენ.
მინდოდა გავრიდებოდი ამ მკვლელს,
რომელიც არ ვიცოდი,
თავს როდის დამესხმოდა.
ხანდახან შენი ხმა აღწევდა ამ სიბნელეში.
შენი ხმა ჩემს თითებს ეხებოდა,
და მკვლელი უკან-უკან მიდიოდა.
სახის კანი ისევ მექერცლება.
ისევ ვიცვლი ამ კანს –
უცხო მზერით დატოვებულ ბოროტებას ვიშორებ.

11
ორმოცი წელი უდაბნოში იხეტიალეს,
მე კი მხოლოდ ორმოცი დღე დავყავი.
მშიოდა როგორც ყველას,
მციოდა, როცა ღამდებოდა.
თავს ქვაზე დავდებდი თუ არა,
უდაბნოს პატარა ბიჭი მესიზმრებოდა.
მე თითქოს არსაიდან ჩამოვარდნილი
ავიატორი ვიყავი,
რომელიც,
როგორც კი თავის ცისფერ ხომალდს შეაკეთებდა,
ისევ არსაით უნდა გაფრენილიყო.
იმ ქვის აღება და შეჭმა არც მიფიქრია,
როგორც კი თავს დავდებდი,
მაშინვე პატარა ბიჭი ცოცხლდებოდა.
სხვა ქვაც იყო ცოტა უფრო დიდი,
რომლის ქვეშაც წითურ მელას,
ბიჭის მეგობარს,
სახლი ჰქონდა მოწყობილი…
ორმოცი წელი უდაბნოში იხეტიალეს,
პატარა ბიჭი კი არავის დასიზმრებია,
ოაზისებიდან ქვები კედლების ასაგებად გაზიდეს.
კედლის გარეთ შიშს თესდნენ,
კედლის შიგნითაც შიშს იმკიდნენ.
იმ შიშს აცხობდნენ,
შიშს ჭამდნენ.

12
შენ ხეიბარო, ბრმაო, ამაყად
ვინც სილუამის წყალზე მოხვედი,
წყალში მრავალი სირინოზია.
წყალი სავსეა თავკომბალებით.
ამ მღვრიე წყალში მხოლოდ დამხრჩვალან,
განკურნებული ვინ ამოსულა?
შორეულ დროში თვალზე წაგისვი
მიწა ჩემს ფურთხში ამოზელილი.
ჯერ დაიბანე, მაგ ფურთხისაგან გათავისუფლდი,
მზე აიმაღლე,
მხარზე ღიმილით დამკარი ხელი –
და დავინახავ, რომ დამინახე.

13
ლექსების წერა დავიწყე.

14
ანონიმური წერილი მივიღე: “საჭირო არ იყო გეთქვა, რომ ჩემი ორი ლეპტა სხვის ოთხზე მეტია”.

15
მამა, სულ კუდში დამდევენ. წყლიდან ხმელეთზე ვერ დავბრუნებულვარ. უკვე მერამდენე ღამეა ერთი და იგივე სიზმარი მეორდება, თითქოს პატარა ბიჭი მელიისთვის დაგებულ ხაფანგში გაება.

16
მამა, რატომ ვართ ასე მამაკაცურები?
თუ მდედრული სინაზე მოგვერევა ხანდახან,
თუ უმწეონი გავხდებით,
როგორც დევები, როცა მათ ცოლებს ვარსკვლავებიანად გაეცინებათ,
ნუთუ დავკარგავთ მფარველობის უნარს?
ნუთუ დაკარგავენ რწმენას?
მამა, დაე, ნაპერწკალმა დაწვას ჩალის იმედები.
იმედი, რომელიც არ მიგვიცია,
ახლა ბროლის სასახლეა.
მომრავლდა ასეთი სასახლეები.
ვინც შიგნით ცხოვრობს,
მისთვის ყველა გარეთ მყოფი
დევია და სულის წარმწყმედელი.
გარეთ ვდგავარ –
შემიძლია ხელი შემოვხვიო
მათ ცილინდრულ ბროლის სასახლეებს,
რასაც თავად ვერ შეძლებენ,
სანამ არ გამოვლენ.
ვუყურებ ამ არსებებს,
ვინც თავები ვაკუუმის სასახლეში გამოიკეტეს,
ვუყურებ მათ ტანჯვას უჰაერო სივრცეში.
მამა, წაართვი რწმენა –
ამ რწმენით ხომ ვერ გადარჩებიან,
ჯერ ერთმანეთი იპოვონ.

