ხოზოგეპეუ!
Nomina sunt mutabilia, res autem immobiles (ლათ. სახელები ცვალებადია, მაგრამ თვით საგნები არ იცვლება)
ასე ეძახდნენ მსუქანს; სულ ერთი იყო – ვინგინდავინ: ბავშვი – გოგო თუ ბიჭი, დიდი – ქალი თუ კაცი. არც მოხუცს ინდობდნენ, თუკი გადაცდენილი იყო სიმსუქნის ზღვარს. ეს შეძახილი ყველამ იცოდა, არც შედგენილობა ეშლებოდა ვინმეს. “გეპეუ” რაღაც ზევიდან წამოსულს, მოსკოვურს, რუსულს, იმავე “ჩეკას” – ძერჟინსკის, ეგოროვს, ეჟოვს, ბერიას უკავშირდებოდა. სიმსუქნეს “ხოზო” გამოხატავდა. არავინ უწყოდა, სადაური სიტყვა იყო. ზოგ ჭრელ უბანში ქართველებს, სომხებს, ქურთებს ერთნაირად ემშობლიურებოდა. რუსებს უფრო ეუცხოვებოდათ, თუმც თავის საალერსო ბოლოსართებს არ იშურებდნენ. გეპეუს დამატებას ასე ერჩივნათ. ალბათ, მათთვის ეს გე-პე-უ უფრო გამჭვირვალე იყო. იმდენად გავრცელდა ქალაქში, რომ სკოლაში, კლასებში, ამ თიკუნის მატარებელი, სამ გამორჩეულად ჩამოყალიბებულ ქარაქტეროლოგიურ და სოციალურ ტიპს ლამის გვერდით ამოსდგომოდა, როგორც მეოთხე ამპლუა. ეს სამი ძირითადი საკლასო ხასიათი და მდგომარეობა კი შემდეგი იყო: “ცელქი”, “ყოჩი”, “სამაგალითო” (ანუ ვუნდერკინდი; მაგრამ ამ სიტყვას მასწავლებლები ერიდებოდნენ, მშობელთა უმრავლესობამ, ალბათ, ან არ იცოდა, ანდა ისიც გაურბოდა). ნორმალურ კლასში ერთი ხოზო მაინც გამოერეოდა, სხვა ამპლუას კი იშვიათად თუ შეითავსებდა. “ცელქი” ყოველთვის იყო (ოღონდ არა ხულიგანი, უზრდელი, ამრევი). ასეთები მაღალ კლასებში ყალიბდებოდნენ და რაღაც უფრო მაღალ მნიშვნელობასაც იძენდნენ ცხოვრების კიბეზე. უყოჩო და უვუნდერკინდო კლასი არ ვარგოდა. შინაარსით ხომ მწირი იყო და თანაც მაძიებლები ჩნდებოდნენ, შფოთი სადგურდებოდა. ყოჩობას თუ მაინც თვითონ ბიჭები იჩემებდნენ და ერთმანეთში არკვევდნენ, სამაგალითოს მშობლები ადგენდნენ – ყველა არა, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც მონაწილეობდა ამ ფარულ ბრძოლაში, მაგრამ ბოლოს მაინც მასწავლებელი და კლასი უსვამდა ბეჭედს. მარტო მშობლების მონდომება და ჭიდილი მაინც ვერ ამბობდა გადამწყვეტ სიტყვას ამ ინტელექტუალურ კონკურსში. თუ მართლა ღვთით მომადლებული ვინმე მოევლინებოდა კლასს, მაშინ ხომ განგებას ვერავინ უმხედრდებოდა – ამაო შეზიარება გამორიცხული იყო. ხოზოები, როგორც მოგახსენეთ, ამ ტრიუმვირატში არც შედიოდნენ (ათასში ერთხელ თუ სხვა ამპლუაც არ ექნებოდათ მორგებული). ისინი უფრო ცელქის და მის ამქარ-კლასელების სამიზნე ხდებოდნენ. ეს უკვე ხოზოს სხვა მონაცემებზეც იქნებოდა დამოკიდებული და თვითონ ცელქის სულიერ მიდრეკილებებზე.
