კრიტიკა,  რეცენზია

პეტერ ჰანდკეს „მოკლე წერილი, ხანგრძლივი დამშვიდობება“ – ოდისევსი პირუკუ

ავტორი: თაკო წულაია

პეტერ ჰანდკე, „მოკლე წერილი, ხანგრძლივი დამშვიდობება, გამომცემლობა: ინტელექტი, მთარგმნელი: მზია გალდავაძე

„ნამდვილი სიყვარული კი სხვა არაფერია, გარდა მარტოობის ურთიერთგაცვლის მცდელობისა.“

ხოსე ორტეგა ი გასეტი

„ნიუ-იორკში ვარ. გთხოვ, არ მომძებნო, ჩემს პოვნას არ გირჩევ,“ – ამ მოკლე წერილის შემდეგ იწყება ახალგაზრდა კაცის ორი თანადროული მოგზაურობა. ერთი მხრივ, მოგზაურობა ამერიკაში – ქვეყანაში, რომელიც არა გეოგრაფიულად, არამედ თავისი სიმბოლურობითა და შინაარსით არის მისთვის საინტერესო. მეორე მხრივ, მოგზაურობა საკუთარ თავში, ერთგვარი შინაგანი მიგრაცია, სადაც აწმყოდან, აქ და ახლა არსებობის აუცილებლობიდან წარსულში, რეალურ თუ გამოგონილ მოგონებებში გადადის. „მოკლე წერილი, ხანგრძლივი დამშვიდობება“, რომელიც პეტერ ჰანდკემ 1972 წელს დაწერა, სწორედ მოგზაურობების ამბავია. მოგზაურობების, რომლებშიც პერსონაჟების თანამგზავრობა მკითხველისთვის დაუვიწყარი გამოცდილებაა.

თავიდანვე ცხადია, რომ უსახელო პერსონაჟი, რომლის ცხოვრებასაც თვალი უნდა მივადევნოთ, მაყურებელია და არა მონაწილე. ის ყოველთვის განზე დგას, რამდენიმე კილომეტრით შორს საკუთარი სხეულისა და ცხოვრებიდან. მართალია, გულგრილი არ არის, პირიქით, მეტისმეტად მგრძნობიარეც კია, მაგრამ მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ მისგან დამოუკიდებლად, მისი ჩარევის გარეშე მიედინება მისივე სიცოცხლე. ოღონდ ეს არჩევანია და არა მდგომარეობა, რომელშიც შემთხვევით აღმოჩნდა. ამას მისი სიტყვებიც მოწმობს – კამათლის გაგორებისას აქვს განცდა, რომ სასურველი გვერდით გაჩერდა კამათელი, ოღონდ არა იმ წამს, არამედ სხვა დროში. ეს სხვა დრო კი მომავალს ან წარსულს არ ნიშნავს, არსით არის სხვა დრო და უფრო ნამდვილია, რადგან იმ დროში ყველაფერი შესაძლებელია, განსხვავებით იმ დროისგან, რომელშიც მისი სხეულია გამომწყვდეული. ის სხვა დროა ყველაზე სასურველი ადგილი, ერთდროულად ტკივილსაც რომ აგრძნობინებს და სიამოვნებასაც: ის, რაც მისი ცხოვრებაა, არ შეიძლება იყოს ყველაფერი, კიდევ არის რაღაც და სადღაც და ამ „სხვა“ სივრცისა და დროის არსებობა შვებისმომგვრელია, მაგრამ თან აუტანელიც არის, რადგან „იქ“ მოხვედრა არ შეგიძლია.

„მაყურებლის“ მიერ მოთხრობილი ამბის სიუჟეტი მარტივია: ამერიკაში ცოლის საძებნელად მიმავალი აღმოაჩენს, რომ ცოლი, იუდითი მის კვალს მიჰყვება, რათა მოკლას. გზად კი ძველ სიყვარულს, კლერს და მის შვილს შეუვლის. ერთი შეხედვით, სულ ესაა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო რთულადაა: რომანი მოგონებებითა და წარსულის საშიში აჩრდილებითაა სავსე და ერთდროულად მარტოობასა და მარტო დარჩენის შეუძლებლობაზეა.

