ესე (თარგმანი)

შეიმას ჰინი – ირლანდიის მეხოტბე [1]

SEAMUS HEANEY AUTHOR OF THE ACCLAIMED TRANSLATION OF BEOWULF HOLDS A REPLICA OF THE SUTTON HOO HELMET AT THE OPENING OF A NEW EXHIBITION CENTRE AT THE SUTTON HOO SITE WHICH INCLUDES TREASURES LENT BY THE BRITISH MUSEUM.  13/3/02

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

უილიამ ბატლერ იეიტსი ყოველთვის უნიონიზმის მომხრე გახლდათ, თუმცა, ზოგადად, მისი მსოფლმხედველობა ისეთივე რთული და წინააღმდეგობრივი იყო, როგორიც თვით ირლანდიაა. მიუხედავად ამისა, იეიტსი აღიქვამდა თავისი სამშობლოს კულტურას, როგორც ერთგვაროვან და ერთიან სისტემას, რაც, მისი აზრით, უძველეს ირლანდიურ მითოლოგიაშიც აისახა.

ირლანდიელ ლიტერატორთათვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რელიკვიაა “ავტოგრაფების ხე”, რომელიც გოლვეის საგრაფოში, ლედი ავგუსტა გრეგორის მამულში – კულ-პარკში შეიძლება იხილოთ. ხის დაღარულ ქერქზე დღესაც გაარჩევთ ინიციალებს: WBY, GBS, AE და ა.შ. მათ შორისაა ვაიოლეტ მარტინის (რომელიც ედიტ სომერვილთან ერთად “მარტინ როსის” ფსევდონიმით წერდა რომანებს) ინიციალებიც. ვაიოლეტი კულს 1901 წლის ზაფხულში ეწვია და თავისი შთაბეჭდილებები ამგვარად ჩამოაყალიბა:

 იეიტსი ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორიც წარმომედგინა. საშუალო სკოლის მასწავლებელსაც ჰგავდა და, იმავდროულად, შიმშილისგან გაძვალტყავებულ დიაკვანსაც. გახუნებული შავი კოსტიუმი ეცვა, გამხდარ კისერზე კი დიდი შავი ბაბთა ეკეთა. ნამდვილი პოეტია – განუწყვეტლივ ბუტბუტებდა რითმებს, შეშლილი თვალებით შორეთს გაჰყურებდა. დაღვრემილმა ხმისამოუღებლად დამიკოცნა ხელები. მაგრამ ის პოეტია – და, უეჭველად, ძალზე ნიჭიერი.… ავგუსტამ შემთავაზა, ხეზე, დაგლას ჰაიდისა და უამრავი სხვა ლიტერატორის ინიციალების გვერდით, იეიტსს ჩემი ინიციალები ამოეკვეთა. ავღელდი. იეიტსი ხესთან ცოდვილობდა. მე ვეწეოდი. თან ლიტერატურულ თემებზე ვკამათობდით. სიგარეტი ჩამიქრა. იეიტსმა პალტოს პატარა გაცვეთილი საყელო აიწია და სიგარეტს, ფაქტობრივად, მის მკერდზე მოვუკიდე.

ოცდათექვსმეტი წლის იეიტსი უკვე ლეგენდარულ პიროვნებად იქცა. საზოგადოების წარმოდგენა მის შესახებ ემყარებოდა პოეტის მიერ საგანგებოდ შეთხზულ ავტოპორტრეტს, რომელიც ნაწარმოებებში აისახა. სიყრმისას დაწერილ ბარათში (ის იეიტსის კორესპონდენციის პირველ ტომშია შეტანილი), იეიტსი აღწერს, როგორც ცდილობდა ესწავლა ოჩოფეხებზე სიარული (და დაუხატავს კიდეც თავისი თავი ოჩოფეხებზე). ამ მომენტიდან მოყოლებული, უკანასკნელ, გამოსათხოვარ ლექსამდე “ბენ ბულბენის[2] ძირას” (რომელშიც ის მოიხსენიებს საკუთარ თავს  მესამე პირში,  როგორც “იეიტსს” ), მას ამოძრავებდა ერთი და იგივე მიზანი – თავისი შესაძლებლობებისა და ოსტატობის მაქსიმალური სრულყოფა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იეიტსის პოეზიის აფექტირებულობა განაპირობა მისი მხატვრული ტემპერამენტის სრულად გამოვლენის მოთხოვნილებამ. მან არაერთხელ განაცხადა, პოეტი “მიზანსწრაფული” და “სრულყოფილი” უნდა იყოსო; ამიტომ იეიტსის შემოქმედების განხილვისას უპრიანია, თვალი მივადევნოთ ამ სწრაფვას სრულყოფილებისკენ. პოეტის რწმენით, მწერლის სტილი მისივე თვითგადალახვის შედეგია, ხოლო ამ ტიტანური მცდელობების საზღაური სხვა არაფერია, თუ არა პოეტური ოსტატობა. ამასთან, ნიშანდობლივია. რომ იეიტსის “მოუნათლავი სულის” მფარველი ანგელოზი პლატონის აჩრდილი გახლავთ:

მისი თანაკლასელები ფიქრობდნენ,

რომ ის სახელს მოიხვეჭდა;

ისიც ასე ფიქრობდა

და იღვწოდა ოცი წლის განმავლობაში;

“მერე – რა?” – წაიდუდუნა პლატონის აჩრდილმა.

