(ზაზა ალექსიძის ერთი ძველი წერილის გამო ამტყდარი რისხვის გახსენება)
ძნელია, მოიძებნოს სხვა ორი ერი, რომელთა ისტორიული და თანამედროვე ბედიც ისე ყოფილიყოს გადაჯაჭვული, როგორც ქართველებისა და სომხების. და კიდევ უფრო რთულად მოიძებნება ორი ისეთი ერი, რომელთა ერთობასა და ერთიანობას ასე საგულდაგულოდ, თანმიმდევრულობითა და მიზანდასახულობით უთხრიდნენ ძირს დღიდან ამ ორი ერის და სახელმწიფოს არსებობისა. რომის იმპერიისა და მისი მეტოქე ირანის, ბიზანტიისა თუ არაბული საემიროების, ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიების და ბოლოს რუსეთის, მისი სხვადასხვა მანიფესტაციით, ყველა ამ აგრესიული ძალის დაპყრობითი პოლიტიკისა და ამიერკავკასიაზე გაბატონების ქვაკუთხედი ქართველთა და სომეხთა შორის განხეთქილების ჩამოგდება და განმტკიცება იყო.
ამიტომ, თუ საერთოდ არსებობს ისეთი რამ, რასაც ეროვნული ინსტინქტი ჰქვია და თუ ეს ინსტინქტი რამე მისტიფიკაცია არაა, მაშინ მისი ყველაზე სამარცხვინო, ყველაზე მდარე და პრიმიტიული გამოვლინება არმენოფობიაა. სამწუხაროდ კი ისე მოხდა, რომ არმენოფობია, მისი ექსტრემალური, თუ თითქოს უვნებელი გამოვლინებები, ქართული ნაციონალიზმისვე დნმ-ში აღმოჩნდა. თუ დღევანდელ საჯარო სფეროს გადავხედავთ და მის ყველაზე, ასე ვთქვათ, მეტყველ, სივრცეს, facebook-ს, ამ ინსტინქტს გავარჩევთ ყველგან და ყველაფერში: თითქოს უწყინარ ხუმრობაში, ისტორიულ წიაღსვლებში, სომეხ მეზობელზე მოყოლილ „ნამდვილ“ ამბებში და ეთნოფსიქოლოგიურ დაკვირვებებში, თუ უბრალოდ ისე, სიტყვის მასალად. სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიის ყველაზე ნათელ დროშიც, როცა ეროვნული იდენტობა იწრთობოდა და საქართველოს და მისი იდენტობის რაობაც ისაზღვრებოდა, არმენოფობია ამ პროცესის თანმდევი სული იყო. და რამდენადაც უნდა გვეამაყებოდეს ილია ჭავჭავაძის „ქვათა ღაღადი“, რითაც ილია საქართველოს წარსულს იცავს რამდენიმე რუსი და სომეხი მეცნიერის პრეტენზიებისგან, იმდენადვე უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ის დამამცირებელი ეპითეტი, რომლებითაც სომხები იმკობოდნენ ათწლეულების მანძილზე, სწორედ ამ ნაციონალური ტექსტებიდან იღებს სათავეს. რადგან ისე მოხდა, რომ მე-19 საუკუნის ეროვნული მოძრაობის ლიდერები, მარჯვნივაც და მარცხნივაც, საკუთარ ეროვნულ პროგრამას ნაწილობრივ მაინც ანტი-სომხურ სენტიმენტებზე ამყარებდნენ („გაზულუქებული“ სომეხი ვაჭრების თუ ჩამოსახლებული სომხური თემების დემონიზებით), დღესაც, ბევრ სივრცეში ეს ორი რამ, ერთი მხრივ, ქართული პატრიოტიზმი თუ ნაციონალიზმი და, მეორე მხრივ, არმენოფობია, ტოქსიკურადაა გადაკვეთილ-გადაბმული. ცხადია, არავინ, ვინც არმენოფობიულს სჩადის რამეს, ასეთად თავს არ მიიჩნევს (არც ანტისემიტი, სხვათა შორის). არმენოფობია, პირველ რიგში, არის სომხური იდენტობის ესენციალიზაცია, სომხებისთვის, როგორც ერისთვის, ამ სიტყვის უფართოესი განმარტებით, რაღაც კოლექტიური თვისებების მინიჭება. ვინც ამ წერილს კითხულობს, ალბათ ყველამ იცის რაც: მერკანტილიზმი, უსამშობლობა, უნდოობა. ერთი სიტყვით, სომხებს აკლიათ ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის ორგანულია: სამშობლოს სიყვარული, გულუხვობა, ერთგულება, პატიოსნება და ა.შ.
ამ წერილში კი არმონოფობიისავე კონტექსტში შექმნილი უცნაური ნეოლოგიზმის, „არმენოფილიის“ შესახებ მინდა ლაპარაკი ერთი ოცდახუთი წლის წინანდელი ისტორიის გახსენებით. ოღონდ არავის, ვისაც სიტყვა არმენოფილია გამოუყენებია ან ვინმესთვის არმენოფილია დაუწამებია, ეს სიტყვა დადებითად არ გამოუყენებია. არმენოფობიურ დისკურსში „არმენოფილი“ არაა ანგლოფილივით კეთილშობილი, მისი ფილია იმ სხვა, ცუდი ფილიების რიგში უფროა. ჰოდა, მე მგონი, პირველად და ყველაზე მკაფიოდ ეს ეპითეტი შეარქვეს მამაჩემს, ზაზა ალექსიძეს, რის შესახებაც მინდა ქვემოთ მოგითხროთ.
