ახალი ამბები,  ახალი წიგნები,  პროზა (თარგმანი)

ოლგა ტოკარჩუკი – „დაუდგომელნი“ (ნაწყვეტი)

სულ მალე წიგნს ქართულ ენაზე გამოსცემს გამომცემლობა „ინტელექტი“

პოლონურიდან თარგმნა და შესავალი დაურთო კატია ვოლტერსმა

რთულია, ნობელის პრემიის ლურეატის, ოლგა ტოკარჩუკის, ამ წიგნს რომანი უწოდო. ეს ალბათ, ნოველებისა და ესეების კოლაჟი უფროა, რომელშიც ავტორი ერთი და იმავე თემის – მოგზაურობის – გარშემო ტრიალებს, უამრავი ჭრილიდან თუ გადასახედიდან სიღრმისეულად განიხილავს მას, ფილოსოფიურად აანალიზებს და ისე აწვდის მკითხველს.

ადამიანს ყოველთვის ჰქონდა მუდმივი მოძრაობის მოთხოვნილება. გარემომცველ სამყაროში ის გამუდმებით ეძიებდა საკუთარ თავს, ისევე როგორც საკუთარ თავში – გარე სამყაროს. ამ წიგნში, ერთგვარ ანარქისტული ლაბირინთში, სწორედ ეს ძიებაა ასახული – ადამიანის გადაადგილების დაუოკებელი სურვილი, მისი იქითკენ, იმ მიმართულებით ლტოლვა, სადაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა იყრის თავს, სადაც ერთი კარი იღება, მეორე კი იხურება.

ავტორთან და პერსონაჟებთან ერთად რომანში მკითხველიც თავისდაუნებურად ხდება ამ მოძრაობის – დაუსრულებელი მარათონის – მონაწილე, დაუდგომელი, დროსა და სივრცეში მოხეტიალე. ის ხან თვითმფრინავით სერავს ცას, ხან გემითა თუ მატარებლით გადაადგილდება წყალსა და ხმელეთზე, ხან სლავური მართლმადიდებლური სექტის წევრს აედევნება და მასთან ერთად გაურბის „ბოროტს“, ხან ფრედერიკ შოპენის დასთან ერთან პარიზიდან ვარშავაში ეტლით მიჯაყჯაყებს და ყოვლად წარმოუდგენელი ხრიკებით გარდაცვლილი კომპოზიტორის გულის სამშობლოში ჩატანას ცდილობს;  ხოლო, როცა მრავალფეროვანი გარესამყაროს თვალიერება მოსწყინდება, მაშინ ის ან საკუთარი ფესვების ძიებას იწყებს, ან მე-17 საუკუნის ფლამანდიელ ანატომთან ერთად თავისი ორგანიზმის შიგნით მოგზაურობს და აქაც სრულიად ახალ, ძალზე საინტერესო და აუთვისებელ ტერიტორიებს ეცნობა.

ოლგა ტოკარჩუკი ის მწერალია, ვინც არასოდეს კარგავს დროს ძველი და ყველასთვის კარგად ცნობილი ამბის მოსაყოლად. როგორც თავად ამბობს, ის ამ რომანშიც პერიფერიების, აღუწერელი, ბუნდოვანი ტერიტორიების ერთგული რჩება და თავს ვალდებულად თვლის, ლოიალობა გამოიჩინოს სამყაროს ჩვენეული, ადამიანური აღქმის კაკაფონიისა და დისონანსის, მისი გაერთგვაროვნების შეუძლებლობის, მისი ქაოსის, მოძველებულის მსხვრევისა და ახალი კონფიგურაციების წარმოქმნის მიმართ.

რას დაეძებდა აქილევსის მყესისა და ფანტომური ტკივილის ნათლია ფილიპ ვან ვერჰაიენი? რა არის კონტუიცია? რას ნიშნავს καιριός? იქნებ ტკივილი ვინმესთვის ღმერთია? ამ და სხვა მრავალ სხვა კითხვაზე პასუხს რომანში იპოვით, თუკი მასში იმოგზაურებთ. ვფიქრობთ, ის საუკეთესო გზამკვლევია. რომანისთვის „დაუდგომელნი“ 2008 წელს ავტორს გადაეცა ლიტერატურული პრემია „ნიკე“, ხოლო 2018 წელს – „ბუკერი“.

ნაცრის ოთხშაბათის ტრაპეზი

– ერიკი დამიძახეთ, – იტყოდა ხოლმე მისალმების ნაცვლად პატარა ბარში შესული, რომელსაც წელიწადის ამ დროს მხოლოდ ბუხრით ათბობდნენ. ყველა მეგობრულად უღიმოდა, ზოგიერთი მაგიდიდან კი ხელსაც უქნევდნენ, შემოგვიერთდიო. ახირებული ხასიათის მიუხედავად, მაინც სასიამოვნო თანამეინახე იყო და ყველას უყვარდა მასთან ერთად მოლხენა. თუმცა, თავიდან, სანამ დასალევით გუნებას გამოიკეთებდა, მაინც ბუხრიდან მოშორებით, სადმე კუთხეში, განმარტოებით ერჩივნა ჯდომა. ზორბა ტანის პატრონი თავის თავს კარგად ათბობდა და სიცივე არ აშინებდა.

– ეს კუნძული – იტყოდა ხოლმე და ოხვრას ამოაყოლებდა, ვითომ თავისთვის, სინამდვილეში კი, სხვების გასაგონად, და ყველაზე მოზრდილი კათხით ლუდს დაუკვეთავდა – რა დამამცირებელი სულიერი მდგომარეობაა, სამყაროს ტრაკში ყოფნა.

ცხადია, მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რას გულისხმობდა, მაგრამ მაინც ხმამაღლა და გულიანად იცინოდნენ.

– ჰეი, ერიკ, როდის მიდიხარ ვეშაპებზე სანადიროდ? – ეძახდნენ აქეთ-იქიდან სითბოთი და სასმელით შეხურებულები.

საპასუხოდ ერიკი ერთს ისე ლაზათიანად შეიკურთხებდა ხოლმე, გინება კი არა, ნამდვილი პოეზია იყო, რომელშიც ბადალი არ ჰყავდა. თითქმის ყოველ საღამო რიტუალივით მეორდებოდა ერთი და იგივე, თუმცა რა გასაკვირი იყო, როცა დღეებიც ასე ჰგავდნენ ერთმანეთს, ბაგირზე გამობმული ბორნებივით სწრაფად მისრიალებდნენ ერთი ნაპირიდან მეორემდე, გვერდს უქცევდნენ გზად შემხვედრ წითელ ტივტივებს, რომელთაც არაფერი ევალებოდათ, გარდა უკიდეგანობაზე წყლის მონოპოლიის დარღვევისა, მისი წყვადად ქცევისა, ანუ მცდარი წარმოდგენის შექმნისა იმის თაობაზე,  რომ ადამიანს წყლის დამორჩილება შეუძლია.

