პროზა

პაატა ბერიკაშვილი – არა იპარო!

kavkasiuri nagazi

სახლიკაცი სადა გყავსო, როცა ჰკითხეს, მოიღუშა ბექაური. მერე ახლადგაღვიძებულ, აივანზე ნიფხვისამარა გადმოყუდებულ ბიძაშვილს გახედა, თითქოს ეხვეწებოდა – თუ გინდა, შენ უთხარ, სადაცა მყავს, მე თავი გამანებონო, და სახლსუკან, ცეცხლთან მოფუსფუსე ქალებისკენ გასწია.

ვებერთელა ტაფაზე წუხანდელ ხინკალს ხუხავდნენ ქალები. ერთ ქვაბში ცხვრის ხორცი თუხთუხებდა, მეორიდან კი საამოდ იწელებოდა გუშინ ხელუხლებელი ყაურმის სუნი.
“ე რამოდენა ცოცხალი მოუზიდნიათ!” – ვერცხლისფრად თავმობმულ კალათას დახედა, და კისერთან ვიღაცის ნაღვინევი სუნთქვა იგრძნო. მოტრიალდა. სტუმართაგან ყველაზე აბეზარი უკან გამოჰყოლოდა, ისიც იმ კალათას დასცქეროდა. მერე დაამთქნარა, თვალებში ჭკვიანურად ჩახედა და ზმორებით უთხრა – ხო იცი, ძიაკაცო, სანამ თევზს კეცებზე დააწყობდე, კაკლის ფოთოლი უნდა დაუფინო, ჩვენში ესე იციან და ძალიან უხდებაო.
მარჯვენა მტევანი ხელუკუღმა აექავა ბექაურს. წკაპანი ხო არ გავადენინოო, გაიფიქრა და მაშინვე თვალიც აუთამაშდა. თვალის თამაში ცუდად ჰქონდა დაცდილი, სუ ამ თვალის თამაშის ბრალი იყო ხოლმე ყველაფერი… მაგრამ ეჰ… სტუმარი იყო, თან ნათესავადაც ერგებოდა თურმე და… რა უნდა ექნა.
“ბიძაშვილს რო ჰკითხო, მთელი ქვეყანა ჩვენი ნათესავია… ეს იმერელიც და ის მეგრელიც, ზევით რო ჰყავ… თუმცა ის კიდევ ქვისლი ყოფილა, კაცო… ქვისლი კიდე ჰო, მაგრამ ესა? მამიდაჩვენის მეორე ქმარი რო იყოო, ესტატეო, იმის პირველი ცოლის ის არიო… გიჟია, მამაშეღონებული… კეცი საიდან მოუტანო? კაკალი კი აგე, გზაზე დგას… დაკრიფოს და, უნდა კალმახისთვის დაუფენია, უნდა ხინკლისათვის და უნდა ჯანში გაუკეთე… ეჰეე, უკვე ზეიდანაც წამოსულან…”
ბილიკზე გუშინდელი სტუმრები გამოჩნდნენ. ბექაურმა თევზიან ხელებზე წყალი გადაივლო, ქალებს დაუბარა ხორცს ამოურიეთო და სტუმრების დასახვედრად ნელა, ტაატით გასწია.
გაჯავრებული იყო ბექაური. ყველაზე უფრო ბიძაშვილზე ბრაზობდა – ეს ამოდენა ხალხი საღამოს პირზე გაუფრთხილებლად მიაყენა სახლში. ცოცხალი წამოგიღეთო, მხარზე ხელის ტყაპუნით მიახარა. რა ენაღვლებოდა – მაღაროსკარში ქვესადგურის უფროსი იყო, ჩაჰკიდებდნენ არაგვში ბადეებს, დენს ჩაუშვებდნენ და რა… თევზით თუ გინდა ორ “ვილისს” გაავსებდნენ ნახევარ საათში. ნაცნობი ან შინაური მაინც წამოეყვანა ვინმე. ეგრე აღარ მოერიდებოდა. ქვისლი კიდევ ჯანდაბას, მეგრელი… აი, რო რულზე ეჯდა. მაგრამ, ეს მამიდაჩვენის ესტატეს პირველი ცოლისაო, ესა კიდევ მწერალია, ჩემი ძმაკაცი, აი, სუ ტელევიზორში როაო, ეს კიდევ პოეტიო, რადიოში რო ციკლი აქსო… ესეც ძმაკაცი-გინეკოლოგიო, ამაზე მაგარი ერთი-ორი თუ დადის ქვეყანაზე, ბავშვებს ორმოცდაათ-სამოცი წლის დედაბრებსაც კი აჩენინებს (რაო?! – თვალები გადმოკარკლა ბექაურმა), გაგიჟდები კაციო… აი, ეს კიდენ მუსიკოსია, მაგრა უკრავსო, აგე, გიტარით რო მოდის, სათვალიანი, იმაზე თქვა… გარმონი გამოუტანა ბექაურმა… არაო, სათვალიანმა, ფორტეპიანოზე ვუკრავო. ბიძაშვილს შეაჩერდა ბექაური. იმანაც დაამშვიდა – ნუ გეშინია, ფორტეპიანო იგივე პიანინოაო. “პიანინოს კლუბიდან ამოვუტანდი თუ რა?” ორი ქალიც ახლდათ. ერთი ახალგაზრდა, ერთიც ისე რა, ბებერი არ ეთქმოდა… ქალები სულ ერთხელ გამოელაპარაკნენ ბექაურს – შეიძლება თუ არა თქვენს ცუგას მოვეფეროთო, ჰკითხეს. ბექაურმა პირი დააღო – ხუთი წლის, თვალებჩასისხლიანებულ ნაგაზზე ეუბნებოდნენ. ეს არის, ქალო, ცუგა?! – კინაღამ მართლა გაწყრა, “ხელუკუღმა” მაშინ პირველად აექავა, – მაგას დედამისიც არ მოჰფერებია, გულშიაც არ გაივლოთ, ლეკვები რო დაყარა, ძლივს გავარიდეთ, ლუკმად არ ეყოფითო.
