პოეზია

პაპუნა გიორგაძე – პამიდვრის გამყიდველი და სხვა ლექსები

 

პამიდვრის გამყიდველი

დასვრილი სახით,

მამის გამონაცვალი სპორტული სამოსით,

თვალებში ჩადებული მუქი ფერის ლინზებით,

ყოველ დილით გავდივარ სახლიდან და პამიდორს ვყიდი.

საუბედუროდ, ჭილოფის ქუდი ძალზედ უხდება ჩემს ხორბლისფერ თმებს,

ჩემს ხორბლისფერ თმებს მზეზე გახუნებაც უხდება,

ამის გამო ორი ზომით დიდი კეპი მახურავს,

ნიუ-იორკის ინიციალებით,

და შიგ შეკეცილი ჩემი თმების გადმოცვენის ყოველდღე მეშინია.

ასე ჩაცმული, ყოველ დილით გავდივარ სახლიდან,

მივდივარ ბაზარში, დახლს ვაღებ და პამიდორს ვყიდი.

ვუფრთხი ნაცნობებთან საუბარს,

ვცდილობ მალე მოვიშორო ყველა თავიდან და იაფად ვაძლევ პამიდორს,

მახარებს უცხოებთან ურთიერთობა,

რადგან არასდროს უკითხავთ ჩემი მისამართი,

არ გამოუთქვამთ შინ გაცილების სურვილი,

და არასოდეს აღუნიშნავთ

რომ ისე ლამაზი ვარ, პამიდორს კი არ უნდა ვყიდდე,

შინ უნდა ვიჯდე და ველოდო ისეთ ქმარს,

რომელიც ჩემს ცხოვრებას უზუნველყოფს.

სხვა გოგოების მამები თუ ლამაზად ჩაცმას უშლიან შვილებს,

მე მამაჩემი მეუბნება, რომ უფრო გამომწვევად ჩავიცვა.

მეუბნება რომ მოვიცილო პროვინციული კილო,

რომელიც პამიდვრის გაყიდვის დროს ავიკვიატე,

მეუბნება რომ ვიყო უფრო თავაზიანი,

განსაკუთრებით ჩემი ტოლი, და ცოტა დიდი ბიჭების მიმართ,

თითქოს ის ხურდა ვიყო, რომელიც პირველ მუშტარს ვერ დავუბრუნე

და გვერდით მყოფი გამყიდველისაგან ვინათხოვრე დილით,

თითქოს ის ყუთი ვიყო, რომელსაც პამიდვრით სავსეს ვატან მუშტარს,

ის კი სანაცვლოდ უპამიდვროს მიტოვებს,

თითქოს ის სპორტული ზედა ვიყო, მამაჩემისგან რომ ვნათხოვრობ ყოველდღიურად,

არადა, ბევრი ოცნებაც კი არ გამაჩნია,

მართლა მინდა რომ დავიხურო ჭილოფის ქუდი,

ჩავიცვა ჩემი ასფალტისფერი კაბა,

ვიყურებოდე ჩემი ცისფერი თვალებით და ღიმილს ვჩუქნიდე ყველა მუშტარს,

და ამ ყველაფერს ვაკეთებდე შიშის გარეშე,

შიშის, რომელიც წყევლასავით გვტანჯავს გოგოებს,

შიშის, რომელიც აგზნებული თვალებიდან მოდის,

შიშის, რომლის საბაბი სულაც არ არის უსაფუძვლო,

სწორედ ამიტომ, ყოველ დილით, დასვრილი სახით,

მამის გამონაცვალი სპორტულებით და ორი ზომით დიდი კეპით,

გავდივარ სახლიდან, ვაღებ დახლს და პამიდორს ვყიდი.

 

დღემდე მოსვლა

წარსულიდან ბევრს ვერაფერს ვიხსენებ,

არ მახსოვს რას მღეროდა დედა, ანდა, მღეროდა თუ არა საერთოდ,

არ მახსოვს როგორი ხმა ჰქონდა მამას,

და ჩემი სახლიც აღარ მახსოვს უკვე ჩემს სახლად.

აი ის დღე კი, როცა ოდნავ დიდი პიჯაკით

და მხარზე გადაკიდებული ხელჩანთით მივდიოდი დილით ქუჩაში,

არასოდეს დამავიწყდება.

