კრიტიკა

ნიკოლოზ აგლაძე – პლაგიატის ბუნდოვანი ზღვარი

ორი ტექსტისა და ერთი კონკურსის ჟიურის შესახებ

საკითხი, თუ სად გადის ზღვარი, ერთი მხრივ, პლაგიატს და, მეორე მხრივ, ნასესხობასა თუ სხვა მომიჯნავე, თუმცა ნაკლებად „კრიმინალურ“ მოვლენას შორის, ძალიან მნიშვნელოვანი, აქტუალური და, რიგ შემთხვევაში, ძალიან პრობლემურია. ერთი მხრივ, სირთულეს ქმნის „ლიტერატურის წარმოება“ კონვეიერული მეთოდით, რომელიც ერთსა და იმავე მატრიცებზე დაფუძნებულ, ერთი ყალიბით შექმნილი ტექსტების სიმრავლეს განაპირობებს. ამასთან, თანამედროვეობაში, როდესაც ინფორმაციის წყაროები მრავალგვარია და, შესაბამისად, იდეების ნაკადი ძნელად მოსახელთებელი გახდა, პოსტმოდერნის ეპოქამ კი ციტირება და კომპილაცია სრულიად ახლებურად გაიაზრა, ყოველი კონკრეტული მსგავსება ორ ლიტერატურულ ტექსტს შორის დაწვრილებით კვლევას საჭიროებს, სანამ რაიმე ბრალდებაზე მიდგება საქმე.

პლაგიატის ფაქტის დადგენა, როგორც ცნობილია, სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. იდეათა თანხვედრის, ტექსტის, ან მისი ნაწილის მითვისების, პერიფრაზირებისა თუ სახეცვლის ყოველი კონკრეტული შემთხვევა ცალკე განხილვის საგნად იქცევა და განაჩენიც კონკრეტული ორგანოს გადაწყვეტილებით დგება. მაგრამ ასეთ შემთხვევებში სასამართლო იძულებულია მოისმინოს მოსაზრებათა დიდი რაოდენობა და მათ საფუძველზე გადაწყვიტოს საკითხი. ზოგადი განსაზღვრება არსებობს, მაგრამ სავარაუდო პლაგიატის (მოვიაზროთ ამ ნაკლოვანი ტერმინის ქვეშ ტექსტთა ურთიერთდამოკიდებულების ყველა მომიჯნავე ვარიანტი) შემთხვევები იმდენად ინდივიდუალური და მრავალფეროვანია, რომ ყოველი მათგანისათვის, როგორც წესი, ცალკე დასადგენია საკითხთა მთელი წრე: არის კი რაიმე მიმართება განსახილველ ტექსტებს შორის? რა ხარისხისაა ის? გვაძლევს კი დამთხვევათა სიხშირე და სპეციფიკა საშუალებას დავაყენოთ საკითხი სხვისი ნაშრომის, ან მისი ნაწილის მიზანმიმართული, გააზრებული მითვისების შესახებ? არსებობს პირთა წრე (ლიტერატორები, ენათმეცნიერები) რომლებიც ასეთ შემთხვევებში შემფასებელთა სახით მოიწვევიან; არსებობს, ბოლოს და ბოლოს, კომპიუტერული პროგრამები, რომელთა მიზანი არის პირდაპირი პლაგიატის დადგენა და პროცესისათვის მეტი ობიექტურობის შეძენა. და მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით ისეთი შემთხვევა, როდესაც საქმე არა მექანიკურ კოპირებას, არამედ ინტელექტუალური შრომის ნაყოფის მითვისების სხვა, უფრო რთულ ფორმებს ეხება, პრობლემურია, ინდივიდუალური და სპეციფიკურ განსჯას საჭიროებს.

რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში არ მაქვს სასამართლოს ფუნქციების მითვისების პრეტენზია. უბრალოდ, 2018 წლის დასაწყისში ჩემ ხელში აღმოჩნდა ორი ტექსტი, რომელთა შორის ურთიერთმიმართების ხარისხის დადგენა და შესაძლო პლაგიატის ფაქტთან დაკავშირებით კერძო მოსაზრების გამოთქმა აუცილებლად მიმაჩნია. მოხდა ისე, რომ ექსპერტიზის დამოუკიდებელმა ბიურომ მომმართა თხოვნით შემედარებინა ორი ხსენებული რომანი. შედეგები, ვფიქრობ, იმდენად საინტერესო და დამაფიქრებელი გამოვიდა, რომ მათი ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა მიზანშეწონილად ჩავთვლე. მეჩვენება, რომ ისინი არასტანდარტულ, რთულ და საინტერესო შემთხვევას შეეხება, რომელიც პრობლემის კომპლექსურად განხილვის საშუალებას მოგვცემს.

მაშ ასე, საქმის ფაქტობრივი მხარე მოკლედ ასე შეიძლება გადმოვცეთ. 2017 წელს გამომცემლობა „პალიტრა L”-მა ჩაატარა მასშტაბური ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“, რომლის გამარჯვებულთა შორის (სულ ამ სტატუსის მქონე ტექსტი ხუთია) არის რომანი სახელწოდებით „სხვა უდაბნოს საიდუმლო“. აღნიშნული ნაწარმოების (კონკურსის დროს მას „უზრიული ღაზალი“ ერქვა და წიგნად გამოცემისას შეიცვალა სახელი) ავტორი, ქალბატონი ია კარგარეთელი, რადიოინტერვიუში აცხადებს, რომ რომანზე მუშაობა კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ დაიწყო, ანუ „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ 2017 წელს დაწერილი და ამავე წელს, როგორც კონკურში გამარჯვებული ნაწარმოები, დასტამბული ტექსტია. 2011 – 2015 წლებში კი ლიტერატურულ ინტერნეტ-პორტალზე urakparaki.com ეტაპობრივად ქვეყნდებოდა ნაწარმოები სახელწოდებით „ბედუინი“. ტექსტი ინტერნეტგამოცემის კვალობაზე საკმაო პოპულარობით სარგებლობდა (თითოულ თავს მრავალი ათეული მოწონება თუ კომენტარი ერგო წილად). მისი ნაწილები ორჯერ რადიოეთერშიც იყო წაკითხული:  2017 წლის 12 და 15 ივლისს, „საზოგადოებრივი რადიოს“ ეთერში. გარდა ამისა, მაშინ გამომავალი და შემდეგ დახურული ჟურნალის, „ლიტერატრული პალიტრის“ რედაქტორმა, ბატონმა ზაალ ჩხეიძემ, როგორც მაცნობა ზემოთ ხსენებულმა საექსპერტო ორგანიზაციამ, ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო ტექსტის რამდენიმე საწყისი თავი, გამოცემაში სავარაუდო პუბლიკაციისათვის. ეს ფაქტი იმდენად არის საინტერესო და ცალკე აღნიშვნის ღირსი, რამდენადაც 2017 წელს ჩატარებული კონკურსის “გახდი ბესტსელერის ავტორის“ ჟიურის ერთ-ერთი წევრი სწორედ ზაალ ჩხეიძე იყო. ამასთან, „სხვა უდაბნოს საიდუმლოს“ წიგნად გამოცემულ ვარიანტს, რომანის მენტორ გიორგი კეკელიძისა და გარეკანის დიზაინერის, ქალბატონი ქეთი მატაბელის შეფასებებთან ერთად, მისი უაღრესად დადებითი რეცენზიაც უძღვის წინ.

