პარასკევი
შუა ქალაქში, მაღაზიებს, კაფეებს, ბინებს, გაფოთლილ ხეებს შორის მოქცეულ ძველ, კედლებჩამორეცხილ შენობაში, განიერ კიბეებსა და ნაცრისფერ, გადაკეტილ კარს იქით, სუსტ სინათლეში, სინესტის, შარდის, სიგარეტის სუნში ჩამწყვდეული ადამიანები ბორიალობენ. ზოგი სიგარეტს მთხოვს, ზოგი ოც თეთრს, ზოგი ვერ მამჩნევს.
- ახალი ხარ? – მეკითხება თმაგაშლილი ქალი.
- არა, ჟურნალისტი!
- ჟურნალისტს საგიჟეთში რა უნდა?! – ბრაზდება.
ძნელია მათ თვალი მოსწყვიტო და დაინახო ცისფრად შეღებილი, გრძელი დერეფანი, მრგვალი საათის ციფერბლატზე მოცეკვავე ურჩხული და მზეთუნახავი, შემურული ჭაღები, სკოლის მერხებზე გადაბმული სკოლის სკამები…
- მე თინიკო ვარ – მეცნობა ორმოცდაათ წლამდე ქალი – ბორის ძნელაძეში რომ არ წავყოლოდი მეგობარს, აქ არ მოვხვდებოდი. ბორ…
- ეს ლამარაა! – ბიჭურად თმაშეკრეჭილ, ტუჩებდანაოჭებულ, მოხუც ქალს აჩერებენ ჩემს წინ და აწყვეტინებენ თინიკოს.
იღიმიან ლამარას თვალები და ნაოჭები.
- ამას მტრედები ყავს შეჩვეული, ჭამის შემდეგ პურის ნარჩენებს აგროვებს და ფანჯრის რაფაზე უყრის.
- რაც შენ და შენი მტრედები პურს ჭამთ! – ბუზღუნებს მზარეული ქალი და მერხს წმენდს.
იღიმება ლამარა.
- რამდენი წლის ხარ? – მეკითხება ჩლიფინით.
- ოცდარვის.
- ფუ, ფუ, შენ ჯვარი გეწეროს და მე ოცდარვა წლის გავხდი ავად.
- შეყვარებული ხარ თუ გათხოვილი?
- არც შეყვარებული, არც გათხოვილი.
- როგორ არა, იქნები! – იღიმიან ისევ ნაოჭები – გენათალე შენ! – და უნდა მომეფეროს.
- არ შეეხო, ლამარა! – უყვირიან სხვები.
უცებ ემორჩილება.
- ბინძურია! იფსამს! – ჩამჩურჩულებენ.
- მაშინ ლექსს გეტყვი, მე რომ დავუწერე ჩემს მიწადასაყრელ ქმარს!
მოსასმენად ვემზადები. ლამარა – სათქმელად.
- ქმარ ალექსანდრეს ცოლ ლამარასგან!.. – და ჩერდება.
ცოტა ხანს ფიქრობს.
- დამავიწყდაო! – ამბობს მერე და ისევ იცინის.
- საჭმელს ვინ მომატანინებს? – ისმის მზარეულის ხმა.
მსურველი ბევრია. თავსაფარზე წითელკოპლებდახატულ გოგოს უარს ეუბნება – ფეხსაცმელი არ აცვია…
უცებ ვგრძნობ, მხარზე ვიღაც მკოცნის. ვტრიალდები. ლამარა დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით ჩერდება, მიღიმის. მერე ზურგს მაქცევს და კოჭლობით მიდის…
- საჭმლის მოსატანად გაყოლა ყველას უნდა. ეს ერთადერთი საშუალებაა, მიწაზე ფეხის დადგმის – მიხსნის თინიკო.
- რატომ არის ის გოგო ფეხშიშველი?
- „ჩუსტები“ კარადაში დარჩა ჩაკეტილი. გასაღები ექიმს გაჰყვა, ორი დღე ეგრე მოუწევს ყოფნა. ორშაბათს მოვა და მისცემენ. აქ რა უჭირს! საპირფარეშოშიც ფეხშიშველი შედის! იქ არც კი შეიხედო! საშინელება ხდება. სუნი იქიდან მოდის.
- სად ბანაობთ?
- ვბანაობთ?! – იცინის – არსად! ცხელი წყალი არ არის. ვისაც ფული აქვს ორმოცდაათ თეთრს აძლევს „სანეტარს“ და ფეხებს იბანს. ვინც უპატრონოა, დადის მთლად დაუბანელი. ამას დედა მოუკვდა. მამა და ძმა ჰყავს, მაგრამ არ აკითხავენ…
წითელკოპლიანი ჭუჭყიანი ფეხების ტყაპუნით მიჰყვება დერეფანს და ძირს დაგებულ ბეტონის ფილებს ითვლის.
- ბორის… – უნდა თინიკოს ამბის გაგრძელება.
- წამოდი, ბებიას გაგაცნობ! – გვეჩრება ბრტყელსახიანი, ძალიან ახალგაზრდა გოგო.
მივყვები.
