რეცენზია

ნოდარ ლადარია – აკა მორჩილაძე, "სხვა"

ნოდარ ლადარია

რა სხვა?

აკა მორჩილაძე. “სხვა”, რომანი. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, თბილისი, 2002.

პოსტმოდერნიზმი — ეს ველური სიტყვა, რომელიც ეგზომ ეალერსება ჩვენს განებივრებულ სმენას, — უფრო სწორად კი მისი მკრთალი კვალი, ჯერ კიდევ იგრძნობა აკა მორჩილაძის ახალ რომანში. განსაკუთრებით კი სათაურში, რომელიც უმბერტო ეკოს რჩევის თანახმად მინიმალურ წარმოდგენას იძლევა ტექსტის შინაარსზე. და მაინც, რა სხვა? კითხვა არც ისე მარტივია. თუნდაც იმიტომ, რომ სიტყვა “სხვა” აშკარად ორაზროვანია. უფრო მეტიც, მას ორი საპირისპირო აზრი აქვს: განსხვავებულსაც ნიშნავს და ახალსაც, ანუ კიდევ ერთსა და მსგავსს. მეორე აზრით რომანი ავტორის ცხოვრებასა და შემოქმედებაში გვახედებს, პირველი აზრით კი ჩვენს ცხოვრებასა და გარემოში იმკვიდრებს ადგილს.
ჩვენც მეორე აზრით დავიწყოთ და ვნახოთ, ჩვენთვის უკვე ნაცნობს რას იმეორებს ან რას ეხმაურება ეს ახალი რომანი.
სხვა “მადათოვი”: ეს წიგნიც მკვლელობაზეა და ამ წიგნშიც მკვლელობას გამოძიება არ ხსნის. მკვლელობა, რომელიც რომანის დასაწყისში უბრალოდ კრიმინალია, ბოლოში უკვე სხვა მნიშვნელობას იძენს და ცხოვრების ყველაზე მთავარ მოქმედებად, ბიოგრაფიის ბუნებრივ გვირგვინად იქცევა მოკლულისა და მკვლელისათვის.
სხვა “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები”: ეს რომანიც ასევეა აგებული. სხვადასხვა ნაწილებსა თუ თავებს მოქმედ პირთა სახელები ჰქვია და ყოფით ანტურაჟს არსებითი, უბრალო აღწერაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ გარემო, რომელშიც ცხოვრობენ და მოქმედებენ რომანის გმირები, კიდევ ერთი გმირია და მისი ფერები, გემო, ტემპერატურა ამ უცნაური გმირის ხასიათის თვისებებია, როგორც ოდესღაც ამბობდნენ, ხოლო ადგილთა მონაცვლეობა შუქისა და ჩრდილის იდუმალი თამაში, ზოგჯერ გამაღიზიანებელი და ზოგჯერ ძლივსგასაგონი ბგერები კი — რომანში აღწერილი მისი ცხოვრებაა.
სხვა ენა: არა, სიტყვის პირველ მნიშვნელობაზე ჯერ არ გადავსულვართ. ენის განსხვავებულობა, რომელიც პირველივე წინადადებიდან შეინიშნება, სინამდვილეში მოჩვენებითია. ავტორი იმასვე აკეთებს, რასაც, მაგალითად, “მადათოვში”. ამ უკანასკნელის ენა სტილიზაციათა თაიგულია. სტილიზაცია კი მიმსგავსებას გულისხმობს, მიმსგავსებას, რომელზედაც მკითხველი გულუბრყვილოდ წამოეგება. სერიოზულად ხომ ვერ დავიწყებთ იმის მტკიცებას, პაზოლინიმ რომაულ დიალექტზე დაწერა თავისი რომანებიო. “მადათოვის” ენა (თუ ენები) არაა ნამდვილი და XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები მწერალი ვერ იქნება ძველი თბილისის ენობრივი სამყაროდან გამოსული მოწმე, ანუ, როგორც ლინგვისტები იტყვიან, ინფორმანტი. ასევეა რომანში “სხვა” — ამ წიგნის ქართულიც სრულიად სხვაა, სრულიად ნეიტრალური, ისეთი, როგორზედაც არავინ ლაპარაკობს, რადგანაც მოქმედება “სხვა ადგილას” ხდება. ავტორი, თუმც კი უკან მოიტოვა ძველი თბილისიცა და თანამედროვე ვაკეც, მაინც იმავეს აკეთებს: თავისი ინტუიციისა და გამოცდილების წყალობით ქმნის სათქმელის შესაბამის ენობრივ ფენას, რომელიც არსად არ გამოიყენება მისი რომანის გარდა.
