ეძღვნება ირინა შეიკს და ყველა მის მსგავს ლამაზმანს
ნაწილი პირველი
სამსახური! სამსახური! – ყველა ამას გაიძახოდა – ყველას ეს ეწერა სახეზე, ყველგან ამას ვკითხულობდი. დიდი ბიჭი ხარ! დამოუკიდებლობა! სხვა გზა არ იყო, მოვრჩი ულისეს ქართულ ვარიანტს, ანუ 7-თვიან ხეტიალს ევროპაში და სამშობლოში დაბრუნებულმა სამსახურის ძებნა დავიწყე. დასრულდა თავისუფალი და ჭაბუკური ჰაერით ტკბობა და აღმოვჩნდი, გამოიცანით სად? დიახ, ასე აღმოვჩნდი სტაჟირებაზე. სასაცილოდ მქონდა საქმე, მაგრამ რა გამაცინებდა, ევროპიდან ჩამოსული დედიკოს ფულით ვმგზავრობდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. საქმე იმაში გახლავთ, რომ რაც არ უნდა უმაღლესი გქონდეს დამთავრებული, და ხელში ბაკალავრის, თუ მაგისტრის დიპლომი გეჭიროს, რეალურად ხელში მხოლოდ ჩემი ქინძი გიჭირავს. თუ გინდ უცხოეთში გქონდეს ნასწავლი, მოკლედ კაი ბევრი დრო გქონდეს დახარჯული სწავლაზე, არ აქვს მნიშვნელობა, შენ მაინც წინ გელის სტაჟირება. მე არც მამა მყავდა, არც ბიძა და არც მაგარი ძმაკაცები. ყველას თავისი გასჭირვებოდა. ჩვენ ავი, მაგრამ ტკბილად სახსნებელი 90-იანელების თაობა ვიყავით, ის თაობა, რომელმაც მაშინ აიდგა ფეხი, როცა თბილისის ქუჩებში მამები ავტომატებს უკაკანებდნენ ერთმანეთს და წითლად რწყავდნენ ჩვენს გზას საბავშვო ბაღამდე. იმას ვამბობდი, რომ არავინ მყავდა და მე როგორც თანამედროვე უპატრონოს, პატრონიანთა ქვეყანაში უნდა გამევლო სტაჟირება!
სტაჟირების დაწყებამდე გაგაცნობთ რამოდენიმე დაუწერელ, მაგრამ თავისთავად წესებს:
1. სტაჟირების გარეშე დასაქმებული დამსაქმებლის უახლოესი ნათესავია, 2. სანათესავო დიდია, 3. დამსაქმებელს ყველას კეთილდღეობა სწყურია, სწყურია რაც შეიძლება მარტივად, საქმის კეთების გარეშე, დაე, იცხოვრონ ნათესავებმა, მაგრამ საქმეს ვინ გააკეთებს? საქმეს გააკეთებს სტაჟიორი!
როგორც ბეგბედერი ამბობს „99 ფრანკში“, ჩვენ თანამედროვე მონები ვართ, საქართველოში კიდევ უფრო მეტი, გიწევს მთელი ნათესაური აღებ-მიცემობის და უკანალების ლოკვის ყურება. სტაჟიორებს შორის მხოლოდ მცირეს თუ უმართლებს და ათასიდან 2 თუ იწყებს ნამდვილად სამსახურს. დამსაქმებელს სტაბილური მომუშავე სჭირდება, რომ ეს თავისი უსაქმური სანათესავო უსაფრთხოდ, უზრუნველყოფილად, წლობით ამყოფოს იაფ მუშახელზე.