17
ერთი ბერძენი გოგო გავიცანი. სახელს ვერ ვიხსენებ. მამამისს გაუბრაზდა და სახლიდან გაიქცა.

18
სიჩუმეში ამოსული ყვავილი ვარ,
სიჩუმის წითელი ყვავილი
ყვითელ თავთავებს შორის.
მშვენიერია ეს მინდვრები,
ამ მინდვრებში ქარის მოქროლვა..
ნეტარ არიან, ვინც საფრთხობელებს აღარ დგამენ ამ მინდორში.
ნეტარ არიან, ვინც შესაწირს არ გაწირავენ.
ნეტარ არიან, ვინც მოქროლვას ჟრუანტელად შეიმოსავენ;
ნეტარ არიან, ვინც მოვლენ და ერთმანეთს აკოცებენ.
ნეტარ არიან, ვინც არ მომწყვეტენ, ვინმეს ხელებში მისაჩეჩებლად.
ნეტარ არიან, ვინც ჩემს ფურცლებზე ისვენებენ გადაფრენამდე.
უფრო ნეტარნი, ვინც მხოლოდ ჩემი ნექტრით არ საზრდოობენ.

19
კიდევ ერთი ნაჩქარევად შესრულებული ანონიმური წერილი: “შორიდან მაკვირდება. მერე ზურგის მხრიდან მიახლოვდება და ყელში ვგრძნობ მის ტუჩებს. მისი კანი ნაზია, გრძელი თმები და თხელი თითები აქვს, თითქმის გამჭვირვალე. პატარა მკერდი, ცეცხლით სავსე. ვიღვიძებ და მთელი დღეები ტანში ჟრუანტელი მივლის. როგორც კი სიზმარი მახსენდება, თავს უნებურად იქეთ ვხრი, სადაც კოცნა ამომიშანთა. თითქოს მინდა ჩავეჭიდო, უკან დავაბრუნო ის, ვისაც დღის შუქი დაუნდობლად მართმევს. ჩემი საქმრო მალე მოვა. უფრო მეტის თქმა მსურდა, მაგრამ აღარ ვიცი… იქნებ შენ გეთქვა…”

20
იმ წერილზე ვფიქრობ. განა მაქვს უფლება რამე ვუთხრა ვნებებზე, რომლებიც მათი სხეულის ნაწილია? ვნება, რომელიც ისევე ეკუთვნის მათ სხეულს, როგორც თვალები, რომლებითაც ხედავენ.

წესები, რომლებსაც წიგნებში წერდნენ და ღვთაებრივი სიმბოლოებით ბეჭდავდნენ, შიშის შვილები არიან. თქვენ ნუ ჩაიწერთ სხეულებში ამ წესებეს, ისინი შებოჭავენ თქვენს ტოტებს და ცას ვერასდროს მიწვდებიან. და თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ბოდვაა, ჩახედეთ წიგნებს და შეიძულეთ თქვენი წინაპრები, ლოთები და სხეულგანძარცვულები, მომთაბარეები, ვინც მიწების დაპყრობის იმედით განაგრძობდნენ ბავშვთა ჟლეტას. მათზე რაღა ვთქვათ, ვინც ქალაქის კარიბჭეებთან მეძავებს ეძებდნენ და ბოლოს საკუთარ რძლებთან წვებოდნენ? მაინც სად იყო მათი სინანული? რომელმა მათგანმა დაითხარა თვალები ოიდიპოს მეფის მსგავსად?

ყოველი სულისთვის შესაფერისი წესი არავის დაუდგენია, არცერთ მეფეს, არცერთ წინამძღოლს. ისინი წესებს საკუთარი სხეულების ძონძებიდან წერდნენ და იქამდე ბეჭდავდნენ, სადამდეც ის ძონძები გაწვდებოდათ.