“ცუგა” ავი და უზნეო ძუკნა იყო, მაგრამ კაცური სახელი – არხეინა ერქვა. ბექაურის ძმამ დაარქვა თავის მეტსახელი. ისეთ დროს ამოუყვანა ბიძაშვილმა, რომ ბექაურს იმის გაზრდა-მოვლის დრო არა ჰქონდა – ხან ცხვარში იყო, ხან კიდევ, ეს მერამდენე წელი გადიოდა, სახლს აშენებდა. სახლიკაცი კი უსაქმური ჰყავდა, ლოთი და დოღრიალა. არხეინა იმან გაზარდა. ახლაც მის გარდა არავის იკარებს, მაგრამ რად გინდა – გაზარდა არხეინა, მერე ცხვარი მოიპარა, გამოდევნებული ცხვრის პატრონი სცემა, თავი გაუტეხა და ციხეში ჩასვეს. ზნითაც როგორ დაიმსგავსაო, უკვირდა ბექაურს და ძალიან რცხვენოდა. მეცხვარის ოჯახში გაზრდილი რო ცხვარს მოიპარავს, ამაზე უარესი რა უნდა მოხდესო – ყოველთვის გაურბოდა ძმაზე ლაპარაკს.
ჭამის და ახლო-მახლო გამვლელის დაგლეჯის მეტი საქმე არა ჰქონდა არხეინას. ბექაურსაც ნაწვნევი ჰქონდა იმის ეშვები. ლეკვები რო დაყარა, მაინც დაჰგუდავსო, და მაშინვე ერთი გოდერძას გაატანა, მეორე ზელიმხანას.
ცალი თვალით გამოხედა ქოფაკმა, თითქოს ეუბნებოდა – არხეინად იყავ, ამოგყრი მაგათ ჯავრსაო. ეს ცალი თვალით გამოხედვაც ცუდად ჰქონდა დაცდილი ბექაურს. იცოდა, ხალხი არ უყვარდა ქოფაკს, სტუმრები ხო სულ არ ეხატებოდნენ გულზე.
იმ ქალებიდან მეორე, აი, არც ისე ახალგაზრდა რო იყო, მაინც და მაინც, მთლად ქალსაც არ ჰგავდა. ბოხი ხმა ჰქონდა, სიგარეტსაც კაცურად ეწეოდა, ახველებდა, და გამომთვრალი პოეტი რო გადასაფსმელად წავიდა, ისიც თან გაჰყვა. ბანცალ-ბანცალით მიდიოდნენ, “გადასაყენებელ” ადგილს არჩევდნენ, რაღაც სერიოზულზე მასლაათობდნენ კიდეც. ერიჰააო, ბექაურმა თავისთვისა სთქვა, დაგიჟებულა ხალხიო. თვითონაც მთვრალი იყო. მაინც შეეცადა წარმოედგინა პოეტი და ბოხხმიანი ქალი ლაპარაკ-ლაპარაკით როგორ გააკეთებდნენ ამას. ბოლო-ბოლო წარმოიდგინა და ზედ შუა სუფრაზე წასკდა სიცილი. გაკვირვებით შემოხედეს, და შერცხვა ბექაურს – ხმამაღლა რამე ხო არა ვთქვიო. მაგრამ იმათაც გაიცინეს და დამშვიდდა. მაშინ იყო იმერელმა, აი, მამიდის ესტატეს ვიღაცამ, ვითომ ხუმრობით რო წამოტორტლა: მართალია, ცხვარში რო დიდი ხანი ხართ და ქალი რო მოგინდებათ, თეთრ ვირებს დასდევთ ხოლმეო…
გაშრა ბექაური. ჯერ შორიახლო პირზე მუჭმიდებულ თავის ცოლს და გოგოს გახედა, მერე ბიძაშვილს და მერე სადღაც კუკიაზე ორ ქმარშუა გაშოტილ მამიდას ისე შეაგინა, რო ამ დილით სინანულით ფიქრობდა: სამჯერ მაინც გადაბრუნდებოდა საფლავშიო. მეზობლის ბიჭმა, მოსახმარებლად გადმოსულმა ამირანამაც უთხრა ეგრე მაგრა არ უნდა შეგეგინებინა, ძალიან დაფრთხნენ სტუმრებიო. მა რა უნდა მექნა, როდის იყო ვირებ დავდევდი… კაც ლამის არის ცხვარში დავბერდე და თეთრი ვირი ჩემს სიცოცხლეში არცა მყოლია და არც მინახნიაო. მაინც არაო, ამირანამ, გინდა თუ არა, უხერხული იყოო. ბექაურმა თვითონაც იცოდა, რომ სირცხვილი ჭამა. გაბრაზებულმა იქით შეუტია – ის კი არ იყო უხერხული, იმ გოგოს რო ეტორღიალებოდი (უფრო ახალგაზრდაზე უთხრა), მთელი საათი რო მინდორ-მინდორ ატარებდი. ის რა, სტუმარი არ იყო თუ რაო…
რცხვენოდა ამას რომ ეუბნებოდა. ხო უყურებდა – ის გოგო უფრო ეტორღიალებოდა. ამირანა უცოლო ბიჭი იყო, რა უნდა ექნა. არაო, ახლა ამირანა გაწითლდა, სულ ტყუილა ვატარე აქეთ-იქით, კოცნაობით გამხეთქა, მეტი არაფერი გამომივიდა, იმიტომ რომ ციკლი ჰქონიაო. რა ციკლიო, გაუკვირდა ბექაურს, ციკლი მაგას კი არა, პოეტსა აქვს რადიოშიო. არაო, ამოიოხრა ამირანამ, პოეტის ციკლი სხვა ციკლია, ამას კრიტიკული ციკლი აქს, ხო იცი ქალების ამბავიო. ბექაურმა კრიტიკულობის ვერაფერი გაიგო. ეშმაკმა იცის რადიოს თავი, ალბათ რაღაც სასამართლოს ამბები იქნებაო, და მეტიც აღარაფერი უკითხავს.
