ესე (თარგმანი)

მიშელ ფუკო – მოხსენება სადის შესახებ

ბუფალო, 1970 წლის მარტი

ფრანგულიდან თარგმნა ვალერი ოთხოზორიამ

პირველი სესია

მე, ძირითადად, დავეყრდნობი სადის ბოლო ტექსტებს, იმას, რომელსაც ახალი ჟუსტინი, ანუ სიქველის სიავენი ჰქვია, ჟუსტინის ისტორიის ახალ, ბევრად შევსებულ გამოცემას, ათი ტომი, რომელსაც სადმა დაუმატა ჟულიეტის ისტორია, ანუ მანკიერების სიმდიდრენი. ეს არის ტექსტი, რომელიც 1979 წელს გამოიცა და, ვფიქრობ, წარმოადგენს გარკვეულ შეჯამებას, ამ სიტყვის უკიდურესი და ყველაზე სრული მნიშვნელობით, სადის აზრისა და წარმოსახვისა. მე ამ ტექსტს უფრო დავეყრდნობი, ვიდრე ფილოსოფია ბუდუარში-ს და სოდომის ას ოცი დღე, ანუ გარყვნილების სკოლა-ს.

თქვენის ნებართვით, ორიოდე სიტყვას ვიტყვი ზოგიერთ, სრულებით ცხად საკითხზე. ახალი ჟუსტინის მთელი ისტორია ისევე, როგორც მისი დის – ჟულიეტის ამბავი, სრული ათი ტომი, მოთხრობილია, როგორც სიმართლე, ნამდვილი ამბავი.

პირველივე წინადადებაში სადი ამბობს: მიუხედავად ზიზღისა და ძრწოლისა, რომელსაც მოსაყოლის მიმართ განიცდის, მწერალს უნდა ეყოს ფილოსოფიურობა, თქვას სიმართლე. და ის გვაჩვენებს, ამბობს სადი, დანაშაულს, როგორც ასეთს, მის ჭეშმარიტებაში, მოზეიმესა და დიდებულს.

და მეათე ტომის ბოლოში (გამოვტოვებ ყველა იმ ალუზიასა თუ მინიშნებას, რომლებიც მას თავისი ნათქვამის ჭეშმარიტების დასადასტურებლად მოჰყავს), მეათე ტომის ბოლო სტრიქონებში, სადი კვლავაც ამტკიცებს თავისი რომანის სრულ ჭეშმარიტებას. ერთ-ერთ ბოლო ეპიზოდზე, რომელიც ყველაზე ფანტასტიკურადაც გამოიყურება, ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: „ასეთ დაუჯერებელ ამბავს არავინ ირწმუნებდა, რომანში რომ წაეკითხათ. მაგრამ ეს რომანი არ არის, ეს სიმართლეა, ამიტომ უნდა დამიჯეროთ.“ და იქვე, დასასრულს, ბოლო ფრაზაში სადი განმარტავს, რომ მისი რომანების პერსონაჟები, მათ შორის ჟუსტინი და ჟულიეტი, მკვდრები არიან და მათი თავგადასავლების შესახებ სხვა ისტორია არ შემორჩენილა, გარდა იმისა, რასაც სადი გვიყვება; თუკი ახალი ავტორი ეცდებოდა, დაეწერა ჟულიეტისა და ჟუსტინის თავგადასავლის გაგრძელება, თვითმარქვია და მატყუარა აღმოჩნდებოდა, რამდენადაც ჟულიეტი და ჟუსტინი მოკვდნენ, ხოლო თავიანთ ამბავს, თავიდან ბოლომდე, სადს მოუყვნენ, რომელმაც ზუსტად ჩაწერა ის.

ბოდიშს ვიხდი ამგვარ ბანალობებზე შეყოვნებისთვის. ტრადიციას წარმოადგენდა XVIII საუკუნის რომანებში, თხრობა გარკვეულ ჭეშმარიტებაზე, დამაჯერებლობის პრინციპზე დაემყარებინათ. ამ საუკუნის ავტორები შეგნებულად მიმართავდნენ გარკვეულ ხერხებს ჭეშმარიტება-დამაჯერებლობის ეფექტის მისაღწევად. ამ ხერხებიდან, სადი რამდენიმეს ირჩევს, მათ შორის ასეთს: რასაც მოგვიყვება, ან რაც უკვე მოგვიყვა, მისი გამონაგონი არ არის; ის მხოლოდ მანამდე დაწერილის გადამწერია; ან იმას გვიყვება, რაც ერთ ხელნაწერში ამოიკითხა, შემთხვევით რომ გადააწყდა; ან მისთვის გადაცემულ წერილში ეწერა; ან საიდუმლოს წარმოადგენს, რომ გაანდეს ან შემთხვევით ყური მოკრა. მე არა ვარ ის, ვინც ამბავს ყვება, მთხრობელი სხვაა, მე კი მის მონათხრობს გიზიარებთ. შესაბამისად, ჩემ მიერ ნათქვამი ჭეშმარიტია იმდენად, რამდენადაც არსებობს მთხრობელი. კიდევ არის ასეთი ხერხი: თავად ავტორი შემოდის და გარკვეულ მონაკვეთში თავისი სახელით ლაპარაკობს, მაგალითად: შეიძლება ეს თქვენ დაუჯერებელი გეჩვენოთ, მაგრამ რას ვიზამთ?… რომანში რომ ყოფილიყო, მართლაც დაუჯერებელი იქნებოდა, მაგრამ ეს რომანი არ არის; აქ ჭეშმარიტებას თავად მოგახსენებთ.  

