თეატრი
ცხოვრება თეატრია. თეატრი წარმავალია.
ცხოვრება წარმავალია. ხელოვნება მარადიულია.
თეატრი წარმავალია. თეატრი ხელოვნება არ არის.
კახა ბარამიძე. “სილოგისტიკა.”
თეატრი არასდროს მყვარებია. არ ვიცი, მიზანთროპიისადმი მიდრეკილების წყალობითაა თუ სიყალბისადმი ჰიპერესთეზიის გამო ხდება, მაგრამ ცოცხალი მსახიობის თამაშს როცა ვუყურებ, თავს უხერხულად ვგრძნობ (“უხერხულად კი არა, სირცხვილით იწვები და გაქცევა გინდება,” ჩამესმის კახა ბარამიძის ხმა). არ დავმალავ, სახელგანთქმული სპექტაკლებიც მინახავს – რობერტ სტურუას “კავკასიური ცარცის წრე,” ინგმარ ბერგმანის “ჰამლეტი,” პიტერ ბრუკის “კაცი, რომელიც…” – მაგრამ ეკრანის შუამავლობის გარეშე ჩემთვის კათარზისი წარმოუდგენელია (“IN KINO VERITAS,” ჩამესმის კახა ბარამიძის ხმა). მიუხედავად ამისა, იყო პერიოდი, როცა თეატრში ხშირად დავდიოდი – ეს მას შემდეგ, რაც მესამე ცოლმაც მიმატოვა და უიღბლობის ხორცშესხმულ პარადიგმად ვიქეცი (“თეატრში სიარული საკუთარ თავთან ანგარიშსწორებაა და არა გულის გადაყოლება,” ჩამესმის… არა, ეს უკვე აუტანელია! გიკრძალავ ჩემ ტექსტში, გესმის? ჩემ ტექსტში შემოჭრას!). თეატრში ხშირად იმიტომ დავდიოდი, რომ, გაგეცინებათ, სპექტაკლის დადგმა მინდოდა. ასეთი სურვილი ბეკეტის ორმა პიესამ, “თამაშმა” და “ეჰ, ჯომ” გამიჩინა. ბეკეტის დიდი თაყვანისმცემელი სულაც არ ვარ – ჩემთვის ის ყოველთვის “ჯოისის მდივნად” დარჩება, – მაგრამ PLAY და EH JOE სწორედ ჩემთვისაა, რომ იტყვიან, ზედგამოჭრილი.
“თამაში” ერთაქტიანი პიესაა. მასში სამი პერსონაჟი მონაწილეობს: მამაკაცი და ორი ქალი. ისინი ურნებში არიან მოთავსებულნი (ბეკეტის “საფირმო” კომბინაციაა) და მონოტონური ხმებით ადიულტერის საფუძველზე წარმოქმნილი თავიანთი ტრაგიკული ურთიერთობის პერიპეტიებს აღწერენ. ეს ერთგვარი განკითხვის დღეა, “ტემპერირებული” სამ ხმაში, რასაც მე “შექსპირული ცხოვრება-წარმოდგენა-თამაშის ბეკეტური ვერსია” დავარქვი (ფრაზაში ხომ არ გაიხლართეთ?), სხვები კი, რამდენადაც მესმის, “აბსურდის თეატრს” ეძახიან. “აბსურდისას” ალბათ იმიტომ ეძახიან, რომ “თამაშისას” გმირები ურნებიდან არ ამოდიან, წინ და უკან არ დარბიან, არ ცეკვავენ, არ მღერიან, ემფატიკურად არ მეტყველებენ, თვალებს არ აბრიალებენ, დორბლებს არ ყრიან, ხელებს არ ასავსავებენ… ერთი სიტყვით, იმას არ აკეთებენ, რასაც პლებსის მსახური თეორეტიკოსები “სანახაობას” უწოდებენ და ჩემისთანა “NARCISSUS POETICUS-ები” სათოფეზე არ ეკარებიან.