ერთ-ერთ საჯარო სამსახურში სტაჟირება დეკემბერში დავიწყე. ცივი ზამთარი დაიჭირა. ევროპაში ნაყიდი თბილი ქურთუკით ყოველ დილით მივიწევდი სამსახურში, რომ ჩემი თავდადება და ერთგულება დამემტკიცებინა სამშობლოსთვის, საკუთარი თავისთვის, საზოგადოებისთვის. იქ მისულს მხვდებოდნენ კაცები. აი, წარმოიდგინეთ საკრალური სიტყვა „კაცები“, კაცები, როგორც წინაღობა, ირონია, დაცინვა, გამოცდა, თვალთვალი, აი ეს ყველაფერი გააერთიანეთ და წარმოიდგინეთ კომპლექსური განწყობა „კაცების“ ხსენებისას. “კაცები” ძველი თაობის წარმომადგენლები იყვნენ, 40 წელს გადაცილებულნი, ომგამოვლილნი და დამარცხებულნი, შესაბამისად, აქტიურად მოითხოვდნენ ახალი თაობისგან მათი მოჯმულის მოწმენდას, მაგალითად, დაიბრუნე აფხაზეთი! რაც მთავარია კაცები ერთმანეთის ბიძის ძმაკაცის ნაცნობები, ბიძაშვილები, ცოლის ვიღაცები, ბავშვობის და უნივერსიტეტის მეგობრები და ყველაზე მთავარი, საბოლოო ჯამში, უფროსთან მიახლოებული კაცები იყვნენ. ზოგი ვერ ფლობდა სამსახურისთვის საჭირო ელემენტარულ კომპიუტერულ უნარებს, ინგლისურ ენაზე ხომ საუბარი ზედმეტია. უცნობი იყო, რას ნიშნავდა მაუსის კურსორი, პრინტერი, სოციალური ქსელი, მე კი ახალი თაობის ბრენდ ნიუ ბიჭი, ახლახანს დაბრუნებული ევროპიდან, შემჯდარი ვიყავი თანამედროვე ტექნოლოგიებზე. რა შეიძლება დაგემართოთ, როდესაც ხედავთ, რომ „კაცები“ სხედან და კომპიუტერებს მისჩერებიან და არ იციან რა აკეთონ, როგორ აკეთონ. ერთ-ერთი დასდევს მაუსის კურსორს და გიჟივით შეყურებს ცისფერ ეკრანს. ხო! ცისფერ ეკრანზე გამახსენდა, აქ სრული იდილიაა, ყველა ერთად აგინებს ცისფერებს. ისე აგინებენ, რომ მერე ანეკდოტებსაც ჰყვებიან და მერე საერთოდ იმასაც კითხულობენ, ის ბიჭი ვინ იყო ზევითა სართულიდანო? რამდენიმემ დაადგა კიდეც თვალი.
„კაცები“ ბევრ ასეთ რამეზე იყვნენ ჩასაფრებულნი – მაგალითად სიტყვები „ამერიკა“, „ცისფერი“, „რესპუბლიკელები“, „დასავლეთი“ და „ნატო“, განსაკუთრებით ეს „ნატო“, კაცებში იწვევენ აღგზნებადობას, სიწითლეს, რეაქციებს ელემენტარულ ნაწილაკებში. უცნაურია მათი დამოკიდებულებები, არალოგიკური, აბსურდული და უსამართლო, შენ კი, შენ, თანამედროვე ახალგაზრდას, მათ სტაჟიორს, გული დემოკრატიით, სოლიდარობით, სამართლიანობით გიძგერს. გგონია, რომ ახალი საქართველო უნდა ააშენო შენ და შენნაირებმა, გგონია, რომ მსოფლიო მიიღებს და გაითავისებს ახალ საქართველოს, მაგრამ თანდათან ხვდები, რომ წინ მამების თაობაა, ის თაობა, რომელიც უნდა გადალახო, შენ თავად უნდა გადალახო, რადგან ისინი არ ჩამოგშორდებიან, მათი მისია შენი ხელის შეშლაა, არა თუ გზის გაკვალვა.
