“ჩემი ცხოვრება არ არსებობს, არარაობა ვარ. ყველაფერი მირაჟია’’. ეს მარგერიტ დიურასის სიტყვებია. მწერალი, რომლის შემოქმედებას დღესაც მილიონობით ადამიანი ეთაყვანება მსოფლიოში, თავის თავს არარაობას უწოდებდა. მარგერიტ დიურასის ამ სიტყვების გასაგებად დროშიც და სივრცეშიც შორს წასვლაა საჭირო. დროში იმიტომ, რომ მისი პიროვნების გასაღები ინდოჩინეთში გატარებული ბავშვობის წლებია, სივრცეში კი იმიტომ, რომ ფრანგი მწერალი, მარგერიტ დიურასი, შორეული საიგონის ერთ პატარა, მიყრუებულ სოფელში დაიბადა.
მარგერიტის მშობლები, ანრი დონადიე და მარი ლეგრანი, ერთმანეთს ინდოჩინეთში, საფრანგეთის კოჩინჩინში შეხვდნენ, სადაც უკეთესი ცხოვრების საძიებლად ემიგრაციაში წავიდნენ. ისინი პედაგოგები იყვნენ და იმედი ჰქონდათ, რომ შორეულ აღმოსავლეთში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევდნენ, ვიდრე საფრანგეთში, თუმცა არ გაუმართლათ.
1910 წელს ორი ქვრივი, ანრი დონადიე და მარი ლეგრანი, დაქორწინდა და კოჩინჩინში დასახლდა. ამ ქორწინებიდან მათ სამი შვილი შეეძინათ: პიერი, პოლი და მარგერიტი. მალე ანრი დონადიე დააწინაურეს და ჯერ ვიეტნამში, ჰანოიში, მოგვიანებით კი, კამბოჯაში, პნომპენში გადაიყვანეს სკოლის დირექტორად. ანრის თითქოს გული უგრძნობდა, რომ დაწინაურება მას კარგს არაფერს უქადდა, ამიტომ ამ დანიშვნის წინააღმდეგი იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ოლქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გაუქმება ვერ შეძლო და კამბოჯაში გაემგზავრა, სადაც იგი მალარიით დაავადდა. ანრი იძულებული გახდა სამშობლოში, საფრანგეთში, დაბრუნებულიყო. მალე მას ავადმყოფობა გაურთულდა და 1920 წლის 4 დეკემბერს გარდაიცვალა კიდეც. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კი ანრი დონადიემ აკვიტანიის მხარეში, დაბა დიურასთან ახლოს, სახლი იყიდა. სწორედ ამ ფსევდონიმით, დიურასი, გამოაქვეყნა მარგერიტმა თავისი პირველი რომანი “თავხედები’’ (სათაური პირობითია).
საფრანგეთში გატარებული ორი წლის შემდეგ მარგერიტის დედა, მარი დონადიე, ისევ ინდოჩინეთში დაბრუნდა და სკოლის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ზუსტად ამ პერიოდიდან ახსოვს მარგერიტ დიურასს თავისი აქტიური ბავშვობა. საიგონის მტვრიანი და ვიწრო შუკები, კოლონიური ადმინისტრაციის ეშმაკური ხრიკები, ქალური ვნებები, უკიდურესი გაჭირვება, წნარი ოკეანის ჭირვეულ მიქცევა-მოქცევებთან დაუსრულებელი ბრძოლა გადარჩენისთვის, ჩინელი ბავშვების უზრუნველობა, ადგილობრივი მაღალჩინოსნების აღვირახსნილი სასიყვარულო ისტორიები, ნიკოტინის სუნით გაჟღენთილი იაფფასიანი კაფეების აურზაური, შეზარხოშებული მამაკაცების გიჟური, თავდავიწყებამდე მისული ხვეწნა-მუდარა ერთი ღამის ნეტარების მოლოდინში, დახურული სახლების სკანდალური თავგადასავლები, მოტყუებული მოზარდების დაუსრულებელი მოლოდინი, სასმელისგან გონდაკარგული ქალბატონები, ზღვასა და ოკეანეებში წლობით უაზროდ მოხეტიალე