ლევან ბრეგაძე
ორიგინალური ჟანრი
იმერი ხრეველი, “უკუთქმანი” (პალინდრომული პოეზია). პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა. თბილისი, 2002.
ლიტერატურასაც აქვს თავისი ორიგინალური ჟანრები (შეგახსენებთ: “ორიგინალურ ჟანრს” საესტრადო ხელოვნებაში ილუზიონისტურ ნომრებს უწოდებენ). ერთ-ერთი ასეთი ორიგინალური ლიტერატურული ჟანრი გახლავთ პალინდრომი – ფრაზა ან ლექსი, რომელიც წაღმა-უკუღმა ერთნაირად იკითხება. მოსკოვური “მოკლე ლიტერატურულ ენციკლოპედია” გვაუწყებს: “პალინდრომის მხატვრული ხარისხი დამოკიდებულია ენის სტრუქტურულ მონაცემებზე: რუსულ და სხვა ინდოევროპულ ენებზე პალინდრომი ჩვეულებრივ ხელოვნურად და ბუნდოვნად ჟღერს; მაგრამ, მაგალითად, ჩინურ ენაზე პალინდრომის ფორმით დაწერილია მრავალი მაღალმხატვრული ლექსი” (ტ. 5, სვეტი 655-656).
ცოტაოდენი ხელოვნურობა და ბუნდოვანება პალინდრომს, ცხადია, მიეტევება, მაგრამ რუსულ ენაზეც იქმნებოდა და იქმნება უაღრესად ბუნებრივი და სავსებით აზრიანი პალინდრომები, როგორიცაა, მაგალითად, მ. ბულგაკოვის “Аргентина манит негра” – არგენტინა იზიდავს ზანგს, რადგან… არგენტინაში არ იყო რასიზმი!
რაც შეეხება ლექსს, სარეცენზიო კრებულს წამძღვარებულ ავტორისავე მიმოხილვაში შეგიძლიათ გაეცნოთ ქართული წარმომავლობის რუსი ავტორის, დიმიტრი ავალიანის, ჩინებულ ლექს-პალინდრომს, რომელიც მოსკოვურ ჟურნალ “მატადორში” გამოქვეყნებულა 1996 წელს.
ამ ჟანრის ბუმი საქართველოში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლო პერიოდზე მოდის, როცა გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტის” სატირისა და იუმორის კლუბმა, რომელსაც “ილიკო და ილარიონი” ერქვა და ზურაბ ასკანელი თავკაცობდა, პალინდრომების კონკურსი გამოაცხადა. საუკეთესო პალინდრომები საკონკურსოდ ვახტანგ ჯავახაძემ და სარეცენზიო წიგნის ავტორმა წარმოადგინეს.
ტარიელ ჭანტურიამ შეამჩნია, რომ ჩვენს დროში მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობას ჰქონდა შანსი ორ პალინდრომულ წელს მოსწრებოდნენ – 1991-სა და 2002-ს, რაც მეტად იშვიათი მოვლენაა. (ტ. ჭანტურიას ეს ოპუსი – “ჩემი პალინდრომი” – მთლიანად მოჰყავს სარეცენზიო წიგნის ავტორს თავის მიმოხილვაში). და აი, იმერი ხრეველმა ორივე ამ პალინდრომულ წელს მოახერხა თავისი პალინდრომების კრებულის გამოცემა – პირველს პალინდრომული სათაური “ორდარა დრო” ერქვა, წლევანდელი ახალი პალინდრომების კრებულისთვის კი “უკუთქმანი” დაურქმევია (ასე გადმოუქართულებია ბერძნული “პალინდრომი”, რუსულად რომ “перевертень”-ს ეძახიან).
კრებული იხსნება მაია გოგიშვილის შესავალი წერილით “უჩვეულო წიგნი”, ამას მოსდევს ავტორის წინასიტყვაობა (ზემოთ ნახსენები მიმოხილვა) და ასეთი განყოფილებები: “ათანაბანათა”, “უკუტანკა”, “უკუხოკუ”, “მაგიური კვადრატი”.
“აისია თუ ქარი რამ, – არი, რა… ქუთაისია!” – ამ მშვენიერ პალინდრომს, რომელიც გალაკტიონის ცნობილი ლექსის მოტივებზეა შექმნილი, სათაურად უზის “არი, რა!..” – ესეც და ამ კრებულში შესული ყველა სხვა ლექსის სათაურიც პალინდრომია: “რახან ადექი – იქედანა ხარ…”, “ნათლიმამა… მილთან!”, “სვა!.. მოზომავს?”, “ამ შურმა, მრუშმა…”, “იადონთა სათნო დაი”, “უი! კეისარო… აჰა, ორასი ეკიუ”, “ენა-გესლა ქალს ეგანე!”, “იცინე, შაბაშ! აბა, შენ იცი…”. ამ სათაურის ქვეშ ასეთი მაზალო დიალოგია:
– თიბეთ რამე!
– შენ იცი, ვთიბე!
– მთიბავი, მერე?!
– მივაბი თმებით –
ვიცინე შემართებით!..
ლიტერატურულის გარდა მუსიკალური პალინდრომებიც არსებობს. თომას მანის “დოქტორ ფაუსტუსში” ვკითხულობთ: “როდესაც პოლიფონიური სტილის ნიდერლანდელი ოსტატები თავიანთ თავსატეხ ქმნილებებში გადაჯვარედინებულ ხმათათვის კონტრაპუნქტულ მიმართულებას ისე აგებდნენ, რომ ერთი ხმა ზუსტად იმეორებდა მეორეს, თუ მას ბოლოდან დასაწყისისაკენ წავიკითხავდით, ამას გრძნობად ბგერასთან ბევრი არა ესაქმებოდა რა. სანაძლეოს ვდებ, რომ ამ ხუმრობის სმენით აღქმას იშვიათად თუ ვინმე შეძლებდა და იგი უფრო მუსიკის ამქართა თვალისათვის იყო ჩაფიქრებული” (კარლო ჯორჯანელის თარგმანი).
