პროზა

კობა ცხაკაია – ყველაფერი ტყუილია

გრიშა (გრიგოლ) ა. იყო მაღალი, ათლეტური აღნაგობის, ორმოცს მიტანებული მამაკაცი.  ხშირი წარბების ქვეშ კეხიანი ცხვირით და ღრმად ჩასმული მომწვანო-მოყავისფრო თვალებით.

მისი უზარმაზარი ტორები და დაკუნთული კისერი ნახვისთანავე იპყრობდა ყურადღებას. ხელის ჩამოართმევისას გრიშას თითები  ვაზის ფოთლებივით შემოეხვეოდნენ მისასალმებლად გამოშვერილ გალეულ ხელს, და მოსაუბრეს იმავე წამს ნეტარი სიმყუდროვე და სიმშვიდე ეუფლებოდა.

აი, ასეთი ჰარმონიული და გადამდები აურის მატარებელი იყო ეს კაცი.

რატომ ვყვები მასზე?

მოგახსენებთ: გრიშა უნიკალური იყო, რადგან ფიზიკურად და მორალურად ვერ იტანდა გაზაფხულს.

 

კარგი კაცი კი იყო, დოვლათიანი, ბარაქიანი და სტუმართმოყვარე. წარმატებული კარიერაში… სამეგობროს სული და გული. ოთხი შვილის მამა და მოსიყვარულე მეუღლე… თითქოს ყველაფერი საოცრად სტაბილური, აღმატებული და განსაზღვრული ჰქონდა…

მაგრამ, დგებოდა მარტის თვე… სამზარეულოს კედელზე ჩამოკიდებულ კალენდარს ხელის ცახცახით ჩამოგლეჯდა და გაზაფხულის მცირედი სუსხით გაჟღენთილ ჰაერს ზიზღით, უფრო სწორად კი, ზიზღში გადაზრდილი პანიკური შიშით ჩაისუნთქავდა და ამოიოხრავდა:

-„მოვიდა, ისევ მოვიდა ეს…“

 

საქმე ისაა, რომ ამ დროს, ანუ მარტის პირველსავე დღეებში, გრიშას  კვირტები ამოსდიოდა. დაკუნთულკისრიან, მიქელანჯელოს „მოსესავით“ გამოკვეთილ თავზე  ა მ ო ს დ ი ო დ ა…

 

დიახ, მაშინ, როცა მთელი ბუნება იღვიძებდა, სამყარო ხარობდა, ასე ვთქვათ, იზმორებოდა ზამთრის ხანგრძლივი და ღრმა ძილისგან გამოფხიზლებული და მზის სხივებს ნეტარებით შესციცინებდა, ერთადერთი არსება, სულიერი, ადამიანი, კაცი, რომელიც ასეთ ჟრიამულს სხვაგვარად ხვდებოდა, იყო გრიშა ა.

 

საერთოდ, მას ძალიან უყვარდა ძილი, რადგან დღის მანძილზე უამრავ სამუშაოს ასრულებდა. საღამოს კი, საამაყო შვილიკოებთან და მოსიყვარულე მეუღლესთან ურთიერთობის შემდეგ, ნასიამოვნები, კმაყოფილი, დაქანცულ – დამშვიდებული და შესრულებული ვალდებულებებისგან გასავათებული, მოწყვეტით ეცემოდა საწოლზე და სიზმრების სამყაროში იძირებოდა.

დილამდე ფეხსაც არ გაანძრევდა, მხარსაც კი არ იცვლიდა, თვალსაც კი არ გაახელდა… ასე იყო ზაფხულში, ასე იყო შემოდგომაზე, ასე იყო ზამთარში…

 

მაგრამ საკმარისი იყო თებერვლის ბოლოს, ამ წუმპიანი ზამთარ-გაზაფხულის თვის, უკანასკნელ დღეს ჩაეთვლიმა, ან უბრალოდ თვალი მიელულა, რომ იმწუთასვე ერთი და იგივე საზარელი ხილვა აფორიაქებდა, ცივ ოფლში გაღვითქულს ეღვიძებოდა – „გრანიტის ბურთი აგუგუნდებოდა გრიგოლის სიზმარში. ეს ბურთი ნელ-ნელა იბზარებოდა და… თვალისმომჭრელი სინათლე, გამანადგურებელი სიმხურვალის კაშკაშა ნათება ამოიფრქვეოდა კუშტი, ცივი შიგთავსიდან“… ეს ზმანება ა.-ს არ აძლევდა ძილის ბურუსში ჩაძირვის საშუალებას… ელდანაკრავივით წამოხტებოდა, შიშით ათრთოლებული მიმოიხედავდა… ამ დროს ვინმეს რომ დაენახა, ეგონებოდა, გადმოკარკლული თვალები ეს-ესაა ბუდეებიდან გადმოსცვივდება და იატაკზე პინგ-პონგის ბურთებივით გაგორდებიანო.