საექსპერტო ორგანიზაცია მთხოვდა, ყურადღება მიმექცია ტექსტებს შორის ფაბულისა და ზოგჯერ სიუჟეტის დონეზე არსებული მსგავსებებისათვის. მათი კლიენტი, რომან „ბედუინის“ ავტორი თვლის, რომ „სხვა უდაბნოს საიდუმლო“-ს შექმნისას ქალბატონი ია კარგარეთელი ერთ-ერთ წყაროდ სწორედ მის ნაწარმოებს იყენებდა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ პირველადი შემოწმების შედეგად რომანებს შორის პირდაპირი, ე.წ. copy-paste ტიპის პლაგიატზე საუბარი არ შეიძლება იყოს. კარგი იქნებოდა, ჩატარებულიყო კომპიუტერული ექსპერტიზა ამ საკითხის საბოლოოდ გადასაჭრელად, მაგრამ ამის გარეშეც, ალბათობის მაღალი ხარისხით უნდა ითქვას, რომ ტექსტის, ან მისი ნაწილების პირდაპირ „გადაწერასთან“ საქმე არ გვაქვს. მეტიც, მართალია, რომანებს შორის არსებობს გარკვეული მსგავსებები, მაგრამ ამავე დროს, სახეზეა არსებითი განსხვავებებიც. სწორედ ამ გარემოებამ მომცა უფლება ვივარაუდო, რომ კერძო დავის შემთხვევა საინტერესო უნდა ყოფილიყო ფართო საზოგადოებისათვისაც.  შესაბამისად, რაკი პირდაპირ პლაგიატთან საქმე არ გვაქვს, უპრიანად მიმაჩნია აღვნუსხო ტექსტებს შორის არსებული პარალელები, საკუთარი მოსაზრება გამოვთქვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საშუალება მკითხველს დავუტოვო.

მოკლედ მიმოვიხილოთ ორი რომანის ფორმალური მახასიათებლები. დავიწყოთ ქრონოლოგიურად: ნეფერტარის „ბედუინი“ საკამოდ დიდი მოცულობის ნაწარმოებია, ტექსტი პროგრამა Microsoft Word-ში 10-იანი ფონტით ნაბეჭდი 324  თაბახისაგან შედგება. ის კარგად არის სტრუქტურირებული, დაყოფილია რომაული ციფრებით დანომრილ თავებად, რომელთაგან თითოეულს აქვს სათაური და ეპიგრაფის სახით ქართველი ან უცხოელი ავტორის ნაწარმოებიდან მცირე ამონარიდი უძღვის წინ. მეორე ტექსტი, ია კარგარეთელის „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ შედარებით მცირე მოცულობისაა, რომანი  სტანდარტული ფორმატის წიგნის 286 გვერდს იკავებს. ტექსტი ასევე სტრუქრურირებულია, ოღონდ ნაწილები არათანაბარი მოცულობისაა, დანომრილი არ არის, უსათაუროა და მათ უმრავლესობას ასევე უძღვის ეპიგრაფი.

დავიწყოთ რომანების ფაბულით. ორივე რომანის ფაბულა ერთი ფრაზით შეიძლება გადმოიცეს: „ახალგაზრდა ქართველი გოგონა ჩადის ეგვიპტეში, უყვარდება ბედუინი და დიდი თავგადასავლების შემდეგ მას ცოლად მიჰყვება“.

მიუხედავად ფაბულის, ერთი შეხედვით, სრული დამთხვევისა, საქმე ბევრად უფრო რთულად და ჩახლართულადაა სიუჟეტის დონეზე. პრობლემა ის გახლავთ, რომ  ნეფერტარის „ბედუინი“ ზემოთ მოტანილი სქემის ფარგლებში დაწერილი სათავგადასავლო რომანია, მისტიკური და რომანტიკული ელემენტებით, მაშინ როდესაც „სხვა უდაბნოს საუდუმლო“ ცალსახა მელოდრამაა, ე.წ. „ქალური“ რომანი, რომელშიც თავგადასავლები, ფათერაკები მხოლოდ ძირითადი რომანტიკული ისტორიის ფონის როლს ასრულებს. სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული განსახილველ ტექსტებს შორის არსებული მრავალი განსხვავება.

ნეფერტარის „ბედუინის“ მთავარი გმირი გოგონა, ნინა კაიროში ჩადის. საჰარის ნახვის სურვილით შეპყრობილი, ის ექსკურსიაზე მიდის, რომელიც ადამიანების ორგანოებით მოვაჭრე გამტაცებლების მიერ აღმოჩნდება ორგანიზებული. გმირი შემთხვევით ზედმეტ ინფორმაციას გაიგებს, რის გამოც ერთ-ერთი მთავარი ანტაგონისტი, პოლონელი ექიმი გადაწყვეტს, ის მოკლას: პარაპლანით ფრენას შესთავაზებს, დაჯდომისას კი ჰაერში მყოფს პისტოლეტით დაჭრის. ჩამოვარდნილი ნინა ჭრილობას დაიმუშავებს და გზად დამდგარი უდაბნოში იპოვის და გადაარჩენს მომაკვდავ ბედუინ ალ-კაბირს (რომლის მოკვლაც ასევე პოლონელმა ექიმმა სცადა). ამის შემდეგ იწყება ტრანსსაჰარული რბოლა, რომელშიც ნინა და ალ-კაბირი ხან ერთად, ხანაც ცალ-ცალკე გაურბიან მდევრებს, ხვდებიან ტუარეგების ტომში, გაივლიან მრავალ ფათერაკს, ბოლოს კი, ჟანრის კანონის თანახმად, გადარჩებიან და შეუღლდებიან.