ვუყურებ კაცებს, ის უკვე ერთია, ერთი სუბსტანციაა, მსუქანია, უთუოდ ღიპგადმოგდებული, წვერგაპარსული და თმაგადაპარსული, ცოლის მაგინებელი და, რაც მთავარია, უამრავ ბოზგამოვლილი. ვუყურებ კაცებს და ის კარგავს მრავლობითსა და ინდივიდუალურს და იქცევა არსებად, რომელიც დიდი ვამპირია, ერთი დიდი ქართული ბაყბაყდევია, მახვილს იქნევს და საკუთარ თავს იჭრის.
კაცებმა არ იციან რა არის „ფემინიზმი“, „ნეპოტიზმი“, „გენდერი“, განსაკუთრებით აინტერესებთ ლგბტ-ს გაშიფვრა როგორც სიტყვის და შემდეგ ამ აბრევიატურაში შემავალი სიტყვების სათითაო მნიშვნელობა, რომ დამატებითი იარაღი აისხან ამერიკის წინააღმდეგ, დამპალი დასავლური ნატოს წინააღმდეგ.
კაცები ეწევიან, ხო, აი ბირჟაზე მდგარი უმუშევარი ადამიანებივით ჩამოდგებიან სამსახურის წინ და გაუთავებლად ეწევიან, ყოველ ერთ საათში, ზოგჯერ ყოველ ნახევარ საათში. კაცები ყოველ ორშაბათს მოდიან წინადღის გამოლეშილები, “პახმელიაზე” და მუშაობის ტრაკი არ აქვთ, ან საერთოდ აცდენენ ამ ორშაბათს და მერე საპატიო გაცდენების თვლაში იკარგებიან, როგორც ახალგამომწყვდეული თევზები სპილოს აკვარიუმში.
სტაჟირების სიმძიმეს მაშინ ვგრძნობდი, როცა თვის ბოლოს ყველა ხელფასს იღებდა, მე კი ისევ ჯიბეცარიელი მივუყვებოდი გზას მეტროსკენ, ჯიბეცარიელი, მაგრამ ტვინსავსე, აზრებსავსე, ინტერესებითა და ინტელექტით დახუნძლული თავით ჩავერჭობოდი სატრანსპორტო საშოში, ესკალატორი დამაქანებდა სადგურისაკენ და თავს ვირთობდი მეტროს მგზავრების თვალიერებით. მეტრო საერთოდ ის გარემო იყო, რომელიც მახალისებდა, იქ შეიძლებოდა მენახა ჩემზე უფრო უარესი, ჩემზე გაჭირვებული, მათხოვრები, უფულოები და წარუმატებლები.
წარმოგიდგენიათ? მუშაობ, მუშაობ და არაფერი – შედეგი ნული, უიმედო. უფროსი საერთოდ ოთხჯერ თუ ხუთჯერ დავინახე 5 თვის განმავლობაში. ხომ შეიძლებოდა დამსაქმებელი ერთხელ მაინც შემოსულიყო და სიტყვიერი წახალისება, მოტივაცია აემაღლებინა ჩემთვის, სტაჟიორისთვის? შენც არ მომიკვდე.
როგორც აღვნიშნე, საშინელი პერიოდი იყო თვის ბოლო, როცა ხელფასებს იღებდნენ და საქეიფოდ მიდიოდნენ, მე კი თვალცრემლიანი ვაყოლებდი თვალს როგორ სხდებოდნენ მანქანებში. ამ მანქანებით საათობით მოუწევდათ დგომა საცობებში, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ემარიაჟათ. წარმოიდგინეთ, არავის უყვარხარ, არავის აინტერესებ, შენც არ გაინტერესებს არაფერი, ლიტერატურის გარტყმაში არ ხარ, თეატრი არ გიყვარს და საერთოდ, ნაშასაც ვერ აგდებ, რა დაგრჩენია? შენი მანქანით, შენი პირადი სივრცით იმარიაჟო, ამით დაიკმაყოფილო თავი.
