ინტერვიუ

ოთარ ჭილაძე – “ღრუბელი”

საუბარი ქეთევან სადღობელაშვილთან

– როგორია თქვენი სამყარო, გზა, რომელზეც ამდენი ხანია მიდიხართ, ვინ არიან ისინი, ვინც თქვენს სამყაროში შემოდიან და თავიანთ სამყაროს ქმნიან, თუ, როგორც ამბობთ: «მწერალი ალალბედზე დაეძებს იმას, რისი სახელიც წესიერად თვითონაც არ იცის და ვიდრე იპოვიდეს, დაახლოებითაც კი ვერ წარმოიდგენს, როგორ გამოიყურება მიზეზი და მიზანი მისი უგზო-უკვლოდ ხეტიალისა არსაიდან არსაით მიმავალ გზაზე».

– ხაფანგში მოხვედრილი ცხოველების უმრავლესობას დამბლა ეცემა და, თუ მაშინვე არ მოკვდა, დადამბლავებული მორჩილად ელოდება აღსასრულს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ბოლომდე იბრძვიან ხაფანგიდან თავის დასაღწევად და, ეტყობა, მეც ამგვარ უმცირესობას ვეკუთვნი – თქვენს «ხაფანგში» კი მოვხვდი, მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ დავყრი და შევეცდები ყველაფერზე გიპასუხოთ, ანუ ბოლომდე დავიცვა თავი, რამდენადაც ნებისმიერი შეკითხვა, გარკვეული თვალსაზრისით, ბრალდებაცაა და სულერთია, რა გედება ბრალად: გზა, რომელზედაც ამდენი ხანია მიდიხარ, თუ თვითონვე რომ არ იცი წინასწარ, რას იპოვი ამ გზაზე.დავიწყოთ იმით, რომ საკუთარი სამყაროს შექმნა ყველა მწერლის მიზანია. უფრო მეტიც, ამაზე ოცნებობს მხოლოდ და ნურავინ მოისულელებს თავს, მსგავსიც არაფერი მიფიქრიაო.მაგრამ როგორც არ უნდა მოინდომოს, ვერც ერთი მწერალი ვერ აღწერს, როგორია მის მიერ შექმნილი სამყარო. მწერლის მოვალეობა შექმნაა და არა შექმნილის აღწერა. მე თუ მკითხავთ, ეს უფრო თქვენი პრეროგატივაა. მაგალითად, პირადად მე ძალიან მაინტერესებს, როგორ გამოიყურება თქვენს თვალში ჩემი სამყარო. მე ვქმნი, თქვენ ამჩნევთ, ან ვერ ამჩნევთ. მაგრამ ამჩნევთ თუ ვერ ამჩნევთ, მწერალი თავისი მიზნისა და ოცნების ერთგული რჩება მაინც და ჯიუტად ცდილობს სილის ბორცვზე სასახლის აშენებას, ანუ, როგორც თქვენ ამბობთ, საკუთარი სამყაროს შექმნას. მისთვის ერთადერთი «სამშენებლო მასალა» სიტყვაა. სიტყვა კი ყველაზე ძნელი მოსაპოვებელი მადანია, ძნელად დასამუშავებელი და ნაკლებად სანდო – წარამარა იცვლის არამარტო გარეგნობასა და ფერს, არამედ აზრსაც და მნიშვნელობასაც. ასევე ცვალებადი ბუნებისაა ყველაფერი, რაც სიტყვის მეშვეობით შენდება… ასე რომ, მწერალს იქამდე ეკუთვნის საკუთარი ნაშიერი (რასაკვირველია, წიგნი მაქვს მხედველობაში), ვიდრე «გააჩენდეს». მერე ვეღარაფერს გააწყობს მასთან…

– როგორც გავიგე, რაც წიგნშია გადასული, თქვენი უკვე აღარ არის, მაგრამ თავსაც არ გახსენებთ?

– როგორ არა, მახსენებს და ძალიან ხშირადაც. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, გაინტერესებს, რა გავლენას ახდენს სხვებზე შენი სისხლი და ხორცი, ანდა სხვებს როგორი დამოკიდებულება აქვს მასთან: აგინებენ თუ პატრონობენ, წყევლიან თუ ითმენენ… თუმცა, როგორც ზემოთაც ვთქვი, შენი აღარ არის, იმ სხვებს უფრო ეკუთვნის, ვიდრე შენ. ხანდახან, იმდენად გეუცხოება, ძნელი დასაჯერებელია, რამე თუ გაკავშირებს იმასთან. მოკლედ, ისიც გარესამყაროსავითაა, რომელიც გაჩენის დღიდან ნაცნობია შენთვის, მაგრამ თუკი ერთ დღეს უიმისოდ ვერც კი წარმოგიდგენია ცხოვრება, მეორე დღეს გეხამუშება, გაწუხებს, გთრგუნავს რაღაცნაირად. სინამდვილეში, შენი გუნება-განწყობილება იცვლება გარესამყაროს მიმართ და არა თავად გარესამყარო, რომელიც მარადიულია და რომლის ნებისმიერი ცვლილება გაცილებით სერიოზული და სახიფათო მოვლენაა. ხოლო ადამიანის გუნება-განწყობილების შეცვლა არათუ დასაშვებია, არამედ აუცილებელიც. რაც უფრო ხშირად გეცვლება გუნება-განწყობილება, მით უფრო ძლიერია შენი კავშირი გარესამყაროსთან და მით უფრო ძნელია მისგან თავის დაღწევა. დაახლოებით ასეთივე ურთიერთობა აქვს მწერალს მის მიერ შექმნილ სამყაროსთანაც. იმ სამყაროსაც აქვს გარკვეული რელიეფი, იქაც არის მდინარე, ქედი, ხეები; იქაც არის გზა, გზები, რომლებიც, ღმერთმა იცის, საით მიდიან… მაგრამ მწერლის დამოკიდებულება კი არა, მწერლის გუნება-განწყობილება იცვლება განუწყვეტლივ და ერთ დღეს თუ აღტაცებულია თავის მიერ შექმნილი გარემოთი, მეორე დღეს იმდენად ეუცხოება იქაურობა, შეიძლება თავბედი აწყევლინოს საკუთარმა ნამოღვაწარმა. ძნელი სათქმელია, რატომ ხდება ასე და ვერც ვერავინ ამოხსნის ერთხელ და სამუდამოდ ამ საიდუმლოს. ხოლო თქვენ თუ მართლა გჯერათ, მეც რომ შევქმენი რაღაც, საკუთარი სამყაროს მაგვარი რამ, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ, მაგრამ ის სამყარო უკვე ჩემს გარეთ და უჩემოდ არსებობს…

– მაგრამ ყოველი ახალი მკითხველისთვის ის ხომ მუდმივად ახალია?

– რაკი ასე ჯიუტობთ, გავკადნიერდები და იმასაც ვიტყვი, რომ არამარტო ახალია, არამედ მრავალფეროვანიც, რადგან არ შეიძლება, ერთსა და იმავე საგანს, პეიზაჟს, მოვლენას – ყველა ერთნაირად ხედავდეს. რაც უფრო ცოცხალია სამყარო, მით უფრო მრავალფეროვანია და მით უფრო არ ჰგავს თავის თავს დროსა და სივრცეში გადაადგილებული. ღრუბლისა არ იყოს, ერთი წუთის მერე, ყველაზე ძალიან სწორედ თავის თავს არ ჰგავს, მაგრამ როგორი სა-ხეც არ უნდა მიიღოს, მაინც ღრუბლად დარჩება ყველასთვის. ასევეა მწერლის შექმნილი სამყაროც – ზოგისთვის აქლემს ჰგავს, ზოგისთვის ზღაპრულ ციხესიმაგრეს, მაგრამ, რაც მთავარია, არსებობს…

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ წინა, ანუ ძველ ნაწარმოებთან, მაშინ, როცა უკვე მეორეს, ახალს წერთ?