რა ვუთხრა ამ ანტიგონეს, რომელიც საკუთარ სიყვარულს და უცხოთა სიძულვილს შეეწირება? იმ წესს ნუ გადახვალ, რომელიც შენი სიყვარულიდან მათ სიძულვილში შეგიტყუებს.

21
აი, მიკერძოებულობის ღმერთი, რომელიც დიდის ამბით დაისვეს მეფედ! საითაც არ უნდა წავიდნენ, ყველგან იმ კუთხედს ასკდებიან, რომელიც ალურჯებს მათ გრძნობებს და თავისუფალ სულს აღარსაით აძლევს გასაქანს.

22
მე გავაკეთე კერპი საკუთარი თავის და დავუდგი ამ ხალხს, ვიდრე ზღვაში შევცურავდი. დიდი იმედი მაქვს, რომ დაამსხვრევენ და ზღვის ნაპირზე დამელოდებიან.

23
კერპი ტაძარში წაუღიათ.

24
ერთ ქალაქში გავიარე. ერთი კაცი გამომეკიდა. დაძონძილ, ბინძურ ტანსაცმელში მხეცს ჰგავდა, ჯაჭვით აბამდნენ. ძირს დაემხო, სამოსის კალთებზე ჩამომეკიდა. ღმუოდა, რაღაცას მევედრებოდა. ამ ძიძგილაობაში მოსასხამი მხრიდან ჩამომიცურდა. ხელი დაავლო, დაყნოსა, დამშვიდდა. სანამ ქსოვილის შეგრძნებით ტკბებოდა, მე შეუმჩნევლად გავერიდე.

25
მოდის, მიახლოვდება
ნელ-ნელა,
ყელზე მიჭერს ხელებს.
ნუთუ ჩემი დახრჩობა აქვს განზრახული?
რატომ შემიძულა?
იქნებ საკმარისად ვერ შევიყვარე და ამიტომაც წვრილად დაახურდავა და ჯიბეში ჩაიჩხრიალა ჩვენი მეგობრობა.
ისევ მოლანდებები დამეწყო.

26
მეგობრები კოცონთან სხედან, სვამენ, მღერიან. იქ ვეღარ გავძელი და შინ დავბრუნდი. ნასვამი ვიყავი. გზაზე მეზობელი ქალი მოდიოდა, ხელში ხუთი წლის გოგონას ხელი მაგრად ეჭირა. გოგონას წითელი ფრანი მოჰქონდა. ქალი შორიდან მომესალმა. გვერდით რომ ჩამიარეს, ბავშვმა ენა გამომიყო. რას გულისხმობდა?

27
სასაცილო კაცი გავიცანი. იმდენად ტანდაბალია, ლეღვს ვერ წვდებოდა. იქეთ რომ ჩავიარე, ეტყობა ყურადღება მოადუნა, ფეხის დასადგმელი ტოტი სწორად ვერ შეარჩია და ჩამოვარდნამდე ისღა მოასწრო, რომელიღაც ტოტს მოეჭიდა და ძლიერად დაცემას გადაურჩა. წამოდგომაში მივეხმარე. უხერხულად გავუღიმე, თავი რატომღაც დამნაშავედ ვიგრძენი, თითქოს ხელი მე მეკრას და გადმომეგდოს. კალთიდან მტვერი ჩამოიბერტყა. სულაც არ ჰქონდა კალთაზე მტვერი, აი, გაოფლილი სახე კი კარგად ამოგანგვლოდა. უხერხულმა შეგრძნებამ გადამიარა და სიცილისგან თავი ვეღარ შევიკავე. ზაქესაც გაეცინა. მოგვიანებით, როცა დავმეგობრდით, მკითხა, რა გაცინებდაო.

