პოეზია

ნინი ელიაშვილი – ახალი ლექსები

* * *

ყველა წიგნის გმირი ვიყავ

ყველა ფილმის თუ სპექტაკლის

უთეთრესი ღიმილი ხარ

ღიმილი უსპეტაკესი

შენ ხომ მიმიყვანე შენს სახლთან

მე შენი სახლი მეძახდა

შენ ხომ დამპირდი ამ მდინარეს

ამ რუებსა და ქვების გორებს

ჩემი თავიდან გამდინარე

ჩემს თავსაც ახლა მე ვიგონებ

არათუ გმირებს ვედრებოდი

გმირები ჩემ თავს თამაშობდნენ

რა ბედნიერად თენდებოდა

აუფ რა წლები რა ბავშვობა

აუ რა კარგად შემირჩიეს

სასუნთქიცა და საფიქრალიც

არ ვიცი მხოლოდ შემიჩვიეს

თუ მართლა მიყვარდა სამი ქალი

სამი ცხოვრება გავიარე

ისევე მახსოვს ის ალვები

როგორც პირველი მგლოვიარე

რომ დასტიროდა მიცვალებულს

პირველად როცა შემეშინდა

შეეძლოთ ჩემი გაშვებაც

ვიფიქრე ჩიტად მერე შინდად

მოვალ ჩემ ეზოში ბავშვები

სიკვდილზე ფიქრობენ გამუდმებით

ფიქრობენ სადღაცას გაებნენ

მერე კი გიჟის საბუთები

მერე კი გიჟის წამლები

მერე მოწერა კლინიკაში

დასასრულისკენ მიტოპავ

არასდროს ვიყავ დიდი ბავშვი

გულით მინდოდა დიდობა

მერე დიდობასაც ვეკამათე

როგორც დაბინდულს მჩვევია

ასე უბრალოდ ვერ წამართმევ

ჩემია

ვუმეორებდი ყველაფერზე

რასაც ხელიდან მაგლეჯდა

თითქოს წყლის ნაცვლად ჩემს რბილ ფესვებს

გარშემო უყრიდნენ ნაკვერჩხალს

ან იქნებ სიზმრად დამავალეს

თქვენთან ყოფნა და ცხოვრება

ჩემი თავიდან გამავალი

ჩემ თავს თუ ვემახსოვრები

ეგ კი არ ვიცი ზოგს ვცნობ ზოგს ვერც

არ მახსოვს როგორ ვიზრდებოდი

დაუნდობელი ნიჭი მომეც

რომ არაფერი  მჭირდებოდეს

* * *

აღარაფერი აღარ ჩანდა

აღარაფერი აღარ იყო

ჩემი ტკივილით სავსე ჩანთა

ჩანთა ეგონათ მხოლოდ ბრიყვებს

სად მეწყო ყველა ქვა და რიყე

გული რამდენჯერ გამიჩერდა

რაც დაგიმალე და მოგიყევ

ყველაფრით სავსე იყო ჩანთა

სად კედელს თავით შევეჯახე

სად სკამზე მთვრალმა დავიძინე

თუ როგორ გავხდი მეოჯახე

ამაზე ყველას გაგვეცინა

ჩემი ტკივილით სავსე ჩანთა

მოკერებული გულის მხარეს

სუყველაფერი ჩემი ჩანდა

სულ მე უნდა მოვსულიყავი

რამდენჯერ გული გამიჩერდა

გაჩერებულშიც

სულ იყავი

ლიდია          

მე დავხატავ სამყურებს

გხიბლავს ჩემი საყურე

სუყველაფერს მივიღებ

რასაც დავიმსახურებ

რეკვა იქნებ შეწყვიტო

როდესაც ვარ გასული

ბუდაპეშტზე გაზრდილი

არაბეთის ასული

მე მათ ვერ დავემსგავსე

კუტოკები ბაბლები

მე არც მითქვამს ჩემს თავზე

იყვნენ ჩემზე დაბლებიც

მაღლებიც და მე მათთან

არაფერი მემართა

მე ვიცი და ახალმა

მთვარემ რაც დამემართა

გამორკვევის ყინულთან

თუ რამდენ ხანს ვიცურე

სიცივეც გამინულდა

სიბოროტეც სიცრუეც

მე დავხატავ სამყურებს

გხიბლავს ჩემი საყურე

სუყველაფერს მივიღებ

რასაც დავიმსახურებ

დედაჩემს

მამაჩემი გენიოსია.

მისი სიტყვები

ყოველთვის ახერხებდნენ

ნახვრეტების დადებას ჩემზე

 ზაზა კოშკაძე

შენ რა ჩემი ყლის ფემინისტი ხარ

ფემინისტი იყო დედაჩემი

სილურჯეებზე გადასმული პუდრით

ცისფერ ჯემპრებს რო გვიქსოვდა

შენ რა ჩემი ყლის ფემინისტი ხარ

ფემინისტი იყო დედაჩემი

მამის რომელიც არც უნახავს

ყველაზე ლამაზ ფოტოს გვაჩვენებდა

მთელი ბავშვობა

მისი არარსებული მამის

შენ რა ჩემი ყლის ფემინისტი ხარ

ფემინისტი იყო დედაჩემი

ოსი მევალეებისგან

ყველაზე საშიში მეზობლის ეზოში გვმალავდა

შენ რა ჩემი ყლის ჯადოქარი ხარ

ჯადოქარი იყო დედაჩემი

მონსტრების ეზოში

უსაფრთხო ადგილი გვიპოვა

შენ რა ჩემი ყლის ფემინისტი ხარ

ფემინისტი იყო დედაჩემი

რომელმაც ჩემი მკვდარშობილი ტყუპისცალი

ჟოლოებში დამარხა

ჟოლოობა უსურვა

შენ რა ჩემი ყლის ფემინისტი ხარ

ფემინისტი იყო დედაჩემი

რომელმაც მასწავლა

რამხელა გმირია მამაჩემი

* * *


დადიოდა და არ იცოდა როა საშიში

სწორედ ამიტომ არასოდეს მისი კაციშვილს

არ ეშინოდა თუმცა მისი ვეება მხრები

მეც მაკვირვებდა რანაირად დგანან ამ ცის ქვეშ

ხშირად შემნიშნა თვალთვალის დროს არც შეიმჩნია

მხოლოდ ღიმილით გააგრძელა მინის წმენდა ჩვრით

მითხრა კი არა მგონია რომ უფრო მირჩია

არ გეშინოდეს ყველა გაქრა მხოლოდ ჩვენ დავრჩით

თვალები ლურჯი სახე სანთლის გრძელი თითები

ერთი ის იყო დიდი იყო სხვებზე ძალიან

მერე ჭორები მოუგონეს მერე მითები

და ჯვარცმის მერე არაფერი მოუწერია

არ ვიცი ჩემგან რა ეწყინა მხოლოდ ველოდი

ვიფიქრე იქნებ გამიღიმოს ცივი ჯვრიდანაც

ეხლა კი ვხვდები ღიმილისთვის სულ არ ცხელოდა

და დედამისმაც საუბარი გადამიტანა

სულ სხვა თემაზე მივხვდი ჯობდა სულაც გავცლოდი

ამ ოჯახს სადაც ლურჯთვალება ღმერთო მოფრინდი

ღმერთობით მჯობდი ზუსტად ვიცი მარა კაცობით

გჯობნიდი

© არილი

Facebook Comments Box