ესე,  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  პორტრეტი,  ხსოვნა

მალხაზ ხარბედია – შეთხზული „მე” – მწერალი და ავტობიოგრაფია (I)

 

          ამ ტექსტის წერა publika.ge-სთვის დავიწყე 2020 წელს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მალევე შეწყდა მისი პუბლიკაცია. დროთა განმავლობაში, ჩაფიქრებული რამდენიმე ბლოგი ვრცელ კვლევად იქცა, ე.წ. განვრცობილ რეცენზიად, სადაც „ლიტერატურის მუზეუმის” მიერ 2013 წელს გამოცემულ დიდ ორტომეულზე დაყრდნობით („მწერალთა ავტობიოგრაფიები”: 1600-ზე მეტი გვერდი საერთო მოცულობა, 300-ზე მეტი ქართველი მწერლის ავტობიოგრაფია XIX-XX საუკუნეებიდან) საშუალება მომეცა, ჟანრის თავისებურებებზეც მესაუბრა და კონკრეტული მასალის გათვალისწინებით მეკვლია ავტობიოგრაფიული ტექსტების სტრუქტურა, სტილი, ისტორიული განზომილება და სხვ. საკითხები.

ავტორი

 

ყველასთვის ძალიან ნაცნობ თემაზე ვაპირებ წერას. მწერლის „მე”-ზე, და მის ერთ-ერთ უმთავრეს და უცნაურ გამოხატულებაზე, ავტობიოგრაფიაზე. არამხოლოდ დაწერილზე ან დაბეჭდილზე, არამედ ზეპირ ავტობიოგრაფიაზეც, ქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ამ ავტობიოგრაფიას ქმნიან. ასევე შევეხები ალბათ იმ აუარება „მე”-ს მწერლებისას, რომლებმაც ბოლო წლებში გადაავსეს სოციალური მედია, ინტერნეტ სივრცე, ბლოგების ვირტუალური თაროები. „მე”-ებს, ვინც ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბდნენ, გაიზარდნენ, შეიქმნეს ბიოგრაფია, წარსული, მოხაზეს მომავალი, გაუჩნდათ ან გაიჩინეს ბზარები, ტკივილები, შემოიკრიბეს ან დაივიწყეს ისტორიები, ადამიანები, ფასეულობები. ზოგი საკუთარი თავის გამორკვევას ეცადა, სხვები კი ანტიკური ეპოსის გმირებივით, ღრუბელში და ნისლში გაეხვია. ოღონდ ღმერთის ან ქალღმერთის დახმარების გარეშე, მხოლოდ საკუთარი მონდომებით.

ამ წერილში (თუ წერილებში) ტექსტები ნაკლებად იქნება, უფრო მეტად ავტორი გამოჩნდება, ავტორი, როგორც ტექსტი. ძველი და ახალი ავტორები, ტრადიციული და ახალი ავტობიოგრაფიები, ღია, გახსნილ მედიაში ჩამოყალიბებული, ფოტოთი, პროფაილით, CV-ით და მთელი ამბებით.

უნდა ვაღიარო, რომ ავტობიოგრაფიებისადმი ეს ინტერესი რამდენიმე წლის წინ ხელახლა გამიღვივა ერთმა უნიკალურმა წიგნმა, რომელიც ერთდროულად ამ ჟანრის სუფთა საცავსაც წარმოადგენს და უზარმაზარ ქრესტომათიასაც ჟანრის პოეტიკის საკვლევად. ესაა 2013 წელს „ლიტერატურის მუზეუმის” მიერ გამოცემული ბრწყინვალე ორტომეული, „მწერალთა ავტობიოგრაფიები”: 1600-ზე მეტი გვერდი საერთო მოცულობა, 300-ზე მეტი ქართველი მწერლის ავტობიოგრაფია XIX-XX საუკუნეებიდან, იდეალური მასალა ქართველი მწერლების ბიოგრაფიული და არა ტექსტუალური, გამოგონილი პორტრეტების შესასწავლად.

ზემოთ „ხელახლა” ვახსენე და უნდა ვთქვა, რომ ეს ინტერესი ავტობიოგრაფიებისადმი ადრეც მქონდა. დაახლ. 20 წლის წინ ფილიპ ლეჟენის სახელი გავიგე პირველად. იგი იყო და დღემდე რჩება ავტობიოგრაფიის, როგორც ავტობიოგრაფიის ჟანრის ყველაზე აღიარებულ მკვლევრად, ადამიანად, ვინც ლიტერატურის თეორიაში (და არა ტრადიციულ კრიტიკაში, სადაც ისედაც დიდი ადგილი ეთმობოდა ბიოგრაფიას) თავის დროზე თამამად შემოიყვანა ავტორის ფიგურა, მთელი თავისი გულახდილობით, და ეს იმ წლებში, როცა როლან ბარტის „ავტორის სიკვდილი” დაბალი ღრუბელივით იყო ჩამოწოლილი (1968-69 წლებში). მახსოვს 20 წლის წინ მისი ტექსტებიც ჩამივარდა ხელში, თუმცა იმ პერიოდში სხვა გატაცებებმა გადასძალა, როგორც ჩანს. მაშინ მეც უფრო მეტად ბარტი მაინტერესებდა. „ავტორის სიკვდილის” შესახებ იდეებით, როცა მოგინდებოდა, ერთი ხელის მოსმით გააქრობდი ავტორს და რჩებოდა წერა (L’ecriture), წერისას კი ხმის, ამოსავალი პირველწყაროს, „მე”-ს ცნება უკვე აღარ არსებობდა: „წერა – ბუნდოვანების, არაერთგვაროვნებისა და შეუსაბამობის ის სფეროა, სადაც იკარგება ჩვენი სუბიექტურობის კვალი, ესაა შავ-თეთრი ლაბირინთი, სადაც ქრება ყოველგვარი თვითიგივეობა, პირველ რიგში კი დამწერის სხეულებრივი იგივეობა.” – ასე განსაზღვრავდა ამ ამბავს ბარტი.

ახლა სხვა სიტუაციაა. ფილიპ ლეჟენის და მისნაირი მკვლევრების ინტერესთა სფერო იმდენად გაფართოვდა, რომ ფაქტობრივად უმართავი გახდა, რადგან სწორედ თვითიგივეობა, იდენტობა, სხეულებრივი თუ სიტყვიერი პრეზენტაცია გახდა დღეს მთავარი.

ბიოგრაფიამ, უფრო სწორად კი ავტობიოგრაფიამ, ახალი ძალები მოიკრიბა. პირადმა გვერდებმა სოციალურ ქსელში უსასრულო შესაძლებლობები შექმნეს პიროვნების ნაკვთების გამოსაძერწად, მისი ფორმების შესავსებად თუ დასახვეწად. ერთი სიტყვით, „მე”-მ ახალი ძალით ამოიღო ხმა, პირველი პირის ნაცვალსახელები აგუგუნდნენ.