ამგვარი ხერხების შეგნებულად გამოყენება, რომელიც XVIII საუკუნეში მიღებული იყო, – მოგეხსენებათ, როგორ ოსტატობას ავლენდნენ ამ მხრივ დიდრო და სტერნი – სადთან განუზრახველ და უკუღმართ, სრულიად დამაბნეველ სახეს იძენს. რომანში – ალინი და ვალკური, ჩართულია წერილი, რომელიც დაახლოებით 350 გვერდს მოიცავს; მასში საუბარია ისეთ მოვლენებზე, რომლებიც წერილის ავტორს აშკარად ვერ ეცოდინებოდა, – დეტალების განხილვისგან თავს შევიკავებ. როგორი არადამაჯერებლობაა! სადს კი საკუთარი თავი შემოჰყავს, მაგალითად – ჟუსტინში, იმისთვის,რომ გვითხრას: „ეს სიმართლეა.“ საჭიროა ვნახოთ, როდის გვეუბნება ამას. ზოგადად, ეს მაშინ ხდება, როცა პერსონაჟს ხოცვა-ჟლეტა სექსუალურად აღაგზნებს. ამ დროს, სადი სქოლიოში მცირე შენიშვნას დაურთავს: „გარწმუნებთ, რომ ეს სიმართლეა; დამიჯერეთ, ეს სწორედ ასე მოხდა!“ ხერხები, რომლებსაც XVIII საუკუნის ავტორები მიზანმიმართულად და სათანადოდ იყენებენ, სადის ტექსტებში უხერხულობას ქმნის, როგორც ზედნადები, გამეორება და გადაჭარბება, რომლებიც სულაც არ ემსახურებიან იმ მიზანს, რომ რომანს დამაჯერებლობა შემატონ: ათასობით მკვდარი და დახოცილი კაცი და ქალი, მთელი დღის განმავლობაში ახალგაზრდა ქალწულებსა და ჭაბუკებს რომ ეუფლებიან და ურიცხვი სექსუალური დაკმაყოფილების შემდეგ ხოცავენ; ვიღაც, ვინც ერთი დარტყმით ახერხებს რომის დანგრევას, ოთხმოცი საავადმყოფოს მიწასთან გასწორებასა და თხუთმეტი ათასი კაცის გაჟლეტას; ვიღაც, ვინც ვულკანის ამოფრქვევას იწვევს. მიუხედავად მსგავსი სცენებისა, რომლებიც სადის ტექსტებში მრავლად გვხვდება, ის ისევ და ისევ იმეორებს: „რასაც გიყვებით, სიმართლეა.“

მაშ, რას წარმოადგენს ეს სიმართლე? სიმართლე, რომელიც არ ჰგავს XVIII საუკუნის რომანისტების ჭეშმარიტება-დამაჯერებლობას, სიმართლე, რომელსაც თავსა და ბოლოს ვერ ვუგებთ, როგორც კი რომანის შინაარსი თვალწინ გვიდგება. რომელ სიმართლეზეა საუბარი? სიმართლე, რომელზეც სადი საუბრობს, – და ვფიქრობ, საქმე აქაც საკმაოდ მარტივადაა – არის არა, რეალურად, სიმართლე მთხრობლისა, არამედ მისი მსჯელობის ჭეშმარიტება. XVIII საუკუნის რომანისტების ამოცანაა, დამაჯერებელ ფორმაში მოათავსონ შიგთავსი და ამით მკითხველის აღელვება გამოიწვიონ, სადის მიზანი კი ჭეშმარიტების გაცხადებაა: გვაჩვენოს ჭეშმარიტება, როგორც ფილოსოფოსმა, და არა – გვაჩვენოს ჭეშმარიტება, რომელიც სურვილის განხორციელებასთან იქნება სავსებით დაკავშირებული.

ჟუსტინში სურვილის, დომინაციის, სიველურისა და მკვლელობის გამჭოლ ჩნდება რაღაც, რაც შეიძლება იყოს სიმართლე; ესაა ის, რასაც პერსონაჟები საუბრობენ თავიანთ ქმედებებს შორის: ჩადენამდე, ჩადენისას, ან ჩადენის შემდეგ; საუბრობენ ქმედების ასახსნელად, ან დასაზუსტებლად; სწორედ ეს შეიძლება იყოს სიმართლე. სხვანაირად, რაც შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, ესაა მსჯელობა, რაციონალობის ფორმა, რომელიც წაქეზებულია სურვილის ამოცანით და რომელსაც ეფუძნება სურვილის ამოცანა. სწორედ ამიტომ  გვიმეორებს სადი მთელი ტექსტის მანძილზე, რომ აქ საქმე თავად ჭეშმარიტებას ეხება. ვფიქრობ, სწორედ ასე შეგვიძლია მართებულად წამოვჭრათ პრობლემა სადთან ჭეშმარიტებისა და სურვილის ურთიერთმიმართების შესახებ.

ახლა კი, ვიკითხოთ, ჭეშმარიტება-სურვილის ურთიერთმიმართება როგორ ჩნდება, რა ფორმითა და რა დონეზე ავლენს თავს? ვფიქრობ, ანალიზი ორგვარად და ორ დონეზე შეიძლება: პირველი, თავად წიგნის ექსისტენციის დონეზე; და მეორე, იმ მსჯელობის ფარგლებში, რომელიც პერსონაჟებს ეკუთვნით.

ამ საღამოს ვეცდები, პირველი საკითხი განვიხილო: წიგნის ექსისტენცია. პრობლემა მარტივია. რატომ დაწერა სადმა ეს წიგნი? რას შეიძლება ნიშნავდეს სადისთვის წერის ამოცანა? ბიოგრაფიული ცნობებიდან, იქიდან, რაც შემოგვრჩა, ვიცით, რომ მან ათასობით გვერდი დაწერა; ჩვენამდე მოღწეულ ნაწარმოებთა გარდა, კიდევ ბევრი; მათი დიდი ნაწილი ციხიდან ციხეში გადაყვანის დროს დაკარგა; ქაღალდის ნაგლეჯები, რომლებზეც წერდა, ჩამოართვეს. ასე მოხდა, როდესაც ბასტილიის ციხეში ას ოცი დღე დაწერა (ვფიქრობ, მან ის 1788-1789 წლებში დაამთავრა); ბასტილიის აღებისას, ნაწერი ჩამოართვეს. ბასტილიის აღების უარყოფითი მხარე ის იყო, რომ სადის ას ოცი დღე დაიკარგა. საბედნიეროდ, ნაწერი იპოვეს, მაგრამ სადის სიკვდილის შემდეგ; სადმა ტექსტის დაკარგვის გამო „სისხლის ცრემლები“ ღვარა. ეს ყველაფერი: სიკერპე, რომელსაც სადი წერის მიმართ იჩენდა, და სისხლის ცრემლები, რომლებსაც ხელნაწერის დაკარგვისას ღვრიდა, ამას დამატებული ის ფაქტი, რომ ყოველი დაბეჭდვის შემდეგ (სიმართლე ითქვას, არა ყოველ ჯერზე, მაგრამ ბევრჯერ) ციხეში სვამდნენ, ამტკიცებს: სადი წერას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. წერის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ არა უბრალოდ წერის ფაქტი, არამედ ტექსტის გამოქვეყნება, რამდენადაც, გამოქვეყნებისას, თუკი გაუმართლებდა და ციხის გარეთ აღმოჩნდებოდა, ხელახლა იჭერდნენ.

