არცთუ ადვილი საქმეა აკაკი გაწერელიას მიკუთვნება რომელიმე თაობისათვის, და ამის მიზეზი არც მისი უეჭველი ფართო კონტაქტურობა იყო და არც საქართველოს ისტორიის იმ 70-წლიანი პერიოდისათვის დამახასიათებელი “დროთა კავშირის მსხვრევა”, რომელშიც მას მოუხდა ცხოვრება. სანამ ასაკის ტვირთს იგრძნობდა, იგი უფროსებთან მეგობრობდა, სიბერის მოახლოებასთან ერთად კი უფრო მეტად ახალგაზრდებში ეძებდა და პოულობდა თანამოსაუბრეებსა თუ თანამოაზრეებს. როგორც ჩანს, იგი ვუნდერკინდთა კატეგორიას ეკუთვნოდა და 1926 წელს საქართველოს მწერალთა პირველ ყრილობაზე 16 წლის ყმაწვილი დელეგატის მანდატის ასაღებად რიგში ნიკო ნიკოლაძესა და ვასილ ბარნოვთან ერთად იდგა. ამის მოგონება მას დაუფარავ სიამოვნებას ჰგვრიდა, მაგრამ არ უყვარდა გაეხსენებინა, რომ ფრიად ახალგაზრდა მწერალი იმ ისტორიულ ყრილობაზე ყველაზე ნაკლებსიმპათიურ ლიტერატურულ დაჯგუფებას – “პროლეტკულტს” წარმოადგენდა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, მემარცხენეობის ამ “საყმაწვილო სენს” არანაირი გავლენა არ მოუხდენია არც მის მხატვრულ და არც მის სამეცნიერო შემოქმედებაზე, – იმავე პროლეტკულტელების ან ფუტურისტებისაგან განსხვავებით, იგი ყოველთვის კლასიკური კულტურის ტრადიციებზე იყო ორიენტირებული, ხანდახან ზედმეტადაც კი, რის გამოც მის კულტურულ არჩევანს დროდადრო რეტროგრადული კონსერვატიზმის იერი გადაჰკრავდა ხოლმე. ყველა ვუნდერკინდის მსგავსად, იგი მოწყვეტილი იყო თავის თანატოლებს და პიროვნულადაც, შემოქმედებითაც, ლიტერატურულ-კულტურულ ღირებულებათა შკალითაც იგი მის უფროს თანამედროვეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ, როგორც ყველა ვუნდერკინდი, დროულად დაბრძენებულ (თუ არდაბრძენებულ) თანატოლთაგან განსხვავებით, სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა ყმაწვილურ ემოციურობას, სიცელქეს, მიამიტობას, ეპატაჟისა და გამოწვევის სურვილს.
ყველაზე მეტად იგი, შესაძლოა, გერონტი ქიქოძის, პავლე ინგოროყვასა და კონსტანტინე გამსახურდიას წრეს ეკუთვნოდა (მათთან მისი შინაურული სიახლოვე და შინაგანი ნათესაობა ნათელ-მირონითაც იყო დადასტურებული), მაგრამ, გარდა იმისა, რომ ასაკით მათზე საკმაოდ უმცროსი იყო, მათგან განსხვავებით, მოკლებული იყო რევოლუციამდელი ცხოვრების აგრერიგად განმსაზღვრელ გამოცდილებას. ეს ახლობლობა და დისტანცია კი მას უფროსებისადმი იმ ჭაბუკური ირონიული დამოკიდებულების საშუალებას აძლევდა, რომელიც ხშირად მეტ-ნაკლებად მწვავე, პირად თუ საზოგადოებრივ წაკინკლავებაში გადადიოდა ხოლმე. აკაკი გაწერელიას პორტრეტისათვის ნიშანდობლივი ერთი პატარა ეპიზოდი კარგად ხატავს მის მფეთქავ ხასიათს, ენამოსწრებულობას, უკანმოუხედაობას, მკვახე განცხადებების სიყვარულს: როცა 1968 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომაზე ცეკას იმხანად ყოვლისშემძლე მდივანს განუცხადებია, პავლე ინგოროყვას ჭკუა ყველა აქმყოფმა რომ გავინაწილოთ, თავისუფლად გვეყოფა და კიდევ დარჩებაო, აკაკი გაწერელია სკამიდან წამომხტარა და, სანამ კარებს გაიჯახუნებდა, პარტიული ბოსისათვის მიუძახებია, ჩემი წილი თქვენთვის დამითმია, მე ჩემი ჭკუაც მეყოფაო.