სულ ოთხნი იყვნენ, თეთრი, რუსული ვოლგის გარშემო,

ანუ სულ ხუთნი ვიყავით იმ ვოლგაში რამდენიმე წუთის მერე,

მტკიოდა შუბლი, რომელიც მანქანას მივარტყი, როცა შიგ მტენიდნენ,

მეწვოდა წელი, რომელზეც ხელი მომიჭირეს როცა მანქანაში მტენიდნენ.

შუა გზაში თქვეს, მოგვდევენო,

მამა მოგვდევდა, ჩემი მამა, ჩემი იმედი,

და მაშინ, როცა ეს იმედი მამის სახით ჩემს მუცელში გაჩნდა,

სახეზე ამაფარეს მძაფრი სითხით დასველებული ცხვირსახოცი

და მანამდე დავკარგე გონება, სანამ ფეხებს შორის მდუღარე შანთით

არ გამომიწვა მთელი სხეული მან, ვინც ამბობდა რომ ვუყვარდი.

თვალები რომ გავახილე, ვოლგის ფანჯრიდან დავინახე ხელებაწეული მამა,

რომელიც ამბობდა რომ უკვე მას აღარ ვეკუთვნოდი,

და ულოცავდა თავის „სიძეს“ ბედნიერებას.

სოფელში მისულს დამხვდა ქალი, რომელიც მიყვებოდა,

რომ ისიც ჩემსავით მოიტაცეს, საბოლოოდ კი ყველაფერი ისე კარგად აეწყო…

მიმტკიცებდა რომ შევეჩვეოდი, შევიყვარებდი,

მით უმეტეს, თუ „მოსახდენი მომხდარი იყო“.

მე ვუსმენდი და ერთ რამეზე ვოცნებობდი,

რომ ეს პირველი და უკანასკნელი სქესობრივი აქტი მასთან

არ გამხდარიყო მიზეზი ჩემი ფეხმძიმობისა,

რადგან აბორტის ფულს ვერსად ვიშოვიდი,

დარჩენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო,

არც დავრჩენილვარ,

სამდღიანმა ისტერიულმა კივილმა შედეგი გამოიღო და გამომიშვეს.

მამამ აღარ მიმიღო, რადგან თურმე ჩემში მხოლოდ გაუხეველი აპკი უყვარდა მამას,

დედამ აღარ მიმიღო, რადგან დედას ეშინოდა და ერიდებოდა მამის,

და უცებ ყველაფერი გაქრა,

ისე გაქრა რომ ამ გაქრობიდან ოცი წელი გავიდა უკვე და ყველაფერი კვლავ გამქრალია,

არ მახსოვს რას მღეროდა დედა, ანდა, მღეროდა თუ არა საერთოდ,

არ მახსოვს როგორი ხმა ჰქონდა მამას,

და აღარც მინდა რომ მახსოვდეს, რაც მთავარია!

 

დემოკრატია

დემოკრატია. ნერვების თოკვა,

ქშენით,

დემოკრატია. შიმშილი, შიმშილი, შიმშილი,

დემოკრატია, ანალის ლოკვა,

ენით.

და ქვეყნის ხელში თვალს და ხელს შუა იშლები.

 

დგას ოკუპანტი პატრიარქივით მყარად,

დგას მიწის წილი დემოკრატია, დემო,

დემო ვერსია, დემოკრატია, მარად

დემოკრატიულ დემოკრატიის გემო,

დემონსტრირებენ ბაობაბები რწმენით

და გურუ მათი თუ ლოკაციას იდგენს

დრო არის ხალხი მომარჯვებული ენით

ლოკავდეს მწარე ბაობაბების დინდგელს.

სხეულს კი არჩენს მხოლოდ ლოცვა და ლოკვა

და ქვედა ტუჩზე მადლის დუჭების თქეში,

და გულისრევის ნერვების ძალის თოკვა

შენი ნერვები – დემოკრატიის ხელში.

 

ხშირად სიზმრებში საკუთარ კისერს ახრჩობ,

სახლში მთვრალივით ამოიტანე ძრწოლა

შენი შვილები – დემოკრატიის ჩარჩო,

შოვინისტური მელანქოლია – ცოლად.

