ახალი წიგნები

ახალი წიგნები (აგვისტო-სექტემბერი, 2007)

ოთარ ჭილაძე, ”ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (რომანი). მეოთხე გამოცემა. თბ. ”არეტე”, 2007.

ნეტავ, რა სჭირს ადამიანს? ან რა შეაყოლა ღმერთმა ტალახს ასეთი მოურჩენელი? – კითხვები, რომელთა პასუხადაც სქელტანიანი რომანები იწერება, ფერწერული ტილოები იხატება, მუსიკალური ბგერების ჰარმონია იქმნება. მართალია, შეკითხვა დღემდე პასუხგაუცემელია, მაგრამ, სამაგიეროდ, გვრჩება შედევრები, რომლებიც სამუდამოდ გვამახსოვრებენ თავს. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ოთარ ჭილაძის “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” – რომანი მოურჩენელი პერსონაჟებით, განუკურნებელი სახეებით, ყველა დროისა და თაობის საყვარელი მწერლის წიგნი. რომანის ახალი გამოცემა ერთგულ მკითხველს კიდევ ერთხელ გაახსენებს დაუვიწყარ პერსონაჟებს, მათ კი, ვინც წიგნს აწი უნდა გაეცნონ, წინ პირველად წაკითხვის დიდი სიამოვნება ელით.

აკა მორჩილაძე ”ძველი გულებისა და ხმლისა” (რომანი) თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2007.

ბადუნა ფანველი ციხიდან გამოდის – რა ესაქმებოდა იქ, ან მერე რატომღა გაათავისუფლეს – დანამდვილებით კაციშვილმა არ იცის… არც იმის ამხსნელ-განმმარტებელია ვინმე, გამუდმებით რატომ იკარგება ბადუნას მუნჯი და ჭკუანაკლული უმცროსი ძმა თედია, რატომ მიიწევს ზღვისკენ… ან კიდევ სად გაქრა ბიჭების დედა, მიწამ ჩაყლაპა თუ ქარმა გაიტაცა… გმირების ტრაგიკული ისტორია, რომელსაც ფონად რუსეთ-თურქეთის ომი გასდევს, მწერლის ახალი რომანის სიუჟეტად იქცა. წიგნი ნამდვილი სიურპრიზია აკა მორჩილაძის პროზის მოყვარულთათვის, ხოლო მათ კი, ვინც აკას ჯერ არ იცნობს, ეს სევდიანი და საინტერესო ისტორია მისი სხვა ნაწარმოებების წაკითხვას მოანდომებს.

გრიგოლ აბაშიძე ”100 ლექსი”; ლექსები; შემდგენელი დავით აბაშიძე; თბ. ”ინტელექტი”, 2007.

ნუ გაგიკვირდებათ, რომ ხანდახან შავ ზღვაზე თეთრი ლექსები იწერება, ნურც ის მოგეჩვენებათ უცნაურად, თუ საქართველოს დაუძინებელი მტრები ლამაზი ლექსების მუზები ხდებიან, და არც იმან გაგაოცოთ, როცა საუკუნეებით დადუმებული აკლდამებისგან ვინმე ყურადღებას ითხოვს – პოეტებს რას გაუგებ… გრიგოლ აბაშიძის “100 ლექსი” კიდევ ერთხელ გაახსენებს პოეზიის მოყვარულებს ნაცნობ რითმებს, საყვარელ ტექსტებს, სტროფებს, რომლებიც ზეპირად იცოდნენ… ქართველი მკითხველის ის ნაწილი კი, რომელიც გრიგოლ აბაშიძეს მეტწილად მისი ისტორიული რომანებით (”ლაშარელა”, ”თეთრი ღამე”) იცნობს, მწერალს ახალ, განსხვავებულ ჟანრში იხილავს.

კამილო ხოსე სელა, ”პასკუალე დუარტეს ოჯახი” (რომანი). მთარგმნელი ლამარა თურმანიძე. თბ. ”ინტელექტი”, 2007.

