პროზა (თარგმანი)

ოლდოს ჰაქსლი – ფერუმარილი

ინგლისურიდან თარგმნა რუსუდან მახათაძემ 

უკვე თითქმის ორმოც წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა ეს აყალმაყალი. დერეფნის ბოლოდან ყრუ და გაურკვეველი ხმები გამოდიოდა. ხელსაქმეზე დახრილ სოფის ეს ამბავი დიდად კი არ ანაღვლებდა, მაგრამ დროდადრო მაინც მიუგდებდა ხოლმე ყურს ამ ალიაქოთს. უმეტესად ქალის ყვირილი არღვევდა მყუდროებას. ჭირვეულობისაგან გაჟინიანებულ და ცრემლნარევი აღშფოთებით სავსე მის ხმას სულ უფრო და უფრო ემატებოდა გააფთრება და სიანჩხლე. ბატონი კი შედარებით თავდაჭერილი იყო და ამიტომ მისი მკერდისმიერი, დაბალი ხმა არც თუ ისე იოლად სწვდებოდა დაკეტილ კარსა და დერეფანს. ეს დაკა-დაკა სოფის პატარა, ცივ ოთახამდე აღწევდა და ქალს ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს ქალბატონის მონოლოგებს ისმენდა, რასაც ზოგჯერ უცნაური, ავის მომასწავებელი დუმილი ცვლიდა. მაგრამ თანდათან აშკარა შეიქნა, რომ ბატონს მოთმინების ძაფი უწყდებოდა და ახლა უკვე ქალბატონის თითოეულ გამოხტომას დუმილით კი არა, სასტიკი, შეუბრალებელი, ბრაზიანი ყვირილით ეპასუხებოდა. ქალბატონის დაუოკებელი მძვინვარება კი არა და არ ცხრებოდა. თვით უკიდურესი გაგულისების წუთებში უცნაური, გულის წამღები ერთფეროვნება მსჭვალავდა მის ხმას. ბატონი კი ხმას ხან აუწევდა, ხანაც დაუწევდა. იგი ახლა უკვე მკაფიოდ გამოთქვამდა სიტყვებს და ოდნავი ცვლილებაც კი მისი ხმის ჟღერადობაში გრძნობათა უეცარ მოზღვავებაზე მეტყველებდა. ასე რომ, ყოველ მის მცდელობას, ყველაფრისათვის უბრალო კინკლაობის ელფერი მიეცა, მსმენელი ისე აღიქვამდა, როგორც წუთიერ აფეთქებათა ერთობლიობას; ბაუ, ოუ, ოუ, აუ-აუ, აუ, – თითქოს ძაღლი აწკმუტუნებულიყო.
ბოლოს და ბოლოს სოფის მობეზრდა ამ აურზაურის ყურისგდება. იგი ქალბატონის რომელიღაც კამზოლს კემსავდა და ამ საქმეს მთელი შუადღე მოანდომა. გრძნობდა, ქანცი გამოლეოდა; მთელი სხეული სტკიოდა. დღეს ძალიან მძიმე დღე ჰქონდა. თუმცა განა ასე არ იყო გუშინაც, გუშინწინაც?! ყოველი დღე წინასა ჰგავდა; არადა, ახალგაზრდა კი აღარ იყო – ორი წელიც და, ორმოცდაათს გადააბიჯებდა. რაც თავი ახსოვს, სიღარიბეში ამოსდიოდა სული. კარტოფილის ტომარა გაახსენდა, სოფლის შარაზე რომ დაათრევდა პატარაობისას. ნელ-ნელა მიუყვებოდა მტვრიან შარაგზას მხარზე ტომარაგადაკიდებული. ნაბიჯებს ითვლიდა; ერთი, ორი, ათი… ჰა და ჰა! ცოტას კიდევ გაუძლებდა; მაგრამ, ვაი რომ, არსად იყო საშველი, მის ჯახირს ბოლო აღარ უჩანდა…
საკერავს მზერა მოსწყვიტა, თავი გაიქნია, თვალები მილულა. უცებ თვალწინ შუქწერტილები და ფერადი ლაქები აუთამაშდა; ამ ბოლო დროს ასეთი რამ ხშირად ემართებოდა. რაღაც ღია მოყვითალო ფერის მატლი მიიკლაკნებოდა მარჯვენა კუთხისაკენ მისი მხედველობის არეში; ვითომ სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა და მაინც მუდამ ერთ ალაგს დაჰკვდომოდა თითქოს. მატლის ირგვლივ კი წითელი და მწვანე ვარსკვლავები იმსხვრეოდნენ, ინთებოდნენ და ქრებოდნენ. ისინი მასა და მის ხელსაქმეს შორის დასრიალებდნენ და მაშინ თუ აციმციმდებოდნენ მხოლოდ, თვალებს რომ მილულავდა.
