ესე (თარგმანი),  პორტრეტი

გორ ვიდალი – კალვინოს სიკვდილი

calvino534545

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

1985 წლის 20 სექტემბრის დილას, პარასკევს, რომს თავს დაატყდა ბუნიობის მომასწავებელი ქარიშხალი. მეხის გრგვინვამ და ელვამ გამაღვიძა. წამიერად მეგონა, რომ კვლავ მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა.

შუადღემდე ცოტა ხნით ადრე გავემგზავრე ხმელთაშუა ზღვის სანაპირო პატარა ქალაქში, კასტილიონ დელა პეშაიაში, სადაც წინა დღეს გარდაცვლილი იტალო კალვინო უნდა დაეკრძალათ.

ორი კვირით ადრე თავისი სახლის ბაღში მჯდარ კალვინოს უეცრად ტვინში სისხლი ჩაექცა. აქ, პინეტა დი როკამარეში მან მთელი ზაფხული გაატარა. კალვინო ემზადებოდა ლექციებისთვის (ჩარლზ ნორტონ ელიოტის სახელობის), რომლებიც შემოდგომასა და ზამთარში უნდა წაეკითხა ჰარვარდის უნივერსიტეტში. უკანასკნელად მაისში ვნახე. შევაქე გაბედულებისთვის, რადგან ის აპირებდა, ინგლისურ ენაზე წაეკითხა ლექციები. ამ ენაზე კალვინო საკმარისად თავისუფლად კითხულობდა, მაგრამ მეტყველება უჭირდა (სამაგიეროდ, შესანიშნავად ფლობდა ფრანგულსა და ესპანურს, რადგან კუბაზე დაიბადა, შემდეგ კი მრავალი წელი გაატარა პარიზში).

რომში, ჩემი ბინის ტერასაზე ვიდექით. დაღამდა. კალვინოს ღრმად ჩამჯდარი თვალები კიდევ უფრო ჩაუმუქდა. წარბები შეიკრა და ჩაფიქრდა; შემდეგ გაიღიმა და უეცრად დაემსგავსა იმ ძალზე საზრიან ბავშვს, რომელმაც, ეს-ესაა, “შეიმუშავა” ერთიანი ველის თეორია. “ჰარვარდში ვიბლუკუნებ”, – ჩაეცინა მას. “მაგრამ მე ხომ ნებისმიერ ენაზე ვბლუკუნებ”.

*  *  *

აშშ-სგან განსხვავებით, იტალიაში არსებობს როგორც სწავლა-აღზრდის სისტემა (მნიშვნელობა არა აქვს, კარგია ის თუ უვარგისი), ასევე – ეროვნული კულტურა (რომელიც ერთდროულად მდარეცაა და დახვეწილიც). ბოლო წლებში კალვინო იქცა იტალიური კულტურის ცენტრალურ ფიგურად. იტალიელები ამაყობენ თავიანთი ქვეყნის სასიქადულო შვილით, რომელმაც ამერიკაში სახელი გაითქვა მას შემდეგ (თუ ამას მე არ ვიტყვი, სხვა არავინ გაიხსენებს), რაც 1974 წლის 30 მაისს The New York Review of Books-ში გამოვაქვეყნე სტატია მისი რომანების შესახებ. 1985 წლისთვის კალვინოს კითხულობდენ ყველგან (ინგლისის გარდა), სადაც საერთოდ, წიგნებს კითხულობენ. წარმოიდგინეთ, თვით მოსკოვის ლიტერატურულმა ბიუროკრატიამაც კი აღმოაჩინა კალვინო და, ჩემი აზრით, სახელმწიფო გამომცემლობებმა უფრო ენერგიულად უნდა მოჰკიდონ ხელი მისი ნაწარმოებების თარგმნასა და გამოცემას. საინტერესოა, რომ მწერლის გასვლამ იტალიის კომუნისტური პარტიის რიგებიდან (1957 წელს) არავინ აღაშფოთა.

კალვინო 62 წლისა შესრულდა – და ამ თარიღიდან სამი კვირის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა. იტალია მწუხარებამ მოიცვა, თითქოს გარდაიცვალა ყველასათვის საყვარელი ხელმწიფე. ამერიკელებს აკვირვებთ კონტრასტი მათი ქვეყნის ტრადიციებსა და იტალიელთა ზნე-ჩვეულებებს შორის. როდესაც კვდება მეტ-ნაკლებად ცნობილი (საყოველთაო აღიარება ჩვენთვის უკვე შეუძლებელი რამაა) ამერიკელი მწერალი, შეიძლება გამოქვეყნდეს მისი პორტრეტი გაზეთის პირველ გვერდზე, მოგვიანებით კი – მოკლე რეცენზია. მას, ჩვეულებრივ, წერს ესა თუ ის ჟურნალისტი ან სხვა მჯღაბნელი, რომელსაც რეალურად წაკითხული არა აქვს გარდაცვლილი მწერლის არც ერთი თხზულება, მაგრამ განუკითხავად განაგებს ჭორიკანა “მეექვსე გვერდს”. და, ალბათ, ეს ასეც უნდა იყოს.