ის მეგრელი მაინც გაეცნო წესიერად, გამოლაპარაკებოდა… ქვისლი იყო მაინც… მაგრამ ხინკლის ჭამა ძლივს მოასწრო, რო დასაძინებლად გააგდო ბიძაშვილმა – ხვალ ადრე ვართ ასადგომი, წადი, გამოიძინეო. ადრე, როგორ არა… გუშინ ხო არ გაუცვნია – სანამ კარგად არ გამოთვრებოდა, არსადაც არ იყო წამსვლელი. შვიდი-რვა წლით იქნებოდა ის ქვისლი ბიძაშვილზე უმცროსი და ეტყობა ეჩაგვრინებოდა. სულ ბუზღუნ-ბუზღუნით წავიდა და დაწვა. მაგრამ დილამდე არც დაუძინია. გადმოიღო ბექაურის მწყემსური “სპიდოლა” და სანამ ელემენტები არ დასვა, მანამდე დახტოდა სხვადასხვა ტალღებზე. “მეგრულებს” თუ ეძებსო, ფიქრობდა სიმწრისაგან მიყურადებული ბექაური – კი არ ენანებოდა, მაგრამ სოფლის მაღაზიაში ელემენტები არა ჰქონდათ, ესენიც, როგორც იქნა, ბიჭმა ჩამოუტანა ქალაქიდან. ტელევიზორს ჩაურთავდა, მაგრამ შუქი არ იყო. გაეხუმრა კიდეც – ცოცხალს აქაც დავაჭერინებდი, იმ დენს წყალს რო ატანდით, აქეთ გამოგეშვათ, ტელევიზორ “აპკატკას” მაინც გავატარებდიო. არ მიყვარს მე მაგ ცოცხალიო, მეგრელმა, დამხრჩვალი მგონია სულო. არა, ძაან ნაწყენი ჩანდა, მაგრამ ბექაურს იმისთვის აღარ სცხელოდა – მწერალსა და პოეტზე იყო მიშტერებული, იქნება რამე ისეთი სთქვანო. მაგრამ მწერალი მთავრობის გინების მეტს არაფერს აკეთებდა. ქურდებით და მპარავებით გაავსეს ქვეყანაო. მერე თქვა, იმათ სულ ტყუილად ვაგინებთ (მა ამდენ ხანს რა ძალა გედგა? – გულში შეეკამათა ბექაური), ის არის მოსაკლავი, ვინც ეგენი თავზე დაგვასვაო, და ამერიკის გინებაზე გადავიდა. “გაეროს” ამბების გამოკითხვა რო დაიწყო ბექაურმა (მართლა ძალიან აინტერესებდა), მწერალი უკვე პოეტს აგინებდა – ქვეშაფსია ხარ, რო გვეშაირები, რას გვეშაირები, რამე ისეთი თქვი, ავფოფინდეთო (შენ რაღა აფოფინება გინდაო, თვალებაფოთებულ მწერალს აკვირდებოდა ბექაური)… მოკლედ, დაიკარგე შენი ციკლიანაო. პოეტთან სალაპარაკოდ რო გადაჯდა ბექაური (ლექსები ძალიან უყვარდა), მწერალი უკვე ბიძაშვილს დასტაკებოდა – თქვენი ენერგოსისტემების დედაცაო, ჩაჰყვიროდა, თქვენ ხო ხალხი არა ხართ, დაიცათ, მალე გეტირებათ ყოფაო. მართლადა, ბოლო-ბოლო შუქი როდისღა გვექნებაო – ენერგოსისტემებზე თავის “აპკატკაგაუვლელი” ტელევიზორი გაახსენდა ბექაურს. მაგრამ ვერც ამაზე მიიღო პასუხი – ახლა ძმაკაც-გინეკოლოგისთვის დაედგა მწერალს თვალი – ორმოცდაათი წლისა ხარ, შვილი არა გყავს და ძირი, ვის აჩენინებ, რას აჩენინებ, სუ ნარკომანები, კუტიურები, რაღაც ლიდერები და მამაძაღლები გამოდიან, არა გრცხვენია ამხელა კაცს, სად დაძვრები რო დაძვრებიო? იქ რო დავძვრები მაგიტომაც არა მყავს შვილი და ძირიო, ბოხხმიან ქალს თვალი ჩაუკრა გინეკოლოგმა და, წადი ერთი შენიო, მწერალმაც. მერე თევზი შუაზე გადაკვნიტა და ბექაურს ძალიან ირიბად გამოხედა. ჯაჭვზე დაბმული არხეინასავით უყურებდა. მასპინძელს უცბად აზრში მოუვიდა, რომ იმ სუფრაზეც და მთელ დუნიაზეც აემ მწერალს მის გარდა საგინებელი აღარავინ დარჩენოდა. ჩემი ჯერიც მოვიდაო, გაიფიქრა, მერე დედაკაცს ჩუმად უთხრა, მიდი, ცივი წყალი მომიტანეო, და ის იყო დაძაბულ-დოინჯშემორტყმული წამოდგა კიდეც, რომ ყველასდა სასიხარულოდ ფხა გაეჩხირა მწერალს ყელში. ქალაქიდან გამოყოლილი ლუდის ბოთლი მოიყუდა. რა იცოდა – უარესი იყო. ლუდმა სასულისკენ წაიღო ფხა. ატყდა ერთი ამბავი – აბა, ხმელი პურიო, და აიდა, ინდაურის ბუმბულიო (ორად ორი ინდაური თავჯდომარეს ჰყავდა, მერამდენე წელიწადია ერთი ფარშევანგივით დაუდის, მეორე სიბერისგან მოუკვდა და ბრიგადირი დაჰპატიჟა, გაახსენდა ბექაურს. არადა, ბრიგადირმაც იცოდა თავისით რო მოკვდა ის ინდაური, მთელი სოფელი ადგა თავზე, მაგრამ სიბერე სიბერეა – წამალი არა აქვს), მეგრელმა ქვისლმა კი საიდანღაც გამხმარი წკირი გააჩინა, ბამბა დამიხვიეთ, ბამბაო, ყვიროდა. დაუხვიეს… მწერალი უკვე სულს ღაფავდა… მივიდა მეგრელი, ხელებასავსავებულს წკირი შიგ ხახაში ჩასჩარა. მაშინვე გალურჯდა კაცი მაგინებელი, ყელში თითები წაიჭირა, ხროტინით უკან-უკან წავიდა და თვალმილულულ, მთვლემარედ თავმოკატუნებულ ნაგაზს გადააწყდა. აი, აქ კი არხეინამ თავის სიცოცხლეში პირველი და ალბათ უკანასკნელი სიკეთე ჩაიდინა – მწერალს წამოუხტა, შარვლის ტოტზე მიასწრო კბილი და შეაფლითა, სანამ ჯაჭვი გაჰყვა, ხო მისდევდა, ჯაჭვი რო გათავდა ყალხზე შედგა და… მაშინ იყო სეირი – დაფეთებული თამადა ირემივით გადაახტა დაწნულ ღობეს, კივილით დაეშვა მდინარისკენ…
