Uncategorized

ნიკოლას მაჩაბელი – თბილისური ამბავი

machabeli-88466

გაფრთხილება!

ნიკოლასის ყველა ნოველა შეიცავს საზოგადოებისთვის სახიფათო ქარაგმებს, შესაბამისად ავტორის სიცოცხლე ნოველიდან ნოველამდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ეძღვნება სოფის

წინათქმა

შენს სახელსაც ვეღარ ვწერ, შეუძლებელია ეს შენ ყოფილიყავი, მინდა დავწერო “ბრჯ…” და ვერა, თუ როგორაა შენი სახელი “ჯტიბ”, თუ “ბრინჯ”, ან “ჯბრტ”, ვერ ვწერ, ვერც ვამბობ, გულში რომ ვფიქრობ იქაც აბურდულად გამოითქმის, თუმცა ვიცი რომ შენ იგულისხმები.

ვის სახელსაც ვეღარ ვწერ, ამ “ჯრბმ”, ცოცხლად დამარხა ბავშვი, მიწაში ჩადო და მერე ზემოდან მიწას ნელა აყრიდა, თან ცრემლებით ალტობდა ზედაპირს. წარმოიდგინეთ, ჩვენი სიყვარული, პატარა უმწეო ბავშვი, რომელიც არაკანონიერად მოევლინა სამყაროს, მთელმა საზოგადოებამ მისი მოშორება გადაწყვიტა და მშობელმა დედამ სხვა გზა რომ ვერ იპოვა, აიყვანა და ცოცხლად მიწაში მარხავდა. თვალები რჩებოდა გაოცებული ამ ბავშვს, გაკვირვებული, გაბრდღვიალებული, პირი კი უღიმოდა. სიმწრისგან უღიმოდა? – არა, ირონიულად უღიმოდა? – არა, ბედნიერებისგან უღიმოდა, რომ ცოტა ხანს იცოცხლა.

წარმოგიდგენიათ? მიწაში აზელილი ბავშვის სახეს ტუჩები ახლოს მიუტანა და უჩურჩულა, “წავალ, ვნახავ რა იქნება, როგორ იქნება, დარწმუნებული ვარ მე ვერ ვიპოვნი ბედნიერებას და ისევ შენთან დავბრუნდებიო”. წარმოგიდგენიათ? იქნებ იგულისხმა საზოგადოებას დავაშოშმინებო, ან იგულისხმა ყველას მოვთაფლავ და როცა ძლიერი ვიქნები დავბრუნდებიო. არც დრო უთქვამს, ზეგ? ორ კვირაში? ერთ თვეში? თუ წელიწადში, იქნებ წლები? “მე ვეღარ მოვიტყუები შენს არსებობას, მათ გაიგეს რომ შენ ხარ, მე აღარ შემიძლია ასე ტყუილში ცხოვრება, ამიტომ გამიგე, ასე უნდა მოვიქცე”, უჩურჩულებდა გაოცებულ ბავშვს და აიმედებდა, რომ დაბრუნდებოდა.

იმაზე არ უფიქრია, რომ თოთო ბავშვი მიწაში ასე უჰაეროდ, ასე უზრუნველად, ასე უნუგეშებლად რამდენ ხანს იცოცხლებს? ბავშვი ვერაფერს ვერ ხვდება, ბავშვს უხარია დედის სახის დანახვა, ისიც უხარია რომ ოდესმე გამოჩნდება, მაგრამ გადარჩება? როგორი სხეული ექნება როცა ამოიყვანს ისევ ამ ორმოდან? დავუშვათ და დაბრუნდა ნისლიან ღამეს, წვიმა რომ ცრის და გვამის ამოსაყვანად ისევ თავისი თოთო ხელებით მიადგა, და ამოიყვანა. აი, ვხედავ, თხრის მიწას და მიწაში ჩაკირული ბავშვი ისევ ზევით ამოჰყავს. შეხედეთ, რას ჰგავს, ბავშვი ბავშვს აღარ ჰგავს, თმა გათეთრებია, კბილები დასჭიანებია, მიწის ჭიებს და მატლებს მისი ტანსაცმლის ფლეთა დაუწყიათ, პატარა ხელის გულებზე შავი მიწა ჩასჯდომია, ტუჩები გაცრეცილი აქვს, ყურის ერთი ნაწილი მინდვრის თაგვს მოუჭამია და შემშრალი სისხლი ექერცლება ყურთან და საფეთქლებთან, მუცელი ისე აქვს შებერილი ლამისაა ლანდად იქცეს, დაბრუნდა დედა და ამოათრია ეს გონჯი, ეს უმაქნისი, ეს დებილი სიყვარული. ახლა კი როგორ გამოაკეთებს, როგორ დაუამებს ჭრილობებს, როგორ გაუქრობს არ მიტოვების კომპლექსებს, როგორ დაბადებს თავიდან, ექნება კი მას ძალა და ენერგია ახლიდან შეძლოს იმის დაწყება და შენება, რაც უკვე ერთ დროს ასე ტკბილი იყო.

