ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატის, პატრიკ მოდიანოს ინტერვიუ
The New York Times
რომელი წიგნი დევს თქვენი საწოლის გვერდით?
მთელი გროვა იმ წიგნებისა, რომლებსაც ხშირად ვკითხულობ, კლასიკა. მაგრამ გთხოვთ, მაპატიოთ – წიგნის წერის პროცესში ვარ და მხოლოდ მოკლედ შემიძლია გიპასუხოთ.
შეიძლება, კარგი წიგნი ცუდად დაწერილი იყოს? რა კრიტერიუმს შეუძლია დაძლიოს ცუდი პროზის ნაკლოვანება?
არა, კარგ წიგნს დაუვიწყარი სტილი და დაუვიწყარი მუსიკა უნდა ჰქონდეს.
რომელი წიგნის წაკითხვა იყო საუკეთესო გამოცდილება?
ბევრის. მათ შორის სტენდალი, დიკენსი, ბალზაკი, ტოლსტოი, ჩეხოვი, მელვილი – მეცხრამეტე საუკუნის ყველა დიდი მწერალი. მათ დავამატებდი მე-18 საუკუნიდან აბატ პრევოს, ბრეტონს და სხვ.
მეოცე საუკუნის რომელ მწერლებს – რომანისტებს, დრამატურგებს, კრიტიკოსებს, ჟურნალისტებს, პოეტებს – აფასებთ ყველაზე მეტად?
16 წლიდან აღტაცებული ვარ ჰემინგუეით, კარსონ მაცკალერსით, ჩეზარე პავეზეთი, მალკოლმ ლოურით და უილიამ ბატლერ იეიტსით. ასევე, თომას მანის წიგნით „ჯადოსნური მთა“.
ვინ არის თქვენი საყვარელი მწერალი, რომლის შესახებ ცოტა ადამიანს სმენია?
იყო ერთი ახალგაზრდა მწერალი, რომელსაც შევხვდი და აღვფრთოვანდი – ტრისტან ეგოლფი. ჩემი აზრით, თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწერალი გახლდათ. 1995 წლის ზამთრის ერთ საღამოს მის ოთახში შევედი, მაგიდაზე ფურცლების გროვა იდო. იქ იყო უთვალავი შესწორებები, სიტყვებით, რომლებიც ძალიან ახლოს ეწერა ერთმანეთთან. ერთი საყვარელი მწერლის, რობერტ ვალსერის მიკროსკოპული ნაწერები გამახსენდა. 400-ზე მეტი გვერდი იყო მისი პირველი რომანი. ჩემმა ცოლმა ჩემამდე წაიკითხა ხელნაწერები და ჩემი ინტუიცია გამართლდა. ვიგრძენი, რომ ეს 23 წლის ახალგაზრდა კაცი ვალსერს ჰგავდა (რომელიც ბალერინების ცეკვის მსგავს პროზას ქმნიდა). მას, ვინც, ვალსერის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, ცეკვავს მანამ, სანამ სრულიად არ გამოიფიტება და დაინგრევა. დარწმუნებული ვარ, ტრისტან ეგოლფი თავის საკადრის ადგილს იპოვის ამერიკულ ლიტერატურაში, როგორც თავისი თაობის მეტეორი.
თქვენ იყავით პირველი, ე.წ. ავტოფიქციის მწერალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო, სანამ თქვენმა თანამემამულემ, ანი ერნომ არ გაიმეორა ეს მიღწევა. სხვა რომელ კონკრეტულ ავტორებს გამოარჩევდით, რომლებიც ავტოფიქციას წერენ?
არასოდეს მესმოდა, რას გულისხმობდნენ ავტოფიქციაში. მე მგონია, რომ ყველა მწერალი, რომანისტი თუ პოეტი, შთაგონებას იღებს თავისი ცხოვრებიდან და დაკვირვებებიდან, მერე კი ტექსტად ქცევას და სტილიზებას იწყებს.
[…]
თანამედროვე ფრანგი მწერლებიდან ვინ იმსახურებს უფრო ფართო აუდიტორიას?
რამუსი, ფრანგულენოვანი შვეიცარიელი მწერალი, რომელიც, შესაძლოა, უდიდესია მეოცე საუკუნის ფრანგულ პროზაში. ანდრე დოტელი, რომელმაც 30-ზე მეტი რომანი დაწერა ჟანრში, რომელსაც შეგვიძლია მაგიური რეალიზმი ვუწოდოთ. ასევე გასტონ ბაშლარი, პოეტური პროზის ოსტატი.
