პროზა

მიშა ბახსოლიანი – საზეპირო

 

– ისწავლე?

– იცი რა, ეგრე ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ…

 – რა მაგრამ, კიდევ ვერ ისწავლე?

– ასჯერ წავიკითხე.

– ხოდა მომიყევი.

– კაი რა, ხომ გეუბნები მართლა ასჯერ წავიკითხე.

– განა არ მჯერა, უბრალოდ იქნებ მაინც ვერ დაიმახსოვრე.

– ოოო, შანსი არაა.

– ხოდა მომიყევი. რა უნდა.

– შანსი არაა.

– რა შანსი არაა. შენ მოფერება ცოტა თავში ხომ არ აგივარდა? მომხედე ერთი აქეთ. ხომ არ გინდა პეტრეს დავუძახო? აქვეა, ორ წუთში მოვა.

– ბოდიში, არ მინდოდა.

– აბა დაიწყე ახლა. წყნარად მოყევი. არ აჩქარდე. სიტყვები არ ჩაყლაპო. მკაფიოდ, გამოკვეთილად თქვი ყველაფერი. ბოლოში რომ მიყრა გიყვარს, ეგ დაივიწყე. ყოველთვის გახსოვდეს, არსად გეჩქარება, ყველგან დაგელოდებიან, მაგრამ თუ გინდა რომ მოგისმინონ და დაგიჯერონ, მინიმუმ გასაგებად უნდა მოყვე. თუმცა, შენ მეტი შეგიძლია. ცოტა სული შთაბერე, რაღაც შენიც დაუმატე, ოღონდ სიტყვები კი არ შეცვალო, საზეპიროა მაინც, თან შენზე ჭკვიანმა ადამიანებმა დაწერეს, იმათ უკეთ იციან რაა შენთვის უკეთესი, შენ უბრალოდ ემოცია დაუმატე, ითამაშე, მოირგე შენს თავზე, თითქოს მართლა იქ იყავი, თითქოს ეს ამბავი შენზეა დაწერილი და რაც გიწერია, იმის შეცვლა არ შეგიძლია. არ იდარდო, სხვასაც არავის შეუძლია.

 – ანუ დავიწყო ხო?

 – აბა რა უნდა ქნა.

 – მოიცა წყალს დავლევ ჯერ.

– დალიე, დალიე. აქამდეც დაგელია, ვინ გიშლიდა.

 – უცბად დავლევ.

 – თუ სხვა რამე გინდა, ისიც მოილიე.

 – სხვა არაფერი, ა, მოვფსამ ბარემ.

– არაა საჭირო ჩამოთვლა, მოილიე ყველაფერი და დაიწყე.

 – ახლავე.

– არ იჩქარო.

 – ვსო ვიწყებ.

 – აბა შენ იცი.

 – თუ გინდა მკითხე.

 – რა გკითხო.

 – ისა, რავი.

 – ა ჰო, რასაც მოსამართლე გკითხავს.

 – ზუსტადაც.

 – კარგი. პირველმა რამ მიიქცია ყურადღება, როდესაც ოთახში შეხვედით?

 – რაღაც ხმა გავიგონე, გავიხედე და აბაზანის კარებთან ვიღაც იდგა. სახე არ უჩანდა, ჰუდი ეცვა, თავზე კაპიშონი ეფარა, ხელში სისხლიანი დანა ეჭირა. სისხლი იატაკზე წვეთავდა. ჩემს დანახვაზე შეჰყვირა, დანა დააგდო, გაიქცა და ფანჯრიდან გადახტა. მეც გავიქეცი, ჩარბენისას თვალი შევავლე, რომ სააბაზანოში მამაჩემის უსიცოცხლო სხეული ეგდო. ყელი ჰქონდა გამოჭრილი. დაბლა სისხლის გუბე იდგა. მოიცა ეს ხომ უკვე ვიცი, ბოლოს ეს მოგიყევი. ამის შემდეგი აბზაცი მკითხე. ისე მთლიანად სჯობდა მგონი გვესწავლა, ეს აბზაც-აბზაც სწავლა უფრო ძნელია. მავიწყდება მერე.

– ვერ ისწავლი თორემ, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს. დაიწყე ახლა ნუღარ აჯანჯლებ. გეხალისება აქ ჯდომა?

 – ჯდომა თორემ, მერე სადმე წავალ.

 – გეყოფა, დაიწყე დროზე!

 – კითხვა დამისვი.

 – ნუ შემეცი ამ კითხვით! დაიმახსოვრე რა იობანივროტ.

– ერთხელაც და ვსო.

– პეტრე, პეტრე – აყვირდა სოსო.

– რა გინდა ახლა, რას ეძახი? – აშკარად არ გაუხარდა გიორგის.

