პროზა (თარგმანი)

ლარს სობი ქრისტიანსენი – მკვლელები

ნორვეგიულიდან თარგმნა გიორგი ბერიძემ

თორმეტი წლის რომ ვიყავი, ჩემს საუკეთესო მეგობარს რობერტი ერქვა. სულ ერთი შემოდგომა ვმეგობრობდით. იგი აგვისტოში, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას გადმოვიდა ჩვენს კლასში, ნოემბრის ბოლოს კი სხვაგან გადაცხოვრდა.

გამხდარი და მაღალი იყო. კლასში ყველაზე მაღალი. ერთი გაცრეცილი, ლურჯი პერანგი და ნაკეცებიანი, კლასიკური შარვალი ეცვა ხოლმე. ყავისფერი თმა კი ძალიან ქვემოთ, თითქმის მარცხენა ყურთან ჰქონდა გადაყოფილი. სკოლის პირველ დღეს, 1965 წელი იყო, თუ სწორად მახსოვს (და, რა თქმა უნდა, სწორად მახსოვს, რობერტის გამო), ის საკლასო ოთახში იდგა და აქეთ-იქით იყურებოდა, თითქოს ცდილობდა დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად სწორ ადგილას მოვიდა. მალევე თავი დახარა და რიგის შუაში მდგარი ერთადერთი ცარიელ მერხისკენ გაეშურა. მერხი მეტისმეტად პატარა აღმოჩნდა. რობერტის მუხლები ჩანთის ჩასადების ქვეშ ვერ თავსდებოდნენ, რის გამოც ძალიან საწყლად გამოიყურებოდა. საწყლად, ესე იგი სასაცილოდაც.
და ვიღაცამ სიცილი დაიწყო, ხმამაღლა.

მე არ გამცინებია.

მასწავლებელმა ერთი ამოიხვნეშა და დაფისკენ შეტრიალდა.

რობერტი აღმოსავლეთ ნორვეგიაში, შვედეთის საზღვართან საკმაოდ ახლოს მდებარე პატარა ქალაქიდან იყო ჩამოსული და მესამე კლასს ხელმეორედ გადიოდა. ამიტომაც იყო ჩემზე ერთი წლით უფროსი და ერთი თავით მაღალი. კლასში ჩარჩენის მიზეზს ერთადერთხელ შევეკითხე. მაჩანჩალა არ ყოფილა, პირიქით, საზრიანი იყო, მეოთხე კლასში გადასვლა არ უნდა გასჭირვებოდა, არაფერი მიპასუხა, აიჩეჩა თავისი ვიწრო მხრები და სხვა მხარეს გაიხედა.

სხვა დროს აღარ მიკითხავს, თუ არაფრის თქმა არ უნდოდა, მისი საქმე იყო. ყოველ შემთხვევაში, არ მინდოდა, ჩავცივებოდი.

ზარი დაირეკა, სკოლის ეზო ნათლად ასახავდა ზაფხულის არდადეგებისას განვითარებულ პროცესებს. ვიღაცები ჯგუფებად იდგნენ, საიდუმლოებებს მიმოცვლიდნენ, ხარხარებდნენ და როცა ვინმე ეულად მდგომი მათთან დაახლოებას შეეცდებოდა, განზე რიყავდნენ, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენჯერ ცდიდნენ ან რამდენად მოინდომებდნენ, მათთან დაახლოება შეუძლებელი იყო. მეც, რასაკვირველია, ერთ-ერთი ეულთაგანი ვიყავი. ერთხელაც არ მიცდია.

რობერტი პორტის კიდესთან იდგა, მარტო, ყველასკენ ზურგით.

მეც იქით გავეშურე. როგორც ჩანს, იგრძნო, რომ მივდიოდი, რადგან სწორედ მაშინ, როცა მის ზურგს გავუსწორდი, უეცრად შემობრუნდა და მომაშტერდა. გავშეშდი, ხელი გავუწოდე და ჩემი სახელი წარმოვთქვი.

ყოყმანობდა, გაკვირვებული და დაეჭვებული მომეჩვენა, მაგრამ მერე, როგორც იქნა, გამიღიმა და ხელი ჩამომართვა.

– მე რობერტი მქვია.

ბოლო გაკვეთილის შემდეგ ერთად წავედით შინ. ის მუნკედამის ქუჩაზე ცხოვრობდა, რკინიგზის ლიანდაგების გასწვრივ მდგარი ავარიული ქირის ბინებიდან ერთ-ერთში. ჩემი სახლი შილებეკის უბანში იყო, უსურვაზებიან შენობაში, ტრამვაის გაჩერებიდან არც ისე შორს.

ხიდზე ჩვენი გზები იყოფოდა.

– აბა, ხვალამდე!

– ხვალამდე – მიპასუხა რობერტმა.

რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და შემოვბრუნდი.

რობერტი იმავე ადგილას იდგა, კაშკაშა სხივებისგან თვალებს იჩრდილავდა და დამშვიდობების ნიშნად ხელი მაღლა ჰქონდა შემართული.

– კარგად იყავი! – შევძახე მე.

– კარგად! – შემომძახა რობერტმაც.

დედა აღელვებული მელოდა.

– აბა, კარგი იყო მეგობრებთან შეხვედრა?

როგორც სადილობისას გაირკვა, მამასაც იგივე აინტერესებდა.

– კი.

– ახალი მასწავლებელი ხომ არ გყავთ?

საჭმელს ნელა ვღეჭავდი, არ მშიოდა.

– არა, მაგრამ ერთი ახალი ბიჭია კლასში.

დედამ წყალი დამისხა.

– და რა ჰქვია იმ ბიჭს?

– რობერტი.

– რობერტი? საიდანაა?

– ჰალდენიდან, მგონი. შეიძლება ჩვენთან ისადილოს?

დედამ მამას გადახედა.

– სავსებით შესაძლებელია – თქვა დედამ – თუკი თავადაც აქვს სურვილი.

დარჩენილი საღამო ცხრილის შედგენას მოვანდომე. კვირაში ორჯერ – ხვალ და პარასკევს – დილით დამატებითი გაკვეთილი გვიტარდებოდა. ამის შემდეგ ყველა წიგნსა და რვეულს შევუცვალე გადასაკრავი, ვიფიქრე, უბრალო ნაცრისფერი აჯობებდა იმ ფერადსა და პრიალას, რომელიც შარშან გადავაკარი; ერთ-ერთი შავად სამუშაო რვეულის ბოლო გვერდზე კი ჩემი მეგობრების სია გავაკეთე. სიის სათავეში დავწერე რობერტი. ცოტა ხანს მდუმარედ ვიჯექი, კალამს დავცქეროდი. სია აღარ გაგრძელებულა.

კარზე კაკუნი გაისმა. რვეული ჩანთაში დავმალე. დედამ ვახშამი შემოიტანა.

– რა ერქვა იმ ბიჭს?

– ვის?