“მერე – რა?”

სიტყვა “თვითნასწავლი” როი ფოსტერის მიერ შედგენილი ამ შესანიშნავი ბიოგრაფიული პირველი ტომის ქვესათაურში (“თვითნასწავლი ჯადოქარი”) მოწმობს, რომ პოეტი სამყაროს ვიზიონერული წვდომისა და პოეტური ოსტატობისკენ მიისწრაფვოდა. მაგრამ სიტყვა “ჯადოქარი” გვახსენებს, რომ იეიტსის მიზანი მარტოოდენ სტილის სრულყოფა როდი იყო. მას სურდა გატოლებოდა შექსპირის პერსონაჟს – გლენდოუერს, რომელსაც შეეძლო “სულთა გამოძახება უფსკრულიდან” და ამიტომ ცდილობდა ზიარებოდა ოკულტური მეცნიერებების საიდუმლოებებს. მაგალითად, 1914 წელს, პარიზში, ის მეძავებით კი არ დაინტერესებულა, არამედ – მედიუმებით, ხოლო ოცდაშვიდი წლით ადრე, 1887 წელს, ლონდონში, გაიცნო თეოსოფიური საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი ელენა ბლავატსკაია – პიროვნება, რომელიც საინტერესო იყო იეიტსისთვის – როგორც რეალისტისთვის და, ასევე, ოკულტისტისთვის. პოეტს იზიდავდა ამ ქალის საღი აზროვნება და გამჭრიახობა. თავისი იუმორითა და გაბედულებით ბლავატსკაია ირლანდიელ გლეხ ქალებს წააგავდა. ის ამბობდა: “უწინ მაკვირვებდნენ და მებრალებოდნენ ადამიანები, რომლებმაც ეშმაკს მიჰყიდეს სული, მაგრამ ახლა მარტო მებრალებიან ისინი. ამას მხოლოდ იმიტომ სჩადიან, რომ გვერდით ვინმე ჰყავდეთ, თუნდაც – ეშმაკი”.

ბლავატსკაიას მსგავსად, “იუმორი და გაბედულება” იეიტსსაც ახასიათებდა, თუმცა, თანამედროვეთა შეხედულებით, პოეტის იუმორი უფრო სარკაზმს წააგავდა, ხოლო გაბედულება იმაში გამოიხატებოდა, რომ იეიტსი ცდილობდა ლიდერის პოზიცია დაეკავებინა ყოველგვარ საქმიანობაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა, თავისი ზეგავლენისადმი დაექვემდებარებინა მეგობრები და თანამოაზრეები. რასაკვირველია, ფოსტერის წიგნის ერთ-ერთი (მრავალთაგან) ღირსება ისაა, რომ მკითხველს აოგნებს იეიტსის უშრეტი ენერგია, რომელიც თავს იჩენდა ოჯახურ ურთიერთობებში, ასევე – კულტურის, პოლიტიკის, შემოქმედების, სიყვარულის, სექსის სფეროებში. ის იყო ბრწყინვალე პუბლიცისტი, რომელიც, ასევე, განმარტოებისა და სიმყუდროვის მაძიებელი ლირიკოსი პოეტიც გახლდათ; მგზნებარე პოლემისტი, რომელსაც საკუთარი საზოგადოებრივი პოზიცია ხშირად ძალზე მნიშვნელოვან ტრავმებს აყენებდა; თავდადებული მიჯნური, რომელსაც სატრფო ხშირად სთხოვდა, უარი ეთქვა თავის გრძნობაზე; ერთგული მეგობარი, რომელიც გადაგებული იყო იმათზე, ვისაც პატივს სცემდა; კულტურული ადმინისტრატორი და კომისიების წევრი, რომლის თვალსაზრისით, ხელოვნება და დემოკრატია შეუთავსებელი ცნებები იყო; ამასთანავე, იეიტსი თავდაუზოგავად იღვწოდა პოეზიის სარბიელზე.

საზოგადოების წარმოდგენა იეიტსის შესახებ მისივე ნაწარმოებების საფუძველზე ჩამოყალიბდა. პოეტის სიცოცხლეში არაკეთილმოსურნეებიც კი ვერ უარყოფდნენ მისი ქმნილებების უდიდეს ღირებულებას. პარადოქსულია, მაგრამ იეიტსის სიკვდილის შემდეგ მისი ნიჭის თაყვანისმცემლები ამტკიცებდნენ, თითქოს იეიტსის შემოქმედება, უბრალოდ, მამისგან მემკვიდრეობით მიღებული ნიჭიერების წყალობით, ძალდაუტანებლად შეიქმნა. ჯონ ბატლერ იეიტსის თქმით, ბობოქარი ხასიათის მქონე მქონე პოლექსფენების ოჯახის წარმომადგენელზე დაქორწინებისა და მისი მორჯულების მცდელობათა წყალობით მან ისეთი უჩვეულო უნარები გამოიმუშავა, რომ კლდეებსაც კი აალაპარაკებდა.