– როცა ახალს წერ, ძველის გაგონებაც არ გინდა. რატომღაც – ესეც დიდი საიდუმლოებაა ჩემთვის – ღრმად ხარ დარწმუნებული, სწორედ ახლა აკეთებ იმას, რისი გაკეთებაც ყოველთვის გინდოდა. ამის განცდა სასიამოვნოდ გაბრუებს წერის პროცესში, მაგრამ წერის დამთავრებისთანავე გული გიტყდება და ეჭვი გიპყრობს, ანუ დარწმუნებული ხარ, ეს რომ შენი ყველაზე დიდი მარცხია და ბევრად აჯობებდა, თუკი საერთოდ შეიკავებდი თავს ამგვარი სისულელისგან. ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა და ადვილი შესაძლებელია, არავითარი პრაქტიკული ღირებულება არ ჰქონდეს სხვებისთვის. მაგრამ თუკი შენმა ნაშიერმა თავის მხრივ ეჭვი და შიში არ გაგიჩინა, ჩათვალე რომ ამაოდ დამშვრალხარ. იგივე ტექსტი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ საკუთარი მწერლური შესაძლებლობების მწვერვალად გეჩვენებოდა, დღეს არათუ მოგწონს, დასანახად გეჯავრება. არ ვიცი, რატომ ხდება ასე, მაგრამ მხოლოდ ასე, გუნება-განწყობის, ანუ შიშისა და ეჭვის მონაცვლეობით შეგიძლია გაარკვიო, სინამდვილეშიც თუ შეიქმნა რამე, რამე კი არა – ღრუბელი. ღრუბელი თუ შეიქმნა, უკვე სულერთია, როგორ გამოიყურება ის, ნელა იცვლება თუ სწრაფად, საავდროა თუ კარგი ამინდის მაუწყებელი. ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, იყოს, რადგან ღრუბლის შექმნაა ყველაზე ძნელი და თუ მაინც შექმენი, ესე იგი, ტყუილად არ გიტანჯია – როდისმე, არამარტო შენ, სხვაც დაინახავს იმ ღრუბელს… სხვათა შორის, მკითხველზე ფიქრიც მაშინ იწყება, როცა ღრუბელი უკვე არსებობს და ახალი შიშით ხარ შეპყრობილი: ვაითუ, სხვამ ვერ დაინახოსო…

– მაინც გაქვთ შიში? არ მითხრათ, რომ არ იცით საკუთარი თავის ფასი…

– ნამდვილად არ მიყვარს და არც მომწონს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ზედმეტი თავმდაბლობა რომ არ დამწამოთ, დაგასწრებთ და გეტყვით: რაც უფრო კარგად გესმის შენი ნამუშევრის ფასი, მით უფრო საშიშია მკითხველი. ხოლო თუ არ გესმის, რას აკეთებ, მაშინ არც არაფრის გეშინია… მეც, რასაკვირველია, მკითხველისთვის ვქმნი და ეს არამარტო მსიამოვნებს, არამედ აუცილებელი საქმიანობაცაა ჩემთვის. დიდი სურვილი მაქვს, თქვენც იცოდეთ, რაც უთქვენოდ შევიტყვე. ვცდილობ, როგორმე მოგაწვდინოთ ხმა, გაგაგებინოთ, რაც, შესაძლებელია, თქვენთვისაც მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდეს, სანუგეშო ან საგანგაშო, თუნდაც, ანგარიშგასაწევი. ასევე შესაძლებელია, ბევრი რამ მეშლებოდეს, საერთოდ არასწორი წარმოდგენა მქონდეს ჩემს ნამოღვაწარზე, მაგრამ რასაც ვაკეთებ, იმის მაქსიმუმია, რაც ბუნებისგან არის ჩემში ჩადებული. ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, მწერლის დამსახურება ცოტაა, თუმცა, ეს «ცოტა» დიდ სულიერ, გონებრივ და ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს. დიდი შრომა და ენერგია სჭირდება ცარიელი ფურცლის შევსებას. მხატვრულად რომ ვთქვათ, მწერალს ყველაფერი ესიზმრება და მისი ვალია, დასიზმრებულის გადატანა ფურცელზე. უკეთესი მწერალი ის არის, ვინც მეტს იმახსოვრებს და დამახსოვრებული ზუსტად გადააქვს. პირადად ჩემთვის დიდი სიმართლე დევს ამ მხატვრულ ხუმრობაში. როცა ვწერ, სულ სხვა ადამიანი ვარ…

– შეურაცხადი?

– ზუსტად არ ვიცი, როგორი, მაგრამ აშკარად განსხვავებული იმისგან, როგორიც ახლა ვარ. სხვას რომ თავი გავანებოთ, მაშინ უკეთესად ვწერ. ახლა რომ მითხრათ, შეიძლება დეპეშის ტექსტიც ვერ შევადგინო. ვისვენებ და იმიტომ. წერა განუწყვეტელი ვარჯიშია. სპორტსმენისა არ იყოს, მწერლის დღეც მოთელვით იწყება…

– რას გულისხმობთ «მოთელვაში?»

– ნებისმიერ სისულელეს. ყველაფერი უნდა წერო, რაც ენაზე მოგადგება. მაგალითად: გავიხედე სარკმელში და მდინარე ვერე ადიდებულა… თუ სიტყვა თავიდანვე არ დაიმორჩილე, ვერც აზრს გამოათქმევინებ და, მითუმეტეს, ვერც გრძნობას…

– და როცა არ გემორჩილებათ, თავს ანებებთ? უკეთესი დროისთვის გადადებთ სამუშაოს?

– შეურაცხადი შეიძლება იყო, რადგან შეურაცხადობა მწერლობაში ძალიან პირობითი ცნებაა, მაგრამ არაფრით არ შეიძლება, მწერალმა ხელი აიღოს სიტყვასთან ჭიდილზე. უსასრულოდ უნდა იწვალო, ვიდრე არ დაიმორჩილებ. ერთი და იმავე ფრაზის ყველა შესაძლებელი ვარიანტი უნდა ეძებო უსასრულოდ…

– რომელსაც მერე ანადგურებთ?

– რასაკვირველია. თუ მიაღწიე და საუკეთესო ვარიანტი შექმენი, დანარჩენი რაღა საჭიროა?! ლიტმცოდნეობისთვის, ამ თვალსაზრისით, შეიძლება მართლა საინტერესო აღმოჩნდეს ზოგიერთი მწერლის არქივი, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, წიგნში ყოველთვის საუკეთესო ვარიანტი ხვდება…

– გშურთ ევროპელი მწერლების, რომლებიც კომპიუტერითა და მზა მასალით სარგებლობენ?

– კომპიუტერთან არავითარი ურთიერთობა არა მაქვს, არ ვიცი, როგორ მოვიხმარო და როგორ შეიძლება მშურდეს იმისა, რისი მოხმარებაც არ შემიძლია. ისე, რომ იცოდეთ, ჩვენი მწერლებიც სარგებლობენ კომპიუტერით. მაგრამ პირადად მე, სწორად არ მიმაჩნია ტრადიციული ხელობების კომპიუტერიზაცია. ამით ერთნაირად უფერულდება როგორც არსი ხელობისა, ისევე მისი გარეგნული მომხიბვლელობა…

– ფურცელი და კალამი უკვე ერთგვარი სტიმულია?

– დიახ. მართალია ტექნიკურ რევოლუციას მასშტაბები არა აქვს, მაგრამ სულს არ უნდა შეეხოს არავითარ შემთხვევაში. მანქანამ ცხენი გააქრო, ცხენის გაქრობამ ათასგვარ იდუმალ ფიქრთა და უცნაურ ჩვენებათა აღმძვრელ სამჭედლოებს გამოუყვანა წირვა. არადა, ადამიანმა ცხენით გამოაღწია წარსულიდან. ვიდრე ცხენზე იჯდა, გაცილებით მხნეც იყო და ჯანმრთელიც. არც დროს ეპუებოდა და არც სივრცეს; არც მგელსა და არც ავაზაკს; გზისპირა თხრილშიც შეეძლო ღამის გათევა და ფუნდუკის ბაღლინჯოებიან საწოლშიც… რადგან ჯერ კიდევ ბუნების შვილი იყო და არა ბუნების ბატონ-პატრონი. რაც მთავარია, თავისი ამქვეყნიური გზის უდიდესი ნაწილი ცხენზე ამხედრებულმა გამოიარა და უკვე დაბერებულ დაუძლურებული გადაჯდა სწრაფმავალ ექსპრესსა თუ საჰაერო ლაინერში, რაც, მე რომ მკითხოთ, იგივე სახეიბრო სავარძელია და მეტი არაფერი. მართალია, ცოტა გადავუხვიეთ თემიდან, მაგრამ ამდენი იმიტომ ვილაპარაკე ცხენსა და სამჭედლოზე, ჯერ კიდევ რომ არსებობს ისეთი ტრადიციული ხელობა, როგორიც, ვთქვათ, მწერლობაა, და თავისი არსებობით, უპირველეს ყოვლისა, იმაში გვარწმუნებს, კიდევ რომ შეიძლება გვჯეროდეს სასწაულისა, ანუ, ერთხელ კიდევ განვიკურნოთ და კვლავ განვეწყოთ საცხოვრებლად; თუ ვერ დავიბრუნებთ, გავიხსენოთ მაინც, ფურცელი და კალამი, გრდემლი და საბერველი… ბუნება არ დაუშ-ვებს, ასე სამარცხვინოდ გადაშენდეს ადამიანი. ჩვენი დღევანდელი აღვირახსნილი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად ადამიანის დაკნინებისა და დაუძლურების გამოხატულებაა. თუმცა ტრადიციული ხელობებიდან მწერლობა ალბათ ყველაზე არაპრაქტიკულია…

– და ალბათ ერთგვარი ბედისწერაც…

– მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ სისულელეს შევალიე, მაგრამ არ ვნანობ…

– სისულელეს რატომ?