ნაცვალსახელი ვახსენე და, მოდით, ცოტა ლინგვისტიკაშიც ჩავიხედოთ და მოკლედ ვთქვათ, რას ნიშნავს „მე”. დიდმა ენათმეცნიერმა, ემილ ბენვენისტმა XX საუკუნის 50-იან წლებში კარგად ჩამოუარა პირის ნაცვალსახელებს და თავის ადგილზე დააყენა სამივე პირი. „მე/შენ” ნამდვილ პირებად აღიარა და „ის” გამორიცხა ამ ჯგუფიდან. მან თქვა, რომ „მე” ყოველ ჯერზე შეიძლება სხვადასხვა ინდივიდს შეესაბამებოდეს, ერთად-ერთს და განუმეორებელს. „მე” საუბრის მომენტში არსებობს. „მე” ვარ ის, ვინც ახლა ვწერ ან ვლაპარაკობ. „მე” არ ვარ „ნიშანი” (ლინგვისტიკის ენაზე რომ ვთქვათ), არამედ ინდივიდი, ვინც საკუთარ თავს წარვადგენ ან ვყვები ჩემს შესახებ და ვარსებობ მხოლოდ კონკრეტულ სამეტყველო აქტში. აკაკი შანიძის „გრამატიკის საფუძვლებიც” რომ გადავშალოთ, იქაც ვნახავთ, რომ „მე” “ავთანდილსაც აღნიშნავს, ტარიელსაც, ფრიდონსაც, თინათინსაც, ნესტან-დარეჯანსაც და სხვასაც, ოღონდ მათ-მათი თვალსაზრისით და მხოლოდ მაშინ, როცა ისინი თავის თავს ასახელებენ”. მესამე პირს კი „არ-პირს” უწოდებს აკაკი შანიძე.

აქ ბევრი ნიუანსიცაა, მაგ. ინკლუზივისა და ექსკლუზივის („ჩვენ”-ში „მე” და „შენც” იგულისხმება და „მე” და „ის”-იც), ჩვენებით ნაცვალსახელებში კი პირველ პირთან ახლოს მყოფობაც შეიძლება აღინიშნოს („ამ”) და მეორე პირთან ახლო მყოფობაც („მაგ”). თუმცა ახლა ასეთი ჩაღრმავებების დრო არაა, მითუმეტეს, რომ ჩვენმა ძვირფასმა მასწავლებელმა, დამანა მელიქიშვილმა სტუდენტობისას იმდენი გვამუშავა ამ თემაზე (განსაკუთრებით ინკლუზივ-ექსკლუზივზე), რომ არსებობს საფრთხე, სულ სხვა მიმართულებით წავიდეს ეს წერილი. სიმართლე ითქვას, პირველი ნაბიჯები გადაიდგა კიდეც ამ მიმართულებით, რადგან მეც  უკვე ავტობიოგრაფიაში შევტოპე სხვათა გულახდილობაზე საუბრისას.

ასე რომ, დავუბრუნდეთ ისევ ავტობიოგრაფიას და ვნახოთ, როგორ შეიძლება გადანაწილდეს და დაჯგუფდეს ჩვენი კლასიკოსების მიერ დანახული საკუთარი ცხოვრებები. ფილიპ ლეჟენზე და ბიოგრაფიულ თუ უპიროვნო ლიტერატურებზე საუბარი მომდევნო თავებისთვის გადავდოთ. კიდევ ბევრია ამ თემაზე სალაპარაკო და დასაზუსტებელი.

„ლიტერატურის მუზეუმის” მიერ გამოცემულ ზემოხსენებულ ორტომეულში შესული ტექსტებიდან ზოგი ძალზე ხატოვანია და დეტალური, სხვები კი მშრალი. განსაკუთრებით XX საუკუნის მწერლებს ეხებათ ეს, სადაც უმცირეს წვრილმანებში გვიწევს საჭირო ინფორმაციის ამოკითხვა. თავად ტექსტების სტრუქტურა კი ფორმალური თვალსაზრისით შემდეგნაირად შეიძლება დაიყოს:

შესავლები, სადაც ხანდახან ჟანრის ავკარგიანობაზეც წერენ ავტორები, წინაპრების ამბები, დაბადება, მშობლები, ნათესავები, ბავშვობა (მწარე თუ ტკბილი მოგონებები), აღზრდა, განათლება, შრომა, ბრძოლა და გზაზე დადგომა და რაც მთავარია, შემოქმედებითი ბიოგრაფია, ღვაწლი.

 

წინაპრები

 

წინაპრებზე, რა თქმა უნდა, ყველა სიამაყით, მოწიწებითა და მითოპოეტური შემართებით ლაპარაკობს. წინაპრებს უქებენ კაცთმოყვარეობას, ნიჭს, უნარებს, გაბედულებას, სიფიცხესა და დაუნდობლობასაც კი. ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი თავისი წინაპრების განათლებას უსვამს ხაზს (მეფის კარზე მდივნები ყოფილან) და ძველი გამოთქმა მოჰყავს: „თუმანიშვილები კალმით არიან დაბადებულებიო”.

გვარი და წარმოშობა კიდევ ერთი მიმართულებაა. ყველა წინაპარი როდი იყო თავისი შთამომავლების მოგვარე. ზოგიერთმა თავად დაუდეს გვარს სათავე ან გვარის შეცვლის მიზეზი გამხდარან. მაგალითად, შიო მღვიმელის (ქუჩუკაშვილის) წინაპრები ბობნაძეები ყოფილან და ახალციხის მაზრიდან გადმოსულან. ავტორი იქვე ჰყვება გვარი ქუჩუკაშვილის წარმოშობის ლეგენდასაც.

თედო სახოკიას პაპის მამა დადიანის კარზე მღვდელი იყო და ბატონი შეშასაც კი აზიდვინებდა მოძღვარს და ჭინჭარსაც აკრეფინებდა ხოლმე დიდმარხვაში, ვალად სდებია თურმე ეს საქმიანობა. ასე რომ, დიდი ხნის მანძილზე სახოკიებს მეჭინჭრეებს (მეგრ. მეჭუჭელე) უწოდებდნენ. სახოკიების შორეული წინაპარი რაჭიდან ყოფილა, გამყრელიძე, რომელსაც მშობლიურ სოფელში კაცი შემოჰკვდომოდა და თავის გადასარჩენად გორდში (მაშინ ლეჩხუმს ეკუთვნოდა) გადმოსახლებულა, შეურთავს ცოლი და 4 ვაჟი გასჩენია, იმათაც უხოცავთ ადამიანები (მაგ. დადიანის მოურავი ჩიქოვანი, რომელიც მათ დას ჰყვარობდა), გაქცეულან სამეგრელოში, მისულან მარტვილის ტაძარში და „ნიშნად მონობისა კისრით გამობმულან ტაძრის კარების ბოქლომზე”, რის შემდეგაც მარტვილის ტაძრის ყმებად ითვლებოდნენ და ხელშეუხებელნი იყვნენ. გვარი კი გადაიკეთეს, ორმა ძმამ სახოკიები დაირქვეს, ორმა გახოკია.

