აი ეს ვენეცია, ქალაქი წყალში, ხალხი მიდის-მოდის, ფეხები არ უსველდებათ.
ქართლოს კასრაძე
პრელუდია
სალომე ბენიძის წიგნი ”ქალაქი წყალზე” 2015 წელს დასტამბა გამომცემლობამ ”წიგნები ბათუმში”. ის ცხრა მოთხრობას აერთიანებს, რომელთაც წინ ავტორისეულ მიძღვნა-განმარტებათა და მადლობათა (ინგლისური სიტყვა aknowledgements ზუსტად ასახავს მათ ჟანრს) სამი გვერდი უძღვის. კრებულად ამ ტექსტის მოხსენიება, უნდა ითქვას, პირობითია, რადგან პერსონაჟებისა და ამბების ნაწილი გამჭოლია მთელი ნაწარმოებისათვის და, ამდენად, ქმნილება მცირე რომანობის პრეტენზიას აცხადებს. აქვე, აუცილებელია აღინიშნოს თათია ნადარეიშვილის, წიგნის ილუსტრატორის შრომა, რომელმაც ცოცხალი, ტექსტზე ნაკლებად პრეტენზიული და მეტად ორიგინალური, ამასთან, შეძლებისდაგვარად, ადეკვატური ნამუშევრებით გაამდიდრა გამოცემა.
წიგნის გამოცემის მომენტიდან ლეგენდები და მითები მის შესახებ არაერთხელ მომისმენია. უმთავრესი არგუმენტი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ტექსტის ნებისმიერი კანონიკური აპოლოგიის კანონზომიერ დასასრულს წარმოადგენდა, ის გახლდათ, რომ წიგნი ფენომენალურად, ლამის შეუძლებლად დიდი რაოდენობით იყიდებოდა. გამომცემლობის ხელმძღვანელთან, ირაკლი ბაკურიძესთან პირადი საუბრიდან (ქართულ ბაზარზე რაიმე უფრო სარწმუნო და მეტად ოფიციალური წყარო ამა თუ იმ წიგნის გაყიდვების შესახებ ძნელად თუ მოიძიება) აშკარა გახდა, რომ ხმები ტექსტის პოპულარობის შესახებ ნამდვილად არ იყო გადაჭარბებული: 2016 წლის ნოემბრისთვის 3500 ეგზემპლიარი გაყიდული იყო და კიდევ 500 – მაღაზიებში გასაყიდად მიწოდებული. ამდენად, საინტერესოდ ჩავთვალე საკითხთა წრის ორი მიმართულებით გაანალიზება. ერთი მხრივ, სამწუხაროდ, გარდაუვალად მეჩვენება საკუთრივ ტექსტის ზოგიერთ ასპექტსა თუ მის საზოგადოების მიერ აღქმის თავისებურებებზე დაფიქრება; მეორე მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ლიტერატურული ნაწარმოების მიერ ჩვენს სოციუმში პოპულარობის მოპოვების შესახებ გარკვეული, შედარებით განზოგადოებული, მსჯელობა.
ალემანდა
სალომე ბენიძის ”ქალაქი წყალზე” იმ ტექსტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებშიც ავტორი რეალურისა და ფანტასტიკურის, ფიზიკურისა და მეტაფიზიკურის, ყოფითისა და მისტიკურის ზღვარზე ცდილობს თამაშს. მაგიური ელემენტები ფაბულის რამდენადმე მნიშვნელოვან ნაწილს, ან სიუჟეტის მასტრუქტურირებელ ელემენტს არ წარმოადგენს, ამდენად, გვიწევს დავასკვნათ, რომ ისინი სიმბოლური საზრისის მატარებელ, ან, რიგ შემთხვევებში, უბრალოდ ტექსტისათვის ესთეტიკურობის მიმნიჭებელ ერთეულებად უნდა იყოს ჩაფიქრებული. სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ერთი შეხედვით რეალისტურ თხრობაში მიღმიერი ძალების შემოყვანის, ”საოცრებების” ჩართვის მხრივ, ნაწარმოები არა უნიკალურ, მაგრამ ქართულ ლიტერატურაში არცთუ მრავალი ანალოგის მქონე ტექსტს წარმოადგენს. სწორედ ეს გარემოება გახლავთ წიგნის აპოკრიფული, არაკანონიკური აპოლოგიების მთავარი არგუმენტი.