არაგვისპირიდან რო მოაბრუნეს, ფხაც გადაყლაპული ჰქონდა, ის წკირიც თავის ბამბიანად და ენაც. მოსულიერდა და, თქვენ შემოგევლეთო, გაიღიმა, თქვენი ჭირიმე, ძალიან მიყვარხათ… ეს რა ძაღლი ყოფილა, ქართული ჯიშის ყველაფერი კარგიაო. ბექაურს გაეცინა – მისწრება ყოფილა ამისთვის ძაღლიო. ბიძაშვილს ჩასჩურჩულა, ლეკვი გოდერძასთვის კი არა, ამისთვის უნდა გამეტანებინაო. ეეხო, ჩურჩულითვე გაეპასუხა ბიძაშვილი, ამას პირდაპი ქოფაკს თუ მიაბამ ფეხზე, თორე ლეკვს ორ კვირაში დააწყებინებს გინებასაო. იფიქრა, იფიქრა ბექაურმა და ესღა თქვა: მგონი ყაზბეგი არ იგინებოდა, ვაჟა ფშაველა ხო საერთოდაცო… ბიძაშვილმაც მხრები აიჩეჩა – ენერგეტიკოსი ვარ, გინება მარტო ჩემი მინისტრისა გამიგია, ყაზბეგი და ვაჟა თუ ილანძღებოდნენ, არაფერი ვიციო, და მორჩა ყველაფერი – სმა გააგრძელეს. მაგრამ ახლა თამადად პოეტი დანიშნეს. ის ცოტა ხათრიანი კაცი ჩანდა, ამიტომ უკვე ყველამ დაიწყო გინება მწერლის გარდა. ის ბოხხმიანი ქალიც იგინებოდა. იგინებოდა კი არა, ერთხელ გადააწიტა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ბექაურს ასე მოეჩვენა, გაბრაზდა და სუფრაზე ჯდომის ხალისი წაერთვა. განმარტოვებულ მწერალს ვითომც ყურადღების მისაქცევად გადაუჯდა. ელდაგავლილი მწერალი თავისთვის გაყუჩებულიყო, გაცინებული მიშტერებოდა თვალებმინაბულ არხეინას. გაოცებულმა ბექაურმა აღმოაჩინა – კი იცინოდა ნათამადარი, მაგრამ პოეტს მიყურადებული ჩუმად მაინც რაღაცას ილანძღებოდა. ეგრე არ დარჩეო, ახალმა თამადამ გამოსძახა, ალბათ გული თუ უგრძნობდა რამეს. წადი შენი ემფატიკური დედაცო – ჩაესმა ბექაურს…
“რაო, რა ბრძანეთ?” ­- ბექაურმა. რაო და, რითმაში სულ ემფატიკური ან-ით გადის იოლას, პოეტი კი არა, ჩემი ფეხებია, მაგის უნიჭო შუბაც დავხიეო… – სლოკინით ამცნო თამადობიდან გადაყენებულმა.
მართალია, ამ სიცხეში რა დროს შუბააო, გაიფიქრა ბექაურმა, ახალ თამადას გახედა – რაღაც პრიალა, გაღეღილი და ლურჯყვავილებიანი პერანგი ეცვა – ეგ ემფატიკურიანი ალბათ უფრო გრილიაო. მარტო ის ვერ გაიგო “შუბა” და “ემფატიკურიანი “საროჩკა” პოეტის ნიჭთან რა კავშირში იყო, მაგრამ კითხვა მოერიდა.
ამასობაში სტუმრები ეზოში შემოლაგდნენ. უკან ამირანა მოჰყვებოდა, მოასეირნებდა იმ გოგოს, რომელსაც რომ პოეტისგან განსხვავებული, თავისი საკუთარი ციკლი ჰქონდა, სიცილით უყვებოდა რაღაცას. დილა მშვიდობისაო, ალაქლაქებულმა მწერალმა წამით მოაბრუნა თავი, მოესალმა და ისევ იმერელთან, მამიდის ესტატეს ვიღაცასთან განაგრძო ქაქანი. კეცებს და კაკლის ფოთლებს აგინებდა, შხამებს გამოჰყოფენო. აბა, ამათა ჰყოლიათო, ბექაურმა, რა აუტყდათ ეს კეცებიო. მწერალი სახიფათოდ მოცოცხლებულიყო. პოეტი და ბოხხმიანი ქალი შემოღობილს იქით, ანწლებთან დაბორიალობდნენ. კიდე ხო არ ეფსიათო, შეღონდა ბექაური, უკვე დღეა, ხალხი დადის… თავის “უბორნიას” გახედა – დიდი არაფერი, მაგრამ ბუჩქებში ძრომიალს ისევ იქა სჯობიაო. მერე მწერალს დააკვირდა და დაინახა – სპილენძის ფიალა ამოეჩარა იღლიაში. ეცნობოდა. ეგ რა არიო, ამირანას დაეკითხა. ვაჩუქეო, ამირანამ. რათაო. რათაო და ჩანთაში იტენიდა, თავზე რო წავადექი, რელიქვიიაო, მითხრა… ხელს ხო არ მოვტეხამდი, ავდექი და ვაჩუქეო. ბექაურმა გადააფურთხა, და აბა, დავსხდეთ, დავსხდეთო…
ქალებს მაგიდა ეზოში გამოეტანათ, დილის მზეზე საამოდ ქათქათებდა სუფრა, თეფშებს და ჭიქებს წკრიალი გაუდიოდათ, ამირანა ღვინის ჩამოსხმას შეუდგა, და ის იყო გუნება გამოუკეთდა ბექაურს, რომ დაინახა – მწერალი მაგიდის თავში, ისევ სათამადო სკამისკენ მიიპარებოდა. არა, არაო, თავისდაუნებურად შესძახა, მაშინვე შეცბა, და ახსნა-განმარტებას მოჰყვა – შენაო, ისაო, მწერალი კი ხარ, მაგრამ თამადა ხო უკვე იყავიო… თანაც ეე… რა ჰქვიან… ფხებსა ყლაპავო, აემ პატიოსანმა კაცმაც, ემფატიკურიანი ხალათი რო აცვია, ამანაც უკვე ითამადაო… ეხლა სხვა ვინმე ავირჩიოთ… მაგალითად, ვინა… ვინა და, აი, ეს კაცური კაცი, ორმოცდაათ-სამოცი წლის დედაკაცებს ნარკომან ბალღებ და ლიდერებ რო აჩენინებს, ამის ხმა გუშინ მარტო ერთხელ გავიგე… ამანაც თავისი გვითხრას, როგორც ვატყობ, ამერიკაც ფეხზე ჰკიდია და ენერგეტიკაც, არა მგონია გინება დაიწყოსო – ყველაფერი ძალიან ალალადა სთქვა.