გლეხი წინაპრების შესახებ, როგორც წესი, ნაკლები ინფორმაცია აქვთ, უფრო მეტი იციან თავად-აზნაურული წარმოშობის მწერლებმა. ზოგიერთის ბებია ან ბაბუა შეიძლება აზნაურებს ეკუთვნოდნენ, მაგრამ „გლეხისგან არ გაირჩეოდნენ თავიანთი შრომითა და გარჯილობით”, როგორც მაგ. მარიამ გარიყულის დიდი ჯიხაიშელი ბებია, ვინც „დღე-ღამიან” მუშაობდა, უმოჯამაგიროდ, განძიანი ოჯახი ჰქონდა და მას იქაური თავადებიც კი შენატროდნენ. იგი თავის აზრებს „ვეფხისტყაოსნის” ტაეპებით ასაბუთებდა თურმე.

აღმატებული სტილის თვალსაზრისით განსაკუთრებულია მწერალ ლადო მაჭავარიანის (დ.1893) წინაპრების ამბავი, რომლებიც ზესტაფონის სოფ. ილემიდან იყვნენ. ავტობიოგრაფია შემდეგნაირად იწყება: „დიდი მაჭავარიანები, ასე უწოდებდნენ ილმელებს. დიდი ზურაბი, ბაბუა ჩემი (აზნაური), ყველა თავადზე სახელგანთქმული, პოპულარული და გავლენიანი ყოფილა. დარბაისელი, დინჯი, მჭევრმეტყველი – ასე ახასიათებდნენ მას თანამომსწრენი. თანამდებობით ის იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს წევრი. <…> ქუთაისის საკრებულო ტაძარში, გუბერნატორი, რომელსაც უნდა გამოეცხადებინა ბატონყმობის გაუქმების აქტი, საშიშ მდგომარეობაში ჩავარდნილა. აღშფოთებულ თავადებს უნდოდათ შუა გაეგლიჯათ, ან ნაკუწ-ნაკუწად ექციათ იგი. ამ დროს გაისმა ზურაბის მჭექარე ხმა. აბობოქრებული ზღვა თავადებისა ცხრება, მშვიდდება. „ერთი ძაღლი მე მაპატიეთო”, შესძახებს ერთხელ კიდევ ზურაბი, ჩაისვამს ეტლში, თითქოს მიწიდან ამოღებულ გუბერნატორს და გადაარჩენს მას”.

როგორია?! ხომ არის იმერული ეპოსივით?

იქვე ბებიასაც იხსენებს ავტორი: „ბებია ჩემი. საჩხერელი დიდი წერეთლის ქალი”.

წარმოშობით ჭიათურელი ბორის ჩხეიძის წინაპრები აზნაურები არ ყოფილან, და „არც ძიობდნენ, თუმცა ძლიერ დაიაზებით (პატივით, ცერემონიით) ინახავდნენ იმერეთის მეფის, სოლომონის სიგელს, რომლის ძალითაც აზნაურ ოთია ჩხეიძეს ებოძა სოფელი გეზრული საშვილისშვილო სამფლობელოდ”.

გურული გლეხი იყო იოსებ გრიშაშვილის პაპა დათია მამულაშვილი, რომელიც ბატონს გამოჰქცევია და ორთაჭალაში მებაღედ დამდგარა, „დაქორწინებულა ვინმე ლამაზ „იაგუნდაზე” და ჰყოლია ცხრა ქალ-ვაჟი”.

ეს გადაადგილებები, ბატონის თუ სხვათა მკვლელობები, გამოქცევები, ხატს შევედრებები, მონასტრის ყმობა, ახალი გვარის არჩევა და ა.შ. არაერთხელ გვხვდება ამ ბიოგრაფიებში: სვანეთიდან თბილისში ჩამოდიან, მესხეთიდან ქართლში გადმოდიან, იმერეთიდან კახეთში – ან პირიქით. ქვეყნის გარეთაც ახერხებენ წინაპრები დროებითი თავშესაფრის პოვნას.

სასეირო მოგონებები აქვს ბებია-ბაბუაზე დავით კლდიაშვილის შვილს, სერგო კლდიაშვილს. საყმაწვილო რომ აშორებოდა, ბებიას ახალშობილისთვის პირში წითელ ფხვნილში გალესილი წამალი ჩაუსხამს, „რომელმაც დროებით მომკლაო”, წერს სერგო კლდიაშვილი. საღამოს გამორკვეულა, რომ თურმე ცოცხალი ყოფილა ჩვილი. „საყმაწვილო ამშორდა, მაგრამ მას შემდეგ ენა მებმისო” – ასკვნის ავტორი.

ბაბუა კიდევ უფრო ახირებული კაცი ყოფილა. როცა მოხუცებულა, წინასწარ კუბო მოუმზადებია და სარდაფში დაუდგამს. ბავშვს თურმე ძალიან ეშინოდა კუბოსი, მაგრამ როცა შიგ ქათმებმა საბუდარი გაიკეთეს, გულზე მოეშვა თურმე და შეეჩვია.

სანდრო შანშიაშვილს ძალზე ხელგაშლილი პაპა ჰყოლია, შვილიშვილის მომავალზე მზრუნველი. სიკვდილის წინ მოუხმია, ქისა ამოუღია და 30 ოქროს თუმნიანი მიუცია, „შეინახე და საზღვარგარეთ წასვლას რო აპირებ, იქ მოიხმარეო. იქნებ ვეღარ გნახო. ჩემი სხეული ეხლა დასვენებას მთხოვს და აი, ეს არის სიკვდილიო”. ბაბუა მეორე თუ მესამე დღეს გარდაცვლილა.

მწიგნობარი კაცი ყოფილა ალიო მირცხულავას ბაბუა ნიკოლოზი, შეძლებული გლეხი. რუსული, თურქული და ბერძნული ენები სცოდნია, კარგი ბიბლიოთეკა ჰქონია, ლამის ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი”, 105 წელი უცოცხლია და შემთხვევით გარდაცვლილა, ცხენიდან გადმოვარდნისას.

წარმოშობით კულაშელი ებრაელი მწერლის, სამუელ მოძღვრიშვილის წინაპრები ლაილაშელი ებრაელები ყოფილან, ლეჩხუმიდან.

ერთი ავტორი ამბობს, მართალია, ბაბუა წერა-კითხვის უცოდინარი იყო, მაგრამ დიდი შინაგანი კულტურით გამოირჩეოდა და პროგრესული აზრის ადვილად ამთვისებელი გახლდათო.

განათლებულ მახვშად იხსენიებს თავის პაპას, დარისპან მარგიანს მწერალი რევაზ მარგიანი.

პოეტ ვახტანგ გორგანელის წინაპრები მესხეთიდან წამოსულან, სოფ. გორგანიდან. ისე, ბერძენიშვილები ყოფილან. პაპის პაპას ავი ბატონი მოუკლავს, კახეთს შეხიზვნია და თეთრი გიორგის ეკლესიის ყმა გამხდარა. წინაპარს თურმე სულ მიუწევდა გული მესხეთისაკენ, მშობლიური სოფლისკენ, თუმცა ეუბნებოდნენ, რომ გორგანი თურქებმა ააოხრეს და მისგან მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილიო. მაინც წასულა და მერე აღარც გამოჩენილა.

