ახალი ამბები

“მნიშვნელოვანია, რომ ავტორი რეკომენდაციებს ითვალისწინებს” – რა შეფასებას აკეთებს მწერალი ბესო ხვედელიძე” გახდი ბესტსელერის ავტორის”გამარჯვებულზე

გამომცემლობა „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულთა ნამუშევრებს მკითხველი წიგნის მაღაზიათა თაროებზე შემოდგომიდან იხილავს. მანამდე ავტორებმა მენტორებთან ერთად რედაქტირების ხანგრძლივი და საინტერესო პროცესი უნდა გაიარონ, რაც ლიტერატურული სამყაროს შიდა სამზარეულოში უფრო ღრმად შეღწევის საშუალებას მისცემთ.

2022 წლის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: ირაკლი არიშვილი – „დასაწყისის დასასრული“, ოლანი ბიწაძე – „მანიტუ“ და ანუკი შატაკიშვილი – „წუთით კოსმოსში“. მათ ჟიურისა და მკითხველს  თავიანთი ორიგინალური და საინტერესო ტექსტებით დაამახსოვრეს თავი. გამარჯვებულების მენტორები კი არიან: მაკა ჯოხაძე – მწერალი და ლიტერატურათმცოდნე – ანუკი შატაკიშვილის მენტორი; მწერალი ინა არჩუაშვილი – ოლანი ბიწაძის მენტორი და მწერალი და რედაქტორი ბესო ხვედელიძე – ირაკლი არიშვილის მენტორი.

როგორ მიმდინარეობს წიგნზე მუშაობის პროცესი და რა გამოცდილებაა ეს როგორც ავტორისთვის, ისე მენტორისთვის, ამის შესახებ კონკურსის გამარჯვებულს ირაკლი არიშვილსა და მის მენტორ ბესო ხვედელიძეს ვესაუბრეთ:

ირაკლი არიშვილი, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებული:

,,ჩემთვის, როგორც დამწყები მწერლისთვის, ეს პირველი ნაბიჯები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ბესო ხვედელიძე, რომელთან ერთადაც ახლა წიგნის რედაქტირებაზე ვმუშაობ, იმდენად კარგი მენტორი აღმოჩნდა, რომ დარწმუნებული ვარ, მასთან მუშაობა ძალიან ნაყოფიერი იქნება.

მენტორი მასწავლის სხვადასხვა მხატვრულ და ტექნიკურ ხერხს, როგორ უფრო რეალური გავხადოთ ესა თუ ის სიტუაცია, როგორ გავხსნათ კვანძი და ა.შ., რაც დამწყები ავტორისთვის მართლაც აუცილებელი და საინტერესოა. მე პირველ პირში ვწერ და რამდენიმე წიგნი სანიმუშოდაც გამოგვატანა, რომ კარგად გავცნობოდი, ძირითადად, რა სტილში უნდა მეწერა. იმედი მაქვს, რომ მუშაობის დასრულების შემდეგ „დასაწყისის დასასრული“ კარგად წასაკითხი წიგნი გახდება.“

ბესო ხვედელიძე, მწერალი, რედაქტორი და მენტორი:

„დიდი ხანია, მუშაობას შევუდექით, აქტიურად ვხვდებით ერთმანეთს და ნაბიჯ-ნაბიჯ, დეტალურად განვიხილავთ ტექსტს. ბესტსელერი ისეთი კონკურსია, რომელშიც მოყვარული ავტორები ცდიან ბედს და შემდეგ გამოჩნდება, ვის გაუმართლებს, ვინ მოინდომებს, რომ გააგრძელოს ეს საქმიანობა და მწერალი გახდეს.

საინტერესო პროცესია, ბევრ რამეს სწავლობს ირაკლი. რაც შესაცვლელი იქნება, დავარედაქტირებთ და შემდეგ წიგნად გამოვა. მნიშვნელოვანია, რომ ავტორი რეკომენდაციებს ითვალისწინებს. საჭიროა ყველა ნამუშევარი აკმაყოფილებდეს ლიტერატურის გარკვეულ პარამეტრებს და მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ავტორი ამას სწავლობს.“

„გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ყველაზე პოპულარული ლიტერატურული კონკურსია, რომელიც 2017 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. კონკურსმა უკვე მკითხველთა ფართო წრეებისთვის ცნობილი არაერთი ავტორი აღმოაჩინა, რომელთა ნამუშევრებიც ხშირად ხვდება ბესტსელერთა სიაში.

© არილი

Facebook Comments Box