პოეზია (თარგმანი)

ოლგა სედაკოვა – ლექსები

olga sedakova

ოლგა სედაკოვა მეოცე საუკუნის საყოველთაოდ აღიარებული რუსი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, ფილოსოფოსი და ეთნოგრაფია. მისი წიგნები (35) თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, ჩინურ, ივრითსა და დანიურ ენებზე. მისი ადრეული ლექსებიდანვე გამოვლინდა პოეტის უარყოფითი დამოკიდებულება საბჭოთა იდეოლოგიისადმი, რაც ხელს უშლიდა „რელიგიური“ შეფერილობითა და გადაჭარბებული „სიბრძნით“ დატვირთული მისეული ლექსების გამოქვეყნებას, თუმცა ამგვარ წნეხს ხელი არ შეუშლია სედაკოვას ნიჭის ჯეროვანი დაფასებისთვის – ყოველთვის ჰყავდა უამრავი მკითხველი რუსეთსა თუ უცხოეთში… მან თარგმნა ევროპული ლიტერატურის, ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების უმნიშვნელოვანესი ნიმუშები (ფრანცისკ ასიზელი, დანტე, პ. დე რონსარი, რ. რილკე, პ. ცელანი,  მ. ჰაიდეგერი, ს. მალარმე, ეზრა პაუნდი, და სხვა); აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მინიჭებული აქვს მრავალი პრემია, მათ შორის: ანდრეი ბელის პრემია (1983წ.), პარიზის პრემია რუს პოეტს (1991წ.), ალფრედ ტიოპფერის პრემია (1994წ.), ევროპული პრემია პოეზიისათვის (რომი, 1995წ.), ვ. სლოვიოვის სახ. პრემია „ევროპის ქრისტიანული ფესვები“ (ვატიკანი, 1998წ.), ა. სოლჟენიცინის პრემია (2011წ.), პრემია თარგმანის გილდიის ოსტატს (2011წ.).

თარგმნა და შენიშვნები და წინათქმა დაურთო ლულუ დადიანმა

 

რეკვიემად ქცეული ელეგია

 

               Tuba mirum spargens sonum…1

1

თაღლითი იპარავს ხამ ბამბის ნედლეულს.

ახლახანს დადგინდა – ვასწავლოთ ჩვენს რჩეულ

მომავალ თაობას დრელი და მარწუხი.

ომი ჩვენ არ გვინდა, პასუხად  ჩვენს წუხილს

სდევს მუხლთა ცახცახი.

იმათი, მამაცთა

თავზეხელაღებას ხოტბას რომ უძღვნიან:

ვინც ტალღას მიჰყვება, ან ვისაც უგრძნია

დენით დამუხტული მავთულთა ხლართები,

ანდა კლოაკაში, ვით მარტოს სრულიად,

ყრმით ზურგზე, გატანჯულს, ეულად უვლია,

უცნობ გმირს იდუმალ მამულის მთა-ველი

მიუტოვებია, ცრემლით დაუთმია

 

ქვეყანა, ბამბას რომ იპარავს თაღლითი.

ისევ ქარავნები, ისევ ვაგონები…..

და თეთრი ხმაური… ყელამდე სავსე ვართ

ხამი ბოჭკოებით. და მუსლიმანური,

ჭვივის ბამბეულში, სამოთხე, ნირვანა;

ოდესმე დასასრულ, მილიარდებისთვის

დადგება ნამდვილად მერმისი სვიანი:

და უკანასკნელი მტერიც გაფრინდება –

სიჩუმე, დუმილი, ვით ლეონარდოსთან

ფერწერულ სარკმლებში წამის გარინდება,

მოდელის თვალი რომ ვერასდროს მისწვდება.

 

2

შენ კი ხარ პოეტი! და შენ კლასიკური

საყვირი სიცრუის ნებას არ გიკურთხებს;

ჩუმად, უხმაუროდ, თუმცა კი უკმეხად

მარად შეუვალი მხედრული საყვირი

უკვე კარანტინის ზონიდან იქუხებს

ადექით, დროაო!

ბერტრან დე ბორნივით2

მინდა დავიტირო მბრძანებლის დაღუპვა

და თან უსათუოდ ვიგლოვებ ორივეს.

 

სული გამამხნევებს მე პროვანსალური.