 

  • დდშვც! – კბილებში გამისცრავდა გაწამებული გრიშა, – დდმგტყნ! – დაამატებდა და კოპებით დაფარულ თავზე ფრთხილად გადაისვამდა ხელს.

არა, ის არ იყო უზრდელი კაცი.

გრიგოლს არ უყვარდა გინება, მაგრამ იმ ღამეს თავს ვალდებულად თვლიდა, ასეთი უწმაწური გამონათქვამებით წაებილწა უმწიკვლო და ყველასთან მაღალინტელიგენტური საკუთარი მეტყველება.

 

ჩვენში დარჩეს, ეს ავადსახსენებელი „საკოკორე კოპები“, თვალში საცემიც არ იყო… ისინი პაპწაწკინტელა ბორცვიკოებად მოედებოდნენ გრიშას „უბედურ“ თავზე, უფრო სწორად კეფაზე, საფეთქლებსა და კინკრიხოზე, ანუ იმ სივრცეზე, რომელიც თმით ჰქონდა დაფარული. აქედან გამომდინარე, „საშველი მაინც არსებობდა“ – ხუჭუჭა თმების წყალობით, გრიშა ადვილად მალავდა კვირტებს.

„გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო!.. ემანდ, რომელიმე დალაქმა არ წამოაყრანტალოს ჩემი „აყვავების“ ამბავი და ხალხში თავი არ მომეჭრასო“, საცოდავი გირგოლი, სკოლიდან მოყოლებული, თმებს საკუთარი ხელით იჭრიდა… და საკმაოდ დახელოვნდა კიდეც ამ საქმეში.

რაკი თავზე ამოსული კვირტები სირცხვილად მიაჩნდა, თავს იმით ინუგეშებდა, – „კიდე კაი, კვირტებია და არა რქები, ან უფრო უარესიო!“.. და ცდილობდა ეცხოვრა ისე, თითქოს არც არაფერი ხდებოდა. სამსახური, მეგობრები, მოვალეობები, მეუღლე, შვილები, სპორტი, ინტერვიუები და ა.შ.. საბედნიეროდ, ვერავინ ამჩნევდა გრიშას თავს მიმდინარე ცვილებებს.

„კიდე კაი, კვირტებია და არა რქები, ან უფრო უარესიო!“..

დიახ, როგორც ხედავთ, მის შელახულ „კაცურ სიამაყეს“ ეს სიტყვებიც მალამოსავით ედებოდა, მაგრამ სულიერ ტკივილს დიდხანს მაინც ვერ უყუჩებდა და ტყეში მარტოსულად  ხეტიალით, სირბილით ან ღრიალით, იამებდა საგაზაფხულოდ მოვლენილ ტანჯვას.

 

თუმცა იყო ამ ყვავილობაში სასიამოვნო და ფერად-ნეტარი მომენტებიც. გრიშას ნუგეში ის იყო, რომ ასეთი მშფოთვარე მდგომარეობა, მხოლოდ ორი-სამი დღე გრძელდებოდა, მანამ, სანამ საკოკრე კოპები ტკაცატკუცს დაიწყებდნენ, ამოიყლორტებდნენ და პატარ-პატარა bouton-ებად  გაიშლებოდნენ.

ეს „ტკაცატკუცის“ ხმა, მხოლოდ გრიშას ესმოდა, და თითოეული ბგერა, ზუსტად ეუბნებოდა სად, როდის, რა ფერის, რა ფორმის და რა სურნელის კვირტი გასკდებოდა  და იყვავილებდა მის „გოგრაზე“.

 

არ შეიძლება  ყურადღების გარეშე დავტოვოთ ეს ხმა, ანუ ე.წ. „ტკაცატკუცი“.

საქმე ის გახლავთ, რომ ეს „ტკაცატკუცი“ კი არ იყო, არამედ რეალურ მელოდიად ჟღერდა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევოდა შოპენის “Mariage d’Amour“-ს, ანუ გაზაფხულის ვალსს.

