ესე,  პორტრეტი

თამაზ ბუაჩიძე – ზურაბ კაკაბაძე

zurab kakabadze

1952 წლის ნოემბერში თბილისის უნივერსიტეტში ბატონ კოტე ბაქრაძის “ლოგიკის” განხილვა მოეწყო. პირველი კორპუსის ერთ-ერთი აუდიტორია გაჭედილი იყო. მსურველებს მხოლოდ მოსაწვევით ბარათებით უშვებდნენ.

განხილვა დაიწყო წიგნის და მისი ავტორის განქიქებით. რაღა არ დააბრალეს ბატონ კოტეს, ის თურმე, ბურჟუაზიის მსახური, კანტიანელი, ჰეგელიანელი, ჰუსერლიანელი, პოზიტივისტი, ანტილენინელი, ანტისტალინელი და რა ვიცი, რა აღარ იყო. ასეთი დახასიათებების შემდეგ, იმ შავბნელ დროში, წიგნის ავტორს, ბუნებრივია, კარგი დღე არ ელოდა. ეს მშვენივრად იცოდნენ კოტე ბაქრაძის განმქიქებლებმა.

საბოლოო სიტყვა ბატონი კოტეს საყვარელმა მოწაფემ ზურაბ კაკაბაძემ ითხოვა. მოწაფე თავგამოდებით იცავდა მასწავლებელს, იცავდა ძალზე მარჯვედ, ჭკვიანურად. ზურა ლაპარაკობდა დინჯად, აუღელვებლად, მკაფიოდ, საინტერესოდ. ნიჭიერი ადამიანის ნებისმიერ თემაზე საუბარი ინტერესის აღმძვრელია, ზურა კი – ეს უნიჭიერესი კაცი – ლაპარაკობდა უმაღლეს ფილოსოფიურ “მატერიებზე”.

დარბაზი სმენად იქცა. ზურას არც ბატონი კოტეს მტრები დავიწყებია: ყველას დაანახა მათი უმეცრება, უნიჭობა, შური. ის მოხდენილად უთავსებდა ერთმანეთს სერიოზულ ანალიზს და დახვეწილ იუმორს. ჩვენ ყურადღებით ვუსმენდით ორატორს, დროდადრო კი გულიანად ვიცინოდით – მწარედ დავცინოდით წიგნის ოპონენტებს. ბატონი კოტე სიამოვნებისაგან ადგილზე ვერ ისვენებდა, ყველამ იგრძნო, რომ ქართულ ფილოსოფიას მოევლინა ფართო ერუდიციის მქონე, მრავალმხრივი პიროვნება.

მართლაც, ზურაბ კაკაბაძე მრავალმხრივი ადამიანი იყო. იმ დროს, როცა ის ფილოსოფიაზე ბჭობდა, მე მახსენდებოდა ამ ადამიანის სხვა მხარე – ფილოსოფიისაგან საკმაოდ დაშორებული. ვიხსენებდი ძერჟინსკის ქუჩაზე მდებარე სახლის ფართო ეზოს, სადაც ბავშვობიდანვე მიხდებოდა ყოფნა. ვიხსენებდი ამ ეზოში გამართული ფეხბურთის მატჩების გმირს – დღევანდელ ორატორს. ზურა ბრწყინვალედ თამაშობდა ფეხბურთს. ჩემთვის დაუვიწყარია მისი “ფინტები”, მისი თავბრუდამხვევი გარღვევები მარჯვნიდან, მარცხნიდან, ცენტრიდან. ფეხბურთის თამაშის ამგვარი მანერა, ალბათ, კარგად გამოხატავდა ზურას ცხოვრებისეულ არსს – მოქნილობა ორგანულად ერწყმოდა პრინციპულობასა და გონიერებას.