ანთუ მეზობელი, პლანტაგენეტივით

ჩვენგან მწუხარების ცრემლს არ იმსახურებს?

 

ფინეთის მთებიდან თვით პაკისტანამდე,

და იაპონიის იმ კუძულებიდან,

რომ ფლობდნენ ოდესღაც, ძველი პოლონეთის

პლანინთა საზღვრამდე; მიწის წიაღიდან,

მზეს დახარბებული ნავთობის ჩქერალი –

კონცერნთა მკვებავი – ცის თაღებს მიაღწევს,

სადაც თანამგზავრი გურგურით მიგელავს,

ულმობელ ხაფანგში კოსმიურ კავერნის.

 

დროა რომ მოვთქვამდეთ. მას თუ არ ვიგლოვებთ,

საჩვენო სატირალს ნეტავ რა გამოლევს.

 

3

რა უცნაურია გული იდუმალი.

სხვას ვიტყვი ვერაფერს. ანდა კი რომელი

სიტყვა გამოხატავს მის ურვა-სამოთხეს?

და თუნდაც ინდომო გადაჭრა საკითხი,

ბინდი სიბრალულის მაინც მოგიხელთებს

მოიმწყვდევს პეპელას ჩოგანბადესავით.

ბოლოს კი ნემსია სასჯელი ბედშავის,

მავანის ცოდვა-ბრალს რომ წამოაგებენ,

და საყოველთაო სირცხვილს მიაგებენ.

 

მე ვიცი, თუმცა კი არ მახსოვს, საიდან,

რომ ნიშნის მოგებას გულში არ ჩაიდებს –

იქ შეეგებება არსებას არსება,

წრფელი თანაგრძნობის საყვირით ხმობილი

გლოვით სამარესთან ცრემლით სრულყოფილი.

 

აი, სახელმწიფო თალხ კატაფალკიდან

ხაზინის გულგრილი ცრემლით დაყურსული,

საით იმზირება თვალებდახუჭული,

მწუხრის გზას შემდგარი, ტანჯული სხეული…

(ადრე მომხდარიყო ნეტავ მოსახდენი!)

აი, შენს წინაშე წარსდგა მონა შენი,

უფალო, მიწიერ სიამეს ჩვეული.

 

სიკვდილო – ქალბატონო! რასაც შეეხები,

უცნაურ იმედით აღავსებ ყველაფერს –

ბოლო ჟამს სისავსით იცხოვრო ეგების.

სული საპასუხოდ მოუმზადებელი,

და უკანასკნელი ნათლით შემოსილი,

აწყდება სინათლეს ეული მხლებელი

და სამგლოვიარო ტალღას მინდობილი

მორჩილად მიცურავს; ჩვენ საით ვიცუროთ…?

 

4

ურვილი სამყარო! სამღებრო ზღაპრული,

ნიადაგ მოვაჭრე იმედის ფერებით.

თუ ჰერიონივით3 ჭრელი სამოსელი

რომ გააქათქათებს მყის ჰიდროპერიტი

მისტიკურ სიტყვების: “სიკვდილი მოელის…”?

არადა, ცოცხლები ამას ვერ ნახავენ.

ვიგლოვოთ ის, რასაც მასთან დამარხავენ.

 

ახლა შენს წმინდანებს, ძაღლურად ჩახოცილთ,

რომ არ აბადიათ ბედკრულთ საფლავებიც,

გავყვებით საერთო ბილიკით მორჩილად,

როგორც ზოდიაქოს ჩუმი ვარსკვლავები.

ველურად მოკლულნი უმალ განუსჯელად,

მოჯამაგირიდან თვით მეფისწულამდე…

მიუზღეს, ვითომდა საჭირო სასჯელი…

ყვედრებით გვიმზერენ აწ წამებულები.

– საჭირო იყოო, – ასე ჩაგვაგონეს, –

უნდა დაგვეძლია სასწრაფოდ სიბნელე, –

თუ იყო საჭირო, მერმისში რა გველის………

დაე, მან განსაჯოს, ვინც არავის მონებს.

 

შენ, ახალგაზრდობავ, მშვიდობით, ვამპირი

სისხლს გწოვდა, გწოვდა და დაგწრიტა სრულიად.