რატომ იჩენს სადი წერის მიმართ ამგვარ სერიოზულობას? ერთი შეხედვით, მეჩვენება, რომ მისთვის წერის მნიშვნელობა შემდეგში მდგომარეობს: პირველი, რასაც ჟუსტინსა და ჟულიეტში მრავალჯერ იმეორებს, მკითხველს ის მიმართავს არა იმისთვის, რომ ასიამოვნოს, არამედ მიუხედავად იმ უსიამოვნებისა, რაც მისმა რომანებმა შესაძლოა მოჰგვაროს. ის ამბობს: „ამაზრზენი ისტორიებით, რომელთაც მოისმენთ, ვერ ისიამოვნებთ. სიქველე ყოველთვის დაისჯება, მანკიერება კი – დაჯილდოვდება, ბავშვებს დახოცავენ, ქალწულებსა და ჭაბუკებს აწამებენ, ორსულებს ჩამოახრჩობენ, საავადმყოფოებს დაწვავენ, ამის მოსმენა – ამბობს სადი – ვერ გასიამოვნებთ. თქვენი გრძნობიერება აჯანყდება, გული კი ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ მე არც თქვენს გრძნობიერებასა და არც თქვენს გულს არ მივმართავ, მე თქვენს გონებასთან და მხოლოდ თქვენს გონებასთან მაქვს საქმე. მე თქვენ მთავარ ჭეშმარიტებას გიცხადებთ, რომ მანკიერება ყოველთვის დაჯილდოვდება, სიქველე კი ყოველთვის დაისჯება.“ მაგრამ აქ შემდეგ პრობლემას ვაწყდებით: სადის რომანის კითხვისას, ვერ აღმოვაჩენთ იმ ლოგიკას, რომ მანკიერება ჯილდოვდებოდეს და სიქველე ისჯებოდეს. მართლაც, ყოველ ჯერზე, როცა ჟუსტინი (რომელიც უბიწოა) ისჯება, სასჯელი არასოდეს დგება იმის გამო, რომ მან მსჯელობაში დაუშვა შეცდომა, რაღაც ვერ გათვალა, ან ვერ გაითვალისწინა. პირიქით, ჟუსტინმა შესანიშნავად გათვალა, მაგრამ უბედურება მაინც თავს ატყდება თვითნებური ჩარევით ან შემთხვევით. როცა ჟუსტინი ვიღაცას გადაარჩენს, ამ დროს ვიღაც სხვა გამოჩნდება, რომელიც გადარჩენილს კლავს, ჟუსტინს კი ყაჩაღებს ან ყალბი ფულის მჭრელებს მიუგდებს და ა.შ. ყოველთვის, დასჯა ხდება გარედან შემოჭრილი შემთხვევით და არა ქმედებათა ლოგიკური ჯაჭვის შედეგად.

მეორე რომანშიც – ჟულიეტი, ანუ მანკიერების სიმდიდრენი, მსგავს სურათს ვაწყდებით: სათნო ჟულიეტი საზარელ დანაშაულთა მსხვერპლი ხდება. ბოლოს, თავად ესხმის თავს ვიღაცას, ვინც მასზე უფრო დამნაშავეს ჰგავს, იტალიელ ყაჩაღს, სახელად ბღა-დე-Fეღს[1]. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რამდენად შეიძლება იტალიელს ბღა-დე-Fეღი ერქვას! ჟულიეტს სიკვდილს მიუსჯიან, მაგრამ განაჩენს გაექცევა. როგორ მოახერხებს ამას: ზუსტი გათვლებით? გონიერებით? გამჭრიახობით? არამც და არამც; ყველაფერი გაცილებით მარტივად ხდება: ბღა-დე-Fეღი ჟულიეტის ძველი დაქალის – კლერვილის ძმა და ქმარი აღმოჩნდება; შედეგად, ჟულიეტი სასჯელს გადაურჩება. ის, რომ მანკიერება სიმდიდრეა, ამ შემთხვევაში მოქმედებათა ლოგიკით სულაც არ მტკიცდება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევით. ამდენად, თავად სადი გვთავაზობს ამგვარ, ჩახლართულ სისტემას თვითნებური მოვლენების შემოჭრით, რომელთაც ზუსტად იმ დროს იყენებს, რომ მანკიერება დაჯილდოების, სიქველე კი დასჯის წინაპირობა აღმოჩნდეს. თუმცა, მოვლენების სხვაგვარად განაწილების შემთხვევაშიც იგივე შედეგი დადგებოდა. მაშასადამე, არც სიქველისა და არც მანკიერების გონივრულობას აქ საქმე არ ეხება, როდესაც სადი ამბობს: „მე არა თქვენს გულს, არამედ თქვენს გონებას მივმართავ“, სადი აშკარად დაგვცინის და გვიბიძგებს სერიოზულად არ მივუდგეთ.

მაშ, რის მიღწევა სურს სადს, როდესაც ამგვარ წარმოდგენას აწყობს, როცა, ერთი მხრივ, ჩვენს გონებას ელაპარაკება, მეორე მხრივ კი, მისი თხზულების ჩონჩხი სულ სხვა რამეს მიემართება? ვფიქრობ, იმისთვის, რომ სადთან წერის ფუნქცია გავიგოთ, მის ერთ ტექსტს უნდა მივმართოთ. ეს არის ერთადერთი ტექსტი ჟუსტინი-დან და ჟულიეტი-დან, რომელიც წერის აქტივობას განმარტავს. თავად ჟულიეტი ერთ-ერთ პერსონაჟს, რომელიც მისი დაქალია (უკვე საკმაოდ გარყვნილი, თუმცა ჯერ კიდევ არა ბოლომდე), გარყვნილების ბოლო საფეხურზე ასასვლელად გაკვეთილს უტარებს. და აი, ჟულიეტი ასეთ რჩევებს აძლევს:

