პროზა (თარგმანი)

მიხაილ ზოშჩენკო – მოთხრობები

ჩემი ლიტერატურული საქმიანობისა და კრიტიკოსების შესახებ

ამჟამად, ჩემს ლიტერატურულ საქმიანობასთან დაკავშირებით რაღაც დაბნეულობას აქვს ადგილი კრიტიკოსთა შორის. ვერა და ვერ გადაუწყვეტიათ, კერძოდ რას მიაკუთვნონ ჩემი შემოქმედება, – მაღალ ლიტერატურას, თუ ლიტერატურას – წვრილმანსა და უღირსს. და იმდენად, რამდენადაც ჩემი რაღაც-რაღაცეების უმეტესი ნაწილი პატივდაუდებელი ფორმით მაქვს მოწოდებული – ჟურნალისტური ფელეტონი და პატარ-პატარა მოთხრობა – ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩემი ბედი, როგორც ყოველთვის, გადაწყვეტილია.
კრიტიკოსები ჩემს შესახებ ლაპარაკობენ, როგორც იუმორისტზე, მწერალზე, რომელიც აცინებს, და რომელიც, სიცილის გამო ღმერთმა უწყის რას აღარ უშვება მშობლიურ რუსულ ენას.
ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის.
მე თუ ხანდახან ენას ვამახინჯებ, მხოლოდ და მხოლოდ – პირობითად, ვინაიდან, მსურს დავხატო ჩემთვის საჭირო ტიპი. ტიპი, რომელიც ადრე თითქმის არც კი ფიგურირებდა რუსულ ლიტერატურაში. ხოლო, რაც შეეხება წვრილმან ლიტერატურას, – ამგვარ განმარტებას არ გავაპროტესტებდი (ჯერ კიდევ საკითხავია, თუ რას ნიშნავს – წვრილმანი ლიტერატურა).
აი, არსებობს ლიტერატურაში ეგრეთ წოდებული “სოც.შეკვეთა” (ვფიქრობ, ამჟამად ეს შეკვეთა არამართებულად დამკვიდრდა) და ფიგურირებს ვერსია, რომ შეკვეთილია წითელი ლევ ტოლსტოი. როგორც სჩანს, ეს შეკვეთა რომელიღაც წინდაუხედავმა გამომცემლობამ დაგვიბევა. ვინაიდან ჩვენი ცხოვრება, მთელი საზოგადოება და მთელი გარემო, რომელშიც დღეს მწერალი სულგამძლეობა, რა თქმა უნდა, წითელი ლევ ტოლსტოის შეკვეთას არ იძლევა. და თუ თავად შეკვეთაზე ვისაუბრებთ, მაშინ, შეკვეთილია ისეთი რამ, ისე პატივაყრილი, დაწვრილმანებული ფორმით, რაც (ყოველ შემთხვევაში ადრე ასე იყო) ყველაზე ცუდ ლიტერატურულ ტრადიციებს უკავშირდება.
შეკვეთილი ერთი ყოფილა და მე ყველაფერს მიყოლებით ვტაცე ხელი.
ვფიქრობ არ შევმცდარვარ.
მაღალ ლიტერატურაში არც ვაპირებ შეძრომას. მაღალ ლიტერატურაში ისედაც ბევრი მწერალია.
ხოლო, როდესაც კრიტიკოსები (და ეს კი ხშირად ხდება ხოლმე) ჩემს სამუშაოს ორ ნაწილად ჰყოფენ: აი, თურმე, ჩემი მოთხრობები, ეს თურმე – მართლაც მაღალი ლიტერატურაა, ხოლო ესენი კი, პატარა მოთხრობები – საჟურნალო იუმორისტიკა, სატირიკონი: – ვირის თავ-ფეხი! ეს ასე არ არის.
დიდ მოთხრობებსაც და პატარა მოთხრობებსაც ერთი ხელით ვწერ. და არც ასე ზედმიწევნითი ვყოფ: აი, მეთქი, ეხლა ვირის თავ-ფეხს დავწერ, ხოლო, ამ მოთხრობას კი – შთამომავლობას ვუტოვებ.
ისე, მართალია, რომ გარეგნული ფორმით, ჩემი დიდი მოთხრობა უფრო ახლოს დგას – ეგრეთ წოდებული – მაღალი ლიტერატურის ნიმუშებთან. მასში, მე ვიტყოდი, მეტია ლიტერატურული ტრადიცია, ვიდრე იუმორისტულ მოთხრობებში. მაგრამ, მათი ხარისხოვნება, პირადად ჩემთვის, ერთი და იმავე დონისაა. საქმე კი იმაში მდგომარეობს, რომ დიდტანიან მოთხრობებში (სენტიმენტალური მოთხრობები) ვხატავ უშუალოდ ინტელიგენტ ადამიანს. მცირე ზომის მოთხრობებში კი უფრო უბრალო ადამიანები ფიგურირებენ. თვითონ თემა და ტიპაჟი მკარნახობს ფორმას.