– როცა ქვეყანაში, თუნდაც არასერიოზულად იკითხავენ, გვჭირდება თუ არა მწერლობაო, არათუ მწერლობა, ყველაფერი სისულელეა.

– ეგ იმის პრობლემაა, ვინც ასე ფიქრობს მწერლობაზე.

– არა, ეს რომ მხოლოდ «ვიღაცის» პრობლემა იყოს, ჩვენ არც გვეცოდინებოდა, რადგან ვერც ის გაბედავდა გამომჟღავნებას, არავინ მოუწონებდა, პირიქით, ერთნაირად შერისხავდა ყველა: საზოგადოებაც, მასმედიაც, პარლამენტიც, პრეზიდენტიც…

– გამოდის, რომ ეს ერის პრობლემაა.

– მართალს ბრძანებთ… ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემა, როგორც გვიყვარს ხოლმე თქმა, სრულიად საქართველოსთვის. თუ საქართველოში შევქმნით (ჯერჯერობით ვქმნით) იმ განწყობილებას, რომ მწერლობა საჭირო არ არის, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, აღარც მეთერთმეტე არმია იქნება საჭირო და აღარც ეკონომიკური ბლოკადები, საქართველო თავისთავად იქცევა ხელმისაწვდომ და იოლად ასათვისებელ ტერიტორიად. აქამდე იმიტომაც ვერ «უბედავენ» ოფიციალურად დაპყრობას, ასეთი დიდი ლიტერატურული ტრადიციები რომ გააჩნია. სამწუხაროდ, დამპყრობელმა უკეთ იცის ჩვენი ქვეყნისა, ვიდრე ჩვენ, ქართველებმა. იმან ისიც ზუსტად იცის, თუ სად დევს ჩვენი მთავარი სული…

– დევისა თუ ირმის მუცელში?

– ჩვენ არ ვიცით. რომ ვიცოდეთ, არ დავმალავდით, პირველ რიგში, სწორედ მტერს ჩავუკაკლავდით. რასაკვირველია, საზოგადოება მყავს მხედველობაში და არა ხალხი. ჩვენს ხალხზე საყვედური ნამდვილად არ ითქმის. რაც შეუძლია, ითმენს. არავისზე ნაკლები ხალხი არ არის. უკეთესი კი, შეიძლება იყოს, თუნდაც იმიტომ, მის დღეში, არათუ საუკუნეების მანძილზე, რამდენიმე წელსაც ვერ გაძლებდა ნებისმიერი, დღეს აღზევებული და დაფასებული ხალხი. ძალიან მეეჭვება, სამ მილიონ ინგლისელს, გერმანელსა თუ ფრანგს შეენარჩუნებინა თავისთავადობა ამ გარემოში. მე ჩამოვთვალე ყველაზე ჯიუტი და ძლიერი ხალხები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მათგანი თუ ბოლომდე არ გათურქდებოდა, ბოლო-ბოლო, გარუსდებოდა მაინც. ამას მათ დასაკნინებლად კი არ ვამბობ, ქართული ეთნოსის სიძლიერეს აღვნიშნავ მხოლოდ. ჩვენ ძნელად ამოსაძირკვი ხალხი ვართ (ამას ადასტურებს მთელი ჩვენი ისტორია), ხოლო ცოტა გონებაც რომ მოეცა ჩვენთვის ღმერთს, მართლა ვერავინ მოგვერეოდა. რაც მართალია მართალია, უგუნურები ვართ. აკაკი წერეთელმა კი დაგვისვა სწორი დიაგნოზი – ზეზეურად გვძინავს და მტერი მოყვარე გვგონია – გაგვაფრთხილა კიდეც – ნუ გჯერა გაიძვერა მოყვრისაო – მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, უმალ მტერს დავუჯერეთ, ვიდრე პოეტს. თუმცა მაშინ, დღევანდელთან შედარებით, კიდევ შეიძლებოდა ჩვენი გამართლება – ჯერ მხოლოდ ვიღვიძებდით და ჯერ მხოლოდ ვოცნებობდით თავისუფლებაზე. დღეს კი, ავად თუ კარგად გამოღვიძებულნი და განთავისუფლებულნი, ჩვენივე ნებით ვაპირებთ მონობაში შებრუნებას. მავანთ და მავანთ ქვეყნის ხსნად ისევ რუსეთის ფრთის ქვეშ დაბრუნება მიაჩნიათ და კი არ მალავენ ამას, ჩვენც აქეთკენ მოგვიწოდებენ საჯაროდ.საზოგადოება კი დუმს, ისევე როგორ მასმედია, როგორც პარლამენტი და როგორც პრეზიდენტის კანცელარია…

– შეჩვეულია რუსს და რუსული ჩექმის ნოსტალგია აწუხებს…

– არც უამისობაა. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ქართველის ნათქვამია. შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო – ესეც ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა. თავის დროზე ასევე გვიჭირდა ალბათ სპარსული სამყაროსგან მოწყვეტა, მაგრამ თუ არ მოწყდი იმას, რაც გღუპავს, რაც შთანთქმას გიპირებს, დაღუპული ხარ და შეიძლება ახიც იყოს, რადგან იმის მაგივრად, რამე იღონო, კვლავაც გულუბრყვილოდ გჯერა, ვთქვათ, მართლა რომ არსებობს რუსულ-ქართული სახელმწიფოებრივი მეგობრობა, თანაც საუკუნოვანი. მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ კონკრეტული ქართველისა და კონკრეტული რუსის პირადულ ან კოლეგიალურ ურთიერთობას. ბოლოს და ბოლოს, აღაზასა და ზვიადაურის შემქმნელი ხალხი ვართ და სხვაგანაც მრავლად მოი-ძებნება ამგვარი პიროვნული კეთილშობილების მაგალითები, არამარტო ლიტერატურაში, არამედ ცხოვრებაშიც. მაგრამ პიროვნების სულისკვეთება ერთია, სახელმწიფოს ინტერესი – მეორე. მეორე კი არა, მთავარი! დიახ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი არ შეიძლება საქართველოს მეგობარი იყოს. მას შემდეგ, რაც საქართველო უნებლიე დაბრკოლება აღმოჩნდა სამხრეთისკენ დაძრული რუსეთისთვის, თავისთავად გადაწყდა ჩვენი ურ-თიერთობის სახეობაც: ჩავყვებით თუ ჩაგვითრევს, დავუჩოქებთ თუ დაგვაჩოქებს, ორივე შემთხვევაში მაინც ერთნაირად უნდა მოგვსპოს, რათა თავად აღორძინდეს, კიდევ უფრო განავრცოს საზღვრები და თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საწადელს. რაც მთავარია, იმდენად სჯერა სამართლიანობა საკუთარი მიზნისა თუ სურვილისა, ვეღარ ამჩნევს, დრო რომ იცვლება. მართალია ნელა, მაგრამ იცვლება ფსიქიკაც და დღეს აღარავინ დააპყრობინებს რუსეთს კონსტანტინეპოლს, რაც არ უნდა «ქრისტიანული» იყოს მისი მისია. მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებს თავისას, ანუ, ჯიუტად ცდილობს ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა და ჩვენც მლიქვნელური ღიმილითა და კუდის ქიცინით ველოდებით, როდის გადაგვსანსლავს ერთხელ და სამუდამოდ…

– მოდით, პოლიტიკიდან ისევ მწერლობას დავუბრუნდეთ და ვთქვათ, რომ «უშთამომავლოდ მწერლობაც ისევე იღუპება, როგორც ოჯახი». იცნობთ თუ არა თქვენს შთამომავლებს? ახალი თაობისგან ხშირად გამიგია, რომ თქვენ მათ ვერ თუ არ ამჩნევთ.