თხუთმეტი დღის განმავლობაში ყოველგვარი ავხორცობისგან თავი შეიკავეთ. სხვა რამით გაერთეთ და იხალისეთ. ვიდრე მეთხუთმეტე დღე არ ჩაივლის, თავში უმცირესი გარყვნილებაც არ გაივლოთ. მერე კი წამოწექით სიწყნარეში, სიჩუმესა და სიბნელეში, მარტოდმარტო. გაიხსენეთ ყველაფერი, რასაც მთელი ეს დრო საკუთარ თავს უკრძალავდით. წარმოსახვა ნებაზე მიუშვით, რათა ყველანაირი აღვირახსნილობა თვალწინ დაგიდგეთ. დეტალურად დაათვალიერეთ ისინი. გამოწვილვით გამოიკვლიეთ. დარწმუნდით, რომ დედამიწა თქვენია, უფლება გაქვთ, შეცვალოთ, დაამახინჯოთ, დაანგრიოთ, ნებისმიერ ვინმეს, ვინც მოგეწონებათ, შეგიძლიათ თავზარი დასცეთ. ნუღარაფრის შეგეშინდებათ. აირჩიეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ნურაფერს გამორიცხავთ, ნურაფერს უარყოფთ და ნურავისი ნუ მოგერიდებათ. არანაირი თოკი არ გაბამთ, არანაირი ბორკილი არ გაკავებთ. წარმოსახვა ბოლომდე მიუშვით დაუკრეფავში სანავარდოდ და მოქმედებაზე გადასვლას ნუ იჩქარებთ. თქვენი ხელები დაუქვემდებარეთ თქვენს გონებას და არა თქვენს გრძნობებს. თქვენგან დამოუკიდებლად, იმ სცენებიდან, რომლებიც თქვენ წინ გაიელვებს, ზოგიერთი ისე ძლიერად მიგიჯაჭვავთ, რომ ვერ შეძლებთ ვერც მის თავიდან მოშორებას და ვერც სხვა სცენით ჩანაცვლებას. აკვიატებული იდეა შეგიპყრობთ და თქვენზე იბატონებს. გრძნობათა გაშმაგებით, მოქმედების ილუზია დაგეუფლებათ და მესალინივით გაათავებთ. როგორც კი ეს მოხდება, სანთლები აანთეთ და ჩაიწერეთ აღვირახსნილობის ის სახე, რომელმაც თქვენი ამგვარი გამძვინვარება გამოიწვია, არ გამოგრჩეთ არცერთი დეტალი, რომელსაც შეეძლო თქვენზე ემოქმედა. მერე კი დაიძინეთ. მომდევნო დღეს ჩანაწერი გადაიკითხეთ და წინა დღის მოქმედება გაიმეორეთ. გაითვალისწინეთ ყველაფერი, რაც კი მოყირჭებულმა წარმოსახვამ შეიძლება მეტად აღგზნებისათვის შთაგაგონოთ. ახლა კი იდეას ხორცი შეასხით და ცხვირწინ დაიყენეთ, და დაამატეთ ყველა ეპიზოდი, რასაც გონება გიკარნახებთ. განაგრძეთ დახვეწა და გამოსცდით, რომ ეს არის ის გადახრა, რომელიც ყველაზე მეტად თქვენია.

ეს არის ტექსტი, რომელიც ნათლად გვიჩვენებს წერილის გამოყენებას; როგორც ხედავთ, სრულიად მკაფიო გამოყენებას, რომელიც, პრაქტიკულად, მასტურბაციის პროცედურას ეძღვნება. თავიდან, სრული თავისუფლება ეძლევა წარმოსახვას, რომელიც გრძელდება სიამოვნების მიღებით, სიამოვნებას მოსდევს წერა, წერას ძილი, გაღვიძებას ნაწერის გადაკითხვა, შემდეგ ისევ წარმოსახვის ახალი სამუშაო, შემდეგ ხელახლა ჩაწერა, და შემდეგ, სადი ამბობს, თითქოს კერძის რეცეპტზე საუბრობდეს: „განაგრძეთ დახვეწა…“ ამ ტექსტის შესახებ, ჩემი აზრით, საჭიროა, სამი რამ აღვნიშნოთ. პირველი, ჩანს, რომ აქ წერა კომუნიკაციის რაციონალურ ინსტრუმენტად ვერ გამოდგება, რასაც სადი სხვაგან გვიმტკიცებდა (როდესაც ამბობდა: „მე თქვენ გწერთ არა იმისთვის, რომ თქვენს გრძნობებს, წარმოსახვასა ან გულს ველაპარაკო, არამედ თქვენს გონებას მივმართავ, რათა დაგარწმუნოთ.“); წერა ინდივიდის ფანტასმაგორიის გამძაფრების მარტივ ინსტრუმენტად ქცეულა. ისაა ერთგვარი ხერხი ეროტიკული ზმანებისა და სექსუალური პრაქტიკის დაკავშირებისა. ტექსტში მართებულადაა ხაზგასმული ამ რეცეპტის წმინდად ინდივიდუალური ხასიათი, რამდენადაც ინდივიდი ემყარება იმ სცენას, რომელიც მას ყველაზე მეტად აღაგზნებს. ამდენად, წერა ფანტასმაგორიის კონსტიტუციაში, სექსუალური პრაქტიკის კონსტიტუციაში წარმოსახვის ხორცშესხმის შუალედურ ეტაპს წარმოადგენს.

მეორე, რაც უნდა შევნიშნოთ, არის ის, რომ, დიდი ალბათობით, ფანტასმაგორიული წერის ამ მეთოდს, ეროტიკული წერის ამ რეცეპტს თავად სადი აქტიურად იყენებდა; დიდი ალბათობით, მისი მხრიდან რომანების წერა სწორედ ამას უკავშირდება. რასაც ზევით ჟულიეტი აღწერს, როგორც ჩანს, ორმოცწლიანი პატიმრობის განმავლობაში, თავად სადის პრაქტიკას წარმოადგენდა, დილით თუ საღამოს, რაც მას საწერად განაწყობდა: მისი ნაწერები ჩანაწერებია, მისი მარტოსული სიშმაგის აღწერები.