სანახაობითი ეფექტებით არც “ეჰ, ჯო” გამოირჩევა. ამ არაჩვეულებრივი პიესის გმირი სამოცი წლის მარტოხელა მამაკაცი გახლავთ, სახელად ჯო, რომელსაც მთელი “მოქმედების” განმავლობაში ქალის ხმა ჩაესმის. ქალი – ჯოს ყოფილი საყვარელი – მეტად არასასიამოვნო ამბებს ჰყვება ჯოს შესახებ. ჯო ყველაფერს ხმის ამოუღებლად და გაუნძრევლად ისმენს… სულ ეს არის.
პირველად, რასაკვირველია, რუსთაველის თეატრს მივაშურე. იქ, როგორც ყოველთვის, რემონტი მიმდინარეობდა, მაგრამ თეატრის დირექტორი, გია თევზაძე, ადგილზე დამხვდა. მან ყურადღებით მომისმინა, თავაზიანად ამიხსნა, რომ ფული არა აქვთ, მიმანიშნა, რომ რუსთაველის თეატრი ექსპერიმენტების ადგილი არ არის, “თუმცა ყველაფერს მაინც რობიკო წყვეტსო,” დაამატა (ივლისის გაგანია სიცხე იდგა – “რობიკო” უკვე შვებულებაში იყო გასული) და დამემშვიდობა.
რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის თეატრში წავედი. გზაზე რობერტ სტურუა დავინახე – ეკლესიის ეზოში მსახიობების ჯგუფთან ერთად იდგა (მგონი, ვიღაცის ჯვრისწერას ელოდებოდა). როგორც ყველა ცრუმორწმუნე ათეისტმა, მეც ჩავთვალე, რომ ეს კარგი ნიშანია და პირდაპირ მივაჭერი. ვუთხარი, ბატონო რობერტ, თქვენთან ლაპარაკი მინდა-მეთქი. ხვალ დილით თეატრში მოდი, იქ ვილაპარაკოთო (დარწმუნებული ვარ, მორიგი თავხედი ინტერვენტინტერვიუერი ვეგონე). რაღას ვიზამდი? ისევ მარჯანიშვილის თეატრში წავედი.
იქ, როგორც ყოველთვის, არაფერი საინტერესო არ ხდებოდა, მაგრამ თეატრის დირექტორი, გაიოზ კანდელაკი, ადგილზე დამხვდა. მან ყურადღებით მომისმინა, თავაზიანად ამიხსნა, რომ ფული არა აქვთ, მიმანიშნა, რომ მარჯანიშვილის თეატრი ექსპერიმენტების ადგილი არ არის, “თუმცა ყველაფერს მაინც ოთარი წყვეტსო,” დაამატა… ამ დროს კარი გაიღო – ოთახში ოთარ მეღვინეთუხუცესი შემოვიდა. ჩავთვალე, რომ ეს კარგი ნიშანია და ჩემი ამბავი მასაც ვუამბე. ოთარ მეღვინეთუხუცესმა ყურადღებით მომისმინა, მითხრა, რომ ფილტვები სუფთა მაქვს, პულსი – ნორმალური, დოიაშვილი კარგა ხანია ბეკეტის “გოდოს” უტრიალებს, მაგრამ ლუესის გამო ვერ დგამს, გურანდას წნევა აწუხებს… ვინა-მეთქი, “გოდოს” ვინ ვერ დგამს? დოიაშვილიო, დავითი – აი ჯორჯ ბუშმა რომ უთხრა, “Good Job-ო” და ხელი რომ ჩამოართვა და კინაღამ ლოყაზეც რომ მოუთათუნა და რომ უთხრა (კინაღამ), “აი შე პუტკუნაო…” არ ვიცი, ამას რატომ ვყვები – სიზმრების მოყოლა გულის ამრევ სიბრიყვედ მიმაჩნია, უნიჭო ფროიდისტებისთვის განკუთვნილ უკიდეგანო მარაზმად (თქვენ ამას როგორ გაკადრებთ), თანაც მშობლიური აბსურდის გადმოსაცემად აბსურდისა და ანაქრონიზმის ენით ლაპარაკი არც ისე “მხატვრული” გზაა… არ ვიცი, ამას რატომ ვყვები.
