ესე

ნანა აკობიძე – ვინ მოწველა ვეფხვი?

„გიძღვნი  ჩემ სიჩუმეს“  (Le dedico mi silencio) – ასე ჰქვია ნობელიანტი მწერლის მარიო ვარგას ლიოსას ბოლო რომანს, რომელიც 26 ოქტომბერს გამოიცა. „ტოტალური და ტოტემური რომანი“ – ასე მოიხსენია ესპანურმა პრესამ ტექსტი, რომელშიც მწერალი პერუს კულტურულ იდენტობას კრეოლურ მუსიკაში ეძებს. წიგნის მთავარი გმირი ტონო ასპიკუეტა აღმოაჩენს ვირტუოზ გიტარისტს და მის ირგვლივ აგებს ოცნებას, თუ როგორ შეიძლება, მუსიკამ წაშალოს ყველანაირი უთანასწორობა ადამიანებს შორის, გააერთიანოს და შექმნას უკეთესი სამყარო.

„ეს პერსონაჟები დონ კიხოტს და მადამ ბოვარის მოგვაგონებენ, რადგან მთელი ძალით ესწრაფვიან, რეალობად აქციონ თავიანთი ოცნება,“ – თქვა მწერალმა ხავიერ სარკასმა, – „სწორედ ამას გვასწავლიან რომანები. გვასწავლიან მაქსიმუმს, რისი სწავლებაც შეიძლება – ვიცხოვროთ ცხოვრება. გვასწავლიან, შევძლოთ ვთქვათ ,,არა’’, ვიყოთ მეამბოხეები, დაუმორჩილებლები. ამიტომაა რომანები სახიფათო. ამიტომ ცდილობდნენ ტირანები და ინკვიზიტორები მათ განადგურებას. ძალაუფლების სათავეში მყოფებს ხომ მარტო ის სურთ, ყველაფერზე თავი დავუკრათ. ამ მიზეზით გაგვაძევა პლატონმა ,,სახელმწიფოდან’’, რადგან კარგი მწერალი მართლაც სახიფათოა. ,,მწერალი მოუსვენარი გონია’’–ამბობდა სარტრი. მარიოს აზრით: ,,მწერალი ამრევია…’’ … სწორედ ამას გვასწავლის ლიტერატურა, გვასწავლის, ვიყოთ მოქალაქეები. განა არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამ?“

ესპანეთის პრესტიჟული ლიტერატურული პრემია „პლანეტას“ ლაურეატის ამ შეკითხვას ტაშით უპასუხა მიშლენის 2-ვარსკვლავიან რესტორანში ლანჩზე შეკრებილმა 450-მდე ადამიანმა. მათ შორის იყვნენ: მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები და ჩინოსნები (პრეზიდენტებიც კი), ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრები, მილიარდერი ბიზნესმენები (მაგალითად, „კაპუჩინოს“ დამფუძნებელი), მეწარმეები, მწერლები, მხატვრები, მოქანდაკეები,  ტორეადორები… 

და ცხადია, მარიო ვარგას ლიოსა – თავის ორ შვილთან, გამომცემელთან და ახლო გარემოცვასთან ერთად.  

ერთდღიანი ფიესტა გაიმართა მადრიდიდან 50 კილომეტრში, სან ლორენცო დე ესკორიალში 2023 წლის 6 ოქტომბერს და მოიცავდა: კოქტეილს და ლანჩს (მენიუს ღირებულება – კაცზე 1000 ევრო), კორიდას, აუქციონს, საუბრებს ლიტერატურასა და თავისუფლებაზე – ერთმანეთში შერწყმული კრეოლური და არგენტინული მუსიკის ფონზე (როგორც ლიოსას ბოლო  რომანშია).  

წიგნს მოგვიანებით ისევ დავუბრუნდები, მანამდე კი ავხსნი, როგორ მოვხვდი ამ თავგადასავალში.