მეორე ლუდის გამოცლის შემდეგ ერიკი უკვე მზად იყო, სხვებთან გადამჯდარიყო და ასეც იქცეოდა, მაგრამ ბოლო დროს რაც უფრო მეტს სვამდა, მით უფრო მეტად უფუჭდებოდა ხასიათი. მხოლოდ ღვარძლიანად იცინოდა და აღარ ჰყვებოდა შორეულ ზღვაში თავს გადახდენილ ამბებს, რომელთაგან, ძველი ნაცნობები დაემოწმებოდნენ, რომ არც ერთი არასოდეს ერთნაირად არ მოუყოლია და ყოველი მორიგი მონათხრობი  მკვეთრად განსხვავდებოდა წინასგან. ბოლო დროს კიდევ უფრო აგრესიული გახდა და იშვიად, რომ რამე მოეყოლა. გესლიანი ერიკი.

იყო ისეთი საღამოებიც, როცა თავდავიწყებას ბოლომდე ეძლეოდა და ისეთი აუტანელი ხდებოდა, რომ ბარის მეპატრონის, ჰენდრიკის, ჩარევა ხდებოდა საჭირო.

– ყველანი ჩემს გემზე ხართ აყვანილი, – გაჰყვიროდა ერიკი და იქ მყოფებისკენ სათითაოდ იშვერდა თითს. – უკლებლივ ყველა! ო, ღმერთო! ველურებთან მიწევს მუშაობა, რომელთაც მშობელი დედისგან არ გამოჰყოლიათ ადამიანური თვისებები. უჯიშოები, აბორგებული ზღვის სტიქიონის ნაშიერნი! ჰოი, ცხოვრებავ, დაიმსხვრა სული, ცნობიერებას მიმაგრებული, როგორც საკვების მაძიებელი ველური, ეული ურჩხული.

ამ უცნაურ განაცხადზე ახალგაზრდები იცინოდნენ, ჰენდრიკი კი მის დაშოშმინებას ცდილობდა და მხარზე მეგობრულად ურტყამდა ხელს.

– გეყოფა, ერიკ, შარში გინდა გაეხვიო? – აწყნარებდნენ  ჭაღარა კაცები, რომლებიც მას კარგი იცნობდნენ, მაგრამ ერიკი არ ცხრებოდა.

– ჰოპ, აბა, ერთი ცოტა უკან დაიხიე, ძმაო, ხომ იცი, მზესაც არ დავინდობ, თუკი ჩემი ღირსების შელახვა გაბედა!

ასეთ დროს ისღა გრჩებოდა, გელოცა, რომ ერიკს ვინმე ჩამოსული არ გაენაწყენებინა, თორემ შინაურებს მასზე გული არ მოსდიოდათ. ან რა უნდა მოეთხოვათ მისგან, როცა ისე ბუნდადღა ხედავდა ბარში მყოფთ, თითქოს ცხვირწინ რძისფერი ცელოფანი ჩამოუფარესო. დაბინდულ მზერით ის ახლა მასში არსებულ ზღვაში დაცურავდა აშვებული ფოკანძის იალქნით და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, სახლში მისი სამადლოდ  წაყვანა იყო.

– ყური დამიგდე, შე არარაობავ, – ლუღლუღებდა ერიკი და მეგობარს მკერდზე თითს აბჯენდა, – შენ გელაპარაკები! ყური დამიგდე-მეთქი!

– წამოდი, ერიკ, შინ წავიდით. წამოდი, გეყო.

– ესე იგი, დაიწყეთ გემზე სამსახური, არა? საბუთებს ხელი მოაწერეთ? ჰოდა, ძალიანაც კარგი, რაც ხელმოწერილია, ხელმოწერილია, და რაც იქნება, იქნება, ან იქნებ, სულაც არაფერი არ იყოს… – სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს კარამდე ბარბაცით მისული, მერე ისევ დახლთან ბრუნდებოდა და ბოლო კათხის შევსებას ითხოვდა, რომელსაც „საუზანგეს“ ეძახდა, თუმცა ამ სიტყვის მნიშვნელობა იქ არავინ იცოდა.

ასე ჭინჭყლობდა ერიკი და აბეზრებდა ბარში მყოფებს თავს, სანამ ვინმე მუნდირის კალთაში ხელს არ ჩაავლებდა და ტაქსის მოლოდინში სკამზე არ დასვამდა.

თუმცა ბობოქრობის ხასიათზე ყოველთვის არ იყო ერიკი. ხშირად ის სხვებზე ადრე მიდიოდა ბარიდან, რადგან სახლამდე თითქმის ოთხი კილომეტრი ჰქონდა გასავლელი და, როგორც თავად ამბობდა, სასტიკად სძულდა ეს მარში. მიუყვებოდა თავის ერთფეროვან გზას გზატკეცილის გასწვრივ, თვალუწვდენელ გადამხმარ საძოვრებსა და ალაგ-ალაგ ამოზრდილ მთის ფიჭვებში ჩაკარგული, საიდანაც ზოგჯერ, მთვარიან ღამეში, ძალიან შორს, დიდი ხნის წინ გაჩერებული ქარის წისქვილი ილანდებოდა, რომელიც ახლა ტურისტებისთვის ფოტოს გადასაღებადღა თუ გამოდგებოდა.

დენის დაზოგვის მიზნით გათბობა სახლში ისე დაამონტაჟა, რომ მის დაბრუნებამდე ერთი საათით ადრე ჩართულიყო. ამიტომ შინ მისულს ორ ბნელ ოთახში ჯერ კიდევ ზღვის მარილით გაჟღენთილი ნესტიანი სიცივე ხვდებოდა.

ძირითადად ერთსა და იმავე კერძს ჭამდა, რომელიც არასდროს ბეზრდებოდა: თუჯის ტაფაში ფენა-ფენა აწყობდა მრგვალად დაჭრილ კარტოფილს, ლორს, ხახვს და მაიორანით, შავი პილპილითა და ბლომად მარილით აზავებდა. ეს იყო იდეალური კერძი საკვები ნივთიერებების – ცხიმების, ნახშირწყლების, უჯრედის, ცილებისა და C ვიტამინის იდეალური თანაფარდობით. როცა ვახშმობდა, ტელევიზორიც ჩართული ჰქონდა, მაგრამ, რადგან იქაურ სანახაობას გულს ვერ აყოლებდა, ბოლოს ისევ არყის ბოთლს მოიდგამდა ხოლმე და დაძინებამდე ცლიდა.