მაგრამ ჯერ ცოტა შორიდან დავიწყოთ და ერთგვარ ტრუიზმებს მოვყვეთ. ორივე ერს, ქართველსა და სომეხსაც, განსაკუთრებით გამძაფრებული აქვს ისტორიის აღქმა და ამ ისტორიაში საკუთარი არსებობის საზრისის ძიების წყურვილი. ორივე ერისათვის თანამედროვეობა თითქოს რაღაც სამწუხარო რეალობაა, რომელიც ლოგიკურად არ გამომდინარეობს დიადი წარსულიდან. ნამდვილი ქართველობა და ნამდვილი სომხობა კი იქ, იმ წარსულში, მის დაცვასა და პროპაგანდაში ინახება. ამიტომ სომეხ და ქართველ მეცნიერთა შორის სადავო საკითხი, რაც შემდეგ ფართო პუბლიკაში გადაიღვარა კიდევ უფრო პრიმიტიული სახით, უამრავია და ყოვლისმომცველი: ვინ და როდის შექმნა ქართული ანბანი? ქართველები და სომხები მეშვიდე საუკუნემდე „მონოფიზიტები“ იყვნენ თუ არა? პირობითად ოშკი ქართული ტაძარია თუ სომხური? გრიგოლ ბაკურიანისძე ქართველია თუ სომეხი? ესა თუ ის სიტყვა ქართულიდანაა შესული სომხურში, თუ სომხურიდან – ქართულში? ბიბლიის ესა თუ ის წიგნი სომხურიდან ითარგმნა ქართულად თუ ბერძნულიდან? ესა თუ ის ტოპონიმი სომხურად აიხსნება თუ ქართულად? მოკლედ, ვერ ნახავთ შუა საუკუნეების ქართველოლოგიის ვერც ერთ საკითხს და, მით უმეტეს, კავკასიოლოგიისა, რომ არ იყოს აზელილი ქართულ-სომხურ ტოქსიკურ ურთიერთობაში. თუმცა, პარადოქსულად, არსად, არც ერთ ძველ წყაროში, არც სომხურსა და არც ქართულში არ იკითხება მსგავსი პოლემიკა რაიმეს სომხურობის ან ქართულობის შესახებ, არც ერთ ეკლესიაზე და არც ერთ ადამიანზე, იმ უბრალო მიზეზით, რომ ასე მკაცრად დიფერენცირებული კატეგორიები მაშინ არ არსებობდა. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების ნაციონალური სენტიმენტები, ერისა და ეთნოსის გაიგივების (ჩემი აზრით, მავნე) ტენდენცია, მე-ს და სხვის კატეგორიულად გარჩევის ვნება გადასწვდა ისტორიოგრაფიას. იქ, სადაც ისტორიულად არ ყოფილა გარჩევა ან არ აღიქმებოდა განსხვავებად, დღეს ვეძებთ განსხვავებასა და უნიკალურობას; „სომხობა“ და „ქართველობა“ აქცია რიგიდულ, შეუვალ და ორგანულ ერთეულებად, რომელსაც დაცვა და გადარჩენა ესაჭიროება და ხშირად, სამწუხაროდ, სწორედ ერთმანეთისგან.
***
ზაზა ალექსიძემ (1935-2023) მთელი თავისი ცხოვრება დაუთმო ამიერკავკასიის ისტორიისა და კულტურების კვლევას. ამ ხანგრძლივ კარიერაში, ჩემი აზრით, სამი ძირითადი ხაზის გამოყოფაა შესაძლებელი: ქართველოლოგიურის, ალბანოლოგიურისა და არმენოლოგიურის, თუმცა ის ამ სამს სამართლიანად არც განარჩევდა და ერთად უწოდებდა კავკასიურ კვლევებს.
აქედან ორი სათავეს იღებს სინის მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში აღმოჩენილი ხელნაწერებიდან. 1975 წელს მომხდარი ხანძრის შედეგად, წმინდა გიორგის სამლოცველოს ჩამონგრევასთან ერთად, იატაკში დამალული ათასობით ხელნაწერი ფურცელი აღმოჩნდა, მათ შორის ათობით ქართული ხელნაწერი წიგნი. სწორედ ამ ხელნაწერთა შორის გაირჩა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ და „ასურელ მამათა ცხოვრებების“ ახალი რედაქციები, რომელთაც ბევრად გაამდიდრეს ჩვენი ცოდნა ამ ტექსტებისა და ეპოქების შესახებ.
კვლევის მეორე და საერთაშორისო მნიშვნელობით ალბათ ყველაზე გავლენიანი ხაზი იყო ალბანოლოგიისთვის, საერთოდ როგორც დარგისთვის, საფუძვლის ჩაყრა. იმავე ხანძრის შედეგად აღმოჩენილ პალიმფსესტთა შორის მან მიაგნო, გაშიფრა და ამოიკითხა კავკასიის ალბანეთის მწერლობის ნიმუშები, რაც სულ სხვა თავგადასავლებით გაჯერებული ისტორიაა და ცალკე სტატიას იმსახურებს.
ზაზა ალექსიძის ყველაზე ხანგრძლივი კვლევის საგანი კი იყო ქართველთა და სომეხთა ურთიერთობა და უფრო ზუსტად მეშვიდე საუკუნის დასაწყისში მათ შორის მომხდარი საეკლესიო განხეთქილება. გარდა უამრავი სტატიისა, მან ამ საკითხს სამი ფუნდამენტური გამოცემა და გამოკვლევა მიუძღვნა.
ჩემი, ალბათ სუბიექტურიც, მაგრამ უფრო პროფესიული აზრით, მისი „ეპისტოლეთა წიგნი“, არის ქართულ ენაზე დაწერილ ისტორიოგრაფიულ გამოკვლევათა შორის ერთ-ერთი საუკეთესო. საუკეთესოა იმიტომ, რომ ერთდროულად მოიცავს ფილოლოგიურ სიზუსტეს, ორი ენის ზედმიწევნით ლინგვისტურ ცოდნას, წყაროთმცოდნეობით ანალიზსა და, რაც მთავარია, შემოქმედებითობას, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი ქართულითაა დაწერილი. აქ ამოიკითხავთ ამბებს ქართლისა და ეგრისის საეკლესიო ერთიანობის შესახებ, მცხეთის ჯვრის ისტორიას და, რაც მთავარია, კირიონ ქართლის კათალიკოსის ცხოვრების აღდგენის დეტექტიურ მცდელობას. ალექსიძის აზრით, კირიონ კათალიკოსი, სომხებთან საეკლესიო განხეთქილების არქიტექტორი, იყო ერთ-ერთი პირველი ისტორიული ფიგურა, რომელსაც გამოკვეთილად ესმოდა საქართველოს ეროვნული ინტერესები და განსაზღვრა ამ ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ტრაექტორია შემდეგი საუკუნეებისათვის, რითაც იყო გრიგოლ ხანძთელის ერთგვარი იდეური წინამორბედი. ყველაზე საინტერესო კი ის მსჯელობაა, რითაც ალექსიძე ასაბუთებს, რომ კირიონ კათალიკოსი იგივე კიროს ფაზისელია, იმპერატორ ჰერაკლეს თანამებრძოლი და მოკავშირე, რომელიც შემდეგ დაინიშნა ალექსანდრიის პატრიარქად და ცნობილი გახდა როგორც კიროს ალმუკავკისი, ეგვიპტის დე-ფაქტო მმართველი, რომელმაც პირველი კონტაქტი დაამყარა მუჰამედთან. ასე რომ, თუ ერთდროულად ეძებთ მეცნიერებასა და თავგადასავლებს, წაიკითხეთ „ეპისტოლეთა წიგნი“.