და რა მოხდა ბოლოს და ბოლოს ამ სტაჟირებაზე, რით დასრულდა? რა მოხდა და გავიდა თვეები 1, 2, 3, 4, და მოვიდა მარტი – მარტში ჩემმა სტაჟირებამ პიკს მიაღწია, ჩემი მოთმინების და უუნარობის ფიალა აივსო. უფროსმა ორი სიტყვით გამომიშვა კაბინეტიდან, მოითმინე კიდევ ერთი-ორი თვე, ვნახოთ რა იქნებაო. ჰმ, ისევ უნდა მეცინა, მაგრამ რა გამაცინებდა, “მებრძოლთა კლუბიც” გავიხსენე და იმის გააზრებისას შემაჟრჟოლა, რომ ამ უფროსს დავუნაყავდი ცხვირ-პირს, მაგრამ ჯიგარო, საქართველოა, Georgia, Geoorgiaaa.
მიუხედავად იმისა, რომ 90-იანელებს უამრავი გაჭირვება გვაქვს გადატანილი, უშუქობა, ცივი წყლით ბანაობა ზამთარში, ბნელ ქუჩებში თამაში, საჭმელი, რომელსაც რატომღაც მუდამ ნავთის სუნი დაჰკრავდა, მიუხედავად ამდენი ფსიქოლოგიური სტრესისა, დაუსრულებელმა სტაჟირებამ ფსიქიკა შემირყია.
გამონაყარი სხეულზე, მწველი, ცხელი და ხან ცივი, ხორკლიანი, არარეალური და თან გრძნობადი ხაზები ჩემს სხეულზე, სიტყვებით ვერ აღვწერ რა მემართებოდა, ქილა იბზარებოდა, სურვილები და ოცნებები ახალგაზრდა ბიჭისა ხტებოდნენ ქილიდან და მათ სხვა სახე ჰქონდათ – ავადობის, თრთოლის, აშლილობის, უკმაყოფილების. გაბრაზებული გადმოხტნენ ქილიდან, შემომამსხვრიეს სხეულზე შუშები და შემომცქეროდნენ.
ტვინში მიწისძვრა მოხდა, გარემო დუმდა, ფანჯარაში ვიხედებოდი და მარტი დგებოდა, გაზაფხული შემოდიოდა, კვირტები ფეთქდებოდნენ, ჩემს სხეულს კი გონების მიერ გამოწვეული ცუნამი და მიწისძვრები აწუხებდნენ.
შეყვარებული! სექსი გინდა ახლა შენ! – მეუბნებოდნენ კაცები, მიზეზს კი ვერ ხვდებოდნენ, მიზეზი ფინანსური კრიზისი იყო, მიზეზი განადგურებული სოციალური უუნარობა და არარაობა იყო. შეიძლება სექსსაც ეშველა, მაგრამ სექსი შეყვარებულთან? როგორ გეკადრებათ, შეყვარებულს ეს არ ძალუძს. ბოზი? ევროპაში ნაცხოვრები ბიჭისთვის ცოტა უხერხულია ქალში ფულის გადახდა, ასე გგონია უპატივცემულობას გამოხატავ, შენ გენდერის გწამს და ორმხრივი სურვილების, გწამს, რომ უნდა მოეწონო და მოგეწონოს, რომ ერთმანეთს მაგიურად შემოხვიოთ მკლავები, მერე მოიქციოთ ერთმანეთი და ღვთიურად გადაჭდომილებმა ბედნიერად იყვიროთ, ამ დროს კი თქვენი სხეულები დედის გინებას უძღვნიან ყველას და ყველაფერს.
ის რაც 90-იანებმა ვერ, ან არ მიქნა, ერთ თვეს, მარტში გამიკეთა სამსახურმა და კაცებმა. მე არარაობის საშინელმა განცდამ გადამიარა. სიკვდილის, ენის ჩაყლაპის, თვითმკვლელობის, მწერისგან ავადობის ფობიები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და როგორც იქნა გავიდა მარტიც, დამპალი შეშლილი მარტი. მე თუ მკითხავთ, ამერიკა არაფერ შუაშია, მთავარი დამნაშავე მარტია, როგორც იმ სიმღერაშია: „მარტი, მარტი, მარტი ოხ, ეს მარტი“ (90-იანების ქართული ესტრადიდან). გავიდა მარტი და გამოჩნდა ისიც.