გინეკოლოგმა ჩაიცინა და გასწია სათამადო ადგილისკენ. დანარჩენებმაც ჩაიცინეს, დასხდნენ და ეშმაკურად გაღიმებულები მიაჩერდნენ დილის თამადას.
ჭკვიანი კაცი იყო ბექაური, ამ ჩაცინებებმა შეაფიქრიანა და გულმაც რეჩხი უყო. ხვდებოდა – იჩქარა. შეცდომის გამოსწორებაზე გამალებული ფიქრობდა, რომ თავის ბიძაშვილს მოჰკრა თვალი, ნიფხავზე შარვალი ამოესხა, პირი დაებანა და “უბორნიის” მხრიდან აქელებული მოემართებოდა სუფრისკენ, პირდაპირ ყაურმის სუნზე მოდიოდა. უკან კუნტრუშით მოსდევდა ქვისლი, შარვალს ფაცხა-ფუცხით იკრავდა.
“ფუიჰ… ესენიც ერთადა ფსამენ, რა ოხრობაა, ცოტა ხნის წინ მაინც გამოთრეულიყო მამაცხონებული, ე გინეკოლოგი რაღაც ძალიან ცუდად იცინის.”
“ჩამოასხით! – ბრძანა გინეკოლოგმა და წარბები ძალიან შეიკრა, – ამით ჩვენს ქალებს გაუმარჯოთ!”
რა დროს ქალებია? ჯერ დილის მადლი თქვი, ღმერთს შეხედეო, თავისდაუნებურად გაწყრა ბექაური. თამადა მე ვარო! – ხელის გული აჩვენა გინეკოლოგმა, ეგ მე ვიციო.
“ცოცხალი გადაიღე, ბიჯო!” – ბიძაშვილმა ყაურმიანი ჩანგალი ლამის პირიდან გასტაცა ქვისლს.
“არ მიყვარს ცოცხალი მე, – აწუწუნდა ქვისლი, – დამხრჩვალი მგონია სულ…”
მწერალს ახლა ორი სპილენძის ფიალა ამოედგა აქეთ-იქიდან. მეორე ფიალაც ეცნო, რა ცნობა უნდოდა – თავისი იყო. აივნისკენ ცოლს გახედა. მავედრებელი თვალებით შემოსცქეროდა ქალი. მიხვედრილიყო და, მიაშავე, მიაშავეო, თვალებით ეხვეწებოდა.
ეხლა, საერთოდ, ქალებს გაუმარჯოთო, უკვე მეორე სადღეგრძელოს ჟღურტულებდა თამადა, მე ვიცი ეგენი ვინც არიან, სიცოცხლის სახლის დედაბოძები არიან… სხეულიც კი ჩვენზე უნიკალური აქვთო. ჩვენზე უნიკალური ექნებათ, აბა, რა იქნებაო, იცხადებდა ბიძაშვილის მეგრელი, პირი “ცოცხალით” გამოეტენა, იმხელა მკერდები აქვთ, გაგიჟდები, ჩვენ სადა გვაქვს მაგხელა მკერდები, პატარები გვაქო (პატარა მკერდებზე ბიძაშვილს ცოლისდა გაახსენდა, დამთვრალიყო უკვე).
შემდეგი ჭიქით ქალების გაჭინთვის სადღეგრძელო შესვა თამადამ. თქვენს გაჭინთვას გაუმარჯოსო, ისე ღრიალებდა, მეზობლის დედაკაცები ბალღებიანად მოაწყდნენ ღობეს. გაგიჟდა ბექაური. სპილენძის ფიალებში ჩამჯდარი მწერალი ნიშნის მოგებით უყურებდა. ემფატიკურიანი პოეტი სიცილით კვდებოდა, თამადა კი ქალებს აჯინდებოდა – გაიჭინთეთ, თქვენი ერთი გაჭინთვა, რაიხსტაგის აღებას უდრის, რა იცით, ვიზე იჭინთებითო.
ბექაურს კი უკვე ხუთი ჭიქა ჰქონდა დალეული, წუხანდელი სიმთვრალე შებრუნებოდა. ამ გაჭინთვებზე ვინმემ რამე არ გამომტყუოსო, მოიბოდიშა და თვალებამღვრეული წამოდგა:
“წავალ, პირზე წყალს შევისხამ!” – არ უყვარდა დილაობით სმა. რო დგებოდა, თვალი შეასწრო – ბოხხმიანი ქალი სხვადასხვა თეფშებიდან ძვლებს აგროვებდა. რათ უნდაო, ბუნდოვნად გაიფიქრა და წყლისკენ ბარბაცით გასწია.
“ძველ მანდილოსნებს გაუმარჯოთ! – სახლის უკან გასულს ჩაესმა, – თერთმეტ-თორმეტს ისე გააჩენდნენ, ზემოთხსენებული გაჭინთვა არც კი დასჭირდებოდათ!”
წყალთან ბექაურის გოგო იჯდა, თეფშებს რეცხავდა, შემოხედა მამას, გაუცინა და ჭურჭლიანი ჯამი გვერდზე გასწია. ბექაურს შერცხვა, დავთვერიო, დამნაშავესავით უთხრა. მერე საკინძი მოიღეღა, დაიხარა და წყლის ჭავლს გახურებული კისერი შეუშვირა. წყალი ნიკაპსა და ცხვირზე წამოუვიდა წურწურით, ეამა. პეშვებში დაიგუბა და ახლა პირზე შეისხა. თვალებში თეთრი და ოქროსფერი რგოლები აუთამაშდნენ… კიდევ შეისხა, კიდევ და თითქოს შეგრილდა კიდეც. გოგომ პირსახოცი მიაწოდა. კუნძზე ჩამოჯდა ბექაური, სახეს იმშრალებდა და ძალიან სწუხდა – უღმერთოდ დამთვრალიყო უკვე, წყალი ვეღარაფერს უშველიდა. ცოტა ხანს მზეს გაუსწორა თვალი. იმდენი უყურა, სანამ მზერა არ გაუბაცდა, მერე თვალები დახუჭა და წათვლიმა… არხეინა დაესიზმრა მაშინვე, გასხვისებული ლეკვები აქეთ-იქიდან ამოდგომოდნენ დედას, დაზრდილიყვნენ, ეშვები გადმოეყარათ… იღრინებოდნენ და სამივენი ცალთვალმოჭუტულნი შემოსცქეროდნენ ბექაურს. უნდა დამეხოცაო, ძილში გაიფიქრა გაბოროტებულმა ბექაურმა, ამათგან ხეირი მაინც არ იქნებაო.