ეპისტოლეთა წიგნს მოჰყვა უხტანესი „ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან“ და შემდეგ არსენი საფარელის „განყოფისათვის ქართლისა და სომხეთისა“. ეს ორი ავტორი ერთი სომეხი და მეორე ქართველი, მეათე და მეთერთმეტე საუკუნეების გადმოსახედიდან იხსენებენ იმ მეშვიდე საუკუნეების ამბებს, როცა პირველად მოხდა განხეთქილება ქართველთა და სომეხთა შორის და დაირღვა ამიერკავკასიის ერთობა. ორივეს ტრაგიკულ ამბად მიაჩნია ეს მოვლენა, თუმცა ორივე თავისი თანამედროვეობისთვის და თანამედროვე პოლიტიკური და იდეოლოგიური ინტერესების სამსახურში აყენებს იმ ძველი ამბების გახსენებას.
ამავე დროს ათწლეულები მიუძღვნა სომეხ მეცნიერებთან პოლემიკას, რადგან მიიჩნევდა, რომ კავკასიოლოგია არ არის მხოლოდ მეცნიერება და ეროვნული ინტერესების დაცვასაც მოიაზრებს. მასა და ცნობილ სომეხ მეცნიერთა შორის დავა კავკასიის ისტორიის ამა თუ იმ საკითხის შესახებ არის მაგალითი, ერთი მხრივ, მეცნიერული პოლემიკისა და, მეორე მხრივ, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვისა. ასევე კარგად მახსოვს, თუ როგორ გულწრფელად განიცადა მამაჩემმა, როცა მისი ყველაზე უკომპრომისო სომეხი მეტოქე, ცნობილი მეცნიერი პარუირ მურადიანი გარდაიცვალა. მისდამი მიძღვნილი გამოსამშვიდობებელი წერილი ასე დაასრულა: „ჩვენი ურთიერთობები ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებს ჰგავდა, ვკამათობთ, ვდავობთ, მაგრამ ერთმანეთის გარეშე არსებობა ვერ წარმოგვიდგენია“.
ასე რომ ათწლეულების მანძილზე ზაზა ალექსიძემ საერთაშორისო აკადემიაში თავი დაიმკვიდრა, როგორც ქართულ-სომხური ურთიერთობების ყველაზე ავტორიტეტულმა მცოდნემ. ამავე დროს, მოხდა ის, რაც ხშირად ხდება ხოლმე, როცა ადამიანი ნაციონალისტური დარწმუნებულობის ნაცვლად, ნაკლებად კომფორტულ, უფრო შუალედურსა და ბევრისთვის ბუნდოვან სივრცეში მოექცევა ხოლმე. ზაზა ალექსიძე სომხური მეცნიერების გარკვეულ წრეებში ნაციონალისტად შერაცხეს, თუმცა ეს არც იყო გასაკვირი, რადგან იმ დროს სომხური მეცნიერების ელიტამ მოიკვეთა ყველა, სომეხიცა და არა სომეხიც, ვინც არ იზიარებდა ოფიციალურ სომხურ ისტორიოგრაფიას. ზაზა ალექსიძისთვის ყველაზე მტკივნეული იყო ის, რომ საქართველოში „სალანძღავი“ ნეოლოგიზმი შეთხზეს – არმენოფილი! თავის თავად ამ სიტყვაში ცუდი არც არაფერია, ოღონდ მათ, ვინც ეს სიტყვა მოიგონეს, ყველაფერი ცუდი და „ანტიქართული“ ჩადეს მასში. სწორედ ამ ამბავზე მინდა ქვემოთ მოყოლა, ტენდენციაზე, რომელმაც მტკივნეული ხასიათი ეროვნული მოძრაობის პერიოდში მიიღო, მაგრამ განსაკუთრებით მძაფრი გახდა შემდეგი დეკადების მანძილზე.
***
1998 წლის გაზაფხულზე, გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” ნომრებში გაიმართა პოლემიკა, თუმცა, მე რომ მკითხოთ, ეს სიტყვა ზედმეტი პატივია იმისა, რაც მოხდა და რის გამოძახილებსაც დღემდე სპორადულად შევხვდებით ხოლმე. არ მგონია, ბევრს ახსოვდეს, მაგრამ მე მახსოვს იმიტომ, რომ მახსოვს ზაზას განცდები და ტკივილი, რაც ამ ყოველივეს შედეგად მიადგა. 25 წლის მერე, იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში და იმ გარდატეხების ფონზე, რაც ხდება ამიერკავკასიაში, მგონია, რომ მნიშვნელოვანია იმ ყოველივეს გახსენება, მით უმეტეს, რომ ბოლო დროს, მთიანი ყარაბაღიდან სომხების მორიგი განდევნის შემდეგ, უკვე მეც გავხდი შემჩნეული სომხებისადმი ზედმეტ სიყვარულსა და გულშემატკივრობაში.
1998 წლის 11 იანვარს ზაზა ალექსიძემ გამოაქვეყნა წერილი სათაურით „კავკასიის ისტორიის გაკვეთილები“, რომელსაც რედაქციამ „ჩვენი ისტორიის გაკვეთილები“ დაარქვა. თუ არ ვცდები, მოხსენება ბუდაპეშტში რაღაც კონფერენციისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ წასვლა ვერ შეძლო და ბოლოს ცოტა შეცვლილი სათაურით გამოაქვეყნა.
მოკლედ რომ გადმოვცეთ წერილის სათქმელი, ეს იყო შემდეგი: ის ჯერ მსჯელობს ამიერკავკასიის ქვეყნების, კერძოდ სომხეთისა და საქართველოს ისტორიაზე და უნდა, რომ ახსნას ამ რეგიონის განსაკუთრებულობა, ოღონდ არა მხოლოდ ისტორიული თვალსაზრისით, არამედ წარმოაჩინოს ის, როგორც გაკვეთილი თანამედროვე მსოფლიოსთვისაც. წერილს ცოტა წინასწარმეტყველურად იწყებს, თითქოს იცის, თუ რა მოჰყვება მას:
„კავკასიისმცოდნე არ შეიძლება მხოლოდ მეცნიერების სამსახურში იდგეს. იგი უნდა იყოს წამკითხველი და მქადაგებელი იმ დიდი გაკვეთილებისა, რომელიც ჩვენ ისტორიამ დაგვიტოვა. მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობს ის დიდი საფრთხეც, რომელიც ჩვენში არ ემუქრება ჰუმანიტარული მეცნიერებების არც ერთი სხვა დარგის წარმომადგენელს ისე, როგორც კავკასიისმცოდნეს. მას მუდამ აწევს ტვირთად არაპროფესიონალი წრეებისა და ახლომხედველი პოლიტიკოსების სუბიექტურ განწყობილებათა მოთხოვნა, გაამართლოს მათი იმედები და მოლოდინი“.
