ინტერვიუ,  პორტრეტი

ნიკოლოზ ალექსიძე – ჩემი ცხოვრების წიგნები

კითხვის პირველი მოგონება

პირველი მოგონება, ბუნებრივია, უფრო საკუთარი თავისთვის დაჯერებული პირველი მოგონებაა, ვიდრე მართლა პირველი წიგნი, რაც დამოუკიდებლად წავიკითხე. მახსოვს, ბავშვობაში ხშირად ვიმეორებდი, რომ პირველი დამოუკიდებლად წაკითხული წიგნი იყო რაფაელ საბატინის „კაპიტან ბლადის თავგადასავლები“. შეიძლება, არც იყო ასე. ახლა კარგად აღარ მახსოვს აღარც შინაარსი და ალბათ ბევრ სხვა წიგნშიც მერევა, მაგრამ როცა ამ წიგნს, მის ყდას და თაროზე მის ადგილს ვიხსენებ ხოლმე, ისევ ისეთი ჟრუანტელი მივლის ტანში, მამაჩემზე მეფიქრება და გული მიჩუყდება.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

ჰენრიკ სიენკიევიჩის ტრილოგია „ცეცხლითა და მახვილით“, „წარღვნა“ და „პან ვოლოდიოვსკი“. არც მანამდე და არც მას მერე ისეთი ბედნიერება არ განმიცდია წიგნის კითხვისგან, როგორიც ანჯეი კმიციცის, პან ზაგლობას, იან კშეტუშსკისა და პან ვოლოდიოვსკის თავგადასავლების კითხვისას. კახეთში, ალმატში მთელი დღე ვკითხულობდი ოთახიდან გამოუსვლელად, მერე ეზოში გავდიოდი ხოლმე და თავბრუდახვეულივით დავბარბაცებდი ხოლმე. მაგრამ თუ საყვარელი წიგნი იმას გულისხმობს, რომ ხშირად ვკითხულობდი, ასე არ იყო, პირიქით, როცა რაღაც ასე შემიპყრობდა ხოლმე, წაკითხვის მერე აღარ ვეკარებოდი. დანარჩენი უკვე თავში ხდებოდა ხოლმე.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

არ მახსოვს, მოზარდობა ისეთი ასაკია, რომ გაცნობიერებული ცვლილებები არ ხდება ხოლმე, უფრო თანდათანობითი ზრდა ალბათ. მაგრამ ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ წამეკითხა ყველაფერი, რაც კი დოსტოევსკის დაუწერია. ჰოდა, მივყევი მის ოცდაათტომიან აკადემიურ გამოცემას და მართლა წავიკითხე ყველაფერი, ყველა ფრაგმენტი, ყველა დაუმთავრებელი მოთხრობა და ყველა წერილი. არ მგონია, ამ მარათონის მერე იგივე დავრჩენილიყავი, რაც მანამდე ვიყავი.

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა

თუ ეს კითხვა წინასგან განსხვავდება, მაშინ სიორენ კირკეგორის „შიში და ძრწოლა“ იქნებოდა ასეთი. არ ვიცი, თუ რამდენად შეცვალა ან საიდან სად შეცვალა, მაგრამ ნამდვილად განსაზღვრა ბევრი რამე ჩემს ცხოვრებაში, მათ შორის აკადემიური კარიერაც.

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

ორი რამე შეიძლებოდა იგულისხმებოდეს. თუ მხატვრული წერა იგულისხმება, მაშინ აკა მორჩილაძის „მადათოვის ტრილოგია“ იქნება ასეთი. მომნდომებია კიდეც მასავით მეწერა და რომ მასავით ვფლობდე ქართულს, მაგრამ არც კი მიცდია და შესაბამისად არ გამომსვლია.

ხოლო თუ წერაში აკადემიური წიგნების წერა იგულისხმება, რითაც ვარ კიდეც დაკავებული, მაშინ კერამის „ღმერთები, აკლდამები და მეცნიერები“ იქნება ასეთი.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები

არის წიგნები, რომლებსაც ვუბრუნდები იმიტომ, რომ მათზე დაყრდნობით ვასწავლი. ჩემს ცხოვრებაში ისე აიზილა სწავლებისთვის და საკუთარი სიამოვნებისთვის კითხვა, რომ ვეღარ ვარჩევ, რას რისთვის ვაკეთებ. ასეთი ავტორია, პირველ რიგში, პლატონი. ხან როგორც ფილოსოფიურ წიგნს, ისე ვკითხულობ, ხან როგორც დრამას, ხან კომედიას, ხან უბრალოდ მეგობრების ლაზღანდარობას, ხან რასაც ახლა „ტროლინგს“ უწოდებენ, იმას. პლატონის მერე ლუკრეციუსის „საგანთა ბუნებისათვის“ და რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები

წარმოდგენა არ მაქვს. რაიმე შეგნებული გეგმა, რომ ვინმეს ან რამეს არ დავუბრუნდე, არ მაქვს. ძალიან ბევრს, ალბათ წაკითხული წიგნების უმრავლესობას, არ დავუბრუნდები. არა იმიტომ, რომ მძულს, უბრალოდ თავისი ასაკი ჰქონდა, ან დრო, ან კონტექსტი, ან კიდე სხვა რამე. წაუკითხავი წიგნები ყოველთვის უფრო მეტი იქნება, ვიდრე წაკითხული და თუ რამეს არ დავუბრუნდები, ესე იგი, არც მახსოვს მათი არსებობა, იმდენად აღარ აქვთ ადგილი ჩემს ცხოვრებაში. 

