ახალი წიგნები,  კრიტიკა,  რეცენზია

ნუგზარ ზაზანაშვილი – საზღვარი

2015 წელს “დიოგენემ” გამოსცა ზვიად რატიანის მიერ შედგენილი საავტორო ანთოლოგია “ქართული ლექსი: XX საუკუნე”. წიგნმა დადებითი გამოხმაურებების გარდა გამოიწვია ერთი მეტად საინტერესო კრიტიკული შენიშვნაც: ეს, ლექსების კი არა, პოეტური პროზის კრებული არისო; რაც მე პირადად აღვიქვი, როგორც წიგნის სათაურსა და შინაარსს შორის, შენიშვნის ავტორის აზრით, არსებული შეუსაბამობის ხაზგასმა.

მართლაც, წიგნში ბევრი ვერლიბრი თუ თავისუფალი ლექსია (Vers libre) შეტანილი, სადაც ტრადიციული (ეგრეთ წოდებული – კონვენციური) ლექსისათვის დამახასიათებელ პროსოდიას თუ მეტრს, გამოკვეთილ რიტმს, რითმას და სხვა “მუსიკალურ” კომპონენტებს ვერ იპოვით: თავისუფალი ლექსი ხომ ბუნებრივ, ყოველდღიურ მეტყველებას “ბაძავს” და ასეთი მოცემულობით ხშირად რთულია მკაფიო საზღვრის გავლება პროზასა და პოეზიას შორის, ან, გნებავთ, პოეზიასა და პოეტურ პროზას შორის.

თუმცა, ვერლიბრი მაინც ატარებს ლექსის რიტმული ორგანიზაციის ნიშნებს, რაც, ეგრეთ წოდებული, ლექსის დამყოფი ელემენტებით მიიღწევა (ამასთან, ვერლიბრი ჩვეულებრივ ლექსის თუ ლექსის მაგვარი გრაფიკითაა მოცემული). კიდევ უფრო რთულია მკაფიო საზღვარზე საუბარი, როცა ლექსი პროზის (ან მას მიმსგავსებული) ფორმითაა შესრულებული; და ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული სიახლე – ისევე როგორც ვერლიბრის, ამ ფორმის ლიტერატურულ-ისტორიული ფესვებიც ღრმაა: უფრო შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ ბოდლერისა და სხვა ფრანგი სიმბოლისტების “ლექსები პროზად”.

და ამ კონტექსტში, ერთი შეხედვით, არსებით მნიშვნელობას იძენს კითხვა: მაინც სად არის საზღვარი, სად მთავრდება პოეზია და სად იწყება პროზა, ან პირიქით – სად მთავრდება პროზა და სად იწყება პოეზია?..

***

ერთი წუთით დავივიწყოთ ეს ანთოლოგია დასაკითხი – არის კი ყველაფერი პოეზია, რასაც პოეზიას ვეძახით? – მოდით, “საპირისპიროთი” დავიწყოთ, სულ სხვა წიგნები ვნახოთ, პროზის წიგნები და დავუკვირდეთ ნამდვილად ყველაფერი პროზაა, რასაც პროზას ვეძახით? და ამის საილუსტრაციოდ ქვემოთ ორ ტექსტს მოვიყვან.

აი, პირველი მათგანი, რომელიც თითქმის უცვლელად მომყავს: მხოლოდ ორიოდ ალაგას თავს უფლება მივეცი, შემეცვალა ორიგინალის გრაფიკა.

 

შინ იყო, შინ ყოფნა უყვარდა.

გარეთ იყო, გარეთ ყოფნა უყვარდა.

მარტოობაც უყვარდა და ხალხში ყოფნაც უყვარდა.

ჭირში იყო, ჭირში ყოფნაც უყვარდა,

დარდიც უყვარდა და უდარდობაც უყვარდა.

წვიმაში იყო, წვიმაში ყოფნა უყვარდა.

ჩრდილიც უყვარდა.

მთვარიანი ღამეც უყვარდა და უმთვარო ღამეც უყვარდა.

ვარსკვლავებიც უყვარდა.

საქმე ჰქონდა, საქმეში ყოფნა უყვარდა,

უქმად იყო, უქმად ყოფნა უყვარდა.

ტყეც უყვარდა.

ახოც უყვარდა.

კლდეებიც უყვარდა და ნისლებიც უყვარდა.

ქარიც უყვარდა და ქარიშხალიც უყვარდა.

ნიავიც უყვარდა. ფოთლების შრიალიც უყვარდა.

მდინარეც უყვარდა და ჭალაც უყვარდა.

ზღვაც უყვარდა და წყაროც უყვარდა.

ხავსიანი ლოდებიც უყვარდა.

იაც უყვარდა.

ვარდიც უყვარდა.

ენძელაც უყვარდა.

გვირილაც უყვარდა.

შაშვი უყვარდა და მერცხალიც უყვარდა.

ჩანჩქერიც უყვარდა.

ცისარტყელაც უყვარდა.