წუთიც და, სოფიმ ხელახლა საქმეს მოჰკიდა ხელი. ქალბატონს უსათუოდ ხვალ დილისათვის სჭირდებოდა კამზოლი. ეს მატლი კი სულ ერთთავად თვალებში ებლანდებოდა.
უეცრად დერეფნის მეორე ბოლოში ხმაურმა კიდევ უფრო იმატა. კარი გაღებულიყო, სიტყვებიც გარკვევით ისმოდა.
– …Bien tort, mon ami, si tu crois que je suis esclave. Je ferai ce que je voudrai*.
– Moi aussi,** – უმოწყალო, გესლიანი სიცილით მიუგო ბატონმა. დერეფანში მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა, საკიდი ზათქით მიენარცხა რაღაცას და წინა კარიც გაჯახუნდა.
სოფი კვლავ თავის ხელსაქმეს მიუბრუნდა. ოჰ, ისევ ეს მატლი, ისევ ეს ფერადი ვარსკვლავები და მტკივნეული დაღლილობა, ასე რომ იგრძნობა ყოველ სახსარში! ნეტავი კი შეიძლებოდეს და მთელ დღეს, მთელ დღეს ისე გაატარებდა, თავს არ წამოსწევდა ლოგინიდან – გემრიელი, ჩაბუმბლული, თბილი და ფუმფულა ლოგინიდან..
უცებ ზარის ხმამ შეაკრთო. ამ ზუზუნზე, მჭახედ რომ ხვდებოდა მის ყურს, უნებურად შეხტებოდა ხოლმე. ადგა, ხელსაქმე მაგიდაზე დადო, წინსაფარი შეისწორა, ქუდი მოირგო და დერეფანში გავიდა. ზარმა კიდევ ერთხელ დარეკა ჟინიანად. ქალბატონს მოთმინება ელეოდა.
– როგორც იქნა, სოფი. აღარ მეგონა, თუ მოხვიდოდი.
სოფის ხმა არ ამოუღია, ან კი რას იტყოდა. ქალბატონი ღია გარდერობის წინ იდგა. კაბები მკლავზე გადაეკიდა, ზოგიც საწოლზე ეყარა გროვად.
“Une beaute a la Rubens,” *** – ასე ეძახდა მეუღლე, ოდეს სიყვარული გაუტკბებოდა. მას ასეთი დიდი, ჯიშიანი, ლაზათიანი ქალები მოსდიოდა თვალში. სულაც არ ეპიტნავებოდა ეს თქვენი ნარნარა “drain-pipes.”**** “Helene Fourment” გახლდათ მისთვის ცოლის საალერსო სახელი.
– ერთხელაც იქნება, დიახ, ერთხელაც იქნება, მართლა წავალ ლუვრში და ჩემს პორტრეტს ვნახავ, აი იმას, რუბენსმა რომ დახატა. აბა, სასწაული არ არის, შენი დღე და მოსწრება პარიზში გაატარო და ლუვრი ნანახი არ გქონდეს?! მითხარით, მართალი არა ვარ?! – ხშირ-ხშირად იმეორებდა ქალბატონი მეგობრების წრეში.
დიდებული სანახავი გახლდათ იგი იმ საღამოს; ღაწვები შეფაკვლოდა, გრძელი წამწამების მიღმა უჩვეულო ელვარებით უბრწყინავდა ცისფერი თვალები, მოკლედ შეჭრილი მოწითალო-წაბლისფერი თმა კი ასწეწ-დასწეწვოდა.
– სოფი, ხვალ, ხვალ დილით, რომისაკენ გზას გავუდგებით, – მოჭარბებული გზნებით წარმოთქვა ქალმა.
ამ ლაპარაკში გარდერობიდან კიდევ ერთი კაბა ჩამოხსნა და საწოლზე მოისროლა; მოძრაობაზე ღამის პერანგი გადაეხსნა და ამოქარგული საცვალი და თეთრი, ხორციანი სხეული გამოუჩნდა.
– ახლავე უნდა ჩავალაგოთ ბარგი.
