ახალი ამბები

ნისლი ჩარლზ დიკენსის ცხოვრებასა და შემოქმედებაში

„გაცოცხლებული ლონდონი, თვალების წვითა და პნევმონიით, ახველებდა და იხრჩობოდა. უსულო ლონდონი გაჭვარტლული იყო, ხილულად და უხილავად განზრახ დანაწევრებული“ – წერდა დიკენსი 1870-წლამდე, გარდაცვალებამდე.

ნისლი დიკენსის შემოქმედებაში ტრიალებს და, შესაძლოა, წვლილიც კი აქვს შეტანილი მისი ჯანმრთელობის გაუარესებაში. მის მუზეუმში გახსნილი გამოფენის მთავარი თემაც სწორედ ესაა – ნისლი (მე-19 საუკუნის ლონდონში ნისლი გამოწვეული იყო დიდი რაოდენობით ქვანახშირის წვით ინდუსტრიულ და დასახლებულ ტერიტორიებზე).

წერილებთან, ხელნაწერებთან, ილუსტრაციებთან თუ საოჯახო ნივთებთან ერთად, ახალი გამოფენა წარმოაჩენს ნისლის გავლენას მე-19 საუკუნის ლონდონზე და პარალელებს გაავლებს ჰაერის დაბინძურების თანამედროვე პრობლემებთან.

„ჩარლზ დიკენსი მთელი ცხოვრება გარშემორტყმული იყო ნისლით. ეს მასზე მოქმედებდა, მის ხასიათზეც, ბავშვობიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე. შთაგონება იყო და მის წიგნებშიც იგრძნობოდა ნისლის არსებობა“ – ამბობს მუზეუმის კურატორი.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ნისლი და კვამლი დიკენსის შემოქმედებაში ყოველთვის ნეგატიურად არაა წარმოჩენილი. თუკი ჰაერის დაბინძურებას დიკენსი ბოროტი ძალებისა და საეჭვო პერსონაჟების საილუსტრაციოდ იყენებს, ლონდონის ქუჩის განათებები მასთან თბილი, ნოსტალგიური და მყუდროა.

გამოფენაზე, დიკენსის სხვა ნივთებთან ერთად, გამოტანილია ცეცხლის საჩხრეკი, რომელიც გედსჰილიდანაა, დიკენსის უკანასკნელი სახლიდან. დიკენსი ძალიან აქტიური ადამიანი იყო და ზოგჯერ თავად აკეთებდა იმას, რაც, ჩვეულებრივ, მოსამსახურეებს ევალებოდათ, ამბობს გამოფენის ორგანიზატორი.

ნისლის ყველაზე ცნობილი აღწერა გვხვდება დიკენსის რომანში „ცივი სახლი“, სადაც წერს, რომ ნისლი ყველგანაა. ესაა რომანი, რომელიც 1852 წლის მარტიდან 1853 წლის სექტემბრამდე ქვეყნდებოდა. რომანს ბევრი პერსონაჟი ჰყავს, მათ კი, თავის მხრივ, უამრავი ამბავი აქვთ მკითხველებისთვის გასაზიარებელი. მკვლევრები კამათობენ იმის შესახებ, როდის მიმდინარეობს მოქმედება. ერთი ვერსიით, ეს 1827 წელია, მეორე ვერსიის თანახმად კი, 1830-იანი წლები უნდა იყოს.

დიკენსმა ამ რომანისთვის არაერთი რეალური ადგილი გამოიყენა, მისი პერსონაჟების ნაწილიც რეალური ადამიანებით არის შთაგონებული. რომანს გამოარჩევს ისიც, რომ ნარატორი ქალია, რაც იშვიათი შემთხვევაა ავტორის შემოქმედებაში. ამ წიგნში ნისლს სიმბოლური დატვირთვა აქვს და სხვადასხვანაირად არის აღწერილი. ის ყოყმანის, ეჭვის, დაურწმუნებლობის ატმოსფეროს ქმნის და მეტაფორაა კომპლექსური და რთული სამყაროსი, რომელშიც უწევთ ყოფნა პერსონაჟებს. ასევე, მნიშვნელოვანია მოქმედების ადგილისთვისაც. ნისლი ფიზიკური მანიფესტაციაა დაბინძურებული და ხალხით სავსე ლონდონის. იგი დეზორიენტაციისა და კლაუსტროფობიის განცდას იწვევს. გარდა ამისა, მორალურ ორაზროვნებაზე, პერსონაჟების დაბნეულობაზეც მიუთითებს.

“პიკვიკის კლუბის ჩანაწერების” ერთ-ერთი პერსონაჟის ცვილის ფიგურა ჩარლზ დიკენსის მუზეუმიდან

გამოფენაზე იქნება ხელსახოციც, რომელიც დიკენსების ოჯახს ეკუთვნოდა. ლონდონელები ხელსახოცს იყენებდნენ ცხვირისა და პირის დასაფარად ნისლში, ამიტომ ეს კიდევ ერთი საინტერესო პარალელია დღევანდელობასთან, როცა ჰაერის დაბინძურებისა და კოვიდ პანდემიისგან თავდასაცავად ნიღბებს ვიყენებთ.

გამოფენაზე ნახავთ წერილებსაც, სადაც დიკენსი თავის პრობლემებზე წერს – „ხველა, სუნთქვის გაძნელება, უძილობა“. თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ჰაერის დაბინძურების გამო გამწვავებულ ასთმაზე მიანიშნებს.

ჩარლზ დიკენსის წერილი, თარიღდება 1860 წლით

კურატორის თქმით, „დიკენსი წერდა იმის შესახებ, რაც ნახა. ნისლი მე-19 საუკუნის ლონდონის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ლონდონში ისე ვერ იცხოვრებდი, ნისლს რომ არ შეეწუხებინე. გამოფენაზე ჩანს ისიც, როგორ ცდილობდა ლონდონი (და, ჩვეულებრივ, არ გამოსდიოდა) 200 წლის განმავლობაში ჰაერის დაბინძურების პრობლემის დაძლევას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ მდგომარეობა საგრძნობლად არის გაუმჯობესებული, პრობლემა, რომელსაც დიკენსი აღწერს, ჯერაც აქტუალურია“. აქედან გამომდინარე, გამოფენაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ინგლისისთვის.

© არილი

Facebook Comments Box