ჯოზეფ ჰონისა და ნორმან ჯეფარესის ადრეული ნაშრომი იეიტსის შესახებ, არსებითად, ემყარებოდა მის ავტობიოგრაფიულ თხზულებებსა და პოეტურ ქმნილებებს. იგივე უნდა ითქვას რიჩარდ ელმანის (რომლის ნაშრომი იეტსის შესახებ ჩრდილში დარჩა ჯოისისადმი მიძღვნილი მისივე გამოკვლევის უდიდესი წარმატების ზეგავლენით) ეპოქალური მნიშვნელობის მქონე წიგნების შესახებ. მრავალი ათწლეულის განმავლობაში კრიტიკოსები ცდილობდნენ გაერკვიათ, რას “აპირებდა” და რა “განახორციელა” პოეტმა. მათ ნაშრომებში ათვლის წერტილს ყოველთვის წარმოადგენდა თვით იეიტსის თხზულებები. ამგვარად, ეს იყო “კრიტიკული” (როგორც „შემოქმედების”, ისე „პიროვნების” მიმართ) ბიოგრაფიები.

უ.ჰ. ოდენმა და ტ.ს. ელიოტმა იეიტსის გარდაცვალებისთანავე დაწერეს ერთგვარი პანეგირიკები. ოდენმა თავისი ნაწარმოები შექმნა იეიტსის თვითდახასიათების (როგორც პოეტური ორაკულის) საფუძველზე, “ბენ ბალბენის” საზომით (“Follow, poet, follow right / To the bottom of the night”), და სცადა, თვითონაც მოერგო ორაკულის როლი. მეორე მხრივ, ელიოტმა, ე.წ. “სააბატოს თეატრში” წაკითხულ მემორიალურ ლექციაში მოიხსენია იეიტსი, როგორც უდიდესი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, როგორც ერთ-ერთი იმ პიროვნებათაგან, რომელთა ისტორია ეპოქის ისტორიაცაა. ელიოტი საუბრობს, აგრეთვე, გარდაცვლილი სახელგანთქმული ბარდის პოეზიის განუმეორებელი, ნოვატორული თავისებურებების შესახებ. ელიოტის საქებარ სიტყვებს ხშირად იმოწმებენ, მათი სამართლიანობა ეჭვს არ იწვევს, მაგრამ მხოლოდ როი ფოსტერის წიგნის პუბლიკაციის შემდეგ გახდა შესაძლებელი ეპოქასთან იეიტსის პოეზიის მიმართების სრულად შეფასება.

პროფესორი ფოსტერი ჩინებული ისტორიკოსია. მის კალამს ეკუთვნის ბრწყინვალე თხზულება ჩარლზ სტიუარტ პარნელის შესახებ და “თანამედროვე ირლანდიის ისტორია”. ფოსტერს მიიჩნევენ ყველაზე გავლენიან “რევიზიონისტად” თანამედროვე ირლანდიელ ისტორიკოსთა შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ხშირად იმყოფება კულტურული ომების ცენტრში. რევიზიონისტებს სურთ მოახდინონ რევიზია “ნაციონალისტური” ისტორიკოსების მომდევნო თაობების მიერ შექმნილი ნარატივისა, რომელშიც ირლანდიის ისტორია წარმოდგენილია, როგორც გელური ერის თანმიმდევრული წარმატებული ბრძოლა უცხოელთა ბატონობის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის კულმინაციად მიჩნეულია ეროვნული მთავრობის შექმნა და ეროვნული ენისა და გაბატონებული რელიგიის ოფიციალური აღიარება 1921 წელს, ირლანდიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ეს ნარატივი, ერთგვარად, ამცირებს “ირლანდიურობის” მრავალფეროვან სახეობებს (განსაკუთრებით იმათ, რომლებიც მიდრეკილნი არიან ბრიტანულობისკენ) და, ამგვარად, წინ ეღობება ქვეყნის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილების ერთობლივ წინსვლას პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო ნაყოფიერი, კულტურული თვალსაზრისით კი – უფრო პლურალისტური მომავლისკენ. რევიზიონისტები ემხრობიან ახალ ნარატივს, რომელიც ხელს შეუწყობს კუნძულის ტრადიციების გაერთიანებას; ხშირი გამოყენება სიტყვებისა “გაერთიანება” და “ტრადიციები” (მრ. რიცხვში) მოწმობს, თუ როგორ შეცვალეს რევიზიონისტებმა ინტელექტუალური კლიმატი გასული ოცდაათი წლის განმავლობაში – იმ პერიოდში, როდესაც დროებითი ირლანდიური რესპუბლიკური არმიის საქმიანობა გვახსენებდა, თუ სად შეიძლებოდა მივეყვანეთ თავისუფალ ნარატივს.

ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ არავის ჰქონდა საკმარისი კვალიფიკაცია, რათა აღეწერა ორმოცდაათი წლის იეიტსის ცხოვრება – ის ემთხვეოდა ირლანდიის ისტორიის იმ პერიოდს, როდესაც ეროვნული და კულტურული კუთვნილების საკითხები ესოდენ მწვავედ წამოიჭრა ჩრდილოეთ ირლანდიაში, განიცდებოდა ქვეყნის დანარჩენ ნაწილში როგორც კერძო, ასევე – საზოგადოებრივ დონეებზე და წარუშლელი კვალი დააჩნია ირლანდიის ცხოვრებას. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ეს საკითხები წინა პლანზე გამოვიდა, ორმოცდაათი წლის იეიტსმა მიიჩნია, რომ ის თავისი დროის ყველაზე რეპრეზენტატიული ირლანდიელი პოეტი გახლდათ – მისი ზოგიერთი წინაპარი მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს იბრძოდა ვილჰელმ ორანელის ჯარში მდინარე ბოინთან, მაგრამ პოეტის წინაპართა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რევოლუციონერ რობერტ ემეტთან მეგობრობდნენ. 1914 წელს, ამ პიროვნებების გახსენებისას წიგნში, რომელსაც (რაც მნიშვნელოვანია) “პასუხისმგებლობა” ეწოდება, იეიტსი ახსენებს თავის ირლანდიელ მკითხველებს, რომ ორივე იდეოლოგიის კონფლიქტის გამო ირლანდიის პოლიტიკური ცხოვრება ამ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე წელს ძალზე დაიძაბა.

როგორც იეიტსთა საგვარეულოს წარმომადგენელი, პოეტი მიეკუთვნებოდა ირლანდიელ პროტესტანტთა რესპექტაბელურ ფენას, რომელმაც გავლენიანი მდგომარეობა და ძალაუფლება მოიპოვა ვილჰელმ ორანელის გამარჯვების და, შედეგად, ინგლისურ-ირლანდიური ხელისუფლების დამყარებისა და კათოლიკური მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი კანონების შემოღების წყალობით. როგორც იეიტსთა საგვარეულოს წარმომადგენელს, მას, ასევე, მხარი უნდა დაეჭირა ბრიტანეთის სხვა ხალხებთან ირლანდიის გაერთიანებისთვის. მაგრამ როგორც ირლანდიელი პოეტი, რომელიც თავს მიიჩნევდა ეროვნული ირლანდიელი პოეტების – მაგალითად, ტომას დევისისა და ჯეიმს კლარენს მანგანის – მემკვიდრედ, როგორც ავტორი მეამბოხური განწყობილებებით გამსჭვალული დრამისა “კეტლინი, ჰოლიენის ასული”, როგორც “კელტური მიმწუხრის” ავტორი და “სააბატოს თეატრის” (რომელიც ქვეყნის ეროვნულ თეატრად იქცა) ერთ-ერთი დამფუძნებელი, იეიტსი დიდი ხნის განმავლობაში აყალიბებდა ირლანდიის, როგორც დამოუკიდებელი კულტურული სუბიექტისა და ეროვნული სახელმწიფოს ხატს, რომლის მითები, რწმენები და წარმოდგენები წინ უძღოდა არა მარტო ვილჰელმ ორანელის ეპოქას, არამედ – თვით წმინდა პატრიკსაც.

იეიტსი გარეგნულად არ ამჟღავნებდა თავის შინაგან წინააღმდეგობრიობას, მაგრამ მოვლენები აიძულებდა, ახლებურად გაეაზრებინა საკუთარი პოზიცია ამა თუ იმ საკითხის მიმართ. მან ერთხელ განაცხადა, ირლანდიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში არ ვმონაწილეობდი და მხოლოდ ვემზადებოდი იმ დროისთვის, როდესაც ქვეყანა ამ დამოუკიდებლობას მოიპოვებდაო, მაგრამ ეს არსებითად, თავდაცვითი პასუხი გახლდათ. ირლანდიაში არსებობდა მწვავე განხეთქილება რელიგიასა და პოლიტიკურ მისწრაფებებს შორის. ამის შედეგები, ჩვეულებრივ, აშკარად არ ვლინდებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების ეტიკეტისა და კონსტიტუციური პოლიტიკის ზეგავლენით, მაგრამ მეოცე საუკუნის მეორე ათწლეულში კრიზისული მდგომარეობა შეიქმნა, რამაც აამღვრია ნალექი მდინარე ბოინის ფსკერზე, შეარყია რობერტ ემეტის სახრჩობელა, შეძრა ირლანდელთა სული და საფრთხე შეუქმნა ერის ერთსულოვნებას.