– რამდენ ხანს დავრჩებით, ქალბატონო?
– რა ვიცი, რამდენ ხანს! ორ კვირას, სამ თვეს… სულ ერთი არ არის?
– კი მაგრამ, სულ ერთი როგორ არის, ქალბატონო?
– ჩემთვის მთავარია, აქედან წავიდე. იმის მერე, რაც წეღან აქ მაკადრეს, სანამ არ დამიჩოქებენ, სახლში ფეხს არ შემოვადგამ!
– მაშინ, ალბათ, აჯობებს, დიდი ჩემოდანი წავიღოთ, ქალბატონო; წავალ, მოვიტან.
საკუჭნაოში მძიმე ჰაერი იდგა – მტვრისა და ტყავის სუნი ტრიალებდა. დიდი ჩემოდანი შორეულ კუთხეში მიეგდოთ, ძლივძლივობით გამოათრია სოფიმ. იმ მატლმა და ფერადმა ვარსკვლავებმა კვლავ თვალწინ გაუელვა. წელში რომ გაიმართა, სისუსტე იგრძნო; თავბრუ ეხვეოდა.
– ჩალაგებაში მე მოგეხმარები, სოფი, – უთხრა ქალბატონმა მოახლეს, რომელიც მძიმე ჩემოდანს მოათრევდა. სულ მთლად სამარიდან ამოღებულს არ დაემსგავსა ეს დედაბერი?! არადა, ვერასგზით ვერ ეგუებოდა ბებრებსა და უჯიშოებს! ეგაა, რომ სოფი ძალიან მარჯვე იყო; ნამდვილი სიბრიყვე იქნებოდა მისი ხელიდან გაშვება!
– თქვენ ნუ შეწუხდებით, ქალბატონო.
იცოდა სოფიმ, ქალბატონი უჯრების გამოწევასა და ნივთების ამოყრას რომ მოჰყვებოდა, საშველი აღარ დაადგებოდა ჩალაგებას.
– ქალბატონო, თქვენ, ჯობია, დაიძინოთ. უკვე გვიანაა.
არა, არა, ისეა გადაქანცული, ვეღარც დაიძინებს. ოჰ, ეს კაცები!.. მაინც რა პირუტყვობაა! ვითომ რატომ უნდა იყოს მაგათი მონა-მორჩილი?! დაიცა, უჩვენებს სეირს, ასწავლის, როგორ მოეპყრან ისე, მას რომ ეკადრება! სოფი ბარგს ალაგებდა. ერთი დღით მაინც რომ შეეძლოს ლოგინში, გემრიელ, ფუმულა ლოგინში ჩაწოლა – აი, ისეთში, ქალბატონს რომ უდგას… ჩათვლემს, წუთით გამოფხიზლდება, კვლავ თვალს მოატყუებს…
– ესეც მისი მორიგი ოინი, – აღშფოთებას ვერ მალავდა ქალბატონი. – ბრძანა, ფული არა მაქვსო. ის კი არადა, გამომიცხადა, მორჩა, ძონძებს ვეღარ ეღირსები ჩემგანო. ეს კი უკვე მეტისმეტია! დედიშობილა ხომ ვერ ვივლი?! – ხელები გაასავსავა. – აქაოდა, სადა მაქვს მაგდენი ფულიო; წარმოგიდგენია, რაებს ჩმახავს?! მე არ ვიცი?! ძალიანაც კარგადა აქვს; მაგრამ ძუნწია, დამწვარი, ნამდვილი წუწურაქი! მაგას, თავისივე ხარჯით გამოქვეყნებული იმ ტუტუცური ლექსების ჯღაბნის ნაცვლად, გინდაც ტყუილუბრალოდ, თავშესაქცევად, ცოტა უფრო სერიოზული საქმისთვის რომ მოეკიდებინა ხელი, მაშინ ხომ ფულიც ჩეჩქივით ექნებოდა! – ქალი ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. – ესეც არ იყოს, – განაგრძობდა იგი, – ის გადაღძუებული მამამისი რიღას მაქნისია, ერთი ეს გამაგებინა! ასე გამომიცხადა, თავი უნდა მოგქონდეს იმით, შენი ქმარი პოეტი რომააო, – აკანკალებული ხმით წარმოთქვა მოხუცის გამოსაჯავრებლად. – ჯერ ის რად მიღირს, პირში მიხლას რომ ვერიდები და ასე ჩუმ-ჩუმად ვკენწლავ ბერიკაცს. “რა შესანიშნავი ლექსები აქვს ჰეგესიფს შენზე! რა ვნება, რა ცეცხლია მათში!” – მოხუცის გახსენებაზე სახე დაემანჭა, თავი გაატოკა, თითი გაიქნია, შებარბაცდა. – და ამ დროს, როგორია იმის გაფიქრებაც კი, რომ ეს უბადრუკი ჰეგესიფი თავმოტვლეპილი და გაქუცულია და იმ ძლივს შერჩენილ ორ ღერ თამასაც იღებავს, – ჩაიხითხითა ქალმა. – ხოლო რაც შეეხება ვნებას, რომელზეც ამდენს ლაყბობს თავის პირუტყვულ ლექსებში, თავიდან ბოლომდე ყურით მოთრეული მონაჩმახია, – კვლავ ჩაიცინა მან. – კი მაგრამ, ნეტა რაზე ფიქრობ, ჩემო კარგო სოფი? რად გინდა ეს საშინელი მწვანე კაბა, ჩემოდანში რომ დებ?