აი რატომ იყოფა (ასე გამოკვეთილად) ჩემი სამუშაო ორ ნაწილად. კრიტიკა კი – გარეგნული მოჩვენებითობით არის ცთუნებული…
მთელი უბედურება იმაშია (განსაკუთრებით ამ ბოლო ორი წლის მანძილზე), რომ რაღაცნაირი დაღლილობის, სასოწარკვეთილი მოწყენილობისა და ყოველდღიური აუცილებელი საქმიანობის ფონზე მრავალი პატარა რაღაცის დაწერა მოვახერხე (რა თქმა უნდა – “ცუდის”), რომლებიც, მართლაც რომ ყოველდღიურ საჟურნალო მოთხრობაზე მაღლა ვერ დადგება. ეს კიდევ უფრო აბნევს კრიტიკოსებს, რომელნიც მთელი მონდომებით (ბევრი რომ არ მეჯახირონ და მეცოდვილონ) ცდილობენ ჩემს (ლამისდა) რეპორტიორად გასაღებას.
მაგრამ, არც ამ შემთხვევაში გამოვთქვამ პროტესტს. მხოლოდ ერთი რამ უნდა ვაღიარო. შესაძლოა, ეს თქვენ უცნაური და მოულოდნელიც გეჩვენოთ. საქმე იმაშია, რომ მე – პროლეტარული მწერალი ვარ. უფრო სწორად, ჩემი რაღაც-რაღაცეებით, იმავე წარმოსახვის მქონე, მაგრამ, ნამდვილ პროლეტარულ მწერალს ვაპაროდიებ მწერალზე, რომელიც ცხოვრების დღევანდელ პირობებსა და დღევანდელ გარემოში იარსებებდა. რა თქმა უნდა, ასეთი მწერალი სინამდვილეში არ არსებობს, განსაკუთრებით ახლა. ხოლო, როცა იარსებებს, მაშინ საზოგადოება, მისი გარემო ყოველმხრივ მნიშვნელოვნად ამაღლებული იქნება.
მე მხოლოდ პაროდირებას ვცდილობ. დროებით ვცვლი პროლეტარულ მწერალს. ამიტომაა ჩემი მოთხრობათა თემატიკა მიამიტი ფილოსოფიით გაჯერებული და რომელიც, ზუსტადაც რომ – საჩემმკითხველოა.
დიდ ნაწარმოებებში კვლავ ვაპაროდიებ მოუხერხებელ, ძორძოხა (კარამზინის სტილია) თანამედროვე წითელ ლევ ტოლსტოის ან რაბინდრანატ თაგორს, და კიდევ, სენტიმენტალურ თემას, რომელიც ამჟამადაა მოდებული (მოდაშია). ვაქილიკებ – პაროდიის ფორმით – დღევანდელ ინტელიგენტ მწერალს, რომელიც, შესაძლოა არც კი არსებობს, მაგრამ რომელიც უნდა არსებობდეს, რათა ზუსტად შეასრულოს სოციალური შეკვეთა არა გამომცემლობისგან, არამედ იმ გარემოსგან და იმ საზოგადოებისგან, სადღეისოდ რომ წამოწეულია წინა პლანზე…
…და კიდევ, ენის შესახებ მინდოდა მეთქვა. ეხლა, უბრალოდ, მიჭირს თანამედროვე მწერალთა უმეტესი ნაწილის წიგნების კითხვა. მათი ენა ჩემთვის – თითქმის კარამზინისეულია. მათი ფრაზები – კარამზინისეულ პერიოდებს მაგონებს. შესაძლოა, პუშკინის რომელიღაც თანამედროვეს ისევე უჭირდა კარამზინის კითხვა, როგორც მე ამჟამად ძველი ლიტერატურული სკოლის თანამედროვე მწერლის გაცნობა. ვფიქრობ, ერთადერთი ადამიანი რუსულ ლიტერატურაში, რომელმაც ეს ყველაფერი შეიგრძნო – ვიქტორ შკლოვსკია. მან პირველმა გაწყვიტა კავშირი ლიტერატურული ენის ძველ ფორმასთან, “შეამსუბუქა” ნაწერი და უფრო მოხერხებული და იოლი გახდა კითხვაც.
მეც იგივე გავაკეთე. ვწერ ძალიან შეკუმშულად. მოკლე ფრაზებით. ღარიბთა ხელმისაწვდომად.
…იქნებ, ამიტომაც მყავს უამრავი მკითხველი?..

