ოთახს მაღალი ჭერი ქონდა, იმდენად მაღალი, რომ წვერებიანს ზემოთ ყურება მობეზრდა და მუხლებზე ჩაძინებულ გოგოს დახედა. გოგოს შავი თმა ჰქონდა, თეთრი ყურები და მწვანე, შრიალა კაბა ეცვა. მსუბუქად შეანჯღრია. კაბა ჰაერივით ამოძრავდა. გოგომ გაიღვიძა, ფანჯარასთან მივიდა, ტელესკოპის მილს მარცხენა თვალი მიადო და ღამის ქალაქს გახედა.
-მოყვები რამეს? – იკითხა კაცმა და დაამთქნარა.
-ტელევიზორს ხომ არ ჩართავდი? – თავის დაძვრენა სცადა გოგომ.
-შუქი ჩამიჭრეს გუშინ. მიდი, დაიწყე. ისეთი, ძილი რომ გამიფრთხო…
გოგო ტელესკოპს მოშორდა. კაცს ისევ კალთაში ჩაუჯდა, ტუჩები მარჯვენა ყურთან მიუტანა და თქვა:
-ეს ამბავი დღეს საღამოს დაიწყო. ქუჩის გადაღმა, დიდი მარკეტის ახლოს…
კადრები
დახურეს თუ არა უნივერმაღი, ჩამობნელდა. დარაჯები ჟალუზებს შეესივნენ და ჭრიალ-ჭრიალით ჩამოუშვეს ტალახიანი ასფალტისკენ. შემდეგ ერთმანეთს თბილად დააკვირდენ. ხელების მსუბუქი მოძრაობებით ბეჭებზე დაყრილი მტვერი მოიცილეს და მანქანისკენ წავიდნენ. მანქანა ძველი იყო. უფროსმა სპალნიკივით დაუტოვათ. შეძვრებოდენ, ქოქავდენ, თბებოდნენ. ბენზინი ცოტა ჰქონდათ. ამიტომ, ღამის იმ მომენტს ელოდებოდენ, როდესაც ყინვა გაძლიერდებოდა და ნიკოტინიან ფურთხს მარგალიტად აქცევდა. მანამდე შიგნით ისხდნენ, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდენ და წარსულს იხსენებდენ. წარსული გრძელი ჰქონდათ – დროსა და ტრასებზე გაწელილი. თან თითქმის ერთნაირი. ტყუპები იყვნენ. გამხმარი, მოხუცი ტყუპები და სკამებზე მიწოლილებს დაჩუტულ მუცლებზე ლურჯი ბუშლატები ეფარათ.
-ლექსო!
-ოუ!
-არ დაიძინო რა.
-არ მძინავს, არა, ო.
-აბა რას შვები?
-სიგარეტს ვეძებ, ერთი უკვე გათავდა, მეორეც სადღაც აქ უნდა მქონდეს და ვერ ვპოულობ.
-სულ ეგრე იცი რა. მიაგდებ უადგილო ადგილას და მერე მთელი დღე ეძებ.
-მოიცა რა, კაცო. მაგას ის სჯობს, რამე ამბავი მოყვე.
-ვისზე?
-ვისზე იცი რო?
-ყველამ ჩვენ ჩვენი ამბავი ვიცით.
-ეგრეა, ეგრე. ხოდა, დაიწყე. სანამ შენ აქამდე მოხვალ, სიგარეტს ვიპონვი.