მთხრობელი რომ დავინახოთ, მისი რამდენიმე ყველაზე გამოკვეთილი და არსებითი თვისება უნდა დავასახელოთ. პირველ ყოვლისა, მთხრობელი ის კაცია, რომლისთვისაც მომხდარი და არსებული არასდროსაა საკმარისი, რაც ვლინდება მის ჩვევაში, ყველაფერი (თუნდაც ყოფითი, ჩვეულებრივი და უინტერესო მოვლენები) დეტალიზებულად, გადაჭარბებული სერიოზულობით აღიქვას და აღწეროს. მისი „სახლში შესვლა“ სახლში შესვლა არაა – ჯერ ფეხსაცმელს იწმენდს, მერე სახელურს ჩამოწევს, მერე კარს გააღებს, მერე შევა, მერე ისევ მიხურავს კარს. ამგვარად, ის, რაც ადამიანების დიდი ნაწილისთვის მხოლოდ ჩვევაა ან ინერცია, მისთვის ანალიზისა და განსჯის საგანია. მთავარი კი კვლავ მისი პოზიციაა – გვერდზე გამდგარი და მზერაგაფაციცებული ადამიანის. „ჯერ გახვეულიც არ ვარ რაიმეში, რომ უკვე ვიწყებ მის ფორმულირებას და უკანვე გამოვდივარ, ბოლომდე არ მივყვები განცდას და გვერდიდან ვუცქერ, ჩემ მიღმა როგორ თამაშდება“ – ეს ყველაზე ზუსტი დიაგნოზია, მათთვის დასმული, ვინც არა განცდით, არამედ განცდაზე ლაპარაკით არის დაკავებული. ასეთ დროს გრძნობები სიტყვებს ემორჩილება, ცხოვრებას ცხოვრებაზე რეფლექსია ანაცვლებს, განცდა კი მხოლოდ განცდის იმიტაციაა და მალევე კარგავს პირვანდელ ძალასა და სიმძაფრეს. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ მთხრობელი ორადაა გახლეჩილი – მისი ერთი ნაწილი არასრულყოფილი, ნახევრად განცდილი ყოველდღიურობის ტყვეა, მეორე ნაწილი კი ამ ტყვეობაზე ჰყვება და ტკბება თავისი მონათხრობით.

მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ისაა, რომ ძალიან უნდა, დაინახონ. ოღონდ დაინახონ არა იმ სიტყვების დახმარებით, რომლებითაც საკუთარ თავზე ჰყვება, არამედ მათი შუამავლობის გარეშე, უსიტყვოდ და განუმარტავად. მაგრამ მისი ერთი შეხედვით ამოცნობა შეუძლებელია და იქნებ ამიტომაც ლაპარაკობს ისტერიულად საკუთარ თავზე – და ლაპარაკობს საკუთარ თავზე მაშინაც კი, როცა სხვებზე ლაპარაკობს. იგი საკუთარი თავით შეპყრობილია და საკუთარი გამოსახულების უზარმაზარ ჩრდილქვეშ ხედავს სხვა ადამიანების გაბუნდოვანებულ სხეულებს. ალბათ, ამიტომაც არ გამოდის მისი ურთიერთობა არც კლერთან და არც იუდიტთან – მათი შეყვარება ადვილია, მაგრამ სიყვარულის შესანარჩუნებლად და ურთიერთობის გასაგრძელებლად თავისი თავის ჩრდილიდან უნდა გავიდეს და სხვა ადამიანების ავტონომიური, მისგან დამოუკიდებელი არსებობა აღიაროს. თუმცა როგორ უნდა გაუგოს სხვებს, როგორ უნდა იცხოვროს ვინმესთან ერთად დიდხანს და ბედნიერად, როცა გვერდიდან არ შორდება ნარატორი (თავისივე თავი), რომელიც მის ცხოვრებას ახმოვანებს?

ჰანდკე მთხრობლის ბუნების უკეთ გადმოსაცემად რამდენიმე ლიტერატურულ პარალელსაც ავლებს:

ეს ავსტრიელი კაცი, ახლახან ოცდაათი წელი რომ შეუსრულდა, ორი პერსონაჟის რეინკარნაციაა. ერთ მათგანს პირდაპირ ახსენებს – „დიდი გეტსბის“ კითხულობს და შეუძლებელია, მეოცნებე, შუქურას უიმედოდ მიჩერებული ჯეი გეტსბი არ ამოვიცნოთ მთხრობელში, რომელიც გეტსბის მსგავსად უიღბლო აღმოჩნდება სიყვარულში.