მესამე, რაც უნდა შევნიშნოთ: წერის ამგვარად გამოყენების აღწერას ვპოულობთ ოდნავ სხვანაირად, თუმცა მაინც დიდწილად იდენტურად, სულ სხვა ტექსტში, რომელიც სრულიად საჯარო დარჩა და არ აუკრძალავთ, სახელად – „იდეები რომანის შესახებ“. აქ ის ამბობს (რითაც ერთდროულად ამ ტექსტისა და მისი წერის მანერის ავთენტურობას აჩვენებს), რომ რომანისტი ამგვარად უნდა იქცეოდეს: უპირველეს ყოვლისა, კარგი რომანისტი ბუნებაში ისე უნდა ჩაიძიროს, როგორც საკუთარი დედის საყვარელი – მის სხეულში. ამდენად, რომანისტი ბუნების ვაჟია, რომელსაც მასთან ინცესტური ურთიერთობა აქვს; ის ისევე მთელი არსებით ეძლევა დედა-ბუნებას, როგორც ჩვენთვის ცნობილი პერსონაჟი – თავის წარმოსახვას. და შემდეგ, ბუნების საშოში ჩავარდნილი რომანისტი წერს და წერით ბუნების საშოს განხვნის, ამბობს სადი. როგორც ხედავთ, აქაც, სექსუალური ხატი აშკარაა. როცა შეიჭრება და საშოს კარს განხვნის, – ამბობს ის, – რომანისტი ამაზე არ უნდა გაჩერდეს, ვერაფერმა ვერ უნდა დააკავოს; სადი მიმართავს: „შენ გაქვს უფლება შერყვნა ყველა ისტორიული დეტალი, თუკი ამგვარ ბორკილთა მსხვრევა გამოგადგება იმისთვის, რომ სიამოვნება მოგვანიჭო.“ ბუნება გვაძლევს ჭეშმარიტებებს, ისტორიას. ის გვამარაგებს ელემენტებით, როგორც დედა სიამოვნებას ანიჭებს თავის ბავშვს, მაგრამ რომანისტმა ეს ელემენტები მუდმივად უნდა ცვალოს, გარდაქმნას და თავს მათ მბრძანებლად გრძნობდეს – სწორედ ისე, როგორც ჩემ მიერ წაკითხულ ნაწყვეტში, – ინცესტური წარმოსახვით, რომელიც მას თავიდანვე მონიჭებული აქვს. ლიბერტინი[2] თავის წარმოსახვას გამოცდის ხატების გამრავლებითა და გამრავალფეროვნებით. შემდეგ, მიაგნებ ესკიზს, – გვეუბნება იდეები რომანის შესახებ, – და როცა ქაღალდზე გადმოიტან, ის მაშინვე გაფართოებას დაიწყებს, შენ კი შენს გეგმაში ნუ ჩაიკეტები, ყველა საზღვარს გასცდი, ყველაფერი არივდარიე და გაამრავლე. თქვენ ხედავთ იდეები რომანის შესახებ როგორ კვალდაკვალ მისდევს ჩვენ მიერ ნახსენებ სექსუალურ ფანტასმაგორიას, რომ ქაღალდზე გადმოტანილ ესკიზს ხელახლა უნდა მიუბრუნდე, გადაამუშაო, წერისას წარმოსახვას გასაქანი მისცე, როგორც ჟულიეტის პასაჟში ამოვიკითხეთ. იდეები რომანის შესახებ ასე მთავრდება: „მე შენგან მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ: ბოლო გვერდამდე შეინარჩუნე ინტერესი.“

ბოლო გვერდი, როგორც ხედავთ, აქ თამაშობს იმ როლს, რომელიც რეალობას ჰქონდა მინიჭებული წინა ტექსტში. სხვანაირად რომ ვთქვათ, წერის ეს ორი აღწერა: ფანტასმაგორიული, რომელიც მოვისმინეთ და იდეები რომანის შესახებ, სადაც სადი რომანისტს რჩევებს აძლევს, სავსებით სიმეტრიულია. პროცედურა იგივეა, თუმცა ორ შემთხვევაში გარკვეული ვარიაცია მაინც გვხვდება: დასაწყისში, ჟულიეტის ფანტასმაგორია წარმოსახვის თავისუფლებას ეფუძნება მაშინ, როცა იდეები რომანის შესახებ ამ როლს ბუნებას უთმობს; და ბოლოში, ჟულიეტის ფანტასმაგორია რეალობას დაემყარება („განაგრძეთ დახვეწა“, ამბობს სადი) მაშინ, როცა იდეები რომანის შესახებ გვეტყვის, რომ ბოლო გვერდამდე გავყვეთ. ორივე ვერსიაში, რომელთაც ჩვენ ისევ დავუბრუნდებით, პროცედურა ზუსტად იგივეა: როგორი მეთოდითაც გვირჩევს სადი რომანის დაწერას და როგორი დამაჯერებლობითაც წერს ის თავის რომანებს, ემთხვევა წერის გამოყენების იმ მეთოდს, რომელსაც სექსუალური ფანტასმაგორიის ბოლოში გვასწავლის. შედეგად, ვფიქრობ, ილუზიაში არ უნდა ჩავვარდეთ: წერა სადთან სულაც არ გამოიყურება ისე, როგორც რომანში გვიმტკიცებს, ის არც გონებას ეფუძნება და არც გონებას მიემართება, არამედ სულ სხვა რამეს გულისხმობს. წერა სადთან სექსუალური ფანტასმაგორიაა. ჩვენი შეკითხვა კი ხელახლა გაჟღერდება: რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას ჭეშმარიტებასთან? თუკი წერა სხვა არაფერია, თუ არა უბრალო და წმინდა სექსუალური ფანტასმაგორია, რანაირად შეიძლება მას ჭეშმარიტების გაცხადების პრეტენზია ჰქონდეს? ხომ არ გვატყუებს სადი ჩვენ აქ, უბრალოდ აბუჩად ხომ არ გვიგდებს, როცა წერითა და წარმოსახვით მოთამაშე, უფრო ზუსტად, წერით გატაცებული იმისთვის, რომ წარმოსახვა გაიუმჯობესოს, თავხედობითა ან უგუნურებით გვეუბნება, ჭეშმარიტებას გიცხადებთო?

ვფიქრობ, უფრო ახლოდან უნდა შევისწავლოთ ტექსტი, რომელზეც გელაპარაკეთ. ზუსტად რა ფუნქცია აკისრია წერას ამ ტექსტში?