28
გუშინ ცხელოდა. ჭიდან წყალს ვიღებდი, რომ მოვიდა. მითხრა, რომ სახლიდან გამოიქცა. მითხრა, რომ ჩემთან ყოფნა უნდოდა. ჭიქა ხელიდან გამივარდა. ნეტა თუ გატყდა? ვუყურებდი ვნებით სავსე თვალებში და ძირს აღარც დამიხედავს.
შეუძლებელია! წამოვიძახე. წამომცდა…
შეუძლებელია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩვენ ორნი სხვადასხვა რწმენის ხალხი ვართ… ძველი შემთხვევა გამახსენა, როგორ დავპირდი, რომ ყოველთვის მივაწვდიდი წყალს, როცა კი მოწყურდებოდა. ვაღიარებ, მართლა ვუთხარი და გადამვიწყებია. არა, მისთვის არ მითქვამს. ვეუბნებოდი ყველას, ის კი ერთ-ერთი იყო, ვინც ისმენდა. ბოლოში იდგა, სულ ბოლოში. თითქოს ის იყო მხოლოდ და ყველა დანარჩენი მისი აჩრდილები. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მზე ისე ჩქარ-ჩქარა გადადიოდა, რომ მისგან გამოსული ჩრდილები, დიდ ხალხმრავლობად გადაიქცა. ბრბომ ხმაურით გამაყრუა. თავი ამტკივდა. წამით თვალები დავხუჭე და ყურები დავიხშე. გონს რომ მოვედი, ვეღარ დავინახე. ხალხიც იშლებოდა. შეუძლებელია, გავუმეორე და ერთი მიზეზიც კი ვერ დავუსახელე. მაპატიე-მეთქი, ვუთხარი და წავედი მწყურვალი. ვიგრძენი, როგორ გამომაყოლა სევდიანი თვალები. ზურგი მეწვოდა, პირი მიშრებოდა, ნაბიჯს ვუჩქარებდი. ცოტა ამოვისუნთქე, თვალს რომ მოვეფარე. ცისფერი კაბა ეცვა. ჭიქის წამოღება დამავიწყდა. ნეტა თუ გატყდა?

29

საწყალი ბავშვი, საწყალი ბავშვი… ელიო. ტბის ნაპირას თევზს ვწვავდი, მარტო ვიყავი. სხვებს ველოდი. სასოწარკვეთილი ხმა შემომესმა, კივილი. წყალში როგორ აღმოვჩნდი, არ მახსოვს. ხელი ჩავავლე და ძლივს გამოვცურე, ძლივს მივაღწიე ნაპირს. ბავშვი უგონოდ იყო, ვერ ამოვასუნთქებინე, ვერ დავუბრუნე სიცოცხლე. დავემხე მის სხეულს როგორც საკუთარ ძეს და ავტირდი, კი არ ავტირდი, ავღრიალდი. ვეკვროდი და ვათბობდი მის სხეულს, წყალში გათოშილს. ველოდი, საპასუხოდ როდის შემომხვევდა ხელებს. ელიო დაიხრჩო. რამდენიმე დღის შემდეგ მოვედი გონს. გაქვავებული გული ცრემლმა გამილღო, ქალის მკერდზე ვქვითინებდი…

30

მამა, ამაოდ ველი შენგან პასუხს. ზაქემ შემომთავაზა ჩემთან იცხოვრე, საქმეებში მომეხმარეო. მერე სამოგზაუროდ აპირებს წასვლას და მთხოვს, მისი თანამგზავრი ვიყო. მაგრამ ვერ შევძლებ, ამ დარდით ვინმეს ვაამო. კარგად იცი, რომ ელიო ჩემს თვალწინ გიზარდა, ჩემს მკერდს ეყრდნობოდა, ვუყვარდი. აქ ყველაფერი მის თავს მაგონებს, ასეთი ტკივილი ჯერ არ განმიცდია. ტბის ნაპირზე რომ თევზი შევწვი, ძაღლებმა შეჭამეს. ვეღარ ვუახლოვდები საყვარელ ნაპირს, საიდნაც ჩვენს ბადეს უთვალავი თევზი გამოჰქონდა. უნდა მივატოვო ეს ქალაქი.