ოთახში (აქაურობისთვის უჩვეულოდ თეთრ, სუფთა ზეწრებიან) საწოლს და ტუმბოს დაფუსფუსებს წელში მოხრილი, თავზე თეთრხილაბანდწაკრული, სამოცდაცხრამეტი წლის ბებია. ნამდვილი ბებია, სოფელში რომ უნდა ცხოვრობდეს, სახლ-კარს, ბაღჩას და შვილიშვილებს რომ უნდა უვლიდეს. ამ ბებიას არც შვილები ჰყავს, არც შვილიშვილები, არც სოფელში ცხვრობს. მისი ერთოთახიანი ბინა დაკეტილია. ფსიქიატრიულის პალატაში ფუსფუსებს ბებია და ენისმოჩლექით ეფერება ფანჯარასთან, ხის ტოტზე მოჭიკჭიკე ჩიტს…
- მე მომიტაცეს ბებია! ნუ გეცინება, მართლა მომიტაცეს. მოვიდნენ და მითხრეს, სოცუზრუნველობიდან ვართო, ჩამსვეს მანქანაში და ძალით წამომიყვანეს. ექიმებს ვეკითხები, რის საფუძველზე მაჩერებ-მეთქი? „მეზობლებს ეჩხუბებიო“. კი არ ვეჩხუბები, მხოლოდ ის ვთქვი, „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების!“ იცი რატომ? გამოვხარშავდი თეთრეულს, გავრეცხავდი, „გავაკრახმალებდი“, გავფენდი. რამდენი შრომა სჭირდება, ხომ იცი? ისინი კი სწორედ მაშინ ფერთხავდნენ ნოხებს, ცოცხს. სიგარეტს აფერფლებდნენ… შენ რატომ ხარ აქ, ბებია?
- უნდა დავწერო, როგორ ცხოვრობთ.
- მაშინ დაწერე, ესენი რომ სკდებიან სიგარეტის წევით. ოთახში რვანი ვცხოვრობთ. ოთხი ეწევა, ოთხი არა. მიჭირს ამ ჰაერის სუნთქვა… შენ ეწევი?
- არა!
- კარგი გოგო ყოფილხარ, ბებია! შარვალი კი გაცვია, მაგრამ მაინც კარგი გოგო ყოფილხარ… ორმოცდაათი წლის წინ ადამიანები რომ ცხოვრობდნენ, ფეხზე რომ წამოდგნენ და ეს ხალხი დაინახონ, გაგიჟდება სულ ყველა! ვიღაცამ ჯადო გაუკეთა საქართველოს, თორემ მარტო მე რომ მქონდეს, რა უჭირს! რომელი ქვეყანა გაუკეთებდა, ეგ არ ვიცი!..
ეზოში მანქანა ასიგნალებს.
- ჯერ არ მცალია, მოვწევ და ჩამოვალ! – ჩასძახის რაფაზე შემომჯდარი, სახებრტყელი.
- ეს პატარა კურკა გოგო რა დღეშია?! – თავს აქნევს ბებია.
- ვნერვიულობ ბებო!
- რაზე ნერვიულობ? შვილები გყავს დატოვილი თუ რა?!
- დედა ხომ მყავს?
- გულის რევა მაქვს ცოტა – საწოლზე ჯდება ბებია და ხელებს კალთაზე იწყობს.
- ფეხმძიმედ ხომ არა ხარ? – იცინის სახებრტყელი – ისე, როგორ დაგიგვიანია გათხოვება!
- შენ რომ გათხოვდი, რა ჩიტი დაიჭირე? – ესარჩლება მოხუცის გვერდით საწოლზე გაწოლილი თმაგაშლილი – ეს ბებია რომ არ გვყავდეს, უფრო გაგვიჭირდებოდა აქ ყოფნა!.. ათი წელია ვიტანჯები, მაგრამ ვინ არ იტანჯება! ტანჯვა უფრო გამგებიანს ხდის ადამიანს. შვილად მეკუთვნი! პატარა კი აღარ ვარ. ორმოცდაჩვიდმეტის გავხდი. არ მეტყობა, იმიტომ, რომ აბორტი არ გამიკეთებია, შვილი არ გამიჩენია და ბოდიში თქვენთან, კაცთან არ ვწოლილვარ!
- რის ბოდიში ქალო, არ წოლილხარ და ყველაზე კარგი წუთები დაგიკარგავს ცხოვრებაში! – იცინის სახებრტყელი და სიგარეტის კვამლს ფანჯრიდან უშვებს.
- რა სასაცილოა და გაუპატიურების მეშინია, ამ სიბერეში. ახალგაზრდა ყველაფერს აიტანს. ასაკში ძნელია! რა ვქნა, უსიყვარულოდ ვერ გავთხოვდები! საქონელი ხომ არ ვარ!.. მე არ ვიღლები. ჩემი ტვინი გატენილია ინფორმაციით. როგორ ხმაურობენ! გვაცალეთ ლაპარაკი! ესე ვუთმენ ამათ ათი წელი. რა ბედნიერები არიან, რომ ვერ გრძნობენ თავიაანთ მდგომარეობას!.. თქვენ ხომ გჯერათ, რომ შიზოფრენია არ მაქვს?
- მჯერა!
- გუშინ მაინც მოსულიყავი – ნანობს სახებრტყელი – იცი რა ბიჭები გავიცანი? პოლიციელები იყვნენ. სიყვარული ვთხოვე… ფუჰ! სიყვარული კი არა, სიგარეტი! ერთი ღერი მომაწოდეს. ძაფზე გამობმული პარკი ჩავუშვი და ამოვწიე – მოულოდნელად ფანჯარაში ეყუდება, რაღაცას აკვირდება. – მარიამი მოყავს ქმარს, მგონი ცუდად არის! დავარდა. დიასახლისს დაუძახეთ!..
ამოჰყავთ მარიამი. თეთრები აცვია. ფრიალა ქვედაბოლო, ფუშფუშა პერანგი და მხრებზე მოგდებული ფართო, გამჭვირვალე შარფი. შემოეხვივნენ ავადმყოფები. ხელს აშველებენ.
- ცუდად კი არა, მთვრალია! – ჩხუბობს დიასახლისი – რამდენჯერ ვუთხარი ამის გასაქვავებელ ქმარს, რომ მიგყავს, ნუ ასმევ-მეთქი! რა დალიე?
- არაყი!
- რატომ დალიე ამდენი?
