პოეზია

მედეა იმერლიშვილი – მდინარე და სხვა ლექსები

 

მდინარე

მეგონა, სხვა მდინარეებისათვის

უნდა მესმინა, მდინარე მე ვყოფილვარ.

მეგონა, უნდა ჩამოვმჯდარიყავი

მდინარის პირას, საკინძე გადამეხსნა,

ხელები წყლისთვის მიმეცა,

მდინარე მე ვყოფილვარ, სად წავიღო ხელები,

რომელ წყალს მივცე, რომელ ტალღებს.

ეს ხევი, დაკლაკნილი, ღრმაზე ღრმა ხევი,

ხან შრება, ხან უხილავი წყლით ივსება,

მთვარის შუქით ივსება და მთვარის შუქი შენი სხეულია,

შენი სხეული მდინარეა, ხან უხვი,

ხანაც, დამშრალი ხევი, რომელიც მდინარეობს,

არ დაუკარგავს თავისთავში მდინარის ხსოვნა.

ჩამოიარე, მოიცალე ჩემთვის, ჩამოიარე,

შენ, მზეო, მთვარეო,

აღარ არის ჭები, აღარც უდაბნოები,

აღარც ქუჩის ხმაური,

ყოფიერების გამომხმარი ნარჩენებით.

ტყეების ხსოვნაა,

ხეების შრიალის ხსოვნაა,

სურვილების ხსოვნაა.

 

ქვების ჩურჩული

ჩამოიარა თეთრმა წყალმა, ამომხედა და შემომანათა თეთრი თვალი,

ჩამოიარა ლურჯმა წყალმა, გაახილა ლურჯი თვალები,

ჩამოიარა შავმა წყალმა, შავად ბზინვარებდა, შავად ელვარებდა.

ჩამოიარა წითელმა წყალმა, ყაყაჩოსფერი აშრიალდა და მიხმობდა,

მკლავებს შლიდა, ფეხი შევდგი წითელ წყალში, მომხვია მკლავები.

ჩემი ბედისწერა ეს იყო, ოდესღაც მომხდარი და ოდესმე მოსახდენი, ეს იყო.

ამოვევლე წითელ წყალში. ყველა სულდგმულმა ხმა გაკმინდა, გაირინდა.

ქვები აჩურჩულდნენ.

 

სიზიფე

სიზიფეს ფიქრი. სიზიფეს ცრემლები,

ყოველ ჯერზე უკან შებრუნებული,

თვალის მეორე მხარისკენ,

ყოფნის უხილავი მხარისკენ,

რომელიც ინახავს საგნების ჩრდილს,

ქვებივით მძიმეს, ქვებზე მძიმეს –

ჩემი ყოველი აბობღება მწვერვალისკენ,

ლოდების თრევა მთის ფერდობზე,

გადაყვლეფილი ხელებით, გადატყავებული მუხლებით.

დაკაწრული, დაიარებული სხეული ჩემი,

ქვას, ქვაზე მძიმეს, მთისკენ ეზიდება.

ოფლით დამბალი სამოსი, ნაფლეთები უფრო ეთქმის,

ტერფები ჩემი, სისხლმდინარი.

სხეული – ძვლების გროვა და ქვების გროვა,

პური და წყალი ჩემი – ქვა, მომლაშო.

შვებაც ახლავს ამ ჩემს წყევლას,

უჩინარი შვება, ჰაერივით –

ახალ გზებს ვირჩევ და ქვებსაც – ახალს.

ეს პრინციპულად არც ცვლის ჩემს სასჯელს,

ყველა ქვა ქვაა, ალბათ ღმერთებიც,

მპატიობენ და თვალს ხუჭავენ,

ან ვერც ამჩნევენ. ციცაბო მთასაც,

საით მოვუვლი, რაში ადარდებთ.

სხვა ცხოვრებაში

მოქანდაკე ვიქნებოდი.

 

ბრავიტო

ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს

                                               ,,ანგოლი მალა”

ის ტყეში ცხოვრობდა, მთებში,

შორს თავის სოფლიდან, ნადირთა

საუფლოში, ქარიშხლის, წვიმის და

ღრუბლების მხარეში. ტყეს სახლად

გულობდა, გადავიწყებოდა ღარიბთა

ქოხმახები, ხმა წვიმის წვეთების

ქოხების სახურავზე,  ბანანის პლანტაცია,

კონტრაბანდისტები, ქალები – ნინა და ელვირა.

და ენაც დავიწყნოდა ბრავიტოს სოფლელთა,

რომელმაც წლების წინ, როდესაც პირველად

დაბრუნდა მშობლების მიწა-წყალზე,

ღარიბ ტრე ბოკასში, უცებ მიახვედრა,

რომ სიტყვები, რომლებიც ესმოდა,

თვლემდნენ მის სხეულში.

თითქოს წარეცხოდა ხსოვნა იმ დღეების,

მაგრამ ის ახსოვდათ, ლამობდნენ მის პოვნას,

პოვნას და შეპყრობას. გამოსატყუებლად

მისი ამ მხარიდან, ბილიკებს დაადგა

სერჟანტი ტორრე. აი აქ იწყება და

აქვე მთავრდება ლეგენდა კაცისა,

რომელსაც მალევე გადაუვლის ძებნილის

სიძულვილი, ამ ძებნით შეპყრობილს,

და კაცის, რომელსაც ნაცნობი

სიტყვების ნატრული ხმების

ხელახლა მოსმენა მოსწყურდა.

 

წელიწადის მეხუთე დრო

 

წელიწადის

ჩვენი მეხუთე დრო,

სურნელით ალუბლის.

ყველაზე ჩუმი და ფარული.