ეს როლი ყველას, ვინც სხვანაირად როშავს,

მადლიერი ხარ წრეზე გატარებს რუკა

და ვერაფრით ვერ ჩამოიცილე დროშა

რომელიც ხედავ – ჩრდილში მოგყვება უკან.

 

ღამე ცივი და შენი საბანი – თხელი

ხალხის მზერაში – შენი სტატუსი – მგოსნის

აი იხილე ხელისუფალის ხელი

და რელიგიის წინამძღვარივით კოცნე!

 

რომ ვინმემ სადმე არ შეადაროს დემონს,

ყოველ სხვა სიტყვას გაჭრი სხვა მასტის კარტით

დემოკრატია, დემოკრატია, დემო

დემოკრატია, კრატია, დემო, კრატი.

 

სოციალური მანიფესტი

ვისი სირცხვილია სექსუალური ძალადობა,

რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში დაფიქსირდა,

გაუპატიურებულის თუ გამაუპატიურებელის?

სად ყრიხართ ამ დროს პოეტებო და რა ჯანდაბაზე წერთ?

იმ გოგოს თქვენი ლექსის გარეშეც ლამაზი თვალები ექნება,

სხვათა შორის თქვენს ლექსზე ლამაზი!

დღეს სხვა რამეზე უნდა წეროთ,

თუნდაც იმაზე, რომ მეძავის გაუპატიურება კანონით არ ისჯება,

რადგან გაუპატიურება ეს არის ნამუსის ახდა,

ხოლო კონსტიტუციის მიხედვით, მეძავს არ აქვს ნამუსი.

მინდა შემეძლოს ხმამაღალი ლაპარაკი,

რომ მსოფლიოში გავავრცელო ხმა ჩემი ქვეყნის შესახებ,

იგი პოეტური ფლირტით არის დაკავშირებული მშიერ შვილებთან

და დღემდე დუმს.

მას პასუხები არ გააჩნია,

ისევე როგორც სხვებს, ვისთვისაც იესოს პირველსახეობა

სავიზიტო ბარათად იქცა.

ბარათად, რომლის მეშვეობითაც დაუშვებელიც დაშვებული ხდება,

ისინი მრავლდებიან ყოველდღიურად, უარყოფენ მომავალს

სიტყვა რომანტიზმის განმარტების გარეშე,

იგუდებიან წარსულის სუნში

და კლავენ იესოს სახელით,

სექსუალურად ძალადობენ იესოს სახელით,

იპარავენ იესოს სახელით,

სცემენ იესოს სახელით,

სასჯელს იხდიან იესოს სახელით,

ამნისტია ეხებათ, რასაც, ცხადია, იესოს სახელს უკავშირებენ და იწყება თავიდან,

იქმნება ცირკულაცია, ამ სიტყვის მნიშვნელობის ცოდნის გარეშე,

შემდგომში იქცევიან გმირებად, შაბლონებად, უჩნდებათ უხილავი ბომონი,

იმკვიდრებენ სახელს და ქმნიან წარსულის იდენტურ მომავალს.

უმნიშვნელოა, მართლა იყო თუ არა მეძავი

მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გაუპატიურებული ქალი?!

თუმცა ის კი ცხადია, რომ მან ვერ იპოვა სამართალი,

გულდამძიმებულმა თავი ჩამოიხრჩო,

ხოლო ყველა, ვისაც უნდა ეყვირა, დადუმდა,

და ასე გრძელდება დუმილი,

და ასე გაგრძელდება მარად,

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისა,

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!

ოღონდ ამინ – არა,

ყოველი შემთხვევისთვის, ჩემი პირიდან ვერ მოისმენთ ამას!

 

მასობრივი დისკრიმინაცია

იგი არ იდგა მარტო,

თუმცა ის, ვინც მის გვერდით იდგა თვლიდა რომ იდგა მარტო,

ხოლო მათ წინაშე ხალხი იწყებდა მოძრაობას.

– ეს შეუსაბამოა ჩვენი მენტალიტეტისთვის –

ამბობდა დაწინაურებული, რომელსაც მხარს უბამდა

ქუჩაში საგანგებოდ შეგროვილი მასა,

ხოლო სამართალდამცავი, რომელსაც სიკვდილის სუნი სცემდა, უმოძრაოდ იდგა.

