პოეზია

ნუგზარ ზაზანაშვილი – ლექსები

ციურიხის რომელიღაც რესტორანში

პატარა რესტორანში ვზივარ და შევყურებ

გვერდით მაგიდაზე მოკალათებულ, საგანგებოდ

გამოწყობილ, მოხუც ცოლ-ქმარს: ქალს მკერდი

რაღაც “ბროშკით” დაუმშვენებია, ეტყობა,

სილამაზის სალონშიც გაუვლია, მოუწესრიგებია

თმის ვარცხნილობა, კაცს წითელი ჰალსტუხი

შეუბნევია. სხედან თავისთვის, წრუპავენ ღვინოს,

ბაასობენ: ყოფითი პრობლემები არ აწუხებთ,

პოლიტიკა ნეიტრალურ შვეიცარიელებს არ

აღელვებთ – ალბათ, შვილებზე და

შვილიშვილებზე საუბრობენ, შორს,

განცალკევებით რომ ცხოვრობენ და “სტაჟიანი

პენსიონერებისაგან” განსხვავებით, ჯერ კიდევ

ბევრი აქვთ საზრუნავი…

სახლშიც შეეძლოთ ევახშმათ, მაგრამ

რესტორანში სჯობს – კვირაში ერთხელ მაინც:

ჯერ ერთი – მთელი დღე სამზადისში ხარ

ჩაფლული, მეორეც, რესტორანი სხვა

ადამიანებთან ურთიერთობის ილუზიას ქმნის –

ოფიციანტი ყურადღებით გემსახურება,

თავაზიანად გიხსნის – რით გამოირჩევა

“საფირმო” კერძი, რომელი წლის მოსავლის

ღვინოა უკეთესი, შენ შენს მოსაზრებებს

უზიარებ და მსჯელობთ ასე, ცოტა ხანს.

თანდათან რესტორნის სხვა სტუმრებისადმი

მეზობლური გრძნობაც გიჩნდება…

და კვირაში ერთხელ მაინც გეჩვენება, რომ დროს

კი არ გაჰყავხარ – პირქუში სიჯიუტით – საითაც

სურს, არამედ შენ გაგყავს ის – ლაღად –

როგორც გეპრიანება… კვირაში ერთხელ მაინც

ივიწყებ მოწყენილობას, უცილობლობას

მოახლოებული განშორებისა…

მუნკის “სიცოცხლის ცეკვა”

სიცოცხლე ცეკვავს
სიცოცხლე
ცეკვავს
ცეკვავს
ცეკვავს
ცეკვავს
ყვა
ყვა
ყვა
ყვა

მწუხრის დღეს იასე ცინცაძე უმცროსის
ამოთქმული (მცირე ინტერპრეტაციით)

გაასწორებდა სიცოცხლე
სიკვდილი რომ არ ტეხავდეს

ვირტუალური…

ფოტოსურათი გამომიგზავნეს: მე და ჩემი
კეთილი, შინაბერა კოლეგა სერენა არდუინო

ატლანტის ოკეანის ქვიშიან სანაპიროზე,

პორტუგალიაში – მზიანი, თბილი თებერვალია,

გულწრფელი ღიმილი გვინათებს სახეებს…

სამსახურიდან ვბრუნდები. მესამე დღეა თოვს:

უმზეო, ცივი თებერვალია წელს თბილისში.

თუმცა, თოვლი უხდება ვაკის უბანს: არც ოღრო-

ჩოღრო ტროტუარები მოჩანს, არც – ნაგავი,

უფერული არქიტექტურაც თოვლითაა

შენიღბული… და მაინც ცუდია უმზეობა,

მოსაწყენია.

“Levon Travel” – იუწყება ფირნიშანი:

მოგზაურობა – ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ

დროს!

ლევონ, შეგიძლია – იმ თებერვალში

გამამგზავრო?..