– იმ ახალ ბიჭს, სკოლაში.

– რობერტი.

– გვარი მაინტერესებდა.

დაფიქრება დამჭირდა.

– კარგად არ მახსოვს. ჰელვიკი, მგონი. რობერტ ჰელვიკი.

დედამ პურის ნაჭრებიანი თეფში და რძიანი ჭიქა საწერ მაგიდაზე დააწყო.

– რობერტ ჰელვიკი, ხომ. უკვე დაპატიჟებული გყავს?

– ჯერ არა.

დედამ უცნაურად, ირიბად გაიღიმა და ჩუმად ჩაიცინა.

– ჯერ? მას ხომ დღევანდლამდე არც კი შეხვედრიხარ.

ამ წამიდან მოყოლებული ხშირად მიფიქრია, რა გვქონდა ჩვენ ორს საერთო, რამ გაგვხადა ასე დაუცილებელნი იმ მცირე დროში, რომელიც ერთად გავატარეთ. ალბათ, შეუძლებელია ამის სიტყვებით ახსნა. რადგან შეუძლებელია იცოდე, რომ ადამიანი შენი საუკეთესო მეგობარია, როცა ჯერ წესიერადაც არ გაგიცნიათ ერთმანეთი. ასე იყო თუ ისე, მე და რობერტი საუკეთესო მეგობრები ვიყავით. სხვაგვარად ვერ ავხსნი. ჩვენ ერთმანეთის გამოხედვაში ვიპოვეთ რაღაც, იმ აგვისტოს, სკოლის პირველ დღეს, როცა ხელახლა შევეჩეხეთ ჩვენს უცნაურ მარტოსულობას და ორივეს ძალიან მოგვინდა გაზიარება.

მომდევნო დილას იმავე ხიდზე შევხვდით და ერთად გავეშურეთ სკოლისაკენ. წინასწარ არაფერი შეგვითანხმებია. მიუხედავად ამისა, მაინც ისე გამოვიდა, თითქოს ორივემ ვიცოდით, რომ ზუსტად აქ, ამ ადგილას, დილის შვიდ საათსა და ორმოც წუთზე ერთმანეთს შევხვდებოდით. დღეს დამატებითი, ნულოვანი გაკვეთილი გვქონდა, ჯერ ისევ დილის სუსხი იკბინებოდა. ჩვენ ქვემოთ მატარებლები დაქროდნენ, ლოკომოტივები, საბარგო ვაგონები. ცოტა ხანს უსიტყვოდ ვიარეთ. მეტისმეტი სიმაღლის გამო, რობერტი ცდილობდა, რაც შეიძლება დაპატარავებულიყო, წელში ლამის ტროტუარამდე იხრებოდა, რის გამოც მის მოხრილ ზურგზე მოკიდებული ზურგჩანთა კუზს წააგავდა.

– ვინ იყო პირველი? – იკითხა რობერტმა მოულოდნელად.

– სად? ამერიკაში?

– არა, ხიდთან, დღეს დილით. რომელი ჩვენგანი მოვიდა პირველი?

– შენ არ მოხვედი?

– მგონი, შენ იყავი.

ჩავფიქრდი.

– მგონი, ერთდროულად მოვედით.

რობერტი წელში გაიმართა და გაიღიმა.

– მეც ასე ვფიქრობ.

საუბარი აღარ გაგრძელებულა, გზის დარჩენილი ნაწილი სირბილით გავიარეთ, რადგანაც უკვე ზარის ხმას გვესმოდა.

პირველ ხანებში კლასელები ბევრს დაგვცინოდნენ, მაგრამ შემდეგ თანდათან უკან დაიხიეს, გვერიდებოდნენ, თითქოს რაღაც გადამდები დაავადებით ვიყავით დასნებოვნებულნი. ეს არ მადარდებდა, პირიქით, შეჩვეული ვიყავი მარტოობას. რობერტიც ასე იყო, ახლა კი ორივე ერთად აღარც მარტოები ვიყავით. მშვიდად ცხოვრების საშუალებაც მოგვეცა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მეშვიდეკლასელი ბიჭები რობერტს აქლემს ეძახდნენ ხოლმე. დასვენებებზე, სასმელი წყლის შადრევანთან დაყუდებულნი, თავიანთი ჭკუით, ძალზე გონებამახვილურად გადმოსძახებდნენ, აქლემო, წყალი არ გინდა? და ჩვენს გაწუწვას იწყებდნენ. შადრევნის ონკანს ცერა თითით დააწვებოდნენ, წყლის წნევა იმატებდა და საუკეთესო მცდელობებისას შხეფები გაფრენილ ბეღურასაც კი შეიძლება მოხვედროდა, მიწიდან თვრამეტი მეტრის დაშორებით. რობერტს სრულებითაც არ ანაღვლებდა ეს ამბავი (გარეგნულად ასე ჩანდა), უბრალოდ ბიჭებისკენ ზურგით შეტრიალდებოდა და წყალი მისი ქურთუკიდან იწყებდა ჩამოჟონვას, ხელის შეშლას არც კი ფიქრობდა და, იმხანად, არც მე არაფრად მანაღვლებდა ეს ყოველივე. ბოლოს, მათაც მობეზრდათ და შეგვეშვნენ.

უფრო უარესი ის იყო, რომ მისთვის ჯერ კიდევ არ მოეტანათ მოზრდილი მერხი. ისევ ისე მუხლებმოგრეხილი იჯდა პატარა სკამზე და ფეხები ჩანთის ჩასადებზე ჰქონდა მიბჯენილი. დამრიგებელი ჯერ კიდევ სწავლის პირველ დღეს დაჰპირდა ახალ მერხს, ეს საქმე დაცვის უფროსს ჰქონდა ჩაბარებული, თუმცა არაფერი გაკეთებულა.

რობერტი არ წუწუნებდა.

არასოდეს გამიგონია, რომ რობერტს რამეზე დაეჩივლოს.

ალბათ, ყველაფერს გულში იკლავდა, მერე კი მის შიგნით იზრდებოდა და იზრდებოდა დაუსრულებლად, სანამ მთელს ადგილს არ დაიკავებდა.

არ ვიცი.

არ ვიცი, რა დაემართა რობერტს.

საღამოობით ხიდზე შეხვედრა დავიწყეთ. ზოგჯერ ღობეზე ვძვრებოდით, რათა სარკინიგზო ხაზის გასწვრივ გვერბინა და შეგვეგროვებინა ცარიელი ბოთლები, რომლებსაც მერე ჩავაბარებდით, მაგრამ, უმეტესად, გატეხილები გვხვდებოდა – მწვანე შუშის ნამსხვრევები თითქმის წითელ კენჭების შორის. ხანაც უბრალოდ დავეხეტებოდით ქუჩებში, რომლებიც უფრო და უფრო უდაბურნი ხდებოდნენ, ბოლოს გზად აღარავინ გვხვდებოდა ხოლმე. მაინცდამაინც ბევრს არცერთი არ ვლაპარაკობდით, რობერტი ნამდვილად არ იყო ლაქლაქა, მოსწონდა ასე და, იმხანად, მეც ასე მომწონდა.