-კარგი… იყო და არა იყო რა. ცხოვრობდენ ტყუპი ძმები, ალექსი და თედო. კახეთში დაიბადნენ. ერთად შრომობდნენ, ერთად შიმშილობდნენ, ერთად იზრდებოდნენ. 1945 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი სულს ღაფავდა, ჯარში გაწვევას ასაკის გამო გადაურჩნენ, მაგრამ მათდა საუბედუროდ სოსო ძიამ ბოსტან-ქალაქში მეტალურგიული გიგანტის მშენებლობა დაიწყო და მათაც იქ უკრეს თავი. ჯერ ბარაკებში ცხოვრობდნენ, შემდეგ საკუთარ აშენებულ ქარხანაში მუშებად მოეწყვნენ და ისევე, როგორც ბევრმა მათმა დაუზარელმა თანატოლებმა, ოროთახიანი ბინაც მიიღეს სადღაც. ჯერ იმ ქუჩას სახელიც არ ჰქონდა. მერე კიდევ ბევრი იშრომეს, მერე კიდევ უფრო ბევრი, გულ-მკერდი მედლებით აივსეს, ბანკში ანაბარი გაიხსნეს. ერთი ეგ იყო, ოჯახის შექმნა ვერც ერთმა მოახერხა და ვერც მეორემ. ბოლოს დაბერდნენ და ის იყო ფეხი ფეხზე უნდა გადაედოთ და დარჩენილი ცხოვრება მშრომელთა კროსვორდების შევსებით გაელიათ, რომ კომუნისტურ პარტიას ელემენტი დაუჯდა: სახელმწიფო ჯერ გაჩერდა, შემდეგ დაიშალა და ჯართში ჩაბარდა. ბანკიდან ანაბარი გაქრა, მაღაზიის ვიტრინებიდან მათი საყვარელი ,,სმეტანა”. აღარც “პრავდა” იყიდებოდა სადმე და სიგარეტიც საშინლად გაძვირდა. რამდენიმე წელი ქარხნიდან წამოღებული რკინებით გაძლეს, მერე ბინა გაყიდეს და უფრო პატარაში შესახლდნენ, მაგრამ 2009 წლისათვის ყველა რესურსი ამოწურეს და ქუჩაში სამუშაოს საძებნელად გასწიეს. ბევრი იარეს, თუ ძალიან ბევრი, არ ვიცი, მაგრამ ბოლოს ერთ სამსართულიან უნივერმაღს მიადგნენ და დარაჯებად მოეწყვნენ. ყოველ მეორე ღამეს ბებრული ნაბიჯებით სეირნობდნენ განათებული ვიტრინების წინ (სადაც უკვე ყველაფერი იყო, ოღონდ არა ამათთვის) და ერთ ამბავს ყვებოდნენ. ისე, მათი დაცვა დიდად არავის სჭირდებოდა – შენობა სიგნალიზაციით იყო ალყაშემორტყმული და საპატრულოც იქვე, ორ ნაბიჯში პატარა ქუჩის გადაღმა ზეობდა. დეკემბრის ბოლოს ძალიან აცივდა. უფროსს უმცროსები შეეცოდა და გასათბობად პატარა, ძირგამომპალ ფორდს უტოვებდა ხოლმე ბაკში ხუთი ლიტრი ბენზინითა და ორი პავიდლოიანი კამფეტით. ესენიც დროგამოშვებით ქოქავდნენ და ბუშლატებშემოხვეულები გაჰყურებდნენ ქუჩას, სადაც აღარავინ სეირნობდა.
-ე, აბა შენ ხარ, რა. ის გამოგრჩა, ქარხნის დახურვის შემდეგ კადრები რომ შეგვკრიბეს და ფირმა საათები დაგვირიგეს.
-საათი თორემ, ეხლა ისიც იყო რა. არ გახსოვს, ორ თუმნად ვერ გავყიდეთ. ყველა ამბობდა, ეს სეიკოები ქუთაისურებიაო.
-აი, სიგარეტიც ვიპოვე. ძირს დამვარდნია და ფეხი მედგა ზემოდან.
-მომიკიდე ერთი მეც.
ისხდნენ. ლურჯი ბუშლატები ეფარათ. ახველებდნენ.
კაცმა მაცივრისკენ გაიხედა, მაგრამ სიბნელეში ვერსად დაინახა და ხელი ჩაიქნია. სკამიდან წამოდგა, გაიხადა და ხელებგაშლილი ლოგინზე გულდაღმა დაეხეთქა.. გოგო ზურგზე დააჯდა, ფეხები იღლიებს ქვეშ გაუცურა, სიგარეტს მოუკიდა და თხრობა განაგრძო:
ფართო გზა ქიმიას
წარწერა ერთ ერთი კორპუსის სახურავზე
ახალგაზრდა ქიმიკოსი ზაალ ბერძენი ჩვენს ქალაქში ორი თვის წინ ჩამოვიდა. რაღაც მომწამვლელი ნივთიერების შექმნაზე მუშაობდა სახლის პირობებში, მაგრამ იმდენად მყრალი ხასიათი, აირები და სამუშაო ჰქონდა, რომ ამ ორ თვეში სამჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი. ბოლოს მიაგნო სანუკვარ ადგილს, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ უბანში და ორდღიანი გადამბული სმის შემდეგ ოთახი კოლბებით, ტაშტებითა და კატებით გამოტენა. დილით მუშაობას ვერ იტანდა, ამიტომ დღეს დაღამებამდე კარგად იძინა და როგორც კი საათმა თორმეტს ჩამოკრა, გადაწყვიტა რომელიღაც ფორმულის შედგენას შედგომოდა და შეუდგა კიდეც, მაგრამ კაცი ბჭობდა და მოხუცი იცინოდაო, ზუსტად ამ დროს თედომ ფორდს გასაღები თხარა და ამოქოქა. მანქანამ თახთახი დაიწყო, “გლუშიწელმა” ცქმუტვა და ამ კაკაფონიამ ისეთი ძალით დაიწყო ზაალის ოთახში შემოჭრა, რომ ფიქრები თავისთავად წავიდნენ თეორიული ქიმიიდან პრაქტიკულ ცდებამდე. ღამის სამ საათამდე ამაოდ ელოდა ნორჩი ქიმიკოსი ურჩი მანქანის დადუმებას. მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი რომ ჩაეწუწა, თავზე აირწინაღი ჩამოიცვა და თავისი ჯერ კიდევ შეუმოწმებელი აირით, რომელიც რატომღაც ხანძარსაწინააღმდეგო წითელ ბალონში იყო მოთავსებული, კიბეებს ენერგიულად ჩაუყვა. მანქანასთან მისულმა საქარე მინა ერთი დარტყმით ჩაამტვრია და აირი გაუშვა. აირებს ასეთი ამნისტია იმდენად გაუხარდათ, რომ მოხუცებისგან, მხოლოდ ცირკის კლოუნებივით დამანჭული ნიღბები დატოვეს.