რასაკვირველია, მწერალს ამგვარი, ვთქვათ ოდნავი გადაჭარბებით, – ორიგინალური გზების გამოყენება, ნამდვილად აქტივში უნდა ჩაეთვალოს. ჰორიზონტს მიღმა გახედვა, თვალსაწიერის გაფართოვება, მრავალფეროვნებაზე ზრუნვა, ახალი გზების ძიება დადებითი მნიშვნელობის მქონე აქტია და, ალბათ, მხოლოდ შექებას იმსახურებს. ოღონდ, ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რა ხარისხითაა შესრულებული აღნიშნული სამუშაო. პირადად მე, სალომე ბენიძისეული ”ჯადოქრობების” კითხვისას ჟოზე სარამაგოს რომანებს: ”მოგონებანი მონასტერზე” და ”სიკვდილი ისვენებს” ვერ ვივიწყებდი და არ მტოვებდა შთაბეჭდილება, თითქოს უაღრესად გამარტივებულ, სქემატურ, ნაძალადევ გამეორებასთან მქონდა საქმე. და საქმე სულაც არ გახლავთ ის, რომ ავტორმა პორტუგალიელი ნობელიანტისაგან რაიმე მოიპარა. არამც და არამც, რა-რა და პლაგიატი სალომე ბენიძის შეცოდებათა რიცხვს არ მიეკუთვება. უბრალოდ, კარგი მწერლის ხელში კონკრეტული ხერხები, მეთოდები (ამ შემთხვევაში, გარკვეული ირეალური მოვლენების შემოტანა თხრობაში), შესაბამის მიზნებს ემსახურება. ეს მიზნები, უხეშად და სქემატურად რომ ვთქვათ, ან გამორჩეულობის იდეის გამოხატულებაა (მაგალითად, ბლიმუნდას ზებუნებრივი შესაძლებლობები), ან რეალობის რღვევისა და მის მიღმა გაღწევის სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენს. მფრინავი მანქანა ახალი დროის დასაწყისის პორტუგალიაში, ანდა განსხეულებული და რომანის გმირზე შეყვარებული სიკვდილი ჩვენს ცინიკურ, პრაგმატულ სამყაროში საოცრად დასამახსოვრებელი, კონტრასტული, მრავალგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობის შემცველი სახეებია. მკითხველისეული აღქმა გულისხმობს ამ ხატების წარმოსახვას, მათ კონტექსტში რომანის მთელი ტექსტის წაკითხვასა და ხელახალ გააზრებას. ხსენებულის ფონზე, საოცრად უსუსურად გამოიყურება სალომე ბენიძის მცდელობები. ფორმალურად მისი ხერხები საკმაოდ მსგავსია: პერსონაჟის განსაკუთრებული სილამაზით დაჯილდოება, გრძნეულობის ნიჭის მიმადლება და ა.შ. ოღონდ, მგონი მკითხველს კი არა, თავად მწერალსაც ბოლომდე არ ესმის, რა დატვირთვის მატარებელია თითოეული ამგვარი სახე. შედეგად, ლიტერატურის მაგიის ნაცვლად, ტექსტში აქციდენციურად მიმობნეულ ”ჯადოქრობებს” ვიღებთ, რომელიც მრავალმნიშვნელოვნობის პრეტენზიის მიუხედავად, სრულიად უაზროა. ისინი გაუგებარი და არარსებული მოვალეობის მოხდის მიზნით ჩაკვეხებულის შთაბეჭდილებას ტოვებს (”მოდი, ახლა ამ გმირს ტოლკინის ”პალანტირის” მსგავსი არტეფაქტი ჰქონდეს და მთელი ქალაქის თვალთვალი შეეძლოს”) და ისედაც არცთუ დამაჯერებელ ტექსტს, ლიტერატურის იმიტაციას კიდევ უფრო ამსგავსებს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ეს მაგიურ ოინი არ გამოვიდა და ავტორის მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი საინტერესო შემატა ტექსტს. ცალკე აღნიშვნის ღირსია მომენტები, როდესაც მწერალი დიდი სურვილის მიუხედავად, მორიგი ”მაგიურობის” ტექსტში ინკორპორირებასაც კი ვერ ახერხებს და ზოგჯერ უშინაარსო პასაჟს, სხვა დროს კი სრულიად არასაჭირო და გაუთვალისწინებელ, კომიკურ ეფექტს ვიღებთ.