- არ პასუხობს. მამჩნევს, მიღიმის, თვალს მიკრავს და დერეფანშივე წვება იატაზე, მიცვალებულივით გულზე იკრეფს ხელებს. გაბრაზებული დიასახლისი მიდის. ვიღაცას თბილი საბანი მოაქვს და აფარებს. გარშემო უსხდებიან, ეფერებიან, ამშვიდებენ.
- აქ იმდენი სითბო იგრძნობა, მიუხედავად იმისა რომ ყველას გიჟი ქვია! გარეთ ეს ადამიანებს არ შეუძლიათ. აქ ყველას ერთი ტკივილი გვაქვს და ერთმანეთს რომ ვუზიარებთ, გვიმსუბუქდება ყოფა. ეს არის ჩვენი ცხოვრება და ისე შევეჩვიე, უკვე ვეღარ წარმომიდგენია, როგორ ვიქნები გარეთ! ბორის ძნელაძეში…
ექთანთან და საკაცესთან ერთად ბრუნდება დიასახლისი. მარიამი საბანს აგდებს. სცხელა. შარფიან ხელს მაღლა სწევს და აფრიალებს. საკაცეზე აწვენენ.
- ფრთხილად, არ მატკინოთ!
პალატაში, საწოლზე გადაჰყავთ. აბამენ.
- მუხლებს თავი დაანებეთ! ვიყვირებ!.. ძალიან მსუბუქი ვარ! – მიყურებს – მსუბუქი ყოფაქცევის არ გეგონო! უბრალოდ მსუბუქი! ნახე როგორ ავიშვა! ერთს ავიწევი და გავთავისუფლდები! ნაზად ბები, ნაზად! – თვალებს უბლიტავს დიასახლისს.
- ერთი შენი ქმარი მაცემინა! რამდენჯერაც წაგიყვანა, მთვრალი და ფეხმძიმე დაგაბრუნა!
- ცემე! – ნებას რთავს მარიამი.
- რვა შვილი ყავთ უკვე! – შემომჩივის დიასახლისი.
- შენ თვალწინ ავიშვებ! მიყურე და იხარხარე!…
- რომელი უფრო ცოდოა აქ, ავადმყოფი თუ კარგად მყოფი, ვერ გაიგებ! – თავს აქნევს დიასახლისი.
- კარგად მყოფი არ არსებობს! – ყვირის მარიამი.
- წავიდეთ, ჭამის დროა! – უპასუხოდ ტოვებს დიასახლისი.
სასადილოდ სკოლის მერხებთან სხდებიან. სკოლის მერხს უზის ბებიაც. უცხიმო, ერთმანეთთან შეწებებულ მაკარონს სოკოგაჩენილ, წებოვანგულიან პურს ატანს.
- ბებია, თუ დავიხრჩე, იცოდე, მთლიან ლუკმებს ვყლაპავ, არ ვღეჭავ… დაწერე, იქნებ მაკარონი რძიანი გააკეთონ. ამას ავადმყოფები ძალით ჭამენ! კი არ მოვითხოვ, თუ შეუძლიათ!.. მთავრობას ამ წლის ბიუჯეტში გამორჩენია ფსიქიატრიულების დაფინანსება. დამამშვიდებელ წამლებსაც თავის ფულით ყიდულობს ჩვენი ექიმი. ამათი უწამლოდ გაჩერება არ შეიძლება!.. პიტნის წვეთებიც არ აქვთ. რა ქნან! არ აფინანსებენ!.. უბრალოდ, თუ შეძლებენ, ხანდახან მაინც რომ გვაჭამონ რძიანი მაკარონი…
- მე ფაფა მინდა! – იძახის სახებრტყელი – მანიფაფა… და კარაქიანი პური!
- პური ახალი რომ იყოს!.. მეორე დღის მაინც!
- ხორციანი საჭმელი მენატრება!
- შემწვარი წიწილა, ახალი ტყემლით!
- ტოლმა!
- ხინკალი!
- მწვადი!
- ჩაქაფული!
- სამი თვის ხელფასი მისცენ პერსონალს! ყველაზე მეტს ესენი შრომობენ! ფულს რომ აიღებენ, კარგ ხასიათზე იქნებიან!
- ტორტი!..
ამთავრებენ შეზიზღებულ საჭმელს. ლამარა მერხებზე დარჩენილ პურის ნატეხებს აგროვებს, ჯდება და ფშვნის.
თინიკო და თავსაფარკოპლიანი ფანჯარასთან მიდგმულ, გადაწმენდილ მერხზე სხდებიან და ეზოში იყურებიან. კაცი ასეირნებს ბავშვს.
- შეხედე, რა საყვარელი პატარაა! – სახე ებადრება თინიკოს, მერე ცრემლი ერევა – შვილიშვილს ვენატრები, ექვსი თვიდან გავზარდე. აქ რომ მოვდიოდი, დამსვა და საჭმელი მაჭამა. მშიერი არ გამომიშვა…
- ხომ კარგი ბავშვია? – გადაჰყურებენ ფანჯრიდან პატარას.
- ხო! – თავს უქნევს წითელკოპლიანი.
- ხომ გინდა ბავშვი?
- ხო!
- ხომ გათხოვდები?
- ხო!
- მე ძმისშვილი გავზარდე, ჩვიდმეტი წლისაა. სახლიდან გამომაგდო! – გვიყვირის მოულოდნელად გაჩენილი, მხრებზე ზეწარშემოგდებული ქალი.
- ვერ გაგიზრდია კარგად – ჩურჩულებს თინიკო და ცრემლს იწმენდს.
- აღმოვაჩინე მასობრივი განადგურების იარაღი! – აგრძელებს ყვირილს – აზოტს ჩავყრი ჭაში და დაგხოცავთ სულ ყველას!..
- აურია, ხმა არ გასცეთ! გუშინ ისეთი სიტყვები მეძახა, არაფერი მითქვამს! – გვაფრთხილებს თინიკო.