ია კარგარეთელის „სხვა უდაბნოს საუდუმლოს“ მთავარი გმირი ეგვიპტეში დასასვენებლად მიემგზავრება, იქ დაესწრება პირამიდებთან გამართულ კონცერტს, რომლის დროსაც მას უცნობი ბედუინი დაინახავს, ერთი ნახვით შეუყვარდება და ცოტა ხანში მოიტაცებს კიდეც. მთელი შემდგომი მოქმედება მეტ წილად რომანტიკულ ხასიათს ატარებს, ერთგვარი love story-ა. შეიყვარებს თუ არა ქართველი გოგო თამთა თავის საბედოს? ხომ არ შეუშლის მათ სიყვარულს ხელს მტრების მიერ დაგებული ხაფანგები? გადარჩება კი მტრების მიერ გატაცებული თამთა და შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს შეყვარებულები? აი, იმ ძირითად საკითხთა ჩამონათვალი, რომლებსაც პასუხს სცემს ია კარგარეთელი. რასაკვირველია, თავგადასავლების რაოდენობა „სხვა უდაბნოს საიდუმლოში“ შედარებით მცირე, ხოლო აქცენტი მაინც უფრო რომანტიკულ-მელოდრამატულ ხაზზეა გადატანილი. შესაბამისად, იდენტურ ფაბულაზე შექმნილი ნაწარმოები ნეფერტარის „ბედუინისაგან“ საკმაოდ განსხვავებული გამოდის და ჩნდება ეჭვი, ხომ არ გვაქვს საქმე ფაბულის დამთხვევასთან. მართლაც, რამდენადაა შესაძლებელი გააზრებულ „ნასესხობაზე“ საუბარი და რამდენადაა შესაძლებელი ია კარგარეთელის მიმართ რაიმე ბრალდების წაყენება? იმისათვის, რომ ამ საკითხს შეძლებისდაგვარად პასუხი გავცეთ, აუცილებლად მიმაჩნია ტექსტების სხვა შრეებისა და კონკრეტული დეტალების შედარება.

ენობრივი თვალსაზრისით, „ბედუინი“ და „სხვა უდაბნოს საიდუმლოება“ ერთდროულად გარკვეული ასპექტებით ჰგავს ერთმანეთს და თანაც განსხვავდება. საქმე ისაა, რომ ორივე ავტორი, რაც ბუნებრივია, ცდილობს პერსონაჟების, განსაკუთრებით „აღმოსავლელთა“ ენა სპეციფიკური, სახასიათო გახადოს. ასევე, გარემოს შესაქმნელად, ორივე ავტორი შედარებათა, მეტონიმიათა და მეტაფორათა მოჭარბებულ რაოდენობას იყენებს. ეს რომანთა შორის არსებული მსგავსებაა. ამასთან, „ბედუინი“ ლექსიკურად ბევრად ზუსტია, მოქმედებები და გარემო ბევრად ამომწურავადაა აღწერილი. რაკი რომანში სათავგადასავლო ნაწილი მეტად მნიშვნელობს, ტექნიკურ საშუალებათა, ბუნებრივ მოვლენათა თუ ბრძოლის სცენების აღწერას ავტორი ძალიან გულმოდგინედ, ზოგჯერ, ზედმეტი სკრუპულოზურობითაც კი ეკიდება. აღმოსავლური სამყაროს წარმოსაჩენად მრავალგზისაა გამოყენებული პერსონაჟების არაბულად ამეტყველების პრაქტიკა. თავის მხრივ, ბევრად ზედაპირული და არაზუსტია „სხვა უდაბნოს საიდუმლოს“ ავტორი. თხრობის ტემპი აქ არითმულია, სასიყვარულო სცენები და დიალოგები გვერდებზეა გადაჭიმული, კონკრეტული ხდომილებები კი ძალიან ზერელედ, არადამაჯერებლადაა აღწერილი. ამასთან, უამრავია ლექსიკური უზუსტობა. მაგალითისათვის, ქვიშის ბარხანებს ავტორი მეტაფორულად „ატლასის მთებს“ უწოდებს, რაც აშკარა ენობრივი ლაფსუსია, რადგან ატლასის მთები ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე მთის მასივია და ამგვარი მეტაფორის გამოყენება არასაჭირო ორაზროვნებასა და მკითხველის დაბნევას იწვევს.

ზოგადი მიმოხილვის შემდეგ, აუცილებლად მიმაჩნია მკითხველის ყურადღება შევაჩერო იმ მრავალ დეტალზე, რომელიც, ჩემი აზრით, ნიშანდობლივია ორი წინამდებარე ტექსტის შედარებისას. პარალელთა დიდი რაოდენობა და მათი ხასიათი მაიძულებს თითოეული ცალ-ცალკე განვიხილო, რათა ტექსტთა თანაფარდობის სრული და ამომწურავი სურათი წარმოვიდგინოთ.

1) პერსონაჟები

ორი რომანის შედარებისას ყველაზე თვალშისაცემია მსგავსება ორ მთავარ გმირს შორის: ახალგაზრდა, ლამაზი, ჭკვიანი, „განსაკუთრებული“, წარმოშობით ქართველი გოგო – ეს პასაჟი როგორც „ბედუინის“ ნინას, ასევე „სხვა უდაბნოს საიდუმლოს“ თამთას ზუსტ დახასიათებად შეიძლება გამოდგეს. ორივეს სატრფო, ასევე უნაკლო გარეგნობის მქონე ბედუინია. მართალია, „ბედუინის“ მთავარი გმირი მამაკაცი, ალ-კაბირი სინამდვილეში არა უდაბნოს შვილი, არამედ მალის იმპერიის მმართველთა შთამომავალი და, ამდენად, სამეფო სისხლის მატარებელია, მაგრამ მას არც „სხვა უდაბნოს საიდუმლოს“ პერსონაჟი, იუსუფ რაშიდი ჩამორჩება, რომლის ძარღვებში ასევე ცისფერი სისხლი ჩქეფს: ის ბედუინთა სახელგანთქმული და ლეგენდარული ტომის ბელადია. ასე, რომ მსგავსება აქაც, პრაქტიკულად, სრულია.