ჩვენი ცელქი მთელ სკოლაში გამოჩეული ბიჭი იყო – კეთილშობილი, სიავის ნატამალი არ ჰქონდა, გულკეთილი, დამთმობი. ანცობაში კი – დიდი ფანტაზიორი, გამომგონებელი. ოთხი კლასის მერე თავგადადებულ სპორტსმენად ჩამოყალიბდა. უნივერსიტეტშიც ერთდროულად ვსწავლობდით. მერე ჩემი, ამხანაგების საყვარელი ერთი რიგითი პატიოსანი სპეციალისტი იყო. ნელ-ნელა მემთვრალეობას შეეჩვია. მოტყდა, დაინვალიდდა კიდეც, მაგრამ ყმაწვილური სიკოხტავე მაინც შერჩა. აქაც კეთილშობილად დარჩა; არ მახსოვს, ვინმე გაებეზრებინოს, თუნდაც მთვრალს – სიტყვამრავლობითა და წარსული სპორტული სიქველის, თუნდაც ანცობის მოგონებებით. ჩვენი კლასის ხოზოსთანაც (გოგო იყო, ეს იმ დროს ნამდვილად იშვიათობა გახლდათ) ძმური ურთიერთობა ჰქონდა, მფარველობდა. ხოზოს დაძახებასაც მაინცდამაინც არ უჭერდა მხარს. გეპეუს დაყოლებას კი უბრალოდ არ გვირჩევდა. “შარის თავი გაქვთ?” – გვეტყოდა ჩუმად, დაღონებით. მაშინ უკვე ვიცოდი, მისი კარგი გვარიშვილობა და ჩემი იმდროინდელი გამოცდილებით ვუკავშირებდი კიდეც გეპეუს მიმართ გამოჩენილ რიდს (გასული საუკუნის 38-39 თუ 40 წელი იყო).
ისე სულ მიკვირდა, ეს ხოზოობა რატომ უნდა გადაბმოდა მაინცდამაინც ამ გეპეუს? მაშინ, მგონი, გეპეუ აღარც ერქვა ამ დაწესებულებას. მაინც ჩეკასა და გეპეუს სახელით იხსენიებოდა და თითქოს არც მისი წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ სიმსუქნით. პირიქით – წიგნებში თუ გაზეთებში, კინოფილმებში, თუნდაც ქუჩაში ნანახი დიდი თუ პატარა ჩინის მუშაკები უფრო ფიზკულტურულ-სპორტული აღნაგობის ჩანდნენ. რაღა შორს წავიდეთ. საქართველოში მაშინდელი მათი შეფი (იმ დროს, ჩემი მოგონება რომ ეხება, უშუალოდ “ცეკას უფოროსი” იყო) მოსკოვში რომ წაიყვანეს, მერე გასუქდა, დაუშნოვდა, თორემ ჩვენთან ყველგან, სასწავლო რვეულების ყდაზე გამოხატული პენსნეიანი პროფილითაც კი, ცქვიტ, მოხდენილ მამაკაცად ჩანდა. თანაც ჩვენი სკოლა ჩიტაძის ქუჩის თავში იდგა. იქვე, ცოტა ქვემოთ, ძერჟინსკის ქუჩის გადაკვეთაზე ცეკას შენობა იყო. ყველა ჩვენსკოლელი დარწმუნებული იყო, რომ ერთხელ მაინც ჰყავდა საკუთარი თვალით დანახული ლ.პ.ბ., უშუალოდ ძერჟინსკის ქუჩიდან დატანებული კარებიდან შენობაში შესვლის ან გამოსვლის დროს. ეს თუ ლეგენდას განეკუთვნებოდა, რიგითი გეპეუელების სიკისკასის ჩვენება ერთხელ მთელი სკოლის (ყოველ შემთხვევაში პირველი ცვლის) თვალწინ მოხდა.
რამდენიმე წლით ჩვენზე მაღალ კლასს ჰყავდა მთელი სკოლის მასშტაბით ცნობილი ცელქი. ისიც ტანმორჩილი ბიჭი იყო, მაგრამ, ჩვენი ღიაცესფერთვალება ონავრისგან განსხვავებით, შავი, გარუჯული, ავსიტყვა, ავბეწვა, უფრო მაბნევარი, ვიდრე უწყინარი და უანგარო ამკლები. გაკვეთილები რომ გამოვიდოდა, მთელი ჩიტაძის ქუჩა მოსწავლეებით ივსებოდა. სკოლის ზემოთ მოსახლეობა თითქმის აღარც იყო, ქვემოთკენ კი, ძერჟინსკის ქუჩამდე მაინც ტალღად მივედინებოდით. აქ, იმ ცეკას შენობაში (კარგა ხანს ემსახურა პარტიას, ვიდრე “ქაჯეთის ციხე” არ აშენდა) პირველ სართულზე მისაღები, რეგისტრატურა თუ რაღაც ამგვარი ჰქონდათ გამართული, მგონი, ნახევარსარდაფის დონეზე, ფანჯრები მეტწილად ღია იყო, ტროტუარებზე მიმავალნი ვხედავდით იქ მყოფ დაცვის მუშაკებს და მოფუსფუსე მოქალაქეებს. და აი, ერთხელაც გაზაფხულის ჩახჩახა დღეს სკოლის პირველი ცელქი გამოეყო ამხანაგებს, ღია ფანჯარასთან დაბარებულივით მივიდა, მთელი თავისი მომცრო ტანით გადაწვა რაფაზე და კრიალა, გამყივანი ხმით ჩასძახა: “ყიყლიყოოო!” ეს ყივილი დამუშავებული ჰქონდა. სკოლაშიც, უფრო დიდ ეზოში გაგვეგონა, დერეფანში არავინ დააყივლებდა. რატომღა ჰქონდა ამოჩემებული? შეიძლება იმხანად ეკრანზე გამოსული ქართული ფილმის “არსენას” ბაძვით. იმ კინოსურათში არსენა ოძელაშვილი რატომღაც ასე ყივილით მოუხმობდა ცარიზმისა და ბატონყმობის უღლის წინააღმდეგ საბრძოლველად თანასოფლელებს. რამდენადაც მახსოვს, იქ ასე გამოკვეთილი მამლის ყივილი არც ისმოდა. არც ყ-ბგერა ხმიანობდა. ასეთ სერიოზულ იდეას, თანაც საკავშირო ეკრანზე, ცხადია, სულ ქართული “ყიყლიყო” არ მოუხდებოდა.