ძებნა ინტერნეტში

www.google.com
Zazanashvili
Search
არის
ეს ვიცი
ესეც ვიცი
ესეც
ეს რაღა არის

[PDF] Pneumatic equipment for handling alumina
ფაილის ფორმატი: PDF/Adobe Acrobat
T. G. Zazanashvili. Tbilisi Ceramic Combine. Translated from Steklo i Keramika, Vol. 17, No. 11, pp. 42-42, November, 1960. The moisture content of ceramic …
www.springerlink.com/index/H1592462308226T6.pdf – მსგავსი გვერდები
Volume 17, Number 11 / May, 1960
Journal Glass and Ceramics
Publisher Springer New York
ISSN 0361-7610 (Print) 1573-8515 (Online)
Pages 555-608
Subject Collection Chemistry and Materials Science
SpringerLink Date Tuesday, December 07, 2004

ნეტავ, თუ იცოდა თამარა მამიდამ, რომ მისი სტატია

ინგლისურად ითარგმნა? ან იქნებ იმ დროს არც იყო

ნათარგმნი, ან კომუნისტური ცენზურა დაუმალავდა…
რომ ცოდნოდა – გვეტყოდა…

მამიდაჩემი თამარი 25 წლის წინ გარდაიცვალა…

განსაკუთრებით გემრიელად ატმის კომპოტს

ამზადებდა…

Springer Link Date Tuesday, December 07, 2004…

* * *

საით
საით
საით
საათო
წინ თუ უკან პირდაპირ თუ ირიბად
მე კი წიგნების კარადაში
მოდილიანის
ვან გოგის
ფიროსმანის
ალბომების წინ
ვიწყობ მინიბარს
Duty Free-ებში ნაყიდი
არყით და ვისკით
ის კი
თუმცა სად არის ის
ცრის ნოემბერი
ცრის და ცრის და ცრის და ცრის
რას
ცას
ღრუბელს
ცას რაც არ ჰგავს ცას
ღრუბელს რაც არ ჰგავს ღრუბელს
უნდა ვივარჯიშო
როცა აღარ გესიზმრება ლექსები
უნდა ივარჯიშო
მაგრამ მე არ მიყვარს
ვარჯიში
სხვანაირი
ვარ ჯიშის
ზარმაცი ვიყავი
ზარმაცი დავრჩი
ხარჯი
მთავარი სიტყვაა ხარჯი
ხარჯი
ყველგან და ყოველთვის
ხარჯი
მაინც იხარჯება ყოველი
სურს თუ არ სურს
მისცემს თუ არა დასტურს
საათის ელემენტიც იხარჯება
კომპიუტერის მიკროსქემების ლითონიც
სიტყვაც
სიტყვა ბრძნულიც
სიტყვა საქმიანიც
სიტყვა ლიტონიც
ვიღაცას მაინც განვსჯით
ვიღაცა მაინც განგვსჯის
დაგვსჯის
თუმცა რაღა დასჯა გვინდა
ცრის ნოემბერი
გუშინაც ცრიდა
ხვალაც
მოცრის
გაცრის
იცრის
მე ვიცი რომ არაფერი ვიცი
მე ვიცი რომ არაფერი ვიცი
მე ვიცი რომ არაფერი ვიცი
სამაგიეროდ
გაზეთმა ყველაფერი იცის
რადიომ ყველაფერი იცის
ტელევიზორმა ყველაფერი იცის
დროა ასეთი
რა დროა
სად არის დრო
საათო
შენ არავის უყვარხარ
რადგან არ ართობ
გასართობი არ ხარ
თან არაფერს ჰგავხარ

საკმარისია
თორემ ასე შეიძლება გაგრძელდეს დაუსრულებლად
ასე
აი ასე იწერება ლექსი
თუ რაღაც ლექსის მაგვარი
როცა აღარ გესიზმრება ლექსები
და მაინც წერას აუტანიხარ

* * *

ყვავო, ყვავო, ყვანჩალაო,
აქ რამ…
მომაჩანჩალაო?..* * *

“რა გვიან გავჩნდი
რა ადრე გავჩნდი”
ნატავ თავის დროს თუ ჩნდება ვინმე?..