- ჩათლახები ხართ!.. „ჩიხოტკიანები“!..
არავინ ეპასუხება.
- ფანჯრიდან ჩამოდით! – ყვირის მზარეული.
- თინიკო და კოპლიანი შორდებიან ფანჯრის იქით მოჩახჩახე მზეს. ბრუნდებიან სიგარეტის და საპირფარეშოს სუნში.
- ვინმეს რომ შევხვდე და შევუყვარდე, ამის უფლებასაც არ მაძლევენ! – ჩივის ფეხშიშველი.
- ესენი გარეთ დადიან, ჩვენ ფანჯრიდან გახედვასაც გვიკრძალავენ! ბორის ძნელაძეში რომ არ…
- დისკოტეკაზე წამოხვალ? – მორბის სახებრტყელი.
- დისკოტეკა გაქვთ?..
მთავარი კარის პირდაპირ, პატარა ოთახში მაგნიტოფონია ჩართული. რაღაც წყნარ მელოდიას აყოლილი ქალები ნელა, თვალებახუჭულები ტრიალებენ. სახებრტყელი წითელკოპლიანს მიათრევს საცეკვაოდ. კოპლიანს ცეკვა არ უნდა. სახებრტყელი ხელებს უჭერს და ძალით აქნევინებს…
ურდულის ხმა ისმის. მნახველი მოვიდა.
- ქეთისთან არიან! – იძახის ექთანი.
მირბის ქეთი და დედის წინ ჩერდება. არ ეხუტება. არ კოცნის. დედა თავზე ხელს უსვამს.
- რატომ არ ხარ დავარცხნილი! – საყვედურობს.
ქეთი ბავშვივით შეჰყურებს.
- გამოიცვალე! – ჩანთიდან იღებს ტანსაცმელს.
იქვე იხდის შარვალს, მაისურს… დედა ეხმარება. გამონაცვალს ახვევს და ჩანთში ინახავს. ქეთი გაუბედავად ჩასჩურჩულებს.
- ვერ წაგიყვან! სახლში ვერ გაძლებ! ეზოში არავინ არის! – ხმამაღლა პასუხობს დედა.
- ხუთი წუთით მაინც ჩამიყვანე დაბლა, გამასეირნე!
- არა! ამ კიბეზე ვეღარ ამოვალ ისევ!.. ხომ იცი, ფეხები მტკივა!..
მიდის დედა. ქეთი გარბის ფანჯრისკენ. ელოდება. დედა გადის შენობიდან და ნელი ნაბიჯით მიუყვება გზას. შვილი ჩუმად უყურებს. გზა გაფოთლილ ტოტებში იკარგება…
**********
ძალიან გამხდარი ქალი გაყვითლებულ რვეულს მაწვდის.
- ლია საინტერესო პიროვნებაა, რამდენჯერმე თავს იკლავდა! – მაცნობს თინიკო.
- აქ ჩემი ლექსებია. იქნებ დამიბეჭდონ თქვენს გაზეთში!
ვფურცლავ.
„ფულით მანქანა ვიყიდეთ,
ტაქსაობს ჩემი ქმარი.
საღამოს დატვირთული
რამაზი მოდის სახლში.“
„შოფრობაში“ გამოცდილი
„რეისებში“ დადიოდა,
კმაყოფილი ბრუნდებოდა,
სიხალისე ამხნევებდა.“
„გავზარდე ორი შვილი და
მტერს დავუყენე თვალი!
მრავალი წლის მანძილზე
„ატეესს“ შევალიე თავი.
შეწუხებული დავდივარ
ტელეფონების ზარით.“
- მატანთ?
- წაიღე! თუ კარგად მოიქცევიან, კიდევ დავწერ! – მერე თინიკოს ახარებს – იცი, ქმარი მიბრუნდება!
- მართლა?! გილოცავ! – კოცნის თინიკო…
**********
- დაწერე, რომ ძმამ გამიყიდა ბინა – მკარნახობს დაბალი, შავგვრემანი გოგო – საბერძნეთში წავიდა და გადაიკარგა. ცხრა წელია აქ ვცხოვრობ. უკვე კარგად ვარ, გაწერა უნდოდათ, მაგრამ წასასვლელი არსად მაქვს… რა ლამაზი მაიკა გაცვია! მე იცი, როგორები მიყვარს? სელაპივით რომ პრიალებს. არის ეგეთი?
- კი, იქნება!
- დამეხმარეთ ჩემი ძმის მოძებნაში!..
**************
- მკვდარი არ მოვსულვარ აქ! ცოცხალი მოვედი, იმიტომ რომ ვიცოდი, მკვდარი ვერ მოვიდოდი! ოცდაცამეტი წლის ვარ! მას მერე არ მომმატებია ასაკი!.. – ისმის დერეფანში.
- ფულის ინფლაცია არის ფულის სიკვდილი! საქართველოში ფული მოკვდა!.. – ყვირის სხვა ხმა.
- გამარჯობა! ჯანმრთელობას გისურვებთ. პასტა ხომ არ გაქვთ? ლექსი მაქვს დასაწერი. შავად კი არ ვწერ, პირდაპირ თეთრად. ერთი შეცდომა არ მაქვს ხოლმე!…
- მე მხოლოდ ყვავილის დახატვა ვიცი!…
***********
- დღეს რა რიცხვია, ჩვიდმეტი თუ თვრამეტი? – მიყურებს დიდთვალებდაქაჩული ქალი.
- ჩვიდმეტი მაისი.
ფიქრობს.
- ვიღაცის ცემა მინდა!
- ვისი? – ვეკითხები ფრთხილად.
- არ ვიცი! – აკვირდება ყველას.
************
- მოდი აქ! – მეძახის თეთრი, მაღალი ქალი – უთხარი კარი გაგიღონ და წადი!
- რატომ?