მაგრამ ჩიტაძის ქუჩა მარაბდა არ გამოდგა, ყიყლიყოს ბოლო აკორდი არც მიმწყდარიყო, რომ ბიჭი დამდუღრულივით მოსწყდა ფანჯარას. რა მოეფეთა იქ ისეთი ამ ეშმაკის ფეხის მკვნეტელს, რომ შეშლილივით დაეშვა ქვეითკენ? მას, როგორც მწევრები კურდღელს, მიჰყვნენ კარებიდან გამოვარდნილი “გეპეუ-ჩეკისტები” (ზუსტად ვინ იყვნენ, ამას ახლა ვინღა გვეტყვის), ახალგაზრდა, ულვაშკოკობა ბიჭები. ისე ვიყავით დარწმუნებული ჩვენისკოლელის სიჩაუქეში, რომ ვიფიქრეთ, რას დაეწევიან, თანაც რუსთაველამდე თავქვეა და მერე სადღაც თავს შეაფარებს-თქო. მაგრამ პიონერთა სასახლის ბაღის მოაჯირს არც გასწორებოდნენ, რომ მოგვესმა განწირული კივილი, ჭყავილი, ბღავილი და დავინახეთ, რომ სამ თუ ოთხ ფორმიანს ხელში ატატებული მოჰყავდათ მთელი სკოლის ცელქების ყოჩი. უგონო შიშს მოეცვა მისი თვალები, სახე; დასაკლავი გოჭივით მოჰყავდათ, რადგანაც თვითონ, ალბათ, ხელ-ფეხი წაერთვა, თორემ რაიმე საპასუხო ქმედების თავი აშკარად არ ჰქონდა. მხოლოდ კივილი ამოსდიოდა პირიდან (ცოდვას ვერ დავიდებ, ერთიც არ წაუთაქებიათ). ეგრევე შეიყვანეს იმ ოთახში, საცა ორიოდ წუთის წინ არსენასავით ჩაჰკივლა…
მეორე დღეს თუ ვნახავდი, აღარც მეგონა. დიდ შესვენებაზე ეზოში ჩავედი. თავის ჩვეულ ადგილას, სპორტდარბაზად გადაკეთებული ეკლესიის შესასვლელთან ჩაცუცქულიყო. ოღონდ კრინტს არ ძრავდა. აღარც თავისი ამპლუა ახსოვდა და არც მისი ანცობის მომლოდინენი. გაყუჩებული იჯდა, ისედაც ფერმკრთალი სახე სულ ჩასტეტკოდა. ჩვენი ცისფერთვალება ცელქი თურმე ტყუილად არ გვაფრთხილებდა “შარი არ აიტეხოთო”. ესეც შენი ხოზოგეპეუები! ხოზოები კი არა, დიდუბის იპოდრომის მუცელაწურული ბედაურები ყოფილან-მეთქი.
გეპეუ თანდათან მინავლდა ხალხის მეტყველებაში (სხვა სიტყვა-აბრევიატურებმა შეცვალა). ხოზო დარჩა; მაგრამ მასაც მოაკლდა ძალა, ფერი. ან ვის რა ხელი აქვს სხვის სიმსუქნესთან, რა ხოზო, რის ხოზო აუტყდათ, გაიფიქრებდა კაცი მის გაგონებაზე. თითქოს ამ სიტყვას რაღაც სხვა დატვირთვა ჰქონდა, და ის რომ გამოეცალა, დროთა დინების გამო, თვითონ თქმასაც მოაკლდა სიმწვავე, უბრალოდ გარკვეული ფიზიკური მდგომარეობის აღმნიშვნელი გახდა.