– ხვალ შევხვდებით. – თქვა რობერტმა, როცა ისევ ხიდზე დავბრუნდით.

მე გავუღიმე.

– აუცილებლად.

რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ შემოვბრუნდი. საკმაოდ დაღამებულიყო, რობერტს ვეღარ ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ისევ იქ იდგა.

– აბა, კარგად! – გავძახე შორიდან.

სიბნელიდან ხიდზე მდგომმა მიპასუხა:

– გმადლობ დღევანდელი საღამოსთვის!

– მეც გმადლობ, რობერტ!

დედა ყოველთვის მეკითხებოდა, სად ვიყავი.

– რობერტთან ერთად.

– კი, მაგას მივხვდი, მაგრამ მე ვიკითხე, სად იყავით?

– არსად. უბრალოდ ცოტა გავიარეთ.

– ჰოდა, სად?!

– ქუჩებში. აბა, სხვაგან სად?

დედამ ამოიხვნეშა.

– სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ? მხოლოდ ქუჩა-ქუჩა ხეტიალი?

იყო დრო, როცა ერთად არ ვიყავით – კვირას ან დაძინების წინ, ამ დროს უცბად ეჭვი მომეძალებოდა, ეჭვი და შიში. ვფიქრობდი, რომ შეიძლება სხვა მეგობრებიც ჰყოლოდა, ჩემზე უკეთესები და ერთი წლით უფროსები, იქ, ჰალდენში, საიდანაც ჩამოვიდა, უეჭველად ეყოლებოდა, მათ, ალბათ, ისეთი რაღაცების კეთება ეცოდინებოდათ, რასაც მე ვერ ვახერხებდი, ამიტომაც ლაპარაკობდა ცოტას. მოწყენილი იყო ჩემთან.

ასეთ დღეებში ვერ ვიძინებდი ხოლმე.

მაგრამ მომდევნო დილით ის ისევ ხიდზე იდგა, მოკუნტულ ზურგზე მოკიდებულ ზურგჩანთაზე ზემოდან შემოცმული გრძელი საწვიმარი ფრაკით. ჯერ არ წვიმდა, მხოლოდ მოღრუბლული იყო, დარჩენილი მანძილი სირბილით გავიარე. რობერტიც შემომეგება.

ხელოსნობის გაკვეთილზე რობერტმა ჭადრაკის დაფა გააკეთა. მე პურის საჭრელზე შევაჩერე არჩევანი.

ერთ დღესაც, ბოლო გაკვეთილის შემდეგ სახლის გზაზე მოვდიოდით, უკვე გვიანი სექტემბერი იყო, ფოთლები მთელი ქუჩის გასწვრივ ეყარა. ასე რომ, თავზე მზე დაგვნათოდა, ფეხქვეშ კი ოქროსფერი ფოთლები ჭრაჭუნობდნენ. მამა ამას „Indiand Summers”-ს უწოდებდა, მაგრამ ფიორდიდან უკვე ცივი ჰაერი ამოდიოდა, რაც სხივებს კიდევ უფრო ბასრსა და მწველს ხდიდა. უცბად რობერტმა მკითხა:

– აქლემი თუ დრომადერი?

– რა?

– აქლემი თუ დრომადერი – გაიმეორა – უნდა მიპასუხო.

ვერ გავიგე, რას გულისხმობდა, მაგრამ არ მინდოდა აქლემის თქმა.

– დრომადერი.

ცოტა ხანს ფოთლებს ვაშრიალებდით.

რობერტს მოუთმენლობა შეეტყო.

– ახლა შენი ჯერია!

– რისი ჯერი?

– უნდა შემეკითხო.

 ჩავფიქრდი.

– პურის საჭრელი თუ ჭადრაკის დაფა?

– ჭადრაკის დაფა. მატარებელი თუ თვითმფრინავი?

არასდროს მიფრენია, მატარებლით კი მხოლოდ ერთხელ ვიმგზავრე დრამენამდე.

– თვითმფრინავი – ვუპასუხე – ღამე თუ დღე?

– ღამე.

ცოტა დავიძაბე. დროის ის მონაკვეთი მოსწონდა, რომელსაც ერთად არ ვატარებდით? ხელები ჯიბეებში ჩავიწყე.

– ღამე?

– კი. ზაფხული თუ შემოდგომა?

– ზამთარი.

– არ ითვლება. შეკითხვას უნდა უპასუხო.

– შემოდგომა.

თითქმის ხიდის ბოლომდე ჩამოვედით და ტრამვაის ხაზებთან ქუჩა გადავკვეთეთ. ამდენი არასდროს გვილაპარაკია. ძალზე ჭკვიანური ხერხი იყო ერთმანეთის უკეთ გასაცნობად. რაღაც ახალი ვისწავლე.

– ეს შენ მოიგონე? – შევეკითხე.

რობერტმა თავი გააქნია.

– არა, მამაჩემმა.

– რას საქმიანობს მამაშენი?

– დედა მატარებლებს რეცხავს ვესტბანენზე.

მკლავზე შევეხე და გავიცინე.

– არ ითვლება. შეკითხვას უნდა უპასუხო.

მაგრამ რობერტი თამაშიდან გავიდა და მთელი დარჩენილი გზა ჩუმად იყო და კიდევ უფრო მოიხარა წელში. ვინანე, ნეტავ არასდროს დამესვა ეს შეკითხვა. თვითონ ხომ არასდროს მეკითხებოდა ჩემს მშობლებზე ან რატომ უნდა ეკითხა? შეიძლება, მეც იგივე რეაქცია მქონოდა.

რობერტი ხიდზე გაშეშდა, მომიწია გავქცეულიყავი, რათა ისევ შემომერიგებინა, უცებ პირი მძიმე, მწარე გემოთი ამევსო.

შემომხედა, რაღაც იყო მის თვალებში, რაღაც ჩრდილის მაგვარი.

– მამაჩემი ზღვაშია.

– სად?

– აფრიკაში, აფრიკის შემოგარენში, რა განსხვავებაა.

ისევ შემეშინდა. ზურგჩანთის ღვედი კისერში მიჭერდა.

– გინდა, ჩვენთან ისადილო? შევეკითხე ნაჩქარევად.

რობერტი ისევ ისე მიყურებდა, შემდეგ თვალებიდან ჩრდილი გადაშორდა და გაიღიმა.

– დარწმუნებული ხარ, რომ ნებას დამრთავენ?

– ნებას დაგრთავენ? რასაკვირველია. გინდა?

– კი.

ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ჩვენ-ჩვენ უბნებში წავედით, მე ტრამვაის ხაზის გაყოლებაზე, ის ხიდის მეორე მხარეს, მერე შემოვბრუნდით, ისევ ისე, როგორც ყოველთვის.