დრო უფრო ზაფხულის და არა სიცივის,

შემკრები სიზმრების, ფიქრების, სიტყვების,

უჩინარ მხარეში.

შენ გითქვამს, რომ გიყვარდა ჩემში

ხმა ბავშვის, თუმც ვერ მოვუფრთხილდი.

რამ შეიძლება გააღვიძოს მიძინებული ხმები,

მოგუდული, ჩუმი ხმები,

ბლის ფოთლების და

გასრესილი თუთის სუნი.

ფიქრებს ვიგროვებდი შენთვის,

ხელისგულზე და შენთან მომქონდა,

მეორე მხარისთვის,

წელიწადის მეხუთე დროში.

 

აპრონენია ავიციას ცრემლები

 

პასკალ კინიარი,

„აპრონენია ავიციას ჩანაწერები ხის დაფებზე“

 

 

უღრან ტყეების გაქსელილ ჩარჩოს

შემოურკალავს ფერების წყება –  მოლოდინი ვარ.

მოუთხრობელი შენთვის ამბები,

სიტყვების ნაცვლად, ამ ხაზთა რწევას ადევნებია.

საღამოს ბინდში, ჩამქრალ ბუხართან, აპრონენია ავიცია.

მწველი სურვილები, კლდიდან

გადავარდნის  ან ცის უსასრულო ჭაში ჩავარდნის,

სასახლის სიჩუმეს შერთვია.

დაიხრება, აიღებს ნახშირს და

მარმარილოს ფილაზე ერთადერთი

ასო გამოჰყავს. მერე უცებ შლის

(თვალწინ მიდგას მოძრაობა მყისიერი),

და ცრემლებად იღვრება.

 

ადამი და ევა

 

ჩვენ პერსონაჟები ვიყავით,

დაუსრულებლები, ჩაფიქრებულები

და მერე შუა გზაზე მიგვატოვეს.

თითქოს ღმერთებს თამაში მობეზრდათ.

იქნებ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გამოუჩნდათ?

ან იქნებ დაიღალნენ და მიიძინეს.

შუა თამაშში მიგვატოვეს – ადამი და ევა.

მიწვნენ ჩრდილში, პირველყოფილი ტყის სილურჯეში.

თავქვეშ ამოიდეს ხელები და მიიძინეს.

ჩვენ ველოდით, ჭაში ჩაყრილი ბავშვებივით,

რომლებსაც უთხრეს, არსად წასულიყვნენ.

სად უნდა წასულიყვნენ, ისხდნენ და ელოდნენ.

თიხის თოჯინები ვიყავით.

სულის ჩაბერვა ვერ მოესწროთ

და მდინარის პირას, იქვე, ჭალაში, მზეზე ვშრებოდით.

ჩვენ ვიყავით ადამი და ევა, რომლებმაც არ ვიცოდით,

ვინ იყო ევა, ვინ იყო ადამი.

არ ვიცოდით სიშიშვლე ჩვენი,

მშვენიერება ჩვენი სხეულების.

ჩვენი თვალები უხილველი იყო.

მათ კამკამა წყალში დაცურავდნენ ღრუბლის ფთილები.

ჩვენს ყურს არ სწვდებოდა ფოთლების შრიალი,

ფრინველების გადაძახილი.

მიწისაგან ნაძერწი თოჯინები ვიყავით,

ჩვენი სურვილები ღმერთების სიზმრებში იბადებოდა.

ვუცქერდით ერთმანეთს და ჩვენი თვალები

სარკე იყო ერთმანეთისთვის, უძირო ჭები იყო,

ყველა დაწერილი და დაუწერელი წიგნი იყო –

გადაშლილი, გადახსნილი და ვკითხულობდით,

ვეწაფებოდით ერთმანეთის თვალებს.

ვაითუ, აღარ გაიღვიძონ ღმერთებმა.

ვაითუ, გაიღვიძონ ღმერთებმა.

 

*  *  *

 

ჩემი სხეული ხევი იყო, ყორნების ჩონჩხით ამოვსებული,

ყორნების სკორეთი ამოვსებული და მათი ბუმბული,

ლპობაშეპარული, გახუნებული, აქა-იქ ფრიალებდა.

ჩემი სხეული ცხენის ლეში იყო, მუცელი რომ გამოფატრეს

და შიგ შეძვრნენ მრავალი წლის წინ, როცა მიწას სხვა

კაცების ფეხი თელავდა. მაგრამ მიწა იგივე იყო,

ისეთივე შავი და ბინძური და წმინდა თავის სიბინძურეში,

რადგან ის იყო, რაც იყო და არა რცხვენოდა.

ჩემი ხელები იმ ხის ფესვებად გადაიქცნენ, ოდინმა რომ

თავი ჩამოიხრჩო, და ტოტებზე ცხრა დღე და ცხრა ღამე ეკიდა.

ხევი ვიყავი, წვირით სავსე და ეკალ-ბარდებიდან

მგლის ეშვები ელვარებდა. მგელი მთვარეს შეჰყმუოდა

და მთვარე, დალეული, მთვარე მცხრალი, ლაჯებში მიწვებოდა.

ამომიღამდა თვალები და მატლებმა შეიტკბეს სისველე,

და მერე ისინიც გაქრნენ, მიწამ შეჭამა, რომელიც გამოშრა.

მუცელი ჩემი, მრგვალი და ნეტარებით ნათენთი,

დაჭკნა, სულაც, დალპა, ამოიკენკა. ჩიტების გუნდი შეესია,

ვაითუ პური ეგონათ, მზეზე გაშლილი,

ალალი ქვეყნის პური, რომელიც თავდება,

როცა ხევს ყორნის სკორე ამოავსებს,

როცა საშოში გველები დაიბუდებენ და

სამყარო მრგვალდება.

© არილი

Facebook Comments Box