პოეზია

ნინი ელიაშვილი – ლექსები

2

როგორ კითხულობთ ამ ლექსს უცრემლოდ

მე თქვენ ათასი წლის წინათ გენდეთ

თავიდანაც კი არ მომეცა სუფთა ფურცელი

არა თუ მერე

ყველაფრის შემდეგ

თავი გაითქვას გულში ნადებმა

და გაიკვლიოს გზები მთვარემდი

რომ არა ჩემი დაავადება

შემიყვარებდით

როდესაც ბოლო ჯვარზე ევნებით

თავს ინუგეშებთ მქრალი მერეთი

რომ არა ჩემი მოჩვენებები

დამიჯერებდით

ძვირფასო სხვაში თუ არ მეშლებით

რაც გაქვთ მე მოგცემთ კიდევ ათ იმდენს

ალბათ რომ არა ჩემი ლექსები

გიჟად ჩამთვლიდნენ

ჩემთვის მოჰქონდათ ძღვენი ტომრებით

მე თქვენ გაგიმხელთ მუდამ ახლობელს

რომ არა ჩემი გამოხტომები

სულ გამაქრობდნენ

ხან მოგინდება უტყვად გაქრობა

თან როგორ გინდა არ ამოქარდე

რომ არა ჩემი უყველაფრობა

ალბათ მომკლავდნენ

როგორ ვისინჯავ თქვენ წინ იარას

ალბათ ამაზე მერე იცინებთ

და ასე დარჩა სამუდამოდ რომ ჩვენ კი არა

იყვნენ ისინი

თქვენ გაგიყავით მთელი ქაოსი

ეს ალბათ თქვენთვის იყო მარტივი

და ამიტომაც აღარ მაოცებს

კვლავ რომ არ ტირით

***

ერთი ძველი სავარძელი და ხის მაგიდა

სიყვარული გაავრცელე მეტი არ გინდა

ყველას დიდი მოწიწებით დაემშვიდობე

კიდობანზე შეპარულს და თვით მეკიდობნეს

ყველას უთხარ თითო ჭიქით თითო სიკეთე

მერე წადი და ოთახში გამოიკეტე

სად გიწყვია სიხარულიც დარდიც ღერებად

ყველას მიეც მისი წილი ბედნიერება

ხომ გახსოვს რომ ყველა იყავ ყველად დამთავრდი

ახლა უნდა მოიკრიბო ძალა ზამთრამდე

მერე დიდი თოვლი მოვა დიდი ამბებით

გამრავლდება ტკივილები თეთრი აბები

ამ ქაოსში ვიღას ახსოვს შენი წრიალი

შენი ყოფნა სამყაროში ვიწრო წრე არი

ბოლოს უნდა შეუერთდეს დაუკავშირდეს

რომ არ იყავ მაშინდელი რომ ხარ მაშინდელს

***

ისე არცერთი შიში არ მაკრთობს

დარჩენილია მათგან არცა რა

შენმა ყურებამ ისე გამართო

რომ საძირკველი გამომაცალა

მე ისე არცერთ შიშს არ გავურბი

არსებობს შიში პატივსაცემი

შენი თვალები გვანან ალუბლებს

ალბათ გამცემენ

არ მეშინია ისე არაფრის

არც გახლართული ბნელი ხეობის

არც დადუმებულ მოსახლეობის

არც ბნელ კოშმარში ბოლო ქარაფის

არც რუსისა და არცა არაბის

მე მეშინია ჩემი ყლეობის

***

ვემშვიდობები ზღვას

და ვუბრუნდები მორევს

მასთან ვინც მიყვარს სხვა

ვერაფრით დამაშორებს

მე ძველებურად ვსვამ

ისევ მიყრიან ჭორებს

არაფერშია ხსნა

არაფერია სწორი

***

ჩუმად ვიჯექ და ვუსმენდი

სანაპიროს ქაფიანს

წყალზე ვწერდი რომ არ გეცნო

ჩემი კალიგრაფია

რადგან ჩემმა საფიქრალმა

ასე შემიყოლია

დავემსგავსე ამ ფიქრებით

აშენებულ გოლიათს

ასე ვიყავ გამუდმებით

არ ვიცოდი რა მჭირდა

თითქოს ჩუმად სხვის ცხოვრებას

ვუყურებდი ფანჯრიდან

***

მუდამ ხელში უნდა მყავდე ხელში უნდა მეჭირო

გულო ამოვარდნილო ხან გულო ამოგლეჯილო

ზურგის მტერი ჩემი ზურგის

გრიგალს გადაგერჩინოს

ანგელოზი უნდა იყო პერგამენტი გეჭიროს

ანგელოზი უნდა იყო თორემ ვეღარ გიშველი

როგორ უნდა აგარიდო საფრთხეს ასე შიშველი

ანგელოზი უნდა იყო როცა ხელებს იშვერენ

გაღვიძებდეს ცივ მინდორში ბალახების სისველე

ღმერთმა არ ქნას ისე მოხდეს გადავიქცეთ ღმერთებად

აღარ გვსურდეს წყენის გამო აღარაფრის კეთება

© არილი

Facebook Comments Box