ტელევიზიები გადმოსცემდნენ რეპორტაჟებს,

ხოლო ტელეეკრანებთან მოკალათებული ბავშვების შაბლონები

იყვნენ იქ გამოჩენილი გმირები, რომლებიც

ეროვნული ღირებულებების გადასარჩენად იბრძოდნენ.

 

სწორედ ეს არის სახელმწიფო, სადაც შესაძლებელი არის წერა,

საზოგადოება, რომელიც არსებობის იმიტაციას ქმნის

მავალდებულებს ჩემი სახელის სწორად გამოყენებას.

სტრუქტურა დუმს, როცა საზოგადოებრივი კანონით

ისჯება განსხვავებული პოზიცია.

სტრუქტურა დუმს, როცა საზოგადოებრივი კანონი

ეწინააღმდეგება სამართლებრივ კანონს.

სტრუქტურა დუმს როცა საზოგადოებრივ კანონს

სასულიერო მოღვაწეები წერენ.

 

იგი კი ამ დროს არ დგას მარტო,

ხოლო მისი გვერდით მდგომი თვლის რომ დგას მარტო,

უკანასკნელი შანსი არის გაქცევა საკუთარი თავიდან,

და მაშინ, როდესაც საკუთარ თავს გაქცევა არ შეუძლია,

მას მოსდის სისხლი,

ხოლო კეთილშობილი სამართალდამცავი დუმს,

რადგან საზოგადოებრივ კანონს, ეთიკურ კოდექსს,

ეთნიკურ ღირებულებებსა და ყოველგვარ კონსტიტუციურ ვალდებულებებს

ქმნის ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი – სასულიერო პირი.

 

ტელეეკრანებიდან იწყება ფსიქოლოგიური ომი

გარდაცვლილის დედასა და გარდამცვლელის დედას შორის,

ტელეეკრანებიდან მოდის კამათი უფლება დაცულებსა და

უფლების დამცველებს შორის.

ტელეეკრანებში ჩანს ომი პიროვნულ სენტიმენტებსა

და არსებობის ისტორიებს შორის.

ქუჩებში მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ჩაგვრა

გამარჯვებულების მიერ, დამარცხებულთა მსგავსი

ვიზუალის მქონე პირებისა,

დაღლილი დედები ლოცავენ გამარჯვებულებს,

და სწორედ ეს არის სამოქალაქო ომი.

 

სად არის აქ სახელმწიფო, რომლის ვალია აღმოფხვრას

ყოველგვარი ინციდენტი, რომელიც ფსიქიკურ ჩაგვრას განაპირობებს,

სად არის აქ ისტორია, აწმყოს უარმყოფელი და წარსულის მეხოტბე რომანტიკოსი,

სად არის აქ მიწა, რომელიც საარსებო მინიმუმის სანაცვლოდ მსხვერპლს ითხოვს ჩემგან.

სად არიან ამ დროს პოეტები, რომლებიც გამუდმებით დაკარგულ ტერიტორიებზე

ჭყავიან დაუმთავრებელი, უნიჭოდ გარითმული ჰიმნოგრაფიებით.

სად არიან ამ დროს სამართალდამცავები, და რამდენი მათგანი ეტევა

სასულიერო პირის უკანალში.

სად არიან ამ დროს პოლიტიკოსები, რომლებიც საზოგადოებრივი კანონის

წინააღმდეგ წასვლას ვერ ბედავენ უფლებამოსილების დაკარგვის შიშით.

სად არიან სწორედ ისინი, რომლებიც სრულყოფილ რასას ქმნიან,

ვინ არის მათი შაბლონი, ან რა განაპირობებს მსგავს დეგრადაციას,

რატომ არის დუმილი და რატომ დგას მძაფრი შიშის სუნი.

რატომ მეშინია წერის და ვინ დაიცავს ჩემს უფლებებს,

როდესაც ამ ყველაფერს გააშინაარსებს ვინმე, ახალნაწვიმარი გუბესავით

სავსე ეროვნული პათოსით.

რომელსაც რელიგია მოუწოდებს ომისკენ, სამოქალაქო ომისკენ,

და არ იქნება მის მუცელში ეთიკური დილემის ნატამალი,

იგი აღასრულებს მოვალეობას, და კანონი იქნება მის მხარეს.