– ძალიან სამწუხაროა, ასე თუ ფიქრობს შთამომავლობა. სხვათა შორის, მე პირიქით მეგონა, ესე იგი, ის ვერ თუ არ მამჩნევდა. მაგრამ მთავარია, უკვე რომ არსებობს თავად, შთამომავლობა, და საკმაოდ იმედისმომცემიც. ქართულ მწერლობას, ასე ვთქვათ, მომავალი განაღდებული აქვს. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, წარსულის პატივისცემას გვავალდებულებს ყველას. ახალგაზრდა მწერლებმა არც სულელ მოყვარეს უნდა დაუჯერონ და არც ჭკვიან მტერს, თითქოს მათგან იწყებოდეს ქართული მწერლობა. პირველ რიგში, ისინი დაიფაროს ღმერთმა ამგვარი უბედურებისგან. ისინი კი არ იწყებენ ქართულ მწერლობას, ახალ ფურცელს შლიან ქართული მწერლობის უკვე თექვსმეტსაუკუნოვან ისტორიაში. მე ვუსურვებდი, რაც შეიძლება ბევრი დაეტიოთ იმ ფურცელზე, რაც უფრო მდიდარია ტრადიცია, მით უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს ნოვატორობისთვის. მაგრამ ასევე არსებობს ბრმად მიმბაძველთა, თაღლით ფალსიფიკატორთა თუ შეუვალ, ტლუ გრაფომანთა აღზევების საფრთხეც, რადგან ჭეშმარიტი მწერალი ყოველთვის ცოტაა, მწერლობის მსურველი კი – ბევრი, და თუკი ერთნი თავიანთ საზოგადოებრივ მდგომარეობას მწერლობაში ფეხის მოსაკიდებლად იყენებენ, მეორენი მწერლობით ცდილობენ საზოგადოებრივი მდგომარეობის მოპოვებას. მაგრამ თავად მწერლობისთვის არც ერთია სახიფათო და არც მეორე. მთავარია, ნამდვილმა მწერლებმა თავიანთი საქმე აკეთონ, ანუ, წერონ წიგნები. ყველა მწერალს თავისი მისია დაბადებისთანავე შუბლზე აქვს ამოტვიფრული და მის გასაკეთებელს არათუ მეორე მწერალი, ათასი დაჯგუფება რომ შეიქმნას, ვერ გააკეთებს… საერთოდ, ყველა მწერალი თავისთავად უნიკალურია და გასაფრთხილებელი. მეც ამ თვალსაზრისით ვუყურებ შთამომავლობას. დღეს რომ ქართველს წერის სურვილი გაუჩნდება, ესეც ჩვენი გარდუვალი განკურნების მაუწყებელი ნიშანია. ჯერ ერთი, ამით თავის ენას მიაგებს პატივს და, რაც მთავარია, სიყვარულს უხსნის სამშობლოს. უსინდისობაა, ვინმეს დასწამო, სამშობლოს საგინებლად უნდა მწერლობაო. მწერლობა ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვაა და როცა დღეს, ამ არეულ-დარეულ, ერთხელ კიდევ ჩაწიხლულ ქვეყანაში ახალგაზრდა კაცი მწერლის ურთულეს პროფესიას ირჩევს, ეს ჩემში, უპირველეს ყოვლისა, მისდამი პატივისცემის გრძნობასა და მხარდაჭერის სურვილს ბადებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, ყველაფერი მომეწონება, რასაც ის დაწერს. დასაწერი კი ბევრია. თუკი სხვა რამეში მართლა ბევრად ჩამოვრჩებით დანარჩენ მსოფლიოს, პრობლემების სიმრავლითა და სირთულით ნამდვილად აღვემატებით ყველას. ყოველ შემთხვევაში, ჯერ მართლა არ მივსულვართ იქამდე, ერთი თანამედროვე მოთხრობის გმირივით საკუთარ განავალს ვინახავდეთ კომოდის უჯრაში, რაკი სხვა აღარაფერი შეგვრჩენია შესანახი და გასაფრთხილებელი. ნურას უკაცრავად! იმავე იტალიისგან განსხვავებით (სადაც ეს მოთხრობა დაიწერა), როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ჯერ ბევრი საჭირბოროტო საკითხი გვაქვს გასარკვევი და მეტი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს. რაც მთავარია, ჩვენი ხე ჯერ კიდევ იძლევა ნაყოფს – ამას ადასტურებს ახალგაზრდა მწერალთა სიმრავლეც, რომლებიც თუნდაც იმიტომ იმსახურებენ ყურადღებასა და პატივისცემას, მაინცდამაინც ქართველ მწერლებად რომ წარმოიშვნენ და წარმოჩინდნენ ამ თავგზააბნეულ სამყაროში. ეს, რასაკვირველია, მათი წინამორბედების დამსახურებაცაა, მაგრამ ამისთვის მადლობას არ ამბობენ, რადგან არც არავინ აკეთებს ამას მადლობისთვის. ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია თაობათა მონაცვლეობისა, გნებავთ, მამათა და შვილთა «ბრძოლისა». მაგრამ მისი შემჩნევა და აღნიშვნა არამარტო ჩვენს ადამიანურ კეთილშობილებას ადასტურებს, არამედ განსაზღვრავს კიდეც ჩვენს მწერლურ ხარისხსაც. საერთოდ კი, ყველა მწერალი უაღრესად დამოუკიდებელი და თვითმყოფადი არსებაა, ვინმეს ადგილს კი არ იკავებს, «ადგილიანად» მოდის, ანუ თვითონ, საკუთარი შესაძლებლობებით იმკვიდრებს ადგილს სხვათა გვერდით. დარწმუნებული ვარ, შთამომავლობამ ისიც იცის, თუ რა დროს და რა გარემოში უწევს ცხოვრება და მოღვაწეობა; დარწმუნებული ვარ, წინასწარაა შეგუებული უგულებელყოფასაც და უმადურობასაც, რადგან მწერალი სწორედ მაშინაა საჭირო, როცა სხვებს წიგნისთვის აღარ სცალიათ, როცა ზნეობა შელახულია, კრიტერიუმები არეული, მოუთვინიერებლად ყველაზე იოლად მოსათვინიერებელი ითვლება, ერის მხსნელად – პირწავარდნილი მედროვე, ხოლო ხელისუფალთა ყურმოჭრილ ლაქიას წამებულის გვირგვინი ადგას თავზე. მწერალმა ლეგენდის ტყვეობიდან უნდა გამოიყვანოს ობივატელი და სიმართლის დასანახი თვალი აუხილოს. ხოლო ამას თუ ვერ შეძლებს, ნებისმიერი მისი მცდელობა შუშისა და ფარდის შუა მომწყვდეული ბუზის გაწამაწიას დაემსგავსება: იფრენს, იბზუვლებს, მაგრამ უაზროდ და უშედეგოდ… ასე არ უნდა მოხდეს და არც მოხდება არავითარ შემთხვევაში. როგორც მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ჩვენი «კეთილისმყოფელთა» ნიჰილისტური შეგონებებისა, ლიტერატურული ცხოვრება კი არ ჩაკვდა, შეიძლება ითქვას, აღორძინდა, აღორძინების გზაზეა. ყოველ შემთხვევაში, ამის ნიშნები ნამდვილად არის. გაჩნდნენ ახალი გამომცემლობები, იმართება წიგნის ბაზრობები, ერთი ლიტერატურული გაზეთისა და ჟურნალის ნაცვლად, ახლა რამდენიმე არსებობს და თავის გარშემო იკრებს ახალგაზრდობას. თანამოაზრე მწერალთა ასოციაციებისა თუ დაჯგუფებების სიმრავლეც ლიტერატურული ცხოვრების გამოცოცხლების დასტურია მხოლოდ. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოში. ჩვენ დიდი ლიტერატურული ტრადიციების ქვეყანა ვართ და სამოღვაწეო ასპარეზზე დღეს გამოსული ყველა ახალგაზრდა, თავად აცნობიერებს თუ არა ამას, უპირველეს ყოვლისა, ამ ტრადიციების გაგრძელებისა და გაღრმავების საწინდარია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ლიტერატურული ცდა, ნებისმიერი ახალი გზის ძიება მხოლოდ მისასალმებელია და იმე-დის მომცემი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ცდა წარმატებით დამთავრდება და ქართველი მწერლების დიდ ოჯახს კიდევ მრავალი სახელი შეემატება. მივესალმები ყველა ახალგაზრდა მწერალს, რომელიც სწორედ განუწყვეტელი ლიტერატურული ძიებებით იპყრობს დღეს ყურადღებას, ოღონდ ძიება თვითმიზნად არ უნდა იქცეს და არც იქცევა, ვიდრე სათქმელი გვექნება. მთავარი მაინც სათქმელია. მწერლობა უცნაური და ლამაზი სიტყვებით ჟონგლიორობას კი არ გულისხმობს, არამედ ერთადერთი და მრავლისმთქმელი სიტყვის პოვნას, რომელსაც უნარი შესწევს თანაგრძნობის, თანადგომის, თანაარსებობის ჟინი აღძრას მკითხველთა გულებში… და კიდევ ერთი! რაკი ამდენი ვილაპარაკე შთამომავლობაზე, ბარემ ამასაც ვიტყვი: პატივი ვცეთ, დავაფასოთ ნებისმიერი ლიტერატურა, მაგრამ გვიყვარდეს საკუთარიც. მხოლოდ საკუთარი ლიტერატურის ტრადიციებზე აღზრდილი მწერალი შეიძლება გახდეს საინტერესო დანარჩენი მსოფლიოსთვის. საკუთარი მწერლობის მიმართ უპატივცემულო, აგდებული დამოკიდებულება სნობიზმის ერთ-ერთი სახეობაა. ასე რომ, როცა ჩვენი ტელევიზიის ეკრანიდან, უცხოეთში «განათლებული» რომელიღაც ახალგაზრდა, ფეხი ფეხზე გადადებული, წარბშეუხრელად აცხადებს, უცხოეთში ყოფნის გამო, კარგად ვერ ვიცნობ ჩემს მშობლიურ ლიტერატურასო, ჩვეულებრივი სნობია და მის «განათლებას» და კატის ცურცლს ერთი ფასი აქვს ჩვენი კულტურული ცხოვრებისთვის…