უპირველეს ყოვლისა, წერა შუამავლის როლს ასრულებს წარმოსახვითსა და რეალურს შორის. სადი ან პერსონაჟი, დასაწყისიდანვე, წარმოსახვითი სამყაროს ტოტალობას სრულად ეძლევა: წარმოსახვით სამყაროში ცვლილებები შეაქვს, შესაძლებლობის ფარგლებს აფართოებს და საზღვრებს გადალახავს, და იქამდეც კი მიდის, რომ ჰგონია, უკვე ყველაფერი წარმოიდგინა; სწორედ ამას გულისხმობს ერთი და იმავეს მრავალჯერ გადაწერა. მხოლოდ ერთხელ, ერთადერთხელ უბრუნდება იგი რეალობას, როცა წერს, როცა ახორციელებს თავის ცნობილ „განაგრძეთ დახვეწას“, თითქოს ეს მარტივად მისაღწევი იყოს მას შემდეგ, რაც ათი ათასი ბავშვის გაჟლეტა, ასობით საავადმყოფოს დაწვა და ვულკანის ამოფრქვევაც კი წარმოიდგინა. წერა, მაშასადამე, პროცესია, რომელსაც რეალობამდე მივყავართ, მაგრამ რომელიც რეალობას, სიმართლე ითქვას, არარსებულის ფარგლებში აქცევს. წერა არის ის, რაც წარმოსახვას აფართოებს, რაც მას ამრავალფეროვნებს, რაც საზღვრებს გადაალახვინებს და რასაც რეალობა თითქმის არარამდე დაჰყავს, რაც ტექსტში აღნიშნულია, როგორც „განაგრძეთ დახვეწა“. წერა არის ის, რაც, გარკვეულწილად, რეალობის პრინციპს წარმოსახვის პრინციპზე შორს გადასწევს; ან, უფრო ზუსტად, წერა წარმოსახვაზე შორს გადასწევს შეცნობის მომენტს, წარმოსახვის მუშაობას რეალობაში აყოვნებს, საბოლოოდ კი რეალობის პრინციპით ანაცვლებს. წერის მეოხებით, წარმოსახვას აღარ უწევს მისთვის აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა: აღარ უწევს გადააბიჯოს რეალობას. წერა რეალობას წარმოსახვის სიშორეზე გადაჭიმავს და მასავით არარეალურად აქცევს. წერაა ის, რაც რეალობის პრინციპს ანაცვლებს და რაც წარმოსახვას ათავისუფლებს იმის უწყვეტი მცდელობისაგან, რომ არასოდეს დაემთხვეს რეალობას.

წერის უპირველესი ფუნქცია, მაშასადამე, რეალობასა და წარმოსახვას შორის საზღვრის წაშლაა. წერა არის ის, რაც გამორიცხავს რეალობას, რაც წარმოსახვითს თავისთავად, უსასრულო და უსაზღვრო ჰორიზონტს ანიჭებს. წერის წყალობით გვეძლევა სამყარო, რომელსაც მთლიანად, თუკი ფროიდის ლექსიკონს გამოვიყენებთ, სიამოვნების პრინციპი მართავს, და რეალობის პრინციპს ვერასდროს შეხვდება.

მეორე, ისევ და ისევ, შევნიშნავთ: წერა სექსუალური ტკბობის ზუსტად ორ მომენტს შუა ხორციელდება. მართლაც, მართებულად ითქვა, რომ წარმოსახვითი ქმედება ოსტატურად უნდა წარიმართოს და საფეხურებრივად განვითარდეს პირველ სექსუალურ ტკბობამდე და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს ჩაწერა; აღნიშნულს ტკბილი ძილი მოჰყვება, დილით კი ჩანაწერის წაკითხვა მოხდება; როგორც სადი ამბობს, ყველაფერი ხელახლა დაიწყება, წერილი სექსუალურ ფანტასმაგორიაში გამეორების პრინციპის როლს შეასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ წერისა და წერილის მეოხებით, ჩნდება შესაძლებლობა, დაუბრუნდე ადრინდელ ზმანებას, გაიმეორო ის წარმოსახვაში და ამგვარ გამეორებაში მიწვდე იმას, რაც დასრულდა, ანუ ტკბობას.

წერილი გამეორებული ტკბობის მექანიზმს წარმოადგენს. წერა არის ის, რაც ხელახლა ტკბობის მიღწევის შესაძლებლობას ფლობს. წერითი ჰედონიზმი, წერა, როგორც ტკბობა: სწორედ ასეთია სადის წერილი; და ყველაფერი ის, რაც XVIII საუკუნის ლიტერატურის თეორიაში, ტრადიციულად, ინტერესის პრინციპის წერასთან თანაკვეთას განასახიერებდა, რომ ისე უნდა მოგეთხრო, მკითხველის ინტერესი ბოლომდე შეგენარჩუნებინა, სადთან ყველაზე რადიკალური და უსირცხვილო სექსუალობის პრინციპით ნაცვლდება, რითაც წერა სექსუალური ტკბობის გამეორების საშუალებად იქცევა. მაშასადამე, წერა დროის ზღვარსაც შლის, ისევე, როგორც გამოფიტვის, დაღლის, სიბერისა და სიკვდილის ზღვარს. წერის გავლით, ყველაფერი მარადიული და უწყვეტად გამეორებული ხდება. წერის სამყაროში ვერ იზეიმებს ვერც დაღლა, ვერც გამოფიტვა და ვერც სიკვდილი. როგორც ცოტა ხნის წინ შევნიშნეთ, წერა არის ის, რაც შლის განსხვავებას სიამოვნების პრინციპსა და რეალობის პრინციპს შორის. წერის მეორე ფუნქცია, მაშასადამე, შემდეგია: დროის საზღვრის წაშლა და გამეორების გათავისუფლება თავის თავში. ამიტომაა, რომ სადის რომანებში იმავე ისტორიებისა და იმავე პერსონაჟების, იმავე ჟესტებისა და იმავე ქმედებების, იმავე საუბრებისა და იმავე მსჯელობების დაუსრულებელ გამეორებას ვაწყდებით; აქ არც დროის საზღვარი არსებობს: ჟულიეტის ისტორიის უკანასკნელი ტომი სწორედ ამ სიტყვებით მთავრდება: „კიდევ ათი წლის განმავლობაში, ჩვენი გმირები იმ თავგადასავლებში ეხვეოდნენ, თქვენ რომ ახლახან წაიკითხეთ“, მერე კი ჟულიეტი სამყაროდან გაქრა, თუმცა, არავინ იცის როგორ; მას კი გაქრობის მიზეზი არ აქვს, რადგან, ყველაფრის მიღმა, სამყაროში ხომ ყველაფერი მეორდება; ყველაფერი დაუსრულებლად მეორდება და ჟულიეტსაც რეალური სიკვდილი არ შეუძლია.

