პოეზია

ოტტო ხვედელიძე – საუზმე და სხვა ლექსები

საუზმე

დროებით,

სახლო.

გამოვდივარ ისეთ დროს, როცა

ჩემი ჩრდილი ჩემი სხეულია,

გახვეული

ათას სამოსში – ისე, რომ მხოლოდ თვალები

მიჩანს

და ზამთრის ცივი ცა

დნობას პირველად ჩემს თვალებში იწყებს…

ჩემი სიტყვები სავსეა ცრემლით.

საუბარიც ძალმიძს

მხოლოდ თვალებით,

თუკი მომისმენთ,

გაგახსენებთ:

გამხდარი მხრების მქონე

ლიტერატურულ პერსონაჟებს,

ბედნიერი ადამიანების პირებიდან

დაღვრილ

ასწლოვანი სახლების

ლამაზ მირაჟებს,

მე კი

კატეხიზმო ვიქნები მათთვის,

ვის სახლშიც

ღამის სამი საათია,

საწოლთან

ელიოტის ლექსების კრებულია გადაშლილი,

აბაზანაში

კბილებს იხეხავს და

ახალი დღისთვის ემზადება.

პოლ ტიბეტსის დაბადების დღე

ბავშვი –

გახარებული

დაბადების დღეზე

საჩუქრად მიღებული ასაწყობი ქალაქით –

იცინის.

გაიფიქრა: რა საჭიროა მანქანები,

ადამიანის ფიგურები,

გზები?!

რა იოლად დაინგრევა.

იქვე ანთებულ სანთელს ხელი აუქნია,

ბავშვის ჩრდილმა იცვალა ფორმა –

გაიზარდა,

გახდა შემზარავი.

* * *

მოწყენილობის თაფლისფერ

მოსასხამში

შენ გამოჩნდი,

თმაზე შერჩენილი

ღამის ყვავილებით,

ულმობლად

რომ იდგამდნენ ფესვებს

შენს თვალებში.

იკარგებოდი აუჩქარებლად,

საათის

ისრის მოძრაობის მიმართულებით.

რა იქნება მერე?

მერე თუნდაც თოვლმა დამფაროს.

თოვა

ზუსტად

ერთი

ფანტელით

მეტი და

თოვლი

ზუსტად ისეთი იქნებოდა,

როგორც არასდროს.

* * *

ვინ იცის,

ყოველი

შემდგომი წამის შემდეგ

რა დრო მაშორებს შენამდე.

მე ვიწყებ სვლას შენკენ,

თუ მდინარეები,

რომელთაც ჩაუარე?

მიტოვებული ტყეების

ფრინველები,

ეჭვით რომ დაგყურებდნენ…

სიზმრების გადამცემ

სადგურებს შორის

გაფანტული,

დაუსრულებელ

სილურჯეში

გახვეული სიზმრები…

ფაფუკი

სიწყნარის

საბანში გაეხვევიან…

ძილში

ნანახი შენი ვერცხლისფერი

ღიმილი

გზად გამიძღვება,

შენს მძინარე

ღიმილზე კი

ჩემი შეცვლილი

მოგონება დაიღვრება.

შინაური ცხოველი

100 წელია, რაც

შავ-თეთრი

მანქანების ნაზ სურნელში

გახვეული მოედნის

შუაში ვდგავარ,

ხელის გულში დაგუბებულ

წყალში ვზრდი

ვეშაპს.

გაუნძრევლად ვდგავარ,

წვეთიც რომ დამეღვაროს,

ვინ იცის, ქალაქი დავტბორო.

ვეშაპი

დროდადრო

ცდილობს,

ხელის გულიდან

ამოხტეს –

ასჯერ შეკეთებული, ხმაურით

შებოჭილი,

ქალაქის თავზე გადაიფრინოს

და დაღლილ სახეებზე

წყლის

მილიარდობით

წვეთად ჩამოიშალოს…

თუმცა

ჩემი ხელები

შეკრულია

ფანჯრებიდან

რიგრიგობით გადმოღვრილი

შიშით.

ეს დაუძლეველი მყუდროება

სასჯელია!

რთულია,

ვეშაპი იყო და

ვარსკვლავებით გადაჭედილ,

მძიმე ცაზე,

ანგელოზივით იფრინო.

* * *

ბინდდება.

ბროლის ტყეებიდან

ამოსული

ზამთრის

მძიმე ცა

გადაჰკვრია

მარტოხელა სახლს,

ბუხრის წინ

მიმოფანტული

ზღაპრები

ობობებს

ფოსფორის

ქსელში გაუხვევიათ –

შეუნახავთ

კედლებზე,

ჭერზე…

მისთვის, ვინც

ღია

ფანჯარას

დახურავს,

ცეცხლს დაანთებს,

ძველ ვოდევილებს წაიკითხავს

შობა

უძილო ღამეებისგან

დაუძლურებული

ზამთრის ყვავილი აყვავდა

მის სხეულში.

ვარსკვლავების ნათება,

ჩაღვრილი თვალებში,

წამწამებიდან

განთიადის

ნექტრად

გადმოიფრქვა,

ჩვენს სასოწარკვეთილ,

ცოცხალ სხეულებში.

***

ამისა შემდგომად იხილა იესუ,
რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს.
და რაჲთა აღესრულოს წერილი იგი, თქუა: მწყურის
.

ჩვენი ფერფლისგან აიგება ჩვენი სახლები
                                                                    დ.
.

ვისთვის
იდუმალი,
და მე ზუსტად ვიცი რას ფიქრობენ
ხის ნავებში მოკალათებული
მეთევზეები
ჩემზე,
როცა  
ზღვას საათობით ვუყურებ
და
თითების ფშვნეტაზე მეტყობა,
თუ როგორ მჯერა –
მე არა!
ეს ზღვას სჭირდება –
ძლიერმა,
რაც შეიძლება ძლიერმა,
დამანგრეველმა
ქარმა დაუბეროს
და
ჩემი ტენიანი მზერა
მთელს ტანზე შემოახვიოს,
გააგრილოს.
არ იციან,
როცა ქალაქში არის ძილის დრო,
მე ფანჯარასთან
მზის პარამეტრებს
ძილს
ისე ვაქსოვ,
რომ განთიადები ემთხვეოდეს
ჩემს
გაღვიძებებს.
არც
ჩემი ლმობიერების იცოდნენ რამე,
როდესაც
საშოდან გამომძვრალმა თითის დაქნევით,
ხმამაღლა განვაცხადე
უარი აკვანზე,
რადგან, როგორც წინასწარმეტყველებაში
იყო ნათქვამი –
ჩემი აკვნის შესაქმნელად
მსოფლიოს ყველა ხე
უნდა მოეჭრათ.
არ იციან,  
გული
მეც რომ ისე მიმძიმს,
როგორც სრულიად უცნობ და შემთხვევით
ადამიანს,
როცა პატი სმითს უსმენს.


ბოლოს კი
უმაღლეს კოშკზე ასული და სუნთქვაშეკრული,
ყველა მეთევზეს
სახელით მივმართავ და ვეუბნები,
რომ სჯეროდეთ სხვა წინასწარმეტყველების:
„ჩვენი ფერფლისგან აიგება ჩვენი სახლები“.

© არილი

Facebook Comments Box