რა საშინელი ადგილია ეს კუნძული, ჩრდილოეთში ბნელი უჯრასავით შეწეული, გამუდმებით სველი და ქარიანი. თუმცა, დაუდგენელი მიზეზების გამო, ადამიანები აქ ჯერ კიდევ სახლობდნენ და აზრადაც არ მოსდიოდათ მისი მიტოვება და თბილ, ნათელ ქალაქებში გადაბარგება. ხის პატარა სახლებში შეყუჟულები, შემაღლებულ გზატკეცილთან ახლოს ცხოვრობდნენ, რომელიც ასფალტის მეორედ დაგების შემდეგ კიდევ უფრო ამაღლდა და მათი სახლები სამუდამო ჯუჯობისთვის გაიმეტა.

თუ გზატკეცილს პატარა ნავსადგურის მიმართულებით გაუყვებით, იქ მისულს რამდენიმე პირქუში შენობა და ბორნის ბილეთების გასაყიდი პლასტმასის ჯიხური დაგხვდებათ. წელიწადის ამ დროს ნავსადგური განსაკუთრებით უკაცრიელია და გულის მომკვლელად გამოიყურება. ზაფხულში შესაძლოა, ხმაურიანი სამხრეთის ზღვებით, რივიერებით, მუდამ ლაჟვარდისფერი ცითა და ცხელი პლაჟებით თავმობეზრებული ექსცენტრიკული ტურისტების ერთი-ორი იახტა მაინც შემოცურდეს. საერთოდ კი, ამ პირქუშ ადგილას შემთხვევით თუ მოხვდება ვინმე, ჩვენსავით დაუოკებელი და გამუდმებით ახალი თავგადასავლების მაძიებელი, ვისაც ზურგჩანთა იაფფასიანი ჩინური სუპების პაკეტებით აქვს გაძეძგილი. ნავსადგურში მოსული კი რას ნახავთ? ქვეყნის დასალიერს, სადაც უკაცრიელი ნაპირიდან ასხლეტილი დრო იმედგაცრუებული უბრუნდება ხმელეთს და მას მარადიული ლოდინისთვის იმეტებს. არავინ იცის, რით განსხვავდება ამ კუნძულზე 1946 წელი 1976 წლისგან, ეს უკანასკნელი კი –  2000-გან!

ერიკი რამდენიმე წლის წინ, მრავალი საამური და უსიამოვნო თავგადასავლის შემდეგ აღმოჩნდა ამ კუნძულზე და ჩარჩა. სულ პირველად კი ის დიდი ხნის წინ გაიქცა თავისი ქვეყნიდან – ერთ-ერთი უსახური და ბრტყელი კომუნისტური ქვეყნიდან. ახალგაზრდა ემიგრანტი ვეშაპსარეწავ გემზე მოეწყო სამუშაოდ. მაშინ „yes“-სა და „no“-ს გარდა კიდევ რამდენიმე სიტყვა იცოდა ინგლისურად, ზუსტად იმდენი, რამდენიც იმ მარტივი შეძახებებისთვის სჭირდებოდა, რომელთაც გემზე მომუშავე მაგარი კაცები ერთმანეთში ცვლიან ხოლმე: „დაიჭი“, „გაჭიმე“, „გაჭერი“, „ჩქარა“ და „მაგრად“. „მიდი“ და „შეკარი“; და კიდევ – „ძუკნა“ და „მაგის დედაც“. ახალი ცხოვრების დასაწყებად მეტი არც სჭირდებოდა. სახელის შეცვლა და ყველასთვის კარგად ნაცნობი ერიკის დარქმევაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. როგორც იქნა, თავიდან მოიშორა ის უშნოდ მოშიშინე გვამი, რომლის გამოთქმაზეც ყველა თავსა და ენას იტეხდა; აღარც საბუთებით გატენილი საქაღალდე გამოადგებოდა არაფერში, რომელშიც ატესტატს, დიპლომებს, ჩატარებული აცრებისა და სხვადასხვა კურსების დამადასტურებელ ცნობებს ინახავდა, და წყალში გადაუძახა – მარტო გემბანზე მყოფი სხვა მეზღვაურები თუ დაირცხვენდნენ მათ დანახვაზე, რომელთაც, გარდა რამდენიმე გრძელი რეისისა და პორტის ლუდხანებში თავს გადახდენილი ამბებისა, არაფერი ჰქონდათ საკუთარი ბიოგრაფიიდან გასახსენებელი.              

გემზე გატარებული ცხოვრება არც ჩრდილოეთის ზღვის მარილიან წყალსა და ჟუჟუნა წვიმაშია განბანილი და არც მზის სხივებშია გამოტარებული, ის ადრენალინში ცურავს. გატეხილ ჭურჭელს აქ დიდხანს არავინ დასტირის. სად არის საამისო დრო და ნერვები! ერიკის მშობლიური ქვეყანა შორს იყო და არც ისე ახლოს ზღვასთან. ზღვაზე იშვიათად ხვდებოდა და ნავსადგურებში მორცხვად იდგა ხოლმე. საპორტო ქალაქს ჯებირებში საიმედოდ მოქცეული და ხიდებგადაჭერილი მდინარეების პირას გაშენებული ქალაქები ერჩივნა. თუმცა ახლა, ამდენი ხნის შემდეგ, საერთოდ აღარ ენატრებოდა მშობლიური ქალაქი. აქ, ჩრდილოეთში, უკეთესად გრძნობდა უკვე თავს. ფიქრობდა, რომ რამდენიმე წელი გემზე იმუშავებდა და ფულს დააგროვებდა; მერე იმ ფულით ხის სახლს ააშენებდა, ცოლად სელისფერთმიან ემას ან ინგრიდს მოიყვანდა, რომელიც ბიჭებს გაუჩენდა, ერიკი კი მათ ტივტივების გაკეთებას და ზღვის კალმახის გამოშიგვნას ასწავლიდა, ხოლო ოდესმე, როდესაც ბევრი თავგადასავალი დაუგროვდებოდა, მოგონებებს დაწერდა.

ვერც ხვდება, თვალსა და ხელს შუა როგორ გაეპარა დრო. მისი ცხოვრების  მსუბუქმა, აქროლადმა წლებმა თითქოს ისე გულამოვარდნილებმა ჩაირბინეს, რომ კვალიც კი არ დატოვეს. მხოლოდ მის სხეულს შეეხნენ, განსაკუთრებით – ღვიძლს, ოღონდ ეს ცოტა მოგვიანებით იყო. მანამდე კი, სულ თავიდან, შლეგიანი კაპიტნის წყალობით, რომელმაც გემზე ატანილი მთელი კონტეინერი სიგარეტისა და მოზრდილი პაკეტი კოკაინის გამო მთელი ეკიპაჟი შარში გახვია, ერიკმა სამ წელზე მეტი ციხეში გაატარა, თუმცა ვერც იმ შორეულ ქვეყნის ციხეში ვერ ივიწყებდა ზღვას და ვეშაპებს.