– არ არსებობს მწერალი, მეორისგან რომ არ იღებდეს რაღაცას. თქვენთვის ვინ არის ასეთი «მეორე?»

– ასეთი «მეორე» ძალიან ზოგადი ცნებაა. ასეთი «მეორეა» ყველა, ვინც წაგიკითხავს; შეიძლება არც წაგიკითხავს, მაგრამ გაგიგია; ან არც გაგიგია, მაგრამ მისი ბაცილა დაფრინავს ჰაერში და, გინდა არ გინდა, შენზეც ახდენს გარკვეულ ზემოქმედებას. ლიტერატურული ატმოსფერო ამგვარი ბაცილებითაა გავსებული და ჩვენც, თავზეხელაღებული სულელები, ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო ღრმად ჩაისუნთქავს ამ «სახიფათო» ჰაერს…

– ლოდისმთრეველი სიზიფეები?

– თუნდაც. ჩვენ, მწერლებს, რაღაც გვაქვს საერთო, ნათესაური… უფრო სწორად, ერთმანეთისკენ ვართ მიდრეკილნი, არ შეგვიძლია უერთმანეთოდ, და ამიტომაც მიმაჩნია გამართლებულად მწერალთა კავშირის, თუნდაც, როგორც ჩვენი ერთიანობის სიმბოლოს არსებობა. ამიტომაც ვარ აქამდე მწერალთა კავშირის წევრი, შეგნებულად. ასე მიმაჩნია სწორად. თორემ, მწერალთა კავშირიდან გამოსვლა დღეს, დამეთანხმებით, არც დიდ სირთულეს წარმოადგენს და არც გმირობად ჩაგეთვლება…

– მართლაც, განა საჭიროა რამე კავშირი იმისთვის, წიგნი რომ დაწეროთ?

– წიგნის დასაწერად არანაირი კავშირი არ არის საჭირო, არანაირი ფრაქცია, ასოციაცია თუ გაერთიანება… სხვათა შორის, არც მწერალთა კავშირი შექმნილა ამ მიზნით, ანუ «წიგნის დასაწერად». მწერალთა კავშირი ვერც წიგნის გამოცემაში მიეხმარება ვინმეს. პირიქით, მისი წესდების მიხედვით, წევრად რომ მიგიღონ, ორი წიგნი მაინც უნდა გქონდეს დაწერილი (შესაბამისად, გამოცემული). მწერალთა კავშირში შესვლა, ერთგვარად, მწერლად კურთხევას, მწერლად აღიარებას ნიშნავდა თანამოკალმეთა მიერ და უფრო მორალურ მხარდაჭერას გულისხმობდა, ვიდრე ეკონომიკურ, მითუმეტეს პროფესიულ დახმარებას. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ხვალაც, თავისთავად ცხადია, აუცილებელი რეფორმების ჩატარების შემდეგ. ის მწერალთა კავშირი, რომელიც 1917 წელს, არამარტო დროის კარნახით, არამედ თავად მწერლების სურვილითა და მოთხოვნილებით შეიქმნა ჩვენში, უკვე კარგა ხნის შეცვლილია სტალინისა და გორკის გამოგონილი სტრუქტურით, რის შედეგადაც მართლაც ბევრი რამ დამახინჯდა და წაიბილწა ჩვენს სინამდვილეში. მათ შორის, კავშირში მიღების ზემოთ უკვე ნახსენები რიტუალიც. უფრო სწორად, გაუფასურდა, გამდაბიურდა ამ რიტუალის თავისთავად კეთილშობილური იდეა. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, გასული საუკუნის მანძილზე არ გამოჩენილა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მწერალი, სისხლხორცეულად არ ყოფილიყოს დაკავშირებული ამ ორგანიზაციასთან. სწორედ იმათი დამსახურებაა (გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), თუკი მაინც შევინარჩუნეთ ის სულისკვეთება, გნებავთ, მრწამსი, რამაც საერთოდ განაპირობა მწერალთა კავშირის დაარსება. ასე რომ, ჩემი თვალსაზრისით, ვერც საბჭოურმა, სტალინისა და გორკის მიერ დაარსებულმა სტრუქტურამ (რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენმა პარლამენტმაც დააკანონა) მოსპო ბოლომდე ჩვენს შეგნებაში ერთხელ და სამუდამოდ შექმნილი ხატი მწერლისა და საერთოდ მწერლობისა. ბედის უკუღმართობითა და ისტორიული კატაკლიზმებით დაბნეულსა და დაბეჩავებულ ქართველის თვალში მწერლის სახელი გაცილებით მაღალ ცნებებთან და იდეალებთან ასოცირდებოდა ყოველთვის, განსაკუთრებით ბოლო ორი საუკუნის მანძილზე. ფაქტია, რომ გაუქმებული სამეფო დინასტიის, დაკარგული სახელმწიფოებრიობისა თუ დარბეული ეკლესიის წილ მწერლობას ეპყრა ხელთ ჩვენი ეროვნული შეგნებისა და ადამიანური ღირსების დროშა. კარგია ეს თუ ცუდი, სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში, ეს არც მწერლის კაპრიზია, არც მკითხველის. შეგვიძლია, ესეც ცხოვრებისეულ იძულებად ჩავთვალოთ. რაც მთავარია, ქართველმა მწერლობამ ეს «ზედმეტი» და უაღრესად მძიმე მოვალეობაც ღირსეულად შეასრულა. ჯერჯერობით არავისთვის მიუცია საბაბი საწინააღმდეგო აზრის გამოსათქმელად ამ საკითხთან დაკავშირებით. მით უფრო – გახსნილად და გარკვევით. სრულებითაც არ არის გასაკვირი, თუკი ხალხის ცნობიერებაში ქართული მწერლობა და საქართველოს მწერალთა კავშირი ერთმანეთთანაა გაიგივებული. გარკვეული თვალსაზრისით, ალბათ ამ მიზნითაც დაარსდა მწერალთა კავშირი თავიდანვე, იმპერიის ტყვეობიდან განთავისუფლებისთანავე. აქედან გამომდინარე, როცა დღეს, თუნდაც ფორმალურად, თავისუფალ საქართველოში ზოგადად მწერალთა კავშირს ვუპირისპირდებით (სულერთია, რის გამო და რა მოტივით), ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ინერციით თუ გეგმაზომიერად, უპირველეს ყოვლისა, საუკუნის მანძილზე და, მხოლოდ და მხოლოდ, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად ჩამოყალიბებულ შეხედულებებს ვარყევთ ხალხის ფსიქიკაში. ეს კი, დამეთანხმებით, მეტი რომ არა ვთქვა, დიდი შეცდომაა ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის, რომლისთვისაც სულერთი არ არის ქვეყნის მომავალი. და მაინც, შემაშფოთებელი ის კი არ არის, ახალგაზრდა მწერალს გახედვაც რომ აღარ უნდა მწერალთა კავშირისკენ – არამედ შემაშფოთებელია, «თავისუფალ, დემოკრატიულ» საქართველოშიც რომ გადმოგვყვა «ლიტერატურული ბატალიები», რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დაიწყო, აშკარად ხელოვნურად და აშკარად ვიღაცის ფარული მითითებით…