ნაწილი მეორე
„ჩემო სანთელო, ნუ ჩაქრები ნუ, ბნელში ანათეე, გზა გამინათეე“ – ეს მაიკლ ჯექსონის „You are not alone”-ის ქართული ვარიანტი იყო. ჩემს ბავშვობაში მღეროდა ვიღაც, არ მახსოვს სახეზე ვინ, მაგრამ მახსოვს სიტყვები და პოპ მეფის იმედიანი მელოდია ქართულად გადაკეთებული. ეს მელოდია ჩემში ბადებდა სიცოცხლეს. გავიდა მარტი და გამოჩნდა ისიც, მაიკლის სიმღერასავით იმედიანი და გულშიჩამღვრელი.
ქართული ტელევიზია გასული საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა. მაშინ არსებობდა ერთადერთი არხი – პირველი არხი და ის ნელ-ნელა განვითარდა. ამერიკაში ბეიბი ბუმის შემდეგ საქართველოშიც გაფართოვდა მასმედია და, შესაბამისად, შეიქმნა სხვა ტელევიზიებიც. ქართულ სივრცეში განსაკუთრებული როლი ითამაშა რუსთავი ორმა, რომელმაც ფაქტობრივად განსაზღვრა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია, შემდეგ კი სხვა ტელევიზიებმაც იჩინეს თავი – იმედმა, მაესტრომ და ა.შ. ამ ბოლო დროს იქმნებოდა ახალი ტელევიზიები, და აი, გავიდა მარტი და გამოჩნდა ისიც, გამოჩნდა ახალი ტელე არხი TV11.
TV11 არ იყო ჩვეულებრივი საინფორმაციო, ან შერეული ტიპის ტელეარხი, ეს იყო უფრო ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომლებიც ძირითადად მინისკეტჩებით, სახუმარო რეკლამებით და პატარა გადაცემებით ართობდნენ მაყურებელს.
დეპრესიაში ჩავარდნილ სტაჟიორს სხვა არაფერი დამრჩენოდა, შეყვარებულიდან სახლში გამოვქცეულიყავი და ჩავჯდომოდი TV1-ს, სადაც სკეტჩების უმეტესობაში ერთი გოგონა გამოდიოდა – ნინო შავგულიძე. ნინო არ იყო ლამაზი გოგო, მაგრამ ეშხი, ეშმაკობა და საოცარი მიმზიდველობა დაჰკრავდა. მისი სკეჩები კი საოცარი იუმორით იყო სავსე. მას რომ ვხედავდი და ვუსმენდი, ყველაფერი მავიწყდებოდა, წამლის დალევის დროც და ისიც, რომ სტაჟიორის დეპრესია მაწუხებდა. რამდენიმე დილა ნინოს ყურებით დავიწყე, რამოდენიმე საღამო ნინოს ყურებით დავასრულე. ნინო ახალი ჯექსონი იყო, მითუმეტეს, რომ მოგვიანებით კიდევ უფრო მეტი მსგავსება აღმოვაჩინე მათ შორის. თუ მაიკლი შავკანიანად დაბადებული მთელი ცხოვრება თეთრკანიანად გახდომას ცდილობდა, ნინომ, რომელიც ეკრანზე თეთრი თოვლივით ფითქინა ჩანდა, 16 დღეში მოახერხა რომში წასვლა და აუზზე გარუჯვა, თან ისე, რომ ჯექსონსაც კი შეშურდებოდა.
ნინომ და TV11-მა გამომაკეთეს, ნელ-ნელა წამლების მოქმედებითაც და გარშემომყოფთა დახმარებითაც ვგრძნობდი, რომ ვუბრუნდებოდი სამყაროს და ამ დაბრუნებისას მოვიდა ზაფხულიც.