რაც შეეხება კალვინოს, ამერიკულ გაზეთებში გამოქვეყნდა ზერელე და არაკომპეტენტური ნეკროლოგები. ლიტერატურულ ფაკულტეტებსა (სადაც იჭედება მწერალთა რეპუტაციები) და პრესის სამყაროს შორის კავშირი მეტად მყიფეა. ჩემდა გასაოცრად, “Time”-ისა და “Newsweek”-ის მიერ გამოქვეყნებული რეცენზიები ურიგო როდი იყო, თუმცა პირველმა მათგანმა კალვინოს “სიურრეალისტი” უწოდა, მეორემ კი მას “მდიდარი ფანტაზია” მიაწერა. სინამდვილეში იტალო ჭეშმარიტი რეალისტი გახლდათ. სწამდა, რომ “შემოქმედებას მყარი რეალური საფუძველი უნდა გააჩნდეს. ფანტაზია წააგავს ჯემს, რომელიც პურის მკვრივ ნაჭერზე უნდა წაუსვათ; სხვა შემთხვევაში ის რჩება უფორმო მასად, რომლისგანაც ვერაფერს შექმნით”. ეს იდეა გამოთქმულია იტალიის ტელევიზიისადმი კალვინოს მიერ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც მისი გარდაცვალების შემდგომ აჩვენეს.

“The New York Times”-მა კალვინოსადმი პატივისცემა იმით გამოამჟღავნა, რომ დაბეჭდა ამერიკელი მწერლების გამოხმაურებები. მათ შორის იყო ჯონ აპდაიკი (უმეცართა ეს მარადიული კერპი), მარგარეტ ეტვუდი (არ ვიცი, ვინაა), ურსულა ლე გუინი (ცნობილი ფანტასტი, მაგრამ განა რა უნდა ეთქვა მას თანამედროვეობის ერთ-ერთი ურთულესი მწერლის შესახებ?), მაიკლ ვუდი (რომლის თვალსაზრისი საკმაოდ დასაბუთებული გახლდათ) და ბოლოს, ენტონი ბერჯესი (რომელიც ვერ ამაღლდა თავის ჩვეულ დონეზე). სხვა გაზეთში ჰერბერტ მითგანგმა აგრეთვე დაიმოწმა აპდაიკი, ისევე, როგორც უბირ მკითხველთა მოძღვარი – ჯონ გარდნერი, რომლისთვისაც ზეცა სხვა არაფერია, თუ არა იდეალური ამერიკული უნივერსიტეტი.

ევროპამ კალვინოს სიკვდილი უდიდეს უბედურებად მიიჩნია. ორი კვირის განმავლობაში იტალიის პრესა ყოველდღე აქვეყნებდა ბიულეტენებს სიენის საავადმყოფოდან. მთელი ქვეყანა უეცრად გააერთიანა პატივისცემამ გამოჩენილი მწერლის მიმართ, რომლის ქმნილებებმაც მოხიბლა არა მარტო ბავშვები, არამედ ყველა ის ადამიანი, ვისაც წიგნები უყვარს.

*  *  *

პირველი ინსულტის შემდგომ ჩატარდა ქირურგიული ოპერაცია, რომელიც დიდხანს გაგრძელდა. კალვინომ თავი დააღწია კომას, მაგრამ ცნობიერება დაბინდული ჰქონდა. ერთ-ერთი ექიმი მან პოლიციელად მიიჩნია, შემდეგ კი გაოცდა, რომ გულზე ოპერაცია გაუკეთეს. ამასთან, ქირურგი ოპტიმისტურად იყო განწყობილი. მან აუწყა პრესას, რომ არასოდეს ენახა ისეთ რთული სტრუქტურის ტვინი, როგორიც კალვინოს ჰქონდა. მყისვე გამახსენდა ანატოლ ფრანსის არაჩვეულებრივად პატარა ტვინი. ქირურგმა განაცხადა აგრეთვე, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებდა. სხვა რომ არაფერი, მან თავის ვაჟებთან ერთად, გასულ ზამთარს წაიკითხა “Marcovaldo”. ამდენად, კალვინოს უნიკალური ტვინის გადარჩენა აუცილებელი იყო, თუმცა ახლა ამის იმედი აღარავის ჰქონდა: ივნისში კალვინო უკვე იტანჯებოდა თავის ტკივილით. როგორც ჩანს, ეს იყო პირველი გაჟონვა. გარდა ამისა მის წინაპრებსაც აწუხებდათ სისხლძარღვთა დაავადებები. დაახლოებით ასე ითქვა გაზეთებში.

როდესაც ჩრდილოეთისკენ მივემგზავრებოდი, წავიკითხე კალვინოს უკანასკნელი რომანი “პალომარი”. ეს წიგნი მან 1983 წლის 28 ნოემბერს მაჩუქა. გამაჟრჟოლა და გული შემეკუმშა, როდესაც პირველად წავიკითხე მინაწერი: “გორ, ესაა ჩემი ბოლო ნააზრევი ბუნების არსის შესახებ. იტალო”. “ბოლო” ის სიტყვაა, რომელსაც ხელოვანნი იშვიათად მიმართავენ. რას ნიშნავდა ეს “ბოლო”? უკანასკნელს? თუ მის ბოლო მცდელობას, აღეწერა სამყაროს უჩვეულო მოვლენები? იცოდა თუ არა მან, რომ უკვე “მკვდრადყოფნის შესწავლის” (ამ წიგნის ბოლო თავის სათაური) პროცესში იმყოფებოდა?

*  *  *

წიგნი ძალიან მოკლე იყო. მავანი პალომარის (რომელიც თვით კალვინო გახლდათ) მედიტაციები სხვადასხვა თემაზე. მოქმედება ვითარდება სრულიად სხვადასხვა ადგილას: კასტილიონ დელა პეშაიას კონცხზე, როკამარეს ტყის მახლობლად განლაგებულ სახლში, რომში, პარიზის კულინარულ მაღაზიაში. ახლა ამ წიგნის განხილვის დრო არაა, მაგრამ მოვნიშნე ზოგიერთი პასაჟი, რომლებიც, ჩემი აზრით, ააშკარავებს ნაწარმოების დედააზრს.