არც ახსოვს ასე გაავებულს რამდენ ხანს ეძინა, საშინელმა წიოკობამ გამოაფხიზლა. დაფეთებული წამოხტა, მოურბინა სახლს და რას ხედავს – ყველა ერთმანეთს დარეოდა – პოეტი მწერალს წასწვდომოდა ყელში, მუსიკოსი კომბალივით ატრიალებდა გიტარას, ბიძაშვილს მეგრელი ქვისლი გადაეწვინა მაგიდაზე და პირში რაღაცას თხრიდა, ყალხზე შევარდნილ არხეინას ღობესთან მიემწყვდია ფერდაკარგული ბოხხმიანი ქალი, იმის “ჯინსების” მოზრდილი ნაგლეჯი უფრიალებდა პირში, ქალს სუფრაზე აგროვებული ძვლები შერჩენოდა ხელში, ერთიანად კანკალებდა. გინეკოლოგი კი ბექაურის ცოლს დაბღაუჭებოდა მაჯაში – მესამეს რათ არ აჩენო, უყვიროდა. რას ამბობ, ქააო, თავსაფრის კიდეს სახეზე იფარებდა ქალი, რაღა დროს ჩემი ეგ არის, სადაც არის ორმოცდაათის მოვიყრებიო. მერე რაო! – გინეკოლოგი ღრიალებდა, – მე აქ არა ვარ? მე გაგაჩენინებ, გაიჭინთეო! აქ სად გავიჭინთოო, ემუდარებოდა ჭკუიდან გადამდგარი ქალი.
მე გაგაჩენინებო?! – პირგმშრალმა ბექაურმა ღობიდან მარგილი ამოაძრო. თამადისკენ რომ მიიპარებოდა, ამირანამ მიუსწრო და გააგდებინა: დამშვიდდი, ის არა ჰქონია მხედველობაში, შენ რო იფიქრე, ხო იცი გინეკოლოგების ამბავიო… ბექაურმა მოიქნია და ბურთივით გაისროლა ამირანა. ახლა მაგიდაზე დალაგებულ, მწერლის მოპარულ სპილენძის მძიმე ფიალებს წამოავლო ხელი, გინეკოლოგი მოატრიალა და ჯერ “თავური” დააჭედა შუბლში, მერე უკან გადაქანებულს ის სპილენძის ფიალები ყურებში შემოჰკრა – თავისი მარცხენაში, ამირანასი კიდევ მარჯვნივ გაუსწორა. ეს რა ჰქენიო?! – მაგიდაზე გადაგორებულ ქვისლს თავი დაანება ბიძაშვილმა. ბექაურმა ეხლაღა დაინახა – კი არა სცემდა, ფხას უღებდა თურმე.
“წადი თქვენი პატრონი დედაც და თქვენი “ცოცხალისაც!” – გაცოფებული ბექაური დაუფიქრებლად გატრიალდა და მაშინვე პირსა და ტორებში ჩაუვარდა ყალხზე შემდგარ, გააფთრებულ არხეინას. ჯერ ყბასა და კისერზე იგრძნო მწვავე, გაუსაძლისი ტკივილი, მერე ბარძაყი აეწვა და ცოლის კივილიც ჩაესმა… ამირანა ღობიდან ამოძრობილი მარგილით გამორბოდა, ვიღაცამ თოფიც გაისროლა და… ჩამობნელდა კიდეც.

* * *

მანქანის ხმაური, ცხვრის ბღავილი და მწერლის ლაპარაკი ერთდროულად გაიგონა ბექაურმა. კინაღამ მეორედ წაუვიდა გული: ისევ ქაქანებენ! მაგრამ, დაღამდა თუ რა არი… ან ეს ცხვარი ვინ მორეკა… მერე იოდის და რაღაც წამლების სუნი იგრძნო, მიხვდა – სახე და კისერი ჰქონდა გადაბინტული, და ჯერ არხეინა გაახსენდა, მერე ცოლის მაჯაზე ჩაფრენილი გინეკოლოგი, და უცებ ისე აეწვა ფეხი, კინაღამ ღრიალი მორთო. დამშვიდდი, დამშვიდდიო, ბიძაშვილის ხმა იცნო. ხელი გაითავისუფლა, სახიდან წვალებით გადაიწია სახვევი და შეღონდა – აქედან მწერალი ეჯდა, იქიდან გიტარიანი მუსიკოსი, მანქანის წინა სკამზე გამომთვრალი ქვისლი იჯდა, ტუჩებზე მიჰკრობოდა “ცოცხალის” ფხებიც და ქერცლებიც, ბიძაშვილი თვითონ მისჯდომოდა საჭეს და ქვისლს აგინებდა – როდის მოასწარი დათრობა, ერთი სახლში ჩაგიყვანო, იქ მოგივლიო.
დაღამებით კი მართლა დაღამებულიყო. სად მივდივართ, რა მომივიდაო, ბექაურმა. რაო და, ეშმაკმა იცის მაგ არხეინას თავი, მთელი ადგილი აღარ დაგიტოვა, ვერ გაგაგდებინეთ, ბოლოს ამირანამ თოფი გამოიტანა და მოჰკლაო. წყლისპირზე ნანახი არხეინას ლეკვების სიზმარი გაახსენდა. ისევ ასტკივდა და ახლაღა დაინახა ფეხი – გასისხლიანებული მარლებით შეხვეული წინა სკამებს შუა ედო. ეხლა დუშეთში ჩავირბენთ, გაგკერავენ, გადაგიხვევენ და შრატსაც გაგიკეთებენ, ნუ გეშინიაო.
“ცოფია მოდებული ქალაქში!” – მუსიკოსმა სლოკინით თქვა.
“ეს ფარა სადღა გამოეჩხირა!” – სიტყვა ბანზე შეაგდო ბიძაშვილმა. ბექაურმა ეხლაღა დაინახა ცხვრის ფარაში გახირულიყვნენ. გაუკვირდა: ამ შუაღამისას სად მიჰყავთ ცხვარი?