წერილის დასაწყისშივე აშკარა გახდა, თუ რა ქარიშხალი ატყდებოდა მალევე, მით უმეტეს, რომ ის უნდა შეხებოდა ქართული ისტორიოგრაფიისთვის ერთ განსაკუთრებით მტკივნეულ საკითხს: საქმე ისაა, რომ მეთერთმეტე საუკუნის ქართველი ისტორიკოსი, რუისის ეპისკოპოსი ლეონტი, რომელსაც მიეწერება „ქართლის ცხოვრების“ ავტორობა, კავკასიელ ხალთა წარმომავლობაზე მსჯელობისას წერს, რომ ქართველთა და სომეხთა, ასევე ყველა ავტოქტონი კავკასიელი მოსახლეობის წინაპარი იყო თარგამოსი, იგივე ბიბლიური თოგორმა. ხოლო თარგამოსის შვილი ჰაოსი, “უმეტეს გმირი იყო ყოველთასა“, რომელიც დაემკვიდრა არარატის მიდამოებში, და მამისგან მემკვიდრეობით არარატის მიდამოებში „ნახევარი და უმჯობესი ქუეყანისა მისისა“ მიიღო. ჰაოსს ჰყავდა უმცროსი ძმა ქართლოსი, რომელიც ქართველთა ეთნარქია და ქართლოსის უფრო შვილი კი მცხეთოსია და ა.შ. ლეონტი მროველი მეტსაც და კიდევ უფრო სკანდალურ რამეს ამბობს, რომ სანამ ქართველთა ენა ქართული გახდებოდა, მანამდე სომხური იყოო.
ასე რომ, ლეონტი სამ რამეს ამტკიცებს: ა) სომეხთა ეთნარქი კავკასიის ეთნარქთა შორის ყველაზე უფროსი და უგმირესი იყო ბ) მან მემკვიდრეობით „უმჯობესი“ მიწები მიიღო და გ) ქართველთა ენა, სანამ ქართული ჩამოყალიბდებოდა, სომხური იყო. ქართულ ისტორიოგრაფიაში ძალიან ბევრი სიტყვა დაიხარჯა ლეონტის ამ ცნობის ასახსნელად. ხან ის ითქვა, რომ რაღაც სხვას გულისხმობდა, ხან რომ შეცდომა დაუშვა, ხან ვიღაცის ჩამატებულიაო, ხან სომხეთს კი არა ურარტუს გულისხმობდაო და ბოლოს, რომ ლეონტის საერთოდ არაფერი დაეჯერება. ზოგმა ისიც თქვა, რომ საერთოდ ამოღებული უნდა იყოს ეს ცნობა ქართლის ცხოვრების ახალი გამოცემებიდანო, ან თუ იქნება, მკაცრად გაკრიტიკებული ფორმით უნდა დარჩესო! ფაქტია, რომ ვერაფრით აიხსნა, თუ ჯერ რატომ თქვა ასეთი წარმოუდგენელი რამ ლეონტიმ, მერე შემდგომმა რედაქტორებმა, მაგალითად, ვახტანგ მეექვსემ, რატომ „გაატარეს“ ის, და თუ იმათ ვერ უქნეს ვერაფერი, ახლა რაღატომ იბეჭდება ხოლმე ეს ერესული პასაჟები. 1955 წელს სიმონ ყაუხჩიშვილმა ქართლის ცხოვრების აკადემიური რედაქცია გამოსცა. ორი წლის შემდეგ გამოენთო ლეონტის პასაჟით აღშფოთებული ძველი ბოლშევიკი პოეტი ალიო მირცხულავა და, ზოგადად, ეჭვი შეიტანა „ქართლის ცხოვრების“ გამოცემის საჭიროებაში: „ზღაპარზე აგებული ისტორია ქართველ ერს არ სჭირდებაო!“ საბოლოო ჯამში, ერთგვარი დაუწერელი კონსენსუსით, ლეონტი მროველს არმენოფილი, ხოლო მის ამ ცნობას არმენოფილური ეწოდა.[1]
სწორედ ამ ცნობის ანალიზს ეთმობა „ისტორიის გაკვეთილების“ პირველი ნაწილი. ზაზა ალექსიძეს ხაზგასმით არ აინტერესებს და არ არჩევს ამ ცნობის სიმართლეს, მეტიც, ეჭვიც არ ეპარება მის არაისტორიულობაში. წერილის ფოკუსი არის თვითონ ლეონტიზე, რომელიც ბიბლიური და კიდევ სხვა უცნობი წყაროებით სარგებლობს და საერთოდ არ განიცდის ამ ამბავს, საერთოდ არ ფიქრობს, რომ მას და მის ქვეყანას ამ ცნობით რამე აკლდება და თავშიც არ მოსდის ამ ამბის მიჩქმალვა. რატომ? იმიტომ, რომ ლეონტის არ აწუხებს არც რაიმეს ფობია და არც არასრულფასოვნება და საერთოდ არ ფიქრობს, რომ თუ იმ ცნობას, რას მან წყაროებში ამოიკითხა, პირუთვნელად გადმოსცემს, რამეს დააშავებს. ლეონტის დროს იწყება ქართველების მიერ კავკასიის გაერთიანება, ქართული სამეფო ყველაზე ძლიერია ამიერკავკასიის სახელმწიფოებს შორის და ლეონტიც, როგორც თავისი დროის შვილი, თავდაჯერებულია. რატომ არ ფიქრობდა ლეონტი, რომ ამბის გადმოცემით რაიმე შავდებოდა და რატომ არის ეს ცნობა დღეს სრულიად მიუღებელი, იმდენად, რომ ამ ცნობის ტექსტში მოსახვედრად სრულიად ფანტასტიკურ ახსნას ეძიებენ? ალბათ იმიტომ, რომ დღეს ნაციონალიზმი ზოგადად ან იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს, შიშებითა და არასრულფასოვნების ბაცილითაა დაავადებული, ყოველივე იმით, რაც ლეონტის არ ადარდებდა.
ალექსიძე აგრძელებს:
„ყურადღებით თუ დააკვირდებით, ისინი [საქართველო და სომხეთი] არასდროს უპირისპირდებიან ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოხლოდ; არამცთუ გამორიცხავენ, გარკვეული თვალსაზრისით ავსებენ კიდეც ერთმანეთს, რის გამოც არასდროს რჩება ამიერკავკასიაში კრიტიკულ წერტილამდე მისული ვაკუუმი უცხო ძალისა და კულტურის ტოტალურად დამკვიდრებისათვის. სწორედ ამ მწვერვალების ქრონოლოგიური და ტიპოლოგიური განსხვავებების გაუთვალისწინებლობის შედეგია… უსაგნო დავა ერთი ქვეყნის მეორეზე უპირატესობისა და გავლენების შესახებ“.