მან მართლაც მთელი ცხოვრება თავისი ჭკუით იცხოვრა და თავის ჭკუას უმადლიდა ყველა წარმატებასა და მარცხს, მიღწევასა და დანაკარგს. ერთადერთ ჭკუისდამრიგებლად და მფარველად იგი სიმონ ჯანაშიას მიიჩნევდა, რომლის დაჟინებული რჩევითაც, – შილერიც კი უნივერსიტეტის პროფესორი იყოო, – იგი ცოტათი მოგვიანებით შესდგომია აკადემიურ-პედაგოგიური კარიერის საფეხურებს. შესაბამისად, ყველა თავისი შემდგომი აკადემიური წარუმატებლობის მიზეზად იგი ამ მეტად გავლენიანი აკადემიკოსის უდროო სიკვდილს მიიჩნევდა. უცნაური და დაუჯერებელი, ხშირად თეატრალურად ხაზგასმული იყო აკაკი გაწერელიას განცდები, რომ იგი ვერ გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, რომ იგი არ იყო უნივერსიტეტის პროფესორი, რომ არ აირჩიეს ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელად, – მით უმეტეს უცნაური და დაუჯერებელი იყო, რადგან იგი გულწრფელად სკეპტიკურად იყო განწყობილი ყოველგვარი საბჭოთა ტიტულების, წოდებების, ორდენებისა თუ პრემიების მიმართ და კარგად იცოდა მათი ჭეშმარიტი ფასი. უსასრულო დაჩივლებებს ხანდახან ზღვარს იმით დაუდებდა, რომ იტყოდა, აკადემიკოსის მყარი ხელფასი რომ მქონოდა, ამ მომქანცველი, არაფრისმომცემი ლექციებისაგან განვთავისუფლდებოდი და ჩემს დასაწერ წიგნებს ჩავუჯდებოდიო. ეს კომუნისტური ეპოქის კიდევ ერთი გრიმასა იყო – ყველა პატიოსანი კაცი ან მარტვილი ან დევნილი იყო, ან მარტვილისა და დევნილის ჩარჩოს მაინც ირგებდა, თორემ აკაკი გაწერელიას – თავგადასავლებისა და ხიფათების მოყვარულს, სილამაზისა და ვნების, ტკბობისა და თრობის დიდ დამფასებელს, არცთუ იშვიათად მკრეხელსა და ერეტიკოსს მორალურ-რელიგიურ ფასეულობათა მიმართ – ნაკლებად შეეფერებოდა წმიდანისა და წამებულის როლი. მაგრამ მას ხშირად ჰქონდა სევდისა და უკმაყოფილების საბაბი, და როცა სული ეხუთებოდა, იგი – ფაქიზი და დახვეწილი მკითხველი, ვნებიანი და მომხიბლავი მწეველი, ბრწყინვალე და წარმტაცი მთხრობელი – შვებას წიგნებში, სიგარეტში, თხრობაში პოულობდა. ნახევარი საუკუნის გადაბიჯების შემდეგ მან თითქოს ინტელექტუალური თავისუფლების ახალი სუნთქვა მოიპოვა და მისმა ნაწერებმა ჟანრობრივი სიზუსტე შეიძინა, სტილმა – მუსიკალობა, მისმა ერუდიციამ – სიღრმე, ინტერესებმა – სიფართოვე. მაგრამ რაც უფრო ინტენსიური ხდებოდა მისი შინაგანი დიალოგები დანტესთან და პასკალთან, როზანოვთან და იასპერსთან, რომან იაკობსონთან და ნილს ბორთან, მით უფრო უჭირდა მას საერთო ენა გამოენახა იმ გარემოსთან, სადაც იგი ცხოვრობდა და მსახურობდა. ამიტომ განსაკუთრებული გულახდილობისას იგი დაიჩივლებდა ხოლმე, რომ ინტელექტუალური მარტოობით იტანჯებოდა, ანდა სოლიდარობის გრძნობით