გამოვა დედა, რომლის წინააღმდეგ გამოვლენ სხვა დედები.

ჩატარდება მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება და შეიცვლება სასაუბრო თემა,

და ყველაფერი, რაც წარსულია, იქცევა მომავლად.

 

აქ ვის იმედად იყოს ჩაგრული მხარე?

ღმერთის, რომელსაც ყოველგვარ მსგავს ქმედებას აწერენ,

თუ სამართალდამცავების, რომელთა აზრითაც უფლებები არ გამაჩნია?

დიახ, საშიში ფიქრი დეგრადირებულთა შორის,

საშიში არის ყვირილი ყრუთა შორის,

თუმცა მე დუმილს არ ვაპირებ.

 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში

შემდეგ გაჩერებას უახლოვდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტი,

ამის შემდეგ ბაზარია,

ხოლო ბაზრიდან ჩემს სახლამდე – სამი გაჩერება.

ღია ფანჯრიდან შემოდის ცხელი ჰაერი,

რადიოდან უნიჭო მომღერალი

სომხურ ფოლკლორს მღერის ქართულ ენაზე,

ჩემს უკან მთვრალი კაცი ზის, – სპირტის სუნად ყარს,

ჩემს გვერდით ახალგაზრდა ზის – ოფლის სუნად ყარს,

ჩემს წინ შუახნის ქალი ზის, – სუნამოს სუნად ყარს,

ჩემს სკამზე მე ვზივარ, ალბათ მეც ვყარვარ რამის სუნად!

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბაზართან აჩერებს,

წამებში ამ შეჩვეულ სიმყრალეს

ხმაურიანი ოთხფეხის ფქვილის ტომრიდან გამოსული სუნი შეერევა.

წაეჩხუბება მგზავრი მძღოლს, მძღოლი – ვაჭარს!

წინ მჯდომი ქალის მძინარე ჩვილი გაიღვიძებს და დაიწყებს ტირილს,

რადიო ახალ უნიჭო თანამემამულეს გაგვაცნობს.

კართან მდგომ ახალგაზრდას, რომელიც ვიზუალით ჰგავს გეის,

არ ესმის რადიოს ხმა, რადგან ყურში აქვს ყურსასმენები

და თავისი გემოვნებით უსმენს მუსიკას.

მასთან ახლო სკამზე მჯდომი ბიჭები

ირონიით უყურებენ გეის და შანსს ეძებენ

რომ ჩაათრიონ ტრანსპორტიდან და მაგრად სცემონ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიწისქვეშა გადასასვლელთან აჩერებს,

ამოდიან ახალი მგზავრები,

მძღოლი ჩადის ტრანსპორტიდან,

მძღოლი ჩადის მიწისქვეშა გადასასვლელში,

მძღოლი ამოდის მიწისქვეშა გადასასვლელიდან და შარვლის ელვას იკრავს.

მძღოლი ჯდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭესთან და გრძელდება გზა.

გეი საყვედურობს მძღოლს.

ახლოს მჯდომი ბიჭები იცავენ მძღოლს და რიგგარეშე გაჩერებაზე

ჩაჰყავთ გეი საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან.

ფანჯრებიდან ცხელი ჰაერი შემოდის,

ჩემს უკან მჯდომ მთვრალს ჩაეძინა,

ჩემს წინ მჯდომი ქალი პოლიტიკურ დებატებში შევიდა

მის გასწვრივ მჯდომ სხვა ქალთან.

ჩემს გვერდით მჯდომი ჩავიდა.

რადიომ ახალი სიმღერა წამოიწყო,

ჩემს გვერდით უგემოვნოდ ჩაცმული გოგო დაჯდა

აწითლებული ლოყებითა და ხელში ქსეროქსებით.

მძღოლმა ვიღაც დამწყებს ხმამაღლა შეაგინა წესების დარღვევის გამო,

მძღოლის უკან მჯდომმა ქალმა საყვედური გამოთქვა ბილწსიტყვაობის გამო,

ჩემს გვერდით მჯდომმა უგემოვნოდ ჩაცმულმა გოგომ

ჯერ მას აუბა მხარი, შემდეგ კი პოლიტიკურ დებატებში ჩაერთო.

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა გააჩერა.

სახლში მოვედი!

© არილი

Facebook Comments Box