 

დაბადება და ბავშვობა

 

ამ წიგნში დაბადების ერთი-ორი გენიალური აღწერა გვაქვს. ერთ-ერთი ისევ გორგანელს ეკუთვნის. მისი „ქვეყნად მოვლინება” საქართველოს გასაბჭოებას შეეხება და ემთხვევა. საქმე ისაა, რომ იგი 1921 წლის 25 თებერვალს დაბადებულა, „საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების პირველს დღეს”. და ამ მოვლენას იგი ასე აღწერს: „მამა სიხარულისაგან გარედ გავარდნილა, სამჯერ უსვრია თოფი, მერე სახლში შეჭრილა, თოთო ბავშვი ავუყვანივარ ხელში და 25 თებერვლის დილას დაფნის ტოტივით წინ შემაგება თურმე: ეს გამარჯვება შენი სიცოცხლის თავდები იყოსო, შვილო!”.

დაბადებას უკავშირდება თარიღების თემაც, დაბადების თარიღების შეცვლა და მასთან დაკავშირებული გაუგებრობები. ეს მოვლენა ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ახსნა არაერთ ავტობიოგრაფიაში გვხვდება, ყველაზე გამორკვევით კი ლეო ქიაჩელთან: „როცა წლოვანებას მიკლებდნენ, ჩემი მშობლებიც ალბათ იმავე მოსაზრებით ხელმძღვანელობდნენ, რომლითაც ჩვენში, განსაკუთრებით კი სამეგრელოში, ყველა მშობელი ხელმძღვანელობდა. მოსაზრება ასეთი იყო: სამხედრო ბეგარის მოხდის დროს უფრო ტანგამაგრებული იქნება და მის მძიმე ტვირთს უცხოეთში უფრო ადვილად აიტანსო”.

თარიღებთან დაკავშირებით არაჩვეულებრივია გრიგოლ ჩიქოვანის შენიშვნა საკუთარ დაბადებაზე: „1910 წლის 15 მარტს დავიბადე. დღემდე მეგონა, რომ 18 სექტემბერს ვიყავი დაბადებული და ჩემი დაბადების 60 წლისთავი ამ თარიღით აღინიშნა”.

ზოგი მთხრობელი პირველი შვილია, ზოგიც მეექვსე, მერვე ან მეათე. სხვანაირი ფორმულირებებიც არსებობს: ცხრიდან მესამე, ექვსი შვილიდან მეორე და ა.შ. ზოგი ტყუპისცალია.

არიან ვუნდერკინდებიც. მაგ. გოგლა ლეონიძე, ვინც 4 წლისამ უკვე ანბანი იცოდა და 5 წლისა გაზეთებს კითხულობდა. დაისვამდნენ თურმე ოჯახში და იაპონიის ომის ამბებს აკითხებდნენ „ცნობის ფურცლიდან”. ასეთია აკაკი გაწერელიაც.

ძალზე ხატოვნად აღწერს თავის პირველ შთაბეჭდილებას აკაკი გელოვანი: „ჩემთვის ეს [დაბადება] დიდი მოვლენა იყო, რადგან ამ დღეს ვიხილე პირველად მსოფლიოს უმშვენიერესი კუთხე – სვანეთი. ეს მოხდა ლალხორალში, ზემო სვანეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჩანჩქერის თავზე არწივის ბუდესავით დადგმულ ვიწრო სავანეში”.

და ბოლოს, ჩემი საყვარელი კატეგორია უნდა ვახსენო, რომელიც ერთი ფრაზით შეიძლება გადმოიცეს: „დავიბადე ინტელიგენტებისა და წიგნის მოყვარულების ოჯახში”. ესაა ფრაზა, რომელსაც დღესაც ხშირად გაიგონებთ, დღესაც ბევრი იწონებს თავს ამ ბუნდოვანებით, კვლავ ივსება დარბაისელ ქართველთა რიგები ინტელიგენტების და მწიგნობარი ხალხის შთამომავლებით, ამაყი, დახვეწილი, ორგზის და სამგზის ინტელიგენტი ქალ-ვაჟებით.

 

დედა

 

დედა თითქმის ყველა ტექსტში უმეტესად ლმობიერი, ღვთისნიერი, მოსიყვარულე, ცრემლიანი, ალერსიანი ქალია, ბუნებით კეთილი, სანდომიანი და ღვთისმოსავი. ასეთი შეფასებაც გვხვდება: „წესიერი მანდილოსანი, მაღალნიჭიერი და ინტერნაციონალური სულის ადამიანი”.

ინტერნაციონალურზე გამახსენდა, გვყვანან უცხოელი დედებიც, მაგ. თამარ ბეროძის დედა ლატვიელი ყოფილა, ელფრიდა აკმენტინი, მემანქანე და ბიბლიოთეკარი.

გვხვდება დედებთან დაკავშირებული განსაკუთრებული შემთხვევებიც. ნიმუშად ეკატერინე გაბაშვილის დედის ამბავიც გამოდგება (რომელიც ადრე გარდაცვლილა, როცა ეკატერინე 5 წლის იყო). მწერალი გვიამბობს, რომ ეკატერინეს პაპას, დედის მხრიდან (ვახტანგ ბაგრატიონ-დავითიშვილს), თავისი ქალიშვილი სოფიო ვაჟკაცურად აღუზრდია, რადგან ვაჟი არა ჰყოლია. სოფიო თურმე ჩინებული ცხენოსანი დამდგარა, „იარაღს დიდის გაბედულებით ხმარობდა და მამულს, როგორც მემკვიდრეს შეეფერება, დიდის მოხერხებით ჰპატრონობდა”.

დედა ხანდახან არ ახსოვთ ავტორებს – ან მშობიარობას გადაჰყვა, ანდა დაავადებით გარდაიცვალა. დედების უმრავლესობა დიასახლისები არიან, მშვენივრად იციან მაშინდელი ქართული მწერლობა, „ზეპირად აქვთ დასწავლილი თითქმის ყველა ლექსი”. წერა-კითხვას, ანბანს დედისგან სწავლობენ. სოსო გრიშაშვილს ქართული ანბანი სომეხმა დედამ ასწავლა, რომელსაც გათხოვებამდე კათოლიკე-ფრანგებისგან „შეეძინა” ქართული წერა-კითხვა. კონსტანტინე გამსახურდიას დედაც, რა თქმა უნდა, განათლებული ქალი ყოფილა, ზეპირად იცოდა მთელი „ვეფხისტყაოსანი”, “კარგად უკრავდა ჩონგურზე და მღეროდა კიდეც”. არსებობენ უსწავლელი, მაგრამ წერა-კითხვის მცოდნე დედები (ლეო ქიაჩელის დედა), თუმცა ისეთებიც არიან, ვინც წერა-კითხვაც არ იციან, ადრე გაათხოვეს და „თვითგანვითარებაც” ვერ მოასწრეს მრავალშვილიანმა, კერაზე მიბმულმა ქალებმა (შალვა რადიანის დედა 11 წლისა გაუთხოვებიათ). ასეთ უსწავლელ, შვილებისთვის თავგანწირულ დედებს მაინც განათლებულ ქალად მოიხსენიებენ შვილები, აღნიშნავენ, რომ ისინი ყოველთვის თავად ცდილობდნენ გამოსავლის მოძებნას, ხშირად სრულიად მარტონი. არასოდეს სასესხებლად ან სათხოვნელად არ მისულან სხვასთან და ცდილობდნენ, საკუთარი შრომით მოეპოვებინათ სარჩო.