ცალკე აღნიშვნის ღირსია პერსონაჟის სახასიათო ნიშანი, რომელიც თითქმის იდენტურია ორივე რომანში. ნეფერტარის რომანის გმირის, ალ-კაბირის ყველაზე დასამახსოვრებელი გარეგნული ნიშანი მისი მწვანე თვალებია, რომლებიც მრავალი შედარებითა და მეტაფორითაა აღწერილი რომანში. ჰოი, საოცრებავ, ხდება დამთხვევა და ია კარგარეთელის რომანის მთავარი გმირი, იუსუფ რაშიდიც განსაკუთრებული თვალების მქონეა. მისი ეს ატრიბუტი ასევე მრავალჯერ ნახსენები და აღწერილია. ოღონდ, განსხვავებით ალ-კაბირისაგან, მას  ნაცრისფერი თვალები აქვს. რასაკვირველია, ფორმალური განსხვავება სახეზეა, მაგრამ, ჩემი აზრით, ფერის განსხვავება არასაკმარისია, რადგან პერსონაჟები იდენტური მეთოდით არიან დახატული და მხოლოდ, ფიგურალურად რომ ვთქვათ,  სხვადასხვა ფერის ფანქრით გაფერადებული.

პერსონაჟების მსგავსებაზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ერთ-ერთ მთავარ ანტაგონისტს, რომლის როლშიც ორივე რომანში ცბიერი, ვერაგი და მთავარ გმირ ბედუინზე შეყვარებული ქალი გვევლინება. ნეფერტარის რომანში ეს არის ტუარეგების დედოფალი, ამენოკალია სახელად ჰილალე, რომელსაც მრავალი წელია უყვარს ალ-კაბირი და ამიტომ მტრად ეკიდება პროტაგონისტ გოგოს. „სხვა უდაბნოს საიდუმლოში“ ამ როლს იუსუფ რაშიდის დობილი, ელჰამი ასრულებს. მართალია, ის დედოფალი არ არის, მაგრამ რაღაც საოცარი, არაამქვეყნიური დამთხვევით, ტუარეგების მონის შვილია, რომელიც ბევრი წლის წინ იუსუფ რაშიდის მშობლებმა იშვილეს. ტუარეგების თემა „ბედუინში“ მნიშვნელოვან, ფუნქციურ როლს ასრულებს, ხოლო ია კარგარეთელის რომანში არანაირი დატვირთვა არ აქვს. გოგონა ნებისმიერ სხვა ხალხთან რომ ყოფილიყო დაკავშირებული, არსებითად არაფერი შეიცვლებოდა. ამდენად, მგონია, რომ ეს დამთხვევა ნიშანდობლივად უნდა ჩაითვალოს.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟი, რომელიც ორივე რომანში არსებობს და სხვადასხვა, მაგრამ აშკარად გამოკვეთილი ფუნქციური, თუ ესთეტიკური დატვირთვა აქვს, არის მთავარი გმირის, ბედუინის, ცხენი. რასაკვირვლია, ცხენი და აქლემი ბედუინის განუყოფელი ატრიბუტებია და ეს დამთხვევა შემთხვევითი, გარემოს შესაბამისი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამავე დროს, ინტერესს არ არის მოკლებული ფაქტი, რომ როგორც „ბედუინში“, ასევე „სხვა უდაბნოს საიდუმლოში“ მთავარი გმირის ცხენი შავი არაბული ულაყია. მეტიც, ნეფერტარის რომანში ცხოველს ჯადარი ჰქვია, ხოლო ია კარგარეთელის ნაწარმოებში ჯაფარი. უნდა ითქვას, პირველ ტექსტში ცხენი ბევრად მნიშვნელოვანი პერსონაჟია და დიდ როლს ასრულებს, ხოლო მეორეში შედარებით ეპიზოდურია და მხოლოდ რამდენიმე სცენაშია ფუნქციურად მნიშვნელოვანი. მიუხედავად ამისა, პარალელიზმი სახეზეა, რასაც ამძაფრებს ფაქტი, რომ „სხვა უდაბნოს საიდუმლოს“ ავტორი არაერთხელ შეგვახსენებს ცხენის არსებობას, მის მშვენიერებას. არის ეპიზოდი, სადაც მთავარი გმირი ქალი – თამთა თითქმის ორი საათის განმავლობაში შეუჩერებლივ მიაჭენებს ბედუინის რაშს, ჯაფარს და შიშით გაჰყურებს არემარეს (გვ. 60). მსგავსი ეპიზოდი „ბედუინისათვის“ აბსოლუტურად ჩვეულებრივია და მისი მთავარი გმირი ნინა რომანის ლამის მესამედს სწორედ ამ მდგომარეობაში ატარებს. შესაბამისად, პარალელიზმი პერსონაჟ ცხენებს შორის, ასევე, საკმაოდ აშკარად მეჩვენება.

ძალიან ჰგავს ერთმანეთს ასევე მთავარი გმირი ქალების ოჯახები. სახელდობრ, ორივე რომანში ნინას/თამთას ჰყავთ თითო დედმამიშვილი – ძმა. მართალია, ისინი დიდად არ მონაწილეობენ მოქმედებაში, მაგრამ ორივე რომანში ეძებენ თავიანთ ეგვიპტეში დაკარგულ დებს („სხვა უდაბნოს საიდუმლოში“ ძებნის პროცესი შედარებით დაწვრილებითაა აღწერილი, ხოლო „ბედუინში“ ეს მხოლოდ ნახსენებია). მეტიც, ორივე რომანში სწორედ ძმები გვევლინებიან იმ ადამიანებად, ვინც დაუძლურებულ და ნატანჯ დებს მიაკითხავენ – „ბედუინში“ ვერტმფრენით, ხოლო „სხვა უდაბნოს საიდუმლოში“ მანქანით – და კაიროში საავადმყოფოში წაიყვანენ.

2) სიუჟეტის ცალკეული ელემენტები

როგორც ზემოთ აღინიშნა, ფაბულის მსგავსების მიუხედავად, განსახილველი რომანების სიუჟეტური მონახაზი ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდება, მაგრამ საერთო განსხვავებულობასთან ერთად არსებობს რამდენიმე, ჩემი აზრით, ნიშანდობლივი მსგავავსება, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ.