ყველაფერი ის რაც წყალივით, ჰაერივით, ცეცხლივით და მიწისძვრასავით ხდებოდა მათში, ახლა წმინდა ფიქციად, წმინდა უძრაობად გადაიქცა…

ჩვენ შეცდომა დავუშვით…

 

* * *

არა, ეს არცთუ ისე ცხადი სურათია, არცთუ ისე ზუსტად აღვწერ რა ხდება ახლა. ახლა მე აბანოთუბანში ვარ, ვზივარ, უფრო კი ჩაჭყუნული ვარ ერთ-ერთი აბანოს ქვაბულის პირას. აგურით ნაშენები აბანოების თაღებიდან და დაბალი გუმბათებიდან გოგირდის სუნი ამოდის, ჩემს გარშემო ტურისტები დაბოდიალობენ, ბავშვები ცელქობენ, ძველი თბილისის შუაგულ ცენტრში, საღამოს ჩამავალი მზის ქვეშ ვაგდივარ მე და რას ვაკეთებ? რას ვაკეთებ და ვუთვალთვალებ მის მანქანას. აბანოთუბანში ჩემს წინ მისი მანქანა დგას, ველოდები როდის გამოვლენ…

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე და სოფიმ ერთმანეთი უნივერსიტეტში, ლექციებზე გავიცანით, ერთმანეთსაც ადვილად გავუგეთ და დავახლოვდით. ჯერ იყო და ორივე ვხვდებოდით ლექტორის უღიმღამო მონოლოგებს, მის დიდაქტიკურ მონაყოლზე ვხითხითებდით, მერე კი ერთმანეთს ფურცელზეც დავუწყეთ საუბარი, ისე როგორც რეალობაში ხდება. სოფი ერთი უბრალო, პატარა გოგონა იყო, ძალიან მომხიბვლელი და მიმზიდველი სხეულით, დიდი ტუჩებით და ქერად შეღებილი თმით, თავისი სიარულის მანერით და ხელებით ბრიჯიტს წააგავდა, ჰო იმ ბრიჯიტს, ფრანგ ბრიჯიტ ბარდოს. არ ვიცი ეს თქვენ რამდენად გადაგხდენიათ, მაგრამ ორ-სამ კვირაში სრულიად მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ გოგო, რომელმაც დამაინტერესა, ქმარშვილიანი აღმოჩნდა. ჩემთან დაახლოების პერიოდში სოფი მალავდა თავის ქმარს და შვილის შესახებაც არაფერს ამბობდა, არც სოციალურ ქსელში ჰქონდა გათხოვილის სტატუსი და არც ბავშვის სურათებით იწონებდა თავს. ამის გამო, რომ ის ქმარშვილიანი იყო, მხოლოდ ამის გამო ხომ არ შევწყვეტდით ამ ჩვენს სახალისო მიწერ–მოწერას, მითუმეტეს გულს მასთან მიუწევდა, მითუმეტეს ის ჩემსავით უიშვიათესი რომანტიკოსი იყო. თითქოს, ჩამივარდა ხელში მომენტი, როცა ცხოვრებაში პირველად ჩემსავით გამოუსწორებელ რომანტიკოსს შევხვდი.

ჩვენი ურთიერთობა ჰაერივით წარიმართა. თავისთავად ხდებოდა ყველაფერი, წიგნებს ვცვლიდით, წერილებს ვუწერდით ერთმანეთს და საღამოობით ვისხედით კაფეში და ვსაუბრობდით ვირჯინია ვულფზე და ბაირონზე, ვუყვებოდით ერთმანეთს ბეკეტზე და ჰიუგოზე, ვიხსენებდით ფოლკნერსა და შნიცლერს.

„–ბეკეტი როგორი დეპრესიულია არა? განსაკუთრებით მოლოიში, ის კარგავს ყველაფრის იმედს“.

„– ჰენრი მილერის ‘ტროპიკში’ უფრო შეინიშნება არა სიყვარულის იდეა, არამედ იქ უფრო მოყირჭებული სამყაროს აუტანლობაა, არა?“ და ა.შ. განვიხილავდით რომანებს, ვისრუტავდით დიდებულ წიგნებს, ვხარშავდით და ჩვენს თარგზე ვაწყობდით, თითქოს, საერთო თარო გვქონდა, ვირტუალური. ჩვენი ერთად თავშეყრა და ამ წიგნების განხილვა, შემდეგ კი თაროზე შემოდება თავისთავად ხდებოდა. პერიოდულად ვღიღინებდით საერთო სონგებსაც – ზემფირას, ქუინს, რობი უილიამსს – I just wanna feel real love, feel the home that I live in. ჩვენ ერთად ყოფნისას იმ სახლის შეგრძნება გაგვიჩნდა, რაზეც რობი მღერის თავის 2002 წლის სინგლში, XXI საუკუნის დასაწყისში, მეორე წელია, და რობი იმას მღერის რასაც ჩვენ 2016 წელს განვიცდით.

შეხვედრების მერე ჩვენ-ჩვენი მანქანებით ვიშლებოდით. ჩვენი მანქანები იმ ქართულ ანიმაციურ გმირებს ჰგავდნენ პიპო და პაპოს, გახსოვთ? გოგო მანქანა (Nissan March) და ბიჭი მანქანა (Toyota Prius) გზაზე რომ შეხვდებიან ერთმანეთს და ერთმანეთი შეუყვარდებათ? აი ასე ვუპიპინებდით ერთმანეთს მაგისტრალებზე და მტკვრის სანაპიროებზე.

ურთიერთობა წარიმართა წყალივით. მე მართობდა მისი დაბდურა და ხლაფორთული ქცევები, მას კი ჩემი ხუმრობები ხიბლავდა. ერთმანეთს ათასი მოსაფერებელი სახელი შევარქვით, “ჩემო მწვანეთვალება ბიჭო“ მეტყოდა ის, მე კი „ბიბი, ჩემო ბრიჯიტ, ბრიჯიტინია, ჩემო საოცრება“. თავისთავად მოდიოდა ქიმიაც, მისი ლოყაზე კოცნისას, მის მხარზე თავის ჩამოდებისას, მის ცხვირზე მოცაცუნებისას, და არ დაგავიწყდეთ, ის ქმარშვილიანი გოგოა, მე კი მწვანეთვალება ნიკოლასი.

