კრიტიკოსებზე დიდი აზრისა არასოდეს ყოფილა, მის ცნობილ გამონათქვამს თუ დაახლოებით მოვთარგმნით, ასე გამოვა: მწერლისა და ლიტერატურული კრიტიკოსის საქმიანობებს ნაოსნობას თუ შევადარებთ, პირველი აფრიანი გემით ოკეანეში დაცურავს, მეორე კიდევ ნაპირზე დგას და ქვიშას ეხვევაო. არ ვიცი, შემოქმედების რომელ ეტაპზე თქვა ეს სიტყვები დიდი ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთმა უკანასკნელმა მოჰიკანმა, მაგრამ სხვადასხვა დროს, მის სხვადასხვა ნაწარმოებს კრიტიკოსები გულისწასვლამდე აღუფრთოვანებია და სრულებით პირიქითაც. პულიცერის პრემიის ორგზის ლაურეატობაც არგუნეს წილად და გაუთავებელი საყვედურებიც – მისი რომანები დროთა განმავლობაში ცარიელ პორნოგრაფიად იქცაო. ყურადღება კი აპდაიკს არასოდეს აკლდა – ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელიც თან დიდ ლიტერატურას ქმნიდა და ფართო მკითხველსაც იოლად აკითხებდა თავს, რამდენიმე ათეული ლიტერატურათმცოდნისთვის არ წერდა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული უკანასკნელ დღემდე.
საბჭოთა კრიტიკოსები აპდაიკს ჯერომ სელინჯერთან მიმართებაში ხშირად მოიხსენიებდნენ – ბევრ თქვენგანს ემახსოვრება “თამაში ჭვავის ყანაში” (როგორც ქართული, ასევე რუსული გამოცემები), რომლის წინასიტყვაობაში შავით თეთრზე ეწერა, რომ სელინჯერის გზას, სხვა ცნობილ მწერლებთან ერთად, მისი უმცროსი თანამოკალმე, ვინმე ჯონ აპდაიკიც დაადგა. ამ გზაში “ძირმომპალ ბურჟუაზიულ საზოგადოებაში” ახალგაზრდა ადამიანის რთული შინაგანი ცხოვრების ასახვას გულისხმობდნენ და იქვე ახსენებდნენ “კენტავრს” და რომანების გახმაურებულ სერიას ჰარი (ბაჭია) არმსტრონგის შესახებ; თუმცა, შემდეგ საით გადაუხვია, არავინ დაინტერესებულა. ქართველ მკითხველამდე მხოლოდ “კენტავრმა” მოაღწია; ალბათ, საბჭოთა ცენზორებს, ბურჟუაზიული საზოგადოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, მაინც ეპორნოგრაფიულათ “ბაჭიას” თავგადასავლები და ასე დაუსწრებლად გვაზიარეს ლეგენდარულ რომანებს. მათგან ორმა, “ბაჭია გამდიდრდა” და “ბაჭია ისვენებს” პულიცერის პრემია დაიმსახურა 1982 და 1991 წლებში.
აპდაიკის ლიტერატურასთან ჩემი პირადი ნაცნობობაც ანეგდოტური იყო, წაკითხული მქონდა მხოლოდ “კენტავრი” და დანარჩენი ისე ვიცოდი, წარმოსახვით. (იოსიფ ბროდსკიმ, როგორც ცნობილია, “დიდი ელეგია ჯონ დონს” ისე დაწერა, რომ ჰემინგუეის რომანის, “ვის უხმობს ზარი” ეპიგრაფის გარდა, ჯონ დონისა არაფერი ჰქონდა წაკითხული. საბჭოთა მკითხველების დიდ ნაწილსაც, ალბათ, მხოლოდ ასე უყვარდა აპდაიკი). ინგლისურის და კომპიუტერის ეპოქამ ეს პრობლემა მოჩვენებითად გადაჭრა, მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია, რომ დღემდე ქართულ ენაზე მხოლოდ საბჭოთა დროს თარგმნილი “კენტავრი” არსებობს და მეტი არაფერი. არადა, 76 წლის აპდაიკმა 60-ზე მეტი წიგნი დაწერა – რომანების, მოთხრობების, ესეისტიკის, მემუარებისა და პოეტური კრებულების ჩათვლით (აღარაფერს ვამბობ მის მრავალწლიან თანამშრომლობაზე სხვადასხვა ჟურნალებთან, მათ შორის, “ნიუ იორკერთან”).