– დღეს თუ ხვალ? – დავუძახე.

წელში გასწორდა და კიდევ უფრო ფართოდ გაიბადრა.

– დღეს!

– ახლავე ან ხუთზე!

რობერტი ცოტა შეყოყმანდა და ნაბიჯი უკან გადადგა.

– ხუთზე!

თან მიხაროდა და თან ვღელავდი.

მაგრამ უფრო მეტად მიხაროდა, ღელვის მიზეზს კი ვერ ვხვდებოდი.

შილებეკამდე მთელი გზა სირბილით გავიარე და დედას იაკობსენის კოლონიური საქონლის მაღაზიასთან შევხვდი. გორგოლაჭებიანი ჩემოდნით იდგა და სავაჭრო სიას ჩასცქეროდა.

– რობერტს ვუთხარი, რომ შეუძლია ჩვენთან ისადილოს.

დედამ შუბლზე თმა გადაიწია.

– ძალიან კარგი, როდისთვის უთხარი?

სხვა მხარეს გავიხედე.

– დღეს.

– დღეს?

– ჰო, ყველაზე კარგად დღეს გვიხერხდებოდა.

– ბარემ გუშინ გეთქვა, მეტი დრო მექნებოდა მოსამზადებლად.

საათს დავხედე.

– ორი საათი და სამი წუთია დარჩენილი.

დედამ ამოიხვნეშა.

– მაშინ მოუწევს, თევზის გრატენს დასჯერდეს. ამაზე მეტს ვერ მოვასწრებ.

რობერტი ზუსტად ხუთზე მოვიდა, არცერთი წამით გვიან, არცერთი წამით ადრე. მისი ქურთუკი შემოსასვლელის კარადაში შევკიდე. დადგა და აქეთ-იქით ყურება დაიწყო, ზუსტად ისე, როგორც სკოლის პირველ დღეს. თმა კიდევ უფრო თვალსაჩინოდ ჰქონდა გადავარცხნილი, განსაკუთრებით გაყოფის ზოლთან, ტანზე ისევ ის პერანგი და პრიალა ღილებიანი ლურჯი პიჯაკი ეცვა. ბოლოს მომიწია, ფაქტობრივად, ძალით შემეთრია მისაღებ ოთახში. მშობლებს ხელი ჩამოართვა, თავი მდაბლად დაუკრა და გაეცნო.

– რობერტ ჰელვიკი.

დავსხედით, ყველამ ჩვენი კუთვნილი მხარე დავიკავეთ მაგიდასთან, რომელიც, დროის სიმცირის მიუხედავად, ქათქათა გადასაფარებლითა და შანდლების შუქით გაეფორმებინა დედას. მამამ ხელსახოცი პერანგის ზედა ღილებს შორის დაიმაგრა, ვერაფრით ვხვდებოდი, უბრალოდ მუხლებზე რატომ არ იდებდა. ალბათ, ჰალსტუხის დასვრის ეშინოდა და მხოლოდ კარტოფილის ჭამით კმაყოფილდებოდა. დედამ სტუმარს შემწვარი ხორცი გადააწოდა, ესე იგი დრო ხორცისთვისაც გამოუნახავს. რობერტი სულ მე მიყურებდა, თითქოს უნდოდა, გადაემოწმებინა, ხომ ნამდვილად შესაფერისად იქცეოდა.

დედამ მხარზე დაადო ხელი.

– წვენი თუ ლიმონათი?

გაგვეცინა. უფრო სწორად ჯერ მე გამეცინა და მერე რობერტიც ამყვა, ვეღარ ვჩერდებოდით, დედა დაბნეული გვიყურებდა, სახეზე გაუბედავი ღიმილით.

– რამე სისულელე ვთქვი?

ცოტა ხანს ვერაფერი ვუპასუხეთ, მხოლოდ ვიცინოდით. ეს ის სიცილი იყო, რომელიც ზოგ ადამიანს ერთმანეთთან ძალიან აახლოებს, დანარჩენებს კი აშორებს.

– აბა, გეყოფათ ახლა! – თქვა მამამ.

გავჩუმდით, რობერტმა თავი დახარა, გაწითლდა, ცოტა ხანს ყველაფერი დუმდა, დედა კი პასუხს უცდიდა.

წვენი თუ ლიმონათი.

– ლიმონათი. – ამოიჩურჩულა რობერტმა.

– ლიმონათი. – ვთქვი მეც.

– და ერთი ლაგერის ლუდიც ჩემთვის. – თქვა მამამ.

დედა სამზარეულოდან გავიდა და მალევე ბოთლებით ხელში შემობრუნდა.

ჭამა დავიწყეთ, ცოტა ხნით შეწყდა ლაპარაკი.

მამამ ჩანგალი გადადო, ხელსახოცი მოიხსნა და რობერტისკენ მიტრიალდა.

– რას საქმიანობს მამაშენი, რობერტ?

რობერტი ერთხანს ისევ მე მიყურებდა.

– მამაჩემი ზღვაშია.

– ზღვაში? და რას აკეთებს ზღვაში?

მამამ გადაიხარხარა.

დედამ თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ამოიხვნეშა. რა ლუდი დაალევინა ამისთანა?

ხორცის ბოლო ნაჭრებიანი თასი გვერდით გადავაწოდე.

– შტურმანია. – თქვა რობერტმა.

ზუსტად არ ვიცოდი, რას საქმიანობდა მამაჩემი, მაგრამ ვიცოდი, რომ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა, რომ ჰქონდა პირადი კაბინეტი, საბეჭდი მანქანა და რომ ყოველ შობას ჩუქნიდნენ კალენდარს და გასაღებების საკიდს მანათობელი ემბლემითა და  წარწერით – დრო მიდის, ურთიერთობები რჩება. მამას მთელი ერთი უჯრა ჰქონდა ასეთებით სავსე. სახლში ბევრად მეტი გასაღებების საკიდი გვქონდა, ვიდრე გასაღები.

– და რომელ შორეულ წყლებში დაცურავს ახლა მამაშენი?

რობერტს შევხედე. ის ჩუმად იჯდა და მიშტერებოდა თეფშს, რომელზეც ხორცისგან დარჩენილი ცხიმები ხმებოდნენ. მის მაგივრად უნდა მეპასუხა, აკი ვიცოდი კიდეც პასუხი, მაგრამ მაინც დამასწრო.

– არგენტინაში. არგენტინის შემოგარენში.

– იქ, ალბათ, ვეშაპებზე სანადიროდ იქნება, არა?

რობერტმა სწრაფად დაუქნია თავი.

– კი, ვეშაპებზე სანადიროდ.

– რომელ თევზსაჭერ კომპანიაშია?

რობერტმა ლიმონათი მოსვა.

– ვილჰელმსენში.

– ვილჰელმსენი? ალბათ, იაჰრეს გულისხმობ, რადგან ვეშაპებზე ნადირობას ეხება საქმე.