ინტერმეცო
”ელენამ ოდნავ გაიღიმა. ტუჩები უკვე აღარ ემორჩილებოდნენ. იოაკიმმა ჯერ სახე მიუახლოვა, მერე მისი ქერა თავი ხელებს შორის მოიქცია და ტუჩებზე ტუჩებით შეეხო. კოწახურის გემო ჰქონდა იოაკიმის ენას. ელენა მოდუნდა. აღარაფერს გრძნობდა, არც ბრაზს, არც შურისძიების სურვილს, არც ტკივილს, მხოლოდ სისველეს.”
რა ხდება ამ სცენაში? ზღვარს გადასული ვნება ხომ არ იფეთქებს? ან იქნებ ძალადობას აქვს ადგილი? არა, პატივცემულო მკითხველო, მოთხრობაში ”ელენა”, მთავარი გმირი, შეყვარებულის ღალატისა და მამის მიერ დატრიალებული ეკოლოგიური კატასტროფის შემდეგ, უბრალოდ… ხედ იქცევა. ესაა და ეს.
კურანტა
ხდება ხოლმე, რომ მწერალს სათქმელის არარსებობა ნაძალადევი გარეგნული ეფექტებით სურს დაფაროს. სალომე ბენიძის ტექსტი ამ მოცემულობას მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს. როგორც ზემოთ ვნახეთ, ნაწარმოებში გამოყენებული ჯადოსნური ზღაპრის, ფენტეზისა და ჰორორის შემცველი ელემენტები (რაც, თავისთავად, როგორც ცალკე აღებული ფაქტი – მხოლოდ შექების ღირსია) სუსტი, უფუნქციო და მხატვრულად არადამაჯერებელია. რაც შეეხება სათქმელს, აქ რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციას ვხვდებით. ავტორს იმდენი რამის გადმოცემა სურს, რომ ზოგჯერ მისი იდეები თხრობის კალაპოტში არ ეტევა და სპეციალურ ჩანართებს, ძირითადი სიუჟეტური ხაზიდან გადახვევას მოითხოვს. ასეთ შემთხვევებში, რა პრობლემებს არ ეხება ქალბატონი სალომე: ქალებზე ძალადობა, ქალწულობის ინსტიტუტი, პატრიარქალური სტერეოტიპები… მოკლედ, ”ბონუსის” სახით მოცემული ”მესიჯები” თემატურად მრავალგვარია და ძირითადად შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფემინისტური (არ აგერიოთ ტერმინში ”ფემინური”) დისკურსის განხორციელებანი.
საინტერესო ის გახლავთ, რომ არც ერთი აღნიშნული პრობლემა ძირითად სიუჟეტურ ხაზთან არ კავშირდება და არც ტექსტის მამოძრავებელ ფუნქციად იქცევა. აი, მაგალითად მოთხრობაში ”ეფი” საუბარია ქალის წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაზე და ”ქალთა დუმილის” თემაზე. მაგრამ ნაწარმოებში ამასთან დაკავშირებით გმირების მიმართ თანაგრძნობის გამოწვევის, ან პრობლემის მიზეზების ანალიზის მცდელობასთანაც კი არ გვაქვს საქმე. მთელი საკითხი ამოიწურება ერთ აბზაცში და სრულდება მშრალი, საგაზეთო ცნობასავით იმპერსონალური პასაჟით: ”…ბებიას თაობის ქალებს ჩვენს ქალაქში რაღაც დაუწერელი კოდექსით ეკრძალებოდათ საკუთარი გრძნობებისა და დამოკიდებულებების გამოაშკარავება. ვერც დალურჯებული ბებიაჩემი გაამხელდა, რომ ხერხმა მარადიული დამცირებისაგან იხსნა”. განმარტების სახით შევნიშნავ, რომ ხერხმა მოძალადე ბაბუა დაასახიჩრა, ცოლის ცემის საშუალება მოუსპო და კიდევ ერთ მაგალითს მოვიშველიებ. მოთხრობაში ”ელენა” ”ჩამორჩენილი” მოსაზრებების გამაჟღერებელ მამიდას მთავარი გმირი ირონიულად მოუჭრის: ”მამიდა შენ მართლა გგონია, რომ ღმერთები, რომლებზეც ლოცულობ, ასეთი ბრიყვები არიან? გგონია, მათთვის მნიშვნელობა აქვს, ქალწული ვარ თუ არა?” მოკლედ, ნაწარმოების ამგვარი პასაჟები სოციალურად ანგაჟირებული, თემატური ბლოგებიდან ამონარიდების გემოს ატარებს.
ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა: თუ მეტასიუჟეტური ჩანართები მკაცრად ფემინისტური დისკურსისათვის დამახასიათებელი საკითხების ანალიზს ეძღვნება, ხოლო ტექსტის ავტორი იმავე დისკურსის თვალსაჩინო წარმომადგენელია ლიტერატურას მიღმა, სოციალურ სფეროში, მაშ რა პრობლემატიკის მატარებელია ძირითადი ტექსტი. ჰოი, საოცრებავ, პატივცემულო მკითხველო, ის სრულიად საპირისპირო, ვიტყოდი, ანტიფემინისტური და ხაზგასმით ფემინური ლიტერატურისათვის დამახასიათებელი თემების (უფრო სწორად, არსებითად, ერთი თემის) გახსნას ეძღვნება. არა, თინეიჯერი გოგონების მოტივაციის ასამაღლებელი ჩანართები ტექსტს არ აკლია, მაგრამ მოდით, ერთი წამით ეს ”გვერდითი მოვლენები” დავივიწყოთ, გამოვრიცხოთ ასევე ირეალური ეფექტები და გავაანალიზოთ ფაბულის ძირითადი სქემები. შედეგის შესახებ თანამედროვე საიტები დაწერდნენ, რომ ის ყველას გააკვირვებს.
მოთხრობებისათვის დამახასიათებელი ტიპური სქემა შემდეგია: 1. ლამაზ, ჭკვიან, შრომისმოყვარე, კეთილ, პატიოსან, ნიჭიერ (სპორტსმენ და კომკავშირელ) ქალებს, (შევნიშნოთ, რომ ტექსტში ისინი უფრო ხშირად ”გოგოებად” არიან მოხსენიებულნი) უყვარდებათ კაცები; 2. ეს უკანასკნელნი ხორცშესხმულ იდეალებს ღალატობენ, ”გულს უტეხენ” (ცრემლები, ოხვრები, ბოლივუდური ფილმებისათვის დამახასიათებელი სცენები) და 3. ქალები იტანჯებიან (კონკრეტულ შემთხვევებში – იღუპებიან). სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ბოლო მოთხრობის ფაბულა ოდნავ განსხვავებულია, სტანდარტული მოდელის შემდეგ მთავარი გმირი სხვა ქალაქში მიდის, უყვარდება ”ის” მამაკაცი, ეს უკანასკნელი ამტკიცებს თავის რჩეულობასა და მირონცხებულობას, მკითხველი კი ზომაზე ტკბილი ჩაის გემოსა და მენდელსონის მარშის ჰანგებს ვერ იცილებს თავიდან.
შესაძლოა, გენდერულ თემატიკაში საკმარისად ღრმად ვერ ვერკვევი და ამ საკითხის სპეციალისტად ვერ გამოვდგები, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი არ უნდა იყოს ფემინისტური დისკურსი. სრულიად ნათელია, რომ ქალის ბედნიერება-უბედურების ერთადერთ მიზეზად მამაკაცის გამოცხადება, მასზე სრული დამოკიდებულება და ცხოვრების წარმატებულად წარმართვის ერთადერთ შესაძლო მოდელად ტრადიციული, პატრიარქალური ჰეფი ენდის – შეუღლდნენ, ბედნიერები იყვნენ, ერთ დღეს დაიხოცნენ – აღქმა სასაცილო დისონანსს ქმნის ტექსტში არსებულ ყველა ”სიციალურ დეკლარაციასთან”. იქმნება პარადოქსული სიტუაცია, როდესაც მნიშვნელოვანი იდეები მშრალი, უადგილო, ლოზუნგისმაგვარი დეკლარაციების სახითაა მოცემული და მკითხველისეულ ემპათიას საერთოდ არ იწვევს; ხოლო თხრობა, რომელთანაც შესაძლოა აღმქმელმა რაიმე კავშირი იგრძნოს, სრულიად საპირისპირო მოსაზრებებს გადმოსცემს. შედეგად, არ არის გაშლილი და გაანალიზებული არც ერთი მნიშვნელოვანი აქტუალური პრობლემა თუ საკითხი. ლიტერატურის ანალიტიკური ფუნქცია სალომე ბენიძის ტექსტიდან საერთოდ გამქრალია, ხოლო საინტერესო პრობლემები, ქალური სოლიდარობის საკითხის გამოკლებით, მოკლებულია ორიგინალურ პრეზენტაციას.