პალომარი კასტილიონის კონცხზე იმყოფება და ტალღებს მიშტერებია. იქნებ, მხოლოდ ერთს უნდა დააკვირდეს? თუ მრავალი – ერთად იქცევა? E pluribis unum და მისი საპირისპირო ვითარება, ალბათ, გამოხატავს ჩვენი არსებობის კალვინოსეულ გაგებას. წარმოვადგენთ თუ არა ჩვენ სამყაროს ნაწილს? იქნებ, უბრალოდ, სამყარო თვით ჩვენ ვართ, ვინც ფიქრობს ამ საკითხის შესახებ?

კალვინოს თხზულებებს ხშირად მეცნიერული ნააზრევის ელფერი დაჰკრავს – მისი მშობლები მეცნიერნი იყვნენ. ის აკვირდება ბუნების დეტალებს: ვარსკვლავებს, ტალღებს, ხვლიკებს, ამფიბიებს, ქალის მოშიშვლებულ მკერდს და ამ პროცესში თანმიმდევრულად ინაცვლებს მაკროდან მიკრომოვლენებზე, მთელიდან – ამ მთელის ნაწილებზე, აგრეთვე – ვიზუალურ ილუზიებზე. თხრობა აწმყო დროში მიმდინარეობს, იმგვარად, თითქოს მეცნიერი გვაუწყებს ჩატარებული ექსპერიმენტის, გამოკვლეული ცხოვრების შესახებ.

ტალღები შთააგონებდა მწერალს, მაგრამ არ აწვდიდა პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომელთაც იტალო უსვამდა ბუნებას. გარკვეული კუთხით დაკვირვებისას ტალღები თითქოს ჰორიზონტიდან კი არა, ზღვის მოპირდაპირე ნაპირიდან მოედინებოდნენ. “არის თუ არა ეს რეალური შედეგი, რომელსაც პალომარი ესწრაფვის? ტალღათა დინების მიმართულების შეცვლა, დროის შებრუნება, სამყაროს იმ ჭეშმარიტი სუბსტანციისადმი მიახლოება, რომელიც მიუწვდომელია ჩვენი გრძნობებისა და გონებისთვის… ეს შეუძლებელია… საღამოს ზღვაში ცურვისას, პალომარი ამჩნევს, რომ “მზის ათინათი იქცევა მოელვარე დაშნად, რომელიც გაწვდილია მოპირდაპირე ნაპირიდან მისკენ. პალომარი დაშნაში მიცურავს…”. მაგრამ დღის ამ დროს იმავეს სჩადის ყოველი ჩვენგანი. ჩვენ მივცურავთ ამ დაშნაში, რომელიც ყველგანაა და, ამასთან, არსად. “დაშნა ერთნაირად აცდუნებს ყოველი მოცურავის თვალს. მას ვერავინ აარიდებს თავს… ემთხვევა თუ არა ის, რაც ჩვენ გარშემო ზოგადად არსებობს, იმას, რასაც თითოეული ადამიანი აღიქვამს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვალთახედვით?” პალომარი მიცურავს და ეჭვი ეპარება საკუთარ არსებობაში. ის სოლიფსიზმისკენ იხრება: “თუ დედამიწაზე არ იარსებებს არავითარი თვალები, მკვდრის ჩამქრალი თვალების გარდა, დაშნა აღარასოდეს გაიელვებს”. ის ავითარებს ამ აზრს ზურგზე ცურვისას. “შესაძლოა, თვალის გაჩენამ კი არ განაპირობა დაშნის გაჩენა, არამედ – საპირისპიროდ, რადგან დაშნას სჭირდება თვალი, რომელიც დააკვირდება მას”. ბინდდება. მობანავეები ნაპირზე გადიან და პალომარიც ნაპირისკენ შებრუნდება: “ის დარწმუნდა, რომ დაშნა იარსებებს თვით მის გარეშეც”.

როკამარეს ბაღში პალომარი უთვალთვალებს დედალ და მამალ კუთა ქცევას. შაშვების სტვენა მას აფიქრებინებს, რომ კარგი იქნებოდა, ადამიანებსაც შესძლებოდათ კომუნიკაციის ამგვარი ხერხის გამოყენება. “ამ პერსპექტივამ ბიძგი მისცა პალომარის აზრთა ნაკადს. მას ყოველთვის აფიქრებდა განსხვავება ადამიანსა და დანარჩენ სამყაროს შორის. ადამიანისა და შაშვის ერთნაირი სტვენა მან მიიჩნია ერთგვარ ხიდად, რომელიც შეიძლებოდა გადებულიყო ამ უფსკრულზე”. მაგრამ პალომარის სტვენამ ორივე მხარის განცვიფრება გამოიწვია. ახლა ის მდელოს აკვირდება, შემდეგ კი ასახელებს და ითვლის ყველაფერს, რასაც ხედავს. “ის აღარ ფიქრობს მდელოზე; ის ფიქრობს სამყაროზე. ცდილობს, მიუსადაგოს სამყაროს თავისი აზრები მდელოს შესახებ. სამყარო, როგორც მოწესრიგებული კოსმოსი, ან – როგორც მზარდი ქაოსი”. ეს ანალოგია, როგორც ყოველთვის (კალვინოსთან), ბათილდება და პასუხი კვლავ ამგვარია: ბევრი ერთში ან “ერთობლიობა ერთობლიობაში”.