ამის შემდეგ ალექსიძე ავითარებს მნიშვნელოვან მსჯელობას, თუ რა პერიოდს მოიხსენებენ ქართველები „ოქროს ხანად“ და რას – სომხები. ამბობს, რომ ქართველებისთვის ეს იყო მე-12 საუკუნე, პოლიტიკური ძლიერების ზენიტში ყოფნის ეპოქა, როცა შესაბამისმა შემოქმედებითმა ენერგიამაც მწვერვალს მიაღწია „ვეფხისტყაოსნის“ სახით. ხოლო სომხებისთვის ასეთი დრო მე-5 საუკუნე იყო, როცა შეიქმნა სომხური ლიტერატურის შედევრები და თან მაშინ, როცა აღარც სამეფო არსებობდა უკვე და სომეხ ერს ზოგადად არსებობისთვის ჰქონდა გაჩაღებული გადამწყვეტი ბრძოლა სასანურ ირანთან. ამიტომ იდენტობის გადარჩენის, შენახვის, დაფიქსირების ინსტინქტი ყოველთვის ძლიერი იყო სომხურ ტრადიციაში. წერდნენ ყველაფერს და ყველაფერზე, აფიქსირებდნენ ყველა ავლასა და ჩავლას, რადგან მუდმივად საფრთხეში მყოფი ან გაუქმებული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის პირობებში, მეხსიერება იყო ის, რაც მათ ერს წალეკვისგან იხსნიდა. მართლა ასეც მოხდა. ასე იყო მეხუთე საუკუნეში და ასეა დღესაც, როცა მეოცე საუკუნის დასაწყისში ოსმალების მიერ სომხების სისტემური ხოცვა-ჟლეტა, ეთნოწმენდა და გადასახლება მეხსიერების ერთგვარი წმინდა ლოკუსია, რომელიც განაპირობებს თანამედროვეობასაც.
შემდეგ ზაზა სომხურ „ოქროს ხანას“ ადარებს ქართულს, ეპოქას, რომელიც ყველაფერთან ერთად გამოირჩეოდა თავისი კოსმოპოლიტურებითა და შემწყნარებლობით. ამ პერიოდში ქართველი მეფეები თავს სომეხთა მფარველებად და მცველებადაც მიიჩნევდნენ, რადგან სომხურ მიწები ამიერკავკასიის განუყოფელი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო.
„სხვათა რჯულისა და სხვა მრწამსის შემწყნარებელი ქვეყანა და ეკლესია შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომელიც თვითონ ურყევად ერთგულია თავისი სარწმუნოებისა და თავის მრწამსის. სხვაგვარად შემწყნარებლობა გაუგებარია და უაზრო. როგორ შეიძლება შეიწყნაროს თავის თავში მერყევმა ის, ვინც არ ღალატობს თავის სარწმუნოებას. როგორ შეიძლება დააფასოს სხვისი ერთგულება ორგულმა?“
შემდეგ მსჯელობს საქართველოს გაერთიანების იდეაზე და თუ როგორ ყალიბდებოდა ეს იდეა მე-6 საუკუნიდან, როცა „ნელადრე შეკრბა ქართლი“ და როცა აიგო მცხეთის ჯვარი „მცველად ყოვლისა ქართლისა“ და თუ როგორ გახდა უკვე გრიგოლ ხანძთელის დროს ქართული ენა და ღვთისმსახურება ქართული იდენტობის განმსაზღვრელი.
ბოლო ნაწილში საუბარია საქართველოს საბოლოო გაერთიანებაზე დავით აღმაშენებლის მიერ, როცა საქართველოს ნაწილი გახდა ჩრდილოეთ სომხეთიც. მოთხრობილია, თუ როგორ მიიღეს დავითი და მისი შთამომავლები სომხებმა როგორც საკუთარი სუვერენები და როგორ მიიჩნიეს თამარის ეპოქა კავკასიაში მათი სახელმწიფოებრიობის აღდგენად. ალექსიძეს მოჰყავს გიორგი მეშვიდის მაგალითი, თუ როგორ უწევდა გააფთრებულ წინააღმდეგობას თემურ ლენგს და როგორ ჩაბარდა მხოლოდ მაშინ, როცა თემურ ლენგი სომხეთის აოხრებით დაემუქრა. წერილს შემდეგი სიტყვებით ასრულებს:
„საქმე ის არის, რომ ქართველი მეფისათვის მაშინ სომხეთი საქართველოს ნაწილი იყო, ხოლო სომხები საქართველოს მეფის შვილები და ის ამ თვალსაზრისით არაფრით განსხვავდებოდა, ვთქვათ, კახეთისა და კახელებისგან. ამავე დროს, სომხეთი იყო უმნიშვნელოვანესი სამხრეთი კარიბჭე საქართველოსთვის… მაგრამ ეს ყველაფერი პრაგმატული არგუმენტებია. საქართველოს მეფის საქციელს, შესაძლოა, უფრო ღრმა მორალური საფუძველი ჰქონდა. საქართველოს მეფე თავს სომეხთა მფარველად აღიქვამდა, ხოლო მფარველი მისთვის თავშეფარებულს საკუთარი და თავისი ოჯახის წევრების სიცოცხლის ფასადაც არ გასცემდა. ძნელია გადაჭრით რაიმეს თქმა, მაგრამ ისტორია ლამაზი და ჭკუის სასწავლებელია სწორედ ასეთი პარადოქსებით“.
***
იმ რეაქციის მასშტაბს, რაც მოჰყვა ამ წერილის გამოქვეყნებას, თვითონ ნამდვილად არ მოელოდა. იმავე „საქართველოს რესპუბლიკაში“ და მის მიღმაც ატყდა ერთი ამბავი, ქვეყნდებოდა წერილები, სადაც იგმობოდა ალექსიძის „არმენოფილობა“. უწუნებდნენ მეთოდოლოგიას, საეჭვოდ მიაჩნდათ მის მოტივაცია, სწამებდნენ ანტიმეცნიერულობას. ყველა პასუხს ვერ მივაგენი, მაგრამ 24-ე და 25-ე ნომრებში გამოქვეყნებული გამოხმაურება, ალბათ, ყველაზე ტიპური იყო, როგორც ყველაზე მკაფიო გამოვლინება ქართულ ცნობიერებაში გამჯდარი ანტისომხური სენტიმენტებისა.