არწასვლა

თავგადასავლები წასვლით იწყება. ჩემი – არწასვლით დაიწყო. ოქტომბრის პირველ კვირას ბარსელონაში ვგეგმავდი, სადაც ჩემი ქალიშვილი ჩადიოდა პარიზიდან სამსახურის საქმეზე და ერთი შაბათ-კვირა უნდა გვეხეტიალა ერთად.

-ნანა, ვერ მოდიხარ, – მომწერა ორი დღით ადრე, – ამათ თავიანთი პატარა მონა უკანა გზაზეც სჭირდებათ, არ მტოვებენ ბარსელონაში.

„ამათ“ მისი სამსახურია, გიგანტური კორპორაცია. პატარა მონა კი თვითონაა –   ასე ეძახის თავს, როცა თავზე დააყრიან რამდენიმე პროექტს.

ჩემოდანი ჩალაგებულია – ამომლაგებელი არ ვარ.  არ იქნება ბარსელონა – იქნება მადრიდი. უფრო ზუსტად კი – სანდოვალების მამული სან ლორენცო დე ესკორიალში, სადაც დიდი ფიესტაა 6 ოქტომბერს – ნობელიანტი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა  კულტურაზე და თავისუფლებაზე სასაუბროდ იწვევს  სტუმრებს ატლანტის ოკეანის ორივე მხრიდან. 

მადლობა ჩემი შვილის ფრანგ „მონათმფლობელებს“, რომ ჩამიშალეს ბარსელონა. სხვანაირად ვერ მოვახერხებდი, ზუსტად ორ დღეში მიმეღო მოწვევა – საგზური ლიოსას თავისუფლების დღესასწაულზე. 

ეს იყო un dia inolvidable (დაუვიწყარი დღე)!

რა თქვა ლიოსამ

„დავტკბეთ თავისუფლებით, რომელიც ავტორიტარული რეჟიმებისა და პოპულისტების გამო ჯერ კიდევ საფრთხეშია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, ლათინურ ამერიკაში და ისეთ იმპერიალისტურ ქვეყნებში, როგორიცაა პუტინის რუსეთი და თანამედროვე ჩინეთი!“

თქვა ლიოსამ თავის გამოსვლაში.

,,ესპანეთმა შეძლო და გათავისუფლდა ხიფათისგან, რომელიც ემუქრებოდა ექსტრემისტებისგან და ფანატიკოსებისგან. მათთვის არაფერს ნიშნავს დემოკრატიული ცვლილებები და ქვეყნის ასეთი წინსვლა; გათავისუფლდა სეპარატისტებისგან,  რომლებსაც სურთ, გაანადგურონ ესპანური ინსტიტუტები და თავს მოახვიონ საკუთარი რეტროგრადული იდეები. მაგრამ ხიფათებთან ერთად, არის თავისუფლების დიდი მიღწევები ამ ქვეყანაში, რაც გვაძლევს მიზეზს, აღვნიშნოთ ეს ბედნიერი დღე მეგობრებთან ერთად.’’

ეს თქვა ლიოსამ და გაჩაღდა ლხინი მეგობრებთან ერთად.

მაგრამ ეს ლხინი რაღაცით წააგავდა  ჰემინგუეის „აღმოხდების მზე“-ში აღწერილ ლხინს და ეს ხალხიც ჰგავდა ჰემინგუეის  რომანის გმირებს:  სასოწარკვეთა რომ აქვთ სახეებზე იმ გარდაუვალი საფრთხის გამო, რომელსაც ვერ ხედავენ, მაგრამ გრძნობენ.

შესაძლოა, მარიო ვარგას ლიოსას ტონში იყო რამე ასეთი გამაფრთხილებელი. ექსტრემისტები, ხიფათები, ფანატიკოსები – მისი ეს სიტყვები ქვებივით ცვიოდა დარბაზში და  სიტყვები: თავისუფლება, კულტურა, წინსვლა თითქოს ვერ ჟღერდა ისე მტკიცედ და დამაჯერებლად.