– მანჭია, პრანჭიაო, შენი პროჭიც მოვსტყან მე და მთელმა ლოკომოტივმაო! – წაიღიღინა ზაალმა და სახლისკენ ფეხაკრეფით წამოვიდა. უკვე კარებთან მისული, ბალონმა შეაწუხა, უკან გამობრუნდა და შესაფერისი, სახლისგან მოშორებით მყოფი და ცარიელი სანაგვის საპოვნელად წავიდა.
ბევრი იარა თუ ძალიან ბევრი, ნაღდად არ ვიცი, მაგრამ ბოლოს იმ ადგილს მიაღწია, სადაც ჯერ კინო “მერცხალი” იდგა და ინდური ფილმებით მთელ უბანს ახარებდა, შემდეგ სემინარია, რომელიც გახსნამდე დაწვეს, შემდეგ დამწვარი ნანგრევები, სადაც ბავშვები ომობანას თამაშობდნენ და ოდნავ მოგვიანებით, ჟიმაობას სწავლობდნენ, და სადაც ერთხელ ტრაქტორები მივიდნენ, ამდენი მოგონება ერთბაშად დაანგრიეს, შემდეგ დატკეპნეს და ზედ სანაგვე გახსნეს.
ჰო. ზუსტად ამ ადგილამდე მივიდა ზაალი, და რადგან ნაგავი ბუნკერების საზღვრებს საგრძნობლად ცდებოდა, ნაპირებთან თავთხელში ბალონის დაგდება არცთუ კარგ იდეად მოეჩვენა, შუაგულისკენ შესტოპა.
გაყინულ ზურგზე შიგდაშიგ თბილი სიგარეტის ფერფლი ეყრებოდა და ძალიან სიამოვნებდა. ბოლოს, მოზრდილი ნამწვი პირდაპირ ხერხემლზე დაეცა და ცალ მხარეს ცეცხლმოკიდებული მორივით დაგორდა. სადღაც გაჩერდა. შიშინი დაიწყო. ცოტა ხანს იბოლა და ჩაქრა. გოგომ თითი დაინერწყვა და დამწვარზე დაადო. შემდეგ ფეხებით ჩაცურდა, ტუჩები ისევ ყურებზე დააწყო და გააგრძელა:
გიო და უფალი
გიომ იცოდა, რომ ფული თორმეტამდე უნდა ეშოვა, მაგრამ ვერაფერი მოახერხა და სცადა ისეთ ადგილზე დამალულიყო, სადაც ვერავინ იპოვნიდა. სანაგვეზე ნაღდად არ დამიწყებენ ძებნასო, გაიფიქრა და წავიდა კიდეც, მაგრამ ცოტა ხანში ამ ადგილმაც დააეჭვა და უკეთ დასამალად ნაგავში ჩაწვა –
და ციოდა და დაიყარა ნაცარი თავსა ზედა და იმავ თავსა დაღმართ სცემდა და მოთქვამდა, უკეთუ დღეს გადავრჩი მე, არღა ვიხილო კუშების ფურცელი არასოდეს და არცა კარიბჭენი ტოტალიზატორისა და გინა პოკერ-კლუბისა შევაღო, უკეთუ კარტსა სადმე მოვკიდო ხელი, დაე მომძვრეს და მომძვრეს მეორეც, რადგანაც ცალხელამ რა ყლე ვაკეთო და ვაფშემც რა ვქნა ტო, ვინმე ღვთისნიერმა ოციოდ ლარი მაინც ჩამომიგდოს ზეციდან, ან რომელიმე სახლის მეოთხე სართულიდან, ანდაც მოვიდნენ ძმანი ჩემნი და დანნი ჩემნი და მითხრან მე – ნუ სტირ, არამედ გიხაროდენ, არ ხარ ფუფლო შენ, მოყვასმან შენმა ბიჭებს მიუგდო თავანი შენი და ჰოი მუხთალო ბედისწერავ,
– უცაბედად ნაგვის ტალღების ტყლაშუნი ფეხის ნაბიჯების ხმამ გადაფარა. და გაიხედა გიომ ჯერ იქით, საითაც გაქცევა სურდა და შემდეგ აქეთ, საიდანაც საფრთხე მოჩანდა, და მოჩანდა მოშორებით მდგარი ლამპიონების მკრთალ შუქზე, და მოჩანდა კაცი მავალი ტალღებზე სუფთად და უშიშრად, და ეჭირა მას ხელში რაღაც, რაც არ ჰგავდა ავტომატს, მაგრამ არც მარწყვის ტორტსა და არც მოსეს კვერთხს, და მიყუჩდა გიო, იქნებ ამცდესო იგი და ჯიბეში დანას ხელი მაინც წაავლო, გახსნა და სუნთქვაც დროებით შეწყვიტა.