სააღდგომო შემთხვევა

აი, ძმებო, დღესასწაულიც კარზე მოგვდგომია – მართლმადიდებლური პასექი. ვინც მორწმუნეა, დაადებენ თავს ცხვრებივით და წაიღებენ თავიანთ პასკებს საკურთხებლად. წაიღონ რა! მე მაინც არ წავიღებ. აი, ასე. მე, ძმებო, გასულ პასექს ზედ პასკაზე დამიდგეს ფეხი. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ შემაგვიანდა და დაწყებას ვერ მივასწარი.
მოვედი ეკლესიის ღობესთან და ვხედავ, მაგიდები დაკავებულია. ვთხოვ მართლმადიდებელ მოქალაქეებს: ცოტა შევიწროვდით-მეთქი. ისინი კი უარზე არიან. ილანძღებიან.
– დააგვიანე არა, შე ეშმასთან წილნაყარო?! ჰოდა, დადგი ეხლა ეგ შენი პასკა მიწაზე. ეხლა კიდევ დაიწყე იდაყვებით ჩამოკვეხება, პასკებს შეგვირყვნიო.
რაღა უნდა მექნა. დავდგი ჩემი პასკა მიწაზე. ვინც დააგვიანა, ყველა მიწაზე დგამდა.
ჰოდა, დავდგი თუ არა, ატეხეს ზარებმა რეკვა-ზრიალი.
შევხედე, თავად მამაო მოაპობს გზას ფუნჯით ხელში. ჩააწობს ფუნჯს ვედროში და მიმოაშხეფებს. ვის სიფათში შეეწუწება და ვის სააღდგომო ძღვენს დაუსველებს, – მღვდელი არას დაგიდევს. უკნიდან კი დიაკვანი წამოშვერილა თეფშით ხელში – შესაწირს აგროვებს.
– ნუ იძუნწებო, ამბობს, მართლმადიდებელო პუბლიკავო! დააგდეთო მონეტა თეფშის შუაგულში.
მეც ჩამიარეს წინ, და ამ დიაკვანს წასთვლიმა იმ თავის თეფშზე თუ, რა იყო, პირდაპირ ჩემს პასკაში დღლიზა ფეხი.
სული შემიგუბდა.
– რას სჩადიხარ, მეთქი, შე წვერწოწოლავ, რაღა ამ აღდგომის ღამეს მოგინდა, მეთქი, ჩემს პასკაში ფეხის ჩათხრა.
– ბოდიშს ვიხდიო, შემთხვევით მომივიდაო.
– მე მაგ შენი ბოდიშით ქურქი შევიკერო თუ რა?! ახლავე სრული ღირებულება ამინაზღაურეთ, მეთქი. დამიდე, მეთქი, მამაო-დიაკვანო ფული კონში!
შეწყდა მსვლელობა. ფუნჯიანი მამაოც შემობრუნდა.
– ეს ვის პასკას ჩაუბიჯესო, ფეხი?
– ჩემსას ჩაუბიჯეს-მეთქი, დიაკვანმა-მეთქი, ამ წვერწოწოლა კატამ…
მამაო კი მეუბნება:
– მეო, ახლა ამ პასკას ფუნჯით დავაწინწკლებ, რომ ჭამა შეიძლებოდესო. რაც არ უნდა იყოს, სულიერების წარმომადგენელმა ჩაადგაო…
– არა, მეთქი, მამაო, თუ გინდა მთელი ვედრო ზედ გადაასხი, არა ვარ, მეთქი, თანახმა. ფულს მოვითხოვ, მეთქი, უკან.
ატყდა ყაყანი, ვინ – ჩემს მხარეზეა, ვინ – წინააღმდეგი. მნათე ვავილიჩი ლამისაა სამრეკლოდან გადმოხტეს: ჰაა, გავაგრძელო რეკვა, თუ შევწყვიტოო, – ყვირის.
– მოიცა, მეთქი, ვავილიჩ, ვეუბნები, თორე, მაგ რეკვის ხმაზე სულ დამჩაგრავენ, ზედ გადამივლიან, სხვა თუ არაფერი, გამაბრიყვებენ, მომატყუებენ-მეთქი.
ეს მამაო კი, მივლის გარშემო ავადმყოფივით და თან მხრებს იჩეჩავს. ხოლო, დიაკვანი, ეს წვერწოწოლა ეშმა, ღობეს გადაყრდნობია და ჩემ დაჟღლემილ პასკას ხის ნაფოტით იშორებს ჩექმიდან.
როგორც იქნა, მომცეს ცოტაოდენი ფული იმ თეფშიდან და წასვლას მთხოვენ… ხელს ვუშლი, თურმე, ჩემი ყვირილით…
გამოვედი შემოღობილიდან და იქიდან კიდევ ერთხელ შევარცხვინე დიაკვანი. მერე კი – წამოვედი.
ვჭამ ახლა პასკებს. უკურთხებლებს. გემო – იგივე აქვთ, მე კი უსიამოვნება ნაკლები მხვდება.