მეორე დღეს, 2023 წლის 7 ოქტომბერს  ომი დაიწყო ისრაელ-პალესტინას შორის. მესამე მსოფლიო ომი. ან გლობალური რეგიონალური ომი – ტერმინზე შეჯერდებიან მიმომხილველები, მხილველები და შორიდან მაყურებლები, მემარცხენეები და მემარჯვენეები. სახელწოდება არაფერს ცვლის, მთავარი შინაარსია – რომ დაიწყო ის, რაც ახლა არ დაწყებულა.

რას ამბობდა ლიოსა  პალესტინა-ისრაელზე  –  დიდი ხნით ადრე

ზუსტად იმას, რაც ახლა ხდება ისრაელ-პალესტინას შორის.

მარიო ვარგას ლიოსამ, რომელიც მწერალთან ერთად, ჟურნალისტიცაა, 2005 წელს ფოტოგრაფ ქალიშვილ მორგანასთან ერთად იმოგზაურა ისრაელსა და პალესტინაში და დაწერა წიგნი: „ისრაელი-პალესტინა: მშვიდობა თუ წმინდა ომი“ (Israel-Palestina: paz o guerra santa).

10 წლით ადრე მწერალმა მიიღო იერუსალიმის პრემია – ლიტერატურაში ინდივიდის თავისუფლების მხარდაჭერისთვის (სხვათა შორის, ლიოსას, მწერლის და ჟურნალისტის გამოცდილებასთან ერთად, პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს: 1990 წელს ლიბერალურ-კონსერვატორული საპრეზიდენტო არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას).

ამ კონფლიქტის მიმოხილვისას, მწერალი-ჟურნალისტი-პოლიტიკოსი ლიოსა  კრიტიკულია და შიშობს, რომ პროცესები უმართავი გახდება, რომ მოლაპარაკებები ჩაიშლება და კონფლიქტი გასცდება რეგიონს. წიგნში დიდი ადგილს უთმობს ქალაქ ჰებრონს (ქალაქი იორდანიის დასავლეთ ნაპირზე) და იქ ნანახ დიდ სიძულვილს არაბებსა და ებრაელებს შორის, „რომელიც ქმნის ძალადობრივ გარემოს“. ლიოსა საუბრობს ამ კონფლიქტის ირაციონალურობაზე, იმაზე, თუ როგორ წარმოშობს ძალადობას იმედგაცრუება და უბედურება. მწერალი მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც ისრაელის მთავარ მოკავშირეს, გამოიყენოს თავისი გავლენა და მოლაპარაკების გზით ჩაერიოს ფანატიზმით ნასაზრდოებ კონფლიქტში, რომელმაც ღრმა ნაწიბურები დატოვა ორივე ერის ისტორიაში.

2019 წელს, აწ უკვე ნობელის პრემიის ლაურეატი 83 წლის მწერალი ისევ ჩავიდა პალესტინასა და ისრაელში, ისევ მოინახულა  ქალაქი ჰებრონი, რომელსაც  უწოდა მოჩვენებების ქალაქი, ოკუპაციის სიმბოლო, ტრაგედიებისა და ადამიანების ტანჯვის ადგილი. 

ამჯერად მან თქვა, რომ იცხოვრა ეპოქაში, როცა რამდენჯერმე მოხდა ის, რაც ნაკლებ სავარაუდო იყო; რომ ახლაც, შესაძლებელია, ისრაელმა შეცვალოს თავისი პოლიტიკა, რომელიც უფრო რეალისტური და უკეთესი მომავლის გარანტი იქნება.

ასე ამბობდა ლიოსა – ჯერ 2005 და მერე 2019 წელს.

ამჯერად რას ამბობს, არ ვიცით –  მისი კომენტარი  არსად მინახავს ამ თემაზე.  

6 ოქტომბერს კი თქვა ის, რაც ზემოთ დავწერე: ვიზეიმოთ თავისუფლებაო. ეს თქვა კაცმა, რომელიც 87 წელია, ცხოვრობს ამ არეულ სამყაროში და ზუსტად იცის თავისუფლების ფასი.

