ესე

მარკუს გაბრიელი – ჩვენ გვჭირდება მეტაფიზიკური პანდემია

გერმანულიდან თარგმნა არჩილ ჯინჭარაძემ

მსოფლიო წესრიგი შეირყა. სამყაროს თვალისთვის უხილავ სკალაზე ვრცელდება ვირუსი, რომლის რეალური შედეგიც არ ვიცით. არავინ იცის, რამდენი ადამიანია უკვე კორონათი ინფიცირებული, რამდენი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს იგი, როდის იქნება მზად ვაქცინა და ა.შ. ამას გარდა, არავინ იცის, თუ რა გავლენა ექნება, ეკონომიკასა და დემოკრატიაზე ამ დროისათვის, მთელი ევროპის მასშტაბით მოქმედი საგანგებო მდგომარეობისას მიღებულ რადიკალურ ზომებს.

კორონა-ვირუსი არ არის უბრალოდ ერთ-ერთი ინფექციური დაავადება, არამედ იგი ვირუსული პანდემიაა. სიტყვა „პან-დემია“ ძველი ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს: ხალხს მთლიანად. მართლაც, მთელ ხალხს, ყველას ერთნაირად ეხება იგი. თუმცა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით, სწორედ ეს ვერ გაგვიცნობიერებია, თუკი ვფიქრობთ, რომ ამ დროისთვის საზღვრების ჩაკეტვა მართებულია. რატომ გვგონია, რომ ვირუსს იმის შეეშინდება, თუკი საზღვარი გერმანიასა და საფრანგეთს შორის ჩაკეტილი იქნება? და რატომაა ესპანეთი ის ადგილი, რომელიც ახლა სხვა ქვეყნებისთვის უნდა დაიკეტოს რათა ვირუსის გავრცელება შეფერხდეს? პასუხი, რომელსაც ამ კითხვებზე მივიღებთ, ასეთია: რადგან ჯანდაცვის სისტემები ნაციონალურია და რომ სახელმწიფომ, საკუთარ საზღვრებში უნდა იზრუნოს ავადმყოფებზე. ეს სწორია, თუმცა ამავდროულად ეს არის პრობლემაც. რადგან პანდემია ეხება ყველა ადამიანს. ის ამტკიცებს, რომ ჩვენ ყველანი უხილავი ძაფით, დაკავშირებულნი ვართ ადამიანად ყოფნასთან. ვირუსის წინაშე ყველა ადმიანი თანასწორია. დიახ: ვირუსის წინაშე ყველა ადამიანი არის საერთოდ ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ იგი არის გარკვეული სახეობის ცხოველი, რომლის სხეულიც უამრავი სასიკვდილო ავადმყოფობის თავშესაფარი შეიძლება აღმოჩნდეს.

ვირუსების არსებობა, ზოგადად, ამოუხსნელი მეტაფიზიკური პრობლემაა. არავინ იცის მათ შემთხვევაში საქმე  სიცოცხლესთან გვაქვს თუ არა. ეს იმის ბრალია, რომ დღესდღეობით, არა გვაქვს ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება იმისა თუ რა არის სიცოცხლე. სინამდვილეში არავინ იცის თუ სად იწყება იგი. საკმარისია დნმ ან რნმ თუ საჭიროა უჯრედები, რომლებიც თვითგამრავლებას ეწევიან? ეს ისევე არ ვიცით, როგორც არ ვიცით, აქვთ თუ არა ცნობიერება მცენარეებს, მწერებს თუ სულაც –  ჩვენივე ღვიძლს. იქნებ დედამიწის მთელი ეკოსისტემა ერთი გიგანტური ცოცხალი ორგანიზმია? კორონა-ვირუსი იმუნური რეაქცია ხომ არაა დედამიწისა, ადამიანის თავგასულობის წინააღმდეგ, რომელიც მოგებას დახარბებული უამრავ სიცოცხლეს ანადგურებს?