იმავე თვის ბოლოს გამოქვეყნდა თავის დარგში, მაგრამ არა კავკასიისმცოდნეობაში, დამსახურებული მეცნიერის წერილი, სადაც აღშფოთებულმა ავტორმა ზაზა ალექსიძეს დააბრალა ისტორიოგრაფიაში „მაკრატლითა და წებოთი“ ოპერირება, დაგმო მისი „არაკეთილსინდისიერება“, დაუწუნა კრიტიკული ცნობიერება და ეჭვი შეიტანა მის ცოდნაში თანამედროვე ისტორიოგრაფიული მეთოდებისა. შესავალშივე ავტორი, მისი აზრით, აჯამებს ალექსიძის ნათქვამს და მკითხველს უყვება, თუ სინამდვილეში რაზეა ალექსიძის წერილი:
„ავტორს უნდა ბოლო მოუღოს ქართველ და სომეხ ინტელექტუალებს შორის საუკუნოვან დავას. იგი პრობლემას ასე წყვეტს: ქართველებმა მართებულად უნდა მიიჩნიონ სომხების ყველა პრეტენზია და დაინახონ ის დიდი სიყვარული, რომლითაც სომხები გამსჭვალულები იყვნენ ქართველების მიმართ.“
ეს დასკვნა, ცხადია, გათვლილია მათზე, ვისაც არ წაუკითხავს თავდაპირველი წერილი და ვისთვისაც გრენლანდიაში წასვლა არაა საჭირო, რომ იცოდეს, რომ იქ ცივა. ფილოსოფიისა და სხვა ამდაგვარი ამბების პროფესორი ხელად აწყობს ცვილის კაცს და ხმალამოღებული ესხმის თავს: ალექსიძის წერილის ძირითადი მოტივი ყოფილა „იმის დამტკიცება, რომ ქართველები და სხვა კავკასიელი ხალხი სომხური წარმოშობისაა“ და „ამ საქმეში“ ალექსიძე ემყარება ლეონტი მროველს – ერთი არმენოფილი – მეორეს. ავტორი სვამს რიტორიკულ კითხვას, თუ „რა მეთოდოლოგიური პრინციპებით ხელმძღვანელობს ის, როცა ქართველებს ჰაოსიანთა ბანაკს მიგვაკუთვნებს?“ ავტორი კიდევ აგრძელებს შეჯამებას: „მაშასადამე, პირველ ნაწილში კავკასიის რვა რეგიონი ცხადდება სომხურად, მათ შორის საქართველოც და მათი ენაც სომხურად“. ამ სტილში გრძელდება სტატია და ყველა ის მაგალითი ისტორიიდან, რაზეც ალექსიძე მსჯელობს, მოკლედ ასეა შეფასებული: „ყველა ზღაპარი, რომელსაც ავტორი გვიყვება, დაუჯერებელია“. ავტორი ასევე კატეგორიულად ითხოვს, რომ ალექსიძემ „ლეონტი მროველის მტკიცებები დაასაბუთოს!“
ავტორი განსაკუთრებით ერთი სიტყვის გამოყენებით გაღიზიანდა. ალექსიძემ ახსენა, რომ ლეონტიმ ეს ცნობა თავისი და შემდგომი დროის ნაციონალისტების საპასუხოდ, ვინც ბევრად ნაკლები შემწყნარებლობით გამოირჩეოდნენ, შეიტანა საკუთარ თხზულებაში. მოპასუხემ კი ილია ჭავჭავაძის, მიხაკო წერეთლის და სხვა დიდი ნაციონალისტების წინააღმდეგ წასვლაში დასდო ბრალი.
ლეონტის მტკიცებასაც, რომ ჰაოსი კავკასიაში „უმჯობეს“ მიწებს ფლობდა, ავტორი, ცხადია, ალექსიძეს მიაწერს და ამბობს:
„რაც შეეხება საუკეთესო მიწებს, როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ სომხეთის ტერიტორია სჯობია საქართველოსას? მაშინ რატომაა სომხები მიგრაციითა და უცხო გარემოსადმი ადაპტაციით მთელს მსოფლიოში გამორჩეული? დრეს სომხების მიგრაციულობით გამორჩეულობას დემოგრაფიული ცნობიერებაც კი აღიარებას, რისი ერთ-ერთი მიზეზი მათი ოიკოსია და თუ ქართველები მიგრაციით არ გამოირჩევიან, ამის ერთ-ერთი მიზეზი ქართველების მიწის სიუხვესა და სილამაზეშია“.
ამ ყველაფერზე დიდხანს არ გავჩერდებოდი, რომ არა ავტორის ეს ბოლო პასაჟი, რაც, მე თუ მკითხავთ, ერთგვარი კვინტესენციაა ქართული არმენოფობიისა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში – ანტისემიტიზმისა. დღეს, როცა კიდევ ერთხელ ვიხილეთ სომხების მასობრივი გამოსახლება, მნიშვნელოვანია ამ რამდენიმე წინადადებაზე ფოკუსირება. ეს არის სტერეოტიპი სომხების შესახებ, რომელიც მუდამ მეორდება, გვხვდება ყველგან და ყველა დისკურსში, რომ თითქოს სომეხთა ესენციური თვისებაა მიგრაცია და მიწაზე მიუჯაჭველობა და, შესაბამისად, უსამშობლობა, ხოლო ქართველებს კი მხოლოდ საკუთარ მიწაზე შეუძლიათ თვითრეალიზაცია. ამ აზრს ზემორე ავტორი კიდევ უფრო აპრიმიტიულებს იმის მტკიცებით, რომ თურმე სომხეთი რომ ნაკლებად ლამაზია, ამიტომ ეძებენ სომხები სხვაგან სამშობლოს, ხოლო მათგან თვისებრივად განსხვავებული ქართველები ასე შეყვარებულები ვართ საკუთარ ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტზე. თუ ჩავეძიებით, ადვილად აღმოვაჩენთ, რომ ზუსტად ასე მსჯელობდა მეოცე საუკუნის დასაწყისში ზოგიერთი გერმანელი მოაზროვნე ებრაელებთან მიმართებით და საკითხის ასე დასმას მკაფიო სახელიც დაერქვა თავის დროზე.