ამ მელოდიის დიდი მოყვარული იყო გრიშაც. უბედურება ისაა, თუკი ადრე ეს მელოდია მხოლოდ სამი-ოთხი, ან ათი ნოტით გაიჟღერებდა მის თავზე თუ თავში, ახლა მთელი 5 წუთი და 11 წამი გრძელდებოდა, რაც კვირტების რაოდენობის ყოველწლიური ზრდით იყო გამოწვეული.

„ეს რომ სიმფონიად იქცევა, მერე ნახე გრიშაია, შე აყვავებულო უბედურო!“ – მწარედ ჩაუცინებდა საკუთარ თავს და გული „Vivace“-ს ტემპში აუბაგიბუგდებოდა.

საქმეს ისიც ართულებდა, რომ ეს „გაზაფხულის ვალსი“, „ამოკვირტვა-აყვავილების“ შემდგომ უფრო და უფრო ხშირად მეორდებოდა. საკმარისი იყო, ა.-ს თავზე ხელი გადაესვა, ან ნიავს გადაერბინა მის ხუჭუჭა, მაგრამ აკურატულად შეჭრილ თმაში, რომ „Mariage d’Amour“ ეგრევე აჟღერდებოდა.

„ლა-ლა – ლალალა – ლა-ლალა“ – ესმოდა ქუჩაში თუ კაბინეტში, საპირფარეშოში თუ გასვენებაში, თათბირზე თუ ბუნების წიაღში… „ლა-ლა – ლალალა – ლა-ლალა“  მარტო ყოფნისას, თუ ხალხით გადატენილ დარბაზში. „ლა-ლა – ლალალა – ლა-ლალა“ ინტიმურ-რომანტიკული ურთიერთობის დროს, თუ ცხარე კამათისას „ლა-ლა – ლალალა – ლა-ლალა“…

კარგი ის იყო, რომ ამ „Mariage d’Amour“-ს, ვიღაც უზომოდ ნიჭიერი ხან როიალზე, ხან კლარნეტზე, ხან ვიოლინოზე, ხან ვიოლონჩელოზე, ხან სალამურზე, ხან ფლეიტაზე ასრულებდა. თუმცა მოხდა ერთი-ორჯერ ისეთი „არაორდინალური“ შემთხვევაც, როცა მელოდია სასულე ინსტრუმენტების ორკესტრმა შეასრულა და მეხსიერებაში ესეც ფრიად კარგ მოგონებად დარჩა. ამიტომ ეს ჰარმონიული შედევრი მოსაბეზრებელი კი არ ხდებოდა, არამედ პირიქით, რაც დრო გადიოდა, გრიშასთვის სულ უფრო ღრმა, უკიდეგანო სულიერ ჰორიზონტებში ჩამწვდომი ხდებოდა… თუმცა კი, ხელს უშლიდა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ნორმალურ ფუნქციონირებაში. ჰანგები ყველაფერს ფარავდნენ… მათი გაგონებისას გრიშა შეშდებოდა, მისი დაძაბული სხეული და გაწამებული სული ივსებოდა ღვთაებრივი ჰარმონიით, ბგერათა მშვენიერებით, და ეზმანებოდა, თუ როგორ იზრდებოდნენ მისი კვირტები უზარმაზარ ტყედ, დედამიწა კი ათასფერა ყვავილთა და ფრინველ-ცხოველთა სამყაროდ იქცეოდა.

„ლა-ლალა-ლალალა-ლა!“

 

გრიშა ვერ იტანდა სიტყვა „ხისთავიანს”, ყველაზე დიდ შეურაცხყოფად აღიქვამდა მას.

  • „ნეტა ყველა ხისთავიანი იყოს, რათა ამ ფლორის საოცარ ქმნილებათა შინაგან, მდიდარ ბუნებას და სიბრძნეს ჩასწვდნენო!“

მეგობრები მხრებს იჩეჩდნენ და მისთვის გული რომ არ ეტკინათ, ამ სიტყვის მაგივრად სხვა ალტერნატივას „მიადგებოდნენ“, მაგ.:

„პიტალოთავიანს“, ან „თავქვას“.

გრიშას ეს ვარიანტიც არ მოსწონდა, მაგრამ რა უნდა ექნა? მეგობრობა მსხვერპლს მოითხოვდა და ისიც „მსხვერპლად ეწირებოდა“, პატიობდა სამეგობროს ამ სინონიმს.