სოფიმ სიტყვის შეუბრუნებლად უკანვე ამოაცოცა კაბა. რაღა ამ საღამოს გამოიყურება ეს დედაკაცი ასე საშინლად? სახე გამოყვითლებია, კბილები ჩაშავებია. ქალბატონს გააჟრჟოლა; შეაძრწუნებდა კაცს მისი დანახვა. წესით ახლა დასაძინებლად უნდა უშვებდეს. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მოსახდენი ხომ უნდა მოხდეს! რას იზამ?! ქალბატონი მართლაც უჩვეულოდ აფორიაქებულიყო.
– საშინელებაა ამნაირი ყოფა, – ამოიოხრა და მძიმედ დაეშვა საწოლის კიდეზე. ზამბარებმა ერთი-ორჯერ ნაზად შეანჯღრია…
– როგორი ასატანია ასეთი კაცის ცოლობა! სულ მალე დამაბერებს და გამასიებს! მუდამ მისი ერთგული ვიყავი და, აი, ბატონო, მადლობის მაგიერია?! – კვლავ წამოდგა და ოთახში უაზრო ბორიალს მოჰყვა. – აღარ მსურს ამდენის ატანა, – აღმოხდა მას და სარკის წინ შედგა; ერთხანს თავისი გამოსახულების დიდებულებითა და ტრაგიკულობით ტკბებოდა. ჰა-ჰა, ოცდაათისა თუ ეთქმოდა. ამ მშვენიერი ტრაგიკოსის გვერდით კი, სარკეში, ჩემოდანთან ჩაცუცქული საცოდავი არსება მოჩანდა. ხანმოყრილსა და გაძვალტყავებულ ქალს კბილები ჩაშავებოდა და სახე გაყვითლებოდა. მართლაც რომ მეტად უსიამო შესახედავი გახლდათ. სოფი იმ ღვთის ანაბარად დარჩენილი დედაკაცებივით გამოიყურებოდა, ცივ ამინდში თხრილებს რომ მიაშურებენ ხოლმე თავის შესაფარებლად. ზოგი გამვლელი ნაბიჯსაც კი აუჩქარებს ამნაირების დანახვისას და თვალის არიდებას ლამობს. ზოგიც შეჩერდება, ჯიბეზე ხელს გაიკრავს და, თუ ვინიცობაა, წვრილი ფული არ აღმოაჩნდა, სპილენძის ფულს, ან კიდევ, ხუთცენტიანს გაიმეტებს; ეს კი თითქმის ორი ფრანკია. მაგრამ, ასეა თუ ისე, ქურქებში გახვეულ გამვლელებს როგორღაც უხერხულობის გრძნობა იპყრობს და ყველას თითქოს თავის გამართლების სურვილი ეუფლება მათ გვერდით ჩავლისას. აი, მანქანა რომ ჰყოლოდა… მაგრამ ჰეგესიფის წუწურაქობის ამბავი ხომ მოგეხსენებათ, – ისე ჩაუქროლებდა ცხვირწინ, მათი არსებობა არც კი გაახსენდებოდა!.. ქალმა სარკეს ზურგი აქცია.
– ამდენს ვეღარ ავიტან, – ამბობდა ის და თან ცდილობდა, როგორმე თავიდან ამოეგდო ლუკმაპურისათვის ხელგაწვდილი დედაკაცების გაყვითლებული სახეები და ჩაშავებული კბილები. – ვეღარ ავიტან, – და სკამზე მიესვენა.