იმედია, ქართველი გამომცემლები აწ უკვე გარდაცვლილ კლასიკოსს მაინც დააფასებენ – მით უმეტეს, რომ აპდაიკის წიგნების უმეტესობა ყოველთვის იოლად ხდებოდა ბესტსელერი ამერიკასა თუ ევროპაში; ლიტერატურული ენის შესაშური სისადავე, სიუჟეტების ორიგინალური, სრულებით მოულოდნელი განვითარება, თემატიკის პიკანტურობა და სიჭრელე – ეს ყველაფერი დიდად უწყობდა ხელს აპდაიკის წიგნებს.
შეიძლება, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ აპდაიკის ვრცელი შემოქმედების ჩარჩოებში მოქცევა და კლასიფიცირება თითქმის შეუძლებელია – თუნდაც, მისი ერთ-ერთი გვიანდელი შედევრი, “ბრაზილია” (1994) კმარა ამის საილუსტრაციოდ: არც თუ დიდი მოცულობის რომანი, რომელშიც ჟანრების, სიუჟეტების, ალუზიების ისეთი კორიანტელი დგას, სირცხვილიც კია, ამ ყველაფერს ყბადაღებული სიტყვა – პოსტმოდერნიზმი დაარქვა. თანამედროვე ტრისტანისა და იზოლდას ისტორია ბრაზილიური მეგაპოლისის ფონზე, სოციალური უთანასწორობის თემით იწყება (ღარიბი, მუქკანიანი ბიჭი და მდიდარი, თეთრკანიანი გოგონა), მარკიზ დე სადს რომ შეშურდება, ისეთი მძაფრი პორნოგრაფიით გრძელდება, დაძაბულ ტრილერში გადაიზრდება, ამაზონის ჯუნგლებში ეთნოგრაფიული სიზუსტით აღწერილ მკვიდრ მოსახლეობასაც შეეხება, მაგიური რეალიზმის საუკეთესო ტრადიციებში იხლართება, ბრაზილიურ საპნის ოპერად მოტრიალდება და ბოლოს ამოსუნთქვის საშუალებას აღარ გიტოვებს, უნდა აღიარო, რომ წიგნი ისე შემოგეკითხა, დროის გასვლა ვეღარც იგრძენი. ასეთი რამ, ალბათ, მხოლოდ ნამდვილად დიდ თანამედროვე მწერალს შეუძლია – ისე მოგითხროს სამყაროსავით ძველი ამბები, რომ ერთი წამით არ გაგიჩნდეს მოყირჭების გრძნობა; ძველმანებში იქექებოდე წიგნის კითხვისას, მაგრამ გაოცებას ვერ მალავდე, როგორ მოაფიქრდა ვინმეს ასეთი ეკლექტურობის ასე მიმზიდველად და ახლებურად გადაწყობა.
ეს უნარი აპდაიკმა კიდევ ერთ ბრწყინვალე რომანში, “გერტრუდა და კლავდიუსი” (2000) შესანიშნავად გამოიყენა – უამრავი სხვადასხვა წყაროდან შეკრებილი მასალის საფუძველზე შექსპირის ტრაგედიის გმირები კიდევ ერთხელ გააცოცხლა. რომანის წაკითხვის შემდეგ ძნელია, გაუძლო ცდუნებას, “ჰამლეტი” ხელახლა არ გადაიკითხო და აპდაიკის გავლენის ქვეშ არ მოექცე. რომანი სწორედ იქ მთავრდება, საიდანაც “ჰამლეტის” მოქმედება იწყება და ნააპდაიკარი მკითხველი უცებ აღმოაჩენს, რომ გერტრუდა და კლავდიუსი, მკვლელობის დამალვას თუ არ ჩავუთვლით, კეთილშობილი დედოფალი და კარგი მეფე არიან, ოფელია უნაზესი მომხიბლაობის განსახიერებაა, პოლონიუსი ცოტა მოსაწყენი, მაგრამ არც თუ ურიგო მრჩეველია, ლაერტი ჩვეულებრივი ყმაწვილია, უკიდურესად ეგოისტი ჰამლეტი კი ყველას სასიკვდილოდ იმეტებს. აპდაიკი ამას თავად წერს რომანის ბოლოსტყვაობაში, რითაც ღიად დასცინის მეტისმეტად სერიოზულად განწყობილ მკითხველს.