31
დილით ქალაქში სასეირნოდ გავედი. ჩოჩქოლი შევნიშნე. აღმოჩნდა, რომ მრუშის ჩაქოლვა უნდოდათ. ბრბოს სიმრავლეში ვერ ვხედავდი, ვის დანთქავდა ქვათა გროვა. იმხელა ხმაური და ისეთი წყევლა-კრულვა ატეხეს, ჰაერი პირის სიმყრალეს გაეჯერებინა და ლამის ცხვირზე თითები მოვიჭირე. გამვლელებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს, საქმეზე მიუსწრეს და თმებით გამოათრიესო. როგორც ვიცი, ამ საქმეს ორი სჭირდება, მეორეს ვერსად ვხედავდი. ხალხს შორის გავძვერი და ამ სევდიანი ცირკის ერთადერთ მაყურებელს მივაშტერდი, მის სახეზე ვკითხულობდი, რომ ყველანი კლოუნები ვიყავით, გაბოროტებული ჟონგლიორები, რომლებიც ჯიბეებში ქვებს ვილაგებდით, რომ მალე იაფასიანი სასიკვდილო ნომერი გაგვეთამაშებინა. შემებრალა. აჰ, რომ იცოდე, რა საზიზღრობას ხედავდნენ ჩემი თვალები: მრუშის ჩასაქოლად აშვებულ მღვდლებს ფეხებს შორის ადგილი ებურცებოდათ, ბარძაყებშეტყუპებული ქალები უცნაურად იგრიხებოდნენ. მახვილი, რომელიც საკუთარ თავებზე უნდა აღემართათ, მრუშისკენ მიმართეს… “შევსწრებოდი, მე შენ გიჩვენებდი!”… “ჩვენი ქმრების და ვაჟების გამრყვნელო!”- ისმოდა სხვადასხვა მხრიდან.

“მომბეზრდა!” – დავიყვირე და დაჩოქილ ქალს მივვარდი. ჩემი კვართი მივაწოდე. კვართი შიშველ მკერდზე მიიფარა. ახლა მისი თვალებით შევხედე კლოუნებს. ჩვენ წინ ცოცხალ კედელში ჩაყოლებულ მრისხანე თვალებს სათითაოდ გადავუარე. ქალი ჩემს პროფილს დაჟინებით დააცქერდა, რომ ჩემი განზრახვა წაეკითხა. მე კი მსურდა, გესლიანი მზერით ზნეობის დარაჯთა აღტყინება ჩამეშხამებინა. “ამ ქალს აწი მე ვირთავ ცოლად! ეს ქალი ჩემია! მისი ღირსება, ჩემი ღირსებაა. გასწით! დაიშალეთ!” ქალმა სილა გამაწნა და მიწაზე დაემხო. ხელით შევეხე, მაგრამ მხარი აიქნია და შემოუხედავად მომიშორა. ხალხს კიდევ ერთხელ ვუღრიალე, დაიშალეთ მეთქი. დაბნეული და ვნებადამცხრალი ბრბო თანდათან შეთხელდა. საბოლოოდ მარტონი დავრჩით. მის უსაფრთხოებაში ეჭვი რომ აღარ მეპარებოდა, ჩემს გზას დავადექი. ქალი წამომეწია. მიყურებდა და განმარტებას ელოდა. არაფერი უკითხავს. მეც არაფერი ვუპასუხე. მადლიერებით სავსე თვალები მომაშუქა და დამტოვა.

32
გუშინ მეგობრის ქორწილი იყო. ო, როგორ შეჰხაროდნენ ერთმანეთს. ღვინომ კარგად დამათრო. სასწაულებრივად ჩაიარა ყველაფერმა. ჰო, მამა, როცა უყვართ ასეა! მე კი ვერ ვხვდები, შენსა და დედას შორის რა იყო. რატომ ვარ მარტო?