სინდისის ქენჯნას კი არავინ დასტირის,

სინდისის მკურნალი ვერც სასწაულია,

რასაც ვერ შველიან, აღარც კი გლოვობენ,

ენავ მშობლიურო, სახედაკარგული

შენ ხარ, დღეს, მგონია.

ვინც ხელი აიღო

საკუთარ სვე-ბედზე, – მას კიდეც მიეზღო,

და ვინც არ აიღო,

ის გულამრეზილი, თუმცა კი ჩაერთო

საერთო ჭაობში, იატაკქვეშეთის

ბილწ ანეკდოტების ყბედობით გაერთო.

 

ვინც სვამდა უგონოდ, ან, – არცთუ ძალიან,

თუმც ბამბას გვპარავდა, და არახალია

სახალხო დოვლათით რომ გაუხარია,

ვინც ვეღარ მოესწრო, ვინც ახლაც მთვრალია,

ვიგლოვოთ ყველა, ვინც ცამდე მართალია.

 

5

ჩვენ ვიცით ნამდვილად, რომ ძალაუფლების

კასრს, ძირგამოხვრეტილს ვერასგზით აავსებ,

რაც უნდა ჩაყარო, ჩატენო, ჩაასხა,

გოჯს ვერ მიუმატებ, რჩება ხელუხლები.

ქვეყნის ნახევარი თუნდ წყალში ჩაძირო,

ლუგვთან მიაყენო თუნდ ძუძუმწოვრებიც,

თუნდაც ნახევარი პლანეტა გაწირო

ზმანებულ სიმშვიდეს ვერ დაეუფლები.

სიზმრად კი იხილავ, რასაც ხელთ იგულებ,

სხვამხრივ აქ ვინ მართავს, ანდა რა უფლებით?

 

ის, ვინც დედამიწის შუაგულს იჩემებს,

ვისაც სურს, ამ მიწას არავინ არ ფლობდეს,

ქვეყნები მხოლოდ მის ნატერფალს ირჩევდეს.

ეს ძალაუფლება, ქარბორბალასავით,

კრემლის გაყინული გალავნით იწყება

და პროვინციათა, სამარისებურად

მდუმარე წიაღში ძალუმად იჭრება,

თვალთვალით გადაკლულ, კიდურა საზღვრამდე,

შემდეგ მოჯახედთა პოლკისკენ გრძელდება,

და უკუიქცევა კვლავ, ისრისებურად.

 

6

რა სათაგურია. ჰოი, ეს, ქვეყანა –

რა სათაგურია. ჰამლეტ, შენ მოგიხმობ,

გვარიდან მემკვიდრეს ერგო ბედისწერა

და შენ ხარ ამ ბეჭდის თვალი იდუმალი,

ვიდრე თამაშობენ პიესას დაგესლილს,

შენ, სულო ტყვექმნილო, ხარ ღონემიხდილი,

უფრო საზარელი აქ ხდება, იხილე.

 

ახლა ქარაგმაა თითქოს – ელსინორი,

და ჩვენ დავესწარით, ასგზის წარმოდგენილ,

ხსენებულ პიესას. რაღაც ამ ბოლო დროს,

უზომოდ მაწუხებს დათმენა განცდილის.

ყოველი მხრიდან რომ კვლავ მოიპარება

კაცი სულმდაბალი, ფარდაგს მინდობილი

და სტრატეგიული წყვეტილ პუნქტირით რომ

გადასცემს კაკუნით კოსმოსს: tuba… Mirum…

 

ჩემი შეგირდობის ძველო მეგობრებო,

ძვირფასო როზენკრანც, ძვირფასო ჰილდენშტერნ,

ვიცი, საქმიანი ხართ პიროვნებები

და მე, რაც არ ვიცი, უთუოდ გამანდობთ.

ჯერ არს: რომ სავანედ

იპოვო თავანი

და გწამდეს, მსგავსი რამ არ ხდება პირველად,

ხდება უარესიც, და კერძო პირები

კოსმიურ სპაზმებით არ უნდა ცდილობდნენ

სამართლის ძიებას. და ჩემო პრინცო, ვინც,

იფიქრებს ამგვარად, მას ამპარტავნება

ღვიძლს დაუსნეულებს, აურევს გონებას.

და ვინც მორჩილია – ცხოვრობს უდრტვინველად,

თუ გაისარჯება, მოიწევს მოსავალს.

