ესე,  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა

ვალერი ოთხოზორია – ვაჟა და მოდერნულობა

ციკლიდან – „ვაჟა და კონფლიქტები“

ფუკოს მიხედვით, მოდერნულობა ლიტერატურაში გამოიწვია კავშირის წყვეტამ ტრადიციასთან. მწერლებმა დაიწყეს წერა „ცარიელი ფურცლიდან“ და „ერთადერთი წიგნისა“. ევროპაში ამ პროცესს აგრესიული ხასიათი ჰქონდა: მწერლები აცხადებდნენ თავს ერთადერთად, ისინი უარყოფდნენ არა მხოლოდ წინამორბედებს, არამედ თანამედროვეებსაც. ფუკო მოდერნულობის დამწყებებად მიიჩნევს მარკიზ დე სადსა და სტეფან მალარმეს. სადი თავდაყირა აყენებს ღირებულებათა ტრადიციულ სისტემას, ხოლო მალარმე ცდილობს, სრულიად „წაშალოს“ მანამდელი ტექსტი და აბსოლუტურ სიცარიელეში აღმოჩნდეს. ამ ეპოქაში წერის ამოცანა სრულიად საპირისპირო ფუნქციას იძენს: სადი წერს იმისთვის, რომ სექსუალურად აღეგზნოს (წერის პრაქტიკა აქციოს სექსუალურ პრაქტიკად და ამით აღკვეთოს ის), მალარმე კი – იმისთვის, რომ ის შეუძლებელი გახადოს.

საქართველოში გვიანი მოდერნიზმი ექსპერიმენტული სტილით გამოიხატა, როგორც პროზაში, ასევე პოეზიაში. პროზის თვალსაჩინო წარმომადგენელი ნიკო ლორთქიფანიძეა, პოეზიაში კი ექსპერიმენტატორები ცისფერყანწელები არიან. ლორთქიფანიძის სტილი ფერწერულ იმპრესიონიზმსა და პუანტილიზმს ჰგავს, ცისფერყანწელთა პოეზია კი სტრავინსკის რევოლუციური მუსიკის მსგავსია. მიუხედავად ამისა, წერის ამოცანა, წერის კრიზისი მათთვის პრობლემა არ გამხდარა. უფრო მეტად, ისინი იღვწოდნენ ინდივიდუალიზმისთვის, განსხვავებულობის მისაღწევად, რაც, უდავოდ, მოდერნულობის მახასიათებელია, მაგრამ უკვე შემდგარი მოდერნიზმის შვილები იყვნენ, მეორე ტალღის წარმომადგენლები, როცა ყველაფერი გაირკვა და დალაგდა. მოდერნულობის სამშობიარო ტკივილები მათ არ გადაუტანიათ. ჩვენ ის უფრო ადრეულ პერიოდში უნდა ვეძებოთ.

პირველ დიდ მოდერნისტებს საქართველოში სამი მწერალი წარმოადგენს: ილია, აკაკი, ვაჟა. თუმცა, ამ სამიდან მოდერნის ტანჯვა მხოლოდ ვაჟა-ფშაველამ გადაიტანა. აკაკი წერეთელს ის საერთოდ არ შეხებია, მოდერნისტ-სახალხო პოეტად და მწერლად დარჩა; ილიას კი შეეხო მხოლოდ ნაწილობრივ და შედარებით მსუბუქად. წერის ფუნქციის განსაზღვრა, წერის ამოცანა ნამდვილად წარმოადგენდა ილიას პრობლემას. საყოველთაოდ ცნობილია მისი ლექსები – „პოეტი“ და „ჩემო კალამო, ჩემო კარგო…“. ილიას გადაჭრის გზა რეფორმისტული იყო, განსხვავებით ვაჟასგან, რომელმაც წმინდად მოდერნისტული, ანუ რევოლუციური სცენარი აირჩია. ამიტომ ილიას შემოქმედება კრიტიკული, ანუ პუბლიცისტურია, მაშინ, როცა ვაჟა-ფშაველას შემოქმედება (მოდერნული გაგებით) წმინდად ლიტერატურული, ანუ რევოლუციურია. მოდერნის ქარიშხლის სრული მასშტაბით დანახვა პირველი მოდერნისტებიდან მხოლოდ ვაჟა-ფშაველასთან შეიძლება.