პირველ რიგში ორივე რომანის სასიყვარულო, რომანტიკული თემის ცენტრში მოქცეული არის  ორი ქალისა და ერთი კაცისაგან შემდგარი დეფორმირებული სასიყვარულო სამკუთხედი. სქემატურად რომ აღვწეროთ: პროტაგონისტ მამაკაცს უყვარს მთავარი გმირი ქალი, ხოლო ეს მამაკაცი, თავის მხრივ, უყვარს სხვა ქალს, რომლის მიმართაც კაცი გულგრილია. ნეფერტარის ტექსტში ალ-კაბირს უყვარს ნინა; ხოლო ტუარეგების ამენოკალია ჰილალეს უყვარს ალ-კაბირი. „სხვა უდაბნოს საიდუმლოში“ იუსუფ რაშიდი მიჯნურდება თამთაზე, ხოლო ელჰამი მრავალი წელია, რაც უიმედოდ არის შეყვარებული იუსუფ რაშიდზე. ორივე რომანში სამკუთხედიდან „გარიყული“ ქალები (ჰილალე, ელჰამი), მართალია სხვადასხვა გზით, მაგრამ მთავარი გმირის (ნინა, თამთა) მოკვლას ცდილობენ. ასევე, ისინი უკავშირდებიან პროტაგონისტი ბედუინის მტრებს („ბედუინში“ ეს პოლონელი ექიმი მილოში და მისი დაქირავებული მკვლელები არიან, „სხვა უდაბნოს საიდუმლოში“ კი იუსუფ რაშიდის სიკვდილის მოსურნენი, სხვა ბედუინური ტომის წარმომადგენლები). შესაბამისად, მეთოდებისა და დეტალების განსხვავების მიუხედავად, საერთო ქარგის გარკვეული თანხვედრა შესამჩნევია.

მეორე მნიშვნელოვანი სიუჟეტური დამთხვევა რომანების ფინალთან არის დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ ორივე რომანში მთავარი გმირი ქალის გადარჩენისა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მასა და ბედუინს შორის კავშირი გარკვეული ხნით წყდება. ნეფერტარის რომანში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალ-კაბირი ექსპედიციაში იკარგება და ხუთი წლის განმავლობაში მის შესახებ არ არის არანაირი ცნობა. ხოლო ია კარგარეთელის ნაწარმოებში იუსუფ რაშიდი უდაბნოში მიდის სახეტიალოდ, ორი წელი არანაირი კავშირი არ აქვს თამთასთან და ტელევიზიით მიღებული ინფორმაციის წყალობით გოგოს ის დაღუპული ჰგონია. ამის შემდეგ, გარკვეული იდუმალი გზით (პირველ რომანში ეს მინიშნებათა სერიაა, რომელსაც ნინა ხსნის, მეორეში – არარსებული გამომცემლის მისტიკური მოპატიჟება) ქალები ხვდებიან თავიანთ სატრფოებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე (ესპანეთის კუთვნილ კუნძულზე / ბურჯ ხალიფას 140-ე სართულზე) და ყველაფერი ჰეპი ენდით სრულდება. საინტერესოა, რომ საკუთარი სიკვდილის იმიტაცია ორივე მთავარ პერსონაჟს იმისთვის სჭირდება, რომ მტრებს თავგზა აუბნიოს და სატრფოს უსაფრთხოება მეტად იყოს უზრუნველყოფილი. ორივე ქალი ამ იძულებითი განშორების დროს, რასაკვირველია, უხასიათოდაა და იტანჯება (საინტერესოა, რომ ორივე რომანში დეპრესია რაღაც ეტაპზე დუმილით, კონტაქტზე უარით გამოიხატება). მართალია, აქაც დეტალები საკმაოდ განსხვავებულია, სამაგიეროდ, სიუჟეტური სვლა და პერსონაჟთა მოტივაცია – ძალიან მსგავსი, შეიძლება ითქვას, ორივე შემთხვევაში ერთი სქემის მიხედვითაა აგებული: გმირის გადარჩენა – ნათესავებთან დაბრუნება – დარდი და ლოდინი – საოცარი შეხვედრა.

 3) მოტივები და დეტალები

რომანებს შორის მსგავსებათა მესამე კატეგორიაში საჭიროდ ჩავთვალე გამეერთიანებინა ყველა ის პარალელიზმი, რომელიც სტრუქტურული, ფუნდამენტური ხასიათის მატარებელი არ არის. მიუხედავად ამისა, მსგავსი ეპიზოდებისა თუ დეტალების სიმრავლე გარკვეულ როლს აუცილებლად იმსახურებს ჩვენს ანალიზში და, ვფიქრობ, საკმაოდ სასარგებლოა საბოლოო შედეგის დასადგენად. ასე, მაგალითად…

ორივე რომანში ცა კაიროსა და საჰარას თავზე განსაკუთრებულ, საოცარ, იდუმალ სივრცედაა მიჩნეული და არაერთი პასაჟი ეთმობა მის აღწერას. რომანების დასაწყისებიდანვე („ბედუინი“  – თავი I; „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ – გვ. 26) ავტორები არაერთხელ უბრუნდებიან საჰარის ცის მშვენიერების აღწერასა და ვარსკვლავების ციმციმზე საუბარს.

ორივე რომანში მნიშვნელოვანი მოტივი და გარემოება არის ხამსინი – უდაბნოს ქარი. როგორც ცნობილია, ის მრავალი დღე (ჩვეულებრივ – 50-მდე) ქრის ჩრდილოეთ აფრიკაში, ცვლის საჰარაში გარემოს და დამატებითი ხელშემშლელი ფაქტორია. თუ ხამსინის დაწყებამდე ნინა და ალ-კაბირი ვერ ჩააღწევენ ფარაფას ოაზისში, მაშინ უდაბნოს გადალახვა საერთოდ შეუძლებელი იქნება. ეს „ბედუინში“ არსებული სიუჟეტისმიერი მოცემულობაა. აი, „სხვა უდაბნოს საიდუმლოში“ კი ეს ხამსინი წარამარა ამოვარდება ხოლმე და გარკვეულ შემთხვევებში ამა თუ იმ როლს თამაშობს. ერთი მხრივ, ეს ავტორის მიერ დაშვებული ლაფსუსია, ხამსინი ნიავი არ არის, ხან ჩადგეს, ხან იქროლოს. მეორე მხრივ, ის სწორედ ამ სახელით (ბოლოკიდური ხმოვანი, რიგ შემთხვევაში არის „ა“, ანუ ტექსტისმიერი ფორმაა „ხამსინა“) არის წარმოდგენილი, რაც ასევე საინტერესო პარალელია.