დახვეწილი, ხშირად ქვეტექსტებში ამოსაკითხი ირონია კიდევ ერთი თვისებაა, რაც მის რომანებს ასე გამოარჩევს. ამ მხრივ “ისტვიკელი ალქაჯები” ნამდვილი ანთოლოგიაა – პატარა ქალაქში ჩასახლებული განსხეულებული ეშმაკის ამბავს აპდაიკი ე.წ. “სქესების ომის” მარადიული თემის გასაცოცხლებლად ისე იყენებს, თითქოს ამ თემაზე აქამდე არაფერი დაწერილიყოს, მაგრამ პირველაღმომჩენობის გამაღიზიანებელ პრეტენზიას თხრობის დაუნდობელი ირონიულობით აქარწყლებს.
აპდაიკი ჯერ კიდევ ადრეულ რომანებში გამუდმებით უტრიალებს სექსისა და ქორწინების თემებს: “გაიქეცი, ბაჭიავ!” (1960) 26 წლის საშუალო კლასის ამერიკელის მოსაწყენი პირადი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს – ქორწინებამ არ გაამართლა, სექსი მოსაბეზრებელი გახდა, ცოლის მიტოვება და მეძავთან რომანი პირველი გაქცევა იყო, მაგრამ არც ამან მოიტანა შედეგი. წიგნში “ბაჭია” წინ და უკან დარბის – ცოლსა და საყვარელს შორის, ჩვილი ქალიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ კვლავ მეძავთან ბრუნდება, რომელიც ორსულადაა და მასზე დაქორწინებას ითხოვს. ფინალში “ბაჭია” ისევ გარბის, რომ ოჯახის ხელახლა შექმნას თავი დააღწიოს. მისი თავგადასავლების გაგრძელებას პენტალოგიის მომდევნო წიგნები ეძღვნება.
სექსუალური თავისუფლების, პროტესტანტული მორალისა და ამერიკული ოჯახის კრიზისის თემას 1968 წელს აპდაიკი კიდევ ერთ სკანდალურ რომანს უძღვნის (“წყვილები”), სადაც რამდენიმე ცოლ-ქმრული წყვილის სექსუალური ურთიერთობები ისე იხლართება ერთმანეთში, თავსა და ბოლოს ვერ გაუგებ.
თუ ვინმეს მის რომანებში სექსი მხოლოდ პორნოგრაფიად ეჩვენება და ამ გადაჭარბებაში ირონიით გაზავებულ ღრმა ფსიქოლოგიზმს ვერ ხედავს, ალბათ, აჯობებს, საბჭოთა კრიტიკოსებს მიბაძოს და აპდაიკი მხოლოდ 1963 წელს დაწერილი შედევრის, “კენტავრის” ავტორად მოიხსენიოს. თავად კი სულ არ მინდა, იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდე და დაუსწრებლად ვიმსჯელო წაუკითხავ წიგნებზე – იქნებ, ოდესმე შევივსოთ კიდეც ეს დანაკლისი: გვქონდეს ქართულ ენაზე აპდაიკის რომანები – ასეთი მრავალფეროვანი, ერთმანეთისგან განსხვავებული და სახალისო; ინტელექტუალური და მსუბუქი საკითხავი. მით უმეტეს, რომ საქართველოში გავრცელებული მწერლის კლასიკოსად კანონიზების ეტაპი – სიკვდილი – მან უკვე გაიარა.
2009 წლის 27 იანვარს, 76 წლის ჯონ აპდაიკი ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“