ციხის ბიბლიოთეკაში მოძიებული ერთადერთი ინგლისურენოვანი, ალბათ, ყოფილი პატიმრის დანატოვარი ძველი წიგნით – რომელიც საუკუნის დასაწყისში იყო გამოცემული და რომლის გაცრეცილ ფურცლებსაც უხვად აჩნდა ყოველდღიური ცხოვრების კვალი -სამი წლის განმავლობაში (რაც სულაც არ იყო მძიმე სასჯელი იმ ფონზე, როდესაც ასიოდე ზღვის მილის დაშორებით იმავე დანაშაულისთვის ჩამოახრჩობდნენ) ერიკმა შეძლო, უსასყიდლოდ დაეხვეწა ინგლისური ენა, დაემთავრებინა ლიტერატურათ- და ვეშაპთმცოდნეობისა და მოგზაურობის ფსიქოლოგიის კურსი. და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი წიგნით. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი მეთოდია. ყურადღებაც იოლად არ გაგეფანტება. ხუთი თვის შემდეგ ისმაილის თავგადასავლების ზეპირად მოყოლა შეეძლო, შეეძლო აქაბთან საუბარიც, რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა, რადგან ეს იყო თვითგამოხატვის განსაკუთრებული ფორმა, რომელსაც ის მოხერხებული სამოსივით ირგებდა ტანზე. მერე რა, თუკი ეს ტანსაცმელი აღარც მოდური იყო და საკმაოდ უცნაურადაც გამოიყურებოდა! ბედნიერი შემთხვევის წყალობით ასეთი წიგნი ასეთ ადგილას აღმოჩნდა და თანაც ასეთი ადამიანის ხელში. მოგზაურობის ფსიქოლოგთათვის სინქრონულობის სახელით კარგად ცნობილი ეს მოვლენა იმაზე მიუთითებს, რომ სამყაროში ყველაფერს თავისი აზრი აქვს; ეს არის მტკიცება იმისა, რომ მის მომხიბვლელ ქაოსში ყველა მიმართულებითაა გაბმული ძაფები, რომელთაგან თითოეულს თავისი მნიშვნელობა აქვს. უცნაური ლოგიკაა. იმისთვის კი, ვისაც ღმერთისა სწამს, ეს უფლის პაპილური ხაზების ანაბეჭდია. ასე ფიქრობდა ერიკი.

სულ მალე შორეულ და ეგზოტიკურ ხვატში, სადაც საღამოობით ტროპიკული სიცხის გამო სუნთქვა ჭირდა, აფორიაქებულ სულს კი მონატრება ტანჯავდა, ერიკი წიგნის კითხვაში ეფლობოდა, წიგნის სანიშნი ხდებოდა და ამ გზით ერთგვარ შვებას პოულობდა. რომ არა ეს რომანი, პატიმრობას ალბათ ვერ გაუძლებდა. სხვა ტუსაღები, მისნაირი კონტრაბანდისტები, რომლებთან ერთადაც საკანში იჯდა, იმდენჯერ ისმენდნენ მის მიერ ხმამაღლა წაკითხულ ფრაგმენტებს, რომ ბოლოს ისინიც მოიხიბლნენ ვეშაპზე მონადირეთა თავგადასავლით. გასაკვირი უფრო ის იქნებოდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვეშაპზე ნადირობის ისტორიით რომ არ დაინტერესებულიყვნენ და სადისერტაციო ნაშრომები არ დაეწერათ ბარჯებისა და აფრიანი ხომალდების აღჭურვილობის შესახებ, მათგან ყველაზე ნიჭიერებს კი კლინიკურ ფსიქოლოგიაში ინიციაციის უმაღლესი ხარისხისთვის არ მიეღწიათ, კერძოდ კი პერსევერაციის  ნაირსახეობებში არ დახელოვნებულიყვნენ. ზოგჯერ ციხის  საკანში ერთად მჯდარი სამი მეგობარი – აზორის კუნძულელი მეზღვაური, პორტუგალიელი მეზღვაური და ერიკი, თავიანთი გამოგონილი ჟარგონით ჩია ტანის წვრილთვალება მცველებზეც ოხუნჯობდნენ:

– ეშმაკმა დალახვროს, აი, ეს მესმის! დიახ, ჩვენი მოხუცი მართლაც კარგი ყმაწვილია, – ამბობდა აზორის კუნძულელი მეზღვაური, როცა ერთ-ერთი მათგანი საკანში ჩუმად დატენიანებულ პაპიროსის კოლოფს შეუგდებდათ:

– სულსა ვფიცავარ,  სერ, მეც მასე ვფიქრობ.  უწიოს თქვენმა წყალობამ!

კარგად ერთობოდნენ, და რადგან მათ საკანში მყოფი ვერც ერთი ახალი ტუსაღი მათი ნათქვამიდან ვერაფერს იგებდა, ცხადია, ის მყისვე უცხო ხდებოდა. ასეთი იყო ჩანასახოვან დონეზე პატიმრების სოციალური ცხოვრება.

საღამოობით თითოეული რიტუალურად კითხულობდა წიგნიდან საყვარელ ნაწყვეტს, დანარჩენები კი  ხმას აყოლებდნენ.

მათი სასაუბრო ენა დღითი დღე სულ უფრო და უფრო იხვეწებოდა, საუბრის მთავარ თემად კი, როგორც რამდენიმე დღიანი, სოკრატესწინა პერიოდის ფილოსოფოსების სადარი მსჯელობით დაადგინეს, კვლავ ზღვა რჩებოდა, დედამიწის უმთავრესი სტიქია. ზღვა, მოგზაურობა, ზღვაში შესვლა და წყლისთვის თავის მინდობა. საკანში გამოკეტილები ზღვით სახლებში დასაბრუნებელ მარშრუტებს ირჩევდნენ, წარმოიდგენდნენ ხედებს, რომლებიც მოგზაურობის დროს გემიდან გადაეშლებოდათ თვალწინ, გონებაში ოჯახებისთვის დეპეშით გასაგზავნ ტექსტებს თხზავდნენ. ციხიდან გარეთ გასვლის შემდეგ თავი რამით ხომ უნდა ერჩინათ? აქაც  საუკეთესო გზების ძიებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ, სიმართლე ითქვას, თეთრი ვეშაპის შესაძლო არსებობით შეპყრობილები (ისე, რომ ამას ვერც აცნობიერებდნენ), მუდამ ერთსა და იმავე თემას უტრიალებდნენ. მათ იცოდნენ, რომ ზოგიერთ ქვეყნებში ჯერ კიდევ ნადირობდნენ ვეშაპებზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე დიდი ხანია ისეთი რომანტიკული აღარ იყო, როგორც ისმაილი აღწერდა, თუმცა ამაზე უკეთესს მაინც ვერაფერს მოჰკიდებდნენ ხელს. თურმე იაპონელები მუშახელს ეძებდნენ. აბა, ვირთევზისა და ქაშაყის რეწვას  ვეშაპზე ნადირობას როგორ შეადარებდნენ… ისევე როგორც, ხელოსნობას ვერ შეადარებ ხელოვნებას…