– ჰო. იაჰრე. ვილჰელმსენისთვის ადრე მუშაობდა. აფრიკაში.

– ეს ნამდვილად დასაფასებელია, თქვა მამამ. ვეშაპებზე ნადირობა რომ არა, დედას ამ ხორცის შეწვა მარგარინის გარეშე მოუწევდა!

დედას, სხვა ყველაფერთან ერთად, დესერტად ვაშლის მუსის მომზადებაც მოესწრო. რობერტმა სასიამოვნოდ თბილი და ჟელესავით მკვრივი მუსის სულ მცირე სამი ულუფა მოასუფთავა, დედა სიამოვნებისგან იღიმოდა.

– მაშ, ესე იგი ჰალდენიდან ხარ წარმოშობით? – იკითხა დედამ.

რობერტმა სწრაფად ამოიხედა.

– დიახ.

– ეს ხომ თითქმის საზღვარგარეთაა.

– საზღვარგარეთ?

– შვედეთში, მინდოდა მეთქვა. მოგწონს ჩვენი ქალაქი?

არ მსიამოვნებდა, რომ ამდენ კითხვას უსვამდნენ. რაში აინტერესებდათ? ისინი უფრო მეტს ეკითხებოდნენ, ვიდრე მე.

რობერტმა გამომხედა.

– დიახ.

მე კარგა ხნის გამოცლილი მქონდა ვაშლის მუსიანი ჭიქა, დედა და მამაც მორჩენილიყვნენ, მაგრამ რობერტი კიდევ და კიდევ იმატებდა, ულუფები მცირე არ ყოფილა, მთლიანობაში დაახლოებით 60 ვაშლი დაიხარჯა ამ მუსის მომზადებაზე, დედა ხელის უკან მალავდა ღიმილს. ბოლოს რობერტმა ისე წმინდად მოასუფთავა თეფში, რომ გარეცხვა აღარც იყო საჭირო. სადღაც თავის სამყაროში დაფრინავდა, მერე უცბად მიხვდა, რომ მას ველოდებოდით, კოვზს ხელი გაუშვა და მყისიერად წამოდგა, სკამი ლამის გადაყირავდა. მაგიდისაგან მოშორებით დადგა. მაღალი, მაძღარი და დარცხვენილი.

– დიდი მადლობა სადილისთვის, – თქვა მან. – საუკეთესოა, რაც ოდესმე გამისინჯავს.

დედამ მთელი გულით გაუღიმა.

– ჭეშმარიტად თავაზიანი ნათქვამია.

რობერტმა მცირე პაუზა აიღო.

– და ასევე დედაჩემისგანაც უნდა გადმოგცეთ უღრმესი მადლობა ჩემი აქ მოპატიჟებისა და გულითადი მასპინძლობისთვის.

– ბრავო! – წამოიძახა მამამ.

მეც წამოვდექი და სანთლები სულის შებერვით ჩავაქრე.

სიბნელეს ამით არაფერი მომატებია.

მერე ჩემს ოთახში გადავინაცვლეთ და რობერტმა ისევ აქეთ-იქით მიმოიხედა, როგორც ჩანს, ჩვევა ჰქონდა ასეთი. ამჯერად თავს უფლება მისცა, ნელა მოეტარებინა თვალი წიგნების თაროდან ფირსაკრავამდე, ფანჯრიდან სავარძლის თავზე დაკიდებულ კალენდრამდე, 11 ოქტომბერი, რადიოდან კედელზე ჩამოკიდებულ ფოტომდე, დედა, მამა და მე ზაფხულის ბაღში, ნათელი შუქჩრდილებით, რომლებიც გვაუწყებენ, რომ იმ დღეს მცხუნვარე მზე ათბობდა დედამიწას. რობერტი გაოცებას ვერ მალავდა, თვალებგაფართოებული, თითქმის პირდაღებული იჯდა. მივხვდი, რომ იმ მომენტში არ ვიცოდი, სიამაყე უნდა მეგრძნო თუ უხერხულობა.

– სიმართლე თუ ტყუილი? – შევეკითხე.

რობერტმა პირი მოკუმა და ჩემკენ შემობრუნდა.

– ტყუილი. ყურება თუ მოსმენა?

– მოსმენა. ბიტლზი თუ სტოუნზი?

გაეღიმა.

– ბიტლზი.

მაგრამ, მგონი, ამ დროს უკვე შემჩნეული ჰქონდა, რომ სტოუნზის არცერთი ფირფიტა არ მედო თაროზე, ეს მახარებდა, ალბათ, სწორედ ჩემ გამო აირჩია ბიტლზი. არ ვგრძნობდი უხერხულობას, სიამაყით ვიყავი აღვსილი და ბოლო სინგლი ორჯერ დავაკვრევინეთ.

სიჩუმე ჩამოწვა.

– შინ როდის ბრუნდება მამაშენი? – ვკითხე მე.

რობერტმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა და სწრაფად წამოდგა.

– უნდა წავიდე უკვე.

მისაღების ფანჯრიდან ვუყურებდი. ქუჩა ნაჩქარევად გადაკვეთა, უკან არ მოუხედავს.

დედამ მხარზე დამადო ხელი.

– ზრდილობიანი ბიჭია.

– კი.

– კარგი იქნება, თუ კიდევ დაპატიჟებ.

– ჰო.

– მაგრამ ჯერ თვითონ უნდა დაგპატიჟოს.

– და რატომ?

– უბრალოდ ასეთი წესია.

ერთხელაც შეათვალიერა დედამ და ცოტა ჩაიცინა.

– ბედნიერი უნდა იყო, რომ ამ სიმაღლე არა ხარ!

– მესამე კლასშია ჩარჩენილი.

მაშინვე ვინანე ჩემი ნათქვამი. ეს რობერტის ღალატი იყო, მან სწორედ ამ წამს შეუხვია ქუჩის კუთხეში, ტრამვაის მოსაცდელთან, სადაც არავინ იცდიდა.

მამამაც გაიგონა, გაზეთი დაკეცა და ჩვენკენ შემოტრიალდა.

– ოჰ, რატომ დაემართა? საკმაოდ განათლებული ყმაწვილი ჩანს.

– წარმოდგენა არა მაქვს!

დიდხანს ვერ დავიძინე. ფხიზლად ვიწექი და ვფიქრობდი, ვინ იყო რობერტი სინამდვილეში. სიბნელეში ვიმეორებდი მის პასუხებს, რომლებიც ისევე კარგად მახსოვდა, როგორც საკუთარი: ჭადრაკის დაფა, ღამე, ლიმონათი, ბიტლზი, ტყუილი. ბოლო პასუხი თავგზას მირევდა, თუ ყველაფერი ტყუილი იყო, იქნებ ყველა პასუხში საპირისპირო იგულისხმებოდა? იქნებ ტყუილის არჩევაც ტყუილი იყო.

ახლა უკვე არც ის იყო სარწმუნო, რომ ნამდვილად ჰალდენიდან ჩამოვიდა.