ერთხელაც, როცა სახე დავუკოცნე, ტუჩებს შეგნებულად არ ვეხებოდი, მეგობრულად, მამა–შვილურადაც კი, მოძღვრულად ვუკოცნიდი ხოლმე თვალებს და შუბლს, სოფი დაუფიქრებლად მეცა და თავისი დიდი ტუჩები მომაწება, თვალები დაეხუჭა, სახე მაღლა აეწია და მშვენიერ მლოცველს ჰგავდა. გათხოვილმა გოგომ, რომელსაც შინ 3-4 წლის შვილი უჭყიოდა, აქ ჩემს სახლში, თბილისის ცენტრში, ბრენდულ უბანში ხელები ლოყების ქვეშ ამომდო და ტუჩებში მეამბორა, და მერე გაჩნდა ხანძარი.

ვნება იყო და იყო, მაგრამ ვნების გაზომვა რომ შეიძლებოდეს, აი ამ ხარისხით იყო გაგებაც, იყო საერთო ინტერესები ლიტერატურის და მუსიკის მიმართ, იყო ერთნაირი იდეოლოგია და მეგობრობა, იყო საერთო თბილი სახლი, რომელიც ჩვენდაუნებურად მომავალზე ოცნებით დაგვეხუნძლა. ჩვენს სახლში თითქოს ნივთების მაგივრად ჩვენი ლამაზი სიყვარული იყო გაწოლილი. ორივე იმ სიყვარულით ვიყავით მოწამლულები, რაც ღრმა ბავშვობაში იბადება და “ერთადერთ და განუმეორებელი სიყვარულის” სახელითაა ცნობილი. აი, თქვენ გჯერათ “ერთადერთი და განუმეორებელი” სიყვარულის?“ ჩვენ ერთმანეთი თავდავიწყებით შეგვიყვარდა და გადავიქეცით თბილისის მალულ წყვილად. მუდამ ასეთ სიყვარულს დავეძებდი და არასდროს მიფიქრია, რომ ეს შეიძლება ქმარშვილიან ქალში მეპოვნა, მაგრამ რაა სიყვარული თუ არა ირმების გუნდი ტყეში რომ ველურად გაიჭრებიან, მიდი და შეაჩერეთ მათი ფეხების მტვერი, მათი სისხარტე. ნათქვამია, იმედდაკარგულ კაცს სულ ბოლოს გამოუკიაფდება და სულ ბოლოს ეჩვენება თავის სიყვარულიო.

სოფის თავიდან საერთოდ აცრუებული ჰქონდა გული სიტყვა „სიყვარულზე“, ამ გრძნობას აიგნორებდა, არადა ვხვდებოდი, რომ ეს მისი ქმართან წარუმატებელი თანაცხოვრებით იყო გამოწვეული, სადღაც შიგნით კი ჩემსავით გულდაწყვეტილი, მაგრამ მაინც ელოდა ნათებას, რომელიც ოდესღაც შეაკრთობდა. და აი ისიც, ჩვენი სიყვარულის გამხელის მერე ჩვენ ისე ავივსეთ, ისე ერთდროულად მოგვიცვა ბედნიერებამ და სიხარულმა, არას დაგიდევდით, უკვე შუა რუსთაველზეც კი ხელიხელჩაკიდებულნი მივსეირნობდით. ამ ყველაფრის პარალელურად არ გვავიწყდებოდა სოფის პატარა ალექსანდრა. მე ჯერ ჩემს ტვინში დავუშვი და გავითავისე, რომ მე შესაძლოა პატარა ალექსანდრას მამა, მეორე მამა, მაგრამ საუკეთესო მეორე მამა გავმხდარიყავი, მერე კი ყველა ჩემს საახლობლოს და სანაცნობოს დავუწყე იმაზე ჩალიჩი, მათაც დაეშვათ და მათაც გაეთავისათ, რომ მე, ნიკოლასს შესაძლოა შვილიანი ქალი მყოლოდა. პატარა ალექსანდრა ისე აღვიქვი, როგორც სიყვარულს მოყოლილი საჩუქარი, და სულაც არ ვფიქრობდი იმაზე, რაზეც უბანში ბიჭები, რაზეც სამსახურში კაცები, რაზეც საერთოდ ქართული საზოგადოება ფიქრობს ხოლმე ასეთ დროს: “რათ უნდოდა ეხა შვილიანი ქალი, ნაბიჭვარი მიათრია სახლში და ა.შ.”.

სად იყო ამ დროს ქმარი? ქმარი არ ვიცი საერთოდ არსებობდა თუ არა, მე და სოფი თითქმის ყოველ მეორე დღეს ვხვდებოდით და ეს შეხვედრები არც თუ ისე შეზღუდული იყო, მეტიც, მე ასე თავისუფლად თავი ცხოვრებაში არ მიგრძვნია. ქმარი თითქოს არ არსებობდა, არა, სადღაც კი არსებობდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ სოფისთან საღამოს შეხვედრა, სოფის სამსახურთან დახვედრა, სოფის მიცილება უნიში, სოფის გაყოლა ექიმთან, ან თუნდაც მის კონფერენციაზე დასწრება საერთოდ არ ადარდებდა. სოფი მიხსნიდა, რომ ადარდებდა, მაგრამ სამუშაო, სამუშაო! აი ეს იყო საბაბი, ასეთი რა სამუშაო ჰქონდა ამ ჩემისას, სამაგიეროდ პერიოდულად უკვე მომესმა, რომ მისი ქმარი ხან რაღაც ივენთზე იყო, ხან ვიღაც ძმაკაცის შვილის ნათლობაზე, მერე ვიღაცის რაღაცაზე და ა.შ. მთელი სია თუ სად იყო მისი ქმარი, სამსახური! სამსახური! კი ჩემთვის აბსურდად გადაიქცა…