გაიხსენებდა გიორგი ლეონიძეს, რომელსაც მოკითხვისას თურმე ამგვარი პასუხი სჩვეოდა: ისე ვარ, როგორც მარკუს ავრელიუსი ბარბაროსებს შორისო. იგი განუწყვეტლივ ეძებდა მოსაუბრესა და მოკამათეს, მაგრამ კამათის არაჩვეულებრივად მძაფრი ჟინი მაშინ დაეუფლებოდა, როცა ისეთ საკითხებზე ედავებოდნენ, რის შესახებაც ათობით წიგნი ჰქონდა წაკითხული და ათობით ფურცელი – დაწერილი. ამიტომ მისი მემკვიდრეობის მესამედს მაინც ვრცელი, გამანადგურებელი, დაუნდობელი პოლემიკა წარმოადგენს, სადაც ქვა ქვაზე არაა ხოლმე დატოვებული მისი ამა თუ იმ ოპონენტის ინტელექტუალური (და ხშირად, ამასთანავე, პიროვნული) ღვაწლიდან. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილებაც შეიძლება დაგრჩეთ, რომ ზოგიერთ ფურცელს მას შურისძიების დემონი აწერინებდა (მაგალითად, იმ წიგნის კითხვისას, რომელიც სავსებით აკადემიურ სათაურს ატარებს, მაგრამ რომლის პათოსი განპირობებულია “ვეფხისტყაოსანში” “ოქროს კვეთის” მაძიებელი აკადემიკოსის მორალურ-შემოქმედებითი გაცამტვერების ჩანაფიქრით, თუმცა მოზრდილი ნაშრომის ტექსტში ერთგანაც ვერ იპოვით მიზანში ამოღებული მსხვერპლის სახელს).
პავლე ინგოროყვას მსგავსად, რომელიც ასევე მწვავედ განიცდიდა აკადემიური არეოპაგის გარეთ დარჩენას, აკაკი გაწერელია გარეშემომყოფთაც და საკუთარ თავსაც არწმუნებდა, რომ იგი, პირველ ყოვლისა, მწერალია და შემდგომ – მკვლევარი, მეცნიერი.
პავლე ინგოროყვასაგან განსხვავებით, მას ამის განცხადების მეტი უფლება ჰქონდა, და მოელვარე ესეებისა და ჩანაწერების გარდა, ქართველ მკითხველს მისი ბელეტრისტიკის მოზრდილი ტომიც ეგულება ბიბლიოთეკის თაროზე, მაგრამ მისი მთავარი სამწერლო საქმე, – რომანი (ან, როგორც თავად უწოდებდა, ეპოპეა) შამილის შესახებ, – რომლის დასაწერადაც იგი 30-იანი წლების დასაწყისიდან ემზადებოდა და რომელსაც რამდენიმე ათეული წელი წერდა, შუაგზამდეც ვერ იქნა მიყვანილი. და ამის მიზეზი მხოლოდ უდროობა და წამოსწრებული სიკვდილი არ ყოფილა: იგი, როგორც ჩანს, ტოლსტოის, – მისი უცვლელი მხატვრული საზომის, – “ჰაჯი მურატის” რომანად ქცევას ან მასთან გაჯიბრებას ცდილობდა. მისი ეს მცდელობა ცოტათი ბორხესის ერთი გმირის, პიერ მენარის, საქციელს ჰგავს, რომელიც XX საუკუნეში ხელახლა წერს “დონ კიხოტს”. გამოგონილი პიერ მენარის მსგავსად, აკაკი გაწერელიას “შამილისაგან” რამდენიმე ფრაგმენტი, რამდენიმე თავი დარჩა. მაგრამ პრუსტისა და ფოლკნერის შემდეგ ტოლსტოის საზღვრებში დარჩენა უკვე პრინციპულად იყო შეუძლებელი, – შეუძლებელი იყო მით უმეტეს აკაკი გაწერელიასათვის, რომელიც ისე იცნობდა პრუსტსა და ფოლკნერს, ჰამსუნსა და თომას მანს, ჯოისსა და უნამუნოს, როგორც ცოტა ვინმე საქართველოში.