 

კიდევ კარგი, დროზე გამახსენდა: რამდენიმე წლის წინ გრიშა ა.-ს მდგომარეობას კიდევ ერთი უსიამოვნო, მაგრამ საკმაოდ ნიშანდობლივი ფაქტორი დაემატა:

მის დაკვირტულ-დაყვავილებულ თავს ფუტკრები დააცხრნენ.

სადმე ისეთ ადგილას თუ აღმოჩნდებოდა, სადაც წაბლის ან ცაცხვის ხეები, ან მცენარეთა მრავალფეროვნებით მოფენილი მინდორი, ან ქოთნის ყვავილებიანი აივანი იყო, ფუტკრები ყველას და ყველაფერს გაეცლებოდნენ და გრიშას თავისკენ მიილტვოდნენ.

რომ ვთქვათ, „მას არ მოსწონდა ეს ამბავი“, ნამდვილად ტყუილი იქნება.

ფუტკრების ბზუილი და მათი ბუსუსებიანი საცეცების ხუჭუჭა ქოჩორში ფუსფუსი, გრიშას სხეულს ღვთიურ ჟრუანტელად დაუვლიდა და სიამოვნებას ჰგვრიდა, რომელიც საბოლოოდ ნეტარების ტალღებად ალივლივდებოდნენ მის დიდ და კეთილ გულში.

თუმცა აბეზარ ხალხს, ნაცნობ-უცნობებს, ან უბრალოდ, გამვლელებს, ყურადღება რომ არ მიექციათ მისთვის და ზედმეტი შეკითხვებით თავი არ მოებეზრებინათ, ქუჩაში გასვლის წინ, ყოველთვის იხურავდა ქუდს და ამით ფუტკრებს დროებით მაინც უკეტავდა ყვავილოვანი თავისკენ მისასვლელ გზას.

 

მეუღლე ვერ ხვდებოდა, რატომ წუხდა გრიშა მაინცდამაინც მარტის თვეში. თან იმ დროს, როცა გაზაფხულის მოსვლა ყველას იმედითა და ბედნიერებით ავსებდა.

მას ვერც კი წარმოედგინა, რა დარდი და კაეშანი ღრღნიდა გაზაფხულობით მის ქმარს – „სიყვარულით, სითბოთი და მამაკაცური სიძლიერით აღსავსე მეუღლეს“.

გრიშასგან განსხვავებით, ის ფუტკრების უცნაურ შემოსევას უსაზღვრო ბედნიერების მანიშნებლად თვლიდა და ვნებების მოზღვავების ჟამს, თავჩაქინდრულ მეუღლეს მუხლებზე შემოუსკუპდებოდა, კისერზე ხელებს მოხვევდა, ჩარგავდა მის სურნელოვან თმაში ცხვირს და ჩასჩურჩულებდა:

„გრიშიკო, თაფლივით ტკბილი რომ ხარ, იმიტომ გახვევიან ფუტკრები!“

მამაკაცი გაიღიმებდა და ვნებამორეული ბიჭუნასავით წამოწითლდებოდა კიდეც.

მან კარგად იცოდა, ამ სიტყვებს როგორი ბობოქარი ღამე მოჰყვებოდა და ამიტომ დროებით ივიწყებდა თავის კვირტიანობას.

 

ჰოო, აღსანიშნია ერთი უცნაური შემთხვევა, რომელშიც გრიშა უნებლიე „დამნაშავის“ როლში აღმოჩნდა, თუმცა ამის შესახებ თვითონაც ტელევიზიიდან შეიტყო.

თურმე მის მეზობელს, სამსახურიდან „საკუთარი სურვილით“ გამოგდებულ ვაზგენ კუტუბიძეს, ამ ცოტა ხნის წინ გადაეწყვიტა, მეფუტკრეობას დაუფლებოდა, ამ მიზნით ერთი სკაც შეუძენია და უადგილობის გამო სახლის სახურავზე დაუმონტაჟებია.

გრიშას, რომელმაც არაფერი იცოდა ამის შესახებ და ტრადიციულად, ყოველ დილას აივანზე სავარჯიშოდ გამოდიოდა, შეამჩნია საიდანღაც გაჩენილი ფუტკრების დიდი გუნდი, რომლებიც, როგორც ხვდებით, თავს დასტრიალებდა და შესაბამისად, აყვავებულ კვირტებს ეტანებოდა.