თავისუფალი იყო და თავისუფლება უყვარდა.

ტყვეობაში იყო, ტყვეობაც უყვარდა.

აქ იყო და სიცოცხლე უყვარდა.

იქ წავიდა და სიკვდილიც შეიტკბო.

საფლავის ქვაზე ეწერა: კაცი იყო, სიცოცხლე უყვარდა.

 

რატომ არ არის ეს ტექსტი ლექსი? ჩემი შეხედულებით, ორი კომპონენტიც რომ “დაგვემატებინა” მისთვის – მეტრი და რითმა – ტიპობრივ კონვენციურ ლექსს მივიღებდით; ისეთი სალექსო კომპონენტები, როგორიცაა სინტაქსურ (თუ სინტაგმურ) და სხვა გრამატიკულ ფორმათა თვალშისაცემი (ფუნქციური) გამეორება, შინაგანი (და ნაწილობრივ – გარეგანიც) რიტმი, დამახასიათებელი ინტონაცია, უმეტესად – გრაფიკაც კი და, რაც მთავარია, მოკლე ტექსტის პოლისემანტიკურობა – ეს ყველაფერი არის ამ მშვენიერ ესთეტიკურ ფენომენში.

ბევრმა ალბათ იცნო ეს ტექსტი, ან, ტექსტი თუ არა, ერლომ ახლედიანის ხელწერა: ეს არის მისი “ამბავი კაცისა, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა”. ეს ნაწარმოები შეტანილია ძალიან კარგ კრებულში “ქართული იგავური პროზის ანთოლოგია” (შეადგინა თამაზ ვასაძემ, “ინტელექტი”, 2014). სხვათაშორის, იგავურ სტრუქტურაზე ამახვილებს ყურადღებას ამერიკული Dalkey Archive Press-იც, რომელსაც 2015 წელს გამოუცია მიხეილ კაკაბაძის მიერ ნათარგმნი “ვანო და ნიკო” – გამომცემლობის საიტზე ვკითხულობთ: „ახვლედიანის მინიმალისტური პროზა, როგორც კაფკას იგავები, მეგობრის ძიებაში დაგროვილ ინდივიდუალურ გამოცდილებას ასახავს. (…) წიგნი თანამედროვე საქართველოში საკულტო ნაწარმოებად მიიჩნევა და დროდადრო ეროვნული უნივერსიტეტებში  ფილოსოფიის სასწავლო გეგმაშიც შედის“ (წყარო: “აშშ-ში ქართველი მწერლის წიგნი გამოიცა” – https://sputnikgeorgia.com/culture/20150807/228246264.html).

ერლომ ახვლედიანის ნაწარმოებების უმრავლესობა რომ “ფილოსოფიურია” და მათ იგავის აშკარა სტრუქტურული ნიშნები რომ გააჩნიათ – ეს ცნობილია, მაგრამ ესეცაა: იგავი ხომ ორთავე ენაზე შეიძლება იყოს “გადმოცემული” – პროზის ენაზეც და პოეზიის ენაზეც…

წავიკითხოთ მისივე კიდევ უფრო მეტად მინიმალისტური, ჩემი შეხედულებით, ნამდვილი შედევრი – “ზამთარი” (აქაც ცოტათი შევცვალე გრაფიკა):

 

ზამთარია და არ თოვს.

ეს იგივეა, გაზაფხულზე არავინ გიყვარდეს,

ზაფხულში აგარაკზე ვერ წახვიდე,

შემოდგომაზე არ იყო სევდიანი

და არ წვიმდეს

და არ იდგე ფანჯარასთან…

 

ეს იმას ჰგავს, რომ სარკეში თავი მოიკლა,

ხოლო აქეთ ცოცხალი დარჩე.

 

მე მგონი, სადავო არ უნდა იყოს, რომ ეს სრულიად ბრწყინვალე ლექსია, სწორედ ლექსი, თუმცა… ტექსტი პროზის ჩარჩოებში განიხილება. ერლომ ახვლედიანს კიდევ აქვს ბევრი ასეთი ტექსტი, ნუგზარ შატაიძესაც აქვს, ნიკო ლორთქიფანიძესაც… და, ვფიქრობ, ასეთ “პოეტურობას” ამ დიდებულ მწერლებს არავინ ჩაუთვლის ნაკლად თუ შეუსაბამობად.

და სწორედ ამაზეა საუბარი: პროზასა და პოეზიას შორის, განსაკუთრებით – მინიმალისტურ ფორმებში, მკაფიო საზღვარი, როგორც ჩანს, საერთოდ არ არსებობს და ისევე როგორც “პოეტურობა” არ არის პროზაული ტექსტის ნაკლი, ასევე “პროზაულობა” არ უნდა ჩაითვალოს ლექსის ნაკლად –  როგორც ტომას ელიოტი წერდა თავისუფალი ლექსის შესახებ: “ვერლიბრის ავტორი თავისუფალია ყველაფრისგან გარდა ერთისა – ის ვალდებულია, კარგი ლექსები შექმნას”.