გაუგონარი სისასტიკე, დაუნდობელი მკვლელობების სერია, სასიკვდილო განაჩენი, უპრინციპო ძალადობა, სისხლი – ნაკადებად, და ეს ყველაფერი ერთ რომანში თავმოყრილი, ერთი შავბნელი ადამიანის თავგადასავლად შეკრული. ესპანელი ავტორის, კამილო ხოსე სელას პირველი რომანი არგენტინაში გამოიცა (1942) – ესპანეთი შოკში ჩააგდო ნატურალიზმის ასეთმა ფორმამ და ამხელა დოზამ. თუმცა, მალე ესპანელმა მწერალმა არა მარტო სამშობლოში, მსოფლიო ლიტერატურაშიც მოიპოვა აღიარება და 1989 წელს ნობელის პრემიაც მიიღო. წიგნში ”პასკუალე დუარტეს ოჯახის” გარდა მისი რამდენიმე მოთხრობაცაა შესული.

ჯემალ ქარჩხაძე, მაკა მიქელაძე, ”ბერძნულ-რომაული მითები და მათთან დაკავშირებული ფრთიანი გამოთქმები”. ილუსტრატორი ნინო ჩაკვეტაძე, თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, თბ. 2007.

სიტყვები, რომლებიც ხშირად ესმის თქვენს პატარებს, ფრაზები, რომლებსაც ბევრჯერ გადაყრიხართ ბავშვებთან ერთად წიგნების კითხვისას, ან კიდევ ტელევიზორის ეკრანებთან მიმსხდრებს გაუგონიათ სხვადასხვა მყარი შესიტყვებები და მერე არაერთხელ დაუყენებიხართ პატარა ონავრებს იმ სირთულის წინაშე, აგეხსნათ მათს ენაზე, რას ნიშნავს ”სიზიფეს ქვა”, ”არიადნას გორგალი”, ტროას ცხენი”… ახალი წიგნი კი ერთგვარი სახალისო მასწავლებელია; ბერძნულ-რომაული მითოლოგიის პერსონაჟების ზღაპრად მოყოლილი თავგადასავლები, მათთან დაკავშირებული ხატოვანი გამოთქმები და განმარტებები პატარებს სამყაროს აღქმას გაუადვილებს და შეამზადებს მათ სამომავლოდ უფრო დიდი და ღრმა ცოდნის მისაღებად.

ლორან გოდე, ”სკორტების მზე” (რომანი). მთარგმნელი ნინო ახვლედიანი. თბ. ”აგორა”, 2007.

გამარჯვებისთვის იყო გაჩენილი, მაგრამ უფრო ხშირად აგებდა. უნდოდა გმირი ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ დამნაშავე და ანტიგმირი გახდა. ოცნებობდა, ლამაზი ცხოვრება ჰქონოდა, მაგრამ 15 წელი ციხეში გაატარა. და ყველა ამ მარცხის, წარუმატებლობის მიუხედავად, მაინც არ წყვეტდა გამარჯვებაზე ფიქრს და ბედნიერებისკენ სწრაფვას. შინ დაბრუნებულს კიდევ ერთხელ გაუცრუვდა იმედები – საყვარელმა ქალმა აჩუქა შვილი, რომელსაც ზუსტად იგივე ბედი ეწია, რაც მამამისს – სკორტების კლანის მორიგი წარმომადგენელი გახდა და ვერ ასცდა წინა თაობის წყევლას, ყოფილიყო ”უცხო თავისიანებს შორის”. როგორია მანკიერი ადამიანის ბედი, რომელიც გამუდმებით ცდილობს, გააღწიოს სიბნელიდან, მაგრამ საბოლოოდ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს… რომანისათვის ”სკორტერების მზე” ლორან გოდეს გონკურის პრემია მიენიჭა და წიგნი მსოფლიოს 34 ენაზე ითარგმნა.

© “ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box