უფრო გვიან, როცა ზურამ უნივერსიტეტის ასპირანტურა დაამთავრა, არაერთხელ მოგვიწია ერთად ფეხბურთის თამაში: თბილისში, კიკეთში, ოქროყანაში. ვაღიარებ: ფეხბურთი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ცუდად ვთამაშობდი. მიყვარდა მითითებები, ბრძანებების გაცემა, ყვირილი – თამაშის შემდეგ ყელი უფრო მტკიოდა, ვიდრე ფეხის კუნთები. ზურასაც ხშირად ვტუქსავდი, ის ღიმილით ისმენდა ჩემს შენიშვნებს და განაგრძობდა თამაშს – თამაშით კი მართლაც შესანიშნავად თამაშობდა. ყმაწვილკაცობის დროს ზურამ და მისმა მეგობარმა რუსთაველის გამზირზე ბორის პაიჭაძე შეამჩნიეს. ორივეს არანორმალურად უყვარდა ფეხბურთი და, ბუნებრივია, ბორის პაიჭაძეც. მეგობრებმა სწრაფად იცვალეს გეზი და თავიანთ კერპს აედევნენ. ისინი ფეხდაფეხ მისდევდნენ სათაყვანებელ პიროვნებას, მისი ყოველი მოძრაობით ტკბებოდნენ, იმ ჰაერით სუნთქავდნენ, რომლითაც მათი კერპი სუნთქავდა…

თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ეს შემთხვევა მხოლოდ კერპის გამოკიდებით არ დამთავრებულა: კერპი სავსებით მოულოდნელად მოუბრუნდა ბიჭებს და წყრომით მიახალა:

– რას მომდევთ, საქმე აღარა გაქვთ?

მერე ამ წამოძახილს საკმაოდ მკვეთრი გამოთქმებიც მოაყოლა: ეტყობა, იმ დღეს ვერ იყო გუნებაზე. ვერაფერს გააწყობ, ხშირად ასეც ხდება. ამ შემთხვევის მიუხედავად, ზურა სიცოცხლის ბოლომდე მოწიწებით იხსენიებდა ბორის პაიჭაძის სახელს.

მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთი მხოლოდ აზარტულობით, რისკით და სიმამაცით არ იზიდავდა ზურას. ამ თამაშში მას მოსწონდა სილამაზე, სინატიფე, დახვეწილობა, ესე იგი, ის ნიშნები, რომელიც ყოველგვარ ხელოვნებას ახლავს თან. ფეხბურთით გატაცება ამ შემთხვევაში ხელოვნებით გატაცებასაც ნიშნავდა. ფეხბურთის სიყვარული ზურასთვის ბავშვობიდანვე გადაიზარდა ხელოვნების სიყვარულში.

ზურა ეთაყვანებოდა ხელოვნებას. ამის შეტყობა ძნელი არ იყო: მისი ბინის კედლებს ამშვენებდა სეზანის, რენუარის, ვან გოგის, მოდილიანის, პიკასოს ტილოთა რეპროდუქციები, ქართველი ფერმწერების: ფიროსმანის, კაკაბაძის, გუდიაშვილის ნამუშევრები. კარადებში ეწყო წიგნები ხელოვნებაზე და ხელოვანებზე. საგანგებოდ დამზადებულ უჯრებში ინახებოდა ფირფიტები, რომლებზეც მსოფლიოს ცნობილი კომპოზიტორების ქმნილებები და განთქმული შემსრულებლების ხმები იყო აღბეჭდილი. ზურას ხშირად შეხვდებოდით პრემიერებზე, კინოჩვენებებზე, მუზეუმებში, გამოფენებზე. მას ძალიან ღრმად ესმოდა ხელოვნება, რაც ცხადად გამოსჭვივის კიდეც წიგნებში – “ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება”, “ხელოვნების ფენომენი”, “წერილები”, “ფილოსოფიური საუბრები”…

ერთხელ, ღამის ორ საათზე ზურა სახლამდე მივაცილე. მთხოვა, ცოტა ხნით შემოდიო, შევედი. უჯრიდან ჰენდელის ფირფიტა ამოიღო. ცოტა ხნის შემდეგ რბილ სავარძელში ჩაძირული დიდი გერმანელის მუსიკით ტკბებოდა. თავდავიწყებულს ისიც გადაავიწყდა, რომ უკვე ღამის სამი საათი მოახლოვებულიყო. უეცრად მყუდროება ტელეფონის ზარმა დაარღვია. აღშფოთებული მეზობელი რეკავდა და ჩიოდა, ნუთუ ღამეც ვერ უნდა მოისვენოს კაცმაო. ზურამ უხალისოდ გამორთო ფირსაკრავი.

ხელოვნების ღრმა ცოდნა, ალბათ, იმითაც უნდა აიხსნას, რომ ზურა თავადაც იყო ხელოვანი – შესანიშნავი პოეტი. მისი ლექსები ზეპირად იცოდა პიონერთა სასახლის ლიტერატურული წრის ყველა წევრმა. ამ წრეში კი ნატიფი და დახვეწილი გემოვნების ყმაწვილები იყვნენ თავმოყრილნი. პოეტის დამახასიათებელ თვისებებს – მძაფრ ემოციურობას, განცდის სიმახვილეს, წარმოსახვის ნიჭს – ზურა ყოველწამიერად ამჟღავნებდა.