საქმე ისაა, რომ სწორედ სომხების ვითომც მიგრაციისადმი არსებით მიდრეკილებაში არის არმენოფობიის კვინტესენცია: სომხებს გენოციდი კი არ მოუწყვეს 1915 წელს, არამედ მათი შინაგანი ბუნებაა, რომ ოდნავ პრობლემას თუ შეეჩეხებიან, გამოსავალს გადასახლებაში პოულობენ. ოსმალებს მთელი სოფლები კი არ გაუწყვეტიათ, კი არ გაუსახლებიათ, გადაუწვავთ, მოუსპიათ მათი კულტურული მემკვიდრეობა და კი არ ამოუძირკვავთ მათი სახსენებელიც კი ჩრდილოაღმოსავლეთ ანატოლიიდან, არამედ ამერიკისა და ევროპის კონტინენტზე თავისი ნებით და უკეთესი ცხოვრების საძებნად წასულან. და სანამ ჩვენ სალს კლდეებს არ ვთმობთ, სომხებს თავისი ულამაზო სამშობლო სხვის სილამაზეებში გაუცვლიათ. მანტრასავით მეორდება Facebook-ზე, ყოველგვარი ცოდნის უშრეტ წყაროში, რომ მე-11 საუკუნიდან სომხებს სახელმწიფოებრიობა არ ჰქონიათ და უსამშობლობაში, მიკედლებულობაში, სხვის ქვეყანაში ცხოვრებით კმაყოფილდებიან. თუ დააკვირდებით, დღესაც, როცა მთიან ყარაბაღში (სომხურად არცახში) კიდევ ერთი ეთნოწმენდა მოხდა და ამჯერად დაიცალა მკვიდრი სომხური მოსახლეობისგან, სადაც სომხები, მართლაც რომ, ათასწლეულების მანძილზე ცხოვრობენ, სადაც ყველა ქვა ჰღაღადებს სომეხთა ისტორიას, ბევრმა ამაში ნებაყოფლობითი მიგრაცია დაინახა. აზერბაიჯანი ხომ ჰპირდებოდა უსაფრთხოების გარანტიებს, მაშ, რაღას მიდიოდნენ? არმენოფობიას არ აინტერესებს ისტორია, ის ბრმა არის იმისადმი, რაც თანამედროვე სომხებისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა, რომ სამშობლოს დაკარგვა, რაც არაერთხელ გამოუცდიათ, მათი ფუნდამენტური შიშია და არა ჩვეულება, ყოველდღიურობა და მიდრეკილება, რასაც ქართველი არმენოფობი ამტკიცებს. არმენოფობია ბრმა და ყრუ არის ისტორიისადმი, იმ ბრძოლისა და თავდადებისადმი, რასაც სომეხი ერი, ქართველებივით და ქართველების მხარდამხარ, იჩენდა დამპყრობელთა წინააღმდეგ, მეხუთე საუკუნიდან მეოცემდე. არმენოფობიის ძირი შეგნებულ უცოდინარობაშია. როცა ვასწავლით „შუშანიკის წამებას“, როდისმე რომელიმე მასწავლებელს მოუყოლია შუშანიკის მამის, ვარდან მამიკონიანის და მისი თაობის, ათიათასობით სომხის მიერ სომხეთისთვის და ქრისტიანული კავკასიისთვის თავდადების ამბები? არა. როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის და იმავე სომხურ-ქართული ომის შესახებ ვუყვებით, ამავე დროს, ვუყვებით იმ მართლაც საოცარი გმირობის შესახებ, როცა სარდარაბადთან სრულიად უთანასწორო ბრძოლაში სომხებმა დაამარცხეს ოსმალები და ამით კიდევ ერთხელ იხსნეს თავისი ერიც და მიწაც? ცხადია, არა. ან როცა აფხაზეთის ომზე ვყვებით, რამდენჯერ გვიამბია საქართველოსთვის დაღუპული ეთნიკური სომხების შესახებ? ეს ყველაფერი და ბევრად მეტი იგნორირებულია ერთი კოლექტიური უსამშობლო სომხის ფონზე, უცოდინარობით განმტკიცებულ ნაციონალურ ნარცისიზმში. ამიტომ ეს ის არცოდნაა, რომელიც არცოდვა არაა. რადგან სამაგიეროდ კოლექტიურად „ვიცით“ და მანტრასავით ვიმეორებთ აფხაზეთში ბაგრამიანის ბატალიონის შესახებ და იმას, რომ სომხები ხაჭაპურსა და რუსთაველს ითვისებენ და ა.შ დაუსრულებლად.
სხვა ერეტიკული მტკიცებების გამოვლენასთან ერთად, მოპასუხეები განსაკუთრებით აღშფოთდნენ ამ წინადადებით: „ამიერკავკასიის ქვეყნები (საქართველო, სომხეთი) ეკუთვნიან იმ იშვიათი ქვეყნების რიცხვს, რომელთაც სხვადასხვა პერიოდში წყვეტილებით, მაგრამ შეინარჩუნეს თავიანთი სახელმწიფოებრიობა ანტიკურობიდან დღემდე“. აქაც თითქოს ავტორი ქართველების რაღაც ფუნდამენტურ უპირატესობას შეეხო და სომხებთან გათანაბრებით დაამცირა. მაგალითად, ალექსანდრე აბდალაძე პასუხობს: „ამ მხრივ საქართველოს და სომხეთის შედარება ნუთუ შეიძლება? ამიერკავკასიაში სომხური სახელმწიფოებრიობა დაეცა XI საუკუნეში და 1918 წლამდე (დაშნაკებამდე) აღარ აღმდგარა. სომხები თანდათან აიყარნენ თავიანთი სამშობლოდან და სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტნენ“.[2] ამ წინადადებაში ბევრი საკვანძო სიტყვაა, მათ შორის „თანდათან“ თითქოს ეს აყრა რაღაც ბუნებრივი, თავისთავადი და ნებაყოფლობითი პროცესი იყო, თავი რომ დავანებოთ სომხეთის პირველი რესპუბლიკის უბრალოდ „დაშნაკებად“ მოხსენებას.[3]
მაშინ, როცა ამ წინადადების მთავარი სათქმელი ისაა, რომ საქართველომაც და სომხეთმაც ყველა ალბათობის საპირისპიროდ შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა. მართლაც, გეოპოლიტიკურად ისეთ ადგილას, სადაც საქართველო და, მით უმეტეს, სომხეთი იმყოფება, ის, რომ ეს ორი სახელმწიფო არსებობს, შეიძლება სასწაულადაც ჩაითვალოს ან აიხსნას სწორედ ამ ორი ხალხის გააზრებული თუ გაუაზრებელი თანამშრომლობით, ურთიერთ თანადგომითა და თუნდაც პაექრობით.
სომეხი ერის მუდმივად, ხან გაკვრით და ხან ვრცელი მსჯელობით, უსამშობლოდ მოხსენიება, მთელი ერის დამცრობის ყველაზე ვერაგი მეთოდია, ერთდროულად ნარცისიზმითა და უცოდინარობით გამოკვებილი. სინამდვილეში ამ „უსამშობლო“ და „უმიწაწყლო“ ერის ძველი ლიტერატურის უდიდესი ნაწილი მთლიანად მიძღვნილია მშობელი მიწის დამცველებისადმი. სწორედ ისტორიკოს ლაზარ ფარპელის ფორმულაზე აიგო მეოცე საუკუნის სომხური იდენტობის კვინტესენცია და ფორმულა: „თავდადება სამშობლოსა და რწმენისათვის“, რამაც თანამედროვეობაში 1915 წლის გენოციდის გახსენებისას გაიჟღერა. ისეთი დიდი ისტორიკოსების თხზულებები, როგორებიც არიან ფავსტოს ბიზანტიელი, ლაზარე ფარპელი თუ ელიშე ვარდაპეტი, ყველა იმ ადამიანის, ქალისა და კაცის უკვდავსაყოფად შეიქმნა, ვინც საკუთარი ქვეყნისთვის დაღვარა სისხლი. მეხუთე საუკუნიდან დღემდე, იმ ყველა ქარტეხილის მანძილზე, რაც სომეხ ერს თავს დაატყდა, სწორედ იმ ავბედით მეხუთე საუკუნეში იცქირებოდნენ, რათა სამშობლოსთვის თავდადების მაგალითები ეპოვათ და გაძლიერებულიყვნენ.