და როდესაც ზაალმა გიოს ფეხი წაკრა, გიო წამოხტა, დანა ყელში თხარა, ჩაშავებული ცისკენ აიხედა და ხმადაბლა იყვირა (აფექტშიც კი ჟიმჟიმი ჰქონდა):
– უფალო, ჩემს ოც ლარს სხვანაირად ვერ მომიტანდი?
და როდესაც პასუხმა დაიგვიანა, გააძრო ჯიბიდან “ნოკია” იგი თეთრი, კაუჩუკის საფარით დამშვენებული და ფანრიანი, და იხილა ჯიბეთა შიგან სიცარიელე დიდი და შეეცოდა თავი და თქვა:
– რაღა ღირსი ვარ სიცოხლის. წავიდე უბანსა შიგან და დაე მომეზღოს და მიხმარონ და მგვემონ.
და რომც ყოფილიყო რა… ტოვებდა ვინმე?
და გაიქცა უბნისკენ.
უცბად იგრძნო, რომ ლაპარაკი მობეზრდა. ყურის ბიბილოს კბილები წაავლო და ისე დააჭირა ერთმანეთს, თითქოს სტაფი იყო, პატრონზე გაბრაზებული სტაფი და მანამდე არ გაჩერდა, სანამ კბილებშუა სისხლის გემო არ გრძნო. კაცი გადმობრუნდა, ქვემოდან მოიქცია, ცოტა ხანს უყურა. შემდეგ წამოდგა და მაცივრისკენ წავიდა.
-წვენს მოვიტან და მოვალ. – დაიბარა და თან ისე, თითქოს აქვე კი არა, ვიეტნამში მიდიოდა მანგო-კოლას ჩამოსატანად.
-შოკოლადი წამომიღე. – დააბარა ამანაც და რამდენჯერმე გვერდულად გადაგორდა.
-წამოგიღებ ხო. შენ მიდი გააგრძელე.
და გააგრძელა…
კოდლა
– კარგი რა დამშვიდდი. მოვა, სად წავა. ეგ ისეთი კურდღელია, ღამე გარეთ ვერ დარჩება. – უთხრა ერთმა ბიჭმა მეორე ბიჭს. ბნელოდა, მაგრამ ეტყობოდა, როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა, მზრუნველი სახე ქონდა.
– იქნებ სახლშია და დედამისი მალავს? – უთხრა მეორე ბიჭმა პირველ ბიჭს და იქვე მესამეს, მეოთხეს, მეხუთეს, მეექვსეს, მეშვიდეს გასძახა. – ხომ არ დაგეძინათ, ბრატცი? ის ფული ამაღებინეთ და ყველას სახინკლეში წაგიყვანთ.
– აუ, ნუ შემეცი ამ ხინკლით! – გაბრაზდა მეოთხე. – ვეგეტარიანელი ვარ და ეგეთ ყლეობებს არ ვჭამ.
– შენ კარტოფილის ხინკალს გიყიდი, – დამშვიდა მეორემ.
ამ დროს ფლოქვების ხმა გაისმა. გიო სწრაფად უახლოვდებოდათ და როდესაც გვერდზეც ჩაუშხუილათ, მიხვდნენ, რომ მსხვერპლმა შეამჩნია მათი პოსტი და ქუჩისკენ გაიქცა. მაგრამ ერთ ადგილზე ასფალტმა უმტყუნა და ისეთი ღრმა ორმო დაახვედრა, რომ ფეხი წვივთან გადაუმტვრია, ან გადაუგლიჯა მაინც, და ჩააჩოქა. ამ დროს ლომებიც მოვიდნენ. დადგნენ წრეზე და იმღერეს. შემდეგ სარიტუალო კითხვა დაუსვეს:
– სად გარბოდი, პატარავ?