ზაფხულში სამსახურში ამიყვანეს, სტაჟიორობიდან გადავინაცვლე დასაქმებულის პოზიციაზე. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ველოდი, მეგონა, ადეკვატური ხელფასი დამენიშნებოდა, ჩემი თანამშრომლების მსგავსი. მომეცემოდა პრივილეგიები, დავადგებოდი გზას, და ისევ იმედგაცრუება…
ჩემი ხელფასი არა თუ ჩემი თანამშრომლების მსგავსი, არამედ მათი ნახევარიც არ იყო. ჩემზე მეტი ხელფასი ჰქონდათ მძღოლებს და თვით ავტობუსის კონტროლიორებსაც კი. მე კი საჯარო სამსახურში, სახელმწიფო სამსახურში სახელმწიფო დონის საკითხებზე მომუშავეს ისევ ისე იაფ მუშახელად მამუშავებდნენ. მეგონა, უკეთესობისკენ შეიცვლებოდა ყველაფერი და ახალდეპრესია დაძლეულს უარესი შემომეყარა – ხელფასის დანიშვნას მოჰყვა ორმაგი ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და საქმე. ახლა უკვე გაოთხმაგებული ენერგიით უნდა მეკეთებინა ის, რასაც ვაკეთებდი და ოდნავადაც არ დამეჩივლა, მე ხომ დამაფასეს და სტაჟიორობიდან სამსახურში ამიყვანეს, გაიხსენეთ რამდენს მოექცნენ სხვანაირად! ისევ უნდა მეცინა? არ მეცინებოდა, შენც არ მომიკვდე, ვეძებდი გზას! გზას, რომელიც დამიხსნიდა ამ გვირაბიდან.
ერთ დღესაც ოფისში ვზივარ, კაცები გასულები იყვნენ ტრადიციულად სიგარეტის მოსაწევად. დავიღალე ჩემი საქმის კეთებით და ინტერნეტსივრცეში შევიხედე, საიტებზე შემრჩა ირინა შეიკი, ახალი ჩვენებით ესპანური ფეხსაცმელების ბრენდის XTI-სთვის პოზირებდა. სურათებს შევყევი, შემდეგ ვიდეოსაც მივადევნე თვალი და არ მეყო, რაღაც უკმაყოფილების მარილმა დამიარა, გადავხტი სხვა tab-ზე და ირინას გუგლის სურათები ამოვყარე, შემდეგ Pinterest-ზე გადავედი და ასე ხეტიალ-ხეტიალით ჩემს ინტერნეტბრაუზერზე უამრავი ირინა გაიჩითა. ირინა ისე, ირინა ასე, ირინა ზღვაზე, ირინა ქუჩაში, ირინა ოთახში, ირინა გრძელ კაბაში, ირინა მოკლე შორტში, ირინა წვეულებაზე, ირინა მედიდური მკერდით, ირინა ლამაზი მინაბული თვალებით.