კიდევ ერთი საინტერესო დამთხვევა არის სიზმრების როლი. ნეფერტარის „ბედუინში“ სიზმარი არაერთია და ორი ფუნქციის მატარებელია. პირველ რიგში, საჰარაში დაკარგულ ნინას სახლი, მშობლები და ახლობლები ესიზმრება, რაც საკმაოდ ბუნებრივად უნდა ჩაითვალოს შექმნილ სიტუაციაში (მაგალითად, თავი XXIV – „ეშმაკის ძაღლები“, სადაც ნინას მამა ეზმანება). მეორე მომენტი არის ერთგვარი სიზმარი-გამოცხადებები, რომლებიც რამდენიმე თავში წინ უძღვის მოქმედებას და ერთგვარი წინასწარმეტყველების როლს ასრულებს (მაგალითად, თავი VIII – „გაქცევა“, სადაც გმირს გველთან ორთაბრძოლა ესიზმრება, რომელიც მინიშნებაა XIII თავში მოსახდენ მოვლენებზე). ზუსტად იგივე სახის სიზმრებს ხედავს „სხვა უდაბნოს საიდუმლოს“ გმირი, თამთა. 57-ე გვერდზე მას ოჯახი, „დედის მოსიყვარულე ღიმილი“ უდგება თვალწინ. ასევე 186-ე გვერდზე დაწყებული საკმაოდ ვრცელი სიზმარი მეტაფორულად იმ ხიფათს მოასწავებს, რომელიც გმირს რომანის დასასრულამდე ელის.

საერთოდაც, ეს უკანასკნელი ზმანება ცალკე განხილვას იმსახურებს, რადგან დიდ მსგავსებას ავლენს ნეფერტარის ტექსტის ერთ ვრცელ ეპიზოდთან. საქმე ის გახლავთ, რომ „ბედუინის“ XXV-XXVII თავებში აღწერილია მთავარი გმირების მიერ ვიწრო, კლდოვანი გზის გავლისათვის მზადება და ამ დაბრკოლების დაძლევა. პრობლემა ის გახლავთ, რომ ხეობაში ასობით მშიერი კარაკალი, უდაბნოს ფოცხვერი ცხოვრობს, რომლებიც ნინასა და ალ-კაბირს ედევნებიან. ყურადსაღებია ფაქტი, რომ ნინას ამ განსაცდელისათვის მომზადებისას ბედუინი საგანგებო მითითებებს აძლევს, რომელთაგანაც უმთავრესია: „რაც არ უნდა მოიმოქმედოს ჯადარმა, ცხენზე უნდა დარჩე“. ია კარგარეთელის წიგნის 186-ე გვერდზე იწყება თამთას სიზმრის თხრობა, რომელიც თითქმის ორ გვერდს იკავებს და საეჭვოდ ჰგავს „ბედუინის“ მითითებულ მონაკვეთს. გოგოს ესიზმრება, რომ ის და იუსუფ რაშიდი ვიწრო გზაზე ცხენით გაურბიან მგლების ხროვას. ამავე დროს, ნეფერტარის ტექსტის მსგავსად, აქაც ბედუინი უკან რჩება, მეტად აქტიურად ებრძვის მხეცებს, თავის სატრფოს კი ერთადერთ რამეს სთხოვს: „ცხენიდან არ ჩამოხვიდე, გესმის?… რაც არ უნდა მოხდეს, როგორც კი მგლებს გავიტყუებ, ჯაფართან ერთად დაბლობზე დაეშვი…“ (გვ. 187-188). ისევ და ისევ, ვფიქრობ, დეტალების განსხვავებულობის მიუხედავად, ორი ეპიზოდი, მთლიანობაში, ძალიან ჩამოჰგავს ერთმანეთს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოტივი, რომელიც ორივე რომანში სხვადასხვა ფორმით გვხვდება, მისტიკა და რიტუალებია. „ბედუინში“ ეს თემა უფრო კოსმიურ ძალებთან მთავარი გმირების კავშირის ფორმით გვხვდება, ხოლო „სხვა უდაბნოს საიდუმლოში“ უარყოფითი პერსონაჟი, ელჰამი იყენებს შავ მაგიასა და შელოცვებს თამთას დასაღუპად. ოღონდ, არსებითი ისაა, რომ როგორც ნინას რიტუალი ალ-კაბირის გადასარჩენად, ასევე ელჰამის ავი ჯადოქრობა მოქმედებს. მეტიც, ორივე რიტუალის დროს მთავარი აქტორი ქალბატონი ქვიშაზე ვარსკვლავს ხატავს. მართალია, ნინას შემთხვევაში, ეს პალმების ღეროებით შეკრული ხუთქიმიანი ვარსკვლავია, ხოლო ელჰამი ფქვილით რატომღაც „რვაწვერა“ ვარსკვლავს შემოხაზავს, მაგრამ გარკვეული პარალელიზმი აქაც, ვფიქრობ, შეინიშნება.

კიდევ ერთი საინტერესო დამთხვევა ორივე განსახილველ ნაწარმოებში გარკვეული „ეროტიკული დღესასწაულის“ აღწერაა. ტუარეგებთან, სადაც „ბედუინის“ XVIII თავში ნინაა დატყვევებული, ეს „თავისუფალი სიყვარულის“ ღამეა, როდესაც გამოწყობილი ახალგაზრდები ჯერ ერთად ცეკვავენ ცეცხლთან, ამბებს ყვებიან, შემდეგ წყვილებად იფანტებიან უდაბნოში. „სხვა უდაბნოს საიდუმლოს“ 210-ე გვერდზე აღწერილია ძალიან მსგავსი რიტუალი, როდესაც ოაზისში მყოფნი „ერთი ღამით ივიწყებდნენ ყველა ვარამსა და საზრუნავს“. ამ დროს ქალები და კაცები ერთმანეთს ღიად ეარშიყებიან და, პრაქტიკულად, აქაც თავისუფალი სიყვარულის ღამესთან უნდა გვქონდეს საქმე.