არა, სარიტუალო მეორე იყო.
– ფული გაქვს, ძმაო?
– არა. – თქვა ამან.
და ვირმა გაუყარა.
და მეორე ვირმა და მერე მესამემ.
და მერე ვეგეტარიანელმა ვირმა.
და ბოლო ორს დანები არ ჰქონდათ და წიხლები მიარტყეს აქეთ-იქიდან, შემდეგ ფეხები ბალახზე გაიმშრალეს და იკითხეს.
– ბლიად, დავრჩით უხინკლოდ?
– რა ვქნა, ხომ იცით სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით. – თავი იმართლა მეორემ. – წამოდით გიზოს ზავედენიაში შევიდეთ. სამ პოლიტრას ავიღებ ნისიად და 40 ხინკალს. მეტზე დავერია არ მაქვს.
კაცი წვენს ღეჭავდა, გოგო შოკოლადს. როდესაც მორჩნენ, ფანჯარასთან მივიდნენ. გოგომ ისევ ტელესკოპში შეიხედა. კაცმაც დააპირა, მაგრამ შესაყოფი ადგილი ვერ ნახა და თვალი ტრაკზე მიადო. ტრაკი ამეტყველდა და თქვა:
კარაბას-ბარაბას
გიზო კეთილი იყო, მაგრამ წელიწადში ერთხელ აფრენდა და იმდენ მტერს იგროვებდა, წელიწადის დანარჩენ დროს მათ ხოცვას ვერ აუდიოდა. წელს უკვე გაეფრინა, ამიტომ დამშვიდებულს საკუთარ დუქანში ფეხი ფეხზე გადაედო და ზედ მსუქანი მზარეულიც დაესვა. – უკვე გვიანაა, აღარავინ შემოვაო, – ეჩურჩულებოდა და რადგანაც გახდილი ქალების მოტყვნა ბავშვობიდან არ უყვარდა, ცალი ხელით კაბის ქვეშ ყვინთავდა და საცვლის გახევას ცდილობდა, მაგრამ მზარეულს ფეხები მჭიდროდ მიეტმასნა ერთმანეთზე და საქმეს ურთულებდა.
ამ დროს ბიჭებიც მოვიდნენ.
– გიზოს გაუმარჯოს! – დაიძახეს და მაგიდას მიუსხდნენ. მერე ყელები სამ-სამი თითით დიდზე გამოიწელეს და ნისიად გვაჭამეო, შეემუდარენ.
გიზოს ხინკლის მოხვევა დაეზარა, უფრო სწორად მზარეულის ,,კუხნაში” გაშვება და მუხლების გაციება, ამიტომ უარის ნიშნად თავი გააქნ-გამოაქნია. როდესაც ბიჭების სახეზე უკმაყოფილება და კიდევ რაღაც ძალიან არაკეთილმოსურნე შენიშნა, ჯიბეში იარაღი მოისინჯა, მაგრამ ხელი მოკიდა თუ არა, ისევ თავისამ მოუარა – ამოიღო და ისროლა შვიდჯერ და დაყარა ხალხი ნასკებივით.
– ახლა რა ვქნათ? – იკითხა მზარეულმა, ბევრი ასეთი ამბის მომსწრემ და ცხედრების მარხვაში გაწაფულმა, – უკანა ეზოში დავმარხოთ, თუ ტყეში წავიყვანოთ?
– ეზოში არ დაეტევიან, ტყეში მოგვიწევს წასვლა. წავალ ჩემ რაფშუტკას გამოვაგორებ და დავტვირთოთ ნელ-ნელა.
ასეც მოიქცნენ. მერე ,,კუკუშკებისკენ” წავიდნენ და ტყეს შეხედეს. ტყე ისევ იქ იყო, ოღონდ ცოტა და ისეთი, როგორც თმაა ზიდანის თავზე. გიზომ საჭირო ადგილი დიდხანს ეძება თვალით, რომელიც კატასავით ,,ნაჩნოი” ჰქონდა, მაგრამ ვერაფრით მიაგნო. ბოლოს შვიდივეს ქვები შეაბა და ჭაობში დაუწყო ჩაწყობა. იქაც ძლივს ჩაატია. უკანა გზაზე ქუჩისთვის გვიანი მგზავრები დაინახა. მანქანა ხაზის ეგონათ და ხელი დაუქნიეს, და თან იმხელა სიხარული და სიცილი და სიყვარული და სახლებში მალე მისვლის სურვილი და კიდევ იმდენი ათასი ლამაზი რამ დაეხატათ სახეებზე, რომ უეცრად ისევ გაკეთილებულმა გიზომ მანქანა გააჩერა.