ნეტარების მეცხრე ცაზე მყოფი გრიშა არ იყო წინააღმდეგი, პირიქით, მწერების ღვთიური ზუზუნი მის გამასაჯანსაღებელ ტანვარჯიშს უფრო ხალისიანს და ენერგიის მომცემს ხდიდა.

ასე გაგრძელდა რამდენიმე კვირა.

ჰოდა, როცა საინფორმაციო გამოშვების ყურებისას ჩვენმა გრიგოლ ა.-მ მოისმინა:

„საოცარი არომატის და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თაფლი მოიყვანა ძირძველმა ქალაქელმა კაცმა თავის სახლის სახურავზეო…“, და მერე ეკრანზე მეფუტკრის სამოსში გამოწყობილი ვაზგენაც გამოჩნდა, რომელიც „სხაპასხუპით სხლავდა“:

„ამ თაფლმა ვიღაცეებს დიაბეტი მოურჩინა, კიბოს სტადიები შეუჩერა, პროსტატა განუკურნა, მელოტებს თავზე თმა ამოუყვანა, პოტენცია აღუდგინა, უშვილობას უმკურნალა, შიდსიანები მოარჩინა, დაუნის სინდრომით დაავადებულებს ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარებინა, მკვლელები ღვთისნიერ ხალხად აცია, უსინდისოებს კი სინდისი დაუბრუნაო“… ამ ინფორმაციისა თუ სენსაციისგან გრიშა თავიდან დაიბნა, მერე გახალისდა, მერე კი ამ სენსაციაში შეტანილმა საკუთარმა წვლილმა ცოტა არ იყოს და დააფიქრა…

გაახსენდა მეზობლის მიერ ძღვნად მორთმეული 100 გრამი თაფლი და დაჭყეტილი თვალებითა და აღმაშენებლის ძეგლივით ზეაღმართული ხელით წარმოთქმული სიტყვები:

  • „ბატონო გრიშა! გაოცდებით, ეს რა თაფლი მაქვს! ნამდვილად გაოცდებით! რაც ამის ჭამა დეიწყეს ჩემმა დებილმა შვილებმა, „წინგნს“ ვერ გააგდებინებ ხელიდან! სულ „ატლიჩნიკები“ გახდნენ! მეშინია არ გამოჩურჩუტდნენ! ფრანგულს სწავლობენ, ინგლისური და ჩინური უკვე ქე იციან ამ ხისთავიანებმა! ჰოდა, მინდა ეს პაწაწინა ძღვენი თქვენ მოგაწოდოთ! განა რამის გულობიზა, გულით მინდა რომე გასინჯოთ! კაი კაცი ხართ, თაფლივით კაცი!“.

თაფლი ქვევრის ფორმის მინის პატარა ქილაში ესხა. ხრახნიანი, ოდნავ შელახული სახურავი ეხურა, ფლომასტერით მიჯღაპნილი წარწერა ამშვენებდა:

„ინ მელლის ვერიტას!“…

– თაფლშია ჭეშმარიტება! – ლათინურიდან თარგმნა გრიშამ და ქილა თაროზე შეაგდო.

 

გრიშას უნდოდა, მეუღლისთვის და ბავშვებისთვისაც მოეყოლა თავის „განსაკუთრებულობის“ შესახებ და გათავისუფლებულიყო იმ ერთადერთი საიდუმლოსგან, რომელიც ნეტარებასაც ჰგვრიდა და მძიმე ტვირთადაც აწვა, მაგრამ როგორც კი წარმოიდგენდა „აღსარების“ ამ სცენას, სხეული ეყინებოდა, გული უჩერდებოდა და უხმოდ იწყებდა ბღავილს.

აცახცახებული, თვალნათლივ ხედავდა, როგორ იდგა ზორბა, წარმოსადეგი მამაკაცი მეუღლისა და შვილების წინ და ამბობდა… არა, კი არ ამბობდა, არამედ მღეროდა, დიახ „რიგოლეტოს“ მოტივებზე მღეროდა.  მისი ბარიტონი ისე მსუყედ ჟღერდა, რომ თაროებზე, მინებიცა და ჭურჭელიც ზანზარებდა:

  • ჩემო საყვარლებო, ჩემო ძვირფასებო! უნდა გაგიმხილოთ ერთი საიდუმლო, რომელიც დიდი ხანია მღრღნის და მსპობს, მაგრამ მეშინია თქვენი დაკარგვის და ამიტომ ვერ გიმხელთ!
  • მაინც, რა არის ასეთი გრიშიკო? – შესციცინებდა მეუღლის მეცო სოპრანო და ცდილობდა ჩახუტებოდა, მაგრამ გრიშა მას იცილებდა და აგრძელებდა:
  • მე ვყვავი!
  • რაა? – კითხულობდა გაოგნებული მეუღლე.
  • გაზაფხულობით კვირტები ამომდის და ვყვავი… ამომდის და ვყვავილობ! – აცხადებდა გრიშა და თვალებში შეჰყურებდა ოჯახის წევრებს. შეჰყურებდა და ვაი, რომ ამჩნევდა ტრაგიკულ ცვლილებებს. ჯერ მეუღლის სახე ფითრდება, მერე ბავშვებს უწყლიანდებათ თვალები.
  • რას ნიშნავს ეს ყვავი თუ ყვავილობ? – უნდობლად კითხულობდა ცოლი, – გაზაფხულზე ყველაფერი ყვავის და შენც ისევე ყვავი, როგორც ყველა ჩვენგანი, მეე, შენი შვილები, სამყარო!…
  • არა! – აწყვეტინებდა გრიშა, – მე ნამდვილად ვყვავი! ვყვავი როგორც ნუში, ალუბალი, ია, ენძელა, ყოჩივარდა! მე ვყვავი კვირტებით და ყლორტებით!
  • რაა? მამა გაგიჟდი? – პირველი უფროსი გოგონას სოპრანო აჟღერდებოდა, წამოხტებოდა აფორიაქებული და მივარდებოდა მამას, – გაგიჟდი მააა? გაგიჟდი?
  • არა! – მაღალ ნოტას უპრობლემოდ იღებდა გრიშა, – მე ნამდვილად ვყვავი! აი, შეხედეთ, აი ნახეთ! – ის ეცემოდა მუხლებზე და აიძულებდა მეუღლეს, ხელით შეხებოდა მის „კოკრებს“, ჩაეხედა, დაკვირვებოდა მის თმებს. იმიტომ არის ჩვენს სახლში გამუდმებით ყვავილების სუნი! იმიტომ ამდის გამუდმებით ეს არაკაცური არომატი! გაიგეთ? მიხვდით? დაინახეთ?

ასრულებდა თავის ტრაგიკულ არიას და ძალაგამოცლილი შეჰყურებდა ოჯახის წევრებს.

პირველი მეუღლე ჰკრავდა ხელს და გუგუნებდა მისი მეცო:

  • ყოველთვის ვგრძნობდი, რაღაც არ იყო შენში ნამდვილი! დედაჩემიც ამას მეუბნებოდა!…და აი, კაცი კი არა, თურმე ხე ყოფილხარ!
  • ხე რომ იყოს, კიდევ რა უჭირს! – ატირდება უფროსი გოგო სევდიანი სოპრანოთი, – დედა, გაახილე თვალები, ეს ხე კი არა, ყვავილებია! ყვავილები! სირცხვილით თავს ვერ გამოვყოფ, ვეღარ გამოვყოფ! ცოლად ვინ მომიყვანს?! ვის მოუნდება ყვავილის, ან ხის შვილი?! „დიუმოვოჩკა“ – „ნამცეცა“ კი არა ვარ! ადამიანი ვარ, ჩვეულებრივი ადამიანიიიიიიი!..

უფროსს უმცროსებიც აჰყვებოდნენ და საოცარი სირთულით საკვარტეტო არიას ბრწყინვალედ ასრულებდნენ. თან ოთხივე ბავშვი ზიზღით შეჰყურებდა აქამდე სათაყვანებელ მამას. მეუღლის დამცინავი მზერა და ბავშვებთან ერთად დაგვირგვინებული ბოლო ნოტები კი ყველანაირ იმედს მოუსპობს.

  • ნუ გეშინიათ და სასოწარკვეთილებაში ნუ ვარდებით, ბავშვებო! – მღეროდა ქალი, – მე ვიცი, რასაც გავაკეთებ. მოვიტან სპეციალურ წამალს და თავზე წავუსვამთ მამათქვენს. ეს ქიმიაა და ყველაფერს გაახმობს… გაახმობს და ვერავინ ვერაფერს გაიგებს!
  • კი მაგრამ, მამაც რომ გახმეს?! – დარდობდა უმცროსი წკრიალა ხმით.
  • ჯობია გახმეს, ვიდრე ასე ყვაოდეს! – პასუხობდა უფროსი შვილი.
  • ჯობია გახმეს, ვიდრე ასე ყვაოდეს! – იმეორებდა მეუღლე.
  • ჯობია გავხმე, ვიდრე ასე ვყვაოდე! – აკვნესდებოდა გრიშა… და ოპერაც, ასეთ ტრაგიკულ ნოტაზე მთავრდებოდა.