ინტერესს არაა მოკლებული ასევე მზის სისტემის წარსულში არსებული პლანეტების ხსენება, რაც გასაკვირია, მაგრამ ორივე რომანში გვხვდება. „ბედუინის“ პირველივე თავში მოყოლილია ჰიპოთეტური პლანეტა „ფაეტონის“ ამბავი, რომელიც მზის სისტემაში არსებობდა, ხოლო შემდგომ დედამიწას დაეჯახა. ია კარგარეთელის რომანის 218-ე გვერდზე ასევეა საუბარი ჰიპოთეტურ პლანეტებზე. მართალია, აქ პლანეტას “Thea” ჰქვია, მაგრამ, მთხრობელის აზრით, ისიც დედამიწას ეცემა, ფეთქდება და ნადგურდება.

შედარებით ნაკლებ პირდაპირი, მაგრამ ჩემი აზრით, მაინც საინტერესოა კიდევ რამდენიმე მსგავსება. მაგალითად, ნეფერტარის ტექსტში მთავარი გმირი ერთ მომენტში საფლავში გამოიღვიძებს, ცოცხლად დამარხული. „სხვა უდაბნოს საიდუმლოში“, „ბედუინის“ მსგავსად, ტექსტის ბოლო ნაწილში, თამთა ქვაში ამოკვეთილ ორმო-საკანში გამოიღვიძებს, რომლის კედლებსაც კი წინა პატიმრის ფრჩხილების კვალი ეტყობა. ეს, პრაქტიკულად, სამარეა, რომლიდანაც ადამიანები, წესით, აღარ ბრუნდებიან, რაც ვფიქრობ, ტექსტებს შორის შესაძლო პარალელთა რიცხვს განეკუთვნება.

ორივე წიგნში გმირებს ეჩქარებათ. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოტივაცია გარკვეულ წილად, განსხვავებულია. ნეფერტარის „ბედუინში“, როგორც ზემოთ აღინიშნა, ალ-კაბირის სახლამდე, რომელიც ერთ-ერთ ოაზისში მდებარეობს, გმირებმა უნდა მიაღწიონ იქამდე, სანამ ქარის, ხამსინის, სეზონი დაიწყება. „სხვა უდაბნოს საიდუმლოში“ კი ლიბიაში გადასვლა ბედუინების ტომმა ზამთრის დადგომამდე უნდა მოასწროს. საპირისპირო შემთხვევაში ყინვა საქონლის დიდ ნაწილს დაუხოცავს. რასაკვირველია, ანალოგია პირდაპირი არ არის, მაგრამ აღმოსავლეთისაკენ სწრაფვის ბუნებრივი პირობებით გამართლება გარკვეულ მსგავსებას მაინც ქმნის.

რომანებს შორის მოიძებნება კიდევ რამდენიმე მსგავსება, რომლებიც მეტი ალბათობით შეიძლება დამთხვევას მიეწეროს და თავისთავად ინტერესს არ წარმოადგენს. მათი ჩამოთვლა უფრო სრული სურათის შესაქმნელად მიმაჩნია მიზანშეწონილად, თუმცა თითოეული მათგანი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ცალკე მსჯელობა დავუთმოთ. ასეთებია, მაგალითად ფაქტი, რომ ორივე რომანში („ბედუინში“ მეორეხარისხოვანი გმირი, ერთ-ერთი მდევარი, „სხვა უდაბნოს საიდუმლოში“ კი მთავარი ანტაგონისტი ქალი – ელჰამი) გველის ნაკბენით კვდება. ასევეა დანის სროლა, რაც ორივე რომანში მთავარ გმირს გადაარჩენს უეჭველი სიკვდილისაგან (ნეფერტარის რომანში ქალი, ნინა დანის ტყორცნით და მტრის დაჭრით გადაარჩენს ალ-კაბირს, რომელსაც მოწინააღმდეგე იარაღს უმიზნებს; ია კარგარეთელის წიგნში კი პირიქით, იუსუფ რაშიდი დანის სროლით მოკლავს თამთას დასაგესლად გამზადებულ გველს).

დასკვნის მაგიერ

ზემოთ მოკლედ ჩამოვთვალე იმ პარალელთა უდიდესი ნაწილი, რომლებიც ჩემ მიერ განსახილველ ორ ტექსტს შორის არსებობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მსგავსებათა მიუხედავად, სხვა სიუჟეტური მონახაზები, მოქმედებები, ხდომილებები და მათი მოტივაცია ტექსტებში ზოგჯერ დიდად განსხვავებულია. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით კი ლეგიტიმურია დაისვას საკითხი: არის კი ტექსტთა შორის ამგვარი ურთიერთდამოკიდებულება პლაგიატი? გვაქვს კი საქმე სხვისი ინტელექტუალური შრომის ნაყოფის გაცნობიერებულ მითვისებასთან? ვფიქრობ, საკითხზე ცალსახა პასუხი სასამართლომ უნდა გასცეს. ამავე დროს, არ ვირიდებ პასუხისმგებლობას და ჩემს პირად მოსაზრებას მოგახსენებთ: ვფიქრობ, რომ პარალელთა, მსგავსებათა და იდენტურობათა ის რაოდენობა, რომელიც წინამდებარე ნაშრომშია განხილული, შემთხვევითობას ნაკლებ სავარაუდოს ხდის. ძნელად წარმოსადგენია, სხვადასხვა ავტორის ორ ტექსტს შორის ამდენი დამთხვევა აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, რაკი ნასესხობათა (გამოვიყენოთ ეს ფრთხილი ტერმინი) რიცხვი, მართალია საკმაოდ დიდია, მაგრამ მსგავსება ტოტალური სულაც არ არის და ია კარგარეთელის ტექსტში დამოუკიდებელი შემოქმედების გარკვეული კვალიც იგრძნობა, ცალკე მსჯელობის საგანად უნდა იქცეს საკითხი – მითვისების რამდენად მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე და, კერძოდ, რომელი ელემენტები შეიძლება ჩაითვალოს სხვისი ტექსტით არაკეთილსინდისიერად სარგებლობად.