- შენთვის ცუდია. ცუდად გახდები. ამ ხალხის ყურება ძნელია. ხედავ როგორ დარდობენ? სახლებიდან იმიტომ გამოყარეს, სიმართლეს რომ ამბობდნენ. სტრესს წამალი კი სჭირდება, მაგრამ სხვა რამეებიც აუცილებელია. საშინელ ყოფაში არიან. დააკვირდი ამ ადამიანების თვალებს. გრძნობ როგორ „მუჩუეტ“?
დერეფნის ბოლოში ჩხუბი იმართება. თვალებდაქაჩულმა იპოვა ვისაც ეძებდა. ზოგი მისაშველებლად გარბის, ზოგი გასაშველებლად.
- დაწყნარდებიან. შენ უთხარი, გაგიღონ კარი!
- მალე წავალ! – ვპირდები.
*************
თინიკოს ვეძებ. ისევ ფანჯარაში ზის. სარგებლობს არეულობით.
- რა მოხდა ბორის ძნელაძეში, თინიკო?
- დათვმა მოაჭამა გოგოს ფეხი. იმ გოგოს ვეწეოდი და ამის ნიადაგზე გავხდი ავად. რომ არ წავყოლოდი მეგობარს…. – უსველდება თვალები…
***********
ხმაურით ირაზება კარი ზურგს უკან. გამოვდივარ ქუჩაში. ჰაერი. ვსუნთქავ. ღამდება. ლამპიონები ინთება. განათებული კაფეები. ადამიანები საუბრობენ. იცინიან.
ორი ნაბიჯის იქით, სიგარეტის და საპირფარეშოს სუნში, სძინავს რკინის საწოლზე დაბმულ მარიამს…
ნაფცქვენები
ხის შუშაჩატეხილ ფანჯარაზე აკრულ სიბნელეს ფერი შეერია. სახედამშრალმა ქალმა მორიდებით გააღვიძა რკინის საწოლში მძინარე სახეგადატკეცილი, შავი კაცი. ქალმა სკამზე მიყრილი სამოსი სწრაფად გადაიცვა, ჭაღარა თმა კბილებმომტვრეული სავარცხლით გადაივარცხნა. ხელი წაკრა აგურშეყუდებულ საწოლში მძინარე ბავშვს. „ადექი, მომეხმარე!“ ლამაზი, შავი თვალები გაახილა გოგომ.
კაცმა დინჯად ჩაიცვა საკერებელდადებული, მუხლებთან დაბერილი სპორტული შარვალი. ფეხები უზონარო, დაბრეცილ, მტვრიან ფეხსაცმელში წაყო. ეზოში გავიდა. თენდებოდა. წითელი ჰორიზონტი იწვა. მზე ამოდიოდა.
- სალესი და დანა გამომიტანეთ! – სახლს შეჰყვირა კაცმა.
თმაგაწეწილმა გოგომ გამოუტანა, სასაწრაფოდ სახლში შებრუნდა, კარადის გვერდით, ბნელ კუთხეში ჩაჯდა და ყურებში თითები გაიკეთა.
კაცმა დანა ალესა. ფხა გაუსინჯა და გომურში შევიდა. ბაგაზე მიბმულმა, ნეხვმიმხმარ იატაკზე მოკეცილმა ცხვარმა თავი წამოყო. კაცმა თოკი მოხსნა ბაგას და მოქაჩა. ზანტად წამოდგა ცხვარი. პირი წინდაყრილი, მიმჭკნარი ბალახისკენ წაიღო. კაცმა არ აცალა. უფრო მძლავრად მოწია თოკი. წყლიან, ემალატეხილ, ტალახიან ჯამს წამოედო ცხვარი. წყალი დაიქცა. კაცმა გინებით გაათრია ეზოში…
გოგომ ყურებიდან თითები რომ გამოიღო და გარეთ გავიდა, თუთის ტოტზე დაკიდებული დახვდა ცხვარი. ჩაყვითლებულ, დაკრეჭილ კბილებიდან გალურჯებულ ენას უყოფდა მოჭრილი თავი. მიწას დიდ ლაქად აჩნდა შედედებული სისხლი…
გრძელ შუშაბანდში ვიწრო მაგიდები შეატყუპა ჭაღარა ქალმა. გახუნებული, დახვეული ქაღალდი სუფრად გადააფარა. თეფშებს თლილი ჭიქები და დაღრეცილკბილიანი ჩანგლები შემოუწყო. გოგო მეზობლებში გააქცია. სკამები ათხოვნინა.
კაცმა აქნილი ხორცი, დაჭრილი მწვანილი, მწვანე ხავი, ტარხუნა, ტყემალი ფენა-ფენა ჩაყარა ტალახწასმულ ქვაბში და ეზოში, ზედადგარს ქვეშ, შეშით ანთებულ ცეცხლზე შემოდგა.
ქალი სუფრას დასტრიალებდა – ყველი, მწვანილი, კიტრი…
პირველმა სტუმარმა შეაბიჯა. ყაზარამ. მისი გრძელი ცხვირი ულვაშის ზოლს ეჭირა. ნარდი გაშალეს. მაყურებლებიც გამოუჩნდნენ – სხვა სტუმრები და ტოტზე დაკიდებული, ენაგამოყოფილი, თვალებდაჭყეტილი ცხვრის თავი. იქვე, სისხლის ლაქას ბუზები ეხვივნენ. ცეცხლზე ჩაქაფული იხარშებოდა.
თეთრი მანქანა გაჩერდა. ახოვანი კაცი და ლამაზი, გაპრანჭული ქალი გადმოვიდნენ. გოგო აღტაცებული ათვალიერებდა ბზინვარე, შავ, გადავარცხნილ თმას, წითელ პომადას… უკვირდა, ეს ქალი მათ ღარიბ სახლში რომ შევიდა, მის მოუვლელ, საწყალ დედას რომ ესაუბრებოდა… და ცოტათი რცხვენოდა კიდეც.