ისევ მარჯანიშვილის თეატრს დავუბრუნდეთ. ვიფიქრე, ოთარ მეღვინეთუხუცესი კარგი მსახიობია და გაუხარდება, ჯოს როლს თუ შევთავაზებ-მეთქი. ასეთი და ასეთი როლია, ხმის ამოღება არ დაგჭირდება, სულ უნდა იჯდე და წინ იყურო-მეთქი… არ გაუხარდა. სხვა გეგმები მაქვსო, მითხრა. რაღას ვიზამდი?
მეორე დილით რუსთაველის თეატრში მივედი. რობერტ სტურუას რამდენიმე საათი ვუცადე, მაგრამ არ მოვიდა. მომდევნო დღესაც მივედი. ვიღაცამ მითხრა, რობიკო ტატრებზე გაემგზავრა, იქ ერთი თვე დარჩებაო. ერთი თვის შემდეგ თეატრში ისევ მივედი და რამდენიმე დღე ვიარე, სანამ რობერტ სტურუასთან შეხვედრას მოვახერხებდი. ბოლოს, როგორც იქნა, შევხვდი და ვუთხარი, თქვენს თეატრში ბეკეტის დადგმა მინდა, შეიძლება-მეთქი? როგორ არ შეიძლება, ბეკეტის დადგმა მეც მინდაო (“გოდო” ჯერ კიდევ არ ჰქონდა დადგმული), ოღონდ მაჩვენე, რა გაგიკეთებიაო. ბევრი არც არაფერი გამიკეთებია, ორად ორი პატარა ფილმი მაქვს-მეთქი თაროზე შემოდებული. ძალიან კარგი, ჩამოიღე და მომიტანე, ვნახავო. მივიტანე ფილმები და დირექტორს დავუტოვე. იმ დღის შემდეგ სამი თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ მივდიოდი რუსთაველის თეატრში – რა ქნა უფროსმა, ნახა-მეთქი? არა, არ უნახავსო. ბოლოს ამომასხა და გია თევზაძეს ვუთხარი, ჩემი ფეხი აღარ იქნება თქვენს დამპალ თეატრში, ეგ თქვენი რობერტ სტურუა უკან გაიკეთეთ-მეთქი.
გოჩა კაპანაძე შემხვდა იმ დღეებში და მითხრა – რატომ გიკვირს, ეს ხომ ერთი კაცის თეატრიაო. ერთი კაცის თუა, სახელმწიფო თეატრი რატომ ჰქვია-მეთქი. ჩემი აზრით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო, მარჯანიშვილის და რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი, უდიდესი ფეთქებადი ძალისა და გასაოცრად თამამი სცენური თუ ფილოსოფიური აზროვნების მქონე (“დეილი ტელეგრაფი”), ქართული თეატრის სასიქადულო მგოსანი და კერპი (“ფატა-მორგანა”), ღრმად პატივცემული მეტრი რობერტ-რობიკო სტურუა (რამე ტიტული ხომ არ გამომრჩა?) გოგოლისა და ჩეხოვის უბადრუკი ჩინოვნიკებივით არ უნდა იქცეოდეს. აბა შენა ყოფილხარო, გაეცინა კაპანაძე გოჩას. ორ-სამ თვეში თავისუფალ თეატრში მიდი, შეიძლება ავთო ვარსიმაშვილმა სპექტაკლი დაგადგმევინოსო. მანამდე მისვლას აზრი არა აქვსო.