ტრაკმეტყველება ოქრო არს რჩეული, ხოლო სიჩუმე ღამით ასწორებს, როდესაც ლოგინს საბანს ახდი და შიგნით შეძვრები. “რა დროს ძილიაო” – გაიფიქრა კაცმა და ათივე თითით ტრაკი კალათბურთის ბურთივით აწია, შემდეგ ლოგინისკენ ისროლა და ისე გაჰყვა როგორც ფარიდან ასხლეტილ ბურთს ტიმ დანკანი. ჰაერშივე დაიჭირა და ლოგინში ჩატენა.
-ფრთხილად შეჩემა! – გაბრაზდა გოგო და რადგანაც უხერხულად იდო, წრიალი დაიწყო.
-კარგი რა, – აბუზღუნდა კაცი. – ჩემი არაფერი აღარ მოგწონს.
გოგომ პირი გააღო, მაგრამ პასუხის მაგივრად თქვა:
სამი ძმანი გურულები
იმ დღეს საქმეზე იყვნენ. მამლის ყივილამდე “პაჯერო” აწიეს, ძმაკაცთან ავტო-სახელოსნოში დააყენეს და ნაწილ-ნაწილ დაშალეს. რაც აწყობდათ, შეინახეს. დანარჩენი ტრაილერში შეტენეს და მეორე ძმაკაცთან ჯართში ჩააბარეს. ამასობაში მოსაღამოვდა და მოშივდათ. ჯერ თითო ხაჭაპური ჭამეს, მერე თითო ჩისბურგერი, მერე ღომი ყველით, მერე მოხარშული ყველი, მერე შემწვარი ქამა ,,შაპკეპში” ჩატენილი სულგუნით, მერე თითო კილო შებოლილი სულგუნი აიღეს და ჭამა-ჭამით სახლებისკენ წავიდნენ. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, არ ვიცი, მაგრამ გვიან ღამით სამივენი ხიდზე შეხვდნენ ერთმანეთს. ცოტა ყველი დარჩენოდათ. იდგნენ, ილუკმებოდნენ და ქვემოთ, მდინარისკენ იფურთხებოდნენ.
– სახლში დაწნული სულგუნი მაქვს. – წამოსცდა ბესოს.
– ე, ბიჯო პონტი. – გაუხარდა ავთოს.
– აბა? – იკითხა გელამ.
– ეგე! – უპასუხა ავთომ და თითით “მარშუტკაზე” მიანიშნა, რომელიც ის-ის იყო ხიდზე შემოდიოდა.
– წავსულვართ და ეგაა. – გაუხარდა გელასაც და მძღოლს ხელი დაუქნია.
ჩასხდნენ. იატაკზე რაღაც ესხა და გულისამრევად ყარდა. თან ფეხები უცურავდათ და მალევე მობეზრდათ. სამივეს წინ გადაჯდომა მოუნდა. სამივეს საჭესთან. მერე გელამ გადაიფიქრა და, მე იმ მსუქან ქალბატონთან დავჯდებიო გადაწყვიტა. მერე ესეც გადაიფიქრა და, კი არ დავჯდები, დავაჯდებიო. ბოლო ფიქრი ცოტა ხმამაღალი გამოუვიდა, ფეხზე წამოხტა, მაგრამ აცურდა და ძირს დაეხეთქა. წამოდგა, სახეზე ხელი მოისვა, დახედა და ოდეს იხილა სისხლი, გახელდა, ძირს დაგდებულ ნიჩაბს ხელი წამოავლო და ხია მძღოლს კისერში, მერე მეორედ კისერში და დააგდო თავით ,,პედლებთან.” და გაიჭედა პედალი სახელად ,,გაზ” და გაფრინდა მანქანა და შეაჯდა ხეს და მოკვდა ქალი და გამოვიდნენ ესენი გარეთ და ჰკითხეს გელას:
– ასე რამ დაგასირა, ბრატ?
და ამან ვერა მიუგო რა, დახარა თავი და წავიდა წინ… მიყვნენ ესენიც.
და შეხვდათ კაცი.
გოგომ ფეხები ლოგინიდან გადმოაწყო და იატაკზე დაალაგა. კაცი მთლიანად ჩამოლაგდა, მუხლებს შორის მოხერხებულად შეძვრა და კლიტორს გაესაუბრა… ჯერ უთხრა, შემდეგ უთხრეს:
ლეგიონერი
ოთო იმ ღამით დაბრუნდა ერაყიდან. დედა იკითხა და მოკვდაო, ასე უთხრეს. ცოლი გაახსენდა და გაბოზდაო, ასე ახარეს. ბავშვის საწოლისკენ გააპარა თვალი და მათხოვრობსო, ასე მიუგეს, თან დაამატეს:
– იქნებ ეგეც მკვდარია, უკვე დიდი ხანია მისგან არაფერი გვსმენიაო.