ინტერმეცო 2
მთავარი გმირი გოგონა (აი, ის, უბედურ სიყვარულს ემიგრაციით რომ ებრძვის), ხვდება საკუთარი დედის პირველი ქმრის პირველ ცოლს (თუ საყვარელს). შემდეგ მოდის ფრაზა: ”ეს ქალი, რომელსაც რაღაც დიდი და უცნაური აკავშირებდა დედაჩემთან… ”
სარაბანდა
ხუმრობა იქით იყოს და სოციალურ ასპექტებზე საუბარმა, თანამედროვე დისკურსულ მოდელებთან სალომე ბენიძის ტექსტის თანხვედრის განხილვამ, როგორც ეს, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე, საკუთრივ ტექსტი მეორე პლანზე გადაიყვანა. თითქოს, ჩვენი განხილვის საგანი არა ”ქალაქი წყალზე”, არამედ მისი ავტორის მეტალიტერატურული შეხედულებები ყოფილიყოს. არა და, ამ მცირე (რაღა მცირე) ნარკვევის მიზნები სრულიად საპირისპიროა – ლიტერატურული ღირებულების ანალიზი.
გამეორება-ცოდნის ნათესაობის ხათრით შევაჯამოთ: განსახილველი ტექსტის ძირითადი გამომსახველობითი მეთოდი – რეალური და ირეალური სამყაროს ზღვარზე ბალანსირება – წარუმატებელად განხორციელდა; იდეების თვალსაზრისით, სრულ ალოგიკურობასთან გვაქვს საქმე. რადგან მეტ-ნაკლებად გავერკვიეთ ტექსტის მასტრუქტურირებელ მაკროელემენტებში, დროულად მიმაჩნია ორიოდე სიტყვა ვთქვათ ნაწარმოების ტექსტურაზე: განვიხილოთ, თუ როგორ არის დაწერილი ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
ვფიქრობ, ენობრივი მხარე ნაწარმოების ”ქალაქი წყალზე” უსუსტესი ასპექტია. სწორედ აქ იგრძნობა ყველაზე ნათლად ავტორის არაპროფესიონალიზმი, გემოვნებისა და იდეების კატასტორფული ნაკლებობა. ტექსტის ყოველ მეორე წინადადებას ერზაცის, წერის პროფანაციის მოტკბო, სევდიანი სურნელი დაჰკრავს. ქალბატონ სალომე ბენიძეს, როგორც ჩანს, ანალიზი საერთოდ არ გამოსდის. ენა, როგორც გარემოს, პრობლემების, პერსონაჟების შეცნობის, გაანალიზებისა და მკითხველისეული სინთეზისადმი დაქვემდებარების ინსტრუმენტი ტექსტში უბრალოდ არ არსებობს. სიტყვაც არ არის განსახილველ ნაწარმოებში ნიშნის ფუნქციის მატარებელი უმცირესი ერთეული (ენის უფრო სიღრმისეულ შრეებზე ხომ საუბარი ზედმეტია). მწერალი არ აანალიზებს გარემოს, ის იღებს კლიშირებულ შესიტყვებებს, ზოგჯერ წინადადებებსაც კი და მკითხველისთვის მათ საკუთარ ნაღვაწად შესაღებას ცდილობს. საოცარი ისაა, რომ ისევ და ისევ, საქმე პლაგიატთან კი არა, ხშირი გამოყენებისაგან გაცვეთილ, შინაარსგამოცლილ ფორმულებთან გვაქვს, რომლებიც სრულად მოკლებულია კონკრეტულ პიროვნებასთან ასოცირების შესაძლებლობას. ტექსტთან ამგვარი მიდგომა რამდენიმეპლანიან შედეგს იძლევა. პირველ რიგში წიგნი ძალიან მარტივად და სწრაფად იკითხება, ოღონ ეს სულაც არ გახლვთ დადებითი შეფასება. ესოდენ სწრაფად კითხვის, თავისებური ლიტერატურული რბოლის დროს, არ რჩება არც ერთი წამი დაფიქრებისათვის. ტექსტი იმდენად კარგად არის დაღეჭილი, რომ მის შესათვისებლად აღმქმელის