ადამიანები, საკუთარ ოჯახში განცდილი მარტოობის სევდა, ადგილობრივი მოსახლეობის არაერთგვაროვანი, ეჭვიანი დამოკიდებულება ფრანგების მიმართ, სააშკარაოზე გამოტანილი შიშველი ვნება და თავმომწონე ყმაწვილების თავშეუკავებელი ქათინაურები, გაცვეთილი, არარაობად ქცეული ყოფა, გარდატეხის ასაკის გოგონების ჩუმი, ცრემლნარევი სიყვარული, ფულის და დიდების გამო გაყიდული ახალგაზრდა სხეულები და სიყვარული, და კიდევ ერთხელ სიყვარული მთელი თავისი სილამაზით, დარდით, შიშით, შფოთით, ბედნიერებით და სექსის შემდგომი კაეშანნარევი ტკბობით: ესაა მარგერიტ დიურასის შემოქმედება და ამავდროულად მისი სულის ნაწილიც, იმიტომ, რომ ბევრი მისი გმირის პროტოტიპი თვითონაა. მარგერიტმა საკუთარ თავზე გამოსცადა ის, რაც ბევრმა მისმა პერსონაჟმა გადაიტანა. ამგვარად, ქალბატონი დიურასი ჯერ უკიდურესად შეყვარებული ადამიანების სიყვარულის ჟამთააღმწერელი გახდა, ისეთი სიყვარულის, რომელიც მან თავის რომანებში “ლოლ სტეინის გატაცება’’ და “ვიცე-კონსული’’ აღწერა, შემდგომ კი სამყაროს უკიდურესი აღმოსავლეთის მწერალი. მან თავად იცხოვრა იმ სისხლსავსე ცხოვრებით, რომლსაც თავის წიგნებში აღწერს. მისი ბევრი რომანი ავტობიოგრაფიულია. მარგარეტი არ მოერიდა იმ ტაბუდადებულ თემებზე წერას, რასაც ხშირად კოლონიური საზოგადოება არ იღებდა. მისი რომანების “საყვარელი ჩრდილოეთ ჩინეთიდან’’ და “საყვარელი’’ მთავარი მოქმედი გმირის პროტოტიპი თვითონაა. მარგარეტია ის პატარა გოგონა, რომელსაც მდიდარი ჩინელი საყვარელი ჰყავდა და რომელიც, ვერ გაეგო, უყვარდა თუ სძულდა. თუმცაღა სანამ წერას დაიწყებდა, იყო ბავშვობა, ყმაწვილქალობის ეშხი და მოტყუებული დედა, რომელიც წლების მანძილზე ებრძოდა “ქარის წისქვილს’’ – წყნარ ოკეანს.
ქმრის გარდაცვალების შემდეგ ინდოჩინეთში დაბრუნებული ქალბატონი დონადიე მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდა: მას მარტოდმარტოს უნდა აღეზარდა სამი შვილი იმ პირობებში, როცა ხშირად საკმარისი საკვებიც კი არ ჰქონდა. ამიტომაც იოლად დასთანხმდა ოლქის ადმინისტრაციის თითქოსდა სარფიან შემოთავაზებას, შეეძინა სიამის ყურეში მდებარე მიწა. მარგერიტის საბრალო დედა არც კი დაეჭვებულა, რომ მას ატუებდნენ და რომ ადგილობრივმა მაღალჩინოსნება შესანიშნავად იცოდნენ, იმ ადგილას მიწის დამუშავება შეუძლებელი იყო. მარის კი იმედი ჰქონდა, რომ იქ მოწეული მოსავლის გაყიდვით მიღებული შემოსავლით გამდიდრდებოდა, მაგრამ ამაოდ. მიწა მწირი იყო, წყნარი ოკეანე კი ყოველ ზაფხულს წყლით ფარავდა ნათესებს და ნაკვეთები გამოუსადეგარი ხდებოდა. ღვარცოფივით მოვარდნილი ნიაღვარი ერთ ღამეში ანგრევდა რამოდენიმე თვის მანძილზე რუდუნებით ნაშენებ კაშხალს. მარგერიტის დედა მთელი ოცი წელი ჯიუტად ცდილობდა ოკეანის სანაპირო ჯებირების გაკეთებას, ოცი გრძელი წელიწადი უშედეგოდ შეალია ოკეანესთან ბრძოლას, რასაც მთელი მისი ცხოვრების დანაზოგი შეეწირა. მარის არსებულთან შეგუება უჭირდა, ის გამოუსწორებელი მეოცნებე, დაუღალავი