და ვინ ვიყავი მე? მე ვიყავი დრომადერი, ფრენა, შემოდგომა, ლიმონათი და მოსმენა.

გადავწყვიტე, ყოველი შემთხვევისთვის როლინგ სტოუნზის ერთი ფირფიტა მეყიდა.

იმ ღამეს, ძილში, უკვე ვიცოდი, თუ ვინ იყო რობერტი.

ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.

შემდეგ დილას, ჩვეულებისამებრ, ხიდზე მელოდა.

სკოლისაკენ რომ მივდიოდით, გაწვიმდა.

ფიზკულტურა გარეთ აღარ ჩაგვტარებია.

სამი კვირა წვიმდა. ქუჩები მდინარეებად გადაიქცა, ტრამვაი აღარ დადიოდა, აღარც ფოსტა მოდიოდა, მამაჩემს ზეგანაკვეთური საქმე გაუჩნდა სადაზღვევო კომპანიაში. მერე უეცრად გადაიღო. ერთ შაბათ დღეს, მე და რობერტი ბოტებითა და საწვიმრებით აღჭურვილები ვბრუნდებოდით შინ, მოულოდნელად ღრუბლები გვერდზე გაიყარნენ და, ყველა მხრიდან კაშკაშა შუქმა გამოანათა, ცა გახდა ღრმა და ლურჯი, და ყველანაირი ხმაური ერთ წამში სრულიად ჩაწყნარდა.

რობერტი გახევდა, შემდეგ შემომხედა.

– ამ საღამოს რამე გაქვს გასაკეთებელი?

როგორც იქნა, კითხვას აპირებდა.

თავი რამდენჯერმე გავაქნიე.

– არა, ნამდვილად არაფერი.

– დედამ მითხრა, თუ სურვილი აქვს, დღეს ჩვენთან ისადილოსო.

გამიხარდა, მაგრამ თან დავითრგუნე. მაინცდამაინც ასე რატომ თქვა? რა, თავად არ უნდოდა, რომ მათთან მესადილა?

– სიამოვნებით, გმადლობ.

– ხუთ საათზე. გაწყობს?

– შესანიშნავია.

რობერტმა გაიღიმა.

– შესანიშნავია, გაიმეორა მან.

განათებული, კრიალა ქუჩები სწრაფად ჩავირბინე სახლამდე.

იქ მისასვლელად ოთხი საათი და სამი წუთი მქონდა, რადგან შაბათობით ადრე გვიშვებდნენ ხოლმე. საათის ისრები ნელა მოძრაობდნენ, თვით წამების ისარიც კი ჩემს წყალგაუმტარ მაჯის საათზე, ისევე ნელა მოძრაობდა, როგორც კალენდარი საწოლის თავზე, რომელზეც ხანძარში გახვეული სახლის სურათის ქვეშ ნოემბერი პირველ კვირას ამთავრებდა.

ზუსტად ხუთზე, არცერთი წამით ადრე და არცერთი წამით გვიან, რობერტის სახლის კარზე ზარი დავრეკე. კარი ისე სწრაფად გაიღო, ღილაკიდან თითის აღებაც ვერ მოვასწარი, ალბათ, რობერტი კარს უკან იდგა და ჩემს ზარს ელოდა.

პირველ სართულზე ცხოვრობდნენ.

კორიდორში რამდენიმე კერძის სუნი იდგა.

რობერტი შიგნით შემიძღვა.

შესასვლელში საკიდის მსგავსი არაფერი იყო, იატაკზე იდგა ერთი დიდი ტანსაცმლის ზვინი. ჩემი ქურთუკიც ამ ზვინზე დავაფინე, რობერტის საწვიმარი ლაბადის ზემოდან.

პარკში აურლანდის ფეხსაცმელები და ექვსღილიანი ბლუზი მელაგა.

რობერტი მელოდებოდა.

შემდეგ სამზარეულოსკენ გამიძღვა.

რობერტის დედა გაზთან იდგა და ჩემი მისვლისთანავე შემობრუნდა. საკმაოდ პატარა ქალი იყო, ცოცხალი, სიფრიფანა. ლურჯ წინსაფარზე სწრაფად შეიმშრალა წვრილი ხელები, ამ დროს უცბად წარმოვიდგინე, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვინც ვესტაბნენზე მატარებლებს რეცხავდა, ლოკომოტივებსაც, საბარგო ვაგონებსაც, პირველ კლასსაც და მეორე კლასსაც. ხელის ჩამორთმევისას ვიგრძენი, რომ სუნიც რაღაც მატარებლური ჰქონდა, ალბათ, ქაფურის სუნი იყო. ნერვიულად და სწრაფად მოძრაობდა. რობერტს მისგან გამოჰყოლოდა დიდი თვალები, რომლებიც ბოლოს ჩემს თვალებსაც შეხვდნენ.

თავი დავუკარი და გავეცანი.

მისი ხელი სველი იყო და ჩემს თითებსაც ქაფურის სურნელი აჰყვა.

მაგრამ ეს არ იყო ყველაფერი, რამაც იქ ჩემი ყურადღება მიიქცია.

ყურადღებას იპყრობდა სამზარეულოს მაგიდის ცენტრში მდგარი დაბადების დღის ტორტი. კრემში ჩაფლული ცამეტი სანთლის მოკანკალე ალი ფანჯრიდან გარეთ გადიოდა, სადაც მატარებლის ხაზების პეიზაჟი იყო გადაშლილი. მაგიდა სამი ადამიანისთვის გაეწყოთ, თეფშები, პატარა ჩანგლები, ჭიქები და ქაღალდის თეთრი ხელსახოცები.

დავსხედით.

რობერტმა ღრმად შეისუნთქა და ყველა სანთელი ერთიანად ჩააქრო.

რატომ არ მითხრა, რომ დაბადების დღე ჰქონდა? რაღაც უნდა მეჩუქებინა, მაგალითად, როლინგ სტოუნზის ფირფიტა ან რამე სხვა, რაღაც შთამბეჭდავი, რაღაც ისეთი, რაც ჩემს ვინაობას გამოხატავდა, ანუ იმას, რომ მე მისი საუკეთესო მეგობარი ვიყავი.

რობერტის დედამ წინსაფარი მოიხსნა და ჭიქებში კაკაო დაასხა.

რობერტმა სტეარინის სანთლები კრემიდან ამოიღო და ყველა თეფშზე ტორტის თითო ნაჭერი დადო.

– შეგიძლია, ცოტა კრემი კაკაოშიც ჩააგდო.

ჩვენ ქვეშ მატარებელმა გაიარა, ერთი წუთის განმავლობაში მთელი სახლი ეზოიანად ირყეოდა.

ყველანი ჩუმად ვისხედით.

ხელი ჯიბეში ჩავიყავი და გასაღებები ფრთხილად გამოვხსენი საკიდიდან. შემდეგ ხელები ზურგს უკან დავმალე.