მამილო

ამას წინათ ვალოდია გუსევი დაადუღეს სასამართლოზე. რომელიღაც თოთო ბავშვის მამობაში ამხილეს და ჯამაგირის მესამედი წილი დააკისრეს. ამ ბედნიერი მამილოს დარდი არანაირ აღწერას არ ექვემდებარება. ძალიანაა დამწუხრებული ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო.
– მეო, – ამბობს, – არასდროს არ მეხატებოდნენ გულზე თოთო ბავშვები. ფეხებს იქნევენო, ყვირიანო, ხანდახან შეიძლება დააფცხიკინონ კიდეც, ტანსაცმელიც დაგითხუპნონ. მოკლედ – ცხოვრებას არ დაგაცლიანო. შენ კი, ამ წკიპურტა არსებას – ფული უნდა ახარჯო. ჯამაგირის მესამედი ნაწილი აძლიო. არაადა – მშვენივრად იცხოვრებ კაცი. ამათი გადამკიდე კი შეიძლება გარეკო. მეც, სახალხო მოსამართლეს, ავდექი და პირდაპირ მოვახსენეო.
– სასაცილოა, მეთქი, სახალხო მოსამართლევ, პირდაპირ სასაცილოა ასეთი არანორმალურობა. ესეთი ცურცლივით ვინმეა და მიდი და მესამედი წილი აძლიე! რაში სჭირდება, მეთქი, მაგას მესამედი წილი? ბავშვია, ბოლოს და ბოლოს, სხვა თუ არაფერი; არ სვამს, არ ეწევა და არც კარტის თამაშით არის გატაცებული, და მიდი ეხლა შენ და არჩინე ყოველთვიურად. ხომ შეიძლება ამის ნიადაგზე გარეკო კაცმა… ასეთი არანორმალურობისგან, მეთქი.
მოსამართლე კი მეკითხება:
– თქვენ როგორი ხართ ბავშვთან მიმართებაში? სცნობთ თქვენს ბავშვად თუ არაო?
მე ვეუბნები:
– რა უცნაურ სიტყვებს ამბობთ, სახ. მოსამართლევ, პირდაპირ, რანაირად საწყენ სიტყვებს. მე, მეთქი, შემიძლია გავრეკო ასეთი სიტყვებისგან. ნატურაში გეუბნებით, ეს ჩემი ბავშვი არ არის!.. ის კი დანამდვილებით ვიცი, თუ ვისი ჩაწყობილი ინტრიგაა. ეს, მეთქი, მარუსია კოვროვაა გაღიზიანებული ჩემს ფულებზე. მე, ჩემდათავად, ოცდათორმეტ მანეთს ვიღებ. ათი და სამოცდათხუთმეტი თუ მაგას მივეცი – რაღა დამრჩება, მეთქი? ესე იგი, მე გამოძონძილი შარვლით უნდა ვიარო და მარუსკამ კი, პარალელურად როიალები და ბატისტის წვივსაკრავები იყიდოს ჩემი ფულებით. ფუი, მეთქი, დასწყევლოს ღმერთმა, ეს რა უსიამოვნებას აქვს-მეთქი, ადგილი!..