არანაირი ძალისხმევა არ არის საჭირო. ისევ კულინარიულ ალუზიას რომ მივმართოთ, ეს ერთგვარი იოლად შეთვისებადი ნახშირწყალია: (მაგალითად – შაქარი) არაფერი სასარგებლო, მხოლოდ ზედმეტი კალორიები. მეორე მხრივ, არ არის საჭირო მცირედი ინტელექტუალური ძალისხმევაც კი იმის აღსაქმელად, ვიზუალურ თუ გონისმიერ ხატებად გარდასაქმნელად, რასაც ტექსტი გადმოსცემს. სცენების უმრავლესობა მკითხველის მეხსიერებაში ტიპური (ანუ, ცუდი) ფილმების, ან კიდევ უარესი, ფეისბუკსა და სხვა ინტერნეტსაიტებზე გავრცელებული ”საყვარელი”, ან ”რომანტიკული” სურათების სახით არსებობს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ფაქტი, რომ წიგნი გაძეძგილია იმავე წყაროებიდან აღებული, საყოველთაოდ ცნობილი, გაცვეთილი ფრაზებით, რომლებიც დიალოგების კარკასს ქმნის. შესაბამისად, პერსონაჟთა უნიკალური ნიშნების, მოსაზრებების, განცდების დადგენა სრულიად შეუძლებელი ხდება. ისინი კარგავენ ინდივიდუალურობას და სუპერმენებისა თუ პრინცესების კატეგორიაში გადადიან. და მეოთხე: აღნიშნულის ფონზე ხდება სალომე ბენიძის კრებულის მსგავსი ტექსტებისთვის დამახასიათებელი, ვიტყოდი, სიმპტომატური მოვლენა. როგორც კი მწერალი ცდილობს ჩაერიოს თხრობის მიმდინარეობაში, რამე შედარებით ნაკლებად ბანალური თქვას, ის ან ფროიდული წამოცდენისათვის, ან ღიმილისმომგვრელი გაუგებრობისთვის არის განწირული. კლიშირებული სტრუქტურა სიახლეს არ უშვებს, მთელი თავისი არსით ეწინააღმდეგება ყველაფერ ახალს, ყოველსავე ცოცხალს.
ინტერმეცო 3
დაბრუნება სკოლაში. ტექსტი კომენტარებით, ანუ შეცდომების გასწორება.
”მისი გამჭვირვალე ნაკვთები ჰაერში ლივლივებდნენ” – არა, მოჩვენება არაა, ცოცხალ, რეალურ ადამინზეა საუბარი.
”ყვავილებით მორთულ როიალთან იჯდა და ვალსს უკრავდა” – Кружево, кружево, жабо…
”ამბობენ, რომ ყველა იხდის შეცდომების საფასურს.” – და კიდევ ფეხსაცმელს ძილის წინ.
”ერთი ღამით შეყვარებაც სიყვარულია” – ერთი ნახვით შეყვარების გჯერათ? არსებობს კაცის და ქალის მეგობრობა? რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს?
”ელენა წამოდგა, გაწეწილი თმა გადაიწია და შებრუნდა.
იოაკიმმა ძლივს გაიგონა მისი უკანასკნელი სიტყვა:
– წადი!” – მე ეს სადღაც მინახავს, არ აქვს მნიშვნელობა – სად. ეს თქვენც გინახავთ. ეს არ არის იოაკიმის და ელენას განშორების სცენა. ეს ყველა განშორების სცენაა, დანიელა სტილისმაგვარი ავტორების ყველა სასიყვარულო რომანიდან, ანდა რომანტიკული მელოდრამიდან.
”ქალაქისთვის, რომელიც საკუთარ არსებობას იმ დროიდან ზომავდა…” – როდესაც დროს არავინ ითვლიდა.
”- ყველას ეშინია, – ეუბნებოდა საკუთარ თავს დაძინების წინ, – მთავარია შიშს მოერიო” – ესეც არავისი ფრაზა არ არის. შესაძლოა, მავანმა ფსიქოლოგმა უთხრას ზომაზე მიამიტ ბავშვს. ისიც, ამ ფორმით ნათქვამს, ან დაიჯერებს, ან არა.