ლიტერატურული პალინდრომიც პირველ რიგში, ცხადია, ხუმრობაა, ოღონდ ჩვეულებრივი ხუმრობებისაგან იმით განსხვავდება, რომ სასწაულსა ჰგავს: მრავალი სიტყვისაგან შედგენილი ისეთი აზრიანი ტექსტის არსებობა, რომელიც წაღმა-უკუღმა ერთნაირად წაიკითხება, ძნელი დასაჯერებელია:
აცოც-ახოხა, ახოხ-აცოცა
ამ ავ-ცოცვამა, ამ ავ-ხოხვამა
ასი ბოგანო – მონა გობისა!
ამ ავ-ხოხვამა, ამ ავ-ცოცვამა
აცოც-ახოხა… ახოხ-აცოცა…
აი ყველაზე გავრცელებული ქართული მისამღერი სიტყვებისაგან შედგენილი მშვენიერი პალინდრომული მისამღერი:
ეჰე – ჰეი,
ეჰე – ჰე!
ასა, რერო, რერასა!
ასა, რერო ორერასა,
ასა, რერო, რერასა!..
ეჰე – ჰეი!
ეჰე – ჰე!
ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეფერილობის მქონე პალინდრომიც ვნახოთ:
…ანუ ყალბი კავშირი შვა!
– კავშირი შვა?!
– კი, ბლაყუნა!..
კოლორიტული სიტყვა “ბლაყუნი” ლექსიკონში ასეა განმარტებული: “უშნოდ და უთავბოლოდ სიარული”, ხოლო “ბლაყუნა” ის იქნება, ვინც უშნოდ და უთავბოლოდ დაიარება, ასეთი კი საზოგადოებრივი ან პოლიტიკური ორგანიზაციაც შეიძლება იყოს.
ძველად (ძველ საბერძნეთში, ძველ რომში) პალინდრომს მაგიურ მნიშვნელობას მიაწერდნენ. მაგიურობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ის დიდი ეფექტი, რასაც წაღმა-უკუღმა საკითხავი ტექსტი ახდენს, მოულოდნელობის თუ დაუჯერებლობის ფაქტორის გარდა კიდევ რაღაცით უნდა საზრდოობდეს, ეს უცნაური მოვლენა თითქოს რაღაცას უნდა მიგვანიშნებდეს, რაღაცის სიმბოლოს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ რისას?
მოდით, ცოტა წავიფილოსოფოსოთ.
როგორც ცნობილია, ანტინომიები – ზემოთ და ქვემოთ, წაღმა და უკუღმა, წინ და უკან ერთმანეთთან მიმართებაში ფარდობითნი არიან, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ეს ემპირიული ხედვისა და აზროვნებისათვის (სახარების ფრაზაც “ესრეთ იყვნენ უკუანანი წინა, და წინანი უკუანა” ამას მიგვანიშნებს). ამ ღრმად დაფარული ფარდობითობის სიმბოლურ გამოხატულებად წარმოგვიდგება პალინდრომი. ხოლო სიმბოლო მაშინაც ახდენს იდუმალ ზემოქმედებას ცნობიერებაზე, როცა მისი სიმბოლოობა გაცნობიერებული არ გვაქვს.
და კიდევ ერთი რამის სიმბოლოდ გამოდგება პალინდრომი – ერთი კეთილშობილური იდეის სიმბოლურ გამოხატულებად. მოგეხსენებათ, ნახევარი მსოფლიო მარცხნიდან მარჯვნივ წერს და კითხულობს (დასავლეთი), ხოლო ნახევარი პირიქით – მარჯვნიდან მარცხნივ (აღმოსავლეთი). პალინდრომი კი თითქოს ყველასთვის იწერება – გინდ მარცხნიდან მარჯვნივ წაგიკითხავს, გინდ მარჯვნიდან მარცხნივ, მაინც ერთსა და იმავეს ამოიკითხავ. ამრიგად, პალინდრომი აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთობის (თუ ერთიანობის), ურთიერთანგარიშგაწევის, ურთიერთპატივისცემის იდეის (ჯერჯერობით, სამწუხაროდ, მხოლოდ იდეის) სიმბოლური გამოხატულებაც არის.
ზემოთ მუსიკალური პალინდრომი ვახსენეთ. ახლა სარეცენზიო წიგნის გარეკანს დააკვირდით: ზედ მორის ეშერის გრავიურა “ცა და წყალია” გამოსახული და, ცხადია, არცთუ შემთხვევით – ეს ერთგვარი ნახატი-პალინდრომია; ისიც ორმხრივ “იკითხება”: ქვემოდან ზემოთ “წაკითხვისას” თეთრი თევზები წარმოშობენ შავ მტრედებს, ზემოდან ქვემოთ “წაკითხვისას” კი შავი მტრედებისაგან თეთრი თევზები იბადებიან; დაკვირვებულ თვალს მტრედების აღმოჩენაც ისევე შეუძლია წყალში, როგორც თევზებისა – ჰაერში.
როგორც ჩანს, ხელოვნების ყოველ დარგს მოეპოვება ორიგინალური ჟანრები.
© “წიგნები – 24 საათი”