– და თქვენ ვინ ხართ, ჩემს ბინაში რას აკეთებთ? სახეზე არ მეცნობით რაღაც.
-რას ამბობ, ბიჭო, შენი ბიძაშვილები ვართ და მამიდაშვილები და დეიდიდაშვილები და ბიცოლაშვილებიც დაჟე. ეს ბინა ჩვენია. დედაშენი რომ წავიდა და შენი ცოლი და შვილიც რომ წავიდა და კარები ღია დარჩათ და მოვედით ჩვენ. ვიხადეთ გადასახადები და სესხი დავფარეთ. აი ფურცლები. ყველაფერი წერია აქ და აი კიდევ სხვა ფურცლები. აქაც ყველაფერი წერია. და იკითხე დილამდე, მერე კი წადი, ისედაც ვიწროდ ვართ აქ და რიგრიგობით გვძინავს.
ჩაიქნია ოთომ ხელი, მოიჯახუნა კარები და გამოვიდა ეზოში. შეხედა ხეს. იცნო. მეორე ხეც იცნო. გარაჟთან მივიდა, სადაც ოთო+პლიუს+ნიკა+გრიშა+ზაზა=ძმაკაცებს ეწერა და იქაურობაც იცნო. მერე ანერვიულდა და იყიდა სიგარეტი ბლომად და არ დარჩა ასანთი და ვერც ნახა ვინმე მომკიდებელი და გაუყვა გზას.
და შეხვდა სამი კაცი.
– ასანთი ხომ არ გაქვთ, ბრატცი? – ასე იკითხა
იმათმა კიდევ სიცილი დაიწყეს და ჩაბჟირდნენ და დადგნენ მუხლებზე და წამოუვიდათ ცრემლები თვალებიდან და გაგორდნენ ასფალტზე და გორავდნენ დიდხანს და გაბრაზდა ოთო, გაიხადა ჩექმა და ურტყა ერთს თავში და როცა მოკლა, ის ორი ისევ იცინოდა და გორავდა, და მოკლა მეორეც და მესამეც, და ჩაიცვა ჩექმა და დაბრუნდა უბანში.
იქ ვიღაც მასტები კამათობდნენ და მივიდა ესეც და ჰკითხა მათ:
– ასანთი ხომ არ გაქვთ, ბრატცი?
კაცმა ფეხები გაშალა და ლოგინის ქვეშ ჩუსტებივით შეყარა, შემდეგ გოგოს ფეხებს მიადგა, ფრთხილად ჩამოათრია და წელზე ქამარივით შემოიხვია. ცოტა ხანს ეძება, მერე საჭირო ადგილი იპოვნა და შევიდა. გოგომ ყურზე ტუჩები ჩამოაწყო და განაგრძო:
მეორე კოდლა
– უეჭველი ჩაგვიშვა ვასკამ. ისე მაგას ციხიდან არავინ გამოუშვებდა.
– რვა წელი ქონდა ხო?
– ხო, და ეგ კიდევ სამ თვეში გამოვიდა.
– აუ, არადა რაც მაგას ზონაზე მაყუთი ვუგზავნეთ.
– ის გასაგზავნი იყო. კაცმა ამხელა საქმე თავის თავზე აიღო და ჩვენ სვაბოდაზე დაგვტოვა, მაგრამ ახლა თუ არ დავბრიდეთ, მაგარ შარში ვართ. ხო ხედავ გვემალება, ორი დღეა გარეთაა და ერთხელაც არ დაურეკავს.
– აბა ჩემი. ზონიდან კარგად რეკავდა ყოველ საღამოს.
– ხოდა ეგაა რა. ჯერ დაგვიჭერენ, მერე სასამართლოზე ჩვენებას მისცემს და ყველას გაგვსროკავენ. მაგას გაუშვებენ, სადმე თბილ ადგილზე დასვამენ და ფულსაც მისცემენ.
– რა ვქნათ, ტო?
– უნდა დავბრიდოთ, სხვა გზა არაა. მაგან თუ ჩვენება არ მისცა, ისე მოსამართლე არ დაიკერება.
– სად ვნახოთ ახლა ეგ? თან შეიძლება ძაღლები ხვოსტზე გვაზიან უკვე.
– ნახე ტო, ვიღაც მოდის.
– აუ, ფორმიანია ჩემი.
– მოიცა, არ გაიქცეთ. მარტოა ხო ხედავთ. რას გვიზამს?
– იარაღი ექნება მაგას.
– წავედით, წავედით.
– ტრაკი დააყენეთ! დასტოინად ცოტა.