მას დაუმთავრებელი, შეუსრულებელი დარჩა მეორე დიდი საქმეც – მონოგრაფია ავგუსტინეს შესახებ. ამჯერადაც ეს ჩანაფიქრი ჩანასახშივე იყო განწირული: 80-იანი წლების დასაწყისის თბილისში ძნელი იყო, რამე ახალი თქმულიყო “აღსარებათა” ავტორის შესახებ, – არ იყო არც ინფორმაცია, არც წიგნები, არც კონტაქტები, არც თეოლოგიური სკოლის ტრადიციები, არც ჰიპონელი ეპისკოპოსის ტრაქტატებთან მედიტაციური განმარტოების საშუალება. და კიდევ ერთი ხელისშემშლელი მიზეზი: აკაკი გაწერელია, ევროპული კულტურის მცოდნე, მოყვარული, თაყვანისმცემელი, რომლის სამუშაო კაბინეტშიც ილია ჭავჭავაძის პორტრეტთან ერთად პოლ ვალერის პორტრეტიც ეკიდა, არ ფლობდა არცერთ ევროპულ ენას, რაც მას საკმაო დაბრკოლებას უქმნიდა უფრო ახლოს მისულიყო ევროპული ცივილიზაციის ამ ერთ-ერთ მესაძირკვლესთან. ამ შემთხვევაშიც აკაკი გაწერელია, შესაძლოა, სიმბოლური ფიგურაა, რადგან, მეტისმეტად მცირე გამონაკლისის გარდა, ქართველი ინტელექტუალების ევროპასთან ზიარება, ევროპასთან მიახლება უმთავრესად რუსეთის გზით ხდებოდა, – რუსულად გადათარგმნილი, რუსულად ტრანსფორმირებული ევროპა კი, ბუნებრივია, მთლად ყოველთვის არ იყო ნამდვილი, ადეკვატური, უშუალო ევროპა. და მაინც, აკაკი გაწერელიას არასოდეს შეჰპარვია ეჭვი ევროპულ ფასეულობებში, საზომი და ათვლის წერტილი მისთვის ყოველთვის ძველი კონტინენტი იყო, იმამი შამილიც კი მის მოთხრობებში ჩეჩნეთის აულებზე უფრო რელიეფურად ევროპულ გარემოში იხატება: როცა ლოჟაში იტალიურ ოპერას უსმენს ან ფრანგი ბასკოს შეგირდს, ილუზიონისტს, შესცქერის. სიცოცხლის მიწურულს აკაკი გაწერელიამ თავის მასწავლებლად ტიციან ტაბიძე აღიარა, – შესაძლოა, ესეც მითოლოგიურ-ლიტერატურული მონტაჟი იყო, – და მასაც კი, პირველ ყოვლისა, ევროპული კულტურისაკენ მიმყვანი გზების გაკვალვა, პოლ ვალერისთან პირველი შეხვედრა დაუმადლა.