ზოგადად, დედები შვილების აღზრდის საქმეში გასაოცარ ენერგიას იჩენენ, ზოგი მამა თანაუგრძნობს მათ, მხარში უდგას მეუღლეს, ზოგი ნაკლებად ან სულაც არ იზიარებს მეუღლის მისწრაფებებს. ამიტომ დედები ხანდახან შვილებს გაპარვაშიც ეხმარებიან, ცდილობენ დაიხსნან მრისხანე მამის კლანჭებიდან, ხელს უწყობენ მათ, რათა ქალაქში ჩავიდნენ, საქმეს ეწიონ, განათლება მიიღონ. მაგ. ანა ხახუტაშვილის (ფსევდ. ცქვიტი) მამამ, ანტონმა, მას შემდეგ, რაც მისმა ქალიშვილმა მცხეთის სამთავრო მონასტრის ოთხკლასიანი სკოლა დაასრულა წარჩინებით, გადაწყვიტა, რომ ქალიშვილს მეტი განათლება აღარ სჭირდებოდა, „ვინაიდან მალე გათხოვდება, ოჯახს შეჰქმნის და ქალის დანიშნულებაც ამით განისაზღვრებაო”. რის პასუხადაც დედა ერთვება საქმეში და შვილს თბილისში აპარებს, სადაც იგი საეპარქიო სასწავლებელში წარმატებით აბარებს გამოცდებს.

ხანდახან დედა საერთოდ ან ნაწილობრივ მოწყვეტილია შვილის აღზრდას. მაგ. სამეგრელოში მიუღებელი იყო, რომ პრივილეგირებული კლასის წარმომადგენელთა შორის (თავადი, აზნაური და სამღვდელო), დედას თავისი შვილი ძუძუთი გაეზარდა. თედო სახოკია წერს: „საკუთარის ბავშვის გაზრდა „კეთილშობილის” ოჯახის ქალის მიერ ითვლებოდა სამურეხო, სააუგო, საძრახ, ქვეყნის ყბადასაღებ, თავისმომჭრელ საქმედ…”.

ზოგი მალე ქვრივდება, თუმცა „მეტისმეტად მხნე” ადამიანია, გასაოცარი ენერგიისა და შრომისუნარიანობის, ამიტომაც მისი მზრუნველობით „ძალიან სიმწვავით” არ გრძნობენ შვილები ობლობას. ელისაბედ ორბელიანის დედამ, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სულაც პარიზში წაიყვანა 11 წლის ელისაბედი და მისი და.

ზემოხსენებული „გასაოცარი ენერგიისა და შრომისუნარიანობის” ქალია გიორგი ქავთარაძის დედა მარიამ ალფეზის ასული ორჯონიკიძე, წარმოშობით ღორეშელი, სერგო ორჯონიკიძის გარე ბიძაშვილი. ავტორი დეტალურად აღწერს მისი გარდაცვალების წინა პერიოდს, 1942 წელს. მომაკვდავ დედას წოლა არ შეუძლია და შვილს მკერდზე ჰყავდა მიხუტებული. მალე შვილი ომში მიდის და მეზობელს უტოვებს სულთმობრძავ დედას. იგი კი ჩარბის ზესტაფონისკენ, რომ „ომის მატარებელს” მიუსწროს. აბზაცი ომში დედის აჩრდილის გამოცხადებებით სრულდება.

დედებს ხშირად უწევთ მძიმე სამუშაოს შესრულება, მუშაობენ თუთუნის ქარხანაში მუშად, მშენებლობაზე, სტამბაში. უმრავლესობა ძიძაა ან მოსამსახურე (დამლაგებელი, მრეცხავი, მომვლელი და სხვ.), სხვები სახლში შრომობენ, ხედავენ კარმიდამოს, ჰყავთ საქონელი, ფრინველი, მისდევენ მეურნეობას. შალვა რადიანის დედა მაგ. შვილის წიგნებს აბრეშუმის ჭიისთვის იყენებდა, რასაც ყოველთვის შვილის დიდი აღშფოთება მოჰყვებოდა ხოლმე („ზოგჯერ აბრეშუმის ჭიისთვის დასაფენად მოიხმარდა დედაჩემი ჩემს წიგნებს, მქონდა ამის გამო დიდი დავიდარაბა. იყო შემთხვევები, როდესაც სახლის ჭერში ვინახავდი ჩემს წიგნებს”).

დედების უმრავლესობა შრომისმოყვარეა და ორგანიზაციული ნიჭითაა გამორჩეული, არიან პრაქტიკულები და „ხელისმომჭირეები”, ხელსაქმის უბადლო მცოდნენი – ჭრა-კერვა, ქსოვა, ქარგვა. გიორგი ლომთათიძის დედა განთქმული ხალხური მკურნალი ყოფილა: „იყო მცოდნე და ფანატიკურად მიმდევარი მრავალი მაგიებისა, მისნობისა, ქრისტიანულ დღესასწაულებთან დაკავშირებული რიტუალებისა. მეზობლები მისგან იგებდნენ მთვარისა და თვის ანგარიშს, მარხვისა და ხსნილის კალენდარულ ცნობებს. კარგად იცოდა ძველი ხალხური ადათ-ზნე-ჩვეულებანი და საერთოდ, ხალხური შემოქმედება. მისი წყალობით შემიყვარდა მე ფოლკლორი.”

დედის გარდაცვალება ყოველთვის მძიმეა, თანაც ხშირად დევნილობაში, გადასახლებაში ან სახლიდან ძალიან მოშორებით იგებენ ამ ამბებს. „დედა გარდაიცვალა ჩქარი სახის „ფინთი ხველით”, ალბად ტუბერკულიოზით”, წერს ერთ-ერთი ავტორი. გიორგი ქუჩიშვილი კი თავისი ავტობიოგრაფიის ბოლო აბზაცებს დედის გარდაცვალებას უძღვნის. მძიმე შრომით, მუდმივი ჯაფით სასოწარკვეთილი დედა „ერთ შავბნელ შუაღამისას, როდესაც ყველას გვეძინა, ბინიდან გაგვეპარა და დაგვეკარგა. მთელი ტფილისი შევძარით ძებნით, მაგრამ ამაოდ. იმ ღამეს მდინარე მტკვარში გადავარდნილიყო და თავი დაეღრჩო. მის გვამს მიხეილის საავადმყოფოს პროზექტურაში დავემხეთ გულამოვარდნილი ქვითინით.