გოდერძა და ზელიმხანა არიანო, ბიძაშვილმა, ბოგირზე ვერ გადასულან, სხვებს ბოლოში მოქცევიან და ძალიან ჯავრობენ, გოდერძა სულ დედას იგინებოდაო. გინებაზე მწერალს ახედა ბექაურმა. იმანაც ჩამოხედა, დაიმორცხვა და, ეგეთი ყაურმა ჩემს სიცოცხლეში არ მიჭამიაო, შეაქო. მადლობას მიხდისო, უფრო გაბრაზდა. ყაურმის ხსენებაზე, მოულოდნელად ქვისლი გაწიწმატდა:
“რა წესია… რულზე ხო დამსვით და დამსვით… მერე დამხრჩვალი თევზით მომკალით კინაღამ და… ორი ჭიქა არ დამელია? ყაურმა, ყაურმაო, რომ იძახით, სულ არ მიჭამია მე ყაურმა… დილიდანვე მინდოდა ჭამა, მაგრამ ვინ გაჭამა…”
ჰო, კარგი, ჩავალთ და გაჭმევო, ბიძაშვილმა.
“რის ყაურმას მაჭმევ?” – ისე გაბრაზდა მეგრელი, ფანჯარა ჩასწია, რომელიღაც ჭედილას დააფურთხა. ჩამოწეული ფანჯრიდან უფრო ისმოდა ცხვრის ბღავილი.
“რის ყაურმას გაჭმევ და… რის ყაურმას და…”
“მოდი ერთი ცხვარი შემოვაგდოთ!” – მწერალი რის მწერალი იყო – ფანტაზია ოხრადა ჰქონდა. უი, მართლაო, ბიძაშვილმაც, ვინ რა ფეხებს გაიგებს, ამოდენა ცხვარიაო.
“რას ჰქვია შემოაგდოთ?! – უილაჯოდ გაბრაზდა ბექაური, თქვენ მე თვალში ხო არ გეპატარავებით? რა ცხვარი აგიტყდათ, ორი დღეა ცხვარსა ხეთქავთ? ანდა არა გრცხვენია, გოდერძას ცხვარი როგორ უნდა მოჰპარო? რა ჩემი სახლიკაცივით, არხეინასავით იქცევიო…”
მაგრამ ვინ დაგიგდო ყური. ერთი ცხვარი ხო მაინც შეპირებული იყავი… ის გოდერძას მიეცი, ჩვენ კიდევ ეხლავე ავიყვანთ, გოდერძა წინ არის წასული, მაგის ნებართვის აღებას დილამდე ვერ მოვახერხებთ, არადა შრატი გიგვიანდებაო.
ჯანდაბას, რაც გინდათ, ისა ჰქენითო, შეპირებული ცხვარი გაახსენდა ბექაურს. მიდი, ბიჯოო! – იდაყვი გაჰკრა ქვისლს ბიძაშვილმა, მაინც და მაინც დიდი ნუ იქნება, საშუალო თოხლი შემოაგდეო. მწერალი და მუსიკოსი განაბულიყვნენ. ვაი, ამათ პატრონს! – ტკივილმოძალებულმა ბექაურმა გაიფიქრა და თვალი მილულა. დაუმთავრებელი სახლი დაუდგა თვალწინ. ზამთარი მოახლოვებულიყო უკვე.
“რა ვიცი მე თოხლი რომელია!”
“რომელია და, აგე იმას ხო ხედავ, რქებიანს… აგე, იმასაც… რა სუ ჭედილები მოხვდნენ მანდეთ… შუქი ჩააქრეთ, კაცო! ჰოდა, ეგეთი არ უნდა იყოს, გაიგე? უფრო პატარა უნდა იყოს… ურქო… დასტაცე ხელი და ფეხებთან ჩაისვი! მე მუსიკებს ჩავრთავ…” – ბიძაშვილმა გადაატრიალა და რადიო ახრიალდა.
“შენთან სიზმრებში მოვალო…” – მღეროდა ვიღაც. მუსიკა რაღაში უნდა, ამ დედაშეღონებულს, ძილ-ღვიძლში გაუელვა ბექაურს, სიზმარზე კი ისევ კბილებდაღრენილი არხეინა გაახსენდა.
“კისერში ჩაავლე, კისერში! – აფუსფუსებულ და მანქანიდან გადახრილ ქვისლს არიგებდა ბიძაშვილი, – აი, ეგრე… ეგრე და მოკეტე ეხლა კარი!”
“ვოლგის” ჩაბნელებულ სალონში ჯერ ჩუმი ღრენა გაისმა, მერე ქვისლის კივილი… ბიძაშვილმა კარი გააღო და ცხვრებში გადავარდა…
“სულ არ ქონდა რქები!” – ამას ვინ იძახდა, ბექაურმა ვეღარ გაარჩია, – რა ვიცი თოხლი რომელია მე… – სახვევი ისევ გადასწია…
ჯერ მწერლის გასისხლიანებული თავ-ყბა და შიშისგან მოღრეცილი სახე დაინახა, მერე ალმასივით აკრიალებული ეშვები. იცნო – არხეინას ლეკვი იყო, გოდერძას რო აჩუქა და სიზმარში რო ნახა, სწორედ ის. წლინახევრის ნაგაზმა დედამისივით ცერად გამოხედა, ერთი დაიყეფა და ყელში არა, თავი ჩახარა და რატომღაც ფერდში წასწვდა…

* * *

ცარიელ პალატაში მარტო იწვა ბექაური. სხვა ადგილები ცარიელი იყო. გუშინ, გონზე რო მოვიდა და გვერდითა ლოგინზე თავ-ყბაშეხვეული მწერალი დაინახა, წვალებით გადაიხარა, კედელზე აყუდებული სახაზინო ყავარჯენი მოიჩოჩა და შიგ თავში ხეთქა. ძლივს გაარიდეს – კიდე რო დავინახო, მოვჰკლამო, ირწმუნებოდა. ბიძაშვილის ქვისლი უფრო ადრე წაეყვანათ. იმას თვითონ აუტეხია – გონზე რომ მოვა, მომკლავსო. მართალიც იყო.
საწოლის თავთან, თეთრხალათწამოსხმული გოდერძა ეჯდა ბექაურს. გაუპარსავ ლოყაზე ფიქრიანად ისვამდა ხელს:
“ბიჭებმა რო მითხრეს, არ დავიჯერე… აბა, რა დასაჯერებელია… თვითონ მაჩუქა-მეთქი…”
“არა-მეთქი! არა! რით ვერ გაიგე?! – ეს მერამდენედ უმტკიცებდა ბექაური, – ძაღლი რა ოხრობად მინდოდა? დაგლეჯილი სავადმყოფოში მოვყავდით.”
