პოეზია

ნუგზარ ზაზანაშვილი – ორი ლექსი ჩემ 60 წლის თავს

nugzar zazanashvili 37547

ორი ლექსი ჩემ 60 წლის თავს

* * *

საღამო ხანს ვბრუნდები სასტუმროში

სამ-ჭიქა-ღვინო-დალეული,

ცოტათი დაღლილი…

 

შევდივარ ნომერში და ვფიქრდები –

რა მინდა ახლა?

სმის გაგრძელება?

არა.

სექსი?

არა.

წიგნი?

არა.

ტელევიზორი?

არა.

ინტერნეტის კარტი?

არა.

ფეისბუქი?

არა.

მა რა დოზანა?..

 

სიგარეტი!

გაბოლება მინდა!

მწეველების ოთახი მომცეს,

მაგრამ ოთახში სადაც მძინავს,

მაინც არ ვეწევი.

შევდივარ სააბაზანოში,

ვუკიდებ სიგარეტს,

თან თვალს ვარიდებ სარკეს –

უკვე კარგა ხანია, იქიდან

სხვა ადამიანი შემომცქერის…

 

და ალბათ ყველა 50-ს გადაცილებული ასეა:

ასაკის შეგრძნება ხომ სადღაც

35-ს და 40-ს შორის “იჭედება”

და მერე სულ ასე გრძნობ თავს –

35-სა და 40-ს შორის –

გინდაც მთლად დავრდომილი მოხუცი იყო…

 

ჰოდა, კიდეც გეუცხოება სარკეში

არეკლილი ვიღაც…

გოდო არსებობს, არსებობს გოდო,

რა თქმა უნდა, არსებობს გოდო,

თან – არა ერთი და ორი:

აი, თუნდაც სარკეში არეკლილი

ეგ ვიღაცაც გოდოა…

 

ცხოვრებისთვის კი ყველა ცოდოა…

 

* * *

რა თმა მქონდა! – მთლად გამცვივდა,

ლაღად აღარ მეჩეჩება,

ნაცვლად – ახლა გაილაღეს

ხალებმა და მეჭეჭებმა.

 

თვალს ვარიდებ უკვე სარკეს:

რაღა არი მოსაწონი? –

დათვს ვინ ჩივის?! – თვით ბეჰემოტს

გავუტოლდი, მგონი, წონით!

 

სადღა არი აღმა-დაღმა

მონავარდე კაი ბიჭი?! –

მიღალატეს მუხლებმაც და

დავჩანჩალებ კუს ნაბიჯით.

 

კბილმა კბილი გაიყოლა –

მერიდება გაღიმება…

მახლას! – ხვალაც არაფერი

უკეთესი არ იქნება…

 

ჰო და… ჰა და…

ზაჰრუმა! და…

მაინც დამრჩა ერთი “ხრიკი”:

“რიჟა” პარიკს დავიხურავ –

თუ ცირკია, იყოს ცირკი!

© არილი

Facebook Comments Box