ოცდათვრამეტი თვე საკმარისი დროა შენი მომავალი ცხოვრების დეტალურად დასაგეგმავად, ყველა წვრილმანის გასათვალისწინებლად. შეგიძლია ეს გეგმა პუნქტობრივად ჩამოაყალიბო, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად განიხილო. ამ დროს ზოგჯერ ერთმანეთსაც წაეკინკლავებოდნენ ხოლმე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა:

„აბა, აბა! გაჩუმდი! დაიხსომე, რაც სავაჭრო გემზე გითხარი. ნუ მაღიზიანებ. იცოდე, არ მოგითმენ. მოდი, ერთმანეთს კარგად გავუგოთ, მე მხოლოდ ერთი-ორი სიტყვა გითხარი ვეშაპმონადირეობაზე. კიდევ მიგიწევს გული?“

„შენ ჯერ იმდენი არაფერი გინახავს, რომ ამ ქვეყნისა რამე გაგეგებოდეს!“, – მიუგებდა პორტუგალიელი მეზღვაური.

„ჩრდილოეთის ზღვა სიგრძე-სიგანეზე გემებით მაქვს გადასერილი, აღმოსავლეთის ზღვაც არ არის უცხო ჩემთვის. ატლანტის ოკეანის დინებებს ჩემს ძარღვებზე უკეთ ვიცნობ…“

„ზედმეტად თავდაჯერებული ხარ, ძამიკო!“

მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი არ მითქვამს. ცოტა რამ კიდევ უნდა დავამატო:

ათი წელიწადი – სწორედ ამდენ ხანს გრძელდებოდა ერიკის შინისკენ მოგზაურობა და, დარწმუნებული ვარ, ამით თავის ორივე მეგობარს აჯობა. ის შემოვლითი გზით ბრუნდებოდა, პერიფერიული ზღვებით, ყველაზე ვიწრო სრუტეებითა და ყველაზე ფართო ყურეებით. ის იყო, მიაღწევდა ადგილს, სადაც მდინარე ზღვის წყალს ლოკავდა, ან შინისკენ მიმავალ გემზე უნდა აებიჯებინა, რომ საიდანღაც ახალი შემოთავაზება ჩნდებოდა, რომელიც ხშირად ისევ საწინააღმდეგო მიმართულებით აბრუნებდა, მაგრამ დაფიქრებულს მაშინვე ძველი ბრძნული გამონათქვამი ახსენდებოდა – დედამიწა მრგვალია, ამიტომ მიმართულებებს დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთო. ეს ისედაც ცხადი იყო – უსამშობლო კაცისთვის ყველა გზა შინისკენ მიდის, რადგან არაფერი ისე არ იზიდავს ადამიანს, როგორც სიცარიელე.

წლების განმავლობაში პანამის, ავსტრალიის, ინდონეზიის დროშებით მცურავ გემებზე მუშაობდა, ჩილეს სატვირთო გემით ამერიკიდან იაპონური მანქანები გადაჰყავდა, სამხრეთ აფრიკის ტანკერით ლიბერიის მისადგომებთან კატასტროფაში მოყვა, ხალხს იავიდან სინგაპურში გადასვლაში ეხმარებოდა. ერთხელ სიყვითლე დაემართა და კაიროს საავადმყოფოშიც იწვა. როდესაც მარსელში მთვრალს ჩხუბის დროს ხელი მოსტეხეს, რამდენიმე თვით დალევას შეეშვა, და თურმე მხოლოდ იმიტომ, რომ მერე მალაგაში უგონოდ დამთვრალიყო და ახლა ფეხი მოეტეხა.

მოდით, დაწვრილებით ნუღა მოვყვებით, რა გადახდა თავს საზღვაო მარშრუტებზე მოსიარულე ერიკს. ამას ჯობია, ისევ ხმელეთზე ავედევნოთ, იმ კუნძულზე, დროთა განმავლობაში ასე რომ შეიძულა და პატარა, ტლანქ ბორანზე დაიწყო მუშაობა, რომელიც კუნძულებს შორის დაცურავდა. ერიკი ამბობდა, რომ სწორედ ამ შეურაცხმყოფელმა სამუშაომ დაამჭლევა  და, თითქოს, გაახუნა კიდეც. სახიდან გამქრალმა მზის რუჯმა ალაგ-ალაგ მუქი ლაქები დაუტოვა. საფეთქლები შეევერცხლა, თვალების გარშემო ნაოჭები გაუჩნდა და მზერა მახვილი და გამჭოლი გაუხდა. ასეთი დასაწყისის შემდეგ, რამაც მისი პატივმოყვარეობა საგრძნობლად შელახა, უფრო საპასუხისმგებლო ადგილას გადაიყვანეს. ახლა მისი ბორანი არა კუნძულიდან კუნძულზე, არამედ კუნძულსა და ხმელეთს შორის მიმოდიოდა და აღარც გვარლით იყო დაბმული, მისი ვრცელი გემბანი კი თექვსმეტ მსუბუქ ავტომანქანას იტევდა. ეს სამსახური მას რეგულარული შემოსავლით და სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფდა და ჩრდილოეთის კუნძულზე მშვიდი ცხოვრების საშუალებას აძლევდა.

ერიკი უთენია დგებოდა, ცივ წყალს გადაივლებდა, ჭაღარა წვერს თითებით ჩამოივარცხნიდა, ჩრდილოეთის ბორნების გაერთიანების მუქმწვანე მუნდირს ჩაიცვამდა და ფეხით მიდიოდა ნავსადგურში, რომელსაც წინა საღამოს მოადგა. რამდენიმე წუთში სახმელეთო მომსახურების რომელიმე თანამშრომელი, რობერტი ან ადამი, ბორნის კარიბჭეს აღებდა და  რკინის რამპით გემბანზე ასასვლელად პირველი მანქანები რიგში დგებოდნენ. ადგილი ყველა მანქანისთვის საკმარისი იყო, თუმცა ისეც ყოფილა, რომ ბორანი ცარიელი გაბრუნებულა უკან – ხალვათი, სუფთა და ფიქრიანი. ერიკი ამ დროს თავის მაღალ კაბინაში, წეროს მინის ბუდეში იჯდა და გაღმა ნაპირი ახლოს ეჩვენებოდა. ბორნით ცურვას, ალბათ ჯობდა, ერთი ხიდი აეშენებინათ, აქეთ-იქით სიარულისგან ხალხს თავბრუ მაინც აღარ დაეხვეოდა.