მე ამიტაცა ამ სიყვარულმა, მითუმეტეს, რომ სოფიც უფრო დარწმუნებული და თავდაჯერებული მეჩვენებოდა. საუკეთესოდ ვართმევდი თავს დეპრესიული სოფის გამოხტომებს, ვაქიმობდი მის ფიქრებს, მის შიშებს, ვახალისებდი მის სხეულს და მის მოდუნებულ, თითქოს უკვე ხანშიშესულ სხეულს, თითქოს ნაადრევი სიბერისგან ვიხსენი, მან კი, მან ოჯახის შეგრძნება გამიჩინა, საკუთარი პირველი ოჯახის შეგრძნება.

ახლა კი, ახლა, მე აბანოთუბანში, შეგახსენებთ, ჩაჭყუნული ვარ აბანოს დაბალ გუმბათებს შორის და შორს სივრცეში გავცქერი როდის გამოჩნდება სოფი თავის ქმართან ერთად. რას ველოდები? რატომ ველოდები? რა მოხდა?

რა მოხდა და დღეს სოფიმ სამსახურში გამომიარა, მერე კი ალექსანდრეს ბაღში ვისხედით და ვცდილობდი გამეგო, რას მეუბნებოდა, ჩემს ყურებს არაფრის აღარ სჯეროდათ, არცერთი სიტყვის, სოფი მშორდებოდა. „ჩემო მწვანეთვალება ბიჭო, მიყვარხარ, უშენოდ არ მინდა ყოფნა, მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე ვეღარ შევხვდებით, მეშინია ამდენი ტყუილების, არ ვიცი რამდენად შევძლებ უშენოდ ყოფნას“. მოკლედ მიხსნიდა, რომ პატარა ალექსანდრასთვის ასე უნდა მოიქცეს, ქმრისთვის უთქვამს „მე სხვის მიმართ გამიჩნდა გრძნობა და არ ვიცი რა იქნებაო“. მისმა ქმარმა კი იგრძნო რა ეს რეალური საფრთხე, გადაწყვიტა, რომ ისინი ერთად უნდა გადავიდნენ საცხოვრებლად. უცნაური და ჩახლართული ამბავია არა? რას ქვია ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად, რა, აქამდე ერთად არ ცხოვრობდნენ? სამი წლის ბავშვი ჰყავთ, პატარა ალექსანდრა, აქამდე როგორ ცხოვრობდნენ?

ჰო, ეს ცალკე ნოველაა, აქამდე ერთად არასდროს უცხოვრიათ. ტიპიური ქართული უპასუხისმგებლო მამაკაცი და მიგდებული, ნატანჯი ქალი, რომელიც მარტო ათენებს ღამეებს ბავშვის აღზრდაში. აქამდე ხან სოფის მშობლებთან ცხოვრობდნენ, ხან ქმრის მშობლებთან. ყოველი მოთხოვნა, რომ ერთად დაეწყოთ ცხოვრება, უშედეგოდ სრულდებოდა, სოფი და მისი ქმარი ფაქტობრივად ერთად არ ცხოვრობდნენ, ერთი იქით რჩებოდა, მეორე აქეთ და ასე განვლო სამმა წელმა, წარმოგიდგენიათ? და აი ეს მახინჯი ოჯახური ფორმა, რომელიც მხოლოდ სანათესაო სტატუსია, აი ეს ოჯახური ფორმა იყო მათი თანაცხოვრება. სოფი გაცივდა ქმრის მიმართ, თავიდან თუ ელოდა ვითარების გამოსწორებას და წყინდა მისი უყურადღებობა, ბოლოს საერთოდ დაიკიდა და რაც მოხდება მოხდესო, და აი გამოვჩნდი მეც. სოფის ქმარმა კი ახლა გადაწყვიტა ჩვენი ურთიერთობის მეოთხე თვეს, რომ ცალკე დაიწყონ ცხოვრება, იგრძნო რა რეალურად დაკარგვის საფრთხე, სოფის დაბნეულობაც და ცალკე ბავშვის გამოყენებით და მათი კონსერვატიული ოჯახების გამოყენებით მიიყვანა სოფი იმ ზომამდე რომ ჩემზე უარი ეთქვა, დააჯერა, რომ ისინი ახალ ცხოვრებას დაიწყებენ და ოჯახი არ უნდა დაიშალოს. ეს გადაწყვეტილება პრაგმატული ნაბიჯებით დახუნძლული ხერხებია. მოკლედ უნდა ითქვას რომ სოფის ქმარი პორტუგალიის ნაკრებს ჰგავდა ამ თამაშში, არავის რომ არ მოსწონს მისი თამაში, არც ლამაზი ფეხბურთი, საცოდავად გასული ჯგუფური ეტაპები, პლეიოფები და მოულოდნელად ჩემპიონი ხდება, აი ასე. მე კი? მე კი, თითქოს, ხორვატიის ნაკრები ვარ, რომანტიულად, ჰაეროვნად ვათამაშებ ბურთს და ამ სილამაზის აღქმაში პრაგმატულობა მომაკლდა. ჩემი წარმატებისკენ სვლა და ჩემი გამარჯვებების სერია მოულოდნელად ერთმა საღამომ შეაჩერა, ყველაფერი სრულდება.