– რამდენადაც მახსოვს, კრიტიკის ობიექტიც ხშირად ყოფილხართ, რომ არაფერი ვთქვათ ფოლკნერისა და მარკესის სამყაროსთან თქვენი სამყაროს იდენტურობაზე, აბსტრაქციონისტადაც იყავით გამოცხადებული. ხომ არ ფიქრობთ, რომ კარგი კრიტიკოსიც ისეთივე იშვიათობაა, როგორიც კარგი მწერალი?

– სასიამოვნოაო, ვერ მოვიტყუებ (არც თქვენ დამიჯერებთ), მაგრამ ჩემს მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები არამარტო საინტერესოა ჩემთვის, არამედ, გარკვეული თვალსაზრისით, ანგარიშგასაწევიც, თუკი, რა თქმა უნდა, თავად კრიტიკოსი არ იწვევს ეჭვს თავისი განსწავლულობითა და ობიექტურობით. როცა შენი წიგნი უარყოფით ემოციებს აღუძრავს ვიღაცას და არც მთლად სასიკეთოდ განაწყობს ავტორის მიმართ, თავისთავად სამწუხარო ამბავია, მაგრამ გასაგებიც და, ამდენად, ასატანიც. არ შეიძლება ყველანი ერთნაირად კითხულობდნენ ერთსა და იმავე წიგნს და რაც უფრო მეტი თვალსაზრისი იბადება ამა თუ იმ წიგნის გარშემო, მით უკეთესი წიგნისთვისაც და წიგნის ავტორისთვისაც. სხვათა შორის, მკითხველისთვისაც. კრიტიკოსი (თავისთავად ცხადია, ნებისმიერი მკითხველიც) უფლებამოსილია, ის ამოიკითხოს წიგნიდან, რაც მის სულიერ მოთხოვნილებას, გონებრივ დონეს, ზნეობრივ საზომსა და საერთოდ მის ინტელექტუალურ გარემოცვას შეეფერება და აკმაყოფილებს; ასევე უფლებამოსილია, მაინცდამაინც, ის იპოვოს წიგნში, რასაც ეძებს და რაც, ადვილი შესაძლებელია, საერთოდ არ იდოს იქ. მოკლედ, როგორც არ უნდა გავაწბილო თქვენი ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობა, ახალსა და საინტერესოს ბევრს ვერაფერს ვიტყვი კრიტიკისა და კრიტიკოსის შესახებ. კრიტიკოსი, თანაც კარგი, უფრო დიდი იშვიათობაა, ვიდრე კარგი მწერალი. შეიძლება, ბევრი კარგი მწერალი ცხოვრობდეს ერთდროულად და არ ჰყავდეთ კარგი კრიტიკოსი. ყველაზე დიდი უბედურება უკრიტიკოდ დარჩენილი მწერლობაა. კრიტიკის გარეშე ლიტერატურა კი იქმნება, მაგრამ არ ვითარდება. ბებიის მზითვივით სკივრში დევს და გამომზეურებას ელოდება, ანუ კრიტიკოსს, იმავე შვილიშვილს, რომე-ლიც სკივრიდან ამოღებულ კაბებს მიიზომებს და ჩვენც დაგვანახვებს მათ ბრწყინვალებას, ანდა, პირიქით – ოდინდელი ბრწყინვალების საბრალო ნაშთს, კიდეებდაძენძილსა და ჩრჩილით შეჭმულს. ასეთი კრიტიკოსი, სამწუხაროდ, ამჟამად ნამდვილად არ გვყავს და ამის ბრალიცაა ალბათ, დღითი დღე რომ გვავიწყდება მწერლის მნიშვნელობა და საერთოდ მწერლობის ფასი. ის კი არა, ჩვენს დიდ წინაპრებს, ზოგჯერ, აუგადაც მოვიხსენიებთ ხოლმე. თუმცა, ჩვენში რომ ვთქვათ, ესეც იმათი სიდიადის დამადასტურებელია მხოლოდ. სწორედ დიდი და დიდებული თრგუნავს და აღიზიანებს საშუალო ნიჭისა და შესაძლებლობების ხალხს…ფოლკნერსა და მარკესს რაც შეეხება, მხოლოდ სიამოვნებას მანიჭებს მათ გვერდით ჩემი მოხსენიება. ეს ჩემთვის დიდი პატივია და, ამდენად, კრიტიკად ვერ ჩავთვლი. ხოლო თუკი ვინმეს (ჩვენიანი მყავს მხედველობაში) მართლა სჯერა, რომ მე ფოლკნერსა და მარკესს ვბაძავ, თანაც ორივეს ერთდროულად, ნამდვილად ვერ დავუჯერებ, რადგან ჩემი წიგნები, სა-ბედნიეროდ, სხვა ენებზეც ითარგმნება, მათ შორის, ესპანურადაც, და თუ ჩვენებური კატეგორიულობით არა, ევროპული ტაქტიანობით მაინც მიმანიშნებდნენ ამას. თუმცა, უნდა ვაღიარო, დანიელებმა მართლაც შემარქვეს «კავკასიელი მარკესი», ოღონდ, წმინდა პრაქტიკული მოსაზრებით, რეკლამისთვის, რაკი ჩემი გვარი და სახელი არაფერს ეუბნებოდა იქაურ მკითხველს. ისე, ჩვენში რომ ვთქვათ, უკვე ვერანაირი კრიტიკა ვეღარ გამომასწორებს და ვერც ხელობაზე ამაღებინებს ხელს. ეს ჩემი ერთადერთი ხელობაა (სხვა ვერაფერი ვისწავლე ამ ქვეყანაზე), მთელი სიცოცხლე ის მაჭმევდა პურს, თუმცა, დღეს აღარც სახელად მარგია, აღარც სახრავად. ხოლო უფრო გულახდილები თუ ვიქნებით, ამ თქვენი ყბადაღებული მწერლობით გინებისა და სიძულვილის მეტი ვერაფერი დავიმსახურე…

– როგორი პირობები სჭირდება ქართველ მწერალს იმისთვის, კარგი წიგნი რომ დაწეროს. ქართველს იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ ევროპელი მწერლისთვის ეს კითხვა სრულიად გაუგებარი იქნებოდა ალბათ.