მისი სულიერი მდგომარეობა კი ასეთი იყო: ერიკს ყოველდღე ორი ერთნაირი არჩევანი ჰქონდა. პირველი, რომელზეც განუწყვეტლივ წუხდა და ფიქრობდა, იყო განცდა, რომ სხვებზე უარესია, რომ მას არა აქვს ის, რაც ყველას, რომ თითქოს გადაგვარდა რაღაცნაირად და, ეშმაკმა წაიღოს, ისიც კი ვერ გაუგია, რა სჭირს. იმ დასჯილი ბავშვივით მიტოვებულად და ეულად გრძნობს თავს, ფანჯრიდან რომ უთვალთვალებს ეზოში ლაღად მოთამაშე თანატოლებს. არ შორდებოდა შეგრძნება, რომ წყალსა და ხმელეთზე კაცობრიობის ქაოსურ გადაადგილებებში ღმერთმა მას უმნიშვნელო, ეპიზოდური როლი არგუნა, კუნძულზე დამკვიდრების შემდეგ კი ეს როლი საერთოდაც სტატისტის როლი აღმოჩნდა.

მეორე მდგომარეობა ერიკს აგრძნობინებდა, რომ ის ყველაზე კარგი, ერთადერთი და განუმეორებელი იყო, რომ მხოლოდ მან იცოდა, რა იყო სიმართლე, რომ მხოლოდ მას ერგო რჩეულის ხვედრი. ეს დადებითი განწყობა ხშირად რამდენიმე საათი ან დღეც გრძელდებოდა. ასეთ დროს, შეიძლება ითქვას, ის ბედნიერიც კი იყო, მაგრამ ამ მდგომარეობიდან როგორც სიმთვრალიდან, ისე ფხიზლდებოდა და ნაბახუსევზე აეკვიატებოდა ხოლმე საშინელი აზრი, თითქოს თავის ღირსეულად წარმოსაჩენად გამუდმებით უნდა ეცრუა. ამაზე უარესი კი ის შეგრძნება იყო, რომ  ერთ მშვენიერ დღეს სიმართლე გამოაშკარავდებოდა და ყველასთვის ნათელი გახდებოდა, რომ, ის, ერიკი, სრული არარაობა იყო.

იჯდა ასე და იქიდან უყურებდა, როგორ იტვირთებოდა დილის პირველი ბორანი, როგორ ადიოდნენ მასზე ნაცნობი თანაქალაქელები. აი, იმ რუხ „ოპელში“ რ.-ის ოჯახი ზის, – მამა ნავსადგურში მუშაობს, დედა – ბიბლიოთეკაში, მათი შვილები, ვაჟი და გოგონა, სკოლაში დადიან. ლიცეუმის მოწაფეები, ოთხი მოზარდი, ნაპირზე რომ გადავლენ, იქ სასკოლო ავტობუსში ჩასხდებიან. ელიზა საბავშვო ბაღის აღმზრდელი, სამსახურში მიდის და თავის პატარა გოგონაც თან მიჰყავს. ბავშვის მამა ორი წლის წინ მოულოდნელად გაქრა და ჯერ არ გამოჩენილა. ერიკი ეჭვობდა, რომ კაცი სადღაც შორს, ვეშაპებზე ნადირობდა. ბებერ ს.-ს რომელსაც თირკმელზე რაღაც სჭირდა, კვირაში ერთხელ საავადმყოფოში დადიოდა დიალიზზე. ს.-ს და მის ცოლს თავიანთი ციცქნა ხის სახლის გაყიდვა უნდოდათ, რომ სადმე საავადმყოფოსთან ახლოს დაედოთ ბინა, მაგრამ რატომღაც ხელი არ მოემართათ. ის ბიოორგანული საკვების მაღაზიის სატვირთო ხმელეთზე საქონლის წამოსაღებად მიდიოდა. იმ უცნობი შავი მანქანით, ალბათ, რეჟისორის სტუმრები არიან. ყვითელი ფურგონი ძმების, ალფრედის და ალბრეხტისაა, რომლებიც კუნძულზე ბერბიჭული სიჯიუტით ცხვრებს ამრავლებდნენ. ავტოსახელოსნოს მანქანა, სავარაუდოდ, ნაწილების მოსატანად მიდიოდა. ედვინმა ერიკს ხელი დაუქნია. თავისი ხელოვნური ბეწვის სარჩულიანი უჯრულა პერანგებით მას ყველა კუნძულზე იცნობდი. ერიკი აქ ისედაც ყველას იცნობდა, პირველად ჩამოსულზეც შეეძლო ეთქვა, რა მიზანი ამოძრავებდა და თუ ადამიანის მოგზაურობის მიზანი იცი, ეს უკვე ნიშნავს, რომ მის შესახებ ბევრი რამ გცოდნია.

კუნძულზე ადამიანი ძირითადად სამი რამის გამო გადადიოდა: პირველი – თუ ამ კუძულზე ცხოვრობდა, მეორე – თუ კუნძულზე მცხოვრები რეჟისორის სტუმარი იყო, და მესამე – ქარის წისქვილის ფონზე სურათის გადასაღებად.

ბორანს ხმელეთამდე მისასვლელად ოცი წუთი სჭირდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ზოგიერთი მგზავრი, მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალული იყო, სიგარეტის მოსაწევად მანქანიდან გადმოდიოდა, ზოგი, უბრალოდ, მოაჯირთან იდგა და წყალს ჩასცქეროდა. სულ მალე ხმელეთის სურნელით აღგზნებული მგზავრები, თავიანთი მნიშვნელოვანი საქმეებითა და ვალდებულებებით, სანაპიროს უახლოეს ქუჩებსა და შუკებში უჩინარდებოდნენ, მეცხრე ტალღასავით აწყდებოდნენ ნაპირს, რომელიც ხმელეთს ყველაზე შორს სწვდება, ბოლომდე იჟონება მიწაში და აღარასოდეს ბრუნდება ზღვაში, მის ნაცვლად კი ახალი ტალღები იქოჩრებიან. ესეც ვეტერინარი, თავისი ელეგანტური პიკაპით, რომლის საყიდელი ფულიც კატების სტერილიზაციით იშოვა. ეს კი კუნძულის ფლორა-ფაუნის შესწავლის მიზნით ბუნებისმეტყველების გაკვეთილის ფარგლებში სკოლიდან ექსკურსიაზე წამოყვანილი ბავშვები არიან. აგერ ბანანით და კივით დატვირთული საბარგო მანქანა, რეჟისორთან ინტერვიუს ჩასაწერად მიმავალი გადამღები ჯგუფი, გ.-ს ოჯახი, რომელიც ბებიის მოსანახულებლად იყო წასული და ახლა შინ ბრუნდებოდა, და ორიც შემცივნული ველოსიპედისტი.