ქართველიც, რომელსაც ზუსტად იგივე ქარტეხილები, იგივე ეგზისტენციალური ბრძოლები აქვს გადატანილი, თითქოს მთელი არსებით უნდა განიცდიდეს მეზობლისა და მოყვარეს მიმართ ემპათიას, მასში სარკესავით საკუთარ თავს უნდა ხედავდეს. მაგრამ დიდი კვლევა იმას არ უნდა, რომ ასე არ არის.
„ისტორიის გაკვეთილები“, როგორც ნახეთ, ითხოვს მხოლოდ ერთ რამეს – ემპათიას და იმის გააზრებას, რომ ქართველთა და სომეხთა ბედი იმაზე ბევრად მეტადაა გადახლართული, ვიდრე ჩვენ გვგონია. სომეხი ერის ყოველ მარცხზე, ყველა მომდევნო გადასახლებაზე სიხარული კი, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც, ცუდად მოგვიბრუნდება. დღეს სომხეთი ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანაა ამიერკავკასიაში, რომელიც, ავად თუ კარგად, ორ ფრონტზე იბრძვის – ერთი მხრივ, თურქეთისა, რომელმაც უკვე ერთხელ მოუწყო გენოციდი და, მეორე მხრივ, ცდილობს რუსეთის მარწუხებიდან საბოლოო გათავისუფლებას. ამაში მას, წესით, ერთადერთი მოკავშირე უნდა ჰყავდეს – საქართველო, რომელიც დღეს სულაც არ არის საიმედო პარტნიორი. თუ ისტორიას გადავხედავთ, თითქოს ახალი არც არაფერია. იყო დრო, როცა სომხეთს რომ უჭირდა, საქართველო ეხმარებოდა და პირიქით, მაგრამ იყო ის დროებიც, როცა ერთმანეთის დასუსტებით სარგებლობდნენ და სწორედ მაშინ ატყდებოდა თავს ამიერკავკასიას ყველაზე დიდი ტრაგედიები. „ისტორიის გაკვეთილების“ სათქმელი კი სწორედ ესაა, ყველანაირი ფობიის, შიშისა და უნდობლობის წყარო საკუთარ თავში დაურწმუნებლობაა. ლეონტი მროველს არ მიაჩნდა, რომ ან მის იდენტობას, ქართველობას ან მართლმადიდებლობას რამე ჩრდილი მიადგებოდა, თუ გაიმეორებდა ცნობას, რომ კავკასიის ეთნარქებს შორის უფროსი ძმა ჰაოსი იყო, ან რომ თავიდან ყველა სომხურად ლაპარაკობდა, ან რომ ჰაოსს უმჯობესი მიწები ერგო წილად. ამით არც ლეონტის და არც იმდროინდელ საქართველოს, რომელიც თავის ძლიერების მწვერვალს აღწევდა, არაფერი დაჰკლებია.
„ისტორიის გაკვეთილებს“ ყველანაირი გამოხმაურება ჰქონდა, ნაკლებად და მეტად აგრესიული, ნაკლებად და მეტად საქმიანი. მაგრამ ყველას გასდევდა ერთი საერთო ხაზი: ზაზა ალექსიძე უკრიტიკოდ იზიარებს ლეონტი მროველის არმენოფილობას, და თავადაც არმენოფილია, მაშინ როცა ლეონტის ამ უცნაური ცნობის ახსნა ბევრი სხვა გზით შეიძლება.
იყო კიდევ სხვა ბრალდებები, რაზეც გაჩერებაც არ ღირს. ამავე დროს, იყო თავდასხმის კიდევ ერთი და საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის ყველაზე ნაცნობი, ავისმომასწავებელი ხაზი: „რა დროს ეს იყო?“ „რა დროს ამაზე ლაპარაკია?“ – ისევე, როგორც რა დროს დემოკრატია იყო, რა დროს უფლებები და თავისუფლებები, როცა ქვეყანა იყო გადასარჩენი.
სამი თვის შემდეგ, განერვიულებულმა ზაზამ გამოაქვეყნა პასუხი იმ პირველი პოლემიკოსისადმი. გამუქებული აქვს შემდეგი წინადადება:
„ამრიგად, თქვენც, მეც და, დარწმუნებული ვარ, ყველა სხვა ერის შვილიც, ვინც „ქართლის ცხოვრების“ ამ ნაწილს იცნობს, ერთი აზრისა ვართ. ლეონტი მროველის თეორია მცდარია! მაგრამ ჩვენ შორის ის განსხვავებაა, რომ თქვენ ლეონტი მროველი ამისათვის გეზიზღებათ (ამიტომ ცდილობთ მას შეფარვით ქართველობაზეც კი უარი უთხრათ), ხოლო მე კი მომწონს და მეამაყება, რომ გვყავდა ისტორიკოსი, რომელსაც შეეძლო კონცეფცია შეექმნა (თუნდაც მცდარი) და იმდენად გაბედული ყოფილიყო, რომ ამ კონცეფციის საფუძვლად შიშველი პატრიოტიზმი არ დაედო.“
***
გამოიყვანა ახლა ამან სომხები ანგელოზებად.
და აბა ბაგრამიანის ბატალიონი?
და „ქვათა ღაღადი?“
და რუსთაველი?
და ხაჭაპური?
…
[1] ინტერნეტში სიტყვა „არმენოფილის“ მოძებნა ადვილად დაადასტურებს ამ ამბავს.
[2] https://iberiana.wordpress.com/armenia-georgia/abdaladze-2/.
[3] თუ მკითხველს ამ მეცნიერის სხვა მსჯელობის გაცნობა სურს, youtube-ზე ადვილად მოიძებნება მისი რეგულარული სტუმრობა ტელეკომპანია ობიექტივში (სად, თუ არა), სადაც წამყვანთან ერთად გამოავლენენ, განიხილავენ და დაგმობენ სხვადასხვა არმენოფილურ გამოვლინებას მეცნიერებაში თუ საჯარო სფეროში ლეონტი მროველიდან დღემდე. ასევე მკითხველს შეუძლია გაეცნოს მის გამოკვლევას მეტყველი და აკადემიური სათაურით: „სომხები თბილისიდან გაასახლებდნენ ქართველებს?!“
© არილი