*  *  *

დაკვირვებები და მედიტაციები გრძელდება. ის შენიშნავს: “არავინ უყურებს მთვარეს ნაშუადღევს. ამასთან, შუადღისას მთვარის შესახებ მართლაც უნდა დავფიქრდეთ, რადგან დღის ამ დროს მისი არსებობა ჯერ კიდევ ეჭვს იწვევს”. დაღამებისას პალომარს უკვირს, რომ “მთვარე აუცილებლად ნელა უნდა გადაადგილდეს ცაზე, რომელიც სულ უფრო მეტად ბნელდება. საპირისპიროდ, შეიძლება ითქვას, რომ მთვარე, რომელიც წინ მიიწევს, ართმევს ცას წინასწარ გაფანტულ შუქს და აგროვებს მას თავის ხარბ მრგვალ პირთან”. ახლა აშკარავდება მედიტაციის კალვინოსეული მეთოდი. ის აკვირდება, აღწერს; მას ახასიათებს პატივისცემა ფაქტებისადმი (და არა სიურრეალიზმით ან ფანტაზიის სამყაროთი გატაცება). კალვინოს სურს, დაგვანახოს არა მარტო ის, რასაც თვითონ ხედავს, არამედ ისიც, რაც ჩვენ, შესაძლოა, მხედველობიდან გამოგვრჩა (უყურადღებობის გამო). გასაკვირი არაა, რომ აქ სცენაზე გამოდის გალილეი. კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში იზიარებდა უმეცრების შედეგად აღმოცენებულ თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ მზე მოძრაობს დედამიწის გარშემო. მაგრამ გალილეის თუ კალვინოს დახვეწილი ინტელექტუალური თვალსაზრისის თანახმად, საქმე სრულიად სხვაგვარადაა. გალილეიმ მიმართა თავისი დროის მეცნიერულ მეთოდებს. კალვინომ გამოიყენა საკუთარი წარმოსახვა. ყოველმა მათგანმა სწორად გაიაზრა და სხვებსაც გააგებინა ამ ფენომენის არსი.

1982 წლის აპრილში, როდესაც ვესაურებოდი ლოს-ანჯელესში მყოფ ჯორჯ მაკგოვერნს, იუჯინ მაკარტის და ფიზიოთერაპევტს, ქალბატონ ფონდა-ჰეიდენს, “ის სამი პლანეტა, რომელთაც შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ ხოლმე, ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივდა და, მაშასადამე, მოჩანდა მთელი ღამის განმავლობაში”. რა თქმა უნდა, “პალომარი ტერასაზე გავარდა”. კალვინოს “ვარსკვლავები” ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ჩემი. მან დაწერა უამრავი პოლიტიკური სტატია. კომუნისტური პარტიის რიგებიდან გასვლის შემდეგ ის მეტს წერდა, საზოგადოდ, პოლიტიკისა და მისი ზეგავლენით შექმნილი ილუზიების შესახებ, ვიდრე კონკრეტული პოლიტიკური მოვლენების თაობაზე. იმ დროს და იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანები იცვლიან პარტიებს, რათა საჯაროდ გამოთქვან თავიანთი შეხედულებები, პალომარს ჩვევად აქვს, სამჯერ იკბინოს ენაზე, სანამ რაიმეს განაცხადებს. კბენის შემდეგ, თუ ის კვლავ დარწმუნებულია იმაში, რის თქმასაც აპირებს, პალომარი ამბობს თავის სათქმელს. მაგრამ “სწორი თვალსაზრისის შემუშავება თავის მოსაწონი რამ როდია. სტატისტიკურად თითქმის გარდაუვალია, რომ ჩვენს სულელურ, არათანმიმდევრულ ან ბანალურ აზრებს შორის შეიძლება ვიპოვოთ მკაფიო ან თვით გენიალური იდეებიც. მაგრამ ვინ ივარაუდებს, რომ მსგავსი იდეები სხვებსაც არ მოუვა აზრად?” ის მწერალია და არა თეორეტიკოსი; ამდენადვე, ის პოლიტიკის მიმომხილველია და არა – პოლიტიკოსი.

კალვინოს ისევე შთააგონებდა ზოოპარკების მობინადრეებზე დაკვირვება, როგორც – ქალაქების მკვიდრთა ცხოვრების მოვლენები. პალომარის პატარა ქალიშვილი, რომელიც დაღალა ჟირაფების თვალიერებამ, უბიძგებს მამამისს პინგვინთა ვოლიერისკენ. პალომარს არ უყვარს პინგვინები. ის უხალისოდ მიჰყვება შვილს და ეკითხება საკუთარ თავს, რატომ აინტერესებს ასე ძლიერ ჟირაფები. “შეიძლება იმიტომ, რომ გარემომცველი სამყარო არათანმიმდევრულია და ის ყოველთვის ეძიებს მის გარკვეულ კონსტანტას. შესაძლოა, იმიტომ, რომ მის საკუთარ განვითარებას ბიძგს აძლევს აბნეული, ურთიერთდაუკავშირებელი აზრები და სულ უფრო ძნელდება შინაგანი ჰარმონიის მიღწევა”.