იზაბელისგან არაფერია

ერთი წელია, მარიო ვარგას ლიოსა თავისუფალია – შარშან დეკემბერში თავის ბოლო, 8-წლიან სიყვარულს დაემშვიდობა. იზაბელ პრეისლერი ახლა 72 წლისაა. მათი ურთიერთობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა ერთმანეთს მანამდეც იცნობდნენ – იზაბელი ჟურნალისტია. პირველი ინტერვიუ, რომელიც მომღერალ ხულიო იგლესიასთან ჰქონდა, მასთან ქორწინებით და სამი შვილით დასრულდა. 2014 წელს იზაბელი დაქვრივდა (მესამე ქორწინება). დაქვრივებიდან ერთ წელში მასთან 78 წლის ნობელიანტი მწერალი გადავიდა საცხოვრებლად და მეორე ცოლთან   (პირველი ხულია იყო – ცნობილი პერსონაჟი „დეიდა ხულიადან) პატრიცია ლიოსასთან განქორწინდა.

8 წლის მანძილზე იზაბელ-მარიოს წყვილისადმი ინტერესი არ შენელებულა ესპანურენოვან მედიაში. ცხადია, ეს ინტერესი გასცდა ლიტერატურას. შარშან დეკემბერში, როცა საბოლოოდ გაცხადდა მათი დაშორება, სოციალურ ქსელებში იზაბელის და მარიოს მომხრეები გვარიანად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. იზაბელი ესპანეთში ცნობილი და გავლენიანი ქალია, საკმაოდ მდიდარიც – მოდის სამყაროსთან მჭიდრო კავშირში.  შესაბამისად, თავისი „ფანები“ ჰყავს. ლიოსასაც – თავისთავად. ცნობილია მისი გამოთქმა: „ნეტავ იმდენი მკითხველი მყოლოდა, რამდენიც – თაყვანისმცემელიო“. იზაბელის მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ მოხუცი იზაბელის გვერდით უკეთესად გამოიყურებოდა, ლიოსას ფანები კი ამტკიცებდნენ, რომ მოხუცი საბოლოოდ გათავისუფლდა. „ნობელიანტი რომ ხარ და ხალხი მაინც იზაბელის ყოფილს  გეძახისო,“ – ასეთებიც დაიწერა.

მთლად უღრუბლოდ არ ჩაუვლია დაშორებას და ესეც ლიტერატურას ბრალდება: 2021-ში ლიოსამ მოთხრობა გამოაქვეყნა სათაურით: Los Vientos . როგორც ესპანური პრესა წერს, ამ მოთხრობაში მწერალი დისტოპიურ მადრიდს აღწერს და  იმ წრეს დასცინის, რომელშიც მოხვდა იზაბელის გვერდით ცხოვრებისას. თითქოს მწერალმა ამ წიგნში იზაბელის მეოთხე შვილს თამარა ფალკოსაც გაჰკრა კბილი: „ერთმანეთში ურევს ფილოსოფიას, თეოლოგიას და კულინარიასო.“

წერენ ასევე, რომ დაშორების მიზეზი ლიოსას მხრიდან ეჭვიანობა გახდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ხულიო იგლესიასიც გაერია „საქმეში“: „ჯენტლმენმა უნდა შეძლოს ჯენტლმენურად დამთავრებაო“ – ერთგვერდიან ინტერვიუში (გაზეთში, სადაც იზაბელი მუშაობდა თავის დროზე) კბილებით იცავს თავისი შვილების დედას.

მოკლედ, შარშან დეკემბერში იზაბელის მდიდრული ვილიდან მარიო საბოლოოდ დაბრუნდა თავის მადრიდის ბინაში და მას შემდეგ საზოგადოებაში ოჯახთან ერთად ჩნდება (სამი შვილი ჰყავს: გონსალო, ალვარესი და ქალიშვილი მორგანა). ზაფხულში შვილიშვილის ქორწილიც იზეიმა, გვერდს ყოფილი ცოლი პატრიცია (რომელიც, სხვათა შორის, მისი ბიძაშვილია) უმშვენებდა. 2015-ში, როცა მარიო სახლიდან წავიდა, გარდაიცვალა მისი ლიტერატურული აგენტი კარმენ ბალსელსი, რომელიც პატრიციას განუყრელი მეგობარი ყოფილა. „პატრიცია ორმაგად დაქვრივდაო“ – წერდა ამაზე ესპანური პრესა.

