მეგობარს, რომელიც მოკვდა
წუხელ მესიზმრა ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანი,
რომელსაც ათი წლის წინ მივაყარეთ მიწა.
ერთხანს ხშირად დავდიოდი მის საფლავზე,
მერე დროდადრო,
ბოლოს იშვიათად.
სიზმრებიც კი გაგვიწყდა,
ერთხანს ხშირად მოდიოდა,
მერე დროდადრო,
ბოლოს იშვიათად..
ხოლო წუხელ, მართლა დიდი ხნის უნახავი იყო.
რამდენიმე დღის გარდაცვლილს გავდა.
ქვიშისფერი ქონდა სახე, ტუჩები ყავისფერი,
თმა არ ქონდა, რადგან მეტასტაზებთან ომს შეეწირა,
მისი გრძელი, ტალღოვანი თმები.
ძალიან თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი,
მე თითქოს ვგრძნობდი მის სიკვდილს,
მაგრამ არ ვიმჩნევდი, გული არა დაწყდესთქო.
ის კი აშკარად გრძნობდა ჩემს სიცოცხლეს
და ბავშვივით უხაროდა.
ჩვენს შორის არაფერი დარჩენილა შეუმჩნეველი,
მას არაფერზე დაწყდომია გული.
ერთი რამ ვერ ვკითხე,
მისი თაფლისფერი თვალები,
როგორ გადაიქცნენ ცისფერ თვალებად.
სიკვდილი თვალებში ცის ჩადგომას ნიშნავს?!
ვერ ვკითხე, რადგან მეუხერხულა სიკვდილზე საუბარი.
დახუჭობანა
ძალიან ადვილი იყო ამის თამაში, სახალისოც კი.
ერთი დაიხუჭებოდა და დანარჩენები ვიმალებოდით.
ზოგჯერ, ძალიან რთულდებოდა ჩვენი მოძებნა,
მაგრამ როგორც კი მოგვძებნიდნენ,
იმ წამსვე დახუჭულის სადგომისკენ მივრბოდით,
რომ კედელზე ხელის დადება დაგვესწრო
და ხმამაღლა გვეთქვა ჯადოსნური სიტყვა – ,,სტუკა”,
რაც, ფაქტობრივად, გამარჯვებას ნიშნავდა.
ყოველი დღე ასე იყო: ვასწრებდით ან გვასწრებდნენ.
გავიზარდეთ,
ზოგი ქვეყანას დაემალა,
ზოგი ხალხს დაემალა.
ზოგი ამხილეს.
ზოგმაც მოასწრო დახუჭვა და ალბათ, იქ,
სადღაც შორიდან გვითვალთვალებენ და არ ჩქარობენ,
რომ დაგვასტუკონ.
ჩვენ კი ვდგავართ ცალ-ცალკე,
თითქოს, არაფერს ვემალებით,
თითქოს, ძალიან გავამძაფრეთ სინამდვილე,
თითქოს, აღარც გვითვალთვალებენ…
ლექსის თარგმნა
სიტყვები ითარგმნა.
განწყობა იგივე დარჩა, როგორც ორიგინალში.
ლექსს არ შეუცვლია საერთო სურათი.
(პოეზია კარგად ესმის მთარგმნელს)
მეკითხებოდა თითოეულ სიტყვას,
რას ვგულისხმობდი,
რა ნაღმი იყო ჩადებული ბწკარებს შორის.
სად შეიძლებოდა ამოსუნთქვა,
სად გაშეშება.
ასე, კითხვა პასუხებში ითარგმნებოდა ლექსი.
არაფერი უკითხავს სასვენ ნიშნებზე,
საერთოდ არაფერი…
წერტილები, წერტილებად დარჩნენ,
მძიმეები, მძიმეებად, როგორც ცხოვრებაში.
პოეზიაც ასეა,
იცის, როდის ამოიღოს ხმა.
დანიშნულება
დილით ერთი კოვზი მზე.