სუფრა მზად იყო. კაცები ჯერ მორიდებით ისხდნენ. თითქოს უხალისოდ იღებდნენ ჭიქებს, ორი სიტყვით ამბობდნენ სადღეგრძელოს, ნაზად კიკნიდნენ ბადრიჯანს თუ გუდის ყველის ნაჭერს. რაფაზე შემოდგმულ ბოცას ნელ-ნელა აკლდებოდა. ხმაური იმატებდა. ყოჩაღად შეხვდნენ ოშხივარადენილ ჩაქაფულიან ჯამებს. სადღეგრძელოსთვის ათი სიტყვაც აღარ ჰყოფნიდათ, ყოვნდებოდნენ და გონებაში ეძებდნენ სხვა, მგზნებარე სიტყვებს. ვერ პოულობდნენ და ისევ იმ ათი სიტყვის დალაგებას ცდილობდნენ ისე, უფრო შთამბეჭდავი რომ ყოფილიყო. არ გამოსდიოდათ და სავსე ჭიქით უღებდნენ ბოლოს წამებას.
ლამაზ ქალს მოსწყინდა მათი ყურება. გარეთ გავიდა. მიტოვებულ ნარდთან ჩამოსხდნენ ქალები.
ბოცა ნახევრად ჩაიცალა.
მასპინძელი მზად იყო კამათისთვის, ჭიქას ხელი წამოავლო:
- მშვიდობას გაუმარჯოს! ნათქვამია, „მშვიდობა შინ და გარეთო“ მაგრამ, მთავარია, გარეთ იყოს მშვიდობა! შინ მე მოვუვლი!
- შინ თუ ომი მაქვს, რა ჩემ ფეხებად მინდა გარეთ მშვიდობა?! – არ დაეთანხმა ყაზარა.
ეზოს მაღალ ქუსლებზე შემდგარი, დაბალი ქალი მოადგა.
- მოდი, ჟუჟუნ! – შეიპატიჟა დიასახლისმა.
ჟუჟუნამ უკან დაიხია, „ყაზარა გამოახედეო“. დიასახლისი შეყოვნდა და გოგო გაგზავნა დასაძახებლად.
- ყაზარა ძიას ცოლი ეძახის! – თქვა ღია კარში გაჩერებულმა გოგომ.
ყაზარა წამოიწია. შავმა კაცმა ხელით გააჩერა, „უთხარი, არ მოდის-თქო!“ უბრძანა გოგოს.
ჟუჟუნა გაბრაზდა.
- ცოტა ხნით გამოვიდეს, საქმე მაქვს! მიდი გენაცვალე, წუთით გამომხედოს!..
ისევ ღია კარში გაჩერდა. მამამისს მშვიდობის სადღეგრძელო ჯერ კიდევ არ დაელია.
- არ მიდის, ერთი წუთით გამოიხედოსო!
კაცს სახე დაეჭყანა, სუფრას დახედა, თეფშზე დახვავებულ კიტრის ნაფცქვენებს ხელი დაავლო და გოგოს სახეში შეაყარა.
ყველა მას უყურებდა. სისხლმა სახე აუწვა. თავი დახარა და ძირს დაყრილ ნაფცქვენებს დახედა. მერე თვალები ცრემლებმა ამოუვსო და გაქრა ნაფცქვენები, მამამისი, ყაზარა, ჟუჟუნა, მზიანი ეზო, ენაგამოყოფილი ცხვრის თავი…
ლამაზი ქალის კალთაში თავჩარგული ტიროდა.
- შეურაცხყოფილად იგრძნო ბავშვმა თავი!- მოესმა გამქრალი სამყაროდან.
იმ სამყაროში მამა ისევ მშვიდობის სადღეგრძელოს სვამდა. კაცები ქეიფობდნენ.
რობოტი
ცხრა წლის იყო.
სხვადასხვანაირი ფიცრებით ახუნძლული საპირფარეშოს კედლის ძირიდან სორო იყურებოდა შავი თვალით. სოროსავით შავი თვალები ჰქონდა თვითონაც.
დაპატარავდა თუ სორო გაიზარდა, შიგნით შევიდა – თბილ, დიდ ოთახში. ჩაწიკწიკებულ ხუთ საწოლზე ხუთ წრუწუნას ეძინა. მათი დედა იყო. ფეხაკრეფით მიდიოდა საწოლიდან საწოლთან, გადახდილ საბნებს უგებდა. ერთს გამოყოფილი, შეციებული კუდი სათუთად გაუსწორა, დაუთბუნა.
ბედნიერი იყო უცნობი განცდით! დედა იყო!
სამზარეულოში ღუმელზე წვნიანი დუღდა. საჭმელს ამზადებდა.
სახლში გრძელულვაშა, პიჯაკმოცმული ვირთხა დაბრუნდა. ქმარი…
ბრახუნმა გამოაღვიძა. მამის დაგებულ ხაფანგს წრუწუნა მოეკლა…
ოცდათორმეტი წლის შემდეგ –
ადრიანად გაახილა თვალი. წასასვლელი იყო. სამუშაოს დაწყებამდე გუშინდელი დაუმთავრებელი ანგარიშის დასრულება უნდა მოესწრო.
ადგომა ვერ შეძლო. ოდნავ მოძრაობაზეც აუტანელად სტკიოდა მუცელი. თავს ძალა დაატანა. წამოდგა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ტკივილმა გონი დააკარგვინა. თვალი რომ გაახილა, იატაკზე იწვა. ტკივილი შესუსტებულიყო…
სასწრაფომ წაიყვანა. გზაში ხან უფროსი ურეკავდა, ხან მის მაგივრად სამუშაოზე გამოსული გოგო. ეკითხებოდნენ, რა სად იდო, რა იყო საჩქარო…
ექიმმა ხელით გასინჯა. ქალი იყო. მერე კომპიუტერებით იკვლიეს.