ფიქრს ვერ ვასწრებდი ისე ხდებოდა ყველაფერი, თითქოს, ირინა ალაპარაკდა და მეუბნებოდა, შენი თითოეული დაჭერა მაუსზე აღმაგზნებს, მოდი და მნახე სხვადასხვანაირი, მე ამდენი დრო, რაც კი დავხარჯე ფოტოსესიებში, მხოლოდ შენთვის დავხარჯე, მოდი და მიხილე შენთვის გამოწყობილი, არ გადახვიდე სხვაგან, არ მიუბრუნდე სამუშაოს. ვხვდებოდი, რომ ამ ყველაფერს მე თვითონ ვფიქრობდი, მაგრამ ეს ირინას იმიტაცია სასიამოვნო იყო, შეიძლება ითქვას, ვიზუალურად სხვა ქალში გავერთიანდი, მაგრამ ფიქრებით და აზრებით ჩემს თავს ვეფლირტავებოდი. ავენთე, სირიც აბრიქინდა და ახლა ის იყო საქმე, კაცები რომ უნდა დაბრუნებულიყვნენ. მე კი ისე მინდოდა ყველაზე და ყველაფერზე მეძია შური, მივვარდი კარს და გადავკეტე. ისევ მივუჯექი კომპიუტერს და ახლა შეყვარებული ამოტივტივდა, თითქოს მეუბნება რას სჩადიო, მე კი პასუხს ვერც კი ვასწრებ, ამ დროს ირინამ ყავისფერი თმა გადაიწია, გამჭვირვალე ბუსჰალტერში მოუჩანდა რბილი და ნაზი ძუძუები, შემდეგ მოტკეცილ შარვალს სწვდა, თან ისე სექსუალურად აქვს შემოტმასნილი, ლამის შეჭამო მისი ლამაზი ფეხები, ისე ლამაზად გიყურებს, ლამის გადახვიდე, შემოეხვიო, ის უკვე შენშია და შენ უკვე ოფლი გასხამს. ირინა ისევ იმავეს მაფიქრებინებს: არ გადახვიდე სხვაგან, დარჩი ჩემთან, მე ოფლში ვიწურები კაცები არ დაბრუნდნენ, შეყვარებული! სამსახური არ დავკარგო, სამსახურში ვანძრევ! და!
აი, ეს დამატებითი სტიმული იყო – მე თუ იაფი მუშახელი ვარ და მე თუ ასე უსამართლოდ მექცევიან თვეობით, შემდეგ წლობითაც ასე მომექცევიან! დაე, მეც დავანძრევ სამსახურში, სულაც არ შემრცხვება, დაე, გაიგონ, რომ ისინი იმ მცირეოდაენ თანხას ნძრევაში მიხდიან და არა საქმის კეთებაში! მეც მათთნაირი უნდა გავხდე! ირინა ისევ მიყურებს, ღმერთო ჩემო, მისნაირი ლამაზი გოგონები თუ არსებობენ საერთოდ ამ ქვეყნად, ის ისეთი მედიდურია და!
გავასხი…
არასოდეს ყოფილა ასეთი სასიამოვნო გასხმის შეგრძნება. ჩემს გარშემო ტრიალებდა სამყარო! მე ეს შევძელი, ოფისში, შუა სახელმწიფო დაწესებულებაში, სადაც საათშიც კი მიხდიან, დავტკბი ხელცქვიტობით. ცოტა შიში და ადრენალინი გამომყვა ისევ, ვაითუ კამერებია აქ დამონტაჟებული, ვაითუ ვინმე მისმენდა, ვაითუ გასხმული შარვალზე დამაჩნდა, ყველაზე ნაკლებად მადარდებდა შეყვარებული. ირინა კი სურათებიდან მიყურებდა ბავშვურად, ლოყებთან ეჩუტებოდა გრიმა და ნელ-ნელა ქრებოდა მისი იმიტაცია ჩემი სხეულიდან. ისე მიყვარდა ირინა იმ წამს, თითქოს მთელი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იყო.
კარი რომ გავაღე, კაცები კიბეებზე ამოდიოდნენ, ვერაფერს ვერ მიხვდნენ, მე თითქოს კარი ისე, უბრალოდ გავაღე და საპირფარეშოსკენ გავწიე. ამაყად მივდიოდი, მე ახლა ყველას დავცინოდი, მე ახლა ყველაზე მაგარი იარაღი მეჭირა ხელში, ჩემი სირი უძლიერესი იარაღი იყო, მე დავანძრევ, ისინი კი ნძრევაში გადამიხდიან ფულს!