კორონა-ვირუსი XXI საუკუნეში გამეფებული იდეოლოგიის სისტემურ სისუსტეებს ააშკარავებს. მისი ნაწილია ცრურწმენა, რომ მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნიკური პროგრესის მეშვეობით, ადამიანური და მორალური პროგრესიც მიიღწევა. ეს ცრურწმენა გვიბიძგებს გვჯეროდეს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ექსპერტებს, ზოგადი სოციალური პრობლემების გადაწყვეტა შეუძლიათ. კორონა-ვირუსმაც ყველას თვალწინ უნდა მოახდინოს ამის დემონსტრირება. თუმცა, ამგვარი მოსაზრება, საბოლოო ჯამში, სახიფათო შეცდომა იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვკითხოთ აზრი სპეციალისტებს. მხოლოდ მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ, რომ შევისწავლოთ ვირუსი და მისი შეფერხება მოვახერხოთ, რათა ადამიანთა სიცოცხლე გადავარჩინოთ. მაგრამ ვინ უსმენს მათ, როდესაც ისინი გვეუბნებიან, რომ ყოველწლიურად ორასი ათას ბავშვზე მეტი კვდება, ვირუსით გამოწვეული ფაღარათის გამო, რადგან მათ სუფთა წყალი არა აქვთ? რატომ არავის აინტერესებს ეს ბავშვები? პასუხი სამწუხაროდ ერთმნიშვნელოვანია: რადგან ისინი გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში არ ცხოვრობენ. თუმცა, სინამდვილეში, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ისინი ევროპულ ლტოლვილთა ბანაკებში სწორედ იმიტომ არიან, რათა გამოქცეოდნენ უსამართლობას, რომელის შექმნაც ჩვენი კონსუმერული სისტემის ბრალია.

მორალური პროგრესის გარეშე არ არსებობს ნამდვილი პროგრესი. პანდემია გვაჩვენებს ამას, რადგან ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით რასისტულ სტერეოტიპებს. ტრამპს სურს, რომ ვირუსი აუცილებლად ჩინურ პრობლემად გაასაღოს. ბორის ჯონსონს მიაჩნია, რომ ბრიტანელებს შეუძლიათ პრობლემის სოციალ-დარვინისტული გადაწყვეტა და ევგენიკური მასობრივი იმუნიტეტის გამომუშავება. ბევრ გერმანელს ჰგონია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იტალიურზე უკეთესია და პრობლემასაც როგორმე უკეთესად მოვაგვარებთ. სახიფათო სტერეოტიპები, სულელური აკვიატებები.

ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ. თუმცა, ამაში არაფერი ახალი არ არის. თავად XXI საუკუნე არის პანდემია, შედეგი გლობალიზაციისა. ვირუსი უბრალოდ თვალსაჩინოს ხდის იმას, რაც უკვე დიდი ხანია სახეზეა: რომ ჩვენ გვჭირდება, გლობალური განმანათლებლობის სრულიად ახალი იდეა. აქ შეგვიძლია პეტერ სლოტერდაიკის ტერმინი გამოვიყენოთ და მისი ახლებური ინტერპრეტაცია გავაკეთოთ: ჩვენ გვჭირდება არა კომუნიზმი, არამედ კო-იმუნიზმი. ჩვენ უნდა ავიცრათ იმ სულიერი საწამლავის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ ნაციონალურ კულტურებად, რასებად, ასაკობრივ ჯგუფებად და კლასებად გვყოფს და რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაში არიან. ამ წუთას, ევროპაში, ჩვენ აქამდე წარმოუდგენელი სოლიდარობის აქტით ვიცავთ ჩვენს ავადმყოფებსა და მოხუცებს. ამისთვის სახლიდან არ ვუშვებთ ბავშვებს, ვხურავთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ვამყარებთ საგანგებო სამედიცინო მდგომარეობას. მილიარდობით ევროს ინვესტიცია ხდება იმისათვის, რომ ეკონომიკის ხელახალი სტიმულირება მოხდეს. თუმცა, თუკი ჩვენ ამ ვირუსის შემდეგ ისევე გავაგრძელებთ როგორც აქამდე, წინ ბევრად უფრო საშინელი კრიზისები გველის: უარესი ვირუსები, რომელთა წარმოშობასაც ჩვენ ხელს ვერ შევუშლით; სავაჭრო ომის გაგრძელება აშშ-თან, რომელსაც ევროპა ამჟამად აწარმოებს; ნაციონალიზმისა და რასიზმის გავრცელება მიგრანტებთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც ჩვენკენ გამორბიან, რადგან ჩვენ მათ ჯალათებს იარაღი და მეცნიერება ქიმიური იარაღისთვის მივაწოდეთ. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს კლიმატის კრიზისი, რომელიც ბევრად უარესია, ვიდრე ნებისმიერი ვირუსი, რადგან იგი ადამიანის თანდათანობითი თვითგანადგურების შედეგია. ის კორონას შედეგად მხოლოდ მცირე ხნით დამუხრუჭდა. მსოფლიო წესრიგი კორონამდე იყო არა ნორმალური, არამედ ლეტალური. რატომ არ შეგვიძლია, რომ ჩვენი მილიარდები იმაში ჩავდოთ რათა ჩვენი მობილობა შევცვალოთ?  რატომ არ შეგვიძლია დიგიტალიზირება იმაში გამოვიყენოთ, რომ უაზრო შეხვედრები, რომლებზეც ეკონომიკის ბოსები თავიანთი კერძო თვითმფრინავებით დაფრინავენ, ონლაინ ჩატარდეს? როდის გავიგებთ ბოლოსდაბოლოს, რომ კორონა-ვირუსი იმ ცრურწმენასთან შედარებით, რომლის მიხედვითაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით თანამედროვეობის ყველა პრობლემას მოვაგვარებთ, უვნებელია?