– ჩრდილოეთი თუ სამხრეთი?

მაგრამ რობერტმა არაფერი მიპასუხა, პასუხის ნაცვლად დედას გადახედა, რომელმაც ჭიქა მძიმედ დადგა მაგიდაზე. მივხვდი, რომ რაღაც არასწორი ვთქვი, უბრალოდ ვერ ვხვდებოდი, რა.

ცვილის პრიალა გადასაფარებელზე გასაღების საკიდი დავდე.

– დაბადების დღეს გილოცავ!

– გმადლობ.

– შეფუთვა ვეღარ მოვასწარი.

– ეგ არაფერი.

რობერტმა საკიდი ხელებს შორის მოიქცია, ჩახედა და დაინახა, რომ სიბნელეშიც ანათებდა.

– ეს სად იშოვე? – იკითხა დედამ.

– მამაჩემი სადაზღვევო კომპანიაში მუშაობს.

– მართლა?

– დიახ, ის ადამიანებს აზღვევს, როცა უბედური შემთხვევები ხდება.

რობერტმა გასაღები რგოლზე შეაბა.

დედამ კიდევ დაგვიმატა კაკაო.

– გინდოდა გეთქვა, რომ წინასწარ აზღვევს, სანამ უბედური შემთხვევა მოხდება.

– ჰო, სანამ მოხდება.

რობერტმა შემომხედა.

– რა არის ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც შეიძლება შეგემთხვეს?

ამ დროს სამზარეულოს კარზე ზარი გაისმა.

დედა გაუნძრევლად იჯდა, მისი ყოველი მოძრაობა თითქოს ცვილსა და ლინოლეუმში ჩაყინულიყო.

რობერტმა გასაღები ჯიბეში ჩაიგდო.

ზარმა კიდევ ერთხელ დარეკა.

ბოლოს და ბოლოს დედა ადგა, სამზარეულოს კარისკენ წავიდა, უსაფრთხოების საბელი გადასწია და კარი გააღო.

დავინახე როგორ გააკეთა ერთდროულად ორი სრულიად საწინააღმდეგო მოძრაობა. როგორ გაიმართა წელში და იმავე წამს როგორ ჩაიკეცა. ჩაბნელებულ კიბეზე ვიღაც მამაკაცი იდგა.

დედამ მხოლოდ ერთი ამოთქვა:

– შენ?

და შიგნით შემოუძღვა.

ის კაცი რობერტის მამა იყო.

არ ვიცი, რას ველოდებოდი. შეიძლება გარუჯულ, დაკუნთულ მეზღვაურს, მოკლემკლავებიან, ყელმოღეღილ მაისურში, რადგან იქ, საიდანაც ის მოდიოდა, ჯერ კიდევ ზაფხული უნდა ყოფილიყო; მაგრამ ეს კაცი ისეთივე ნაცრისფერი იყო, როგორიც რძით სავსე ბოთლი. თხელი თმა მთლიანად უკან ჰქონდა გადავარცხნილი. გაცრეცილი ფრაკი არ გაუხდია, მხოლოდ ხელთათმანები გაიძრო.

საჩვენებელი თითი რობერტისაკენ გაიშვირა.

– შენ რა, გეგონა, შენი დაბადების დღე დამავიწყდებოდა?

რობერტი ადგა. მამამისზე მაღალი იყო. მამამ თავი უკან გადაწია და ზეცას ახედა:

– ღმერთო ძლიერო!

რამდენიმე წამს მდუმარედ იდგნენ. თითქოს საერთოდ აღარ ვიყავი იქ, უხილავი გავხდი. მხოლოდ ისინი იყვნენ. რომელი ჩაეხუტებოდა პირველი?

ჩახუტების ნაცვლად მამამ ხელები ზურგს უკან წაიღო.

– მარჯვენა თუ მარცხენა? – იკითხა მან.

რობერტი სწრაფად შეტრიალდა დედისაკენ, მის თვალებში რაღაც იკითხებოდა, რაღაც ვედრებასავით, მაგრამ დედა არავისკენ იხედებოდა, მხოლოდ ფანჯარას უყურებდა, საიდანაც ერთადერთი სანახავი იყო – სიბნელე.

– მარჯვენა თუ მარცხენა? – გაიმეორა მამამ.

– მარცხენა.

ხელები კვლავ ზურგზე ჰქონდა შემოწყობილი. უცბად უბედურ კაცს დაემსგავსა.

– დაგავიწყდა?

რობერტი კიდევ უფრო აღელდა.

– არა!

მამა კვლავ გამჭოლი მზერით უყურებდა.

– აბა, თქვი მაშინ რამე.

– ტორტი თუ კაკაო?

მამამ ხმამაღლა გაიცინა.

– ტორტი! შავი თუ თეთრი?

– შავი. ტაქსი თუ ტრამვაი?

– ტაქსი. ახლა თუ არასდროს?

დედამ მაგიდაზე ახალი თეფში დადო და მომენტალურად მაგნიტივით მიიზიდა მამის ყურადღება.

– ეს რა არის?

– არ შეგიძლია, უბრალოდ საჩუქარი მისცე და მორჩე?! – თქვა დედამ.

რობერტმა ამოიჩურჩულა:

– ახლა.

მამამ გაღიმება სცადა.

– ესე იგი, გამოვიდა – მარცხენა ტორტი შავ ტაქსიში.

და როგორც იქნა, მამამ მისცა საჩუქარი, რომლის შესაფუთი ნაცრისფერი ქაღალდიც რობერტმა ერთ წამში გაანადგურა.

შიგნით ჭადრაკის ფიგურები ეწყო.

– გმადლობ.

– ჩემი ხელითაა გაკეთებული.

მამა დაჯდა. რობერტმა თეფშზე ტორტი დაუდო.

როცა მთლიანი ნაჭერი შეჭამა, პატარა ჩანგლით დარჩენილი ნამცეცებიც აკენკა და თითებიც ხელსახოცზე შეიწმინდა, პირველად მერეღა შემამჩნია.

– ოჰო, აქ წვეულება ყოფილა.

ხელი გავუწოდე და გავეცანი.

არ ჩამომართვა.

ამის მაგივრად თავის შვილისკენ შეტრიალდა.

შავი და თეთრი ფიგურები ცვილის პრიალა გადასაფარებელზე ჭიქებს შორის ელაგა.

– დაამთავრე დაფა?

– ახლავე.

რობერტმა ტორტის კიდევ ერთი ნაჭერი დაუდო.

დედა ისევ ბნელ ფანჯარასთან იდგა მკერდზე ხელებგადაჭდობილი.