მაგრამ რატომ დაუკავშირდა ეს ხოზო მაინცდამაინც გეპეუს? ვთქვი კიდეც – არ უნდა ყოფილიყო ეს “მათი” გარეგანი იერის გამომხატველი. მართალია, “ხოზ” სომხურად ღორს ნიშნავს, მაგრამ, ჯერ ერთი, თბილისის ქუჩების მეტყველებასა თუ ზეპირსიტყვიერებაში, თვით XIX ს. შუა წლებშიც კი ქართული იყო გაბატონებული (სწორედ იმდროინდელი არაქართველი მემუარისტების დამოწმებით). თანაც ამ “ხოზოს” განზოგადებული მნიშვნელობით ხმარება ახალ დროებასთან ჩანდა დაკავშირებული. (არც ერთ ქართულ ლექსიკონში არაა, ესეც ხომ საგულისხმოა). ახლაღა ვფიქრობ, რომ ჩემზე უფროსმა ხალხმა ეს, ალბათ კარგად იცოდა, მაგრამ მე მათთვის თავის დროზე არ მიკითხავს, არც არავის დასცდენია ჩემთან და შევრჩი მარტო ამ გამოცანას. არც ესაა დიდი ბედენა. ყველას რჩება ამქვეყნად უპასუხოდ დარჩენილი რაღაც კითხვები…
…………………………………………..
პასუხი კი სულ მარტივი ყოფილა: ისევ ცხენებმა მიშველეს. თბილისური ცხენოსნობის, დიდუბის იპოდრომის ამბავი კარგა ხანია მაინტერესებს. ერთი იმდროინდელი (30-იანი წლების) ჟოკეის სახელის ინიციალის დაზუსტება მჭირდებოდა. ახლობელმა გულითადმა კაცმა 34-ში დაბეჭდილი ცნობარი მიშოვა (33 წლის შედეგები. ხარბად დავეწაფე. მოყვარული კაცისთვის ძველი ბედაურების სახელებიც კი სასიხარულო აღმოჩენაა). ჩავიკითხე მონაწილეები, პრიზები, შედეგები – მანძილი, წუთები. ვხედავ, ცხენების მეპატრონე ორგანიზაციებიც ყოფილა დასახელებული (სოფლის მეურნეობის და სახალხო კომისარიატი, არმიის საცხენოსნო სამმართველოები და სხვა). და აი, ვკითხულობ 33 წლის, 2000-მეტრიანი დოღის ამბავს. ცხენის სახელი – “ტამარა”, 3 წლის ქურანა ფაშატი.
და უცებ მეპატრონე: Хозо ГЕПЕУ! აგერ სხვა ცხენის ამბავიც: “ბახტრიონი”, თაფლა ულაყი… ამისი პატრონიც – Хозо ГЕПЕУ (დიახ, ნამდვილად რომ ხოზოგეპეუა!) ესე იგი ეს ჩვენი თბილისური ხოზო, არც მეტი, არც ნაკლები, რუსული აბრევიატურა ყოფილა – ალბათ, хозяйственный отдел (სამეურნეო განყოფილება). მოკლედ, ხოზო გეპეუ ქართული სინტაქსით გეპეუს ხოზო გამოდის. დანარჩენი ზევითაც ვთქვი.
და რახან ეს ხოზო სამეურნეო განყოფილება იყო, ნატანჯი, ნაშიმშილარი ხალხი მას კუჭის გაძღომას, სიმსუქნეს უკავშირებდა (თანაც არმად ნაშოვნი ლუკმით), რა თქმა უნდა, მის გავრცელებას მერე უკვე ადგილობრივი ომონიმიც შეუწყობდა ხელს, რომელიც, ადვილი შესაძლებელია, ქართული სახელების მიმართვითი ფორმის ანალოგიურად, ალაგ-ალაგ იხმარებოდა კიდეც; ხოლო კუთვნილებითი მსაზღვრელი გეპეუ სავსებით გასაგებ ემოციურ ელფერს სძენდა ამ რაღაც აზიურად მჟღერ და თითქოს ადამიანის მეტსახელის აღმნიშვნელ სიტყვას. ამიტომაც ისმოდა ქალაქში ხოზო! ხოზოგეპეუ! ვინმე გულმოკლული მამულიშვილი ქართველი, წარსული და მომავალი დღეების მნახველი და მომლოდინე, ეგებ დამაქცევარ მომხვეჭელობას და მეხუთე კოლონასაც ჭვრეტდა, მაგრამ ვინღა ეგულებოდა ამის გამგები.
© “არილი”