“ჰოდა, მეც ეგა ვთქვი – სავადმყოფოში მიდიოდნენ-მეთქი… ლეკვი კიდენა თითონ მაჩუქა-თქო… ძაღლების მეტი რა ოხრობა გვყავს, მაგრამ ეგ ისეთი ავია, ისეთი ავია… მაგრამ რა, შენ ოღონდ მითხარ და თუ გინდ ემსაათში აქ მოგიყვან.” – გოდერძა ძალიან ნელა, დუხჭირად აზროვნებდა.
ბექაურმა სიმწრით მომუშტა საბნის ქვეშ ხელები. ექთანი შემოვიდა. შპრიცი მაღლა აეწია, მზის შუქზე არყის ჭიქასავით გასცქეროდა.
“კუნთი მიჩვენეთ, ბიძია!”
“რაო, შვილო?”
“ნემსი უნდა გაიკეთოთ-მეთქი!”
“გავიკეთებ, მა სად გავიქცევი,” – ბექაური წვალებით გადაბრუნდა მუცელზე. ნემსს რო უკეთებდნენ, გონება გაუნათდა, ისეთი კარგი რამე მოიფიქრა, რო რაღაცნაირად ბალღურად ჩაიკისკისა კიდეც. ეგეთი რა ნემსიაო, ჩაკისკისებაზე გაუკვირდა გოდერძას, ეგრე რამ გაამხიარულაო.
“გინდა სიმართლე გითხრა?” – ექთანი რო გავიდა, დაეკითხა ბექაური. გოდერძამ თვალები დაახამხამა.
“მე ძაღლი რაში მჭირდებოდა? მე კი არა აი, იმ მწერალმა… აი, სუ ტელევიზორში როა…”
“რომელი ტელევიზორი… რაზე შევაერთო ეგ ტელევიზორი? ზელიმხანას ხო არ შევუერთებ… სად არი დენი?”
“სად არი და, სადაც არი… ჰოდა, აი, მაგან აიჩემა ქართულ ნაგაზზე უკეთესი ჯიში არ მეგულება, ისე მიყვარს, ისე მიყვარს, ვგიჟდებიო… მე კიდევ, შეღონებული ვიყავ, ჭიდაობას ხო ვერ დავუწყებდი, დასტაცა ხელი და შემოაგდო მანქანაში!”
“მწერალმაო?! – გოდერძა ჭერის თვალიერებას მოჰყვა, – მერედა, ეთქვა იმ დალოცვილს, რა თავს აჭმეინებდა… სულაც სახლში ჩავუყვანდი.”
“მაგრად კი დაუგლეჯია, ხო იცი… კინაღამ თან გადაჰყვა. თუ იმ ძაღლს ამოუყვან, სუ შენს ხსენებაში იქნება, ტელევიზორშიც იტყვის… გეფიცები. ის კი არადა, იმოდენა არხეინას ჩემს ეზოში დაეტაკა საფერებლად.”
“საფერებლად?… ხვალვე ამოვუყვან!”
“დილით უნდა გამწერონ. დღეს საღამოსვე ამოუყვანე, მეც მინდა ვნახოო, ბექაურმა, ეგეთ რამეს მეორედ სადა ნახავ… თან ძაღლის საქმეც კარგად იცის. მოუყვან თუ არა, აგე, გვერდით პალატაში წევს… სუ მარტოა, შეუღე კარი და ძაღლი შეუშვი, შენ საერთოდ ნუ გამოჩნდები, ის იქნება… რა ჰქვიან… სურპრიზი იქნებაო.”
ეგრე ვიზამო, წამოდგა გოდერძა, დაღამებისას აქ გავჩნდებიო. თეთრი ხალათი გაიხადა, გასვლისას ექთანი გააფრთხილა – ავადმყოფ კაცს თავის გაზრდილი ძაღლი უნდა ვაჩვენო, დიდხანს არ შეგაწუხებთ, მარტო თვალის შევლება უნდაო, და წავიდა.
შუაღამემდე ფხიზლობდა ბექაური. თორმეტი საათი იქნებოდა “ვილისის” ხმა რო გაიგო.
“გოდერძაა!” – ერთიანად დაძაბა. ცოტა ხანში ძმაკაცმა კარი შემოუღო, შუქები ჩაექროთ, მარტო დერეფანში ბჟუტავდა ლამფა, მაგრამ მაინც შეატყო, გოდერძას რაღაცა თუ ვიღაცა ექაჩებოდა უკან, დაგუდული ღრენაც ისმოდა.
“თანა ჰყავს!” – გაუწკრიალდა გულში.
“რომელ პალატაშია? – ჩურჩულით გამოსძახა გოდერძამ, – მარცხენა მხარეს თუ…”
“მარცხენა! მარცხენა!” – გაუქნია ხელი. გოდერძამაც გავიგეო და კარი გაიხურა. მალე მეზობელი პალატის კარის ჭრიალი მოესმა, მერე ჩაყეფებასავით რაღაც ხმა და გაგიჟებულმა ღრიალმა, რა ვიცი, მერამდენე კილომეტრის იქით, ფასანაურის “ინტურისტის” დარაჯი, ნაარყალი ალმაცერაც კი გამოაღვიძა. დაგვეცნენო, ძილ-ღვიძილში ნაღვლიანად გაიფიქრა ალმაცერამ, მერე ბალიშზე ამოყუდებულ თავის “უზატვორო” კარაბინს მოუთათუნა ხელი და კედლისაკენ გადაბრუნდა. თუ არაყს თავს დაანებებ, “ზატვორსაც” მოგცემო, დირექტორის ნათქვამი გაახსენდა, გაღიმებულმა მილულა თვალები და მალე ხვრინვაც ამოუშვა კიდეც.

იმ ღამის მერე აგე, უკვე მეათე წელი გადის, მანამდეც კარგი ორმოცდაათი ჰქონდა უკან მოტოვებული ბექაურს, მაგრამ რაც იმ კარის დაჭრიალებას და ღრიალს მოჰყვა, იმაზე სასიამოვნო, არც ამ ათ წელიწადში, არც მანამდელ ორმოცდაათში, თავს არასოდეს გადახდენია.
არადა ბოროტი კაცი არ იყო ბექაური – ცხვარიც უყვარდა, ცოლ-შვილიც, მწერლებიც და არც ძაღლები ეჯავრებოდა მაინც და მაინც…

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box