– ჩუმად იჯექი, – მართლა გაბრაზდა სოსო.

გიორგი გაეცალა, ადგა და კედელზე მიდგმულ ორსართულიან საწოლთან მივიდა. ზედა სართულზე გრძელი მამაკაცი იწვა, საწოლი აშკარად მოკლე ჰქონდა, ამიტომ ფეხებმოხრილი ცდილობდა დაძინებას. საწოლისკენ მომავალი ფეხის ხმა რომ გაიგონა, გადმოტრიალდა და ისევ ფეხებმოხრილი წამოჯდა. ჭერი დაბალი იყო და ბოლომდე ვერ იმართებოდა, მაგრამ ისეთი გაბრაზებული სახით იყო, არაფერს არ ჰქონდა მნიშვნელობა.

– ცალტვინა დებილო, – აჯახა ეგრევე – არა რა გჭირს მაინც, ჩემთან კარგად ყვები და იმასთან რა გაბნევს.

გიოს გაეცინა და ქვედა სართულზე ჩამოჯდა.

– რავი აბა. ვერ ვიმახსოვრებ და რა ვქნა. თან ეს საზეპიროები რა საჭიროა, ჩემი სიტყვებით მოვყვები.

გრძელი მამაკაცის ფეხები ლოგინიდან გადმოეკიდა და თითქმის იატაკამდე ჩამოგრძელდა, შემდეგ ჩამოხტა, გიოს გვერდით მიუჯდა. თმებში ხელი შეუცურა, სახე სახეზე მიადო, შემდეგ თავი ოდნავ უკან გაწია და შუბლი მთელი ძალით შუბლში ჩასცხო.

 – შენი სიტყვებით? რა შენი სიტყვებით ბიჭო. შენი ტექსტი დაიმახსოვრე და დაძინება მაცადეთ. გამიხსნეს აქ სკოლა, ამ სირებმა.

გიოს თვალებში დაუბნელდა და იატაკზე დაეცა. მერე კი ღრიალი გაიგო.

 – იანკულოვსკი დაჯექი ახლა შენ ადგილზე, თორემ გაგიმუტლავ სახეს, – ეს ოთახში ახლად შემოსული პეტრე იყო. კუნთების უზარმაზარი გროვა, საკნის შუაგულში იდგა და აშკარად ჩხუბის ხასიათზე იყო.

 – მოიცა პეტრე, ერთ წამს არ სცემო, უფრო კარგი იდეა მაქვს. ხო გაიგონე რა თქვა ამ წვრილმა შლანგმა?

 – სირებმაო.

– არა მანამდე.

 – ამ.

 – რა ამ?

– ამ სირებმაო, ასე თქვა და ნუ გამიტრაკებ ახლა საქმეს.

– კაი ხო. ამან თქვა სკოლა გამიხსნეს ამ სირებმაო. ხოდა სკოლა თუ უნდა, მიდი კუთხეში დააყენე. ლოგინზე ვერ ისვენებს რაღაც.

– რომელში?

– რომელშიც გინდა? არა, მოდი აი იქ იყოს, ხატებთან.

 პეტრე იანკულოვსკისკენ დაიძრა, მაგრამ იანკულოვსკიმ თავისით მიაგნო კუთხეს და მორჩილად დადგა. პეტრე სოსოსკენ შეტრიალდა და წყნარად ჰკითხა.

– რა გინდოდა?

 – კითხვების ფურცელი მოიტანე, დამავიწყდა ამის გადამკიდე.

– კიდევ ვერ სწავლობს?

– არა რას სწავლობს, ბლუკუნებს რაღაც სისულელეებს და დამავიწყდა მეც ამის შემხედვარე ყველაფერი. ადუღდა უკვე ტვინი, ასეთ ლენჩებთან მუშაობით. ჩემთვის ხომ არ მინდა, თვითონ სჭირდებათ.

 – რაღაცას მაინც ისწავლიდა ამდენი ხანი?

– რაღაცა კი ისწავლა, მაგრამ ცოტაა, არადა არ ეზარება, კითხულობს სულ, მაგრამ რად გინდა, თავში არაფერი რჩება.

– საზეპიროა ხო?

 – ხო და ყველაზე ადვილი თან.

– მანდ ხო ის კითხვაა ბოლოში, თქვენ რა მოიმოქმედეთ, რომ გადახტა.

 – ზუსტად. მადლობა პეტრე, ეგ თუ გახსოვს და ფურცელიც აღარ მინდა, გამახსენდა მეც. შენც ხომ არ დარჩები ბარემ, მოვრჩებით მალე.

– არა გავალ, მშობელთა კრებაზე ვარ.

– ისევ ზუმში ტარდება?