– დავიწყოთ «კარგი წიგნით». «კარგი წიგნი» განსაკუთრებული ფენომენია და მის დასაწერად მხოლოდ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება არ კმარა. ჰემინგუეის თუ დავუჯერებთ, კარგი წიგნის დასაწერად, სულ ცოტა, კიპლინგის ნიჭი, სამი სიცოცხლე და იღბალია საჭირო. ხოლო მწერლის ყოველდღიური საქმიანობისთვის (წერისთვის), რასაკვირველია, უკეთესი და უკეთესი პირობები ჯობს, როგორც აქ, ისევე ევროპაში. მაგრამ თქვენ ხაზგასმულად დღევანდელი ქართველი მწერლის მოთხოვნილებები გაინტერესებთ და სამართლიანადაც. განა მართლა საინტერესო არ არის, როგორ ახერხებს ის საბრალო, რასაც ახერხებს?! ანუ, როგორ წერს წიგნს, თუნდაც ცუდს, რადგან დრო და ენერგია ცუდ წიგნსაც იმდენივე სჭირდება, რამდენიც კარგს. ასე რომ, ქართველმა მწერალმა თავისი პროფესიული ვალი რომ მოიხადოს დღეს, ჩვენს გაღატაკებულ და გაუკუღმართებულ ქვეყანაში, ელემენტარული პირობები მაინც სჭირდება – თუნდაც, თითი რომ არ მიეყინოს ზამთარში საბეჭდი მანქანის კლავიშზე – და, რასაკვირველია, თავისი ულუფაც უნდა ჰქონდეს ჯარისკაცივით. თუკი სანგარში ჩამჯდარ ჯარისკაცს დღეში ერთხელ მაინც არ მიუტანე ცხელი კერძი, ვერ იომებს. ასეა მწერალიც. მწერლის ომი წერაა. მწერლის სანგარი – მისი სამუშაო მაგიდა. ოღონდ დამიზნებულსა თუ ბრმა ტყვიას კი არ არიდებს იქ თავს, არამედ თავს აკლავს ყოველ სიტყვას, რომელზედაც პასუხი უნდა აგოს სიკვდილის მერეც. საერთოდ კი, მწერალი უპრეტენზიო არსებაა (უნდა იყოს!). მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, კარგი ცხოვრების ფასი სხვაზე ნაკლებად იცოდეს და პირის გემო არა ჰქონდეს. მწერალი კარგი გურმანიცაა და არც ის ეშლება, რაში გაფლანგოს ჰონორარი (თუკი მისცემ, რასაკვირველია). მაგრამ სითბოსა და საჭმელზე მეტად, ალბათ მაინც თანაგრძნობა და თანადგომა სჭირდება…

– მაშინ, ორიოდე სიტყვა თქვენს თარგმანებზეც. მკითხველისთვის თითოეული თქვენი თარგმანი ცალკე, დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოებია ოთარ ჭილაძის სტილში, ლონგფელოს «ჰაიავათას სიმღერა», რასინის «ფედრა», ბაირონის «ბარათი ავგუსტას», პუშკინის პოემები…

– ჩემი თარგმანების თქვენეული შეფასება ფრიად სასიამოვნოა ჩემთვის, მაგრამ უნდა გაგიმხილოთ, მთარგმნელები მაინცდამაინც არ მთვლიან მთარგმნელად, და ალბათ სამართლიანადაც, რამდენადაც უფრო იძულებით მთარგმნელი ვარ, ვიდრე მოწოდებით. ჩემს ცხოვრებაშიც იყო ისეთი პერიოდი, როცა იძულებული გავხდი, დროებით გვერდზე გადამედო საკუთარი ლექსები და სხვა საარსებო გზები მეძებნა. წეღან მოგიყრუეთ, მაგრამ თქვენ რომ ჩემი აბსტრაქციონისტობა გაიხსენეთ, ჩემი მთარგმნელობაც იმ პერიოდს ემთხვევა სწორედ. როცა ახალგაზრდა პოეტს, საბჭოთა კავშირში, ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, იდეოლოგიური ცერბერების რჩევითა და კარნახით, აბსტრაქციონისტად გამოგაცხადებს, რასაკვირველია, არც ერთ რედაქციას აღარ გაუხარდება შენი დანახვა. მაგრამ ობიექტურები რომ ვიყოთ, ეს მარტო საბჭოთა რეჟიმს არ ახასიათებს. ასეა ახლაც და ასე იქნება ყოველთვის, თავისთავად ცხადია, უმნიშვნელო და მხოლოდ გარეგნული ცვლილებების გათვალისწინებით. მეც ავდექი და, უკეთეს პოეტებს მივმართე ხელის გასამართად. მოკლედ, გაჭირვებამ დედოფალთან დამაწვინა. მაგრამ თუ დამიჯერებთ, განსაკუთრებით არ მსიამოვნებს ამგვარი, მე ვიტყოდი, ვითომ საინტერესო, სინამდვილეში კი ყოვლად ჩვეულებრივი «კურიოზების» გახსენება, მით უფრო, რაღაცის გამართლების მიზნით. ნებისმიერი რეჟიმი, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს მწერალს (არამარტო მწერალს), ხოლო, მწერალი (არამარტო მწერალი) თავად იღებს გადაწყვეტილებას, დათანხმდეს თუ არ დათანხმდეს რეჟიმისგან შემოთავაზებულ მოთხოვნებს. მრავალი მაგალითი ვიცით, როცა უზრუნველი ცხოვრება პრინციპზე მაღლა დაუყენებიათ და, პირიქით, ყველაფერზე უარი უთქვამთ იმავე პრინციპის გამო. მერე წუწუნი და სინანული, ანდა მერე თავის მოწონება, მეტი რომ არ ვთქვათ, უსინდისობაა, ისევე როგორც სულიერი სისუსტის გამართლება, ანდა სულიერი სიმტკიცისთვის ჯილდოს მოთხოვნა. მაგრამ რაკი ამდენი მალაპარაკეთ, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ამ ბოლო დროს ლამის მოდად იქცეს, რატომღაც, მაინცდამაინც «ყოფილ დისიდენტად» თავის გასაღება და, რაც მთავარია, მაინცდამაინც, ისეთი ხალხისგან, რომლებსაც ახალგაზრდობაში, ანუ, «დისიდენტობის» ჟამს, უხვად ჰქონდათ რეჟიმისგან მიმადლებული ამქვეყნიური სიამენი…

– მეამბოხე თუ იყავით? უფრო სწორად, ბოჰემური? იმის თქმა მინდა, რომ გარედან, უცხო თვალისთვის, მკაცრი, აკადემიური ჩანხართ, «სპილოს ძვლის კოშკში» გამოკეტილი; ეს გამოკეტვა საზოგადოებისგან თავდასაცავად გჭირდებათ თუ იმ სიმარტოვის შესანარჩუნებლად, რომელიც აუცილებელი პირობაა წიგნის დასაწერად?

– რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს ჩემი პასუხი, ყველა მწერალი მეამბოხეა და, გარკვეული დოზით, «ბოჰემურიც». ოღონდ, «ბოჰემურობა» ჩემთვის იგივე ახალგაზრდობაა, ასაკობრივი «სენია» და «ცრუ დისიდენტობისა» არ იყოს, არც იმით კოპწიაობა მიმაჩნია მწერ-ლისთვის შესაფერ საქციელად. უბრალოდ, ჩვენს ახალგაზრდობაში თავად ცხოვრება იყო «ბოჰემური». უფრო სწორად, არეული, მოუწყობელი, უადათწესო… დაახლოებით, როგორიც ახლაა. ფული არ გვქონდა და მაინც სულ ვქეიფობდით. მართალია, ძირითადად ღვინოსა და ბოლოკს ვუკვეთავდით, მაგრამ არც ეს იყო დიდი «ორიგინალობა», რადგან ასევე იქცეოდნენ სხვებიც და იმავე მიზეზით, არც იმათ ჰქონდათ ფული. ასე რომ, რაც თავი მახსოვს, უაღრესად აქტიურად ვცხოვრობ. რა თქმა უნდა, მარტო ქეიფს არ ვგულისხმობ «აქტიურ ცხოვრებაში», ვგულისხმობ, პირველ რიგში, ჩემს მთავარ საქმიანობას. სულ ვწერ, ესე იგი, სულ ვომობ. თუმცა, ჩემი ომი, რატომღაც, დუმილად და განდგომად აღიქმებოდა ყოველთვის, განსაკუთრებით ჟურნალისტების მხრიდან… ან ჩემს საქმიანობას არ თვლიან ომად, ან იმას არ ვამბობ, რის გაგონებასაც ჩემგან ელიან…

– მაგრამ თქვენ არ გამოდიოდით, არ ითქვიფებოდით ფართო საზოგადოებაში, უფრთხილდებოდით თქვენს თითოეულ სიტყვას, სახელს…

– საზოგადოებას ეს თუ ნაკლად მიაჩნია, შემირცხვენია ასეთი საზოგადოება. ამისთვის მადლობა უნდა მითხრას, ანდა იმაზე მაინც დაფიქრდეს, თვითონ რატომ ვერ შეინარჩუნა ის, რისი შენარჩუნებაც თურმე შესაძლებელი ყოფილა. და მაინც, საზოგადოებიდან განდგომა მძიმე ბრალდებაა ჩემთვის. თუმცა, როგორც ალბათ შემატყვეთ, მთლად კარგი წარმოდგენისა არა ვარ ჩვენს საზოგადოებაზე…

– ჩვენც ხომ ამ საზოგადოების ნაწილი ვართ?