პალომარი მიდის რეპტილიათა მყრალ ვოლიერთან. “თუ არ ჩავთვლით მინებს, ნებისმიერი ვოლიერი სამყაროა, ისეთი, როგორიც იყო ადამიანის გაჩენამდე, ან – შემდეგ, რაც ადასტურებს, რომ ადამიანთა სამყარო არაა მარადიული ან უჩვეულო რამ”. უმოძრაო, გაშეშებული ნიანგების დანახვისას პალომარი ძრწის. “რას ან რის გამო ელოდებიან ისინი? როდის ჩაიძირნენ წყალში? ფიქრი იმ დროის შესახებ, რომელიც ჩვენი არსებობის საზღვრებს გარეთ მიედინება, აუტანელია”. პალომარი მირბის ალბინოსი გორილასკენ, “ცოცხალ არსებათა იმ ერთადერთი ეგზემპლარისკენ, რომელიც სიყვარულის ობექტს არ წარმოადგენს”. სევდიანი გორილა თავს იქცევს რეზინის საბურავით, რომელსაც მკერდზე იხუტებს. ეს სურათი მოსვენებას არ აძლევს პალომარს. “ზუსტად ისევე, როგორც გორილასთვის რეზინის საბურავი საყრდენია უაზრო, უსიტყვო მეტყველების წამოსაწყებად”, ფიქრობს ის, “ასევე, მეც ვიყენებ წარმოდგენას დიდი თეთრი პრიმატის შესახებ. ჩვენ ყველანი ხელში ვატრიალებთ ძველ, დაჩუტულ საბურავებს, რომელთა მეშვეობითაც გვსურს, ჩავწვდეთ საბოლოო, ენით გამოუთქმელ საზრისს”. ესაა ამოსავალი წარმოდგენა მწერლისთვის. ის იდუმალი მდგომარეობა, როდესაც სიტყვები გამოუსადეგარია არა იმიტომ, რომ მათ წინ ეღობება გალიის რკინის გისოსები, არამედ – ძვლებით გამაგრებული ორმაგი ელექტრული სისტემა, კალვინოს შემთხვევაში გაცამტვერდა 1985 წლის 19 სექტემბერს.

უეცრად, მაღლა, ზღვის ნაპირას აღმართულ ბორცვზე გამოჩნდა კასტილიონ დელა პეშაია. მარცხნივ კონცხია, საიდანაც პალომარი ეძებდა, მაგრამ ვეღარ ხედავდა ტალღებზე მოლივლივე დაშნას. ზღვას უსიამოვნო იისფერი დაედო, რაც უფრო შეესაბამებოდა კარიბის ზღვას, რომლის ნაპირას დაიბადა კალვინო, ვიდრე – ხმელთაშუა ზღვას. ზეცა ღრუბლებითაა დაფარული. ცხელი, ნოტიო, უქარო ამინდია. დაკრძალვამდე ორმოცი წუთი დარჩა.

სასაფლაო გადაჰყურებს კონცხს, რომელზეც ქალაქია გაშენებული. ავტომანქანას შუა საუკუნეების დროინდელი კედლისა და დანგრეული კოშკის მახლობლად ვაჩერებთ. ავდივარ მაღალი კედლით გარშემორტყმულ სასაფლაოზე. მახსენდება, როგორ სძაგდა ცემენტი კალვინოს, თავის ერთ-ერთ ადრეულ ნაწარმოებში – “la Speculazione Edilizia” – მან აღწერა, როგორ დაფარა 1950-იან წლებში იტალიური რივიერა, მისი მშობლიური ლიგურია “ამაზრზენმა ცემენტმა და რკინაბეტონმა”. სასაფლაოზე შესასვლელზე ჭიშკრის მარჯვნივ, კედელზე, დაწებებულია სამგლოვიარო წარწერები, სადაც მრავალჯერაა მოხსენიებული სახელები “იტალო კალვინო”, “კასტილიონ დელა პეშაია”, “პალომარის ქალაქი”. აქვეა ქალაქის მერისა და უბრალო ადამიანების თანაგრძნობის გამომხატველი განცხადებები.

სასაფლაოს ტერიტორიაზე რამდენიმე ნაგებობაა. ერთ-ერთი მათგანის, ერთგვარი ატრიუმის კედლებზე ვამჩნევ გამოსაწევ ყუთებს, რომლებშიც მიცვალებულები ასვენია. თითოეულ ყუთზე მიმაგრებულია მიცვალებულის ფოტოსურათი. სასაფლაოზე მრავლადაა ხელოვნური, იშვიათად კი – ცოცხალი ყვავილები. აქა-იქ მოჩანს მდიდარი და დიდგვაროვანი ოჯახების აკლდამები. პანიკა მიპყრობს: ხომ არ აპირებენ იტალოს ჩასვენებას ერთ-ერთ გამოსაწევ ყუთში? მაგრამ მარჯვნივ, ღია ცის ქვეშ, ვხედავ ყვავილთა უზარმაზარ გვირგვინებს, რომლებიც ამერიკელ ან ნეაპოლელ განგსტერებს უფრო შეეფერება და – ახალგათხრილ საფლავს. ერთ-ერთ გვირგვინზე ვარჩევ სიტყვებს “Senato” და “Communist”… ესაა იტალიის სენატის კომუნისტური დელეგაციის მიერ გამოგზავნილი გვირგვინი. სხვათა შორის, იტალიაში, რომელიც მრავალი პოლიტიკური პარტიისა და რამდენიმე იდეოლოგიის ქვეყანაა, ჩვეულებრივი პარლამენტარის დონე აღემატება მისი ამერიკელი ან ინგლისელი კოლეგისას. ევროპარლამენტში მორავია ზის. ლეონარდო შაშა დეპუტატთა პალატის წევრი გახლდათ. ყოველი პარტია ცდილობს, თავის რიგებში მიიზიდოს ცნობილი ინტელექტუალები. ფლორენციის ახლანდელი მერი ბოლო დრომდე პარიზის ოპერის თეატრის დირექტორად მუშაობდა. ალბათ, ქალაქის მერის მოვალეობების შესრულება გაცილებით იოლია, ვიდრე – თეატრის ინტრიგებში გარკვევა.