მეორე მინიშნება ირიბია, მაგრამ ადვილად ამოცნობადი – იუდითი პენელოპეა („სულ ქსოვდა, თუმცა, ბოლომდე თითქმის არაფერი მოუქსოვია, რასაც დაამთავრებდა, იმასაც მაშინვე არღვევდა“). ოღონდ არა ის პენელოპე, წლობით რომ ელოდა საყვარელი ქმრის დაბრუნებას. ის თანამედროვე პენელოპეა, რომელიც სახლს ტოვებს, რათა ქმარს, ოდისევსს მოსაკლავად დაედევნოს. მთხრობელი-ოდისევსი კი სახლისკენ არ მიიჩქარის ძვირფას ცოლთან შესახვედრად, პირიქით, იმ ძვირფას ცოლს გაურბის კიდეც, რომელსაც მისი დასჯა უნდა იმ მარტოობის გამო, რომელსაც მასთან ყოფნისას გრძნობდა. თუ კლასიკური ოდისევსის ცოლი მარტოა იმიტომ, რომ ოდისევსი დიდხანს ვერ ბრუნდება უკან, ჰანდკეს პენელოპე მარტოა იმიტომ, რომ მისი ოდისევსი არსადაც არ წასულა და, ფიზიკური სიახლოვის მიუხედავად, შინაგანად დაშორდა ცოლს. თუ კლასიკური ოდისევსი დაბრუნებას ცდილობს, ჰანდკეს ოდისევსი თავის მარტოობას (როგორც მოჯადოებულ კუნძულს) აფარებს თავს.

ხოსე ორტეგა ი გასეტი წერს, რომ „უნდა იყო ოდისევსი პირუკუ – ოდისევსი, რომელიც თავს აღწევს თავის განუყრელ პენელოპეს და სახიფათო რიფებს შორის გამალებით მიცურავს, რათა კირკეს ჯადოქრული ხიბლის ტყვედ იქცეს“. კირკე, ამ შემთხვევაში, არა არსება, არამედ მდგომარეობაა – საკუთარ თავთან დარჩენის, თვითტკბობის მდგომარეობა, რომლის ხიბლის ტყვეც არის მთავარი გმირი.

ამიტომაც არის იუდითისა და მისი ურთიერთობა იმთავითვე განწირული. თუმცა მხოლოდ ეს არ არის – იუდითი და მთავარი გმირი ერთმანეთისგან მეტისმეტად განსხვავდებიან. რაც მთავარია, განსხვავდება მათი დროისა და სივრცის აღქმა. იუდითი ყველგან და ყოველთვის აგვიანებს, დროის შეგრძნება თითქმის არა აქვს. მისი ქმარი კი დროზეა მიჯაჭვული, გამუდმებით აზუსტებს, რომელი საათია. სამაგიეროდ, ქმარს ხშირად ერევა გზა, იუდითის მეხსიერება კი ადგილებითა და იმ ადგილებზე გადაბმული მოგონებებითაა სავსე. იუდითზე კიდევ ერთი დასამახსოვრებელი დეტალი ისაა, რომ იგი სულ რაღაცას ეჯახება. ეს ფიზიკური შეუთავსებლობაა გარე სამყაროსთან და ისე ჩანს, თითქოს იგი ვერ ერგება საკუთარი სხეულის საზღვრებს და ამიტომაც აწყდება ყოველთვის კედლებს.

უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი ქალი – ეს კლერია. როცა კლერი და მთხრობელი ერთმანეთს ხვდებიან, სურათი, რომელსაც მკითხველი ხედავს, ორი მარტოობის შეერთების მცდელობის სურათია. მაგრამ გვერდიგვერდ ჩამომსხდარი ორი ადამიანი, რეალურად, ისევ მარტოა და მათი შინაგანი დაძაბულობის, იმედგაცრუების, გადაღლილობის, გამოუხატავი ემოციების, შიშებისა თუ ტკივილების მანიფესტაციაა კლერის შვილის სასოწარკვეთილი კივილი. ბენედიქტინე, კლერის შვილი, აკვიატებებისა და ნევროზების მთელი ნაკრებია, განსხეულებული პატარა ბავშვად, რომელზე დაკვირვებაც მკითხველს ტრაგიზმის განცდით ავსებს. თითქოს ბენედიქტინეს პირით ყვირიან დანარჩენი პერსონაჟები.

კლერზე საუბრისას კარგად ჩანს პროტაგონისტის ეგოიზმიც. კლერი ისეთი კონკრეტული მეჩვენებოდა ყოველთვის, რომ მასზე სათქმელი არაფერი რჩებოდა და მასთან მხოლოდ ჩემზე ვლაპარაკობდი ან იმ საგნებზე, ფანჯრიდან რომ მოჩანდაო. როგორია გიყვარდეს და მასზე სათქმელი და მისთვის სათქმელი არაფერი გქონდეს? ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ ეცემა ყველაფერს მთხრობლის ეგოს ჩრდილი.