იზაბელის შემდეგ ლიოსა ხელჯოხს ეყრდნობა. განშორებიდან მალევე ფეხი მოუტეხავს და კოვიდიც გადაუტანია.

ჰოსპიტალში ყოფნისას შვილი თურმე პერიოდულად აცნობებდა, იმ დღეს ვინ დარეკა, ვინ მოიკითხა (ვინ – აღარ!). 

ლიოსა უხალისოდ უსმენდა თურმე. ბოლოს ხმადაბლა უკითხავს:  

„იზაბელისგან არაფერია? “

პასუხის მოსმენის შემდეგ („არაფერი!“) კედლისკენ გადაბრუნებულა და ასე დარჩენილა. დიდხანს. 

იზაბელისგან ამ დრომდე არაფერია. მან კოლეგებს – ჟურნალისტებს სთხოვა, პატივი სცენ მის პირად ცხოვრებას.

მარიომ კი დაადასტურა, რომ ბოლო წიგნს სათაური შეუცვალა და ამბობს, რომ ეს წიგნი ეძღვნება პერუს და არა – იზაბელს. არადა, მანამდე რამდენჯერმე ჰქონდა მინიშნება, რომ წიგნი იზაბელს ეძღვნებოდა.

„ეს არის სიყვარულის დეკლარაცია თავისი ქვეყნისადმი, რომელსაც უძღვნა აბსოლუტური ვნება, მაგრამ სათანადო პასუხი  ვერ მიიღო“  – ასე განმარტეს ლიოსას შემოქმედების მცოდნეებმა ეს მიძღვნა. ზოგმა ისიც გაიხსენა, რომ იზაბელთან შეხვედრამდე 5 წლით ადრე, ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე,  მწერალმა ცოლს მიმართა: „პატრიცია, შენ ხარ პერუ!“  – და ამით მიანიშნეს, რომ ლიოსასეული სამშობლოს მეტაფორა გაშიფრულია – ის ქალია. 

8 წლის შემდეგ მარიო  პატრიციასთან დაბრუნდა.

„ოჯახს ის უყვარს თავისი წინააღმდეგობებით, ისეთი, როგორიც არის და ზრუნავენ,  რომ ისტორიაში მოხვდეს ისე, როგორც იმსახურებს: თავისი ნიჭით და არა თავისი სასიყვარულო შეცდომებითო“ – უთხრა პრესას ოჯახის ახლობელმა.

„ოჯახს შეუძლია, აწი მისი ეტლი წარმატებით ატაროსო“ – ეს იზაბელს უთქვამს. მანამდე, სანამ მორატორიუმს გამოაცხადებდა ამ თემაზე.

მოკლედ, ეს ბოლო 8 წელი – დიდი ყვითელი ფურცელია,  სადაც წერია, რომ  ლიოსამ მოახერხა, არ ეცხოვრა მოხუცი ნობელიანტის მოსაწყენი, მდორე ცხოვრებით.

შარშან, 86 წლის ასაკში, თავისი ცხოვრების ეს  ფურცელიც დახურა.

მოხუცი სახლშია.

და რა ხდებოდა სანდოვალების მამულში – ვინ მოწველა ვეფხვი?

6 ოქტომბრის დილით ჩვენმა მშვენიერმა მასპინძელმა შერეზადემ თავისი კუსკუსა სამამულო წარმოების მანქანით სანდოვალების მამულში მიგვიყვანა. ეზო უკვე  გადაჭედილი იყო მანქანებით. საღამოს, სახლში რომ დავბრუნდით, შერეზადე  იცინოდა: ამდენი „ბენტლი“ და „ბუგატი“ რომ დავინახე, ისე შემრცხვა, კინაღამ უკან მოვაბრუნე ჩემი  SEAT-იო.