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

მოგვიანებით ალბათ ასაკთან მიმართებაში იგულისხმება. რამდენიმეა ასეთი. მაგალითად, დიკენსი ძალიან გვიან წავიკითხე, ვიდრე ტრადიციულად კითხულობდნენ ხოლმე. ასევე ძალიან გვიან წავიკითხე ტოლკინი – ცხადია, ფილმების ნახვის შემდეგ. თუმცა დიკენსისგან განსხვავდებით, იმდენად დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, როგორც ალბათ სხვა ასაკში ან სულიერი განწყობილებისას მოახდენდა.

ხოლო წიგნი, რომლის წაკითხვის მერე ვთქვი, აქამდე სად ვიყავი-მეთქი, იყო ემილი ბრონტეს „ქარიშხლიანი უღელტეხილი“. განსაკუთრებით წიგნის ბოლო წინადადებებმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მახსოვს, ყურებში ტკივილამდე მისული გუგუნი დამეწყო.

პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ

არავისთან არ ვაიგივებ. ცოტა ზედმეტი ნარცისიზმის სიმპტომი მგონია რომელიმე პერსონაჟთან თავის გაიგივება. მაგრამ უამრავი პერსონაჟია, ვისნაირიც მინდოდა რომ ვყოფილიყავი. „ომი და მშვიდობის“ ანდრეი ბალკონსკი ბავშვობაში გმირობის იდეალი იყო ჩემთვის და მისნაირობა მინდოდა. იყვნენ პერსონაჟები, რომლებსაც ბავშვობაშივე გარეგნულად მინდოდა დავმსგავსებოდი და სარკეში (ამაოდ) ვეძებდი მსგავსებას ხოლმე.  

ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს

რამდენიმე ქართველი კლასიკოსი მწერალია, თუმცა არ დავაზუსტებ. რატომღაც პირად წყენად იღებს ხოლმე ბევრი, როცა ამას ვამბობ. ენობრივი, სტილისტური, ესთეტიკური თუ კონცეპტუალური პრეტენზიულობა აუტანელია.

წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე

ძალიან ბევრი. წაკითხული (თუ დაწყებული) წიგნების უმრავლესობა ალბათ არც დამისრულებია. ხშირად ბევრი თვის ან წლის მერე ვუბრუნდები. ზოგჯერ მინანია, რომ არ დავასრულე, უფრო ხშირად – არა. ყოფილა შემთხვევები, რომ სულ რამდენიმე გვერდი დამრჩენია და შემიწყვეტია. წიგნებისადმი საკრალური დამოკიდებულება არ მაქვს – თუ წვალობს ავტორი და მეც მაწვალებს, მარტივად ავდგები და გადავდებ ხოლმე. განზოგადება არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ თუ ავტორი ამბავს ვერ ჰყვება და ჩაკარგავს ნაძალადევ ლინგვისტურ თუ ნარატიულ აკრობატიკაში, ვერ ვკითხულობ ხოლმე.

ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე

ლაშა ბუღაძის „საქართველოს სახელით“. ოღონდ ჯერ არ დამიწყია კითხვა. ბოლო, რაც შევიძინე და წავიკითხე, იყო ანტონი დოერის „მთელი ის ნათელი, რასაც ვერ ვხედავთ“. არაჩვეულებრივი წიგნია.

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

რენე დეკარტის „მეტაფიზიკურ განაზრებები“. შემდეგ კვირას ლექცია მაქვს წასაკითხი დეკარტზე და იმიტომ. თუმცა ისედაც დიდი სიამოვნებაა ასეთი ნათელი გონების კაცის თვითგამორკვევის ამბავთან ხშირი დაბრუნება.  

წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი

სამწუხაროდ, კარგად არ ვიცნობ წიგნების ქართულ ბაზარს, არც ძველს და არც ახალს და არ ვიცი, რა არის და რა არ არის ქართულად ნათარგმნი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ წიგნების უმეტესობა, რასაც სწავლებაში ვიყენებ, ნათარგმნი არაა, გვიწევს ინგლისურად კითხვა, ამიტომ ძალიან ბევრია ისეთი, რისი თარგმნაც არა უბრალოდ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა. აქტიურად ითარგმნება და გამოიცემა პოპულარული სამეცნიერო ბესტსელერები, ‘Homo Deus’-ის მსგავსი, თუმცა ფაქტობრივად არ ითარგმნება არანაკლებ მნიშვნელოვანი თანამედროვე ლიტერატურა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. მაგალითად, კარგი იქნებოდა, ქართულად გვქონოდა სტივენ გრინბლატის ‘The Swerve: How the World became Modern’.

წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ

თუკი ვინმესთვის რამე მსგავსი რჩევა მიმიცია, მხოლოდ იმ ადამიანიდან გამომდინარე – მისი ინტერესებიდან, ასაკიდან, შეხედულებებიდან და ა. შ. ყველა წიგნამდე გზა სხვა წიგნებითაა ხოლმე მოკირწყლული და რა ვიცით აბა, ვინ რა გზაზე დგას. ამიტომ რამე ისეთი წაიკითხეთ, რაც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. თუ მოწყენილები ხართ, სევდა გძალავთ ან შფოთები გიპყრობთ, წაიკითხეთ დაგლას ადამსის „ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“. ეგ ყველას შველის.

© არილი

Facebook Comments Box