*  *  *

კედლის გადაღმა მოჩანს იისფერი ზღვა და წითელი კრამიტით გადახურული თეთრი სახლები. როდესაც მელანქოლიურად ვათვალიერებდი პალომარის სამშობლოს, ერთმა ნეაპოლელმა ჟურნალისტმა მიცნო. სხვა თუ არაფერი, მეზობელი ვარ, რაველოს მახლობლად ვცხოვრობ. საფლავებს შორის მდგარს, ინტერვიუ ჩამომართვეს. როგორ გავიცანი კალვინო? თავზე წვიმის თბილი წვეთები დამეცა. აკლდამასთან მდგარმა ოპერატორმა ფოტოსურათი გადამიღო. სახელმწიფო ტელევიზიის ბრიგადა მოვიდა. თერთმეტი წლის წინ-მეთქი, ვპასუხობ. იმ დროს დავწერე სტატია მისი შემოქმედების შესახებ. მანამდე ხომ არ შევხვედრივარ? არა, მას არ ვიცნობდი. ის-ის იყო, წავიკითხე კალვინოს ნაწარმოებები და, აღფრთოვანებულმა, აღვწერე (კრიტიკოსის ერთადერთი ამოცანა) მისი შემოქმედება იმათთვის, ვისაც შეეძლო ჩემი სტატიების კითხვა (კრიტიკოსის ერთადერთი მიზანი). გაიცანით თუ არა ის მოგვიანებით? დიახ, მან წერილი გამომიგზავნა. იტალიურ თუ ინგლისურ ენაზე? იტალიურზე. რა მოგწერათ? რას ფიქრობთ იმაზე, რაც მან მოგწერათ? შევიშმუშნე. მან მომწერა, რომ მოეწონა ჩემი სტატია.

კალვინოს წერილი ნამდვილად საინტერესო იყო და მრავალ საკითხს ეხებოდა. ჩემი სტატია ასე დავამთავრე: “კალვინოს კითხვისას გამიჩნდა უცნაური შეგრძნება, თითქოს მეც ვწერდი იმას, რაც მან დაწერა. მისი ხელოვნების წყალობით მწერალი და მკითხველი იქცევიან ერთ ან, შეიძლება ითქვას, ერთადერთ პიროვნებად”. ამ თვალსაზრისმა მიიპყრო კალვინოს ყურადღება. მან თავაზიანად აღნიშნა წერილის დასაწყისში, რომ ყოველთვის იზიდავდა ჩემი “სარკასტული ირონია” და ა.შ., მაგრამ განსაკუთრებით მოეწონა, რომ მის შესახებ დავწერე ორი მიზეზით. ჯერ ერთი, “ვიგრძენი, რომ ამ ესეს წერა სიამოვნებას განიჭებდათ. გულითად ქებასთან ერთად კრიტიკული შენიშვნებიც არ დაიშურეთ და ყველაფერი ეს იუმორით შეაზავეთ. სიამოვნების ეს შეგრძნება გარდუვალად გადაეცემა მკითხველს. გარდა ამისა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ძნელი იქნებოდა ჩემი წიგნების ზოგადი დედააზრის შესახებ მსჯელობა, რადგან თითოეული მათგანი ძალზე განსხვავდება სხვებისგან. თქვენ გააანალიზეთ ჩემი ნაწარმოებები ისე, როგორც ეს, საერთოდ, უნდა გაკეთებულიყო, ესე იგი, უსისტემოდ, შერჩევით; ზოგჯერ უშუალოდ წინ მიისწრაფოდით, სხვა შემთხვევებში კი აქეთ-იქით ეხეთქებოდით, მთვრალი მაწანწალის მსგავსად. ამ გზით თქვენ განაზოგადეთ ჩემი თხზულებების დედააზრი, მათი ფილოსოფია – “მთელი და ბევრი”, და ა.შ. ბედნიერად მიმაჩნია თავი, როდესაც ვინმე პოულობს ფილოსოფიას ჩემს პროდუქციაში, სადაც ფილოსოფია ცოტაა”. შემდეგ კალვინო საქმეზე გადადის: “თქვენი ესეს დასასრულს მიუთითებთ, თუ რასა აქვს ჩემთვის აბსოლუტური ღირებულება. არ ვიცი, რეალურად ასეა თუ არა, მაგრამ ეს ჭეშმარიტია იდეალური ლიტერატურის მიმართ: საბოლოოდ მწერალი და მკითხველი იქცევიან ერთ ან ერთადერთ პიროვნებად. და რათა თქვენი და ჩემი ტექსტები ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ, უნდა დავასკვნათ, რომ ეს ერთი – ყველაა”. გარკვეული გაგებით, პალომარი აერთიანებს ფილოსოფიისა ან ფილოსოფიების მიმართულებებს. აქედან – მინაწერი: “ჩემი ბოლო ნააზრევი ბუნების არსის შესახებ”.