ირლანდიელი პროტესტანტები გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს ქვეყნის ავტონომიის კანონპროექტის განხილვას ბრიტანეთის პარლამენტის პალატებში. ფოსტერის თქმით, როდესაც იეიტსს შესთავაზეს დაედასტურებინა კათოლიკური ეკლესიის ტოლერანტულობა, მან უარყოფითი პასუხი გასცა:

 ირლანდიაში არსებობს არატოლერანტული დამოკიდებულება სარწმუნოებათა მიმართ, რომელიც ნებისმიერი ეკლესიის სასულიერო პირებსაც ახასიათებთ… როგორ შემიძლია მე, მას შემდეგ, რაც კარდინალმა ლოგმა ერესსა და ღვთის გმობაში დამადანაშაულა (ადრეული პიესის – “გრაფინია კეტლინის” გამო); მას შემდეგ, რაც “სააბატოს თეატრის” ტურნეს დროს ვხედავდი ამერიკის ეკლესიების კარებზე გაკრულ – დუბლინიდან გაგზავნილ – ფურცლებს, ცილისმწამებლური წარწერებით ჩემ მიმართ, ვამტკიცო, რომ არ არსებობს როგორც მოჩვენებითი, ასევე – ჭეშმარიტი რწმენა?

 

სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო იეიტსის შინაგანი ტრანსფორმაცია. 40 წლის ასაკში მას იმედი გაუცრუვდა “განვითარებულ ნაციონალიზმში” – იმ მოძრაობის ფრთაში, რომლის ყველაზე რადიკალურად განწყობილი მომხრეები დასაშვებად მიიჩნევდნენ შეიარაღებულ ამბოხებას, ხოლო ყველაზე უფრო პოპულისტური იდეების მომხრეები ვარაუდობდნენ, რომ კათოლიკური ფასეულობები და ირლანდიელი ერი განუყოფელ მთლიანობას შეადგენდნენ. ამ იმედგაცრუების ერთ-ერთ სიმპტომს წარმოადგენდა თანდათანობითი გამიჯვნა კელტისტური გარემოსგან, რომელშიც იეიტსი ახალგაზრდობიდანვე ტრიალებდა და რომელიც მნიშვნელოვანწილად მისი ძალისხმევის წყალობით შეიქმნა. მაგალითად, “სააბატოს თეატრი”, პოლიტიკური თვალსაზრისით, ზომიერი ეროვნული თეატრი გახლდათ, ხოლო ჯონ მილიტონ სინგის შედევრი “დასავლელი მექალთანე” თავისუფალი ხელოვნების (რომლის განვითარებასაც ხელს უწყობდა “სააბატოს თეატრის” სამი სახელგანთქმული დირექტორი – სინგი, ლედი გრეგორი და იეიტსი) ნიმუში იყო. მაგრამ ამგვარ ხელოვნებას ხშირად ბრალს სდებდნენ ქალურობის შესახებ ირლანდიური წარმოდგენის ხელყოფასა და, აგრეთვე, პროტესტანტთა მიერ კათოლიკური მორალის შებღალვაში. ამდენად, მაღალი მხატვრული მიზანდასახულება ვერ დაიცავდა ხელოვანს სექტანტთა თავდასხმებისგან.

ბუნებრივია, რომ მსგავს პირობებში ინგლისურ-ირლანდიური ტრადიციებისადმი იეიტსის დამოკიდებულება უნდა შეცვლილიყო. ხალხური კულტურით გატაცებას თანდათანობით ჩაენაცვლა ინტერესი მაღალი კულტურისადმი, რასაც მოჰყვა სოციალური და პოლიტიკური შეხედულებების შესაბამისი ტრანსფორმაციაც. მაგალითად, კოტეჯებს კილტარტანში, სადაც იეიტსი ოდესღაც ფოლკლორის ნიმუშებს აგროვებდა ლედი გრეგორისთან ერთად, პოეტი მოგვიანებით “უბადრუკ ქოხებად” მიიჩნევდა, ხოლო ირლანდიელ კათოლიკეებს, რომლებიც 1880-90-იან წლებში “გელთა შთამომავლებს” უწოდებდა, ახლა უკვე დამცინავად მოიხსენიებდა “აბეზარი ბებრუცუნების” სახელწოდებით. პიროვნულმა ცვლილებებმა, ნიცშეს კითხვასა და შუახნის ასაკისთვის დამახასიათებელ მარტოობასთან ერთად, უბიძგა იეიტსს, დაეწყო მუშაობა ავტობიოგრაფიული ესეების პირველ ვრცელ სერიაზე – “ფიქრები ბავშვობისა და სიყრმის შესახებ”, რომელიც იქ დაასრულა, სადაც “თვითნასწავლი ჯადოქარი” მთავრდება.

