პოეზია

პაატა შამუგია – წერილი მეგობარს…

paata shamugia4

წერილი მეგობარს, რომელსაც კიბო აქვს და იმედია, მალე მოკვდება  

 

შენ, ვინც ქეჩოში წვდები ნებისმიერ სასურველ მომენტს,

თუ დაგჭირდება, სიყვარულსაც

მოვალეობის ვიწრო ყუნწში გამოატარებ,

დაწრეტ წარსულისგან

და აავსებ დღევანდელი დღით…

დიდი ხანია, არაფერი დაგვრჩა სათქმელი

და როცა ერთმანეთს ვხვდებით,

არაყს ჩუმად ვსვამთ

და სიჩუმეებს უხერხულად ვაჩხარუნებთ,

და თუ, ბედად, იქვე გვერდზე გამოჭენდება

კომპლიმენტებზე ამხედრებული ლამაზი გოგო,

ერთი-ორ უხამს აზრსაც გავადევნებთ,

ისე, ყოველი შემთხვევისათვის,

თითქოს კუდივით გაგვექნიოს

სიტყვების თავზე ჩამოწოლილი

მნიშვნელობების მთელი სიმძიმე

შენ, ნათელი ხვალის მქონე მეგობარო,

საკუთარ ჩრდილზე ფეხი არ აგისხლტება,

არ შეშფოთდები, თუ დაჭრილი მეგობრის კვნესა

ჩიტივით მოცურავს მეზობელი კორპუსიდან,

შენ, პერსპექტივებით გავსებულო,

საიმედო მომავლის და შენგენის ვიზის მქონევ,

პოეტები სიცილს გგვრიან, გულიან სიცილს:

(“აჰ, ეს მალარმე, რილკე, რემბო…”)

და განა არ არის სასაცილო,

დაკავდე ასეთი არარენტაბელური საქმით – პოეზიით,

როცა არსებობს იბიცა და კურილია

როცა არსებობს რამდენიმენულიანი საბანკო ანგარიში,

პერსპექტივები, კარიერა, ქერა ნაშები…

დამიჯერე,

პოეზია გახდება ისევე მძაფრი,

როგორც რელიგია ან პორნოგრაფია,

და პოეტი გახდება ისეთივე გავლენიანი,

როგორც მეუფე იაკობი ან საშა გრეი…

(პოეზიის და ძალაუფლების გადაკვეთა…

დისკურსები… დისკურსები…)

ქვიშაზე ვაშენებ მე ჩემს იმედებს,

ქვიშისაა ჩემი სხეულის

გამომშრალი, ზანტი სტრუქტურაც…

აქვე ლეთაა – დავიწყების მდინარე,

სადაც ერთხელაც ვერ შევედით,

ტალღებმა სწრაფად გამოგვრიყეს.

რაღაც გვაკლდება, შესაძლოა, ხსოვნის სიმყარე.

ჰო, ასეა,

თუ არ გალესე ხსოვნის კედელი,

მდინარეში კი არა,

ერთ აუზშიც ვერ შეხვალ ორჯერ…

ქვიშაზე ვაშენებ მე ჩემს იმედებს,

ქვიშისაა ჩემი სხეულის

გამომშრალი, ზანტი სტრუქტურაც.

იმედიანად ვარ – ცა თავზე არ ჩამომემხობა,

რადგან მერცხლები შევუბჯინე, მაშასადამე,

ჭერიც თავზე არ დამექცევა,

სიგარეტის ბოლს საიმედოდ შეუდგამს ბეჭი,

და არც მიწა გამომეცლება ფეხქვეშ –

რადგან აღარ მყავს მეგობრები…

ესე იგი, აღარც მტრები.

 

“მე ვარ შენი მეგობარი!”

შენმა ყვირილმა

მთვრალი კაცები მოახედა ჩვენკენ ირიბად…

შენ არ ხარ ჩემი მეგობარი,

მე მოგიგონე,

ანდა, ასე ვთქვათ, გავიშაყირ-გავიქილიკე.

ეს კი არის ლიტერატურა –

სიცრუის მანქანა, წერითი ბოროტება…

თუმცა, აღარცაა, სხვა რამედ იქცა,

ჯერ სახელიც რომ არ ჰქვია.

“ყოველთვის, როცა წერას ვიწყებთ,

კითხვა დაესმის თვით ლიტერატურას”.

მაგრამ ამჯერად პირიქით მოხდა:

აქ კითხვა დაესმის ჩემს არსებობას,

ლიტერატურა კი აგრძელებს ყოფნას,

ისე, თითქოს, მე არც ვიყო,

ანდა ვიყო, მაგრამ არც ისე.

შენი ყოფნაც ლექსის ბოლომდე გაგრძელდება,

ისე, თითქოს არც შენ იყო,

ანდა იყო, მაგრამ არც ისე

ანდა გქონდეს ყელის სიმსივნე,

იჯდე ჩემ წინ, ილუკმებოდე

და პირში ვარდივით გიყვაოდეს

ჰამბურგერი და ჩემთვის სათქმელი თბილი სიტყვები.

P.S. ლევან ცერცვაძეს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია. მას ყელის სიმსივნე აქვს. გამოაგზავნეთ ნებისმიერი თანხა ამ  საბანკო ანგარიშზე:

საბანკო კოდი: TBCBGE22

ანგარიშსწორების ანგარიში: GE09TB7492336010100002

© “არილი

Facebook Comments Box