ამ დროს ფორმიანი მოვიდა კიდეც, სათითაოდ დააკვირდა ყველას და იკითხა:
– ასანთი ხომ არ გაქვთ, ბრატცი?
და როგორც კი სიგარეტის ამოსაღებად ჯიბისკენ ხელი წაიღო, თხარეს წიხლი რამდენიმე ათასი და მოკლეს.
– აუ ძაღლი არ ყოფილა, სამხედროა ეს ჩემისა.
– ბიჭო შემეშინდა, მეგონა იარაღს იღებდა. თქვენ რაღას ურტყამდით, ბლიად?
– რავი რომ დაარტყი, გვეგონა რაღაც დაინახე, აქედან ამ ყლე შუქზე არაფერი ჩანს.
– რა ვქნათ ახლა, ტრუპს უბანში ხომ არ დავტოვებთ, ესღა გვაკლია. სამუდამოს მოგვისჯიან, ტო.
– მოდი, გვერდით უბანში გადავათრიოთ და იქ დავდოთ.
– საღოლ ბრატ! კარგი აზრია, პროსტა გვერდით არა. ცოტა ზემოთ წავიწიოთ. ბარემ ზუბნიაკებს ავკიდოთ ტრუპი. ერთი აბრეზით ორ კურდღელს მოვტყნავთ.
ძალიან გაეწელათ ამბავიც და სექსიც და ცხოვრებაც, და ,,იწვნენ ისე როგორც ციფრი 69” და ბეზრდებოდათ ერთმანეთი და კაცმა იფიქრა, იფიქრა, იფიქრა და ვერ მოიფიქრა და გოგომაც ვერაფერი მოიფიქრა და ცა დილისკენ წავიდა და გოგომ თქვა – მე ამბავს მოვრჩები და შენც მორჩი უკვე, გამოიღე. და წავიდა გოგო ბოლოსკენ:
მესამე კოდლა
– ხო ბრატ. გისმენ.
– დროზე ჩაიცვი, ჩამოდი. და გზადაგზა ვისი ნომერიც გაგახსენდება, ყველას დაურეკე.
– რა იყო, ვომობთ?
– ხო, ნახალკას გვტენიან ნაბოზვრები.
– რაო, რა გვინდაო?
– წეღან ფანჯარაში სიგარეტს ვეწეოდი და ქვედა უბნელები დავინახე. ვაფშე ყველანი ტო. უბანში შემოვიდნენ, თან ვიღაც ტიპს მოათრევდნენ, მერე ბესედკაში სკამზე დასვეს და გავიდნენ. ბრახ, დავიხედე და ტიპი სკამიდან ჩამოვარდა. ჯერ ვიფიქრე ბუხოია ის ჩემისა. მერე მეთქი, ვინმე ჩვენი ძმა ხომ არ ცემეს და სანახავად ჩავედი და რას ვხედავ ტო. – ტრუპი, თან ჯარისკაცი. ეგ რომ ძაღლებმა აქ ნახონ, ყველას აგვწევენ. ხოდა, ჩამო დროზე, ბიჭებიც მოვლენ მალე და დავავაზვრატოთAეგ მასტი. თან იარაღიც წამოიღე, იმ ბოზებს მუხლები უნდა დავუცხრილო.
და შეგროვდა ქუდზე კაცი,
და კაცზე თოფი
და თოფში ტყვია
და წავიდნენ ქვემოთ
და დაცხეს
და ატყდა ომი ფიცხელი
და შემოუერთდათ ორივე მხრიდან ხალხი ურიცხვი
და ხალხზე თოფი და მოვიდა პატრული და პატრულზეც თოფი
და ეკიპაჟის ერთმა წევრმა, ეკიპაჟის მეორე წევრს ესროლა
და მოკვდა ქვედა
და მოვიდნენ ცოლები ამათი და ბავშვები ამათი
და ბავშვეზე თოფი
და დაცხეს ერთმანეთს და მოკვდა ქვედაც და ზედაც
და მოვკდა ბევრი
და მოკვდა ყველა
და მოკვდა ყველა
სუყველა
და ეყარნენ ძირს ნასკებივით და ყარდნენ და ტიროდნენ ჩვილები აკვნებში, თუ იმაში, რასაც აკვნების მაგივრად ახლა ხმარობდნენ.
და ითხოვდნენ თოფებს
და მოშივდათ და მოკვდნენ და მოკვდნენ
და მოკვდნენ
და გაათავა შეჰერიზადამ და ადგა ლოგინიდან.
და გაათავა მეფე შახრიარმა და ადგა ლოგინიდან და აიღო ზეწარი და შეჰერიზადას ყელზე შემოახვია და გაგუდა.
და მოიბა ყელზე და მიაბა აივნის რიკულზე და გადახტა…
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“