ბორნის დატვირთვა-გადამოტვირთვა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. გულის გადასაყოლებლად ერიკმა რამდენიმე სიგარეტი ზედიზედ მოწია. ამის შემდეგ ისევ კუნძულზე უნდა დაბრუნებულიყო და იმ დღეს კიდევ რვა რეისი უნდა მოესწრო თავისი ორსაათიანი შესვენებით, რომელსაც მუდამ ერთსა და იმავე ბარში ატარებდა. საღამოს კი, სამსახურის შემდეგ, კარტოფილს, ლორს, ხახვს, სიგარეტს და სასმელს იყიდდა. ცდილობდა, შუადღემდე არ დაელია, მაგრამ მეექვსე რეისის შემდეგ, როგორც წესი, უკვე გვარიანად შეზარხოშებული იყო.

სწორი ხაზები – როგორ გამცირებს, როგორ გიჩლუნგებს გონებას. მისი ვერაგი გეომეტრია იდიოტებად გვაქცევს – წინ და უკან, წინ და უკან. ეს ხომ მოგზაურობის პაროდიაა და სხვა არაფერი. იმიტომ უნდა დაადგე გზას, რომ სასწრაფოდ დაბრუნდე უკან; იმიტომ უნდა გაქანდე, რომ მყისვე დაამუხრუჭო.

ერიკის ხანმოკლე და მშფოთვარე ოჯახურ ურთიერთობაშიც ასე მოხდა. მარია ქმარს გაშორებული ქალი იყო, მაღაზიაში მუშაობდა და ჰყავდა ვაჟი, რომელიც ქალაქის სკოლა-ინტერნატში სწავლობდა. ერიკი საცხოვრებლად მის მყუდრო, პატარა და დიდტელევიზორიან სახლში გადავიდა. მარიას თეთრი პირისახე,  ოდნავ სრული, მოხდენილი ტანი ჰქონდა და ვიწრო ლეგინსების ჩაცმა უყვარდა.

მარიამ მალე ისწავლა კარტოფილის შეწვა ლორში და ხახვში, არც მაიორანი და მუსკატი ავიწყდებოდა. ერიკიც, როცა არ მუშაობდა, მონდომებით ჩეხავდა შეშას. დაახლოებით წელიწადნახევარი გრძელდებოდა ასე, მაგრამ ერთხელაც ერიკს ყელში ამოუვიდა  მუდმივად ჩართული ტელევიზორის ხმა, მისი ჩახჩახა ნათება, ზღურბლთან დაფენილი ტილო, რომელზეც ტალახიანი ფეხსაცმელი უნდა დაეწყო, და ის დაწყევლილი მუსკატის კაკალიც. თანაც, რამდენჯერმე დათვრა და აწეული თითით მეზღვაურებს აუშარდა, რის შემდეგაც მარიამ სახლიდან გამოაგდო. ამ ამბიდან სულ მალე, ერიკი ხმელეთზე გადავიდა საცხოვრებლად.

დღეს პირველი მარტია, ნაცრის ოთხშაბათი. ერიკმა თვალი გაახილა თუ არა, ფანჯრიდან რუხი დილა და თოვლჭყაპი დაინახა. თავისი ძველი, თითქმის დავიწყებული სახელი გაახსენდა და ხმამაღლა წარმოთქვა. თითქოს ვიღაც უცნობმა დაუძახაო, ისე ჩაესმა ყურში. წუხანდელი სიმთვრალის გამო თავში ნაცნობი სიმძიმე იგრძნო.

საინტერესოა იმის ცოდნა, რომ ჩინელებს ისედაც ორ-ორი სახელი აქვთ: პირველ სახელს ახალშობილს ოჯახი არქმევს. ამ სახელით ტუქსავენ ბავშვს,  მოუწოდებენ წესრიგისკენ და ამ სახელს ეძახიან, როცა ეფერებიან და ენას უჩლექენ. მეორე სახელს კი, გარე სამყაროსთვის საცოდნელ, პიროვნების აღმნიშვნელ სახელს, თავად ირქმევენ ჩინელები მაშინ, როდესაც ზრდასრულები ხდებიან და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. ისინი მას მუნდირივით ირგებენ, ანაფორასავით, პატიმრის ზოლიანი ხალათივით, ოფიციალურ მიღებაზე ჩასაცმელი სადღესასწაულო სამოსივით. ეს სახელი რაც შეიძლება მარტივი უნდა იყოს, იოლად დასამახსოვრებელი. უმჯობესია, თუ სახელი საერთაშორისო, უნივერსალური, ყველასთვის კარგად ნაცნობი იქნება; ადგილობრივ სახელებზე უარი უნდა თქვან. უარი უნდა თქვან ოლდრჟიხზე, სუნგ ინზე, კაზიმირსა და იირკზე,  ბლაჟენზე, ლიუზე და მილიცაზე. გაუმარჯოს მიქაელს, იუდიტს, ანას, იანს, სამუელსა და ერიკს!

მაგრამ დღეს თავისი ძველი სახელის გაგონებაზე ერიკმა მოულოდნელად უპასუხა: აქ ვარ!

არავინ იცის მისი ძველი სახელი, ამიტომ ამ საიდუმლოს მეც ჩემთვის შევინახავ.

მამაკაცმა, რომელსაც ერიკი ერქვა, ჩრდილოეთის ბორნების გაერთიანების ემბლემიანი  მწვანე მუნდირი ჩაიცვა, წვერი თითებით ჩამოივარცხნა, ჯუჯა სახლში გათბობა გამორთო და მოსფალტებულ გზას დაადგა. მერე თავის აკვარიუმში მჯდარმა, ბორნის ბოლომდე დატვირთვისა და მზის ამოსვლის მოლოდინში, თუნუქის ქილიდან ლუდი მოსვა და პირველი სიგარეტი გააბოლა. შემდეგ ზევიდან ელიზას და მის პატარა გოგონას მეგობრულად დაუქნია ხელი, თითქოს ებოდიშებოდა, რომ დღეს ისინი საბავშვო ბაღში ვერ მივიდოდნენ.

როდესაც  ნაპირს დაშორებულმა ბორანმა ხმელეთამდე მისასვლელი გზის ნახევარი გაცურა,   შეყოვნდა და მოულოდნელად გაშლილი ზღვისკენ აიღო გეზი.