ახალგაზრდა ჟურნალისტთან ამის შესახებ ერთი სიტყვაც არ წამომცდენია, მაგრამ ვუთხარი, რომ წერილის მიღების შემდეგ მალე ვნახე კალვინო და მისი ცოლი, ჩიჩიტა, ამერიკელი გამომცემლის სახლში. თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ, ჩვენს გარდა, მწერლები არ იქნებოდნენ, დარბაზს აცისკროვნებდნენ ამერიკული ლიტერატურის კორიფეები. შემეშინდა, ნაადრევად არ დავმსგავსებოდი მათ და ამიტომ გავიპარე.

ორი წლის წინ, როდესაც რაველოს საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს, კალვინო დაესწრო ცერემონიას და წარმოთქვა ბრწყინვალე სიტყვა ჩემი შემოქმედების და, კერძოდ, Duluth-ის შესახებ. რომში მე და კალვინო ერთსა და იმავე ქუჩაზე ვცხოვრობდით (ჩვენს ბინებს შორის იყო – რაოდენ მომხიბვლელია შემთხვევითი სიმბოლოები – პანთეონი) და დროდადრო ვხვდებოდით ერთმანეთს.

*  *  *

გასულ წელს კალვინო აპირებდა, შემოდგომა და ზამთარი ჰარვარდში გაეტარებინა. “ლიტერატურის თეორიის” დაზუთხვაც კი დაიწყო. მან კარგად იცოდა, როგორ მყრალ გუბედ იქცა ჩვენი ლიტერატურული ფაკულტეტები და ამიტომ ვერ წარმომედგინა, რაზე უნდა ელაპარაკა თავის ლექციებში. მინდოდა, მიმეწოდებინა მისთვის უვიცი კრიტიკოსის ბრიყვული სტატია (Partisan Review-დან) იმის შესახებ, რატომ არ უყვართ ადამიანებს კითხვა. ამ სტატიაში მოწიწებით იყო ციტირებული ჯონ გარდნერი: “ყოველი ღირებული ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა ამგვარია: მთავარ გმირს სურს რაღაც, აღწევს სასურველს დაბრკოლებათა (შესაძლოა, მისი საკუთარი ეჭვების ჩათვლით) მიუხედავად და, ბოლოს, იმარჯვებს, მარცხდება ან ყოველთვის ყაიმით ამთავრებს”. შემდგომ “კრიტიკოსი” იმოწმებს New York Times-ის “მიმომხილველს”, რომელიც ცდილობს, გაერკვეს კალვინოს პოპულარობის მიზეზებში: “თუ სიყვარული მარცხით მთავრდება, კალვინოს გმირები მიმართავენ ხელახალ მცდელობას; მათი ცხოვრება ახალ-ახალი მცდელობების სერიაა, სადაც სირთულეები, თავისთავად, არ ვლინდება. დიდი რუსი და ფრანგი რომანისტებისგან განსხვავებით (რა უმეცრებაა: რომელი რომანისტები, ბრიყვო? მიუთითე გვარები, დაახასიათე!), რომელთა პერსონაჟების ცხოვრება გრძელი და დახლართული ლაბირინთების სახით წარმოგვიდგება, კალვინოს, დინჯი შესავლის შემდეგ, უბრალოდ, სხვა კალაპოტში გადაჰყავს თხრობა”. ჩვენი კრიტიკოსი მკაცრად ამტკიცებს, რომ მთელი ეს საეჭვო ლიტერატურა არ იზიდავს მკითხველებს: “კალვინო პოპულარულია, თუკი, საერთოდ, შეიძლება საუბარი მისი პოპულარობის შესახებ, უფრო თეორეტიკოსებსა და “ტექსტების” მომხმარებლებს, ვიდრე – რომანებისა და მოთხრობების მკითხველებს შორის”. სამწუხაროდ, ვეღარასოდეს შევძლებ, კალვინოსთან ერთად გავერთო ამ განცხადების “ღრმააზროვნებით”.

სასაფლაოს მოადგა პოლიციელებით გაჭედილი ფურგონი. ბრბო მოლოდინშია. წინა დღეს რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია სიენის საავადმყოფოს კალვინოსთან გამოსამშვიდობებლად. შეიძლება, წარმოვიდგინოთ ანალოგიური სცენა შეერთებულ შტატებში: საავადმყოფოს წყნარ ოთახში მღვდელი შედის. “ბატონო პრეზიდენტო, ყველაფერი დამთავრდა. მან გადალახა საბედისწერო ზღვარი”. პრეზიდენტს თვალები ცრემლით ევსება. “ეს ბოლო ცნობაა”, ჩურჩულებს ის. პრეზიდენტის გვერდით მდგარი პაწაწინა, ჩამომხმარი არსება ოხრავს, “ეს ნიშნავს, რომ აღარ გამოქვეყნდება რომანები არლეკინების შესახებ?” “არლეკინები არ გამოგველევა, დედიკო”, ამბობს პრეზიდენტი, “მაგრამ ისეთი – არა”.

*  *  *

კალვინოს რამდენიმე ასეული მეგობარი, აგრეთვე – მწერლები, გამომცემლები, პრესა, ადგილობრივი ჩინოსნები სასაფლაოზე შეგროვილან. დიდხანს მიჭირავს ჩიჩიტას ხელი. ვიღაცამ მითხრა, რომ ორი კვირის განმავლობაში ქალი, უბრალოდ, იტალოს სიკვდილის მოლოდინში კი არ იყო, არამედ – იტანჯებოდა მისი კვდომის საშინელებით.