მესამე, თუკი ძველებურად ტექსტს გავყვებით, წერის როლი უბრალოდ ტკბობის უწყვეტ გამეორებაში შეყვანა კი არაა, არამედ ამაზე შორს წასვლაც: წარმოსახვას მიანიჭოს შესაძლებლობა, საკუთარ საზღვარს გადააბიჯოს: „სანთლები აანთეთ და ჩაიწერეთ აღვირახსნილობის ის სახე, რომელმაც თქვენი ამგვარი გამძვინვარება გამოიწვია, არ გამოგრჩეთ არცერთი დეტალი, რომელსაც შეეძლო თქვენზე ემოქმედა. მერე კი დაიძინეთ. მომდევნო დღეს ჩანაწერი გადაიკითხეთ და წინა დღის მოქმედება გაიმეორეთ. გაითვალისწინეთ ყველაფერი, რაც კი მოყირჭებულმა წარმოსახვამ შეიძლება მეტად აღგზნებისათვის მოგანიჭოთ.“           

წერა, რომელიც იმეორებს, ამავე დროს – ამრავლებს, ამძაფრებს, ზრდის და უსაზღვრობად აქცევს. ეს გადა-წერა, ეს წერა-წერილი-კითხვა-კვლავწერა და ა.შ. შესაძლებლობას აძლევს წარმოსახვას, მუდამ უფრო შორს წავიდეს, ყოველი წერისას ახალი საზღვრის გადალახვა ხდება. წერა ეხსნება და ხვდება მისკენ გახსნილ უსასრულო სივრცეს, სადაც ხატები, სიამოვნებანი, ექსცესები მრავლდებიან დაუსრულებლად და უსაზღვროდ. წერა, რომელიც არის სიამოვნების უსაზღვროდ ქცევა რეალობასთან მიმართებით, რომელიც არის გამეორების უსაზღვროდ ქცევა დროსთან მიმართებით, ამავე დროს, ხატის თავის-თავში უსაზღვროდ ქცევაცაა, და თავად საზღვრის თავის-თავში უსაზღვროდ ქცევაც, რამდენადაც ყველა საზღვარი გადალახულია. ვერცერთი ხატი ვერასოდეს ვერ დასტაბილურდება, ვერცერთი სურვილის ბოლომდე დაუფლებას ვერ შეძლებს ფანტაზმი, ფანტაზმის უკან მუდამ ფანტაზმი აღმოჩნდება, რაც აგრეთვე ფანტაზმის უსაზღვროდ ქცევას ნიშნავს, როგორც ამაში წერილი გვარწმუნებს.

წერის მეოთხე ფუნქციას თავად ტექსტი ამბობს: „განაგრძეთ დახვეწა და გამოსცდით, რომ ეს არის ის გადახრა, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ.“ იმ პროცედურის მეშვეობით, რომლითაც წერა ფანტაზმის უსაზღვროდ ქცევისა და გამეორების დროში უსაზღვროდ ქცევის კონდიციამდე მიდის, ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას სხვა ინდივიდებთან მიმართებით, ნორმებსა და ქცევის წესებთან მიმართებით, ყველა კანონთან მიმართებით, ყველა ნებადართულთან და აკრძალულთან მიმართებით, მიაღწიოს შესაძლებელთაგან მაქსიმალურ გადახრას, მაქსიმალურ დისტანცირებას; ამგვარად წარმოსახული ქმედება, წერით ნაკარნახევი, ბოლომდე მიყვანილი, ბოლო საზღვრებს მიღმა გადაყვანილი, ეს ქმედება, ჩადენილი თუ ჩაუდენელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან წერისას სულერთია ამგვარი განსხვავება, ეს ქმედება ინდივიდს შეუძლებლის იმგვარ წერტილში ათავსებს, რომ ამიერიდან ის იქცევა ყველაზე დევიანტურად სრული სინგულარულობით, ყველაზე გადახრილად, რომლის მიღწევაც კი შესაძლებელია და არავისთან, ვინც არ უნდა იყოს ის, საერთო აღარაფერი ექნება. როგორც ამგვარი ქმედების აღმძრავი, წერა, მაშასადამე, ექსცესისა და ექსტრემის პრინციპს წარმოადგენს: ის ინდივიდს არა მხოლოდ სინგულარობაში ათავსებს, არამედ განუკურნებელ სიმარტოვეშიც. ამ მომენტის შემდეგ, და ამას სადი სხვა ტექსტებშიც ამბობს, როცა ინდივიდი ამ, აბსოლუტურად შემაძრწუნებელ, აბსოლუტურად შეუძლებელ აქტს ჩაიდენს, როცა ის მას ეფექტურად განახორციელებს, უკან ვეღარ დაბრუნდება: ნებისმიერი სინდისის ქენჯნა, მონანიება ან გამოსყიდვა გამორიცხულია. ამ აქტის შემდეგ, ინდივიდი აბსოლუტურად და ტოტალურად დამნაშავე ხდება; ვერაფერი წაშლის ამ დანაშაულის არსებობას, ვერაფერი წაშლის ინდივიდის დამნაშავეობას. წერა არის, მაშასადამე, პრინციპი, რომელიც აფუძნებს და რომლის გავლითაც ფუძნდება დანაშაული, როგორც დანაშაული. წერილი აფუძნებს უკიდურეს ექსტრემს და იმ მომენტის შემდეგ, როდესაც ის ამ ექსტრემში ინდივიდს ათავსებს, განა, კვლავაც შესაძლებელია დანაშაულზე საუბარი? თუკი სინდისის ქენჯნა გამორიცხულია, თუკი ინდივიდი ვერანაირად ვერ შეძლებს გამოისყიდოს ჩადენილი დანაშაული, თუკი ვერანაირი სასჯელი მას ვერ მისწვდება, თუკი მისი ცნობიერება მას დამნაშავედ არ სცნობს, მაშასადამე, დანაშაული თავისთავად ქრება და ინდივიდი თავის და სხვათა თვალში წარმოდგება, არა როგორც დამნაშავე, რომელმაც კანონები ფეხქვეშ გათელა, არამედ, როგორც სრულიად სინგულარული, ის, ვინც მარტოა, და სხვებთან არაფერი აკავშირებს, და დანაშაული იმ ცნების სასარგებლოდ ქრება, რომელიც სადთან ცენტრალურ ადგილს იჭერს: უწესრიგობა.

ამგვარად, წერა, აქამდეც რომ საზღვრებს შლიდა, ახლა უკვე შლის უკანასკნელ საზღვარსაც, რომელიც დანაშაულს უდანაშაულობისგან მიჯნავს და ნებადართულს აკრძალულისგან ასხვავებს; მას სამყაროში განუსაზღვრელი უწესრიგობა შემოაქვს. ამდენად, ახლა უკვე უკეთ შეგვიძლია გავიგოთ, რისი თქმა სურდა სადს, როდესაც ამბობდა: „მე ვწერ იმიტომ, რომ სიმართლე გითხრათ.“ თუმცა, სიმართლის თქმა სადისთვის არ ნიშნავს XVIII საუკუნის რომანისტებივით რაიმეს დამაჯერებლად მოყოლას, რაზეც ჩვენ ადრეც შევთანხმდით. სიმართლე სადისთვის ნიშნავს სურვილის, ფანტაზმისა და ეროტიკული იმაგინაციის დაფუძნებას ჭეშმარიტებაზე, როცა სურვილისთვის არ არსებობს არანაირი რეალობის პრინციპი, რომელიც მას წინააღმდეგობას გაუწევდა, ეტყოდა „არა“-ს, ან: „არის რაღაცები, რასაც ვერ მიწვდები“, ან: „შენ ცდები; მხოლოდ ფანტაზმი და იმაგინაცია ხარ.“ მას შემდეგ, რაც წერა სურვილს სავსებით ემორჩილება, ის სურვილის სამუშაოდ იქცევა, მის გამრავლებად, რეალობის პრინციპის უარყოფად, აქედან გამომდინარე, ფანტაზმის ვერიფიკაცია შეუძლებელი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ფანტაზმი სიმართლედ იქცევა და წარმოსახვა უტოლდება თვით-ვერიფიკაციას; ან, უფრო ზუსტად, ერთადერთი ვერიფიკაცია, რომელიც შესაძლებელია, შემდეგია: ფანტაზმის მიღმა მორიგი ფანტაზმი.