ეს ქარიშხალი გამოიხატება ძველისა და ახლის უკომპრომისო დაპირისპირებით და მას მხოლოდ ვაჟას პოემებში ვიპოვით. ახალი ადამიანი ტოტალურად უარყოფს ძველ წესრიგს, უცხოვდება გარემოსთან და სხვა ხდება. ტრადიციასთან მიმართებით სხვა რევოლუციური სუბიექტია, ახალი პერსპექტივის აღმომჩენი, რომელიც თავდაყირა აყენებს ძველ წესრიგს. როგორ ახერხებს ის ამას? – ახალი, მანამდე უცნობი ეთიკური პერსპექტივის აღმოჩენით. შესაძლოა, ეს პერსპექტივა ყოველთვის არსებობდა ან ხელმისაწვდომი იყო გრძნობისა და წარმოსახვის კოლექტიურ ველზე, მაგრამ ახალი სუბიექტი, უპირველეს ყოვლისა, მოქმედი სუბიექტია და ესწრაფვის რევოლუციის განხორციელებას, ჩადენას. სწორედ ესაა მოდერნულობის განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ახალ დროს შეურიგებელს ხდის ძველის მიმართ.

ალუდას აღმოჩენა არ არის მხოლოდ – სხვა ადამიანი, მტერი, როგორც ადამიანი; მისი აღმოჩენა სულ სხვაა. მუცალი მის წინაშე წარდგება, როგორც სრულიად სხვა, უცხო. ჯოყოლასათვის ზვიადაური არა მხოლოდ ძმის მკვლელი სტუმარია, არამედ – ძმის მკვლელი ღმერთი. აღაზა არა მხოლოდ ცოლია, რომელსაც დიდსულოვანი ქმარი სხვა კაცის დატირების უფლებას აძლევს, არამედ სრულიად სხვაა, რომლის უფლებაც ეფუძნება მის უპირობო თვითდასწრებულობას. ამ მომენტების გათვალისწინების გარეშე, ვაჟას ეთიკას ოდნავადაც ვერ მივუახლოვდებით, ვერ ჩავწვდებით „გველის-მჭამელსა“ და „შვლის ნუკრის ნაამბობს“.

როგორ უნდა ჩავწვდეთ მათ? ნაწილობრივ ლევინასის სახის ეთიკა დაგვეხმარება, ნაწილობრივ კი ბრალის (საბრალოობის) შესახებ ჩემი კონცეფცია, რომელიც მონოგრაფიაში – „სამართალი მეორე მხრიდან: ბრალის ყოფიერება სამართლიანობისა და სამართლის შესახებ“ განვავითარე. მართლაც, ვაჟას წინააღმდეგობას წარმოშობს სახე და ხატი (იმიჯი) და საბრალოობა, რომელიც მას ახლავს, და ჩემგან აბსოლუტურ პასუხისმგებლობას მოითხოვს, როგორც ჩემს სამყაროში შემოჭრილი. ამგვარი წინააღმდეგობა, ახალი დისკურსის (პერსპექტივის) შემომტანი, მხოლოდ მოდერნის ეპოქაში ჩნდება, მანამდელი ლიტერატურა მსგავს ვნებას არ იცნობს.

მოდერნული რეზისტენტულობა თავის ნაკლს შეიცავს, რის გამოც თავისსავე კვალზე იმსხვრევა. რადგან შვლის ნუკრის ეთიკას წარმოშობს შვლის ნუკრის სახე, იმავეს კი არ იძლევა მგლის ლეკვის სახე. ია საბრალოა, სარეველა კი – საძაგელი, რადგან იას სახეს და მის დაუცველობას სხვა გრძნობადი ევიდენცია აქვს, სარეველას სახე კი პოეტის აგრესიას იწვევს. გველისმჭამელის ეთიკა შესაძლოა არსებობდეს მხოლოდ გრძნობადი ევიდენციის დონეზე, ლოგიკური წინააღმდეგობის პირობებში: ხის მოჭრა ცუდია, ხოლო ხორბლის მკა კარგია, რადგან ხორბალი ყვირის – თავი მომჭერით, ადამიანი მინდა დავანაყრო, ამისთვის გავუჩენივარ უფალს, ხოლო ხე იძახის – ნუ მომჭრი, ადამიანო, მტკივა… არადა, რა განსხვავებაა ამ ორ ხატს შორის: ხის მოჭრის სცენა და ხორბლის მკის სცენა. რა განსხვავებაა მუცალსა და მის ძმას შორის? ამგვარ ეთიკურ თვითნებობას ბადიუ სიტუაციურ ჭეშმარიტებას უწოდებს, რომელიც ვერ ამოიხსნება წინასწარ, უშუალო გამოცდილებამდე.

მოდერნის ჯოჯოხეთის ქვაბში აღმოჩენილი მწერლები ის გამორჩეული სახეები არიან, რომელთა წერის ამოცანაა, უთხრან „არა!“ ძველს და „კი!“ – ახალს, როგორც ძველის სრულ უარყოფას, თავისსავე სიმტკიცეში რომ შეუქცევადად იბზარება. შესაძლოა, მოდერნულობა სწორედ ის მომენტია, როდესაც ლიტერატურაში დიდი ბზარები ჩნდება, საიდანაც ახალი ლავა, ახალი ლიტერატურა იფრქვევა.

© არილი

Facebook Comments Box