გვიან გაზაფხულზე, ერთ-ერთი შაბათობის შემდეგ, ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომლები ზოოპარკის წინ, სასაუზმეში შევედით. ცივ “ატენურს” ვსვამდით და ვცდილობდით, მოვრეოდით მწვადს, რომლის სიმაგრე და შეუპოვრობა სტამბოლის კაჟსაც კი შეშურდებოდა. ჩვენს სიახლოვეს მაგიდას ცუდად ჩაცმული რუსი მამაკაცი უჯდა. ერთი ბოთლი დაედგა და წრუპავდა.

– ეს კაცი, – იწინასწარმეტყველა ზურამ, – როგორც კი თავის ბოთლს გამოცლის, აქეთ გამოსწევს მომდევნო დოზის მისაღებად.

მართლაც, ცოტა ხანში უცნობი ჩვენსკენ დაიძრა. ჩვენც, ცხადია, გავამზადეთ ხარკი: ჩაის ჭიქა გავუპიპინეთ ღვინით.

დაუპატიჟებელმა სტუმარმა სასმისი გამოცალა და მადლიერების ნიშნად უცნაური რამ შემოგვთავაზა: თუ გინდათ, ესენინს წაგიკითხავთ, ყოფილი მსახიობი ვარო.

ჩვენ, რასაკვირველია, დავთანხმდით. მასაც არ უღალატია თავისი სიტყვისთვის და ესენინის ჩვენთვის უცნობი ლექსის კითხვა დაიწყო. ლექსში გადმოცემული იყო ახალგაზრდა ქალის ბედუკუღმართი ცხოვრება. რომელიღაც შეძლებულმა გარეწარმა ნამუსი ახადა და მოტყუებული დატოვა ქალი. ესენინის ლექსი ძალზე შთამბეჭდავად ჟღერდა. რაც შეეხება ჩვენს სტუმარს, ის ისეთი არტისტულობით და გზნებით კითხულობდა ლექსს, რომ გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩებოდი. კითხვა დაამთავრა და მწარედ აქვითინდა. ვაწყნარებდით. ვოვა დეკანოზიშვილმა ხელი გადახვია. მე გამახსენდა ზურას ტაქტი, ჭკუა, დამრიგებლობის უნარი და მისკენ მივტრიალდი, ვიფიქრე, უეჭველად იპოვის-მეთქი მანუგეშებელ სიტყვებს, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი: ზურა ტიროდა, თანაც ისე წრფელად, ისე გულსაკლავად, როგორც მხოლოდ ბავშვები და პოეტები ტირიან.

კაკაბაძეების ოჯახი ჰუმანიტარების და ჭეშმარიტი პატრიოტების ოჯახი იყო. ოჯახის თავი – მეთოდე კაკაბაძე ქართულ ლიტერატურას ასწავლიდა. შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას გამო ბატონი მეთოდე ნებისმიერ ადამიანს შეებმებოდა. ზურას ძმა – ბრწყინვალე გერმანისტი ნოდარ კაკაბაძე ავტორია შესანიშნავი წერილებისა ქართველი მწერლების და მოღვაწეების – ნიკო ლორთქიფანიძის, გერონტი ქიქოძის, ერეკლე ტატიშვილის, გრიგოლ კიკნაძის, მიხეილ კვესელავას და სხვათა შესახებ. ზურაც ამგვარივე სიყვარულით იყო გამსჭვალული ქართული ლიტერატურის და, საერთოდ, კულტურის მიმართ. მან ზეპირად იცოდა ქართული პოეზიის შედევრები. უსაზღვრო პატივს მიაგებდა შოთა რუსთაველს, გალაკტიონ ტაბიძეს, დიდი მოწიწებით ეპყრობოდა ქართული მეცნიერების და ხელოვნების ყოველ ნამდვილ ქმნილებას, ჩვენს ფოლკლორს, ზნე-ჩვეულებებს, განსაკუთრებით, სიმღერას და ცეკვას. მოკლედ, დიდ ღირებულებას ანიჭებდა ქართულ კულტურას. ეს გარემოება ხელს არ უშლიდა ზურას, მწარე სიტყვებით მოეხსენებინა ადამიანები, რომლებიც ქართველი ერის განსაკუთრებულობაზე, ჩვენი გენის თუ სისხლის გამორჩეულობაზე ლაპარაკოდნენ. ზურა ვერ იტანდა ფაშიზმს.

…ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს მე და ზურას, რუსთაველის გამზირზე უზრუნველად მოსეირნეთ – ნაცნობი შემოგვხვდა. უკვე გვარიანად შეზარხოშებულმა, სალუდეში შეგვიპატიჟა. მაღალი მაგიდის ირგვლივ დავდექით, ჩვენმა ნაცნობმა უბიდან შოტლანდიური ვისკის ბოთლი ამოაძვრინა და ჭიქები ამ შორეული ქვეყნის სასმელით შეგვივსო. მართლაც შესანიშნავი ვისკი იყო, მაგრამ დაჭაშნიკება ვერც კი მოვასწარით, რომ თანამეინახემ მგზნებარე და გაბმული საუბარი წამოიწყო პატრიოტულ თემაზე. ზედმეტად ემოციური ჟესტიკულაციით საუბრობდა, ორივე ხელი აღმართა და შეჰყვირა:

– მე ნამდვილი ქართველი ვარ, სისხლის წვეთიც კი არ არის ჩემში არაქართული!

ზურამ მშვიდად მოისმინა ეს პატრიოტული ტირადა – გალაკტიონის პერიფრაზი, თვალები მოჭუტა და წყნარად უთხრა ჩვენს ნაცნობს:

– კი, მაგრამ, რომ ამბობ წვეთიც არ არის ჩემში არაქართულიო, არც შოტლანდიური ვისკია შენში?

ჩვენი ნაცნობი შეცბა. დიაგნოზი ზუსტი გამოდგა: ვისკის პატრონი გახლდათ ტრაბახა, უქნარა, არაფრის მაქნისი კაცი, ყველაფერში ხელი მოეცარა და ახლა ქართველობით მოჰქონდა თავი.

საერთოდ, ზურას ამგვარი დიაგნოზების დასმის იშვიათი ნიჭი ჰქონდა: ადამიანის სულს თითქოს უშუალოდ ჭვრეტდა. ტყუილში უმალ დაგიჭერდა; იმწამსვე გაიგებდა შენი ქცევის ნამდვილ მოტივს, ალბათ, ფილოსოფოსი ამგვარი თვალით უნდა იყოს შეიარაღებული.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებამ არაფერი არ დაიშურა მისთვის – მახვილი ფილოსოფიური გონება, ღრმა აზროვნების და განცდის უნარი, მდიდარი წარმოსახვა, ის მაინც საოცრად თავმდაბალი იყო.

…მოსკოვში საკანდიდატო დისერტაციას იცავდა ზურას მეუღლე, ქალბატონი ნათია ამირეჯიბი. დისერტაციის თემა იყო ქართული მუნჯი კინოფილმები. დაცვის შემდეგ გაიშალა სუფრა. სუფრას კინოს ცნობილი მოღვაწენი უსხდნენ. თითქმის ყოველ მათგანს ჰქონდა წაკითხული ზურას წიგნი – “ექსისტენციური კრიზისის პრობლემა და ედმუნდ ჰუსერლის ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია”. ამ ნაწარმოებმა მოსკოვში ნამდვილი სენსაცია მოახდინა – მაშინ ასე ღრმად და თამამად არავინ წერდა. ქალბატონი ნათიას სტუმრებს ეგონათ, რომ ქართველ ფილოსოფოსს მენტორული ტონი ექნებოდა, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლებულა. ზურა იჯდა სადღაც, სუფრის კუთხეში და იშვიათად თუ იტყოდა რამეს. გაკვირვებულმა თამადამ იხუმრა – ქალბატონმა ნათიამ თბილისიდან თავისი დისერტაციის მუნჯები ჩამოიყვანაო.

ეს თავმდაბლობა ზურას არსიდან გამომდინარეობდა – მან შესანიშნავად იცოდა, რომ თამაში, ნიღაბი, ყალბი პათეტიკა, ხელოვნური პოზა, ქიშპობა სამყაროსთან, სიკვდილთან, ღმერთთან – სასაცილოა. ის იყო საოცრად პირდაპირი, ლაღი, ნაღდი, ხან სევდიანი, ხან მხიარული, მაგრამ ყოველთვის თავისი თავის – ზურაბ კაკაბაძის – ერთგული.

2000

© არილი

Facebook Comments Box