33

გამთენიისას ტაძარში გავიარე, კაციშვილი არ ჭაჭანებდა. პორტიკზე ჩამწკრივებული მტრედები ღუღუნებდნენ. კერპი მოვიპარე და სასწრაფოდ დავფალი. ზეთისხილის ხეების მწკრივს გავცდი და ჭასთან წყლის დასალევად შევჩერდი. ჭურჭელი ვერ მოვიძიე. ჩამოვჯექი. უმწეობა ფრთებს მიკვეცდა, ძვლებში მამტვრევდა. ელიოს მოგონებისას ცრემლები გადმოღვარღვარდნენ. პერანგი სულ მთლად დამისველდა. ცხვირიდან ჩამონადენი ლორწო ტუჩებისკენ მისრიალებდა, მაჯებით ვიწმენდდი. ოდნავ რომ მომილბა გული, სლოკინი დამეწყო, მექანიკურად თითების ფალანგები და ფრჩხილები დავითვალიერე. მერე ხელის გულებს დავხედე, ვიგრძენი უეცრად გაღვიძებულმა უმწეობამ როგორ გამიხვრიტა ხელის გულები, მარჯვენა საჩვენებელი თითი მარცხნა ხელის გულისკენ წავიღე, რომ ნახვრეტი მომესინჯა. ნახვრეტის ნაცვლად ტალახი შემრჩა, ალბათ კერპის დასამარხად მიწას რომ ვთხრიდი, იმისა. ასეთ აგონიაში ვიყავი, ჩრდილის მოახლოება რომ შევნიშნე. ჰიპათია!

მოულოდნელობამ დამაბნია. ხელი ჩამკიდა და ლეღვის ბაღებისკენ გამიძღვა. შეუპოვარი იყო ეს ქალი, ვინმე უტიფრობაში ჩამოართმევდა, მაგრამ გარწმუნებ – შეუპოვარი! ლეღვის ფართო უხეში ფოთლები ოქროსფრად ბრწყინავდნენ. ხელებგადაჯვარედინებული ჰიპათია ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს ვალი მქონდა, თითქოს ამ ადგილზე შეხვედრა ვალის გასასტუმრებლად დამითქვა. ისეთ გრძნობას აღმიძრავდა, თითქოს ოდესღაც შევცდი, ვუღალატე. იმის ნაცვლად რომ მეერთგულა და დამეცვა, უსინდისოდ დავადანაშაულე, ხელი ვკარი, მოვისროლე. თვალებით დამძახოდა, რომ მშიშარა ვიყავი!

როცა თითს სხვისკენ იშვერ, ტალახში უთუოდ ჩაიძირები. იქნები დევნილი და უთვისტომო. შევცდი ალბათ, მაგრამ სად? როდის? რატომ? – ვერ ვიხსენებდი. ვიდექი და ველოდი, რას მოითხოვდა ჩემგან. ჭასთან ჭიქა დამიბრუნა, არ გატეხილა თურმე, წყლითაც კი გაუვსია. დავლიე, რომ თავი დამემშვიდებინა და იქვე შესამჩნევ ადგილზე დავდგი. ძველი გამოთქმა გამახსენდა, წყაროდან ჭიქა არ გაგყვესო…

ჰიპათიამ მკერდი ნელ-ნელა მოიშიშვლა და ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა. თეთრი მკერდი ჰქონდა, მზით განათებული, თბილი… ახლოს მივედი, თავი ძუძუებისკენ დავხარე, ჯერ გულზე ვაკოცე, მერე ნეკნებს შორის მივაჭყლიტე ცხვირი და ტუჩები. ვნებისგან თავი უკან გადახარა, მკერდი გამოწია, კეფაზე ხელები დამაწყო და უფრო ძლიერად მიმიზიდა. რომ ვკოცნიდი, ვნებისგან ისე ამოიკვნესა, თითქოს გულში შენახული საყვედურიც ამოაყოლა. თავიდან მომიშორა და სულ გაშიშვლდა. ჩემს წინ შეიცნო საკუთარი თავი. ცისფერი კაბა მიწიდან აიღო და წავიდა, ბაღის სიღრმეში დაიკარგა. ამაოდ ვეძებე.

The End

მამა, მომენატრებიან ჩემი მეგობრები ერთგულნი თუ სამტროდ გადაკიდებულნი. უჩემოდაც გაიტანენ ცხოვრებას. შენ კი რადგან თავის გამხელა არ ინებე, მე ვსვამ წერტილს და მივდივარ ქალაქიდან. ალბათ აქაურთაგან ბევრი წუხილით გამიხსენებს. “რატომ დამივიწყე, რატომ დამივიწყე?” – შემომღაღადებენ თავიანთ ფიქრებში ჩაძირულნი. მე სამუდამოდ ვტოვებ ამ ქალაქს და ვტოვებ ჩემს გულს ამ ქალაქში.

11-2017/03-2018

© არილი

Facebook Comments Box