 (მანქანებს რაც შეეხება: სამხრეთ-კორეული ბრენდი KIA  იყო წვეულების  სპონსორი. მწერალი KIA-ს ჯიპით გადაადგილდებოდა და სასწრაფოს მანქანაც, მათებურად ემერხენსი, დაჰყვებოდა უკან). 

დღის პროგრამა სწრაფად უნდა ჩამოვთვალო:

12 საათიდან – კოქტეილი (CÓCTEL DE BIENVENIDA)  გლიცინიების  ტევრში; ხერესი, მარინირებული ანჩოუსი, შებოლილი საქონლის ხორცის კროკეტები, ყურძენი პესტოს კრემით და ნიგვზით, სტეიკის ტარტარი მდოგვით… ეს – რაც გაჭირვებით ვთარგმნე და კაცმა არ იცის, სწორად ვთარგმნე თუ არა.  სამაგიეროდ, დაგემოვნებით დავაგემოვნე –  სწორად და ყველა.

შემდეგ იყო კორიდა – უსაშველოდ გაგრძელებული ხარის და კაცის სასიკვდილო შერკინება. ბრძოლის შემდეგ ტორეროსთვის – 48 წლის დიეგო ურდიალესისთვის ხელის ჩამოსართმევად დადგა რიგი და ურდიალესი იყო იმ დღეს იქ  მეორე კაცი  – ლიოსას შემდეგ.

საერთოდაც, მეორე კი არა, ერთ-ერთი პირველი კაცი ყოფილა თავის საქმეში – ეს მერე ვნახე, გუგლში.  

მეც ჩამოვართვი ხელი. თუმცა ჩემი დიდი პატივისცემა ამ საკითხში ეკუთვნის   კატალონიას, რომელმაც 2011 წლიდან უარი თქვა კორიდაზე. „კორიდა ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ მე არ ვამაყობ ამით“ – მითხრა საღამოს შერეზადემ, ფოტოებს რომ ვათვალიერებინებდი. სიმართლე გითხრათ, სადღაც მაინც ველოდი, რომ დღევანდელი კორიდა წმინდა წყლის სიმბოლური სანახაობა იქნებოდა და ხარს ლიოსას თვალწინ მაინც არ ჩაარჭობდნენ შუბს ზურგში.

კორიდას მერე ისევ გამოიშალნენ ხეების ჩრდილებიდან ჟურნალისტები. სიზუსტისთვის უნდა ითქვას, რომ მე ხან ჟურნალისტი ვიყავი, ხანაც – საპატიო  სტუმარი: როდის როგორც სჯობდა ლიოსასთან ახლოს ყოფნისთვის. არ იყო ცუდი ტაქტიკა და ვინც იქ მოხვდებოდა და ამ ტაქტიკას არ მიმართავდა – იმან მესროლოს ქვა.

შემდეგ ისევ გლიცინიების ტევრისკენ გაგვიძღვნენ, სანდოვალის რესტორანში მზად იყო საღამოს ლანჩი.

47 მაგიდა იყო გაშლილი, 450 სტუმარზე. თავშივე ვთქვი – მენიუს ღირებულება კაცზე: 1000 ევრო.

აქ გამოაცხადა ლიოსამ – ვიზეიმოთ თავისუფლებაო, ანუ შეგვიძლია, ავიწყვიტოთო.  ხავიერ სარკასმა აქ თქვა ის სიტყვა ლიტერატურის როლის შესახებ, შესავალში რაც წერია.