სოფის ეშინია სანათესაოსი, ქართული საზოგადოების და ბავშვის ხათრით თანახმაა ქმარს გაჰყვეს, დაუჯეროს გადაწყვეტილებებში, აქეთ კი მისი მწვანეთვალება ბიჭუნა ჰყავს, რომელმაც ახალი სისხლი გადაუსხა, რომელთანაც იხილა უხილავი, რომელთანაც ეზიარა სიყვარულის მშვენიერ წუთებს თბილისის მალულ ხეივნებში, მაისისა და ივნისის გრილ ქუჩებში, ძველი თბილისის ვიწრო შუკებში, წერილებში და სამყაროზე ფიქრებში, ფრთები აქვს მოსხმული, მათ უკვე საერთო სახლი აქვთ, ის სახლი, რომელზეც რობი უილიამსი მღერის 2002 წლის სინგლში. რეალური ცხოვრება კი იქით იძახის ბავშვით, ქმრით და სანათესაო ჯაჭვებით, მთელი ქართული საზოგადოებით, ვინ რას იტყვის, ვინ როგორ მოექცევა მას და მის შვილს… მაგრამ დაშორება და ჩვენი სიყვარულის ამ ეტაპზე ასე მიგდება დანაშაულია და სხვა არაფერი, ვაანალიზებ, რომ სოფი ასე თუ მოიქცევა, ის ერთი, რიგითი ქმარზე მოღალატე ცოლის როლში უნდა იყოს და არა იმ მეამბოხე, ძლიერი და თავისუფალი ქალის როლში, ვინც სიყვარულისთვის ყველაფერს აკეთებს. ერთი სიტყვით, ძნელია ჰენრიკ იბსენის „თოჯინების სახლის“ მთავარი გმირობა, ძალიან ძნელია, იშვიათობაა, საუკუნეებში ერთხელ ხდება. აი ასე, სოფი ზღვარზე დგას, მიყვარდეს მე ის ისეთი, როგორიც არის და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ სვლას ჩვენი შორეული სახლისკენ, თუ გადაიქცევა ის ერთ ჩვეულებრივ ქმრის მოღალატე ცოლად, რომელმაც წუთიერი ვნებანი დაიკმაყოფილა და ახლა ქმარს უბრუნდება…

შეიძლება ზედმეტად არეული მონათხრობია, მაგრამ სიმართლეს გეუბნებით, სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. ამ ყველაფერს ახლა აქ, აბანოთუბანში ვფიქრობ, სადაც ისევ ჩაჭყუნული ვარ დაბალი გუმბათების ქვეშ და გავცქერი ნისან მარჩს, სოფის მანქანას, რომელიც ჩემს თვალისგაწვდენაზე აყენია, და ერთი სული მაქვს დავინახო ისინი, დავინახო ისინი გამოსული რომელიმე რესტორნიდან, ან ახალნაქირავები ბინიდან, ან იქნებ სასტუმროში იყვნენ? მოკლედ მე ველოდები მათ, სოფის და მის მეუღლეს. მაინტერესებს როგორი სახე ექნება სოფის, ბედნიერია ქმართან? უღიმის სახე? ისე უციმციმებს სახე როგორც ჩემთან ერთად? მართლა უნდა დავიჯერო მისი ნათქვამი და აღარ შევხვდე თუ უნდა ვიბრძოლო მისთვის? თან ვხვდები, რომ ის ფრაზები, „ვნახავ თუ გამოვა მასთან ცხოვრება და თუ არა ისევ შენ დაგიბრუნდებიო“ საშინლად შეურაცმყოფელია, არ შეშვენის იმ სიყვარულის ამბავს, რომლისაც ორივეს გვჯეროდა. საფრთხე ახლა ჩვენს ერთადერთ და განუმეორებელ სიყვარულს ემუქრება, მე სწორედ ამის გადასამოწმებლად ვარ აქ მოსული და ვუთვალთვალებ მათ გამოჩენას.

ხომ არ გაინტერესებთ როგორ მოვაგენი აქაურობას? როგორ და სოფიმ ალექსანდრეს ბაღში რომ მითხრა ვეღარ შევხვდებითო, და ქმართან შესახვედრად გაემართა, 19:30 წუთზე უნდა შეხვედროდა აბანოებთან, მე ჩემი მანქანისკენ წავედი. ჩემს ტოიოტაში ჩავჯექი და ვფიქრობ სახლში რომ წავიდე ტირილითაც ვერ გავსკდები, ჩემში უკვე დიდი ხანია ჩაკვდა ყოველივე ქალური. ამ პროცესის მონაწილე უნდა ვიყო, უნდა ვიპოვნო ისინი. ჯერ იყო და კოტე აფხაზის ქუჩას ავუყევი, იქ არ დამიხვდა. მერე იერუსალიმის ქუჩისკენ ავუხვიე და პურის მოედანზე გავედი, არც იქ არ ჩანდნენ. მაშინ თუმანიანის ქუჩაზე ავედი და იქიდან მეტეხთან ჩავედი. მეტეხიდან კი აბანოთუბანში გავუხვიე და აი ისიც, აი სოფის მანქანა, აი ისიც, მისი შავი მანქანა. ახლა ჯობდა ჩემი მანქანა მოშორებით დამეყენებინა, წავედი და ორთაჭალის გზაზე დავაყენე, იმ გზაზე, რომელიც სოფიმ უნდა გაიაროს. წამოვედი ფეხით და გულში ვფიქრობ, სად ჩავუსაფრდე მათ გამოჩენას, და ვხედავ მისი ქმრის მანქანაც აქვეა. მივედი, ფანჯარაში ჩავიხედე, რაღაც კეპი აგდია და კიდევ ჩანთა, უაზრო ტიპებს რომ აქვთ ხოლმე გადაჭრელებული, აი ისეთი ნივთებივით ეყარა. აჰა, ჩემი მანქანა აქაა, მისი ქმრის გვერდით, სოფის მანქანაც ვიცი სადაა, მოკლედ, მთავარი მოქმედი პირები აქ არიან… სპექტაკლი უნდა დაიწყოს…