ემოციურად რა ზემოქმედებს ყველაზე მეტად თქვენზე ლიტერატურაში?
სტილი. მუსიკა. ის, რომ მესმის ერთი და იგივე ხმა დასაწყისიდან დასასრულამდე.
როგორი წიგნები გირჩევნიათ – ისინი, რომლებიც ემოციურად გიკავშირდებათ თუ ინტელექტუალურად დაკავშირებული?
ისინი, რომლებიც ემოციურად მიკავშირდება.
თქვენი წიგნის კოლექცია როგორაა ორგანიზებული?
სამწუხაროდ, ჩემი ბიბლიოთეკის ორგანიზებას ბევრი ადამიანი სჭირდება. ვინმემ ბარათები უნდა დაამზადოს, სადაც ავტორის სახელი და წიგნის სათაური ალფაბეტური თანმიმდევრობით იქნება ჩამოწერილი. ხშირად საათებს, დღეებს, კვირებსა და თვეებსაც კი ვატარებ წიგნის ძებნაში და ზოგჯერ ვერც ვპოულობ. ორ რიგადაა წიგნები დალაგებული და პირველი – მეორეს ფარავს. დანარჩენი წიგნები კარადებშია დახვავებული.
ერთხელ 5000 წიგნი მოვიცილე, რადგან აღარ მქონდა ოთახი მათ შესანახად. ამ 5000 წიგნის სია უნდა გამეკეთებინა, რადგან მათი სათაურები აღარ მახსოვს. ხშირად ვეძებ რომელიმე მათგანს და ვერ ვაცნობიერებ, რომ უკვე აღარ მაქვს.
მკითხველს თქვენს თაროებზე რა წიგნების აღმოჩენა გააოცებს?
ყველა ტიპის სატელეფონო ცნობარის: 1835 წლის პარიზიდან 1970-იანების ჩათვლით, ლონდონიდან ბერლინამდე; კომერციული სატელეფონო ცნობარები ევროპის ქალაქებიდან, ამერიკიდან, აზიიდან, აფრიკიდან, ავსტრალიიდან; ცნობარები, სადაც სიებია კინო-თეატრების, საცეკვაო და სამუსიკო დარბაზების და ა.შ. სიები, სადაც ასობით ათასი გაუჩინარებული ადამიანის მისამართებია თავმოყრილი.
რომელია საუკეთესო წიგნი, რომელიც საჩუქრად მიგიღიათ?
მრავალი წლის მანძილზე, ჩემს დაბადების დღეზე, ჩემი ცოლი „მანონ ლესკოს“ ასლებს მჩუქნიდა, ყოველთვის სხვადასხვა გამოცემას.
როგორი ტიპის მკითხველი იყავით ბავშვობაში? რომელი საბავშვო წიგნები და ავტორები დაგამახსოვრდათ განსაკუთრებულად?
ჩემი თაობის ადამიანების დიდი ნაწილი ბევრს ვკითხულობთ ბავშვობაში (არც ტელევიზორი გვქონდა, არც ინტერნეტი). მიყვარდა რობერტ ლუის სტივენსოსის „განძის კუნძული“, მარტკ ტვენი, ანდერსენი, ენტონი ჰოუფის „ზენდას ტყვე”, მარსელ ემეს „მშვენიერი ფერმა” და ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერი“.
თქვენი აზრით, წიგნს მორალური დანიშნულება უნდა ჰქონდეს? თუ კი, როგორ?
წიგნი, რომელიც ღრმად ეხება ემოციებს და გაღელვებს, უფრო მგრძნობიარე ადამიანად გაქცევს, მაშასადამე, უკეთეს ადამიანადაც. ესაა მისი მორალური ფუნქცია.
ლიტერატურულ ვახშამს გეგმავთ. რომელ სამ მწერალს (ცოცხალს ან მკვდარს) მოიწვევდით?
არ ვიცი, ვინმეს შეუძლია თუ არა ლიტერატურული „წვეულების“ ორგანიზება და 20 მწერლის მოწვევა ისე, როგორც კლუბის წევრების შეხვედრებს აწყობენ ხოლმე. ვშიშობ, მწერლებს, თუკი ისინი უკვე არ მეგობრობენ, ბევრი არაფერი ექნებათ სათქმელი ერთმანეთისთვის. ერთხელ პარიზში, წვეულებაზე, ჯეიმს ჯოისი და მარსელ პრუსტი შეხვდნენ. როგორც ამბობენ, ერთმანეთს მხოლოდ ეს უთხრეს:
– წვიმს.
– ქოლგა გაქვს?
– არა.
– არც მე.
© არილი