მამა კვლავ ჭამას შეუდგა. იჯდა თავისი გრძელი ფრაკით და ტორტს შეექცეოდა, მაგრამ უცებ გაშეშდა, ხელები მუცელზე შემოიკრა, შუბლზე ოფლი ასხამდა, ტუჩებზე კრემი, თვალებზე კი ბრაზისა და დარდის ველური ნაზავი ჰქონდა გამოსახული. შემდეგ სამზარეულოს ნიჟარასთან მივიდა და გული აერია, რამდენჯერმე, ბოლოს მუხლებში ჩაიკეცა, იატაკს დაეყრდნო და სლუკუნი და ფურთხება დაიწყო.

რობერტი დედისკენ შეტრიალდა.

ხელზე შევეხე.

– ჩემი წასვლის დროა.

შემოსასვლელამდე გამაცილა, ჩემი მოსაცმელი ავიღე და ფეხსაცმელები გამოვიცვალე.

მაშინ მითხრა, ისე ჩუმად, რომ ძლივს გავიგონე:

– შენ ხომ არაფერს იტყვი?

თავი გავაქნიე, რობერტმა კარი ფრთხილად მოხურა.

შესასვლელთან პოლიციის მანქანა იდგა. ორი პოლიციელი ტროტუარზე იცდიდა. ერთ-ერთი ძაღლს იჭერდა. ფანჯრებში, ქუჩის ორივე მხარეს, ფარდის უკან მიმალული სახეების დანახვა შემეძლო, ცნობისმოყვარე გამოხედვები, რომლებიც არაფერს მალავდნენ.

სულ სირბილით მივედი სახლამდე.

დედა და მამა მისაღებში ისხდნენ და მიცდიდნენ.

აფორიაქებულნი ჩანდნენ, თითქმის შეშინებულებიც. დედა ნამტირალევი იყო, შეშუპებული ლოყები ჰქონდა. მამამ სიგარეტს მოუკიდა, საფერფლე ნამწვავებით იყო სავსე.

– დაჯექი აქ. – მითხრა მამამ.

შუაში ჩავჯექი.

– რობერტთან იყავი? იკითხა დედამ.

თვითონაც ხომ იცოდა. რა აზრი ჰქონდა ამ შეკითხვას?

თავი დავაქნიე.

– სხვაგან სად ვიქნებოდი.

დედა გაჩუმდა, მამას გადახედა. მამამ ღრმა ნაფაზი დაარტყა.

– ჩვენ გვინდა, რომ მაგ რობერტისგან თავი შორს დაიჭირო.

ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ზურგით ვეცემოდი, ეს სიტყვები კი ქვემოთ და ქვემოთ მექაჩებოდნენ.

– შორს? რატომ?

დედამ ხელი ხელზე დამადო.

– გაიგონე, რაც მამამ გითხრა.

– კი, მაგრამ, რატომ?

დედამ ისევ მამას შეხედა. მამამ სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა, ფერფლი ხელებზე შეეყარა.

– იმიტომ, რომ მამამისი მკვლელია.

– მკვლელი?

– ოთხი წლის წინ ერთი კაცი სიცოცხლეს გამოასალმა.

დედამ სწრაფად დაამატა:

– დაახრჩო, სასიკვდილოდ გაიმეტა ადამიანი.

ხელი ჩემკენ გამოვწიე. თითქმის ვეღარ ვლაპარაკობდი.

– თქვენ საიდან იცით?

მამამ ლურჯი კოლოფიდან ახალი სიგარეტი ამოიღო და ხელის გულზე დაფერთხა.

– ყველამ იცის ეს.

ასანთის ღერის ალზე შევნიშნე, რომ მამას თითები ყვითელი, თითქმის ყავისფერი გამხდარიყვნენ.

წამოვდექი.

– რობერტს არაფერი ჩაუდენია! – დავიყვირე – რობერტს არაფერი ჩაუდენია!

დედაც წამოდგა.

– გვიანია. ამ თემაზე ხვალ დავილაპარაკებთ.

– მე აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი!

მამამ ამოიხვნეშა.

– ისე მოიქეცი, როგორც დედა გეუბნება. წადი და დაიძინე.

წავედი და დავიძინე, კალენდრის ქვეშ, რომელსაც ყოველ თვე ერთი ახალი უბედურება მოჰქონდა.

დილით არ ავმდგარვარ. ვიწექი და ველოდებოდი, რაღაც უნდა მომხდარიყო.

არაფერი მომხდარა.

დედამ შემოაღო კარი.

– ავად ხარ?

კედლის მხარეს გადავტრიალდი. დედა მომიახლოვდა, ხმა უკანკალებდა, თითქოს სიტყვები ხელში აყვანილი მოჰყავდა.

– გუშინ არაფერი მომხდარა?

– არა, და რა უნდა მომხდარიყო?

– უბრალოდ გეკითხები.

ფარდების გადაწევა უნდოდა.

ლოგინზე წამოვჯექი.

– ეგ არ ქნა! გესმის?! ეგ არ გააკეთო!

ლამის ვკიოდი.

დედამ ფარდები ჩამოუშვა და ხანჯლის პირზე უფრო წვრილმა ზოლმა მისი სახე ორად გაკვეთა.

– ჩვენიც უნდა გაიგო. – მითხრა ხმადაბლა.

შემდეგ თავი დამანება და მარტო დამტოვა.

საწოლიდან არ ავმდგარვარ, ვიდრე ის კვირა დღე კალენდრიდან არ ამოიშალა.

ორშაბათ დილით ისევ ხიდზე ვიდექი და ვუცდიდი.

რობერტი არ მოსულა.

ბოლომდე ვუცდიდი, ყველანაირი ლოდინის დრო ამოიწურა, ზარიც დაირეკა. რობერტი არ მოვიდა.

სანამ ხიდზე ველოდებოდი, მოუთმენელი და შეშინებული, თოვა დაიწყო. თოვლი ყველა მხრიდან მოდიოდა, ქარი კი მისგან ღობის გასწვრივ გაყოლებულ კედლებს აშენებდა. თეთრი კედლები მატარებლის გავლისთანავე სკდებოდნენ და იმსხვრეოდნენ, ზუსტად ჩემ ქვეშ, როგორც ერთგვარი, სიჩუმეში მთრთოლარე ბგერა.

თოვა არ წყდებოდა, ხელები გამეთოშა.

მარტო უნდა წავსულიყავი სკოლაში, როგორც ყოველთვის დავდიოდი ხოლმე, რობერტის გადმოსვლამდე.

მისი ახალი მერხი, ყველა სხვა მერხზე უფრო მაღალი, როგორც იქნა, ჩამოვიდა. მაგრამ მთელი დღე ცარიელი იყო. ბოლო გაკვეთილზე დაცვის უფროსმა ისევ უკან გაიტანა.

მახსოვს რობერტის ბოლო სიტყვები, ლოცვასავით რომ ჟღერდნენ:

– შენ ხომ არაფერს იტყვი?

რობერტი აღარასოდეს მინახავს.

ახალ ადგილას გადაცხოვრდნენ, სადაც ვერავინ იცნობდა. როგორც აქ ვერ ცნობდა ვერავინ, როცა ჩამოვიდნენ.

© არილი

Facebook Comments Box