და ეს ყოველივე ეხმიანება გამოჩენილი სემიოლოგისა და ლიტერატურათმცოდნის იური ლოტმანის გამოკვლევის “მხატვრული ტექსტის სტრუქტურა” მე-6 თავის პირველ ქვეთავში გამოთქმულ აზრს: “ნათქვამი საშუალებას გვაძლევს, დიალექტიკურად შევხედოთ პოეზიისა და პროზის საზღვრისა და vers libre-ს ტიპის სასაზღვრო ფორმების ესთეტიკური ბუნების პრობლემას. ამასთან არ შეიძლება, არ აღინიშნოს შემდეგი საინტერესო პარადოქსი. შეხედულებას პოეზიასა და პროზაზე, როგორც რაღაც დამოუკიდებელ, ერთმანეთისაგან განცალკევებულ კონსტრუქციებზე, რომლებიც შეიძლება აღიწეროს მათი ურთიერთმიმართების გარეშე (“პოეზია – რიტმულად ორგანიზებული მეტყველება, პროზა – ჩვეულებრივი მეტყველება”), მოულოდნელად, მკვლევარისათვის შეუძლებელს ხდის ამ მოვლენების გამიჯვნას. გარდამავალი ფორმების სიუხვესთან შეხებისას მკვლევარი იძულებული გახდება, დაასკვნას, რომ მკაფიო საზღვრის გატარება ლექსებსა და პროზას შორის საერთოდ შეუძლებელია. ასეთ დასკვნამდე მივიდა ბ.ვ. ტომაშევსკი (…)”

აბა, მე როგორ შევედრები ისეთ უდავო ავტორიტეტებს, როგორებიც იყვნენ (და არიან) ტომაშევსკი და ლოტმანი, მაგრამ მაინც გავკადნიერდები და  ამასაც ვიტყვი: ჩემი სუბიექტური შეხედულებით, ნიჭისა და ლიტერატურული ესთეტიკის ყველა ნაყოფი, რომელიც პოეზიის სტრუქტურის რომელსამე ელემენტს შეიცავს (შინაგანი რიტმი, სიტყვათა და მათ კონსტრუქციათა გამეორებანი და მისთ.), და სადაც სიტყვების შედარებით მცირე რაოდენობის გამოყენებით მიიღწევა ტექსტის მრავალმნიშვნელოვნება, პოლისემანტიკურობა – ყველა ასეთი ტექსტი ლექსია.

 

***

 

და ბოლოს, დავუბრუნდეთ თავში ნახსენებ კრიტიკულ შენიშვნას. თუკი ზემოთ მოყვანილი ჩემი სუბიექტური აზრი მეტ-ნაკლებად მართებულია, მაშინ შენიშვნის მთავარი ვექტორი ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს წიგნში შეტანილი ნაწარმოებების პოეტურ არსს და უნდა მიემართებოდეს, არა იმდენად კრებულში შეტანილი თავისუფალი თუ “პროზაული” ლექსებისაკენ, რამდენადაც ამგვარი და კონვენციური ლექსების პროპორციისაკენ. ეს უკანასკნელი კი (იგულისხმება პროპორცია) უკვე გემოვნების საკითხია, საავტორო ანთოლოგიის ავტორის გემოვნებაზეა დამოკიდებული – აკი, თვითონ წერს ზვიად რატიანი წიგნის წინასიტყვაობაში: “როცა გამომცემლობა “დიოგენეს” შემოთავაზებას დავთანხმდი და ამ წიგნის შედგენა ვითავე, კარგად მესმოდა, რომ ეს არის საქმე, რომლის შედეგიც სრულად ვერავის დააკმაყოფილებს, ვერც მკითხველს, ვერც ავტორებს, ვერც დამკვეთს და, ასე განსაჯეთ, ვერც შემდგენელს. დარწმუნებული ვარ, გაივლის დრო და ბევრ რამეს თვითონაც სხვაგვარად შევხედავ. (…) აქ არის არაერთი ავტორი თუ ცალკეული ლექსი, რომელიც, როგორც მკითხველს, დიახაც რომ არ მომწონს, მაგრამ ვხედავ მათ ადგილს იმ მთლიანობაში, რასაც XX საუკუნის ქართული პოეზია ქვია. სწორედ ასეთ პოეტებზე გადის ჩემი ობიექტურობის ზღვარი, ზღვარი, რომლის მიღმაც რჩებიან ავტორები, რომელთა ნაწერებისადმიც, უბრალოდ, ყრუ ვარ…”

ასეთია – ერთ-ერთი უგამორჩეულესი ქართველი პოეტის – ზვიად რატიანის დამოკიდებულება მისივე შედგენილი წიგნისადმი. ჩვენ სხვა პრინციპებით შედგენილი ანთოლოგიებიც გვინახავს და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ვიხილავთ სხვა და სხვას.

© არილი

Facebook Comments Box