მეორე, წერა სურვილს ჭეშმარიტების წესრიგში ათავსებს, რამდენადაც დროის საზღვრის მოშლითა და იმით, რომ ნაწერს გამეორების უსასრულო სამყაროს ნაწილად აქცევს, სურვილი აღარ არის ის, რაც ერთ მომენტში მოცემულია, მეორეში კი გაქრება. წერის მეოხებით, სურვილი აღარ არის ის, რაც ერთ მომენტში ჭეშმარიტია, მეორეში კი მცდარი, არც ის, რაც სიცოცხლის ბოლოს, სიკვდილის ზღვარზე ჩნდება, რამდენადაც არ არის სიკვდილი და არ არის არც სიცოცხლის ბოლო, რადგან ყველაფერი უწყვეტად მეორდება; ამდენად, დროითი ბარიერის გაუქმებითა და გამეორების სამყაროს დაფუძნებით სურვილს ეცნობება, რომ სამუდამოდ ჭეშმარიტია და ვერაფერი აქცევს უუნაროდ.

მესამე, წერა სურვილს ჭეშმარიტების სამყაროში რთავს, რამდენადაც შლის სურვილისთვის ყველა ზღვარს კანონსა და უკანონობას, ნებადართულსა და აკრძალულს, მორალურსა და ამორალურს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ წერას სურვილი განუსაზღვრელი შესაძლებლობისა და უსაზღვრობის სივრცეში შეჰყავს. წერა წარმოსახვისა და სურვილისთვის უზრუნველყოფს მხოლოდ საკუთარ სინგულარულ ინდივიდუალობასთან, და არაფერ სხვასთან, შეხვედრის შესაძლებლობას. ის სურვილს შეაძლებინებს, იყოს მუდამ, ერთგვარად, საკუთარი უწესრიგობის სიმაღლეზე, და ვერაფერმა, ვერასდროს, ვერ შეძლოს მისი უარყოფა ან შეზღუდვა. სურვილი მუდამ საკუთარი ჭეშმარიტების ტოლია. ყველა იმ უსაზღვრობის შედეგად, რომლებიც წერამ წარმოშვა, სურვილი საკუთარი თავის კანონად იქცევა. ის ხდება აბსოლუტური სუვერენი, რომელიც საკუთარ თავში ფლობს თავის ჭეშმარიტებას, თავის გამეორებას, თავის უსასრულობას, თვით-ვერიფიკაციის წერტილს. ვერავინ ეტყვის სურვილს: „მცდარო“, ვერავინ ეტყვის: „თვითკმარი არა ხარ“, ვერავინ ეტყვის: „ერთია, შენ რაზე ოცნებობ, და მეორეა წინ რა გეღობება“. სურვილს ვერავინ ეტყვის: „შენ ცხოვრობ ასე, მაგრამ რეალობა სხაგვარადაა მოწყობილი“. წერის წყალობით, სურვილი იქცა, და ტოტალური ჭეშმარიტების სამყაროს წევრი გახდა, აბსოლუტურად და უსაზღვროდ; და წინ ვერც ვერაფერი აღუდგება.

ამგვარად, თქვენ ხედავთ, რომ სადიანურ წერას არავისთვის არაფერი აქვს საჩვენებელი, სამტკიცებელი ან დასარწმუნებელი; ის არც იდეების და არც გრძნობების აღძვრას არ ცდილობს. ის არ ცდილობს ვინმეს დარწმუნებას გარეგან ჭეშმარიტებაში. სადიანური წერილი არ მიემართება არავის რეალობაში, არავის რაიმე ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად; ის არ ამტკიცებს იმ ჭეშმარიტებას, რომელიც სადს მოუვიდა თავში, რომელიც სადმა იგრძნო და შემდეგ გადმოსცა იმავენაირად, როგორც გადასცემენ მკითხველსა თუ ავტორს. სადის წერილი ყველაზე მარტოსული ნაწერია, რომელიც ვერავის ვერაფერს გააგებინებს და ვერც ვერაფერში დაარწმუნებს. და მიუხედავად ამისა, სადისთვის აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს, ფანტაზმებმა წერილის გზა განვლონ, გაიარონ იმაში, რაც მასში მატერიალური და მყარია, როგორც ჟულიეტში ვკითხულობთ, სწორედ ამ წერილის, ამ მატერიალური ნაწერის, ფურცელზე დასმული ნიშნების მეშვეობით შეგვიძლია ვასწოროთ უსასრულოდ, სწორედ ამ წერილის მეშვეობით სურვილი აბსოლუტურად უსაზღვრო სივრცეში აღმოჩნდება, სადაც გარეგანობა, დრო და წარმოსახვის საზღვრები, ნებართვები და აკრძალვები საბოლოოდ და სრულიად გაუქმებულია. წერილი, მაშასადამე, უბრალოდ და მარტივად, არის სურვილი, რომელსაც უსაზღვრო ჭეშმარიტება მიენიჭა. წერილი არის სურვილი, რომელიც ჭეშმარიტებად იქცა, ის არის ჭეშმარიტება, რომელმაც სურვილის სახე მიიღო: გამეორებული, უსაზღვრო, უკანონო, შეუზღუდავი, არაგარეგანი სურვილის სახე; სურვილისა კანონის გარეშე, სურვილისა შეზღუდვის გარეშე, სურვილისა გარეგანობის გარეშე, რაც ნიშნავს სურვილთან მიმართებით გარეგანობის გაუქმებას. უეჭველად, სადთან წერილი სწორედ ამას სჩადის და ამიტომაც სადი წერს.


[1] რკინხელა. (მთარგ.)

[2] იგივეა, რაც გარყვნილი. (მთარგ.)

© არილი

Facebook Comments Box