ახლა უკვე 20:00 საათია, რვის ნახევარზე სავარაუდოდ შეხვდნენ ერთმანეთს აქ და ახლა რას აკეთებენ კაცმა არ იცის, მაქვს ყველანაირი ვერსია, ვიწყებ იქიდან, რომ იქნებ სოფი ესაუბრება ჩვენზე, რომ მას სხვა უყვარს და რომ შეუძლებელია ახალი ცხოვრების დაწყება. შემდეგ გადავდივარ რეალურებზე, ქმარმა ის ახალ ბინაში წაიყვანა, რომელიც უნდა იქირაონ, ამ გადამწყვეტ დღეს ალბათ ყვავილებიც აჩუქა, ან ლამაზი ძვირადღირებული სამაჯური, იქნებ ყელსაბამი? ლალისფერი თუ ოქროსფერი? ის მაინც თუ იცის, რომ სოფის საყვარელი ფერი ვერცხლისფერია? არ ვიცი, იქნებ რესტორანში ვახშმობენ და განიხილავენ მათ მომავალს, და გადავდივარ ილუზიებშიც, სასტუმროში ხომ არ აიყვანა და იქ, სოფიც მინებდა, ქმართანაც ისეთივე ბედნიერია და ისევე კვნესის, როგორც ჩემთან ერთად ბათუმში იწვოდა? ნეტა, მასაც ეუბნება „მიყვარხარ“, „ასე კარგად არასდროს ვყოფილვარო“? ამის გაფიქრებებზე ყურები დამიგუბდა, მწერები მასხდებიან და გოგირდის სუნი მაწუხებს, დრო გადის, ისინი არ ჩანან, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი?

მესმის პატრულის და სასწრაფოს ხმა, ეს დამატებით ილუზიებს წარმოშობს, რამე ხო არ მოხდა? ქმარმა რამე ხო არ გაიგო, ან სოფის ხომ არ წამოცდა, რომ ჩვენ ერთად ვიყავით, რომ ჩვენ ცეცხლით ვიწვოდით, და დანით ხომ არ დაჭრა? თუ შემოაკვდა? ზოგადად, ამ ბოლო დროინდელ საქართველოს ისტორიაში ხომ ეს თითქმის ყოველდღიურობად იქცა, ნიუსები ერთმანეთზე უფრო შემზარავ მეუღლეთა მკვლელობებს გვამცნობენ. სოფელ ამა და ამაში ქმარმა მოკლა ცოლი, ეჭვიანობის ნიადაგზე, თბილისში ამა და ამ ქუჩაზე ყოფილმა ქმარმა მოკლა ცოლი, აქა და აქ ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა, აქა და აქ მოღალატე ცოლს მიუსწრო ქმარმა და ა.შ. ჰო, ეს ყოველდღიურობაა, Google-შიც კი უკვე ადვილად ისერჩება, საკითხავია, რატომ ხდება ეს ასე გახშირებულად? გასაგებია, რომ ადრეც ხდებოდა და მომავალშიც იქნება, მაგრამ ასეთი სიხშირით? თანამედროვე საქართველოს ოჯახები ცუდად ხომ არ იგეგმება!? ნაჩქარევად?! როცა ყველა გაურბის პასუხისმგებლობებს. ვინაა დამნაშავე ამ მასიურ მკვლელობებში? ქალები? ქართველი ქალები მოღალატეები არიან ზოგადად? თუ კაცები? თუ კაცებს აქვთ ზემდეტი წარმოდგენები საკუთარ თავზე, ზედმეტად არიან დარწმუნებულნი საკუთარ სიძლიერეში და არ განიხილავენ საკუთარი თავის განვითარებას პარტნიორთან ურთიერთობაში? იქნებ მამაკაცები არიან ერთფეროვანნი და უმუღამო, სწორედ ამიტომ გარბიან ქართველი ქალები სხვა კაცებთან. და რატომ ღალატობენ? იმიტომ ხომ არა, რომ იძულებულნი არიან? საუბრით, დალაპარაკებით განშორება შეუძლებელია, ოჯახის დანგრევა ხომ საქვეყნოდ თავის მოჭრაა? შენ გინდა ისეთი ქალი, ვისაც არ უყვარხარ? შენ გინდა ისეთი პოტენციური ქალი, ვინც შეიძლება ნებისმეირ წამს გიღალატოს? თუ ამჩნევ, რომ რაღაც ისე ვერ არის, უნდა გამოიცვალო, უნდა მოუწყო ფეიერკვერკი, არასდროს არ უნდა დაუკარგო ახალგაზრდობის წყურვილი, არ უნდა შეაჩვიო რუტინას, რომელიც აბერებს და აუფერულებს მის ხელებს და ფეხებს.