მოსამართლე კი არ ცხრება:
– იქნებ თქვენია. როგორმე გაიხსენეთო.
ვუხსნი:
– ნამდვილად არაფერი მაქვს-მეთქი, მოსაგონებელი და გასახსენებელი. ამ მოგონებებმა შეიძლება, გაგარეკინოს… ხოლო, რაც შეეხება მარუსკას – ჰქონდა ერთხელ ჩემს ბინაზე მოსვლის მსგავსი რაღაც. ტრამვაიშიც გვიმგზავრია ასევე ერთხელ (ჩემი ხარჯით), და ხომ არ შეიძლება რომ ამის გამო მთელი ცხოვრება ყოველთვიურად ვიხადო. ნუ მთხოვთ-მეთქი, ამას…
მოსამართლე ისევ მეუბნება:
– თუ კი თქვენ თოთო ბავშვის საკითხში ეჭვი გეპარებათ, ჩვენ მას ახლავე დავათვალიერებთ და ვნახოთ, როგორი გარეგნული ნიშნები ექნებაო.
მარუსკა კი, იქვე დგას, გვერდით და ბავშვის გახსნას იწყებს.
უყურებს მოსამართლე ბავშვს და ამბობს:
– ცხვირი, ფორმალურად, თქვენს ცხვირს ემთხვევაო.
– ბოდიში მომიხდია, მეთქი; ვეუბნები; ცხვირზე უარს არ ვამბობ. ცხვირი მართლაც ჩემსას უგავს. ცხვირის გამო ყოველთვის მზად ვარ, სამი ან სამნახევარი მანეთი შევიტანო. სამაგიეროდ, დარჩენილი ორგანიზმი ნამდვილად არ მეკუთვნის. მე, მეთქი, აი როგორი შავტუხა ვარ, ეს კი, ბოდიში მომიხდია და… ჭერივით თეთრია. ასეთ სითეთრეში მანეთის ან ორნახევარ მანეთზე მეტის გადამხდელი არა ვარ, მეთქი. მეტი რატომ უნდა ვიხადო-მეთქი, მით უმეტეს, თუ, ოჯახურ კავშირშიც არ ვიმყოფებით.
მოსამართლე კი:
– მსგავსება, მართლაც რომ – განვრცობადია. თუმცაო, ამბობს, ცხვირში – პირწავარდნილი მამააო.
– ცხვირს ვერ დაეყრდნობი, მეთქი. ცხვირით კი მგავს, მაგრამ ნესტოების რა მოგახსენოთ, სულაც არა გვაქვს-მეთქი, ერთნაირი. შეხედეთ, როგორი წვრილია-მეთქი, ორივე ხვრელი. ასეთ ხვრელებში ერთ მანეთზე მეტს ნამდვილად ვერ გადავიხდი. ნება მომეცით, სახ. მოსამართლევ, სახლში წავიდე და აღარ დავყოვნდე…
ის კი, მეუბნება:
– შეიცადეთ ცოტა ხანს, განაჩენი უნდა გამოვიტანოო.
…და – გამოიტანა: ჩემი ჯამაგირის მესამედი წილის გამოქვითვა.
– ფუი! მეთქი, ყველას!
ასეთი ამბავი რომ გადაგხდება თავს, გარეკავ, აბა რა იქნება…

თარგმნა ბექა ჭახელიძემ

© „არილი“

Facebook Comments Box