ერთ დღეს იმპერია ზათქით დაეცემა,

და თუნდაც საოცრად ამაღლდეს ჯალათი,

უმალ ამოსვლიპოს კატამ რძე ჯამიდან

და ჭიანჭველამაც აიგოს ხარაჩო,

სამყარო ხომ მაინც ჩვენზე დგას ოდითგან.

თუმც როცა სამყაროს უპირისპირდებით,

და გსურთ მოიძიოთ თქვენ მიწის მარილი,

ის აკი იგივე, – Tuba mirum-ია…

ასეა როზენკრანც, Tuba-ა  mirum-ი,

თავად სამყაროა – როგორც ის აჩრდილი,

სამყაროს მიერვე ღირსებააყრილი.

 

შენ დაგივიწყებენ – უადრეს, მშვიდობით,

ვიდრე ჩვენ გლახაკებს: და ხელისუფლება

ყოველი ახალი, თუმც ყლაპავს უწინდელს,

ლამის იგუდება და უნდა უფრთხილდეს,

ისევ პორტრეტები, აფორიზმებიდა

უხვად ორდენები… Sic transit gloria4.

შემდეგ – მდუმარება,…როგორც ნათქვამია.

შენ უკვე აღარ ხარ თოჯინა მესმერის5,

არც ტაკიმასხარა, აღარც საფრთხობელა,

სული ხარ ხილული და ხედვაც გეძლევა

შენ სულისმიერი.

 

აღდგენილ ამაზრზენ დიდებულებაში,

ძლიერ და წყნარ ძალთა ვრცელ ოკეანეში

ხალხისთვის ილოცე,…ახლა,  მბრძანებელო…

 

8

ხანდახან მგონია, ვარ ოკეანესთან

– მწირო, შემლოცველო,

შენ გამოგვიძახე? მაშ ახლა ელოდე

მერმისს რა იქნება…

შორს ჩემგან, მერიდე!

მე არ გამეკარო. ვინმე სხვამ იდარდოს,

არ მინდა ვიცოდე, რა სევდა აღელვებს

ზღვას ჯერაც არნახულს. “ქვევით” აქ აღნიშნავს

რაიმეს “წინსწრებულს”. მე მოახლოებას

დიდი მწუხარების, ვერასდროს ავიტან!

 

ო, რომ მოიხვეჭო ირგვლივ ყველაფერი –

ან თუნდაც ჩააწო ვეზუვში კედარი,

ზეცაზე დაწერო სიტყვა ერთადერთი,

მავანის6 ნათქვამი ცრემლით და ვედრებით,

დაწერო, დაწერო ქვითინით: გვიშველე!

ანგელოსებისთვის, დიდი ასოებით,

რომ ჩვენი თანხმობით წამებით მოკლულნიც,

ხედავდნენ თვალნათლივ, ირწმუნოს უფალმაც:

– რომ სულ არაფერი არ რჩება საძულველ

გულსა და უქმ თავში, წუწურაქ მიწაზე –

ჩვენ აღარაფერი არ ძალგვიძს. გვიშველე!

 

შენიშვნები

1 Tuba mirum spargens sonum… – (ლათ.) საყვირი, რომელიც საუცხოო ხმას  გამოსცემს…

2 ბერტრან დე ბორნი – (1140-1215წწ.) ფრანგი ბარონი და ცნობილი ტრუბადური, სახელი გაითქვა სამხედრო და პოლიტიკური ლექსებით.

3 ჰერიონი – ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი, ურჩხული, რომელიც გარდამავალი ფერებით ბრწყინავს.

4 Sic transit  gloria mundi… (ლათ.)ასე წარმავალია დიდება…

5მესმერი, ფრანც ანტონ (1734-1815წწ.)ავსტრიელი ექიმი, ჰიპნოზის

საშუალებით მკურნალობდა ავადმყოფებს, “ცხოველური მაგნეტიზმის” ავტორი.

6 მავანი – იგულისხმება ჰაინრიჰ ჰაინე, რომელმაც ერთ სატრფიალო ლექსში კედარი ჩააწო ვეზუვში, რათა ცის კაბადონზე დაეწერა “მე შენ მიყვარხარ”.

© არილი

Facebook Comments Box