ერთი კოვზი მზე დაისისას.
ღამე ერთი აბი ვარსკვლავი.
დროდადრო სიზმრები, ღრუბლებისას.
პოეზია
არ მახსოვს როდის აგიკიდე,
მაგრამ ხშირად მიწევს მარტოობა.
ყოველთვის მარტო ვარ,
როცა ჩავდივარ სიტყვებს
თითქმის გაცვეთილებს,
თითქმის გარდაცვლილებს,
თითქმის სპონტანურებს.
დღემდე ბავშვივით მჯერა,
რომ მართლა შეგიძლია, რაღაცის შეცვლა,
რომ ერთ დღეს ყველაში მოიყრი თავს
და თვალებით იმეტყველებ,
ხოლო ყველას, ვინც ამ დღის დადგომას შევხაროდით
მოგვეტევება მარტოობა,რომელმაც გაგვხრა,
რომელმაც წაგვართვა სიტყვები და აჰა, ნისლივით აორთქლდა
მეტაფორების ძიებაში,
თითქოს ხელი დავიბანე
და ჯვარცმულთა სიზმრებს მზე შევაპარე.
* * *
შენ ზიხარ ოთახში,
სადაც დღის ამბები გროვდება.
მთელ დღეს აკვირდები.
დღე კი ზოგჯერ ძალიან იწელება
და გინდა, რომ მალე ამოიწუროს.
ზოგჯერ იმდენად მოკლეა, რომ არ გინდა დასრულდეს.
ხელიდან არ უშვებ სიახლეებს.
ამბებს, რომლებსაც შეუძლიათ აღელვება.
ამბებს, რომლებსაც შეუძლიათ ცრემლები.
ამბებს, რომლებსაც შეუძლით ღიმილი.
დღის მზვერავი ხარ, რომელსაც ხმა იზიდავს.
მე შემოდგომა ვარ!
გამოიხედე ჩემკენ, ნახე, რა ლამაზად მცვივა ფოთლები,
თითქოს ქარი მომაყარეს და ცდილობენ შემცვალონ.
დაწერე ჩემზე ეს დაუჯერებელი ამბავი.
თქვი, რომ მოულოდნელი იყო ყველაფერი,
რომ შეიძლება ნებისმიერ ადამიანში დადგეს შემოდგომა
და დავიცალოთ.
რომ შეიძლება
ერთ მშვენიერ დღეს ამოგვიკითხონ ფოთლებში,
ასე ცალ-ცალკე, ასე დაუნდობლად.
დაწერე, რომ ცხადია ყველაფერი.
დაწერე ფოთლები, რომლებსაც მოიხელთებ
და მომიყევი რას გიყვებიან,
სანამ ჯერ კიდევ შენში ვარ, სანამ არ გამხდი საჯაროს.
დაბრუნება
შემოიღამა, რომ ენახა,
როგორ ბრუნდებიან ვარსკვლავები,
ასე ცალ-ცალკე გაჭრილი გზებით.
დახედა სხეულს, მძიმე იყო ყოველი ხსოვნა,
რაც დაიშანთა, რაც მოიგო, რამაც გახედნა.
სიკვდილი იქვე ლოგინთან მდგარი
ილუკმებოდა მის ნარჩენებს,
მის მოძრაობას და ამზადებდა უძრაობისთვის.
შემოიღამა, ეს შემორჩა ბოლო დღის ხსოვნად.
ყველა დაბრუნდა, ვინც შორს იყო,
ვინც გზის იქიდან იხედებოდა,
ყველამ დახედა.
დაბრუნდნენ ვარსკვლავებიც
და მის თვალებში აიმღვრა ზეცა.
* * *
სიზმრის საჩუქარი:
– აჰა, სული გამძვრებათქო
და მეღვიძება.
* * *
ქარს გავეკიდე,
უკან წვიმასთან ერთად მოვბრუნდი.
* * *
ყოფილ ლექსებს
თავი ვერ დავაღწიე.
© არილი