– კი. ტანჯვაა.

– ნუ იტყვი. ერთი სული მაქვს ჩემები როდის მორჩებიან.

 – შენ რა გიჭირს, შენები ხო დიდები არიან.

 – მაინც ბევრია.

– ჰო ბევრია. ისე ერთ რჩევას მოგცემთ, მგონი ეს თავიდან ბოლომდე რომ ყვებოდეს, ისე უფრო დაიმახსოვრებს.

– ვითომ?

– კი მე ხომ მესმის გარეთ ეს რომ კითხულობს. თან მართლა სულ კითხულობს, გაუჩერებლად ზუზუნებს. ვუსმინე, ვუსმინე და ეგრევე თავიდან ბოლომდე დავიმახსოვრე. შენც ნუ შეაწყვეტინებ, კითხვები რიტმიდან აგდებს. თან აქ მოდუნებულია, სასამართლოზე უფრო მოხოდილი იქნება.

 – კარგი. ვცდი ახლავე. შენ მაინც არ რჩები ხო?

– კრებას ვერ გავაცდენ.

– კარგი შემოდი, რომ მორჩება.

– აუცილებლად. მეც მაინტერესებს. მგონი გამოუვა.

– ღმერთმა ქნას.

– შენ დაუძახე, რომ მოვიდეს და მოყვეს.

 – შევაშინო?

 – ისედაც შეშინებულია.

 – მოდი აქ დროზე და მოყევი! – გასძახა ძირს დაგდებულ გიოს და თან სოსოს ჩაულაპარაკა – კითხვა დაუსვი.

 – გიორგი დავიწყოთ.

 – დიახ.

 – რა მოიმოქმედეთ რომ გადახტა?

 – მეც გადავყევი. თვითონაც არ ვიცი რატომ. თითქოს ინსტინქტურად. თან ვიცოდი, რომ იქ დაბალი მეორე სართულია, ბავშვობაში ბევრჯერ გადავმხტარვარ. კაპიშონიანს უკან გავეკიდე. თითქმის დავეწიე. გზასთან ძალიან ახლოს ვიყავი, როდესაც დავინახე, გიჟივით გადარბოდა და უცბად მანქანა შეასკდა. ჩემს თვალ წინ მოხდა. მაშინვე მივვარდი და დახმარება ვცადე, მაგრამ არ დამცალდა, მოულოდნელად იმ შავი პრადოს ჯიპიდან, რომელიც გოგოს დაეჯახა, რამდენიმეჯერ მესროლეს. ხო, ეს კაპიშონიანი… გოგო იყო. დაახლოებით 18-20 წლის გოგო. შავთმიანი, ულამაზესი ცისფერი თვალები ჰქონდა და პირიდან სისხლს ანთხევდა. ხელებით ასფალტს ისე აწვებოდა, მეგონა ჩაღუნავდა. ტუჩებს კი ისე ამოძრავებდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ყელიდან სიტყვები არ ამოსდიოდა, მხოლოდ სისხლი. ყურები ტუჩებთან მივუტანე. ვცადე რამე გამეგონა. რაღაცნაირად მჯეროდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხომ ხვდებით. მისი ბოლო სიტყვები, რითაც ამ სამყაროს ემშვიდობებოდა. თან ამ სიტყვის წარმოთქმას მან უდიდესი ენერგია დაახარჯა, თითქმის მთელი დარჩენილი ძალღონე და იცით რა მითხრა? რა თქმა უნდა იცით. ეს ხომ ყველამ გაიგო. მან მითხრა – შეგეცი – და მოკვდა, მე კი როგორც უკვე გითხარით, დამშვიდობება არ დამცალდა, რადგანაც მესროლეს, ერთმა ტყვიამ ხელის კუნთში გაიარა. ამ დროს პატრულის თანაამშრომლები გამოჩნდნენ და მათაც ცეცხლი გამიხსნეს. დავიბენი, ვერ გავიგე რა ხდებოდა. არ ვიცოდი რატომ მესროდნენ, მაგრამ გაჩერების და სხვებისთვის კითხვის დროც არ იყო. აუცილებლად მოვკვდებოდი. იქვე საკანალიზაციო ჭა შევამჩნიე. თავი ავხადე და შიგნით ჩავძვერი. სამი დღე სიბნელეში ხელისცეცებით მივდიოდი. ტელეფონი არ იჭერდა და ვერაფერს ვუკავშირდებოდი. შემდეგ კი სახლში ავედი და დაღლილობისაგან 145 საათი მეძინა. ჩემს სანახავად უამრავი ხალხი შეგროვდა. ტელევიზიაც იყო მოსული. სწორედ აქედან გაიგეს სამართალდამცავებმა და მოულოდნელად ამიყვანეს. გამოძინებაც არ მაცადეს, არადა გინესის რეკორდს ვხსნიდი. სულ რაღაც 36 საათი მაკლდა. შემდეგ შეყვარებულიც დამშორდა, მალევე მშობლებიც დამეხოცნენ. სმას მოვუხშირე. ბოლოს გავლოთდი. ამასწინათ ქუჩაში მოვდიოდი და ვფიქრობდი – რა მარტოსულია ადამიანი, რა მიუსაფარი, რა მოწყვლადი. ერთდროულად როგორი ტვირთი და პატივია ადამიანად ყოფნა. წვიმიანი ამინდი იყო. ხეები ნისლში იყო ჩაფლული და ყველგან ფოთლების უზარმაზარი გროვები იდო. გაზიანი მომინდა. ორივე ჯიბეში ხელი ჩავიყავი და ერთდროულად გადმოვატრიალე. ფული არ იყო, არც – სიგარეტი, სანთებელასაც ვერ მოვკარი თვალი, ვფიქრობდი, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, ნუთუ იქამდე მივედი, ისე დავეცი და ცხოვრებამაც ისე ჩამწიხლა, რომ ნაბეღლავისა და სიგარეტის საყიდელი ფული არ მქონდა. შემდეგ კი უცბად გონება გამინათდა და გამახასენდა, რომ საფულე, ტელეფონი და ნაბეღლავი სხვა შარვლის ჯიბეში დამრჩა. უფრო სწორად კი შორტში, რომელიც კაი ხანია გაუხდელად მაცვია, მაგრამ იმ დილით ციოდა და გრძელი ჯინსი ჩავიცვი.