მოკლედ, ვარ ამ ფიქრებში სასწრაფოს ხმაზე და მოვდივარ გონს, რომ აბსურდია, სოფის არაფერი სჭირს, ჩვენ ის ამბავი არ უნდა ვიყოთ, რაც ყოველდღიურ საქართველოს აწუხებს, და მაინც ყველა ქართველი ცოლი მოღალატეა? თუ ყველა ქართველი ქმარი უაზრო, უნიჭო და დასირებულია? თუ ხდებიან ასეთები? როგორ ახერხებთ ქართველო ქმრებო, რომ ასე მალე დაკარგოს ინტერესი თქვენს მიმართ თქვენმა ცოლმა? გამოდის, რომ მთელი საქართველო უბედურია? საქართველოს ეკონომიკაზე ხომ არ არის ეს ადამიანთა უბედურება რამენაირად მიბმული? სადღაც უნდა იყოს კავშირი, ეს უკვე ძალიან ღრმა თემაა, შევეჩვათ…

აბანოთუბანში უკვე ლამპიონები აინთო, ნელ-ნელა ბნელდება, ისინი კი არ ჩანან, საათნახევარი გავიდა მას მერე, რაც ისინი აქ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, საათ ნახევარი გავიდა მას მერე, რაც მე ჯერ სოფის მანქანა ვიპოვნე, მერე მისი ქმრისაც და მერე აქ ვზივარ ჩაჭყუნული დაბალი გუმბათების ქვეშ, მაქსიმალურად შეუმჩნევლად, რომ არ შემამჩნიონ. ვიხედები ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ, ძირითადად კი წინ, სადაც სოფის ნისან მარჩი დგას უძრავად. ისე ჩამობნელდა და ისე გავთამამდი, ფეხზეც კი წამოვდექი, გავიზმორე, ჩაჭყუნული ტანისამოსი გავისწორე, ისე დაბნელდა, რომ ახლოს თუ არ მოვიდნენ, ნამდვილად ვერ დამინახავენ. ვაგრძელებ ყურებას და ახლა ჩვენს ბათუმში ყოფნაზე ვფიქრობ.

ეს იყო ბათუმში…

ერთხელ ბათუმში გავიპარეთ მე და სოფი. ბათუმში რომ ჩავედით, მგზავრობისგან დაღლილები და გატანჯულები კაფე–ბარში შევვარდით, საბაგიროებთან რომაა ქალაქის შემოსასვლელში იქ, ხინკალი შევუკვეთეთ და წვენები. ჩემი ბრიჯიტა, ბრიჯიტინია მიღიმის და თვალებს მიბრჭყვიალებს. მის თვალებში ვკითხულობ უიშვიათეს “მე მჯერა”–ს და მეც გულში ვეუბნები, “მეც მჯერა”. მე და სოფი ერთმანეთის ყურებით და გასაუბრებით ვტკბებით, დაღლილები ვართ თან და უცბად ჩვენი მაგიდის წინ ოთხი კაცი მოდის და დოლ-გარმონთან სხდებიან, იწყებენ ქართულ პროვინციულ მუსიკებს, უნდა ნახოთ როგორ ვიცინით, ვკვდებით სიცილით, ეს გვინდოდა ახლა? ჯერ მარშუტკაში დაღლილი მგზავრობა „თბილისი-ბათუმი“, მერე შეკვეთილი საჭმელი იგვიანებს, და ახლა ბოლო ხმაზე გამაყრუებლად ისმის სოფლური ჰანგები “მოკლე კაბა რომ ჩაგიიიცვააამს” და ა.შ. ვდგებით სიცილ ხარხარით და გარეთ გავდივართ, გარეთ ზღვის თბილი ნიავი უბერავს და მალე ხინკლებიც მოაქვთ, გემრიელად მივირთმევთ და ამასობაში წვიმას იწყებს, მალე ვრჩებით ჭამას და წვიმაში გავრბივართ. წვიმაში გვისველდება თმა, ცოტა ვილუმპებით, სოფი ულამაზესი ხდება, უბედნიერესი, იღიმის, უხარია, ვაჭდობ ხელებს და ვიხუტებ, ფისოსავით წკმუტუნებს, მერე კი გავრბივართ წვიმაში, ბათუმის წვიმაში მივრბივართ ორნი, სასიყვარულო მელოდრამების სცენებია, მიადევნეთ თვალი, ორი შეშლილი რომანტიკოსი გარბის საზღვაო ქალაქში, მეოცნებენი არიან, სველდებიან, ილუმპებიან, ერთმანეთს ეხვევიან, ყველა მათ შესცქერის, დრო მოვა და მათ ამ სირბილს წვიმიან ბათუმში მინი ქანდაკებას მიუძღვნიან და დაარქმევენ “სიყვარული წვიმაში”.

სასტუმროს ძლივს მივაგენით, თუმცა შიგნით ოთახი ძალიან ფეშენებელური და კომფორტული დაგვიხვდა. ღვინო ძლივს გავხსენი, დანით ჩავაგდე საცობი ბოთლში და ისე დავასხი ჭიქებში. ღვინო მოუხდა გარემოს, სასტუმროს ნომერიც მაქსიმალურად გვიწყობს ხელს, ყველაზე მთავარი კი სოფის სილამაზეა, წვიმისგან დასველებული ოდნავ შემშრალი თმა, დაბუშტუკებული ტუჩები, გაბრუებული თვალები და მოდებილო სახე, მისი ნაზი და პატარა ხელები, და მისი დაფეხვილი ფეხის თითები, მოდის და პატარა ვეფხვივით საწოლზე წამაპირქვავებს, ზევიდან მოექცევა და თავს სახესთან მილამუნებს, ვნებით და თბილი ჰაერის ორთქლით მკოცნის, მკოცნის მორიდებულად, ვხდი ლამაზ ზედას, ვიხდი შარვალსაც, ყვავილებიანი პრინტის ტრუსიკი აცვია, მე კი ვარსკვლავებიანი H&M–ის ტრუსიკი, ორივე შიშვლები ვართ, სასტუმროს ნომერში ოდნავ დაბურული შუქების ფონზე ჩვენი სხეულები ერთმანეთს ეკვრიან, ორი ახალგაზრდა სხეული, ორი ერთმანეთის შესაფერისი, ერთი ერთში რომ ჯდება ისეთი სხეულებია, ბიჭი ოდნავ მაღალი, გოგო კი ოდნავ დაბალი, კანი თეთრი და ხორბლისფერი, გრძელთმიანი და მოკლეთმიანი. ვჩურჩულებთ: „ჩემო მწვანეთვალება ბიჭო, მიყვარხარ“ „ბრიჯიტ, ჩემო საოცრება, ბრიჯიტინია.“  ჩვენი სიყვარული განსხეულდა და ახლა ჩვენს პენისსა და საშოს შორის ფეთქავს, ისინი კი ერთმანეთში ყვინთაობენ…