იწვა. პასუხს ელოდა. სამსახურიდან ისევ რეკავდნენ.
- საკვერცხის კისტაა გამსკდარი, გონი იმიტომ დაკარგე. ოპერაციაა საჭირო, საშვილოსნოც ამოსაღებია! – მოვიდა ბოლოს ექიმი.
- რომ დამიტოვოთ?
- არ შეიძლება, საშიშია!
გოგოს ცრემლები წამოუვიდა.
- რა გატირებს? – უხეში იყო ექიმი.
- შვილი არ მყავს!
- ამ საშვილოსნოს დიდი ხანია დამშვიდობებული ხარ! შვილს ვერ გააჩენ!..
საოპერაციოდ ამზადებდნენ.
- აქ ერთი ბატონია მოსული, ნახატი უნდა ყოფილიყო ჩარჩოში ჩასმული, ვერ ვპოულობთ! – რეკავდა ისევ უფროსი.
- რა ეხატა ნახატზე?
- კლიმტის „ოჯახი“.
- საწყობში, თაროსთან დევს – საკაცით მიაგორებდნენ.
რკინის კარი ღია დახვდათ. საოპერაციო დიდი იყო, თეთრი და ცარიელი. მაგიდაზე გადაიყვანეს. წამალი შეუშვეს…
წინ ფურცლები ეწყო, კალკულატორი, წითელი და ლურჯი პასტა. აგრძელებდა წინა ღამეს შეწყვეტილ ანგარიშს. მალე დაასრულებს. სულ ცოტაღა დარჩა. ვიღაც ხელს უშლის.
- გაიღვიძე! – თავზე ედგა რეანიმაციის ექთანი.
„ცოტაც მაცალონ, სულ ცოტაც და მოვრჩები, რატომ მიშლიან ხელს?!“ თავს ზემოთ არ წევს, ციფრებს კრებს. „პლიუსი დამიჯდა. სამი ლარი. ეს არაფერია. ალბათ პასპორტის გატარება გამომრჩა. მშვენივრად გამოვიდა. დავასრულე!“
- გაიღვიძე!..
სოფლის ავტობუსში
მძღოლი შავია და შავი ულვაშები აქვს. ავტობუსი წითლზოლიანი. მუსიკა ძველი, საცეკვაო.
წინა სკამზე, „თავშენახული“ შურა კმაყოფილი იყურება ფანჯარაში. მისი მხრები კი ყვება მელოდიას.
შურას ზურგს უკან, პუტკუნა, ახალგაზრდა გოგო პირზე ხელს იფარებს და სიცილის შეკავებას ცდილობს.
ავტობუსი ჩერდება. შავებში ჩაცმული მოხუცი ბებო გაჭირვებით ამოდის და ამოაქვს ერთმანეთში ჩაწყობილი ჩანთები. ბებო ჩხუბობს. სიტყვები მუსიკაში იკარგება. მძღოლი მაგნიტოფონს ხმას უდაბლებს. ჩერდებიან შურას მხრები.
- ნახევარი საათია ვდგევარ! ბებერი რომ ვარ, იმიტომ არ გამიჩერა? ეგრე შეიძლება?!
- რა გინდა ჩემგან?
- შენგანა შვილო? შენგან არაფერი. იმდენი ხანია ველოდები, გამოიარა ყვითელმა ავტობუსმა და არ გამიჩერა. შენ რა შუაში ხარ! შენზე კიდევაც ვამბობდი, ღვთისნიერი კაცია-მეთქი!..
კვლავ იწყებს ცეკვას შურას მხრები და კვლავ იცინის პირზე ხელაფარებული პუტკუნა.
ბებოს სახლთან ჩერდება ავტობუსი. მძღოლი ხელით აკავებს ჩასავლელად მომზადებულ მოხუცს.
- ხომ დადიხარ ბაზარში ყოველდღე და ხომ შოულობ იქ რაღაც ფულს. ხანდახან ათი თეთრი მაინც გადაიხადე. ჩემზე კი არ გეუბნები. სხვებს მიეცი, რომ გაგიჩერონ!
ოთხმოცს გადაცილებული დამნაშავე ბებო დგას თავდახრილი, უსმენს და ლუღლუღებს.
- ხო შვილო!.. ხო შვილო!..
- კარგი ხო, გამოსწორდება! წავიდეთ ჩვენ ახლა! – ყვირის მოთმინებადაკარგული კაცი.
უკვე ხმამაღლა იცინის პუტკუნა.
მერე ისევ მიქრის ავტობუსი და ისევ ცეკვავენ „თავშენახული“ შურას მხრები.
ძაღლი
კერძო, პატარ-პატარა ეზოებს და სახლებს შორის ჩარჭობილ, ოცდაოთხსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან მოხუცი იყურება. ოდესღაც ლამაზი იყო! ძალიან ლამაზიცო! ახლა კი შუბლზე და ლოყებზე ბებერი მეცნიერის ტვინივით დანაოჭებული კანი, პირიდან ამოჩრილი კბილი და კუზი აქვს.
- რა საშინელება ხდება იმ სახლში!.. თავიდან ვიფიქრე, მეჩვენება-მეთქი. მერე ვუთვალთვალე და დავრწმუნდი, არ ვცდებოდი… არა, ვერ გეტყვი! არ შეიძლება! – ეუბნება სტუმრად მისულ ნათესავს და სადღაც ქვემოთ იშვერს მარილებისგან დაგრეხილ თითს.
სტუმარი ახალგაზრდა გოგოა, არ უხარია იქ ყოფნა, მაგრამ სთხოვეს, საღამომდე არ დატოვოო და უკვე მეორედ იდუღებს ყავას.
- მითხარით!.. არავის მოვუყვები! – ამბობს ზარმაცად.