ამ ნაწარმოებსა და მომდევნო ქმნილებებში იეიტსი გვიხატავს საკუთარ თავს, როგორც კეთილშობილური ზრახვებით შთაგონებულ პოეტს, რომელიც მიისწრაფვის მაღალი ეროვნული (და ზეეროვნული) მიზნებისკენ (ამ პორტრეტის შეცვლა ფოსტერს არ უცდია); ის წარმოგვიდგენს, აგრეთვე, “იეიტსის ქვეყანას” – თვალწარმტაც სლაიგოს, სადაც იეიტსმა ბავშვობის უმეტესი ნაწილი გაატარა მთების – ბენ ბალბენისა და ნოკნარის – ძირას, მდინარე ლოჰ-გილის ნაპირებთან; პოეტი ხატავს იმათ შთამბეჭდავ პორტრეტებსაც, ვინც მის პოეზიაში “ოლიმპიელებად” მოიხსენებიან. ესენი არიან: ფენიების ორგანიზაციის[3] წევრი ჯონ ო’ლირი, რომელმაც ახალგაზრდა იეიტსს გაუღვიძა ინტერესი ირლანდიის ისტორიის მიმართ; სლაიგოელი პოლექსფენებისა და მიდლტონების ოჯახთა წარმომადგენლები; ზემოხსენებული მწერლები და კოლეგები სააბატოდან; და, რა თქმა უნდა, მოდ გონი, რომელმაც მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინა პოეტის ემოციურ ცხოვრებაზე, ძირეულად შეცვალა მისი დამოკიდებულება რევოლუციური პოლიტიკისადმი და იყო იეიტსის მისტიკური საცოლე მრავალი წლის განმავლობაში, სანამ მის სულიერ მეგობრად იქცეოდა. მოდ გონთან ურთიერთობის ზეგავლენით იეიტსი განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამდა თავის პოეტურ დანიშნულებას. მთელი ეს ისტორია სხვა არაფერია, თუ არა მითი იმ ადამიანის შესახებ, რომლის ცხოვრება აღსავსე იყო მგზნებარე ვნებებით, რომელიც მიისწრაფვოდა სხვა ადამიანებთან ურთიერთობისკენ მხოლოდ იმისთვის, რომ ეღიარებინა ამგვარი ურთიერთობების შემზღუდველობა; რომელიც აფასებდა ერთსულოვნების უპირატესობებს, მაგრამ რომლისთვისაც გაცილებით უფრო შთამაგონებელი იყო ბრძოლა მოწინააღმდეგესთან; რომლის – როგორც პოეტისა და მოქალაქის – ქცევა “არაბუნებრივი იყო ამ ეპოქაში,/ რადგან ის კეთილშობილი, მარტოსული და ძალზე გულჩათხრობილი გახლდათ”.

ამგვარი სტრიქონები ცხოვრებას ფრაზების ერთობლიობად აქცევს და სწორედ ესაა ბიოგრაფიული ნაშრომების ძირითადი მიზანი – ცნობიერებისა და პიროვნული ისტორიის გარდაქმნა სტილად, მომხდარის (და არა მოსახდენის) ინტერპრეტირება. მაგრამ როი ფოსტერის მიზანი უფრო სპეციფიკური, უფრო რთული და (მკითხველისთვის) უფრო სარისკოა. ფოსტერი ქმნის ტექსტს როგორც სისტემას და, ამასთან, მისი “დიალოგური კითხვის” საშუალებას გვაძლევს; მას სურს, რომ მის მიერვე მოძიებული მრავალრიცხოვანი ფაქტები დამოუკიდებლად, თავისთავად ამეტყველდნენ. უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ ფოსტერი ავლენს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ პიროვნების მიმართ და ასეთ შემთხვევებში გასაქანს აძლევს იუმორის გრძნობას. მაგალითად, ის წერს, რომ მოდ გონის ნაცნობი დუბლინელი არისტოკრატების აზრით, ამ ახალგაზრდა ქალის სიმპათია რესპუბლიკელებისადმი სხვა არა იყო რა, თუ არა “დებიუტანტის ერთგვარი ახირება”. წიგნს ამგვარი ჩანართები მიმზიდველობას ანიჭებს, მაგრამ ავტორი მათ თავს არიდებს დეკორუმის დახვეწილი გრძნობის კარნახით და, აგრეთვე, იმის გამო, რომ მისი წიგნის დანიშნულება გენიალური პოეტის პიროვნების გაშუქებაა და არა ავტორის თვალსაზრისების გამოხატვა. წიგნში აისახა ყველაფერი, რაც კი თქმულა და დაწერილა ამ გასაოცარი პოეტის შესახებ. ფოსტერი შეგნებულად იკავებს ისტორიკოსის პოზიციას, აღწერს იეიტსის თითქმის მთელ ცხოვრებას და არ გვთავაზობს არავითარ კრიტიკულ თვალსაზრისს. თხრობა დინჯი ტემპით მიმდინარეობს, ისე, თითქოს დატვირთული, წყალში ღრმად ჩამჯდარი ხომალდი ნელა მიიწევდეს წინ. ესაა უდიდესი მნიშვნელობის წიგნი, რომელიც, ინტელექტუალური თვალსაზრისით, თავისი თემის ადეკვატურია და ინტუიციურად მართებული გეზი აქვს აღებული, რადგან ფოსტერის ძირითადი მიზანი არის იმ საკითხის გარკვევა, რომელიც ესოდენ აინტერესებდა იეიტსს: როგორ შეძლო თვითგამორკვევა ირლანდიამ – პოლიტიკურად დანაწევრებულმა და, ამასთან, მაღალი კულტურული პოტენციალის მქონე ქვეყანამ.