რამ უბიძგა ავტორს ამგვარი, ასე ვთქვათ, იგივეობრივი “სხვაობისაკენ”? — პირადმა კრიზისმა თუ ლიტერატურული პროცესის წარმმართველად მოვლენილი გამომცემლის იდუმალმა ზრახვებმა? ეს რეცენზიის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხებად არ მეჩვენება, მე კი ჟანრის წესებს ვერ დავარღვევ, მით უმეტეს, როცა საუბარი აკა მორჩილაძეზეა, რომელიც უტყუარად გრძნობს ჟანრის მოთხოვნებს.
აი ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ რომანის სათაურში გამოტანილი სიტყვის პირველ, უფრო ჩვეულ მნიშვნელობაზე. ამისათვის კი ერთი პირადად ჩემთვის საზიზღარი და ყველასათვის კარგად ცნობილი ასოციაცია მინდა მოვიშველიო. განა უცხოა ასეთი სურათი? — დარბაისელი კაცები იკრიბებიან ერთად, სუფრაზე ჩნდება შემთხვევითი საკვები პროდუქტები (პური, მოხარშული კვერცხი, ორმანეთიანი ძეხვი, რამდენიმე პომიდორი, მაღაზიაში ნაყიდი ე. წ. იმერული ყველი) და საეჭვო ხარისხის ღვინო (“შვილები დაიფიცა, ჩემთვის დავწურეო”). მაინც ამ ღვინოს უჭირავს მთავარი ადგილი, საჭმელი მხოლოდ “მისაყოლებელია”. ჰოდა ეს დარბაისელი კაცებიც ერთმანეთს ადღეგრძელებენ და ძმობას ეფიცებიან…
ჩვენ კი იმას ვიტყვით, რომ თუ ადამიანები ვერ გრძნობენ უბადრუკ რეალობასა და ამაღლებულ გრძნობებს შორის შეუსაბამობას, ეს რეალობასაც და გრძნობებსაც კიდევ უფრო აკნინებს. რომანი “სხვა” არც ასეთი რეალობისათვისაა დაწერილი და არც ასეთი ადამიანებისთვის. ამ რომანში საყვარელი ქალი ეკითხება გამომძიებელს, ღვინოში ხომ არ მოგიხარშო სალმონიო. სალმონი ორაგულს ნიშნავს. რატომ დაწერა ავტორმა ეს სხვა სიტყვა და არა ორაგული? რეალურად ფრაზა — “ღვინოში ხომ არ მოგიხარშო ორაგული?” — მხოლოდ რომელიმე ახალი ქართველის ცოლს თუ ხელეწიფება. მაგრამ მას პირის გემო არა აქვს, დიდი-დიდი ის შეძლოს, ბავშვის ძიძას ავტომობილი აჩუქოს. ენობრივადაც შეუსაბამობაა: ქვეყანაში, სადაც ღვინით მხოლოდ ილოცებიან (თუმც მას ღვინის გემო არ ჰქონდეს), ამგვარი ფრაზა არაბუნებრივად ჟღერს.
რომანის სამყარო დენადია და მოუხელთებელი, საინტერესო და ელფერებით მდიდარი. ხომ გახსოვთ, აკა მორჩილაძის მოთხრობის, “ტერცო მონდოს” ერთ-ერთი პერსონაჟის სიტყვები: ნინიკოს ისევ ნიკი მირჩევნია, რადგან ყველაფერი ნაღდი მიყვარსო. ამიტომაა, რომ ახალ რომანში ჭამენ, ღვინოს კი საჭმელს აყოლებენ, ან უბრალოდ მაგარ სასმელებს წრუპავენ და საუბრობენ. პერსონაჟთა დამაკავშირებელი გრძნობებიც ძმაკაცობაზე უფრო ნაღდია, რადგან მათი ურთიერთსიძულვილი შაქრით მოდუღებულ ღვინოზე სათქმელი სიტყვებით არაა მიჩქმალული.
და ბოლოს, სიტყვა “სხვას” ტოპოგრაფიული მნიშვნელობაც აქვს. წიგნში აღწერილი ქვეყანა ძალიან ჰგავს საფრანგეთს, მაგრამ ეს მაინც “სხვა” ადგილია, ანუ უტოპია. რას იზამ, ქართული ლიტერატურის ურბანიზაციის განზრახვაში ნამდვილად არის რაღაც უტოპიური. რომანი მართლაც სხვაა. აკა მორჩილაძის ახალი წიგნით ნელა და გაუბედავად, მაგრამ მაინც აშკარად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში ახალი სიტყვა და ახალი ენა.

© “წიგნები – 24 საათი“

Facebook Comments Box