- თქმისაც კი მეშინია!.. სამ დღეში ერთხელ მოჰყავთ ამ კაცთან ძაღლები!
- ამდენი ძაღლი რად უნდა?
- ტყავს აცლის! – ჩაიჩურჩულა.
- რას? – ვერ გაიგო გოგომ.
- ტყავს აცლის! – ოდნავ აუწია ხმას… – ერთი ისეთი კარგი ძაღლი მოუყვანეს, მეწამული ფერის. ლეკვი ჰყავდა თან. ისიც მაგფერი. იქით რაღაც მოფიცრული რომ მოჩანს, მოდი, ნახე! ახლაც აბია შავი ძაღლი, ხომ ხედავ?
ცეცხლს აქრობს და გოგოც ფანჯარასთან მიდის. ძველ, პატარა, ჩაშავებულ სახლზე ფოთლებდაცვენილი თუთის ტოტების ჩრდილი ირხევა. მიწაზე წევს ძაღლი. დრუნჩი თათებს შორის უდევს.
- მანდ ება ისიც. მეორე დილით გამოვიდა სახლიდან კაცი, შავი პერანგი რომ აცვია ხოლმე. შეჰყურებდა ქვემოდან და კუდს უქიცინებდა საცოდავი. რაღაც ჩაასხა ძალით პირში. ალბათ ძილის წამალი. ცოტახნით გავედი საძინებლისკენ. რომ დავბრუნდი, ძაღლი გრძელ რკინის მაგიდაზე დაწოლილი დამხვდა, სამ ადგილას გადაეჭირათ ქამარი და… თავი აღარ ჰქონდა!
- რა არ ჰქონდა?! რას ამბობთ!
- თავი! თავი აღარ ჰქონდა! მეორე დილით, ქალბატონმა, იმ კაცის ცოლმა, პარკში გახვეული ხორცი სადღაც წაიღო. იმიტომ ვეჩხუბები ჩემებს, „კალბასებს“ და „სასისკებს“ ნუ ჭამთ-მეთქი… სულ სხვადასხვანაირი ძაღლები მოჰყავთ. მესამე დღეს ტყავს აცლის… არ ყეფენ. ხმას არ იღებენ ძაღლები. ნამდვილად წამლით აძინებენ. დიდი ფული იშოვნეს ამ საქმით. აქ რომ გადმოვედით, პატარა ეზო ჰქონდა. აქეთ-იქიდან შეისყიდეს და ხომ ხედავ, როგორ გაფართოვდნენ?… მეზობელი გვყავს პოლიციელი, მინდოდა მისთვის მომეყოლა და თავზე დასდგომოდა მოულოდნელად. ზუსტად ვეტყოდი როდის კლავდა. ჩემმა შვილმა დამიშალა. ეგ თუ ამ საქმით ფულს შოულობს, ადამიანსაც მოკლავსო! მაგან იცის, რომ მე ვუყურებ. შემეშინდა – შვილი და შვილიშვილი შარში არ გავხვიო-მეთქი!..
- ამ ამბავზე თვალების დახუჭვა როგორ შეიძლება?! – კითხულობს თვალებგაფართოებული გოგო.
- იცი, როგორი ცხოველი მოუყვანეს, ერთხელ? შავი, პრიალა ბეწვი ჰქონდა, შველივით თვალები, წაგრძელებული დრუნჩი, მოკლე ფეხები. ძალიან მსუქანი იყო. სიარული უჭირდა. თევზის მჭამელი უნდა ყოფილიყო. ხვდები, რა იქნებოდა?
- ვერა! –
- ძალიან ლამაზი იყო, მგონი ზოოპარკიდან მოუყვანა მწვანეფორიანმა, გალიებიანი მანქანით. იმ კაცს ფულს უხდის ხოლმე… ნეტა რა ცხოველი იყო?.. როგორ მოკლა, ვერ დავინახე. რომ გავიხედე, იმ შავ, პრიალა ბეწვს რეცხავდა უკვე ის ქალბატონი! ეგ ქალიც სატანაა. ხმას რატო არ იღებს?.. შეიძლება ქმრის ეშინია – პასუხობს თვითონვე.
- ღმერთო ჩემო!
- ის ლამაზი ძაღლი რომ დავინახე, ლეკვით, ისე შემეცოდა, გული დამეთუთქა. მინდოდა ჩავსულიყავი და მეყიდა, მაგრამ ჩემი შვილი გაგიჟდა, სად წავიყვანო, რად მინდაო? არ არის ეგ შენი საქმე! ნუ გაიხედავ და არ დაინახავო! სხვა ფანჯრებიც გვაქვს, წადი და ქუჩის მხარეს იყურეო!.. სატანები არიან ეგენი ყველანი! ცოლიც! კიდე ისეთები… რა ჰქვიათ მაგათ? აი, კისერში რომ ჩააფრინდებიან და სისხლს წოვენ.
- ვამპირები? – იცინის გოგომ.
- ხო, ვამპირები! დადიან ეგეთები აქ ღამე!.. ვერც შენ ხედავ ჭაღზე ღამურას?
- ვერა! – უზარმაზარ ბროლის მძივებს ათვალიერებს გაკვირვებული გოგო.
- უნდა ჩამოვახსნევინო ხელოსანს და ყველას განახოთ, რომ მანდ ღამურა ზის! სულ მიყურებს და დამცინის! აი, ენას მიყოფს ისევ…
ჭერზე ბროლის ჭაღი ბრწყინავს. გოგო მოხუცს აკვირდება გაფართოებული თვალებით…
თუთის ტოტებს ქარი ისევ არხევს. ქვემოთ, ეზოში, შავპერანგიანი კაცი სიგარეტს ეწევა. მოფიცრულის წინ ჯაჭვით დაბმული ძაღლი შეჰყურებს და კუდს უქიცინებს.
© არილი