ესაა მოწოდება ყველას, ყველა ადამიანის, არა მხოლოდ ევროპელების მიმართ. ჩვენ გვჭირდება ახალი განმანათლებლობა. ყოველი ადამიანი უნდა აღიზარდოს ეთიკურად, რათა გავაცნობიეროთ უზარმაზარი ხიფათი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ბრმად მივდევთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ტექნიკას. რაღა თქმა უნდა, სწორად ვიქცევით, როდესაც ყველა საშუალებით ვებრძვით ვირუსს. უცბად, საიდანღაც გაჩნდა სოლიდარობა და მორალურობის ტალღა. ეს კარგია. თუმცა, ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რამდენიმე კვირაში მეცნიერული ექსპერტიზის მიმართ პოპულისტური ზიზღის მდგომარეობიდან, გადავედით საგანგებო მდგომარეობაში, რომელსაც ჩემმა ერთმა ნიუ-იორკელმა მეგობარმა ძალიან ზუსტად უწოდა „მეცნიერული რწმენის ჩრდილოეთ კორეა“. უნდა გავაცნობიეროთ, რომ გლობალური კაპიტალიზმის ინფექციური ჯაჭვი, ანადგურებს ბუნებას და ალენჩებს ნაციონალური სახელმწიფოების მოსახლეობას, რითიც ჩვენ, ჩვენი ძირითადი საქმიანობით, ტურისტებად და საქონლის მომხმარებლებად გვაქცევს, რომელთა წარმოებაც დროთა განმავლობაში უფრო მეტ ადამიანს შეიწირავს, ვიდრე ყველა ვირუსი ერთად აღებული. რატომ აღძრავს სამედიცინო, ვურუსული მდგომარეობა სოლიდარობას, ხოლო იმავეს ვერ ახერხებს ფილოსოფიური შეხედულება, რომლის მიხედვითაც ერთადერთი გამოსავალი, სუიციდალური გლობალიზაციისგან, არის მსოფლიო წესრიგი, დაშორებული ერთმანეთის მიმართ მებრძოლ ნაციონალური სახელმწიფოებს, რომელთა ერთადერთ მამოძრავებელი ძალასაც სულელური, რაოდენობრივი ეკონომიკური ლოგიკა წარმოადგენს? ვირუსული პანდემიის შემდეგ, ჩვენ გვჭირდება მეტაფიზიკური პან-დემია, ყველა ხალხთა გაერთიანება, ჩვენთვის ყველასთვის საერთო ცის ქვეშ, რომლის გარეთაც ვერანაირად ვერ აღმოვჩნდებით. ჩვენ ვართ და ვრჩებით დედამიწაზე, ჩვენ ვართ და ვრჩებით მოკვდავნი და მოწყვლადნი. მაშ გავხდეთ მსოფლიო მოქალაქეები, გავხდეთ კოსმოპოლიტები მეტაფიზიკური პანდემიისა. ყველაფერი სხვა ჩვენი განადგურების წინაპირობაა და ვერც ერთი ვირუსოლოგი ამისგან ვერ გადაგვარჩენს.

© არილი

Facebook Comments Box