ოპტიმისტი და ენერგიით აღსავსე ქალი იყო, რომელსაც არ უნდოდა შვილებთან მოტყუებულის სახელი დარქმეოდა და თავს იმით ინუგეშებდა, რომ ცხოვრება ბრძოლააო. საკუთარი შვილებისგან კი აბსოლუტურ მორჩილებას მოითხოვდა. ის თბილი, ძლიერი და ამავდროულად სასტიკი ადამიანი იყო, რომელიც ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა შვილებს. სწორედ ასეთად დაამახსოვრდა მარგერიტს დედამისი, ეს ტკივილიანი შრომა-ბრძოლის ამბავი აღწერა მან თავის რომანში “კაშხალი წყნარი ოკეანის წინააღმდეგ’’. მარგერიტს მთელი ცხოვრება სტანჯავდა ინდოჩინეთში გატარებული მწარე ბავშვობის მოგონებები. ოკეანესთან ბრძოლა რეალურ ადამიანებთან წაგებული ბრძოლის ტოლფასი გახდა და მთელ ოჯახს ტვირთად დააწვა.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ის საფრანგეთში გაემგზავრა საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად. იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კი მარგერიტი ისევ ინდოჩინეთში დაბრუნა, თუმცა მოკლე ხნით. ერთი წლის შემდეგ, 1933 წელს, მან საბოლოოდ დატოვა ინდოჩინეთი და საცხოვრებლად პარიზში დარჩა. ამ დროიდან მოყოლებული მან პარიზულ ცხოვრებას გემო გაუგო და ფეხი აუწყო. მარგერიტი ეგრეთ წოდებული აზიური ციკლის რომანებთან ერთად პარიზული, ევროპული ცხოვრების ამსახველი რომანების ავტორიცაა, როგორებიცაა “სკვერი’’, “ზაფხულის საღამოს ათის ნახევარი’’, “ტარკვინიის პატარა ცხენები’’.
1936 წელს მარგერიტმა ბაკალავრის დიპლომი მიიღო. ამავე წელს იგი რობერ ანტელმს შეხვდა, რომელთანაც 3 წლის შემდეგ იქორწინა. მარგერიტს ცხოვრებამ კიდევ ერთი განსაცდელი არგუნა ბედად. მას მკვდარი ბავშვი შეეძინა. ამ ამბავმა დიდი ზეგავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე. შვილის დაკარგვით გამოწვეული დარდი მარგერიტს დიდხანს დასტანჯავს.
1942 წელს მარგერიტი და რობერი პარიზის პრესტიჟულ უბანში, სენ-ჟერმენ-დე-პრეზე დასახლდნენ. ამ პერიოდში მარგერიტი და რობერ ანტელმი წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები გახდნენ. 1944 წელს მარგერიტის ქმარი დააპატიმრეს. რობერ ანტელმი ომის შემდეგ, უკვე მძიმე ავადმყოფი გაათავისუფლეს. ამ ტკივილიანი მოლოდინის შედეგი იყო რომანი “ტკივილი’’, სადაც მარგერიტმა იშვიათი ოსტატობით აღწერა ლოდინით გამოწვეული დარდი. 1947 წელს მარგერიტი მეუღლეს დაშორდა და მალე დიონისე მასკოლოზე იქორწინა. ამ ქორწინებიდან მას ვაჟი, ჟანი, შეეძინა.
1957 წელს მარგერიტი დიონისესაც დაშორდა. ამავე წელს იგი სცენარისტს და ჟურნალისტს, ჟერარ ჟარლოს დაუახლოვდა. მათი თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა არაერთი კინოსცენარი და თეატრალური ადაპტაცია. მარგერიტი აქტიურად მუშაობდა როგორც კინოსთვის, ასევე თეატრისთვისაც. 1958 წელს მარგერიტმა ალენ რენესთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისთვის “ჰიროსიმა, ჩემი სიყვარული’’. ამ ფილმმა მარგერიტს უდიდესი აღიარება მოუტანა კინოს სამყაროში.