უსამართლობისგან თავის დაღწევის ირინას მეთოდმა რამდენიმე ხანს გაჭრა, მერე ნინო შავგულიძეც გამოჩნდა, რეალურად გავიცანი და აღმოვაჩინე, რომ ის არც თეთრი იყო, არც მაღალი, როგორც ეკრანზე ჩანდა და არც კონტაქტური, როგორც იმ სასაცილო სკეტჩებში მეჩვენებოდა, მეტიც, მასთან არანაირი ურთიერთობის შანსი არ მქონდა, ნინო სატელევიზიო სკეტჩებით იწყებოდა და მთავრდებოდა ჩემს ცხოვრებაში. კაცები ისევ კაცობდნენ და აგრძელებდნენ ზეწოლას ჩემზე, უფროსი ისევ უფროსობდა და ჩემი ხელფასი არაფერში არ მყოფნიდა, ჩემი სურვილები და ჩემი ოცნებები ისევ სადღაც უნდა გაჩერებულიყვნენ.
წინა კვირას კულტურის სამინისტროსთან სამმა ახალგაზრდა სტაჟიორმა თავი დაიწვა, ისინი იწერებოდნენ წერილს, რომ ფინანსური კრიზისი ჰქონდათ, 5 დღის წინ ახალგაზრდა პოლიციელმა ფოთში თავი მოიკლა დედის წინ, მიზეზი იგივე იყო, ამ ახალგაზრდას ფინანსური პრობლემები აწუხებდა, წინა დღეებში კიდევ განმეორდა ანალოგიური მიზეზით თვითმკვლელობები – ფინანსთა სამინისტროს ახალგაზრდა სტაჟიორები მტკვარში გადახტნენ, ერთის გადარჩენა შეძლო პოლიციამ, ბათუმში იუსტიციის სახლში ახალგაზრდა სტაჟიორი შევარდა და კადრების განყოფილებაში ცეცხლი გაუხსნა დამსაქმებლებს, დღითი დღე უფრო მეტი და მეტი შემთხვევა ჩნდებოდა ფინანსური კრიზისის გამო. მთელ ქვეყანას მოსდებოდა ახალგაზრდა მეამბოხეთა თვითმკვლელობების სერია. დამსაქმებლები შიშით ძრწოდნენ, ყოველ ღამე მათ სტაჟიორთა სულები ესიზმრებოდათ და სხვადასხვა გზით ცდილობდნენ მონანიების გზას დადგომოდნენ.
მეც გადავწყვიტე შევუერთდე მეამბოხეებს, ეს იქნება თვითმკვლელობა უკეთესობისთვის, შემთხვევა, რომელსაც მოჰყვება რეაქციები დამსაქმებლების მხრიდან და სტაჟიორების, დასაქმებულების მდგომარეობა გაუმჯობესდება. ჩვენ, ახალგაზრდებს, დაგვიფასებენ სამუშაოს და გადაგვიხდიან ადეკვატურად, ჩვენ შევძლებთ ჩვენი სურვილების ასრულებას და ამით თავად დამსაქმებლები იქნებიან დაინტერესებულნი. დამსაქმებლებს მოსვენება არ ექნებათ დღე და ღამე, ისინი დაიწყებენ ჩვენზე ზრუნვას, დღენიადაგ შეგვაქებენ და აგვიმაღლებენ მოტივაციას, ჩვენ თავს დავაღწევთ არარაობას და რაობად გადავიქცევით. ირინა შეიკი ისევ ისეთ მშვენიერ არსებად დარჩება, ნინო შავგულიძე კი ისეთივე გენიალურ მსახიობად, ჯექსონი კი საუკუნეების განმავლობაში შეახსენებს თაობებს, რომ დადგა საყოველთაო „მეტისობის“ დრო…
“მკითხველი უნდა მოკვდეს“ პრინციპი ამ ნოველაში შეცვლილია, აქ უნდა მოკვდეს მწერალი, თვითმკვლელობა შეაზანზარებს მთელ დამსაქმებელთა და სტაჟიორთა სისტემას, მკითხველი კი მხოლოდ მოწმე და შემოქმედია, მასზე და მის ფანტაზიაზეა დამოკიდებული, მწერლის მკვლელობის რომელ ვერსიას შეიმუშავებს, რა უბედური შემთხვევა გადახდება ამ ახალგაზრდა მეამბოხე მწერალს, მაშ ასე…
შემთხვევა…
© არილი