მისი სასიყვარულო ურთიერთობების გარდა, ბევრია სათქმელი მის ბავშვობაზე, რომელიც „ქმედითი მოგონებებითაა“ სავსე. ქმედითია ის მოგონება, რომელიც აწმყო დროში იჭრება და წლების შემდეგაც ახერხებს შენზე გავლენის მოხდენას. ეს ორმხრივი კავშირია: ბავშვობის მოგონებების „წასაკითხად“ ზრდასრულ ადამიანზე დაკვირვებაა საჭირო, მაგრამ ზრდასრული პიროვნების „წაკითხვა“ თუ გინდა, მის ბავშვობაში უნდა ეძიო მინიშნებები, რადგან ბავშვობა, სინამდვილეში, არასოდეს მთავრდება, უბრალოდ სხვა ფორმით განაგრძობს არსებობას.

არც ბავშვობის სურვილები თუ ოცნებები ქრება, უბრალოდ, იცვლება მათი გარეგნული იერსახე, ასაკის მატებასთან ერთად იხვეწება მათი გაგებისა და განმარტების საშუალებები და, საბოლოოდ, შეგიძლია, უსასრულოდ გააფართოო, დაუსრულებლად გააგრძელო ბავშვობის რამდენიმე წელი და ზრდასრულობა აქციო მხოლოდ ბავშვობის გამოცდილებების გადათამაშებად, გამეორებად და ხელახალ ინტერპრეტირებად. თუ ამას გავითვალისწინებთ, მაშინ ბევრად მეტს გავიგებთ პერსონაჟზე, რომელსაც ბავშვობაში უნდოდა, ორეული ჰყოლოდა, მოსწონდა ჯადოქრობანას თამაში და ასე შემდეგ. ეს ამ ტექსტისა და პერსონაჟების დანახვის კიდევ ერთი გზაა.

მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ხედვის ის წერტილია, რომლიდანაც მარტოსული, საკუთარი თავის მაძიებელი კაცის დანახვაა შესაძლებელი. კაცის, რომელიც საკუთარ თავშივე აწყდება ისეთ წინააღმდეგობებს, რომლებიც შეუძლებელს ხდის შინაგანი მოგზაურობის უხიფათოდ გაგრძელებას. სიყვარული მხოლოდ ერთ-ერთი თანამგზავრია, რომელიც გზის გასაიოლებლად სჭირდება ამ დროს. თუმცა რამდენად აიოლებს საკუთარი თავის გაცნობას სხვა ადამიანებთან ყოფნა? ალბათ, პირიქით, უფრო მეტად ართულებს, რადგან, თუ ამ რეცენზიის ეპიგრაფს გავიხსენებთ, მხოლოდ ნამდვილი სიყვარულის შემთხვევაშია შესაძლებელი მარტოობების გაცვლა. სხვა დროს მხოლოდ ორი განცალკევებული მარტოობის ჯამს ვიღებთ, მხოლოდ მუდმივ გაქცევასა და დაბრუნებას, რა დროსაც კიდევ უფრო მიუვალი ხარ შენივე თავისთვის. როგორც ტექსტის დასასრულს ჯონ ფორდი ამბობს, არსებობს შინაგანი მდგომარეობები, რომლებიც მყისიერად გაგრძნობინებს, რომ საკუთარ თავთან ხარ, მაგრამ ამ მდგომარეობებს, სამწუხაროდ, ადამიანი ძირითადად მარტო მყოფი აღწევს. ნამდვილი სიყვარული, ალბათ, ზუსტად ის გამონაკლისი უნდა იყოს, როცა სხვასთან ერთადაც შესაძლებელია ამის მიღწევა. სხვა შემთხვევაში – ადამიანთან შეხვედრისთანავე იწყება მასთან დამშვიდობება. დამშვიდობების ხანგრძლივობა ურთიერთობის ხანგრძლივობის ტოლია. ხოლო სიყვარული ისეთივე მოკლეა, როგორიც წერილი, რომელსაც ტექსტის დასაწყისში ვკითხულობთ:

„ნიუ-იორკში ვარ. გთხოვ, არ მომძებნო, ჩემს პოვნას არ გირჩევ“.

© არილი

Facebook Comments Box