1980 წელს მარგერიტი იან ანდრეა სტეინერს შეხვდა, რომელთანაც იგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.
ბედისწერამ მარგერიტს არაერთი სირთულე გადაატანინა. ომისშემდგომი მოლოდინის დარდით გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილი, სიკვდილის აჩრდილის შიში, რაზეც მარგერიტი “სიკვდილის სენში’’ მოუთხრობს თავის მკითხველს. მარგერიტი ცხრა თვის განმავლობაში იყო საწოლს მიჯაჭვული. ხუთთვიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ მან ახალი ცხოვრება დაიწყო და მის ცნობიერებაში ბევრი რამის გადაფასება მოხდა. ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა.
მრავალი წლის შემდეგაც კი, ინდოჩინეთიდან შორს მყოფი მარგერიტი ხშირად ამბობდა: “მე ისევ იქ ვარ, იმ ოჯახში, საკუთარ თავში მყარად დარწმუნებული. იმდენად მყარად, რომ ვიცოდი, მოგვიანებით წერას დავიწყებდი’’. ეს ტკბილ-მწარე მოგონებები ასაზრდოებდა მწერლის მთელ შემოქმედებას. ხან მკაცრი დედისგან მიღებული იმედგაცრუება და ცემა ხდებოდა მისი ნაწერების შთამაგონებელი, ხან უფროსი ძმის სისასტიკე. ის, რაც მან ასე კარგად და ტრადიციული რომანისთვის დამახასიათებელი თხრობით გადმოსცა ნაწარმოებში “კაშხალი წყნარი ოკეანის წინააღმდეგ’’, შემდგომ ნაწერებში სულ სხვა ფორმას იძენს და ფრაზებს მიღმა კითხვას აიძულებს მკითხველს.
პირველი შთაბეჭდილება, რაც დიურასის კითხვისას გვიჩნდება, ისაა რომ რაღაც გამოგვრჩა, რაღაც ვერ წავიკითხეთ და რამდენიმე ფურცლით უკან ვბრუნდებით გამოტოვებული ადგილის მოსაძებნად. მისი სტილი დახვეწილია, თხრობის მანერა ამაღელვებელი, ერთდროულად ლაკონურიც და მჭევრმეტყველიც, ფრაზებს მიღმა სათქმელი კი საგრძნობი და მეტყველია. მისი დუმილი ისევე ჰყვება ამბავს, როგორც გრძნობათა ჭიდილისა და დაუსრულებელი განცდების ამაღელვებელი ისტორიები. ყველა წინადადებაში იგრძნობა მუსიკა. მარგერიტმა თითქოს საბურველი გადახადა თავის ფრაზას, მეძავი ქალივით გააშიშვლა ის და სათქმელი მოურიდებლად უთხრა მკითხველს; ვიდრე წინადადების ბოლოს წერტილს დასვამდა, ყველა დეტალი წვრილმანამდე დაიყვანა და ხშირ შემთხვევაში ფრაზები დაანაწევრა კიდეც. სწორედ ეს ქმნის მის განუმეორებელ, დიურასის სტილს. ძნელი სათქმელია, რა აღელვებს ასე მკითხველს, წინადადების ლამაზიF ჟღერადობა თუ სულისშემძვრელი ამბავი. ალბათ, ორივე ერთად, რადგან მისი პირველი რომანის გამოქვეყნებისთანავე მარგერიტს არნახული წარმატება ხვდა წილად. როდესაც საფრანგეთში რომანი “საყვარელი’’ გამოიცა, ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანები გაკვირვებულები და აღფრთოვანებულები უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. მარგერიტი, იმ დროისათვის უკვე ცნობილი მწერალი, გონკურის პრესტიჟული პრემიის ლაურეატი გახდა. ყოველი მისი ახალი რომანი ახალ ვნებათაღელვას იწვევდა. არც მაშინ და არც შემდგომ წლებში ქალბატონ დიურასს წარმატება და პოპულარობა არ მოჰკლებია.
2014 წელს ქალბატონ დიურასს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. ის გარდაიცვლა 1996 წლის 3 მარტს პარიზში, თავის სენ-ჟერმენზე მდებარე ბინაში. მარგარეტ დიურასი დაკრძალულია პარიზში, მონპარნასის სასაფლაოზე.
© “არილი”