წიგნში გადმოცემული ინფორმაცია ამომწურავია – მასში გაერთიანებულია აურაცხელი ძველი და ახალი მასალა იეიტსის შესახებ, რომლიდანაც ვიტყობთ, როდის მოსწია პოეტმა პირველად ჰაშიში, როდის ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა მოდ გონთან, როდის ეუფლებოდა სევდა პოეტის სიტყვაძვირ დედას; ვეცნობით იეიტსის ღარიბულ ცხოვრებას, მისი და-ძმების ამბებს. მაგრამ ფოსტერის ძირითადი დამსახურებაა იეიტსის ოჯახის ცხოვრების, როგორც ირლანდიის დრამატული ისტორიის ნაწილის აღწერა; რეალურად, შესაძლოა, ამ ბიოგრაფიამ ფოსტერის ნებისმიერ წინამორბედ ნაშრომზე უკეთ დაარწმუნოს მკითხველები ახალი ირლანდიის შექმნის პროცესში ფართოდ ჩართვის აუცილებლობაში. ფოსტერი გვიჩვენებს იეიტსების ოჯახს, როგორც მარგინალიზებულ ჯგუფს უკვე ისტორიულად მარგინალიზებული ინგლისურ-ირლანდიური ქვეყნის ფარგლებში. ორივე მათგანს სჭირდებოდა რეინტეგრაცია უფრო მსხვილი და უფრო პოზიტიური მომავლის მაძიებელი მთელის ფარგლებში და ეს ცხადია ყველასთვის, ვინც შეესწრო კრიზისის მდგომარეობას, რომელიც სუფევდა ირლანდიაში 1968 წლის შემდგომ. ფოსტერის მიერ აღწერილი ისტორია მოიცავს პერიოდს (ჩესლავ მილოშისა არ იყოს) “უძრავი წერტილის ჭვრეტიდან – ისტორიაში აქტიურად ჩართვამდე”, რაც ყველა ირლანდიელი მკითხველისთვის მრავლისმეტყველია.

ამგვარად, ეს წიგნი ერთგვარი მატიანეა, მაგრამ არა მხოლოდ ირლანდიის მატიანე. შესაძლოა, იეიტსი ფიქრობდა, რომ მოდერნიზმი “ამაზრზენი მიმდინარეობა” იყო, მაგრამ მის პოეტიკაში უკვე ილანდებოდა პოსტმოდერნისტული მსოფლაღქმის ელემენტები. ის ყოველთვის ფიქრობდა, რომ “მე” არასტაბილურია, რომ ცნობიერება ერთგვარი სივრცეა, სადაც სცენაზე გამოდიან სხვადასხვანაირი განწყობილებები, თვალსაზრისები, მოგონებები, ესა თუ ის არსი, სული, მისტიკური ძალა, რომლებიც შემდეგ ქრებიან. იეიტსის აზრით, შემოქმედება საკრალური რიტუალია, რომლის დროსაც პოეტს, როგორც მედიუმს, აზრებისა და იმპულსების ადამიანებისთვის გადაცემის საშუალება ეძლევა. მაგრამ ის თავის თავს ერთგვარ საცდელ პოლიგონადაც მიიჩნევდა, სადაც ურთიერთსაპირისპირო აზრები და იმპულსები ებრძოდნენ ერთმანეთს, ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანთა უმრავლესობისგან განსხვავებით, იეიტსი აშკარად აღიარებდა თავის წინააღმდეგობრივ ბუნებას. ის ლაღად ცხოვრობდა და თავისუფლად, შეუზღუდავად გამოხატავდა თავის მგზნებარე გრძნობებსა და სკეპტიკურ აზრებს; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იეიტსი მედიდურად იქცეოდა, ახლობლების გარემოცვაში ზოგჯერ გულჩათხრობილი იყო, ზოგჯერ კი – სხვებზე მზრუნველი, აგრესიული, ჯიუტი, კეთილგონიერი ან ფიცხი. ყოველივე ეს მისი შინაგანი წინააღმდეგობრიობით კი არ იყო განპირობებული, არამედ – მრავალფეროვნებისადმი ლტოლვით; არსებითად, იეიტსისთვის სრულიად ბუნებრივი იყო ახირებული ქცევა, რაც განასხვავებდა მის ცხოვრებას “ვაჭრებისა და ჩინოვნიკების ცხოვრებისგან”. პოეტის შინაგანი ჰარმონია ედო საფუძვლად აღქმისა და გამოხატვის უშუალობას, რაც მას არა მარტო დიდ პოეტად, არამედ სამყაროსა და მისი ბინადრების გენიალურ დამკვირვებლად და აღმწერად აქცევდა.