 

ჰოდა, ამიტომ ასეთი მწარე სიმართლის გამხელას სხვა, ანუ ზემოთ აღწერილი ხილვიდან ნაკარნახევი სასტიკი მეთოდი შეარჩია.

… დიახ, გრიშამ გადაწყვიტა კვირტების, უფრო სწორად რომ ვთქვათ, სარეველას მოსასპობი წამალი შეეძინა.

სახლში მარტო დარჩა, ცოლ-შვილი წინა დღეს ზღვაზე გაამგზავრა და სიტუაციის გამოსასწორებლად საგულდაგულოდ მოემზადა. გამხმარი კვირტების და ყველა სხვა საეჭვო კვალის მოსასპობად, სკამის ირგვლივ დიდი ცელოფანი გაშალა… ყოველი შემთხვევისათვის პირჯვარი გადაიწერა და წამალი თავზე დაისხა.

რაღაც ძალამ უროსავით დაჰკრა და თავი მუგუზალივით გაუხურდა, თითქოს ცეცხლი წაუკიდესო, საშინელად აეწვა კანი, აცახცახდა, მთელი სხეული შეეკუმშა, სკამზე გახევდა, ყოველი სახსარი დაეგრიხა, დაეკრუნჩხა და უმნიშვნელო მოძრაობასაც კი ვერ ახერხებდა… ხელის ან ფეხის ასამოქმედებლად უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდებოდა… შოპენის, ლამის კრინში წამოწყებული ჰანგები, პაგანინის „La Campanella“-მ შეცვალა, თავისი მოჭრიალე, მოწრიპინე და ავისმომასწავლებელი მფხაჭნავი ვარიაციებით.

  • ვიწვი!.. ვიწვი!.. უნდა ავდგე და თავზე წყალი დავისხა! – ფიქრობდა გრიშა. კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, წამოდგომა და ონკანამდე მისვლა სცადა, მაგრამ თვალთ დაუბნელდა, იგრძნო, როგორ იზრდებოდა, იბერებოდა, ტკივილისა და სიმხურვალისგან აბრიალებული  თავი და უცებ ისე იფეთქა, რომ იქაურობა თვალისმომჭრელმა სინათლემ გაანათა…

როცა გონს მოვიდა, ჯერ ვერაფერი იცნო, მაგრამ მერე მკაფიოდ დაინახა ვაზგენას დაბნეული თვალები, გაუპარსავი, აწითლებული და დამნაშავის ღიმილიანი სახე.

  • დიდება უფალს! კვტარი მეგონეთ ბატონო გრიშა! კიდევ კარგი ცოცხალი ხართ! აქანა რომ გადმოვძვერი ჩემი ბალკონიდან, სუ კვამლში იყავით გახვეული! თავი ისე გიხურდათ… ისე გიხურდათ… კიდო კაი ჩემი თაფლი ვიპოვე და თავზე წაგისვით. კვამლი გაქრა, თავიც ქე გაგიგრილდათ, მარა… მარა…

ხელი ჩაიქნია ვაზგენმა და სიგარეტს მოუკიდა:

  • მარა… ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია! მარა მაინც… მარა…
  • რა მარა? – წამოჯდა გრიშა და მიმოიხედა. გარშემო ბღუჯა-ბღუჯა ეყარა ხუჭუჭა თმა. გულმა უცნაურად გაჰკრა და ამოიგმინა. სახლში ყვავილების გაუსაძლისი სურნელი იდგა, შეეშინდა თავზე ხელის გადასმა. ფეხზე ძლივძლივობით წამოდგა, სარკესთან მივიდა, ჩაიხედა… მკაფიოდ დაინახა თავისი ამოშავებული თვალები, ხშირი წარბები და მზერა დანაოჭებული შუბლისაკენ გააპარა… გააპარა და გაქვავდა.

სადღა იყო ხუჭუჭა თმა?!

კვირტები კი… გამრავლებულიყვნენ, გაზრდილიყვნენ, დამსკდარიყვნენ და დაყვავილებულიყვნენ კიდეც… გრიგოლ ა.ს მთელი თავი ათასფერი ყვავილით დაჰფარვოდა.