ასე ტრაგიკულად დასრულდა ცხოვრებაში გაუხარელი ჩვენი უმშვენიერესი და უსაყვარლესი დედიკოს სიცოცხლე, რომლის ყოველი მოგონებაც არსს გვირყევს და გულს გვითუთქავს სინანულის მდუღარე ცრემლებით…”.

 

მამა

 

მამები, ძირითადად, სასულიერო პირები არიან (უმეტესად ღარიბი მღვდლები), თუმცა არიან შეძლებული გლეხებიც, საბატონო გლეხები, უმამულო და უსაქონლო გლეხკაცები, წვრილი მემამულე აზნაურები, შავი მუშები. თბილისში დაბადებულები ან თავადიშვილები გახლავან, ან ხელოსნის შვილები. გვყვანან მებაღე მამები, საშუალო შეძლების აზნაურები. შეხვდებით მასწავლებლებს, მედავითნეებს, მიწის მუშა მამებს, საეკლესიო გლეხ-ყმებს, მევენახე-მოჯამაგირეებს. აქვეა უდარდელი თავადიშვილი, რომელიც შვილების მომავალზე თავს არ იცხელებს და ფუქსავატ, თავზეხელაღებულ ცხოვრებას ეწევა, უმამულო და უსახლკარო მიწის მუშები, მომრიგებელი მოსამართლე, ვექილი, ხარაზი. ერთის მამა ნალბანდი ყოფილა, შემთხვევით მაჯის ძარღვი წალდით გადაუჭრია, ძლიერი დაზიანება მიუღია და ამის გამო ღვინით ვაჭრობა დაუწყია.

თავად მაყაშვილის მეწისქვილე იყო სანდრო შანშიაშვილის მამა, დიდი „მეოცნებე-ფანტაზიორი” კაცი. გრიშაშვილის მამა ჯერ კალატოზი ყოფილა, შემდეგ ღვინით ვაჭრობდა ბითუმად, ბოლოს კი ხარფუხში პატარა მეიხანა (სამიკიტნო) გახსნა და სჭამდა „ერთ ლუკმა პურს და სხვის დაუხმარებლივ იკვლევდა გზას უპროტექციოდ და უდავიდარაბოდ <…> კალატოზობის დროს, მოკრივეც ყოფილა და, როგორც მისი დროის ჰამსონები გადმოგვცემენ, მისი ცაცია (მარცხენა მუშტი) განთქმული ყოფილა ყველა გარეთუბნელებში. მართალია, სკოლის კედლებს არ გაჰხახუნებია მისი ტანი, მართალია, მისი ტვინი არ იყო ფილოსოფიურ ქობინებით ნაცემ-ნაგვემი, მაგრამ მისი ფიქრი ყოველთვის დაყურთმაჯებული იყო, აზრიანი, იცოდა სიტყვის მნიშვნელობა და მისი ჩხუბი თუ ოხუნჯობა ზედმიწევნით სასეირო საგანი უნდა ყოფილიყო იმდროინდელ მაყურებელთათვის”.

გალაკტიონის მამა იშვიათად კულტურული ადამიანი ყოფილა. ლიტერატურის მოყვარული იყო ვასო გორგაძის მამაც. მას ხატვაც ეხერხებოდა. თარგმნიდა კიდეც რუსულიდან და პოლონურიდან. კარგი ბიბლიოთეკა ჰქონია, აკაკი უყვარდა და მისი „კრებულიც” გამოწერილი ჰქონდა: „ხშირად, მთვარიან ღამეებში, გამოიტანდა გიტარას ეზოში და მღეროდა აკაკის ლექსებს. დიდი პატივით იხსენიებდა ილიას, როგორც დიდ მოაზროვნეს და „ღრმა პოეტს”“.

გაგახსენებთ სერგო კლდიაშვილის მამის მიმართ დამოკიდებულებასაც:

 

„მამას დიდ პატივს ვცემ, თუმცა ძალიან მიშლის, რომ მისი შვილი ვარ. მერჩია მამა სოფლის მჭედელი მყოლოდა. ეხლა კი იმას უნდა ვეცადო, რომ გვარი ორმაგად დავამკვიდრო”.

 

იოსებ ტატიშვილის მამა, გრიგოლი, პირველი ქართველი ქსილოგრაფი გახლდათ და შემდეგაც ერთად-ერთ გრავიორ ქსილოგრაფად ითვლებოდა კავკასიაში. პავლე ინგოროყვას მამა დურგლობდა. იყვნენ ცემენტის ქარხნის მუშები, გვყავს ქუთაისის საოლქო სასამართლოს საქმის მწარმოებელი მამაც, სამაზრო სასამართლოს მდივანი, ქვისმჭრელი, იურისტი, მეჯოგე, მკერავი, ასანთის ფაბრიკის დარაჯი, სამთამადნო ინჟინერი, მუშათა ბანკის თავმჯდომარე, სამხედრო პირი, სამთო ტექნიკოსი, სამხედრო პალატის საქმის მწარმოებელი, ლიტერატორი, რკინიგზელი. არიან „ინვალიდი” მამებიც. მასწავლებლები ზემოთაც ვახსენე, თუმცა ზოგს სოფელში თავისი სკოლაც აქვს გახსნილი.

ერთის მამა რკინიგზის მეისრეა, მეორისა წვრილი ვაჭარი, ან მხატვარი, პროვიზორი, ბანკის მოანგარიშე, სახალხო მასწავლებელი, ძველი ბოლშევიკი, საბჭოთა არმის ოფიცერი, მოტორისტი საპნის ქარხანაში, ნოქარი, სახერხი ქარხნის დარაჯი, თავადის მოკვლისთვის კატორღაში 10 წლით გადასახლებული მამა, ასევე მამა, რომელმაც მაზრის უფროსი კინაღამ მოკლა.

ერთ-ერთის მამამ 12 წლისამ დაიწყო მუშაობა კინოთეატრში მხატვარ-რეკლამიორად. შემდეგ თეატრში მოკარნახედ იყო, წიგნის მაღაზიაში გამყიდველად. არიან რკინიგზის ხელოსნები, ფანრების ამნთები მამები. მურმან ლებანიძის მამა შუა აზიის თეატრებში მეპარიკედ მუშაობდა თურმე, გასაბჭოებამდე, შემდეგ კი დალაქად გადასულა. ხოლო ოთარ მამფორია წერს, მამაჩემი „პარტნოი” იყოო.

დახასიათებებიც ვნახოთ: „ხალხის დიდი მოსარჩლე და საყვარელი კაცი”, „ზედმიწევნით გულმოდგინე და გამრჯე კაცი” და სხვ.

ზოგიერთი მშობლიური სოფლიდან ან ქალაქიდან მოშორებითაა განმწესებული, ოსეთში, აფხაზეთში, საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში, ბაქოში, თუ რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებში. ერთის მამა მთელი ცხოვრება მომთაბარეობდა, ვერსად ჩერდებოდა თურმე, ვერც ერთ სამსახურში, რითაც ავტორი ძალიან კმაყოფილია: „ვუმადლი, თითქმის ყველა კუთხე მოვიარეო”.