ფოსტერს მოჰყავს იეიტსის ზუსტი და გონებამახვილური შენიშვნები და შეფასებები. მაგალითად, მას მოსწონდა ერნესტ რისი, რადგან, ლიტერატორთა უმრავლესობისგან განსხვავებით, რისს “ოხუნჯობის უნარი არ შესწევდა და თავში მხოლოდ რამდენიმე აზრი უტრიალებდა”; უინსტონ ჩერჩილი, რომელიც იეიტსმა ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო, ამ უკანასკნელის თქმით, “უკმეხობისა და დიდსულოვნების ნაზავი გახლდათ”; ბლავატსკაიას წრის წევრს, ჯ.რ.ს. მიდს “მუწუკისოდენა ინტელექტი ჰქონდა”. პოეტის ბიძის, ჯორჯ პოლექსფენის დაკრძალვას იმდენი უცნობი ადამიანი მოაწყდა, “თითქოს საფლავი კი არა, ხრამი უნდა გაეთხარათ”. მაგრამ ამ მახვილსიტყვაობაზე არანაკლებ მიმზიდველი იყო იეიტსის კეთილშობილება, ის, თუ როგორ ერწყმოდა მასში ერთმანეთს მგზნებარება და გულჩათხრობილობა და როგორ ნიღბავდა პოეტი თავის ფარულ სიქველეს ეგოცენტრიზმითა და ეპატაჟური ქცევით. “რატომ ვწერ ყოველივე ამას?” – დაწერა მან დღიურში მას შემდეგ, რაც გაკიცხა თავისი თავი იმის გამო, რომ ედმუნდ გოსს ლედი გრეგორის შეურაცხყოფა აპატია, და ამ კითხვაზე ასეთი პასუხი გასცა:

ვფიქრობ, რომ შემიძლია საკუთარი [შეგნებულად და ინსტინქტურად მიგნებული] ფასეულობების დაცვა ყოველგვარ ცხოვრებისეულ სიტუაციებში; კულტივირება ჩემს სულში მორალური სრულყოფილებისა, რაც ცხოვრებასთან მიმართებაში იგივეა, რასაც სტილი წარმოადგენს ლიტერატურისთვის – და ამ ზოგადი ცნების კონკრეტული ხორცშესხმა ჩემს ქცევასა და აზროვნებაში.

ეს სწრაფვა სრულყოფილებისკენ, მოტივებისა და ქცევის კრისტალური სიწმინდისკენ აბათილებდა უსიამოვნო შთაბეჭდილებას, რომელსაც ტოვებდა გარემომცველ ადამიანებზე იეიტსის ეგოტიზმი და ახირებული ქცევა. ფოსტერის წიგნის კიდევ ერთი ღირსება მდგომარეობს ავტორის ბუნებრივ ინტერესში არა მარტო თავისი წიგნის ობიექტის, არამედ მის მიმართ უარყოფითად განწყობილ ადამიანთა მიმართაც; ფოსტერი ითვალისწინებს მათ დამოკიდებულებას იეიტსის მიმართ, ახდენს მათ კლასიფიკაციას (მამხილებლებით დაწყებული და მტრებით დამთავრებული), აანალიზებს მათი არგუმენტების სამართლიანობას, მაგრამ საშუალებას არ აძლევს, შებღალონ იეიტსის გენია. ფაქტობრივად, “თვითნასწავლი ჯადოქარი” ტრიუმფალურად აბათილებს პოეტის მიერ მეცნიერების ნეგატიურ შეფასებას: “ღმერთო”, – ამბობს იეიტსი ლექსში მათ შესახებ, – “რამდენს ლაყბობენ! / ნუთუ კატულუსიც ამგვარი იყო?” როი ფოსტერი არა მარტო ამჩნევს კატულუსისეულ ელემენტს იეიტსში (მაგალითად, ძალზე საინტერესოდ აღწერს იეიტსის დუბლინელი ლესბიას – მეიბლ დიკინსონის ფსიქოთერაპიულ ხიბლს); არამედ გვარწმუნებს კიდეც, რომ მომდევნო ტომში თავისი ერუდიციისა და ძალისხმევის წყალობით შექმნის ბიოგრაფიას, რომელიც თვით პლატონიც ულმობელ აჩრდილსაც კი დააკმაყოფილებს.

ჩემი საქმე დავასრულე, – გაიფიქრა ბერიკაცმა,

ისე, როგორც ვოცნებობდი სიჭაბუკის ჟამს;

დაე, აღშფოთდნენ ბრიყვნი, არაფრისგან

სრულყოფილება შევქმენ”.

მაგრამ იდუმალმა ხმამ წაიდუდუნა: “მერე – რა?”

The Atlantic Monthly, November 1997, Volume 280, No. 5.


[1] რეცენზია წიგნზე: რ.ფ. ფოსტერი. უ. ბ. იეიტსის ცხოვრება. ტომი I: “თვითნასწავლი ჯადოქარი”. ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 640

[2] მაღალი მთა ირლანდიაში.

[3] საიდუმლო ირლანდიური ორგანიზაცია, რომელიც იბრძოდა ინგლისის ბატონობის წინააღმდეგ.

© არილი

Facebook Comments Box