საბოლოოდ, ჩემი პირადი მოსაზრებით, წინამდებარე ტექსტებს შორის ურთიერთმიმართება მაინც უფრო სხვისი ინტელექტუალური შრომის, გნებავთ შემოქმედების მითვისებად უნდა ჩაითვალოს. რომანი „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ როგორც ვიცით, 2017 წელს, კონკრეტული კონკურსისთვის იწერებოდა, საკმაოდ მოკლე დროში. ავტორი ვადაში იყო შეზღუდული და ტექსტზე მუშაობა სწრაფად უწევდა. ბუნებრივია, ასეთ მომენტში სიუჟეტური სვლებისა და კონკრეტული გარემოებების მოგონება ძნელია. რომანტიკული მოტივი, უზრიული ღაზალისა და, შესაბამისად, თავგანწირული სიყვარულის თემა, როგორც ჩანს, ნამდვილად ია კარგარეთელისეულია. აი, მისი განხორციელებისათვის, რომანად გარდაქმნისათვის აუცილებელი ხერხების დიდი ნაწილი, სქემები, დეტალები, გარემოებები – (რბილად რომ ვთქვათ), ნასესხები ჩანს. რა დიდი გამართლებაა, როდესაც სხვა მწერალს უკვე აღწერილი აქვს მსგავსი გარემო, საჭირო პერსონაჟები, მოფიქრებული აქვს კონკრეტული სიუჟეტისმიერი სვლები. მათ მოსაფიქრებლად გარჯა აღარაა საჭირო, რაც სასიყვარულო ვნებების აღსაწერად ესოდენ აუცილებელ ძალებს ზოგავს. ჩემი ვარაუდების სისწორე, შესაძლოა, ვერასდროს შემოწმდეს, მაგრამ ერთი შეხედვითაც, და რომანების არაერთგზის, დაწვრილებით შესწავლის შედეგადაც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

P.S.

რა თქმა უნდა, ია კარგარეთელის პასუხისმგებლობის საკითხი ვერაფრით მოიხსნება დღის წესრიგიდან, მაგრამ ახლა, როდესაც ის გასცდა ჩემი კომპეტენციის ფარგლებს, თავს ვალდებულად ვთვლი აღვნიშნო კიდევ ერთი გარემოება, რომელიც სულ ცოტა, ყოვლად მიუღებელ საქციელზე, სხვა შემთხვევაში კი – ჩემთვის უცნობი მოტივებით განპირობებულ – უაღრეს არაკეთილსინდისიერებაზე მეტყველებს. საქმე ის გახლავთ, რომ რომანი „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ არა უბრალოდ დაიბეჭდა, არამედ დიდი ზარზეიმით ჩატარებული ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორის“ ერთ-ერთი გამარჯვებული აღმოჩნდა. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია დაისვას იმ კონკურსის ჟიურის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ნასესხობათა დიდი რაოდენობით ნიშნეულ ნაწარმოებს გაამარჯვებინა.

იოლად წარმოსადგენია, რომ კონკურსის ჟიურის ნაწილს ნეფერტარის „ბედუინი“ წაკითხული არ ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, ინტერნეტში უამრავი „სამოყვარულო“ ნაწარმოები თავსდება და ყველა მათგანის წაკითხვის ვალდებულებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ფიზიკური შესაძლებლობაც არ შეიძლება ჰქონდეს მოკვდავ ლიტერატურათმცოდნეს. ჟიურის სულ ცოტა ერთმა წევრმა – პროფესორმა რამაზ ჭილაიამ უარყოფითი შეფასება მისცა რომანს (შევნიშნოთ ფრჩხილებში – ჩემი აზრით, სრულიად დამსახურებულად). ამას მოწმობს, როგორც „რადიო პალიტრას“ ეთერში გასული გადაცემა „შუადღის სტუდია“ ია კარგარეთელისა და მისი მონაწილებით, ასევე ჟიურის კიდევ ერთი წევრის, ზაალ ჩხეიძის ინტერვიუ, სადაც ბატონი ზაალი ბრძანებს, რომ ჟიურის ხუთიდან მხოლოდ ერთი, ან ორი წევრი არ ემხრობოდა „უზრიული ღაზალის“, (შემდგომში – „სხვა უდაბნოს საიდუმლოს“) დაწინაურებას. ამდენად, ამ ერთი, ან ორი წევრის პოზიცია გასაგებია. ვთქვათ, დანარჩენი სამიდან ორმა არ იცოდა ნეფერტარის „ბედუინის“ არსებობა და წრფელად დაუჭირა მხარი ია კარგარეთელის ტექსტს, ესეც დასაშვებია. მაგრამ ზემოთ ხსენებულმა ზაალ ჩხეიძემ ხომ ნამდვილად იცოდა საიტ „ურაკპარაკზე“ დადებული რომანის არსებობაც და მეტიც, „ლიტერატურული პალიტრის“ რედაქტორის რანგში მიღებული ჰქონდა „ბედუინის“ თავები პუბლიკაციისათვის ვარგისობის შესამოწმებლად (კონკრეტული ინფორმაციის დამადასტურებელი მიმოწერა ბიურომ რეცენზიაზე მუშაობისას მომაწოდა). მაშ, რჩება ორი შესაძლებლობა: ან ბატონი ზაალ ჩხეიძე რედაქტორისა და ჟიურის წევრის რანგში არ კითხულობს (ზერელედაც არ ავლებს თვალს) მის ხელთ არსებულ მასალას, რაც, დამეთანხმებით სრულიად მიუღებელია, ან – ეს კი მეტად სავარაუდო, მაგრამ არანაკლებ დაუშვებელია – გარკვეული ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო დაინტერესებული იყო ნასესხობათა დიდი რაოდენობით გამორჩეული ტექსტის კონკურსში გამარჯვებით. დავძენ, რომ სამწუხაროდ, მეორე ვარიანტი უფრო სავარაუდოდ მეჩვენება. განა რამდენ რომანში ხვდება მთავარი მოქმედი გმირი, ქართველი გოგო, თავგადასავლების საძებნელად საჰარაში? მე სულ ორი მახსენდება. ბატონმა ზაალმა კი „ბედუინის“ არსებობის შესახებაც კი არ მიაწოდა ინფორმაცია ჟიურის სხვა წევრებსა და გამომცემლობას (რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა ასევე დაზარალებული აღმოჩნდეს), მსგავსება-განსხვავებების კვლევაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ამდენად, ვფიქრობ, რომანის ავტორთან ერთად, ამ არასასიამოვნო ისტორიაში მისი პასუხისმგებლობის საკითხიც აუცილებლად უნდა იქნას განხილული. რასაკვირველია, საუბარი მაქვს საკითხის მორალურ, პროფესიულ და არა იურიდიულ მხარეზე, რადგან, სამწუხაროდ, ტექსტების უფლებამოსილი პირების მიერ ზერელედ კითხვა ჩვენს სახელმწიფოში ჯერ კიდევ არ ისჯება.

© არილი

Facebook Comments Box