რამდენიმეს მამამ ზედმიწევნით იცის ქართული და რუსული ლიტერატურა, მთელი მათი ყურადღება წიგნებზეა მიქცეული, ბევრს კითხულობენ, კარგად იცნობენ მეთვრამეტე თუ მეცხრამეტე საუკუნის ევროპელ, რუს და ქართველ კლასიკოსებს, თუმცა ხანდახან დედამ უფრო იცის წიგნი, მამამ კი არა.

ზოგი მამა მრისხანე, სასტიკი და ბრაზიანია, ისე, რომ ცხოვრებაში სიტყვა „შვილოც” კი არ დასცდენიათ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ამ მხრივ ალექსი მირიანაშვილის მამა, ვინაც თავისი ბრძანებითი კილოთი ღრმა დაღი დააჩნია შვილს, „ისეთი დაღი, რომელიც დღესაც საკმაოდ ჩრდილავს ჩემს სულებრივ თვისებებს და მაბრკოლებს და წინ მეღობება… აღზრდის ასეთმა პრინციპებმა თავისი ჯეროვანი ნაყოფი გამოიღეს – ნაყოფი დამახინჯებული, მწარე, უგემური”.

„მეტად ფიცხი, დაუდეგარი და მოუსვენარი ადამიანი” იყო ია ეკალაძის მამაც, მღვდელი თომა ცინცაძე, თავისი სამსახურით „ფანატიკოსობამდე გატაცებული”. ერთი ასეთი სააღდგომო მოგონება აქვს ია ეკალაძეს თავის ავტობიოგრაფიაში: „მახსოვს, მაშინ სულ პაწია ვიყავი, ერთ აღდგომა დილით, მამამ გვიბრძანა ბავშვებს: „დადექით და „ქრისტე აღსდგა” იგალობეთო“. ბავშვები ჯარის კაცებივით გამოვიჭიმენით და დავიწყეთ გალობა, მაგრამ სააღდგომო გოჭს ისე დაეკრიჭა კბილები სუფრაზე, რომ მე თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი წამსკდა. სხვებმაც მომბაძეს, დაიშალნენ, აირივნენ და წითელ კვერცხებს ეცნენ… მამა ჩემი განრისხდა, გაწყრა: სათითაოდ წაგვავლო ხელი, ბაწრით შეგვკრა და სააღდგომო სუფრის ქვეშ გვიკრა თავი. თვითონ კი ისევ სუფრას მიუჯდა და განაგრძო პურის ჭამა.

ჩვენ ლეკვებივით ვწავწკავებდით მაგიდის ქვეშ.”

ბავშვებს დედა ესარჩლება, იწყება მშობელთა შერკინება, რომელიც გაცეცხლებული მამის დროებითი განდევნით სრულდება: „ამ დღიდან მღვდლებსა და ეკლესიაზე გული ამიცრუვდა და დავკარგე ყოველივე რწმენა საეკლესიო წესებსა და დოღმატების შესახებ”. ია ეკალაძე კიდევ უფრო განავრცობს ამ თემას და თავის პირველ, მწარე აღდგომას ზებუნებრივი დეტალებითაც ავსებს – მოქურუშებული ცით, გრგვინვით, ქუხილით და ბავშვური იმედგაცრუებით. ბოლოს კი რამდენიმე „ეროვნულ” ღმერთს ახასიათებს: ებრაელების – „განხორციელებული შურისძიება”, რუსების – „განხორციელებული ჟანდარმი – მსურველი მთელ ქვეყანაზე გაბატონებისა”, ქართველების ღმერთი კი „მუდამ წარმომადგენდა ჭუჭყიან, უმეცარ და ჩოხა დახეულ ტეტიად, რომელსაც ყველა თავში უფაჩუნებს…”.

ძველი ყაიდის კაცია ვარლამ რუხაძის მამაც, ვისაც საერთოდ არ აინტერესებს შვილის განათლება. ბავშვს თავის სამიკიტნოში ამუშავებს და თან ჭკუას არიგებს: „მეც არ მისწავლია, მაგრამ პურს ვჭამ”. მისი დახლიდარი კი წიგნით ხელში დაინახავდა თუ არა ავტორს, გამოგლეჯდა და ერთს კარგად წაუთაქებდა: „სწავლა თუ გინდა, გიმნაზიაში მიბრძანდიო”.

მწერალ ბორის ჩხეიძეს მამისგან 12 წლის მანძილზე 12 სიტყვაც კი არ გაუგია და დედინაცვალი როცა მოუყვანა შვილს, 13 წლის ბავშვი სახლიდან გამოიქცა. რაღაც დრო სულ მარტო ცხოვრობდა, არავის იკარებდა.

ბევრი მამა მალე ტოვებს ცხოვრების ასპარეზს და ჩვენი ავტორებიც მარტონი რჩებიან ან დედასთან, ან ობოლ და-ძმასთან ერთად. მამის გარდაცვალების შემდეგ სწავლის მიტოვებაც უწევთ.

ჩასიძებული მამებიც არიან.

დავით კასრაძე ჰყვება საინტერესო ამბავს მამამისზე, რომელიც მღვდელი იყო სამაჩაბლოში. 1899 წელს ქართლში ფილოქსერა მძვინვარებდა, რაც საუკეთესო საბაბი აღმოჩნდა და მისი სახით მშვენიერი ნიადაგი პოვა ქართველმა მოწინავე ინტელიგენციამ რევოლუციური იდეების გასავრცელებლადო.

ერთი სიტყვით, 120 წლის წინ ცალკე ფილოქსერა ვრცელდებოდა ქვეყანაში – ცალკე რევოლუციური იდეები. ებრძოდნენ ფილოქსერასაც და რევოლუციასაც. ამ რევოლუციურ ბრძოლებზე ერთ-ერთ მომდევნო თავში უფრო ვრცლად მოვყვები.

მანამდე კი ავტობიოგრაფიის კვლევაში მომხდარ რევოლუციას შევეხოთ. პირველი მოკლე ნაბიჯი გადავდგათ, ჯერ ეს ვიკმაროთ, რადგან მოგვიანებით ცოტა ფართოდ მოგვიწევს ამ ავტობიოგრაფიული რევოლუციის მიმოხილვა.

 

ლეჟენის „ავტობიოგრაფიული პაქტი”

 

ზემოთ ფილიპ ლეჟენი ვახსენე და დადგა დრო, მის თეორიასაც შევეხოთ. ყმაწვილობაში მას მწერლობა სურდა, დღიურს აწარმოებდა, ყოველ დღე რაღაცას ინიშნავდა, 17 წლის ასაკში კი პრუსტი წაიკითხა პირველად და მიხვდა, რომ წასულია მისი საქმე, თურმე ვიღაცას მისი დასაწერი დაუწერია და, შესაბამისად, უსაქმოდ და უმომავლოდ დაუტოვებია. შესძულდა თავისი დღიურები და საერთოდ დაანება წერას თავი. თუმცა 1968 წელს 30 წლის ლიტერატურის მკვლევარში უეცარი ცვლილება მომხდარა. მას მიშელ ლეირისის წიგნები წაუკითხავს და მიმხვდარა, რომ ავტობიოგრაფიაც ხელოვნებაა და მის კვლევას დიდი მომავალი აქვს. მხოლოდ 1968 წელს აღმოაჩინა ლეჟენმა, რომ საფრანგეთში უზარმაზარი, ძალზე მდიდარი და შეუსწავლელი, დაუფასებელი ტერიტორიაა, სახელად ავტობიოგრაფია.