“პალომარის” ბოლო ნაწილი ასე იწყება: “პალომარი აპირებს, ამიერიდან ისე მოიქცეს, თითქოს მოკვდა, რათა ნახოს, როგორი იქნება სამყარო მის გარეშე”. ჯერჯერობით სასიამოვნო არაფერია-მეთქი, ვიფიქრე. კალვინოს ქალიშვილი მეხიკოდან მოფრინავს და დაკრძალვაზე აგვიანდება. გარდა ამისა, არსად ჩანს მღვდელი, არ სრულდება წირვა, არ წარმოითქმება სამგლოვიარო სიტყვები. უეცრად, ტელეკამერების ჩართვისთანავე, ატრიუმში ვხედავ კუბოს კალვინოს ცხედრით. რა პატარა კუბოა! იქნებ, კალვინო უფრო მომცრო ტანისა იყო, ვიდრე მახსოვს? ან იქნებ ის დაპატარავდა? რა თქმა უნდა, იტალო მოკვდა, მაგრამ, როგორც ის წერდა, “არარსებობისა არ უნდა შეგეშინდეთ. ჩვენი დაბადების წინარე პერიოდი ისევე ვრცელია, როგორც ის დრო, რომელიც მოსდევს სიკვდილს. ფაქტობრივად, დაბადებამდე ჩვენ წარმოვადგენთ იმ განუსაზღვრელი შესაძლებლობების ნაწილს, რაც შეიძლება განხორციელდეს და შეიძლება – არა, მაშინ, როდესაც გარდაცვალებისას ჩვენ არ ძალგვიძს საკუთარი “მე”-ს ხორცშესხმა წარსულში (რომელსაც მთლიანად ვეკუთვნით, თუმცა მასზე ზეგავლენის მოხდენის შემთხვევაშიც კი მიუწვდომელია ჩვენთვის)”.

მანტიებით შემოსილი ადამიანები კუბოს ჭრიალით უშვებენ საფლავში. პალომარის ცხვირი ახლა ოთხიოდ დუიმით უფრო ქვემოთაა, ვიდრე – მიწის ზედაპირი, რომელსაც ის გულდასმით აკვირდებოდა ხოლმე. შემდეგ კუბოს ქვებს აყრიან და ის აღარ მოჩანს. კალვინოს ქალიშვილის მოსვლას ველოდებით. სიცხე სულ უფრო მთენთავს. ვხედავ ნატალია გინზბურგს, აგრეთვე – ვიღაცას, ვინც უმბერტო ეკოს წააგავს. და ეს მართლაც ეკოა. “ადამიანის ცხოვრება შედგება მოვლენებისგან, რომელთაგან უკანასკნელს შეუძლია შეცვალოს მთელი მათი ერთობლიობის ღირებულება”. ბრბოს რამდენიმე მოსწავლე შეერია. ისინი კალვინოს ზღაპრების თაყვანისმცემლები, ანუ “ტექსტების” ნაადრევად განვითარებული მომხმარებლები და პროტოთეორეტიკოსები გახლავან. შემდეგ სასაფლაოზე შემოდის კალვინოს ქალიშვილი და იმავდროულად შემოაქვთ ცემენტით სავსე ვედროები. ერთ-ერთი კალატოზი ქვებზე ცემენტს ასხამს და ნიჩბით ოსტატურად ასწორებს ბლანტ ზედაპირს. რა საზიზღარი რამაა ცემენტი! “ამიტომ პალომარი აპირებს, გარდაისახოს მკვდრად, მაგრამ არ სურს, დათმოს რაიმე, თუნდაც – საკუთარი სიმძიმე”. საბოლოოდ, ცემენტზე მიწას აყრიან. ყველაფერი მთავრდება.

გაოგნებული ჩიჩიტას უკან ვდგავარ. ცემენტს თვალს ვარიდებ და ვხედავ კალვინოს, რომელიც მე შემომყურებს. ეს უეჭველად პალომარია. ის საკუთარ დაკრძალვას ესწრება. რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთს ვაშტერდებით. შემდეგ მას მზერა გადააქვს კუბოზე, რომელშიც თვითონ კი არა, იტალო წევს. კაცი, რომელიც იტალოდ მივიჩნიე, მისი უმცროსი ძმაა, ფლორიანო.

სასაფლაოს სხვებზე ადრე ვტოვებ. რომში მანქანით ვბრუნდები. მზე კაშკაშებს. ცხელა, მაგრამ წვიმა იწყება. ასეთი ამინდის შესახებ სამხრეთელები ამბობენ, ეშმაკი თავის ცოლს სცემსო. ცის აღმოსავლეთ ნაწილს ცისარტყელა ფარავს. რომაელები და ეტრუსკები ცისარტყელას მეფეთა, ქალაქების, სამყაროს განადგურების ავბედით ნიშნად მიიჩნევდნენ. თითებს ვაჯვარედინებ, რათა ნავსი თავიდან ავიცილო. თუმცა, დაე, დროის დინება ახლა დამთავრდეს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში, პალომარის აზრით, “უნდა აღიწეროს დროის ყოველი წამი. თითოეული წამი აღწერისას იმგვარად განივრცობა, რომ მისი ბოლო შეიძლება გაუჩინარდეს”. პალომარი გადაწყვეტს, აღწეროს საკუთარი სიცოცხლის წამები, რათა აღარ იფიქროს სიკვდილზე. და ამ მომენტში კვდება. ასე მთავრდება “ბოლო ნააზრევი ბუნების არსის შესახებ”. კალვინო და ბუნება ახლა ერთია, ან – ერთადერთი.

© არილი

Facebook Comments Box