აბა, როგორი წარმოსადგენია სატრფო, რომელსაც სახე გაყვითლებია და კბილები ჩაშავებია! ქალმა თვალები მინაბა, ტანში გასცრა. ამის მარტო გაფიქრებაც კი ძრწოლასა ჰგვრიდა. უცებ ჟინმა წამოუარა, სოფისათვის კიდევ ერთხელ შეევლო თვალი: მოახლის თვალებს მომწვანო ტყვიისფერი გადაჰკრავდა, სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა. ქალბატონმა აღარ იცოდა, რა ეღონა. სოფის მაყვედრებლისა და ბრალმდებლის გამომეტყველება აღჰბეჭდვოდა სახეზე. უფრო მეტიც, ამ სახისათვის თვალის შევლებაც კი სულს უშფოთებდა და ავადა ხდიდა. მთლად ასე დაუძლურებული უწინ არასოდეს ენახა.
სოფიმ ნელა, გაჭირვებით აითრია წელი; სახე დაუმანჭა ტკივილმა. ძლივს წალასლასდა უჯრებიანი კარადისაკენ. უნიათოდ და უგულოდ გადათვალა ექვსი წყვილი აბრეშუმისყელიანი წინდა. ჩემოდნისაკენ მიტრიალდა. მიცვალებულსა ჰგავდა, ფეხადგმულ მიცვალებულს!
– აუტანელია ცხოვრება, – დაეჟინებინა ქალბატონს. – საშინელია, საშინელი, აუტანელი.
არა, ახლა სულის მოსათქმელად უნდა უშვებდეს ამ დედაკაცს, მაგრამ მარტო რომ ვერ მოაბამს თავს ბარგის ჩალაგებას?! მით უმეტეს, რომ უსათუოდ ხვალ დილით უნდა გაემგზავროს. ასე დაიქადნა ჰეგესიფთან. მან კი მასხრად აიგდო; ასეთი რამ ვერც კი წარმოედგინა. მაგრამ ამჯერად უთუოდ სეირს უჩვენებს! რომში ლუიჯინოს შეხვდება. მომხიბვლელი ყმაწვილია და, თანაც, მარკიზი. ვინ იცის…
თუმცა ქალბატონს ძალა არ შესწევდა, სხვაგან წასულიყო ფიქრებით. თვალწინ სულ სოფის სახე უტრიალებდა; გამოციებული თვალები, ჩაშავებული კბილები, გაყვითლებული სახის კანი.
– სოფი, – ქალმა ძლივს შეიკავა თავი, რომ არ წამოეყვირა. – ერთი ნახე, ჩემს ტუალეტის მაგიდაზე ფერ-უმარილის კოლოფი დევს, დორინი ოცდაოთხი ნომერი. მოდი, ცოტა წაიცხე ლოყებზე. მარჯვენა უჯრაში კი ტუჩის სამკურნალო მალამოა.
ქალმა მაგრად დახუჭა თვალები და ასე იდგა, სანამ სოფი ძვალ-სახსრის გაუსაძლისი ჭახაჭუხით ტუალეტის მაგიდას მიუახლოვდებოდა. აქ ერთხანს შეყოვნდა. მისი დუნე, უსიცოცხლო მოძრაობის მიღმა მარადისობა იმალებოდა. რა ყოფაა, ღმერთო ჩემო, რა ცხოვრებაა! კვლავ ნელი ნაბიჯით წამოჩანჩალდა უკან. ახლა კი ინება და მიაპყრო მზერა ქალბატონმა. აი, რა ჭკვიანურად მოიფიქრა; ასე მართლაც გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა!
– გმადლობთ, სოფი, – თქვა და შემართებით გაემართა კარადისაკენ. – ღმერთო ჩემო, – წამოიძახა უცებ და ხელები ზე- აღაპყრო. – ჩემი საგარეო კაბა რომ დაგვიწყებია… რა სულელი ხარ, სოფი!

შენიშვნები

* ძალიან შემცდარხარ, ჩემო მეგობარო, შენი მონა თუ გგონივარ; ისე მოვიქცევი, როგორც მომეპრინება /ფრანგ./
** მეც /ფრანგ./
*** “რუბენსის მზეთუნახავი” /ფრანგ./
**** წყლის მილები /ინგლ./ აქ: გამხდარი, გაძვალტყავებული /ქალები/.

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box