ერთხელაც ავტობიოგრაფიულ ტექსტებთან ჭიდილისას ლეჟენი მივიდა დასკვნამდე, რომ ავტობიოგრაფია არამხოლოდ მისი ფორმით (თხრობა) და შინაარსით (ცხოვრება) განისაზღვრება – ბოლო-ბოლო ამ ფორმისა და შინაარსის იმიტირება მხატვრულ ლიტერატურასაც შეუძლია – არამედ, პირველ რიგში, იგი განისაზღვრება გარკვეული აქტით, რომელიც რადიკალურად განასხვავებს მას გამონაგონისგან, მხატვრული ლიტერატურისგან. კერძოდ, რეალური ადამიანი იღებს ვალდებულებას, დანამდვილებით, სარწმუნოდ მოჰყვეს თავისი ამბავი. სწორედ ამას დაარქვა ლეჟენმა „ავტობიოგრაფიული პაქტი”.

ეს ცნება მან 1971 და 1975 წლებში ჩამოაყალიბა თავის ორ ტექსტში, „ავტობიოგრაფია საფრანგეთში” და „ავტობიოგრაფიული პაქტი”. იგი აღნიშნავდა, რომ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ ავტობიოგრაფიაზე, როცა სამმაგი გაიგივება ხდება. როცა ერთმანეთთანაა გაიგივებული ავტორი, ამბის მთხრობელი და მთავარი გმირი. რომანსა და ავტობიოგრაფიას ის განასხვავებს ერთმანეთისგან, რომ ავტობიოგრაფიაში ეს სამეული შეთანხმებულად მოქმედებს (მწერალი / ნარატორი / პროტაგონისტი), გამონაგონში კი ჩვენ, ძირითადად, ავტორისა და მთხრობლის გარჩევა გვიწევს. კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ „ავტობიოგრაფიული პაქტის” ცნება, ესაა ზემოხსენებული სამმაგი გაიგივების  ხაზგასმა, რომელიც ავტორსა და მკითხველს შორის დადებულ ერთგვარ ხელშეკრულებად იქცევა. ესაა კონტრაქტი იდენტობის შესახებ, რომელიც საკუთარი სახელითაა გამყარებული და სადაც ყდაზე გამოტანილი ავტორის სახელი და გვარი ემთხვევა მთხრობლისა და მთავარი გმირის სახელსა და გვარს.

კომენტატორები ახსენებენ „რეფერენციულ პაქტსაც”, რომელიც თან სდევს ზემოხსენებულ პაქტს, რადგან ავტობიოგრაფიაში ექსტრატექსტუალური ამბებია მოთხრობილი, რეალობაში მომხდარი. სწორედ აქ გამოდის ასპარეზზე სიმართლის ცნება და მკითხველი უკვე ავალდებულებს მთხრობელს, რომ იგი გულწრფელი იყოს. შედეგად ვიღებთ „წაკითხვის კონტრაქტსაც”, რადგან მკითხველი კონკრეტული სახელისა და გვარის მატარებელს აკისრებს მონათხრობზე პასუხისმგებლობას და უშვებს, რომ წაკითხულის გადამოწმება და სიმართლეში დარწმუნება შესაძლებელია.

ლეჟენი იმასაც ამბობს, რომ ამ პაქტსა და ბელეტრისტის კონტრაქტს შორის (როცა ვიცით, რომ გამონაგონს ვკითხულობთ) გარკვეული შუალედური პოზიციები არსებობს, თუმცა მათი განსაზღვრება მხოლოდ ამ მოცემულ ორ პოლუსთან ურთიერთობით ხდება შესაძლებელი. ამგვარად, ლეჟენი შესასწავლი ჟანრის უმთავრეს ნიშან-თვისებას პრაგმატიკის, სამეტყველო აქტების სფეროს მიაკუთვნებს. შესაბამისად, ავტობიოგრაფია მისთვის ესაა არა ტექსტი, სადაც ვიღაც თავის თავზე სიმართლეს ამბობს, არამედ ტექსტი, სადაც ვიღაც რეალურად ამბობს, რომ ის ლაპარაკის, თხრობის, მეტყველების პროცესშია ჩართული.

ამის შემდეგ თითქმის 50 წელი გავიდა და ფილიპ ლეჟენმა ბევრჯერ შეცვალა თავისი კონცეფცია. მას კოლეგებიც ეხმარებოდნენ. გამოიკვეთა მისი იურიდიული კონოტაციები, გამოირიცხა ხელშეკრულების, პაქტის მკაცრი პირობები და იგი უფრო მკითხველსა და ავტორს შორის თამაშს დაემსგავსა. გაჩნდა სხვა, უფრო შერბილებული ან მკვეთრი ტერმინებიც: „ავტობიოგრაფიული შეთავაზება” (ლუტ მისინი), „ავტობიოგრაფიული დაპირება” (რეჩელ მაკლენანი), ზოგმა, მაგ. პოსტრუქტურალისტებმა და პოსტმოდერნისტებმა პოლ დე მანის კვალად საერთოდ უარყვეს ყველანაირი რეფერენციულ-პრაგმატული მიდგომა და სრულიად გამორიცხეს სიმართლე და სანდოობა. შესაბამისად, ავტობიოგრაფია „წაკითხვის ფიგურად” იქცა. სხვებმა ამ ტექსტუალური და რეფერენციული მიდგომების შერიგება სცადეს. გაიზარდა მკითხველის როლი პაქტში, ლეჟენს შეუტიეს ფემინისტმა კრიტიკოსებმაც, თუმცა პაქტის ცნებისა და სიმართლის მთქმელის სტატუსის თუ მოთხოვნილების შენარჩუნებას ბოლომდე ცდილობდა ლეჟენი კონცეფციისთვის. მანამდე საქმეში მძიმე არტილერიაც ჩაერთო სერჟ დუბროვსკის სახით, ვინაც „ავტოფიქციის” ცნება შემოიტანა – აქ ავტობიოგრაფიული და გამონაგონის პაქტები თანაარსებობენ. გაჩნდა „ავტობიოგრაფიული აქტის” ცნებაც, სადაც ავტობიოგრაფიული სიმართლე უკვე აღარაა რეფერენციული, ექსტრატექსტუალური, არამედ ინტერსუბიექტურ მიმოქცევაშია მთხრობელსა და მკითხველს შორის და ისინი ერთად ადგენენ სიმართლეს, გნებავთ ცხოვრების აზრს.

© არილი

Facebook Comments Box