  • თავი კი არა, ედემის ბაღია, ბატონო გრიშა! თავი კი არა, ზღაპრული ყვავილების თაიგულია, ბატონო ჩემო! – ამოიოხრა ვაზგენამ, – ლამაზი კია, თქვენს ცოლსაც უყვარს ყვაილები, ბოვშებსაც… მარა…
  • რა მარა! – კბილებში გამოსცრა „აყვავებულმა“ გრიშამ.
  • ვისაც ალერგია აქვს, იმას გოუჭირდება…
  • ჰოო! გაუჭირდება! – გაიმეორა გრიშამ, ხელი ჩაიქნია და ყვავილები მოიფხანა.

მუსიკა კვლავ აჟღერდა, რომელიც, ჰოი საოცრებავ – ვაზგენამაც კი გაიგონა.

  • ვაა, მუსიკასაც უკრავთ! – წამოიძახა ვაზგენამ და ლამის სიგარეტი გადაცდა.

ჰანგები, მელოდია, საოცარი იყო, მასში ყველაფერი გაერთიანებულიყო – ადამიანის პულსი და ნაკადულის რაკრაკი, ვნების ტალღა, ფოთლების შრიალი და ზღვის ღელვა, ფიქრების კორიანტელი და ქარბუქის სიშმაგე, ცრემლების სითბო და წვიმის ფარდა, თვალების სიღრმე და ჰორიზონტის უკიდეგანობა, სულის სიდიადე და სამყაროს მარადიულობა… არ იყო ეს ხმათა და ბგერათა კაკაფონია. ეს იყო ისეთი მონოლითური მუსიკა, როგორიც გაზაფხულისთვის უნდა ხორცშესხმულიყო… ვიღაც უდიდესი კომპოზიტორის ნიჭის წყალობით უნდა შექმნილიყო… უნდა შობილიყო.

 

იმ დღის შემდგომ –  სახლში, უბანში, ქალაქში, ყვავილების ისეთი სურნელი დადგა, ისეთი არომატი, რომ მეზობელი ქუჩებიდან მოდიოდნენ შეყვარებულები, რათა ამ არომატით გაბრუებულს ეკოცნათ პირველად ერთმანეთისთვის, შეხებოდნენ პირველად და პირველ ერთსულხორცოვნებას მისცემოდნენ…

ეკონომიკური თვალსაზრისით, კიდევ ერთი კარგი რამ ხდებოდა გრიშას ოჯახის თავს: სადაც არ უნდა წასულიყვნენ ისინი, ყვავილების თაიგულს აღარ ყიდულობდნენ. უხერხულიც იყო ამის გაკეთება, როცა აგერ, ხედავ, რომ ცოცხალყვავილებიანი თავი მოდის და ამ დროს მის მეუღლეს ხელში მოჭრილი, თუნდაც ძალიან ლამაზი  ყვავილების თაიგული ეჭიროს. უგუნურებაა,  სისასტიკეა…

 

ჰოო, კიდევ სუნამოების კორპორაციები გრიშას სურნელის შესწავლასა და შემდგომ მის შესყიდვაში, მილიონებს სთავაზობდნენ.

თაფლის ბიზნესს ნუღარ იკითხავთ…

  • მილლიონები! – ასეთი პასუხი ჰქონდა ვაზგენას, ხელებს მოიფშვნეტდა და თვალის ჩაკვრით დაამატებდა – „მილლლლლიონნნებბბბიიი!.. მააშ!..“

მაგრამ, გრიშა არ ჩქარობდა. ის  ფ ი ქ რ ო ბ დ ა!!!.. და ვაზგენაც მხარს უჭერდა ამ ფიქრში, რომელმაც ა.-ს „ყვავილებზე“ აწყობილი თაფლის წარმოება დროებით შეწყვიტა.

გამოჩდნენ „ჭკუის კოლოფები”, რომლებსაც მისი ჯიშის ყვავილებითა და ხეებით გაშენებული პლანტაციების პროექტზე უნდოდათ დაეყოლიებინათ, მაგრამ ა.-მ ესენიც უპასუხოდ დატოვა.

გრიშას პასუხს ამ წუთასაც ყველა სულმოუთქმელად ელოდება.

ელიან, ყვავილოვანი კაცი როდის დაარღვევს დუმილს.

…თუმცა ყველაფერი მაინც ტყუილია და…

© არილი

Facebook Comments Box