ლანჩის მსვლელობისას სკულპტორმა მარტინ ლაგარესმა ნობელიანტი მწერალი ექსპრომტად გამოძერწა – ნამუშევრის აუქციონზე გასაყიდად. დიდებული გამოვიდა ცვილის ლიოსა – საწყისი ფასი 2000 ევრო. სააუქციონე კატალოგში იყო ასევე ლიოსას ბოლო წიგნის პირველი ეგზემპლარი,  მისივე  Montblanc-ის კალამი და თვით ტორერო დიეგო ურდიალესის მოსასხამიც. აუქციონი დახურული წესით ჩატარდა. ბუღალტერიას რა მრჯის, მაგრამ კატალოგის მიხედვით, მხოლოდ საწყისი ფასების ჯამი იყო 40 000 ევრო.

და ჰო: სანდოვალის რესტორანში მხოლოდ LA CARTUJA DE SEVILLA გამოიყენება – თითქმის 200-წლიანი ისტორიის მქონე ესპანური ბრენდის ჭურჭელი. ეს ფაქტი აღსანიშნიაო,  – გამოგვიცხადეს და აგერ, მეც აღვნიშნე.

აღსანიშნია ასევე, ჩემი თავსაბურავი, რომელიც კოპლებით ჩაეწერა იმ დაუვიწყარი დღის ქრონიკაში: კოქტეილზე ოქტომბრის მცხუნვარე (დიახ, მცხუნვარე) მზის ქვეშ დანარნარებდნენ ქალები ძვირფასი შლიაპებით და მარაოებით – ძვირფას ვარცხნილობებს უნახავდნენ საღამოს წვეულებას. ვინაიდან მე არ გამაჩნდა არც ერთი, არც მეორე და მით უმეტეს – არც მესამე, ჩემი თმა კი აშკარად გამოიყვანა მწყობრიდან ქარმა და მზემ,  გამახსენდა, რომ ჩანთაში მედო წინა დღეს სექენდ ჰენდში 2 ევროდ ნაყიდი კოპლებიანი თხელი როლინგი. არ იყო ცუდი გამოსავალი: ჩემს თავსაბურავს ღირსეულად ეჭირა თავი თანამესუფრის, ტრანსპორტის მაგნატ პატრიციას ლუი ვიტონის მინიმუმ 12 ათას ევროიანი ჩანთის გვერდით.

მენიუში სამი კერძი იყო. შემწვარი გოჭი არ იყო ძნელად საცნობი, ერთი კერძი კი მთლად უცხო იყო  –  ვეფხვის რძით. ასე ეწერა მენიუში. ჩემს მეგობარ ქეთის ვკითხე და  – უმი თევზი იქნება წვენში. ალბათ ჩვენებური ჩიტის რძის ვარიანტიაო.

–           ყველაფერი-ყველაფერი და მე მაინც ის მაინტერესებს, ვეფხვი ვინ მოწველა-მეთქი, – ქმარს ვეუბნები, რომ ჩამოვედი და ესპანური ამბების მოყოლას მოვრჩი.

ქმარი მიყურებს და მპასუხობს:

–           ესპანეთში პირველად ჩახვედი, მარიო ვარგას ლიოსას შენ შეხვდი, კორიდას შენ დაესწარი, 1000-ევროიანი მენიუ შენ მიირთვი მიშლენის ორვარსკვლავიან რესტორანში და ნანა, კიდევ შენ კითხულობ, ვინ მოწველა ვეფხვი? 

P.S. 2019 წელს მარიო ვარგას ლიოსას საქართველოში ჩამოსვლა იგეგმებოდა. არც მთლად გაურკვეველი მიზეზით, მაშინ ეს ამბავი ჩაიშალა. თუ უახლოეს პერიოდში ნობელიანტი მწერალი საქართველოს ესტუმრება, აი, მაშინ აიხსნება ვეფხვის რძის მეტაფორა და ისიც გაირკვევა, ვინ მოწველა ვეფხვი. 

ხავიერ სარკასის და მარიო ვარგას ლიოსას გამოსვლის ტექსტის გაქართულებისთვის მადლობას ვუხდი ქეთი ჯიშიაშვილს.

მთელი ამ ესპანური დღესასწაულისთვის კი – ერთ ჩემს მეგობარს, რომელიც მაიძულებს, არასოდეს ვთქვა „ვერ!“ . 

© არილი

Facebook Comments Box