ყოფითი, დროითი, კულტურული და სხვა მიზეზების გარდა, აკაკი გაწერელიას კიდევ ერთი ხელისშემშლელი მიზეზი ჰქონდა, რომ საკუთარი პოტენცია საკუთარ შემოქმედებად ექცია – გარდა იმისა, რომ იგი უპირობოდ ნიჭიერი, გამორჩეულად ნაკითხი, ბრწყინვალე მახსოვრობისა და მახვილი მზერის პატრონი იყო, მას საკმაოდ ფაქიზი გემოვნება ჰქონდა და შესანიშნავად გრძნობდა ნამდვილი ლიტერატურის, ნამდვილი ფილოსოფიის, ნამდვილი ფილოლოგიის პარამეტრებს. ამიტომ ამ გადმოსახედიდან იგი, ალბათ, შინაგანად ყოველთვის შებოჭილი იყო, როცა კალამს იღებდა ხელში. კედლიდან კი მას დაჰყურებდა ათასობით წიგნი და პოლ ვალერის მზერა, – ვალერი მისთვის თითქმის ერთადერთი უეჭველი ავტორიტეტი იყო, რომლის ერთგულიც იგი რჩებოდა არამარტო აზრისა და სახის სიზუსტისადმი სწრაფვისას, არამარტო კლასიკური სტილის წარუვალი ღირებულების აღიარებისას, არამარტო აღქმის მომცველობის მოთხოვნისას, – დროის დინებასთან ერთად სულ უფრო აშკარად გამოვლენილი ყოვლისგამჭოლი სკეფსისიც მას ბატონ ტესტის შემქმნელთან ანათესავებდა. მისადმი მადლიერებისა და მოწიწების გამოხატულებად მიიჩნევდა აკაკი გაწერელია თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ესეს ვალერისეულ სათაურსაც, – “ლევ ტოლსტოის მხატვრული მეთოდის შესავალი”, – რომელიც ფრანგი კლასიკოსის ლეონარდო და ვინჩის შესახებ საეპოქო ტრაქტატის სათაურს ეხმიანება, იმ ტრაქტატს, რომელსაც მკვეთრ ხაზად გასდევს თვალსაზრისი, რომ ლეონარდო უფრო დიდი, მნიშვნელოვანი და ღირებული იყო, ვიდრე მისი შემოქმედება.
აკაკი გაწერელიამ მოზრდილი მემკვიდრეობა დატოვა, მაგრამ მისი პიროვნება უფრო ფართო, მდიდარი და მიმზიდველი იყო. მის შემდეგ დარჩა ფუნდამენტური, აკადემიური მონოგრაფია – “ქართული კლასიკური ლექსი”, სოლიდური ნარკვევები, ბრწყინვალე ესეები, სარკასტული ნაპერწკლებით და თავბრუდამხვევი ერუდიციით გაჯერებული პოლემიკური სტატიები, ფრანგების კვალობაზე აგებული იმპრესიონისტულ-ბიბლიოგრაფიული ეტიუდები, ქოთნის ყვავილების მაგვარი მოთხრობები, დარჩა დაუწერელი წიგნები შამილის, ავგუსტინეს, პეტრე იბერიელის შესახებ, დარჩა ის ცარიელი ადგილი, რომელიც ეკავა აკაკი გაწერელიას – მწიგნობარსა და სკანდალისტს, ელეგანტურსა და უბრალოს, ამაღლებულსა და ყოფისაგან შეჭირვებულს, ლავრენტი ბერიას თანამოაზრეთა მეგობარს და ზვიად გამსახურდიას ნათლიას, თეოლოგიისა და პოეზიის მცოდნეს, მოცურავესა და მონადირეს, ეპოქის ზეპირ მემატიანესა და ენაკვიმატ ოხუნჯს, ქუჩებში ხანგრძლივი საუბრებისა და გათენებამდე ნადიმობის მოტრფიალეს.
აკაკი გაწერელია საბჭოთა საქართველოზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, იგი რამდენიმე წლით გადასცდა საბჭოთა საქართველოს დასასრულს. სხვა ქვეყანაში და სხვა დროს მისი ცხოვრება, ალბათ, სხვაგვარად წარიმართებოდა, მაგრამ ეს უკვე ალბათობის არასოლიდური და საჭოჭმანო სივრცეა, რასაც არაფერი აქვს საერთო აკაკი გაწერელიას დამთავრებულ ცხოვრებასა და ღვაწლთან.
1995
პირველად გამოქვეყნდა არილში, 3 მაისი, 2002.
© არილი