– მეკაიფები ხო? – ბრაზისგან სახე გაუწითლდა სოსოს.

 – ახლა რა არ მოგწონს?

 – რა არ მომწონს კი არა მოგიტყნავ პატრონს ახლავე. პეტრე, პეტრე! -აყვირდა მთელი ხმით

– კაი, შეეშვი, კრებაზეა ადამიანი. მითხარი რა არ ვარგოდა.

 – ვერც ხვდები ხო? დასაწყისს ბოლოში რატო მიყვებოდი. შე მართლა გამოყლევებულო. ტფუი.

 – კაი რა მოხდა მერე. უბრალოდ გაჩერება დამავიწყდა და თავიდან დავიწყე.

 – და რა გრძელი ჯინსი, ტფუი, და ისე კიდევ ჯიბეები ამოვიტრიალე და არაფერი არ იდო. გონება გამინათდაო ამ ყლემ და ვაფშე ვინ დაწერა ეს ყლეობა?

– მე არ ვიცი, ტექტთან არაფერ შუაში ვარ, რაც მომეცით ის ვისწავლე, – თავი დაიცვა გიორგიმ

 – პეტრე!

 – აქ ვარ, მოვედი უკვე, რა გაყვირებს, კიდევ ვერ მოყვა ხო? არა რა სჭირს მაინც ასეთი უსწავლელი, ვერაფერი გამიგია.

 – ტექსტი არ ვარგა. ახლა ვუსმენდი და კი იცის თავიდან ბოლომდე, მაგრამ ტექსტი არაფრად არ ვარგა. ახალი უნდა დააწერინოთ. კითხვები იგივე დატოვეთ, ოღონდ რამე უფრო ბუნებრივი. ეს ყლეობაა. ხვალ ახალს ისწავლის და ეგ იქნება.

 – კარგი, მივხედავ. ამათმაც დაისვენონ მაშინ, შუქი ჩავუქროთ და დაიძინონ ცოტა ხანს.

– ჯანდაბას, ჩაუქრე, მშია მეც და წამო ვჭამოთ რამე.

– ძილინებისა ბიჭებო, – დაემშვიდობა პეტრე საკანს. სოსოს ხელმკლავი გამოსდო და ოთახიდან ლაპარაკ-ლაპარაკით გავიდნენ.

– შენ გექნება რამე.

– კი, კი, ცოლმა ლორიანი სენდვიჩები გამიმზადა.

– ჩაის დალევ?

– სხვა არაფერი გვაქვს?

 – არა, არაყი გამოილია და საღამოს მოიტანენ.

– მაშინ იყოს ჩაი.

– შაქარი ორი ხო?

 – მურაბაც არა გვაქვს?

 – მურაბა არის ცოტა, კომშისა და ალუბლისაც.

– კომშით დავლევ.

– კარგი არჩევანია. ალუბალი მჟავეა მაინც.

– ხო, კუჭს მატკიებს ხოლმე.

– კუჭი მეც ცუდ დღეში მაქვს.

© არილი

Facebook Comments Box