– რასაკვირველია. მაგრამ ჩვენი ხალხი უკეთეს საზოგადოებას იმსახურებს და, დარწმუნებული ვარ, აღზრდის კიდეც. დღევანდელი ჩვენი საზოგადოება (ჩვენი ჩათვლით) საბჭოთა რეჟიმის ნაშიერია და ჯერ არ შეცვლილა. არც შეიცვლება. აი, ჩვენს შემდეგ რომ მოვა, მხოლოდ იმას ექნება მორალური უფლება შეფასებისაც და გადაფასებისაც. მაგრამ მწერალი, ძალიანაც რომ უნდოდეს, მაინც ვერ განუდგება საზოგადოებას, რამდენადაც საზოგადოებაა მისთვის იმ ნედლეულის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი, რის გარეშეც მწერლის «ქარხანა» უბრალოდ ვერ იმუშავებს. ამიტომ, ჩემი აზრით, მაინც გასარკვევია, რას ვგულისხმობთ ან «სპილოს ძვლის კოშკში», ან «გამოკეტვაში». როგორც მე მესმის, შეიძლება «სპილოს ძვლის კოშკში» იყო გამოკეტილი და იმავე დროს არც ერთ საზოგადოებრივ ღონისძიებას არ აცდენდე, წვეულებებისა და ბანკეტების ჩათვლით. ანდა, პირიქით, სულ შინ იჯდე და არც იცოდე, საიდან აბია კარი «სპილოს ძვლის კოშკს». «სპილოს ძვლის კოშკი» თუ არსებობს, მხოლოდ მწერალში არსებობს (აუცილებლად უნდა არსებობდეს) და ეს უფრო სულიერი განდგომის აქტია, ვიდრე ფიზიკური…

– არსებობს აზრი, რომ მწერალი ერთგვარად ღმერთის ფუნქციებში ერევა, რადგან არ კმაყოფილდება ღვთისგან შექმნილი ადამიანებით და დარწმუნებულია, თავად უკეთესის შექმნა შეუძლია.

– არ ვიცი, ვის დაებადა ასეთი მკრეხელური აზრი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ერთი მწერალი არ ფიქრობს ასე. და თუ ფიქრობს, ვურჩევდი, არ ჩარეულიყოს ღმერთის ფუნქციებში. მაპატიოს ღმერთმა ასეთი შედარება და, მწერლის ფუნქცია მხოლოდ გარეგნულად, მხოლოდ ზედაპირულად შეიძლება ჰგავდეს ღმერთის ფუნქციას. ღმერთმა რეალური სამყარო და რეალური ადამიანი შექმნა, რომელიც, აგერ უკვე ამდენი ხანია, მოუყვება მარადისობის გზას. ხოლო მწერლის შექმნილი სამყარო ირეალურია და თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ერთჯერადი ადამიანია იმ სამყაროს ბინადარი, გამრავლების უნარს მოკლებული, უშთამომავლო, და რაკი გზის გამგრძელებელს ვერ ტოვებს, თავად ცდილობს მარადისობაში დამ-კვიდრებას, ძირითადად უშედეგოდ, რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი გამონაკლისის გარდა. საერთოდ კი, რასაკვირველია, ყველა მწერალს ერთნაირად სურს, მაინცდამაინც მისი ნაშიერი შემორჩეს მარადისობას, მაგრამ ამისთვის მარტო სურვილი არ კმარა. ამის შესახებ, მგონი, უკვე ვთქვით ზემოთ. კიპლინგის ნიჭთან, სამ სიცოცხლესთან და იღბალთან ერთად, კიდევ რაღაც სჭირდება ნებისმიერ მხატვრულ ნაწარმოებს, დროს რომ გაუძლოს, რაღაც, მარილივით მარტივი და აუცილებელი. «მარილის» კვნიწი თუ არის ნაწარმოებში, უკვდავება განაღდებული აქვს…

– აქვთ თუ არა მარილის ნაკლებობა იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ოთარ ჭილაძე მძიმე მწერალია?

– ნამდვილად არ ველოდი თქვენგან ასე «მძიმე» შეკითხვას… სხვათა შორის, სხვისგანაც გამიგია მსგავსი მოსაზრება და, ეტყობა, მართლები არიან ისინი, ვისაც მე ვემძიმები. ყოველ შემთხვევაში, გულწრფელად აღიარებენ – გვემძიმებაო – მაგრამ მე რა შემიძლია, გარდა თანაგრძნობისა?! სხვას ვერაფერს დავპირდები. შეცვლით ნამდვილად ვეღარ შევიცვლები, ასე ვთქვათ, ვერ გავმსუბუქდები…

– ფოლკნერმა ახალგაზრდა პროზაიკოსებს უთხრა: მირჩევნია თავად დავუშვა შეცდომები, ვიდრე მივიღო რჩევა, როგორ ავიცილო ისინიო… თქვენ რას ურჩევდით დამწყებ მწერლებს?

– უპირველეს ყოვლისა, ერთხელ კიდევ მინდა გამოვთქვა ჩემი პატივისცემა მათ მიმართ – თუნდაც ასეთი არჩევანის გამო – და ერთხელ კიდევ გამოვთქვა რწმენაც, ნამდვილად რომ გაამართლებენ არჩევანს – ღირსეულად (და მშვიდობით) გაივლიან მწერლის რთულსა და სახიფათო გზას. რჩევით კი ვერაფერს ვურჩევ ახალს. უფრო სწორად, არ წააგებენ, თუ ფოლკნერს დაუჯერებენ. დიდი-დიდი, ერთხელ ზედმეტად შეცდებიან. მე თუ მკითხავთ, ახალგაზრდა (ვგულისხმობ მწერალს) ვალდებულიც არის შეცდეს, შესცოდოს, მოინანიოს… თუ არ შეცდა, ვერაფრით ვერ გაიგებს, რა არის შეცდომა; თუ არ შესცოდა, ვერასოდეს იგრძნობს ცოდვის სიმძიმეს; თუ არ მოინანია, ვერასოდეს ჩასწვდება მონანიების არსს, ანუ, ვერანაირი ჯადოქრობით ვერ აღწერს, ვთქვათ, მონანიე ადამიანის განცდებს, და გინდაც აღწეროს, მე ვერ დამაჯერებს, მე ვერ მაგრძნობინებს და განმაცდევინებს, რაც თავადაც არ უგრძვნია და განუცდია. ჩვენ, მწერლები, ახალგაზრდებიც და ძველგაზრდებიც, სიზიფეს ლოდის მთრე-ველები ვართ (როგორც თქვენც შემახსენეთ წეღან, ოდნავ ირონიულადაც), და ვერასოდეს ვსწავლობთ ჭკუას. ალბათ ამიტომაც არის ჩვენი ხელობა ასეთი მომხიბლავი, თუ გნებავთ, მიმზიდველი. ხელს კი არ ვიღებთ უაზრო და უმადურ შრომაზე, ყოველი მორიგი მარცხის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ჟინითა და მონდომებით ვერთვებით ამ აზარტულ თამაშში, და თქვენც, ჩვენი მკითხველები და ლიტერატურის მოყვარულნი, კიდევ უფრო დიდი ინტერესით ადევნებთ თვალს, რომელი ჩვენთაგანი ვერ შეძლებს, კიდევ ერთხელ, არარსებული ლოდის ათრევას არარსებულ მწვერვალზე…

2002

Facebook Comments Box

3 Comments

  • Anonymous

    საოცრად მართალი და დიდი გონების კაცია.

  • Anonymous

    yvela qartvel mwerals did patvis vcem,magram otar chiladzeze didi me aravin shemxvedria.tu sheidzleba eseti rame,dzalian gtxovt yvelas,movabat qartvelebma tavi da kidev ertxel vcadot nobelis premiaze wardgena misi romelime nawarmoebis.me didi imedi maqvs es shedegs gamoigebs.

  • არილი

    სამწუხაროდ ვერანაირ შედეგეს ვერ გამოიღებს 🙁 გარდაცვლილებს ნობელს არ ანიჭებენ.