”შეეძლო უჩინარად ეცხოვრა და საკუთარი, პატარა ბედნიერებით” -ამას რომელი სკალითღა ზომავს?
”…მარია დაინახა, რომელიც იის ნაყენით იზელდა ძუძუსთავებს და ცდილობდა, წამოედგინა როგორი ტუჩები ჰქონდა – ალბათ, ძუძუსთავების ფერის. ალბათ.” – ალბათ, ან არა.
”გიყურებ და ვხვდები, რომ რაღაც დიდი დაკარგე” – ეუბნება პერსონაჟი გოგოს, რომელიც შეყვარებულს ცოტა ხნის წინ გაშორდა.
ჟიგა
ვფიქრობ, შესაძლებელი იყო წინამდებარე ინტერმეცოთი დამესრულებინა ოპუსი, რომელსაც კითხულობთ. სწორედ ამას ვაპირებდი, როდესაც ერთი შეკითხვა გამახსენდა, წიგნის ”ქალაქი წყალზე” კითხვისას მრავალჯერ რომ დავუსვი საკუთარ თავს: რატომ კითხულობს ამას ამდენი ადამიანი? მართლაც, თუ ტექსტი მოკლებულია ენობრივ დახვეწილობას, იდეურ გამართულობას და მისი ძირითადი თავისებურება, ავტორისეული მიგნება – ცუდად განხორციელებული და ნაძალადევია, რა განაპირობებს პოპულარობას, რომელიც ხვდა წილად ნაწარმოებს?
ანალიზის დროს ჩამომიყალიბდა და განმიმტკიცდა მოსაზრება, რომ სწორედ ზემოთქმული ნაკლოვანებები ქმნის ტექსტის დიდი (დავძენ – გარკვეულ ფარგლებში) პოპულარობის საფუძველს. რა თქმა უნდა, ლიტერატურას მრავალი ფუნქცია აქვს და თითოეული მკითხველი საკუთარი გემოვნების შესაბამისი ფუნქციების მატარებელ ტექსტებს ანიჭებს უპირატესობას. თუმცა, ალბათ, არსებობს მეტ-ნაკლებად უნივერსალური მექანიზმები, რომლებიც განაპირობებს ზოგადად მხატვრული ლიტერატურისადმი ინტერესს. მათგან უმნიშვნელოვანესი ჯერ კიდევ არისტოტელეს დროიდან აღიარებული თანალმობა უნდა იყოს. მკითხველი, ცნობიერად თუ არაცნობიერად, აიგივებს თავს პერსონაჟთან, ანდა, სულ ცოტა, თანაუგრძნობს მას. რასაკვირველია, ამგვარი თვითიდენტიფიკაცია მით უფრო იოლია, რაც მეტი საერთო ხედვა და გამოცდილება აქვთ კონკრეტულ მკითხველსა და გმირს. ალბათ ცალკე აღნიშვნას არ საჭიროებს, რომ რთულ, რელიეფურად გამოკვეთილ და სულაც არა იდეალურ პერსონაჟებთან მკითხველისეული ემპათიის გაჩენა საკმაო ინტელექტუალურ ძალისხმევას, დროს, ფიქრს, მედიტაციას მოითხოვს. აქ უპირველეს მნიშვნელობას იძენს მწერლის ოსტატობა, ლიტერატორის მაგია. ავტორი ხდება ჯადოქარი, რომელიც ენის, ამ უნივერსალური ჯადოსნური ჯოხის საშუალებით მე მაქცევს იმად, რაც არ ვარ – გუინპლენად ან რასკოლნიკოვად, ჰანს კასტორპად ან იოზეფ კ.-დ. ლიტერატურის მაგიას, ძალიან მინდა მჯეროდეს, დროზე ბატონობის უნარი შესწევს. მიუხედავად იმისა, რომ ვარდის სახელი ”წავიკითხე” და მას ”ახლა არ ვკითხულობ”, უმბერტო ეკოს შელოცვა მოქმედებას აგრძელებს. მე ისევ ვარ ცოტათი ვილჰელმ ბასკერვილელი, ცოტაც ადსონი და საეჭვოდ ნათლად წარმოვიდგენ იტალიაში ერთ სააბატოს, რომელიც ცხოვრებაში არასდროს მინახავს. მე ზოგჯერ ვხედავ საკუთარ თავს, რეალურ ჰიპოსტასს მათი თვალითაც. ხანდახან ეს არც თუ ისე სასიამოვნოა, რადგან ზოგჯერ საკუთარი პრობლემების გარდა, მათთვის აქტუალურ საკითხებზეც ვიწყებ ფიქრს. პერსონაჟი ცოცხლდება, თითქოს ხორციელი ხდება – ეს გახლავთ ჩვენს რეალობაში არსებული (საბედნიეროდ) ერთადერთი (სამწუხაროდ) მაგია.