მანამდე სამეფო უბნის თეატრში მივედი. იქ ზრდილობიანად მიმიღეს, მაგრამ ბეკეტი არ გვინდა, არარენტაბელურიაო. ვიფიქრე, ნუთუ ისე დავეცემი, რომ “სარდაფშიც” ჩავალ-მეთქი? ჩავედი. ლევან წულაძემ – აი ჭოლას რომ ეძახიან – მითხრა, კი ბატონო, დავიანგარიშოთ, რა დაჯდება და ფულს თუ იშოვი, იმუშავეო. გამიხარდა. მართალია, სარდაფია, მაგრამ რაღაც ხომ მაინც დაიძრა ადგილიდან-მეთქი, ვიფიქრე. მეორე დღეს “დასაანგარიშებლად” მივედი. არ დამხვდა. სამი თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ მივდიოდი, სახლშიც ვურეკავდი, მაგრამ, დედას გეფიცებით, ვერც ერთხელ ვერ შევხვდი. ასეა, ჭონაზე სიარულს რომ დაიწყებ ათეისტი კაცი…
ამასობაში თავისუფალ თეატრში მისვლის დროც დადგა. ავთო ვარსიმაშვილი კეთილი კაცი აღმოჩნდა. მან პირდაპირ მითხრა – მსახიობები შეარჩიე, სარეპეტიციო ადგილი მოძებნე, რეპეტიციები გაიარე, შედეგი მაჩვენე და თუ მომეწონება, ჩემს თეატრში შემოგიშვებო. გამიხარდა. პირველად ამ ხნის მანძილზე მიუკიბ-მოუკიბავი პასუხი მივიღე. პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ არც მსახიობებს ვიცნობდი (კარგ მსახიობებს ვგულისხმობ), არც სარეპეტიციო ადგილი გამაჩნდა, არც სახსრები (რა კარგი სიტყვაა!), არც ავტორიტეტი, რომ ვინმე ცარიელ ენთუზიაზმზე შემეგდო… მე ვთქვი, მორჩა კალოობა და ამ დროს გამახსენდა, რომ ოდესღაც თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობოზე გიგა ლორთქიფანიძესთან ვსწავლობდი. ვიფიქრე, მივალ გიგასთან (ჯერ კიდევ რექტორი იყო), იქნებ გამიხსენოს და მიშველოს-მეთქი.
მივედი. გიგამ ვერ გამიხსენა, მაგრამ მაინც მომისმინა. ის ჯერ გაბრაზდა – თეატრალური ინსტიტუტი ექსპერიმენტების ადგილი ხომ არ გგონიაო! მერე მოლბა და სამსახიობო ფაკულტეტის დეკანს, შალვა გაწერელიას დაელაპარაკა. შალვა გაწერელიამ თავისთან მიხმო, გამომკითხა, ვინ ვარ, ბეკეტის დადგმა რატომ მინდა, ბერეტს რატომ არ ვიხდი – ვუთხარი, ვინც ვარ, ბეკეტის დადგმა იმიტომ მინდა, რომ მან თეატრის ნამდვილი არსი იცის, ბერეტს კი ტატუირებული თხემისა და “ჩინური” ნაწნავის გამო არ ვიხდი. მკითხა, დადგმას როგორ აპირებო. როგორც ბეკეტს აქვს, ზუსტად ისე-მეთქი. როგორო, მსახიობები მთელი სპექტაკლის განმავლობაში ურნებში უნდა გყავდესო გამომწყვდეული? დიახ, სწორედ ასეა-მეთქი (დიდი ხანია, შემჩნეული მაქვს – თუ ავტორის მითითებებს ზუსტად იცავ, შეზღუდული წარმოსახვის ხალხს უნიჭო პედანტი ჰგონიხარ). აბა შენა ყოფილხარო, მითხრა და თავისი მოწაფეები, გოგა ბარბაქაძე, მაია დობორჯგინიძე და ნინო იოსელიანი გამაცნო – ესენი ყველაზე ნიჭიერები არიანო.
უნიჭოები ნამდვილად არ აღმოჩნდნენ, მაგრამ რამდენიმე კვირა დამჭირდა მათ ძვალ-რბილში გამჯდარი სცენური სიყალბის (ასეთია ქართული თეატრალური პედაგოგიკის შედეგი) აღმოსაფხვრელად. რეპეტიციებს საღამოობით აფთიაქში ვატარებდით, სადაც ღამის დარაჯად ვმუშაობდი. როგორც იქნა, ცოტა ადამიანურად დაიწყეს ლაპარაკი და ზაფხულიც მოვიდა. “ჩემი მსახიობები” თავიანთ ჯგუფელებთან ერთად თურქეთში საგასტროლოდ გაემგზავრნენ. დღემდე არ ვიცი, დაბრუნდნენ თუ არა იქიდან… ალბათ ცოცხლები აღარ არიან, თორემ შემომეხმიანებოდნენ.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”