მგზავრები თავიდან ვერ მიხვდნენ, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა; ვერც ისინი, ვინც შეჩვეული იყო სწორ ხაზზე მოძრაობის რუტინას, და ასეთი იყო უმრავლესობა. უხმოდ უცქერდნენ, თანდათან როგორ ქრებოდა მათი თვალსაწიერიდან ხმელეთი, რაც ადასტურებდა მთვრალი ერიკის თეორიას, რომ ბორნით მგზავრობა ტვინის ხვეულებს ასწორებსო. მოგვიანებითაც, მხოლოდ ზოგიერთი მოეგო გონს.

– ერიკ, რას ჩადიხარ? ახლავე უკან დაბრუნდი! – შესძახა ალფრედმა, რომელსაც ხმამაღალი წრიპინით შეუერთდა ელიზა: – ადამიანებს სამსახურში დააგვიანდებათ…

ალფრედმა ერიკთან ასვლაც სცადა, მაგრამ მას კაბინამდე მისასვლელი საგულდაგულოდ ჩაეგმანა და კაბინის კარიც გასაღებით ჩაეკეტა.

ერიკი მაღლიდან დაჰყურებდა მგზავრებს. ყველას მობილური ტელეფონი მოემარჯვებინა და სადღაც რეკავდა. აღშფოთებულები ჰერში ისროდნენ სიტყვებს და ნერვიულად ჟესტიკულირებდნენ. ერიკი ხვდებოდა, რასაც ამბობდნენ: რომ სამსახურში დააგვიანდებოდათ, რომ საინტერესო იყო, ვინ აუნაზღაურებდათ მორალურ დანაკლისს, რომ არ იყო საჭირო ასეთი ლოთების სამსახურში აყვანა, რომ ყოველთვის იცოდნენ, ერთ დღესაც ამით რომ დასრულდებოდა ყველაფერი, რომ სამუშაო ადგილები ადგილობრივებისთვისაც არ კმაროდა, ამ დროს კი ვიღაც ემიგრანტებს ასაქმებდნენ, რომ რაც უნდა კარგად დაეუფლოს ასეთი ენას, ის მაინც…

ოდნავაც არ ღელავდა. რაღაც დროის შემდეგ კი კმაყოფილმა შენიშნა, რომ აღარც მგზავრები შფოთავდნენ, გემბანზე მშვიდად ისხდნენ და შეჰყურებდნენ, როგორ ნათდებოდა ცა და უეცრად ამოსული მზე როგორ ისროდა ზღვაში თვალისმომჭრელ სხივების ძნებს. მხოლოდ ერთი რამ არ აძლევდა მოსვენებას ერიკს –  ელიზას გოგონას მუქი ცისფერი ლაბადა, რადგან ყველა ზღვის მგელმა კარგად იცის, რომ გემბანზე ამ ფერის გამოჩენა, ცუდის მომასწავებელია. ერიკმა თვალები დაახამხამა და შეეცადა, სასწრაფოდ დაევიწყებინა ნანახი, მერე კი კურსი ოკეანისკენ აიღო და, ამ შემთხვევისთვის დიდი ხნით ადრე მომარაგებული კოკა-კოლას ყუთითა და შოკოლადის ბატონებით ხელდამშვენებული, მგზავრებთან ჩავიდა. როგორც ჩანს, მცირე წახემსებამ შედეგი გამოიღო, რადგან ბავშვები ერთბაშად ჩაწყნარდნენ და შორს დარჩენილი კუნძულისკენ დაიწყეს ცქერა, უფროსები კი დაუგეგმავი მოგზაურობით დაინტერესდნენ:

– საით აიღე კურსი? – შეეკითხა ერიკს ძმები ტ.-ბიდან უმცროსი და დააბოყინა.

– რამდენი ხანი დაგვჭირდება ღია ზღვაში შესასვლელად? – დროის საკითხმა შეაწუხა საბავშვო ბაღის აღმზრდელი ელზა.

– საკმარისი საწვავი თუ მოიმარაგეთ? – გამოცოცხლდა თირკმელებით დაავადებული ბებერი ს..

ყოველ შემთხვევაში, ერიკს ეჩვენებოდა, რომ სწორედ ამას ეკითხებოდნენ. ცდილობდა, მათთვის არ შეეხედა და სიმშვიდე შეენარჩუნებინა. მზერა ჰორიზონტს მიაბჯინა, რომელმაც მისი თვალის გუგა თანაბრად გაყო წყლისა და ცის მუქ და ღია ნაწილებად. მგზავრებმაც, თითქოს ბედს შეურიგდნენო, მორჩილების ნიშნად თავზე ქუდები ჩამოიფხატეს და კაშნეებიც უფრო მჭიდროდ შემოიხვიეს ყელზე. შეიძლება ითქვას,  ერთხანს სრულ სიჩუმეში მიცურავდნენ, სანამ ის პოლიციის ვერტმფრენისა და კატერების გრუხუნმა არ დაარღვია.

– ზოგი რამ თავისთავად ხდება, ზოგი მოგზაურობა სიზმარში იწყება და სიზმარშივე მთავრდება, ზოგი მოგზაური კი მისი შინაგანი მოუსვენრობის კარნახით დაადგება ხოლმე გზას. თქვენ წინაშე სწორედ ერთ-ერთი მათგანი დგას… – ასე დაიწყო თავისი სიტყვა ერიკის მოკლე სასამართლო პროცესზე მისმა დამცველმა. სამწუხაროდ, ამ მგზნებარე გამოსვლამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და ჩვენი გმირი გარკვეული დროით ისევ ციხეში აღმოჩნდა. ვიმედოვნებ, რომ მისსავე სასარგებლოდ, რადგან ერიკისთვის, ზღვისგან ნასესხები რწევისა და მისი ამოუცნობი მიქცევა-მოქცევის გარდა, სხვა ცხოვრება მაინც არ არსებობს.

თუმცა ეს უკვე ჩვენი საქმე აღარ არის.

ამ ამბის დასასრულს, ვინმეს ეჭვი რომ შეეპაროს მის სიმართლეში, ვინმემ მხრებში რომ ჩამავლოს ხელები, მაგრად რომ შემანჯღრიოს და შემეხვეწოს, მართალი მითხარით, რატომღაც ვერ ვიჯერებ, რომ ნამდვილად ისე იყო ყველაფერი, როგორც თქვენ მოგვიყევით და ეს ამბავი მართლა სარწმუნო წყაროებიდან იცითო, რომ მითხრას, მაპატიეთ ამ დაჟინებული კითხვებისთვის და ამ ჩაციებისთვისო, ვაპატიებდი და ვეტყოდი: მაღალი ზეცა იყოს ჩემი მოწმე და ჩემს პატიოსნებას გეფიცებით, რომ ამ ამბის უდიდესი ნაწილი სიმართლეა. დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, ეს ამბავი ნამდვილია. ის ჩვენს პლანეტაზე მოხდა და იმ  გემბანზე მეც ვიყავი.

© არილი

Facebook Comments Box