სულ სხვაგვარად გვაქვს საქმე მაშინ, როდესაც პერსონაჟები მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობის ნიშნით კი არ არიან აღბეჭდილნი, არამედ საერთო და არავისი გამოცდილებებიდან არიან შექმნილნი. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე სალომე ბენიძის კრებულის შემთხვევაში. წიგნის გვერდებზე არსებული გმირები რეალურ ადამიანებად ვერ იქცევიან. ამგვარი მეტამორფოზა სწორედ იმ მიზეზებითაა შეუძლებელი, რომლებზეც ზემოთ ბევრი ვისაუბრეთ: იდეების ტრაფარეტულობა, გახატვის საშუალებების – ლიტერატურული ხერხებისა და ენის არასრულყოფილი (ძალიან რბილად რომ ვთქვათ) ფლობა. სამაგიეროდ, არის რამდენიმე ხრიკი, რომელიც ავტორმა, ან იქნებ, მისდა უკითხავად – ტექსტმა, ვირტუოზულად გამოიყენა. ადამიანების ნაცვლად აქ გვხვდება მუყაოს კედელზე დახატული, იდეალურად ლამაზი, სრულყოფილი გამოსახულებები, რომელთა სახის ადგილას ნახვრეტია დატოვებული. წიგნის საფასურის გადახდის შემდეგ ნებისმიერ მკითხველს შეუძლია რამდენიმე წუთით მოირგოს იმ დახატული ზეკაცის როლი. ვის არ უნდა იყოს ლამაზი, ჭკვიანი და წარმატებული, ანდა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, წარუმატებლობის შემთხვევაში – უდანაშაულო. გადაბრალება, საკუთარი თავის მსხვერპლად აღქმა, ხომ ასე კომფორტულია. ”მე ლამაზი, ჭკვიანი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე, კეთილი და ერთგული ვარ. თუ ცხოვრებაში არ მიმართლებს, ეს მხოლოდ იმის, ცუდი ბიძიის, სახელმწიფოს, ან მოღალატე კაცის ბრალია, თორემ მე ხომ უშეცდომო ვარ”. ასეთი სახის ცნობიერი, ან უფრო ხშირად არაცნობიერი მსეჯლობით პრობლემების ანალიზის ჩანაცვლება ინფანტილიზმის უკიდურესი ფორმა და სირაქლემას პოზიციის ტიპური მაგალითია. სამწუხაროდ, ადამიანებს ეს ძალიან გვიყვარს, ეს ხომ გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე საკუთარი პრობლემების ანალიზი და კიდევ, ჰოი საოცრებავ, სხვა ეპოქებსა თუ საზოგადოებებში, განსხვავებული ადამიანებისათვის აქტუალურ საკითხებზე ფიქრი. ბევრჯერ დამიჭერია საკუთარი თავი, რომ სუპერგმირების შესახებ შექმნილ სულელურ ფილმს სიამოვნებით ვუყურებ. ოღონდ, ამგვარ სიმულაციას ერთი უარყოფითი შედეგი აქვს – ვერც შენ ხდები სუპერგმირი და ვერც სუპერგმირი ცოცხლდება.
”ქალაქი წყალზე” მკვდარი ტექსტია, უფრო სწორად, სიკვდილისათვის შობილი. ის მშვენივრად ასრულებს კედელზე დატანილი გამოსახულების ფუნქციას: ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მკითხველს წამით თავს იმად აგრძნობინებს, რადაც მას სურს. ოღონდ, სამახსოვრო ფოტოს გადაღების შემდეგ, ფოკუსი დასრულდება. ილუზიონისტსა და ჯადოქარს შორის ხომ სწორედ ეს განსხვავებაა, ერთი გატყუებს, მეორე – არა.
© არილი