ეს იყო ბათუმში

ახლა კი ისევ აბანოთუბანში დავბრუნდეთ, ვუყურებ მანქანას, ვუთვალთვალებ როდის გამოჩნდებიან სოფი და მისი ქმარი.  და აი, აი ისინიც, მგონი ეს სოფია, მანქანასთან ახლოს მიდის და უჩინარდება. მე იმდენად უშიშრად ვგრძნობ თავს, და იმდენად გავთამამდი, დავაწექი და მანქანასთან მივდივარ, მანქანაში არავინ არ ზის, მიმოვიხედები და ვინც სოფი მეგონა, სულ სხვა ვიღაცაა, სულ სხვა ბიჭთან ერთად, ვუბრუნდები ჩემს სათვალთვალო აბანოთუბნის გუმბათს და ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო რომ დავინახავ, რას გავაკეთებ, რისი შემძლე ვარ? არა, არ მინდა სოფის იმედები გავუცრუო და ისე წარმოვჩინდე, რომ გამოვეკიდე, რომ ისტერიულად მინდა მასთან, და რომ არ შემიძლია მის გარეშე, არადა მე მართლა არ შემიძლია იმ სიყვარულის გარეშე, რომელიც მან მისახსოვრა, იმ ჩვენი პატარა ბავშვის სახელით რამდენი რამის ამტანი ვარ თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ. ამ ყველაფერს კი სიყვარულის სახელით ვაკეთებდით ჩვენ, აბა მხოლოდ სექსის სახელით ვირებმა ქნან ასეთები… ვუბრუნდები დაბალ გუმბათებს და ისევ აბანოებიდან გავცქერი მანქანას.

ვფიქრობ იმასაც, რომ არ გამოჩდნენ და დღეს სასტუმროში დარჩნენ სადმე, სოფის დამფრთხალმა და ძლივს გონსმოსულმა ქმარმა ლამაზ ძვირადღირებულ სასტუმროს ლუქსში რომ აიყვანოს ჩემი ბრიჯიტა, ჩემი დაბუშტუკებული, ჩემი ლამაზი გოგონა, გოგონა, ვის გამოც უფრო მეტად ვირწმუნე სიყვარულის, ბრიჯიტინია… გოგონა, რომელმაც რამდენიმე საათის წინ არიოლი–რეშკაზე დამდო, გამოვა ქმართან ცხოვრების ახლიდან დაწყება, პაკა, თუ არ გამოვა და ისევ შენთან გამოვიქცევიო. ახლა რომ ვუფიქრდები, ქართველი მამაკაცების 90 პროცენტს გაუსწორდებოდა. მეტყოდნენ „ქალი გყავს შეირგე რა, ხო ტყნაურობ მაინც, რა სიყვარულობანა აგივარდა? შენთან უნდა და გაძლევს ხოლმე? მერეც მოგცემს, შენ კიდე მისი ცოლად მოყვანა გინდა? შენ კიდე მისი ბავშვის შვილებაც გინდა?“ მე კი, მე კი ასეთი არ ვარ. მე კი განვსხვავდები ასეთი მამაკაცებისგან, მე მოღალატეც არ ვარ, მე ისეთი შეგრძნება მაქვს, პირიქით მე მღალატობენ, პირიქით ჩემს სიყვარულს, ჩვენს სიყვარულს ღალატობენ…

და გადავწყვიტე სოფის მანქანასთან მივირბინო და სარკესთან რამე დავუწერო, მიხვდეს რომ მე აქ ვარ სადღაც ახლოს. მის მანქანასთან მივირბინე, თან იქით-აქეთ ვიხედები, არ გამოჩდნენ მეშინია, სოფიმ არ დამინახოს, რომ მე მას გამოვეკიდე და სახლში კი არ წავედი, არამედ ჩემსას ვცდილობ, რაღაცას ვხლაფორთობ, არადა რეალურად დებილობებს ვშვრები, ტურისტები ისევ დადიან, ლამპიონები ანათებს, საიდანღაც ისმის ანდრია ბოჩელის სიმღერა, „ძველი თბილისი“ ფეთქავს და ორომტრიალშია, და  მე მიამიტურად, ისევ გულანთებული, სოფის მანქანის მტვრიან მინაზე ჩემი საჩვენებელი თითით ვაწერ “სოფი მიყვარხარ”

ამასობაში რაღაც გაიჭყლუპუნებს, მანქანის პულტია, ჩემს წინ მანქანის ფარები სტაფილოსფრად ინთება, ვტრიალდები და ვშეშდდები, ჩემს წინ დგანან ისინი, სოფი და მისი ქმარი ჩუმი, გაოცებული სახეებით.

ახლა???

პ.ს. თქვენ არ იცით ასეთი სცენები ღმერთს როგორ ევასება…

© არილი

Facebook Comments Box