უალერგიო ბავშვობა

როდესაც ალვებს “ბუმბული” ცვივა –
მტკივდება თავი,
თვალი მიცრემლდება…
და მახსენდება პლატონის ქუჩა,
პაწია ხალი შენს ზედა ტუჩთან,
მწვანე თვალები,
ჯამში – ალუჩა,
პატარა ხელისგულზე ალვის ბუმბული –
ცით მოვლენილი უცხო სულდგმული…

უცნობნაცნობობა

გასული საუკუნის 60-იანი წლები

№1, ლურჯი, მომრგვალო ტროლეიბუსით, რაღაცით ბეჰემოტს რომ ვამსგავსებ, უმცროსკლასელი, ჩამრგვალებული მე მივემგზავრები კარლ მარქსის (ანუ ყოფილი “ვარანცოვის”) მოედნიდან ა/კ რკ. გზის (ანუ ამიერკავკასიის რკინიგზის) I საშუალო სკოლისაკენ – სანაპიროსთან რომ მდებარეობს, დგებუაძის ქუჩაზე, რომელიც პერპენდიკულარულია კამოს ქუჩისა, რომელიც პასტერის და კრილოვის ქუჩების პერპენდიკულარულია, რომლებიც პლეხანოვის გამზირის პერპენდიკულარულია, სადაც ჩამოვდივარ ხოლმე “გაზიან-სიროფიანი” წყლების მაღაზიასთან, სპორტული მაღაზიის მოპირდაპირედ, ან კონოთეატრ “ოქტომბერთან” – იმის მიხედვით, კრილოვის ქ.-ის თუ პასტერის ქ.-ის მარშრუტს ვირჩევ სკოლამდე მისასვლელად.

კონდუქტორის გახუნებული, ყავისფერი ტყავის ჩანთა მუქი-ყვითელი, დიდრონი ხუთკაპიკიანებით, საშუალო სამკაპიკიანებით, მომცრო ორკაპიკიანებით და პატარა კაპიკიანებითაა სავსე და წამდაუწუმ ჩხრიალებს: კონდუქტორი – რუსი, ფაშფაშამკერდიანი, ქერა, შუახნის ქალი – დასაბრუნებელ ხურდას ეძებს.

“დაუნი” კიკა, ჩვეულებისამებრ, ფანჯარასთან მოკალათებულა და გაიძახის: “ცოლი მინდა, ცოლი მინდა”. ხალხი მიჩვეულია – კიკა ხომ კარგა ხანია, ვარანცოვზე უბნის გიჟადაა აღიარებული. განსაკუთრებით პოპულარული ცოტა ხნის წინ, ხრუშჩოვის დროს გახდა – ამსგავსებდნენ: გარეგნულადაც და გონებრივი მონაცემებითაც. კიკა დაუნია, უწყინარი დაუნი: რა ქნას – ცოლი უნდა. განა ეს გაუგებარია?..

სხვა სახეებიც მეცნობა. არა, “პირადად” ბევრს არ ვიცნობ, მაგრამ სახეები ნაცნობია, ძალიან ნაცნობი: ხან გასტრონომში, ხან აფთიაქში, ხან საპარიკმახეროში, ხან თონესთან, ხან “ოსურ პივებთან” და ხან კაფეს წინ, “ბირჟაზე” რომ მხვდებიან ყოველდღე…

მივემგზავრებით უცნობნაცნობი, ქართველი, სომეხი, ებრაელი, რუსი, აზერბაიჯანელი, ასირიელი, ქურთი ვარანცოველები. ჩვეული მყუდროება სუფევს ლურჯ, მომრგვალო, მოუქნელ ტროლეიბუსში – უცნობნაცნობობის შეგრძნებით გამოწვეული მყუდროება… მივემგზავრებით: ვინ – საით… და ყველა ერთად… მივემგზავრებით და სულ უფრო ვშორდებით, ვშორდებით, ვშორდებით მშობლიურ უბანს…

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box